გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გორვანელი - მოძრავი საგნები


      საგანთა თვისობრივ მახასიათებელზე როცა ვსაუბრობთ, აუცილებელი არ არის, გავითვალისწინოთ მათი იდეური დანიშნულება და საკაცობრიო ისტორიაში გამოაშკარავებული, ერთის შეხედვით ნორმისეული, მსაზღვრელობითი ფაქტურა. საქმე არც ისე მარტივად არის, როგორც ეს წინარე თაობათა კონსტრუქციული, სტატიკური აზროვნების წარმომადგენლებს მიაჩნდათ, სადაც ობსკურანტიზმი გამეფებულიყო.
      ჩვენი მიზანი არ ყოფილა ვექტორული და ერთმნიშვნელოვანი ფილოსოფიური სისტემის შექმნა, სადაც საგანთა ფუნქცია-მოვალეობებს ფაქტისეული სინამდვილის პრიზმაში განვიხილავდით, არამედ სინამდვილეთა ალტერნატიული შესაძლებლობების დადგენა განვიზრახეთ, სადაც საგნები არ ვლინდება მხოლოდ შემხებლობითი ხდომილობის ნიადაგზე.
     დროისა და სივრცის განფენილობა ჰქმნის ილუზორულ განცდას ადამიანში, რისი მეშვეობითაც ხორციელდება გამოხატვათა მთელი სერიები. ჩვენ დაწყებას მივიჩნევთ ათვლის წერტილად და სიტყვიერების წიაღიდან ამოვდივართ, სადაც პირველადი აქტი უნდა მოსულიყო მოძრაობაში, საგანთა ნიშანდობლივი დაკავშირება. დაწყება - ეს არ შეიძლება იყოს ხდომილობაგანხორციელებული მექანიზმი, რადგან მთლიანი ბირთვის შინაგანი პროცესია დაწყება, როგორც გამოუვლენელი არსი. განფენილობა იმთავითვე არ არის, საგანთა მოძრაობა ჰქმნის ,,დასაწყისს“, რაც ,,დაწყებას“ გამოეყოფა მიმართულებათა შინაარსით, იძენს ერთგვარ ვექტორულ მანიშნებელს და სივრცის მეშვეობით ვლინდება. სივრცითი აგებულება კი დროის მექანიზატორულ ვაკუუმს ჰქმნის, საიდანაც საზრდოობს ცოცხალ არსებათა ცნობიერება. ვამბობთ, რომ შეუძლებელია მხოლოდ ადამიანს გააჩნდეს ცნობიერების ტიპური სახე. პირველადი აქტი დასაწყისია, როგორც სივრცდროული განსაზღვრება. 
      დაწყების მაგალითად ზღაპარსაც კი ვერ მივიჩნევთ, მიუხედავად იმისა, რომ ზედროულად და ზესივრცულად გვეჩვენება ზღაპრის სახე, ყოველგვარი კონკრეტიკის მიღმა; ვერც მითოსი და ფილოსოფია გამოდგება მისი არსის გამოსახატად. დაწყება შინაგანი დაკვირვებით შეიმეცნება მხოლოდ შეგრძნებითი მნიშვნელობით, ყოველი სულიერი არსების მასტიმულირებელია შეგრძნება, სხეულებრივი დაძაბულობა ბუნებითი ორგანოს ნაწილია. ყოველი ის, რაც სიტვით გამოითქმის და ეძლევა ნომენკლატურული სახე, არის დასაწყისი, აქტშემდგარი საგნები. მოქმედი ცნობიერებით გამოსახული სიტყვათა კავშირები, ფრაზებად რომ გვევლინება, არ შეიძლება იყოს მთლიანობის შიგნით, არამედ ის გარეთ არის, როგორც ცვალებადი მთლიანობა, რაც განსრულებას ჰპოვებს შეწყვეტის სახით. იგივეგვარად ვხელმძღვანელობთ ხედვის, აღქმისა და შეხების პერსპექტივებზე. განსრულების საბოლოო წერტილად ცოცხალ არსებათა ცნობიერებათათვის მივიჩნევთ სიკვდილს, დასაწყისის შეწყვეტის სახედ, რა მდგომარეობაშიც - დასაწყისი დაწყებად გადაიქცევა.
