ელგუჯა მარღია - ბალადა ანდრია დადიანზე
ლექსები
ბალადა ანდრია დადიანზე
,,ვინცა მოკვდეს მეფეთათვის, სულნი მათნი ზეცას რბიან’’... (რუსთველი)
,,სამეგრელოს პრინც დადიანის საჭადრაკო პარტიები ფანტასტიკურია და საჭადრაკო ლიტერატურაში ისინი მუდამ ბრწყინვალე წარმატების ნიმუშებად დარჩებიან’’... (ანდრია დადიანის მეგობრის, რუს ოსტატ, ემანუილ შიფერსის ამონარიდი ,,ბრიტანული საჭადრაკო ჟურნალიდან’’)
ძილგამტყდარი და დარდიანი,
ჭადრაკში ჩაფლულა დადიანი...
სნეული, ენა წართმეული,
ცოცხლობს და იწურება მეექვსე ათეულიც...
ჭადრაკი თავადის მთელი ცხოვრებაა,
მასავით გულმოკლული სამშობლოა...
მტრისგან იავარქმნილ-გათელილი,
ლამის დანგრეული, როგორც ტროა...
ჭადრაკით სულდგმულობს მარტოსული,
ახლა სინანულის მეტი დრო აქვს...
ჭადრაკი - მისი ბავშვობის ოჯახია,
ზის უძლური და ცხადად ხედავს,
დაფას არ სცილდება უფლისწული,
თამაშს ასწავლიდა ვისაც დედა...
დღესაც არ ასვენებს უშვილძიროს,
ახლაც თვალწინ გაკრთა დედის ლანდი...
ჩაესმის მშობლის საყვედური,
უკვე მერამდენე წელიწადი...
სადღა ეცალა ცოლ-შვილისთვის,
რისი გახსენებაც არის ძნელი...
ვერ დათმო მრავალი ლამაზმანი,
პეტერბურგელი თუ პარიზელი...
ვის უნდა, უმწეო დონ-ჟუანი,
ვნებას ვერ აწონის ოქრო-ვერცხლიც...
და ეს სასახლეც ისეთია,
როგორც ცარიელი ბუდე მერცხლის...
ახრჩობს ცრემლიანი მონატრება,
თან რომ დაჰყვებოდა გზად და ხიდად...
ფიქრით ეფერება სამეგრელოს,
უცხო, თვალწარმტაცი სასახლიდან...
სხვა იყო სისხამი ოდიშური,
ზუგდიდის დილა და ცის ლამპარი...
მკვდარს თუ ეღირსება ჩახუტება,
სადაც განისვენებს წინაპარი...
სადაც განისვენებს მამა-პაპა,
სადაც სული იგრძნობს ნამდვილ შვებას...
იქ , არ ეღირსება აღსასრული,
სადაც უხაროდა დაბადება...
თურმე ასეთია ნებაც უფლის,
ვეღარ დაბრუნდება დრო ნეტარი...
ახსოვს ჰაიდელბერგი, მონტე - კარლო,
კოლიში, ჩიგორინი, როზენტალი...
მხედარს აკვირდება დადიანი,
იქნებ ახსენდება ტროას ცხენიც...
მტერი სასტიკი და ცბიერია,
მუდამ ვერაგული განაჩენით...
რთულია ცხოვრებაც ჭადრაკივით,
ცხოვრებას აჯობო-უფრო რთული...
ზოგი-გამსვლელი პაიკია,
ზოგიც - პაიკივით შეწირული...
ჭადრაკი არის ბრძოლის ველიც,
ფიგურებს გადაურბენს ათინათი...
რადგან მეფეშია გადარჩენა -
იბრძვის დედოფალიც მეფისათვის...
წუხს მეცენატიც და პოლიგლოტიც,
შვებას ჰგვრის ქართული, ძველი ღვინო...
როდის გაბრწყინდება, ღმერთმა იცის,
მამული - უმეფო და უგვირგვინო...
ჭადრაკი - ხანაც კრწანისია,
,,ძლევაი საკვირველიც’’- ძალა ჩვენი...
ღირს მეფისათვის თავგანწირვა,
როცა მზეც ამოდის გადარჩენის...
ჭადრაკში ჩაფლულა დადიანი,
თითქოს უსასრულო ღამეს ათევს...
ხედავს, მომაკვდავი ემიგრანტი,
ერი დიდებას რომ აშამათებს...
5.08.2018 წ.