      მოძრავი საგნების დანიშნულება დაწყებიდან დასაწყისის აღმოცენებაში მდგომარეობს. განრიდებული და უძრავია გარეგანი დაკვირვების თვალსაზრისით მოძრავი საგნები, უმეტყველო პრედიკატის დიქოტომიას ახდენს ბირთვის შიგნით, რაც ეზოთერული სისავსის წყაროა. როცა ბირთვი აღივსება, ცირკულაციური პროცესი უსწრაფესად მიმდინარეობს, რაც, საბოლოოდ, ახდენს დაწყების ილუზორულ უძრაობად გარდაქმნას, შემგდომ ამისა კი მომდინარეობს დასაწყისი, როგორც მოძრაობად გარდაქმნილი ილუზორული მთლიანობა.., მისი განფენილობა მოძრავი საგნების ენერგიით ხდება. რღვევა-დანაწევრების სამყოფელი ხილულ მოვლენათა და ფაქტთა ერთობლიობაა, ხედვითი და შეგრძნებითი სიმულაცია, როგორც დაწყების უცივილიზაციო, უდროული და უსივრცული არქეტიპი. 
      სტროფებმივიწყებული ლექსის სტრიქონულ ფრაზათა ცალკეულობას მოგვაგონებს ყოფნაში გამოხატული ფაქტისეული ჭეშმარიტებანი. 
      მოძრავი საგნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება - აზრობრივი ფორმაციაა. სუნთქვაშეკრული ცოცხალი არსება ეწაფება სამყაროს თვისობრივ მშვენიერებას და ეგზოტიკად აქცევს ყოვლად უწესრიგო მინიშნებებს. მოძრავი საგნების სპეციფიკა თანდროულობაში მდგომარეობს. ცვალებადობა გარეგანი მახასიათებელია, შინაგანად გარდაუვალი და უცვლელია. ყოველ დეტალში გამოსჭვივის მათი დინამიური მოქმედება ხედვითი და შეგრძნებითი მოცემულობის კონტექსტუალური მაგალითებით. მოძრავი საგნები არიან როგორც მყარნი და შედეგობრივნი, ისე არამყარ მდგომარეობაში, - მიზნობრივი წინსწრებით. აქ არ იგულისხმება მხოლოდ ჰაერის ნაირსახეობანი, არამედ ვგულისხმობთ აზრებსა და შეგრძნებებსაც სულიერ არსებათა. 
      მეთოდოლოგიური დისკურსი არასოდეს ხორციელდება მიმართების გარეშე. საკაცობრიო ნაირსახეობას სამყაროში არსებულ გარდაუვალ მოცემულობად მიიჩნევდნენ აქამდე, საიდანაც უნდა განსაზღვრულიყო მთელი რიგი ცნებები, სიტყვათა ეტიმოლოგია, ჭეშმარიტების პოსტულატები. ჩვენ კი ვიტყვით, რომ მოძრავი საგნები, პირველ რიგში, ბუნებითი კატეგორიის სიმყარეთა მიმართებით ზემოქმედებენ. არ უნდა ვიფიქროთ, რომ მთაზე არსებული ქვა ერთსახოვანი განახლებაა, რაც ყოველი მომდევნო თაობის წარმომადგენელს ახსოვს, ძველთა თქმულებების ინსპირაციაა, არამედ საჭიროა ფიქრი იმისა, რომ ,,საუკუნოვანი“ ქვა მთაზე ხედვითი სიმულაციის მუდმივობის მანიშნებელია. მხოლოდ სანახაობა შეიძლება იყოს მუდმივი და მგზნებარე. მივდივართ იქით, რომ უსულო საგანთა მნიშვნელობაა მხოლოდ ყოფნაში განხორციელებული შედეგობრივი ხდომილობა, სადაც დაწყება და დასაწყისი ერთიანდება, სხვა შემთხვევაში, თუ ყურადღებას არ მივაქცევთ ,,მთის ქვას“ და მის ზესივრც-ზედროულობას, მხოლოდ სიკვდილის განზომილებაღა გვრჩება მთლიანობის ცნების შესაცნობად, დაშვების პრინციპით წარმოებული დისკურსი, მიბაძვათა ზრახვისეული უცნობადობა, სადაც სრული გაურკვევლობაა.
      ენთროპია - ადამიანური გონების მანკიერი მსაზღვრელია, რისი საშუალებითაც ცვალებადობის მუდმივობაში არწმუნებენ ერთმანეთს ხრწნადი არსებები, რომელთაც ჰგონიათ, რომ აზრობრივი ცნობიერება მხოლოდ მათ გააჩნიათ, სხვა სულიერი თუ უსულო საგნები კი არაფერს წარმოადგენენ და მათზე ძალმომრეობითი ზემოქმედების უფლება აქვთ. მარადქმნილ ,,სულიერ“ არსებებად წარმოუდგენიათ თავი ამ ზნედაცემულ ფსევდომოაზროვნეებს, ბინძურ მომხვეჭელებსა და სადისტებს, ღალატის გენური მორალიზაციის ინსპირატორებს, რომლებიც ბუნებას ეცილებიან მსაზღვრელობითი კანონების განკარგვას. ადამიანური გენი უაღრესად დაბალი საფეხურია, საიდანაც განვითარების შესაძლებლობა მარტივად არ სჩანს. არათუ სამყაროულ სრულყოფილებამდე ამაღლებისა, არამედ ხილული ბუნების სათანადო აღქმა-განაზრება არ გააჩნია ადამიანს, როგორც ტრაგიკომიკურ არსებას. მოძრავ საგანთა მიმართება ხელშეუხებელია და ის უდრტვინელად მომდინარეობს ადამიანური ცივილიზაციის საწყისებთან ერთად, თუმცა პირველადი სუბსტანცია ქმნადობამდეა - დაწყების სახით, საიდანაც განხორციელდა დასაწყისი, - განფენილი არსი. ადამიანს ჰგონია, რომ საგნებზე ზემოქმედებს და მათგან აწარმოებს სხვა დანარჩენ საგნებსა და მოვლენებს, თუმცა გარდამავლობის ფსიქიკურ სასოწარკვეთას ვერ თრგუნავს, რისი საშუალებითაც ის კნინდება ბუნების წიაღში და წინაშე. 
      თანაზიარობაქმნილი ბუნება თვითწარმოების რეჟიმშია. მოძრავ საგანთა ხილვადობა ილუზორული პროცესის წარმოებისათვის არის საჭირო, სინამდვილე დაფარულია და გამოუთქმელი. მოძრავ საგნებზე ზემოქმედებს მზის ენერგია და ხდება განსხეულება, მიწიერების წიაღი კი ბალანსის დაცვისთვისაა საჭირო; მიწა კატალიზატორის ფუნქციას ასრულებს, რომ ხილვადი საგნებით არასაჭირო გადატვირთვა არ მოხდეს და ბუნების ლოკალურ მაცხოვრებლებსა თუ დასაწყისთან ერთად განხორციელებულ ,,მთის ქვებს“ მიმართებათა ზღვარი არ დაეკარგოს. ბუნება წილნაყარია დაწყებასთაც, თუმცა დასაწყისით არის გამოხატული მისი მთლიანობა. მოძრავი საგნები თვითდიფერენციაციას ახდენენ და მუდმივად პოსტაპოკალიპტურ სიუჟეტებსა და საერთო განწყობებს ჰქმნიან. რომ ვამბობთ ,,განწყობებს“, ვგულისხმობთ როგორც შეგრძნებით-სულიერ (კერძო) განწყობებს, ისე შეუგრძნობად-განფენილ (ზოგად) განწყობებს.
     ადამიანს აშინებენ სიკვდილით და მისი განხორციელების აუცილებლობით... სინამდვილეში, სიკვდილის ცნება ისეთივე ფარსია, როგორც სიცოცხლისა. ადამიანს ატყუებენ, რომ სიკვდილი ხდომილობაა, რომ გარდასახვა სამყაროული შინაარსიდან გამომდინარე ხდება, ან ,,ღვთიური ნების“ რელიგიურ უმეცრებაში არწმუნებენ, სიკეთისა და ბოროტების კატეგორიათა ურთიერთმიმართებით აფერხებენ ადამიანის სწორუპოვარი განვითარების ვექტორს. ალბათ კითხვა გაგიჩნდებათ, ვინ აფერხებს და აზიანებს ამ პროცესს, ან ვინ აშინებს და ატყუებს ადამიანსო?!.. ჩვენი ნაშრომის საზრისული მხარე სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ზედმიწევნით წარმოვადგინოთ ბუნების სხეულებრივი აგებულება და ადამიანის, როგორც სხვა საგნებთან ერთად არსებული მოძრავი საგნის (საგნების) მახასიათებელი. 
      არსებობენ სითხედაცლილი, სხეულებრივ დანამატებს მოკლებული მოძრავი საგნები, რომლებიც ზემოქმედებენ ხილულ პროცესთა წარმართვაზე. ისინი დაწყების ბირთვულ მდგრადობას განაპირობებენ ხედვითი პერსპექტივიდან. გავიხსენოთ ზემოაღნიშნული ,,მთის ქვა“... სინამდვილეში, სიკვდილი არც არასოდეს არსებულა. მოძრავ საგანთა ცალკეული მთლიანობა იმთავითვე აღმოჩნდა მსაზღვრელობით სადავეებთან და მათგან საკაცობრიო მსვლელობის მიმართულებაც წინასწარვეა დასახული. ყოველ ცოცხალ არსებას, ვიდრე ის ილუზორული სიკვდილის წინაშე დადგება, სთავაზობენ შემდეგ მოცემულობას: მას შეეძლება ქმედით-მოძრავ საგნად არსებობის გაგრძელება და ეს იქნება დაუსრულებლივ, ან მისი სხეულიდან განცალკევდება ყოველი შედგენილი ნივთიერება და ის გადაიქცევა ,,მთის ქვად“. როცა ამდაგვარი არჩევანის წინაშე დგება ცოცხალი არსება, ის, უნებლიეთ, აღტკინებული განცდით, იმ ყოფითი ცხოვრების დაძაბულობიდან გამომდინარე, რაც სიკვდილის შიშში გამოიხატება, კითხვის დამსმელს პასუხობს, რომ პირველ შესაძლებლობას თანხმდება, რამეთუ ცოცხალ არსებას მუდმივი სიცოცხლის პერსპექტივას არაფერი ურჩევნია (მას ჰგონია, რომ პირველი შესაძლებლობა უსასრულო სიცოცხლის შესაძლებლობაა - იგივე სხეულებრივ-შინაარსობრივი კატეგორიით). ცდება სულიერი არსება. პირველი შემთხვევა არ გულიხმობს იგივე შინაარსის შენარჩუნებას და სიცოცხლის, როგორც აქამდე მიღებული ნორმის გაგრძელებას. დაუსრულებლივ ქმედით-მოძრავ საგნად არსებობის გაგრძელება გულისხმობს არსებული შინაარსისაგან დაცლას, სხეულებრივი შემადგენლობის დანაწევრებას და ბუნების წიაღთან შეზავებას, ენერგიის მახასიათებელი კი განეყოფა სხეულებრივ ნორმას და პირველადობას დაუბრუნდება, - დაწყების წინარე მთლიანობას, რომელსაც ვარქმევთ - ,,სულთა სავანეს“. ამ უკანასკნელში აღმოჩნდება ცოცხალ არსებათა ენერგეტიკული მთლიანობა, საიდანაც, შემთხვევითი დიფერენცირების პრინციპით, კვლავინდებურად განაწილდება სხეულებრივ ლოკაციებში სულიერების სახედქმნილი ენერგიები. ჩვენის ფიქრით, ასეთი პრინციპით მუშაობს სამყარო, როგორც თვიწარმოების მთლიანობა და ერთეულებით გამოიხატება უსასრულობაში. ამდენად, ის მარადქმნილია და შესაბამებულად ითვისებს ყოველგვარ ცალკეულ განკერძოებას. როცა სულიერი არსება მოკვდინების ილუზორული განცდის წინაშე დგება, ის უსათუოდ აკეთებს არჩევანს, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უმეტეს შემთხვევაში, არჩევანი კეთდება საკუთარი შინაარსის გარდაქმნისა, ამ გარემოებით კი, მუდმივად წარმოიშობიან და ჰქრებიან სულიერ არსებათა შინაარსის მატარებელი საგნები. სინამდვილეში, მოკვდინებაც არ ხდება, ენერგიული დაშლაა და დანაწევრება, ცირკულაციური რეპრეზენტაცია, რისი საშუალებითაც სამყარო ინარჩუნებს მუდმივმოქმედ მდგრადობას. არ გვაქვს სამყაროთა მრავლობა, ის ერთია და განუყოფელი; დედამიწა ერთ-ერთი ალაგია, სადაც ხდება განსხეულება და დაწყებასთან მოქმედებაში მოსვლა, აქვეა დასაწყისის საფუძველიც, თუმცა სხვა, დედამიწის მსგავსი სხეულებიც მუდმივმოქმედ პროცესშია. ქმედით რეალობაში კავშირი მათ შორის დამოკიდებულია იმ სულიერ მოძრავ საგანთა თვისობრივ განვითარებაზე და სრულყოფილებაზე, რაც კონკრეტული არსებობის პირობებში გამოიხატება. ჩვენ გვაქვს ორი ტიპი: განზოგადებული და განკერძოებული არსებობა. პირველი უდავოა და გარდაუვალი, მეორე - შემთხვევითობითი და მომპოვებლობითი. ასე უკვაშირდება ერთმანეთს ორი მთლიანობა. პირველი მათგანი უხილავია და მარადიულად არსებული, მეორე მათგანი კი ხილული და გარდამავალი. მხოლოდ შეგრძნებებითაა შესაძლებელი მათი დაკავშირება, რაციოს ენერგია აღივსება ხედვითი შინაარსით, რაც სხეულებრივ განსრულებას ემსახურება. თავის მხრივ, ეს გამოიხატება შეგრძნებებში. 
     მოძრავი საგნები უიდეოა. ქმედით დროში ისინი თვითენერგიით ხორციელდებიან და არ აქვთ მიზნობრივი, მსაზღვრელობითი მიმართულება. ბუნება მოითხოვს ერთფეროვანებასა და განზოგადებას, ხოლო სულიერი საგნები - მრავალფეროვანებასა და განკერძოებულობას, რისი ტიპური სახეა ინდივიდუალობა. თავისი არსით, ბუნება თვითკმარია და იქ აღარაფერია მიზნობრივი მიმართულებისა მაგვარი, რაც შეიძლებოდა მრავალფეროვნად მოგვჩვენებოდა. მრავალფეროვანი შიეძლება იყოს მხოლოდ ხდომილობაშემდგარი აქტი: აზროვნება, შეგრძნება, ხედვითი თუ ვიზუალური გადაადგილება, შეხება და დროსივრცული განცდა. 
        სუბიექტური პრაგმატიზმის პრიზმიდან დანახული პრედიკატი უვიციზმამდე დაქვეითებული სუბსტანციური მარაზმია, საიდანაც აბერაციული წახნაგებიდან იმზირებიან ზიგომიცეტური შინაარსის მატარებელი ჰალოფიტური არსებები, რომლებიც იატროგენურ განკურნებადობას არ ექვემდებარებიან და ბაზოფილური მიბაძულობითი იმბეცილიზმით იტანჯებიან. ამ არსებებს ადამიანები ეწოდებათ. ისინი მარგინალიზებული მონსტრები არიან, რაც გამოხატულია უპირადობითი დეგრადაციით, დაბრკოლებული იმაგინაციითა და ცნობიერებითი კოლაფსით. თანატოლოგიზმის საკრალური საბურველით საკუთარი პერსონიფიცირების განსაზღვრებისა წინაშე დააყენეს ბუნება. მორფოლოგიური იკონემაც ამ ზნედაცემულმა და უმორალო არსებებმა შექმნეს და, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, თავად ზნეობაცა და მორალიც. ღმერთიც კი გამოიგონეს. სიკვიდლისა და სიცოცხლის თანაზომიერ პარადიგმად აქციეს ყოველი დღის შინაარსი, ბუნება მოიხმარეს და ლავირებაც მოახერხეს. საუცხოო ფენომენია ადამიანი, როგორც ქმედითი სიმულაციით გამოხატული მოძრავი საგანი, თითქოს ყველაფერი მასშია მოქცეული. ვერ ვიტყვით, რომ მის ცნობიერებას რაღაც აღმატებითი და კატეგორიულად განსხვავებული მართავს, ან უპირველესი გონითი მთლიანობაა, მაგრამ ვიზუალური ეფექტის პათოსით (თუ დავუშვებთ, რომ ხდომილობა ხორციელდება გარეგანი ზეგავლენის მეშვეობითაც) მნიშვნელოვანი საგანია ადამიანი, ხელოვნებითობის ინსპირატორი, რომელსაც მამოძრავებლად თვითკმარი გონითი აღგზნება მიაჩნია.
       სამეტყველო ენას სტრუქტურალური პარადიგმა გააჩნია. ადამიანს განსხეულება მოცემულობად აქვს იმთავითვე და ენობრივი დისონანსიც გადაილახება. ყოველი ხილვადი ქმნა შეიძლება ჩავთვალოთ დასაწყისად და, ამ თვალსაზრისით, სულიერ არსებათა კონკრეტული მახასიათებლებითა და გამოხატვათა უნარებით თუ ვიმსჯელებთ, ადამიანია თავად დასაწყისი, როგორც შედეგობრივი აქტი, ბუნება კი - დაწყებაა. აღმატებითი ცნებობრივი მთლიანობა ადამიანისაგან ხორციელდება, როგორც ბუნება თავისთავადის ერთფეროვანების შემთვისებელი და აღმქმელი ერთეულისაგან. ადამიანი ჰქმნის მრავალფეროვანებას და ბუნებითი განუყოფადობის (მრავალფეროვნება ბუნების შინაგანი მახასიათებელია, ამიტომ არის ის მოწესრიგებული არსი) გაყოფას ახდენს. ის, რაც ერთფეროვანია (ბუნება თავისთავადი) - მთლიანია და უშედეგო, ხოლო ის, რაც მრავალფეროვანია (ადამიანის მიერ განხორციელებული ქმედება) - მიმართულია და შედეგობრივი. დაწყება და დასაწყისი ერთმანეთს ეთავსება, რისი საშუალებითაც ცნებობრივი კატეგორიები ვლინდებიან. კაცობრიობის მაგალითზე, თითქოს რაღაც ჩაკეტილი წრეა შექმნილი, ერთფეროვანების გარდაუვალი იდეა. ეპოქათა და ადამიანთა სუბიექტური მონაცვლეობა მხოლოდ პროცესის წარმოებისათვის არის საჭირო, სინამდვილეში, ყველა ადამიანი და ეპოქა, სხვადასხვაგვარი გამოხატვებით, ერთია. ერთფეროვანების გარეგანი გამოხატვა მრავალფეროვანია, ხოლო მრავალფეროვანების შინაგანი გამოხატვა - ერთფეროვანი. 
       სამყაროს მუშაობის მეთოდი ბუნებითი უშედეგობისა და მოძრავ საგანთა შედეგობრიობის მთლიანობით გამოიხატება. შინაგანი უშედეგობა რომ გარეგანი შედეგობრიობა გახდეს, ამისათვის საჭიროა მთლიანობის რღვევა. მოძრავი საგნები ბუნება თავისთავადის შიგნით მოქმედებენ; ამავდროულად, ისინი მოქმედებენ გარეთ. სამყარო თავად აწარმოებს მოძრავ საგნებს თვითენერგიის ხარჯზე. სამყარო ერთია და განუყოფელი; ბუნება მრავალია და დაყოფილი; კონკრეტული ბუნება მთლიანია და მოწესრიგებული; ქმეთიდი (ფასადური) პროცესის წარმოებისათვის მოძრავი საგნები მრავალნი არიან და მოუწესრიგებელნი... ,,მთის ქვები“ - სამყაროს არსობრივი განკერძოებანი, ბუნებითი მოჩვენებები, - სპირიტუალური ეგზალტაციით.

2021 წელი.скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge