გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

თეიმურაზ ლანჩავა - ბედის ქარი


თანამერხელმა გოგომ გამამხილა — ლექსებს წერსო.

— ადექი, ლომიძე, ფეხზე! — ბრძანა ქართულის მასწავლებელმა.

ავდექი.

— მართალია, რასაც ამბობენ?

თავი ჩავღუნე.

— წამაკითხე შენი ნაცოდვილარი. — თხოვნას დაამსგავსა.

ოთხად გაკეცილი რვეული ფრთხილად დავდე მაგიდაზე, „განაღმული“ პორტფელი ხმარით დავხურე და დამბეზღებელს ისე გადავხედე, როგორც ეკადრებოდა.

ქართულის მასწავლებელმა რამდენიმეჯერ ჩაიკითხა ლექსი, დამთავრდა თუ არა გაკვეთილი, ხელი ჩამკიდა და სამასწავლებლოში შემიყვანა.

— დადექი მანდ! — რბილად მითხრა. კუთხეში ავიტუზე.

სამასწავლებლოდან „საიდუმლო“ შესასვლელით დირექტორის კაბინეტში შემაბრძანეს, ლენინის ვეება სურათის ქვეშ ძველთაძველ, დამკილულ მაგიდას ამაყი იერით მისჯდომოდა დირექტორი.

— რა დააშავა? — მკვახედ იკითხა, ამხედ–დამხედა, მზერა შემაყინა.

— ლექსებს წერს!

— ვისზე, რაზე, იქნება ჩვენზე... ა? — სათქმელი არ დაასრულა დირექტორმა, ფეხებმორყეულ სკამზე დამსვა, ჩემი ლექსი თვალებთან ახლო მიიტანა.

— რა დროს მოსწავლის, ისიც მეათეკლასელი ბიჭის, ქვრივ ქალებზე ფიქრი და ლექსების წერა! — გამოსცრა კბილებიდან. შეტრიალდა, ბელადის სურათს ახედა, ისევ მე მომიბრუნდა.

— სამშობლოზე თუ გაქვს ლექსი? — თავი გავაქნიე.

— გაზაფხულზე? — ისევ გავაქნიე თავი.

— შრომა–გარჯაზე, მასწავლებელზე? — დამაყარა შეკითხვები.

— პირდაპირ ქვრივ ქალს რომ ეცი მოზვერივით, გადაგრია გამჩენმა?

ხელები გაშალა, ისე ახედა ლენინის სურათს, თითქოს შველას თხოვსო.

— დაწერს, ქალბატონო მარიამ, აუცილებლად დაწერს. — დააიმედა ქართულის მასწავლებელმა.

— არ დაწერს და მე ვიცი! — დამექადნა დირექტორი.

— არაფერსაც არ დავწერ! — ვუთხარი ქართულის მასწავლებელს, როცა დირექტორის კაბინეტიდან გამოვედით.

— ხომ იცი მაგის უჟმური ხასიათი...

— რას ჩააცივდა ამ ქვრივებს, რა დაუშავეს?

— ქვრივებს რა გამოლევს, ისიც ამ გაგანია ომის დროს. — თავზე ხელი გადამისვა მასწავლებელმა.

სიჯიუტე არ მაკლდა, მაგრამ ქართულის მასწავლებელი „შევიბრალე“, დირექტორთან ჩემი წარდგენა არ გავუხადე სანანებლად, ერთი კვირის შემდეგ ჩემი სიგრძე ლექსი ვაახლე სამშობლოზე.

— ყოჩაღ, ბიჭო! — აღტაცება ვერ დამალა, სამასწავლებლოში წაიღო, აგუზგუზებულ ღუმელთან ჩაცუცქულ დირექტორს თვალებთან აუფრიალა.

— გაჭრა თუ არა ჩემმა შეხურებამ, ასე რომ არ მექნა, დღეს კახპებზე, საროსკიპოებზე და ვინ იცის, რაზე არ მოგვიტანდა ლექსებს... — თავისი „ღვაწლი“ გაიხსენა დირექტორმა.

— კიდევ მაქვს ერთი ლექსი სიყვარულზე, — გავუმხილე ქართულის მასწავლებელს.

— დირექტორმა არ გაგიგოს, თორემ ვერ გადაურჩები! — შეიცხადა ხმამალა. 

  უნდა გენახათ მისი სიხარული, როცა ჩემი ნახელავი ბოლომდე წაიკითხა.

ლექსში მზეს, მთებს, ციხე–ტაძრებს ვესიყვარულებოდი.

— გადავრჩი! — ამოისუნთქა შვებით.

— თქვენ რა შუაში ხართ? — გავიოცე.

— ქართულს მე გასწავლით, მე!

*

— რაზე გაგაწითლეს სამასწავლებლოში? — მკითხა ფრანგულის მასწავლებელმა.

ვდუმდი.

— სხვა ვერავინ მონახეს საჩხუბარი? — აშკარად თანაგრძნობას მიცხადებდა.

— ქვრივზე დავწერე ლექსი და გამადურაკეს.

— რა დაწერე ასეთი?

— ქვრივი რა შენი საქმეა, რა დროს ქვრივებზე ლექსის წერააო...

— მაგათ რა დააქვრივებთ, ორ–ორი ქმარი გამოიცვალეს, — დაეტყო წყენა ფრანგულის მასწავლებელს. — არტახებმა დაგვღუპა, თავისუფალი აზროვნება ჩავუხშეთ ბავშვებს, თუთიყუშებად ვზრდით, — გაილაშქრა არსებული რეჟიმის წინააღმდეგ. — ჩემი ქვრივობით ვის რა დავუშავე, აღარ უნდა გავიხაროთ? — გამომწვევად გამობურცული მკერდი ხარბად მიუშვირა მზეს — შავები კი გვაცვია, მაგრამ ვცოცხლობთ, ვარსებობთ — წაიჩურჩულა.

დუმდა კლასი. ფრანგულის მასწავლებლის ნაღვლიანი თვალები მოწყენილობას გვკარნახობდა.

— ბოდიში, ნანული მასწ... — სიტყვა ვეღარ დავამთავრე, ყელში რაღაც გამეჩხირა.

— შენ რა გაქვს საბოდიშო ლომიძე, ღმერთმა რაც გიკარნახა, აღასრულე. ვითომ ღმერთზე მეტი იცის მარუსია დაგვალულმა? აღარ უნდა გავიხაროთ ქვრივებმა?

ახლა დავაკვირდი პირველად, ახლა ჩამოვაშორე მის პიროვნებას მოვალეობა — მასწავლებელი. ჩემს წინ ანგელოზი ქალი იდგა, სიცოცხლით სავსე, სანეტაროდ შემართული.

აშკარად შემჯავრდა დირექტორი, როგორც მჩაგვრელი და დესპოტი.

— რაც მინდა და როგორც მინდა, ისე დავწერ! — მივიღე გადაწყვეტილება. — ბოდიში მასწ... — ისევ გავიმეორე და დავჯექი.

ფრანგულის მასწვლებელმა ღიმილით გადმომხედა, სავსე მკერდი შეატოკა და თქვა:

— საფრანგეთი სულ სხვა ქვეყანაა, ფრანგულ ყველამ უნდა იცოდეს.

რაღაც სხვანაირად შემიყვარდა ნანული სასწავლებელი იმ დღიდან. ეს სიყვარული თანდათან მოსწავლე–მასწავლებელს შორის დადგენილ ზღვარს სცილდებოდა, ვგრძნობდი თუ მეჩვენებოდა, მის ნუშისფერ თვალებს სიცოცხლის ჩიტები კენკავდნენ და სევდა ამოჰქონდათ იქედან.

აცერცეტებული ქვრივი თვითონვე გრძნობდა ჩემს ჟინიან, გამომწვევ მზერას, იბნეოდა, მერხებს შორის აფორიაქებული მიდი–მოდიოდა, რატომღაც გვარწმუნებდა, რომ ჯერ კიდევ ბავშვები ვართ, დიდი და საინტერესო ბავშვები.

— ნანული მასწ! — თრთოლვით გადავუდექი ერთ დღეს, ქუჩაში.

— რა იყო, შალვა? — შემომხედა გაკვირვებულმა.

— ლექსი დავწერე თქვენზე.

— ლექსი?!

— ჰო, ლექსი...

— არ თქვა მაგ, დირექტორი გაიგებს და დაიბოღმება. — ინტერესი მაინც ვერ დამალა. — მანახე! — მითხრა და კონვერტში ჩადებული ლექსი გამომართვა. უცახცახებდა ხელი, რაღაცას გრძნობდა.

— წავიღებ ამ ლექსს, გაათიოს ჩემთან ღამე, — მთხოვა — თუ გსურს, შენც წამოდი, ნამცხვარი მაქვს, სასმელი, კმაყოფილი დარჩები.

ღარიბულად ცხოვრობდა, ერთადერთი სიმდიდრე — ძველთაძველი, ჩუქურთმიანი მაღალი სარკე, სხვა არაფერი. სწორედ ამ სარკის წინ შედგა, თავი მოიწესრიგა, მერე ოთახში მიმიპატიჟა, სკამზე დამსვა, ფეხი ფეხზე გადაიდო და ხელჩანთიდან ჩემი ლექსი ამოაცოცა.

— დაკაცებულხარ, შალვა. — მითხრა, როცა ლექსი წაიკითხა, სიგარეტი ამოიღო, მოუკიდა, გააბოლა, — და–კა–ცე–ბულ–ხარ! — დამარცვლა.

სიგარეტი მომინდა. უთქმელად მიმიხვდა. მომაწოდა. ღრმა ნაფაზი დავარტყი. თითქოს ამით ჩვენს შორის არსებული უფროს–უმცროსობის ზღვარი უნდა წაშლილიყო, მაგრამ, ასე ერთის ხელის მოსმით, ბარიერი ვერ გადალახა ბავშვურმა ფსიქოლოგიამ.

— დედაშენი ისევ ავადმყოფობს? — მკითხა და თავზე ხელი გადამისვა.

ამოვიხვნეშე.

— ძნელია, მარტოობა, ძნელი! — კონიაკი დაასხა, ჭიქა მომაწოდა. — შენ ახლა დიდი ბიჭი ხარ, დალიე, ცოტა არაფერს გიზამს. — შემათამამა.

კარადაზე, წიგნებს შორის, შავ ჩარჩოში ჩასმული ახალგაზრდა ოფიცრის სურათს შეავლო თვალი.

— ერთი დღის ნეტარება, მეტი არაფერი... წაიყვანეს... მალე წერილებიც შეწყდა. მერე — სათქმელი ვეღარ დაამთავრა, თვალები აეცრემლა. — დალიე! ჭიქა ჭიქაზე მომირტყა.

უხმოდ შევასრულე მისი თხოვნა.

კიდევ დაასხა. შევსვით.

ისევ სურათისკენ გამექცა თვალი.

— ბიჭო, რა გინდა შენ აქ! — შუბლეკრულმა მკითხა ოფიცერმა, — რა გინდა–მეთქი! — გაიმეორა და თვალი თვალში გამიყარა.

— მასწავლებელთან მოვედი, არ შეიძლება? — შევეკითხე ჩემს თავს.

— მასწავლებელთან სიგარეტს არ ეწევიან, თავხედურად და დაჟინებით თვალებში არ უცქერენ, მის უბეში თვალი არ გაურბით.

— წავალ! — ვთქვი ხმამაღლა.

— რა დაგემართა, სად წახვალ! — დაბნეული შემომცქეროდა ნანული, მერე თითქოს რაღაც იგრძნო, ადგა, წიგნების კარადასთან მივიდა, ოფიცრის სურათი შეაბრუნა.

შვება ვიგრძენი.

— ქვრივებს გაუმარჯოს! — ისევ მომირტყა ჭიქა ჭიქაზე ნანულიმ, გადაიკისკისა, — შენი ხნის დავით აღმაშენებელი მეფეც იყო, ქვეყნის პატრონიც და მგოსანიც, შენ, ჯერჯერობით, ლექსებს წერ, ესაა და ეს. — გამომაჯავრა. — ბიძინა ომმა წამართვა, დედ–მამა — სოფელმა, გასწავლით ფრანგულს, ვირჯები და ვიხარჯები, არ სწავლობთ. არ იქნება ასე სულ. მოვა დრო, გაიხსნება საზღვრები, ჩამოიშლება რკინის ფარდები, დაგჭირდებათ სხვებთან ურთიერთობა, წიგნებით შევიყვარე მე საფრანგეთი... — თუ ღმერთმა ქნა და ვეღირსე, ჩემი თვალით ვიხილო, ვილოცებ.

მეოთხე ჭიქა კონიაკის შემდეგ რაზე საუბრობდა ნანული, აღარ მესმოდა. ყურები მიბჟუოდა, საშინლად ვხურდი.

— ასე დაჟინებით რომ მომჩერებიხარ და თვალს არ მაცილებ, თუ იცი, რა ჰქვია ფრანგულად მუხლებს? — ღიმილით მკითხა ნანულიმ.

— Les genousc... — ვუთხარი მე.

— ყოჩაღ! დაიმსახურე მათი თვალყურის დევნება! — ჩამიკრა თვალი. — აბა, ტუჩებს რა ჰქვია, მომღიმარ ტუჩებს? — ისევ დაინტერესდა.

— Les leares Souriantes.

აღტაცება ვერ დამალა, ხელი ხელს შემოჰკრა.

— მკერდზე რას მეტყოდი?

ჩავიჭერი.

— მოგიწევს ყოველდღიური ვარჯიში და მეტი გულისყურით მეცადინეობა. — გამაფრთხილა.

ძველთაძველ გრამაფონს მტვერი გადააცილა, ფირფიტას დახედა, ჩართო.

— ვიცეკვოთ! — ხელი ხელზე მომკიდა, სავარძლიდან წამომაყენა, მკერდზე მიმიკრა, გაიტრუნა და ამიყოლია. სუნთქვა შემეკრა. ფეხები არ მემორჩილებოდნენ, მის მკერდს ვგრძნობდი, გულისცემას.

— რა იყო, ბიჭო, რავა ხის კაცს დაემსგავსე. წელზე უნდა მომხვიო ხელი, მომეხუტო. ერთბაშად შენი დირექტორივით ჩომპე არ ვიყო. — გადაიკისკისა.

თხოვნა შევუსრულე. ცოტა მეტიც მომივიდა.

— ნელა, შე გიჟო, წელში არ გამწყვიტო. — მთხოვა და ცხვირი ცხვირთან მომიტანა. მომეჩვენა თუ ასე იყო, სხვანაირი სურნელით აივსო ოთახი. თავზარდამცემი იყო ეს სურნელი, მომთენთავი, მორჩილს გხდიდა და დამყოლს.

მაგარი მკერდი ჰქონდა, უწვალებელი.

— ნანული! — რაღაცის თქმა დავაპირე.

— ნანული მასწავლებელი. — შემისწორა.

არა, ამ წუთში აღარ იყო იგი ჩემთვის მასწავლებელი. იყო ქალი, სავსე ნეტარებით, სინაზით, სიგიჟით.

— წავალ. — წამომცდა უნებურად.

— ასე მალე მოიწყინე? — დაუსევდიანდა სახე.

— ვატყობ, გადაგღალე. — ვიეშმაკე.

მიმიხვდა.

— მოსაწყენი ხარ, ძალიან მოსაწყენი. — „ხურდა“ დამიბრუნა.

— შენც...

— აი, რას ნიშნავს ასაკი. სულ რაღაც ექვსი–შვიდი წელი გვაშორებს, შენ კი ბიჭობას კიდევ ბევრი გაკლია. — ბიჭუნკელა! — ცხვირზე თითი დამაჭირა.

დავიბოღმე. უსუსურობის მანტიიდან გამოვძვერი და ტუჩებზე დავეწაფე.

— ასე ბალღები იქცევიან, დამახრჩვე. — უარესად გამახელა, როცა ძლივს მომიცილა.

ხელი მოვხვიე, ჰაერში ავიტაცე და საწოლთან მივიყვანე.

— ეს კი მეტისმეტია, მითუმეტეს, რომ ფრანგული კარგად არ იცი, არც ის, ხელი სად და როგორ აფათურო. — კისკისებდა გამომწვევად.

კისკისი სიზმარშიაც გაგრძელდა. იცინოდა ყველა, ვინც მხვდებოდა ქალი, კაცი, დიდი და პატარა. მომჩერებოდნენ და ტუჩებს თავს ვერ უყრიდნენ — რა გაცინებთ, რა! — ვიღრიალე და... გამომეღვიძა. მზერა მიმოვატარე. კარგახანს ვერ გამოვერკვიე. თვალებში ხელი ამოვისვი, ისევ მიმოვიხედე. მაგიდა, ცარიელი ბოთლი, ჭიქები, წიგნების კარადა. წამოვდექი, თავი მიბრუოდა.

კარის საკეტის ხმა, მერე ჭრიალიც გავიგონე. ნანული შემოვიდა. ხელი თავზე გადამისვა, პერანგს გაგიუთოებო, მზრუნველობით მითხრა.

საყელოდაცინცხლულ პერანგს წყალი შეასხურა, უთო გამორთო და ჰაერში შეაჩერა.

— დედა ისევ ავადმყოფობს?

— ხანდახან.

— მოეხმარე დედას, ცოდვაა მარტო ქალი, ცოდვა. — ამოიხვნეშა — შენ უკვე დიდი ბიჭი ხარ.

— როდის მერე გავხდი დიდი ბიჭი? — ვკითხე.

— მას შემდეგ, რაც ქვრივზე ლექსი დაწერე. თექვსმეტი წლის დავით აღმაშენებელი ქვრივებსაც პატრონობდა.

სახლში გვიან მივედი. დედა წუხდა, ვერსად გიპოვე, სად იყავი, ვერავინ მითხრაო.

*

— მაინცდამაინც ლექსი უნდა დაწერო, ჩემთან რომ მოხვიდე? — საყვედურნარევი ირონიით მკითხა ნანულიმ ორი დღის შემდეგ.

— ამაღამ შენთან დავრჩები. — ვუთხარი დასამშვიდებლად.

— მერე დედაშენი?..

— სოფელში მიდის.

— არსადაც რომ არ მიდიოდეს, მიმატოვებ?

— არა, რას ამბობ...

— ცოტა გვიან მოდი. — გაუხარდა ნანულის.

— გაგვჭორავენ?

— ფრანგულში ვემზადებითქო, იტყვი, დედაშენსაც ასე უთხარი.

— შეწუხდება, — გასამრჯელო ხომ გინდა!

— მოდი, მოდი! — ხელი ნიკაპზე მომითათუნა.

*

— სოფელში ორი–სამი დღე დავრჩები, სახლი არ მიატოვო — დამარიგა დედამ, ავტობუსში შევიდა და სავარძელში მოკალათდა. ამოვისუნთქე. პირველად ვიგრძენი ასეთი თავისუფლება. თითქოს ტვირთი მომხსნეს. ეს იყო ბედნიერი სამი დღე, როცა აღარავინ დამარიგებდა, აღარავინ დამაყურებდა, ცუდად მეძინა თუ კარგად.

შებინდდა თუ არა, კარი გამოვკეტე და იქით მოვუსვი, საითაც მიმეჩქარებოდა.

„ასე გვიან მასწავლებელთან ვინ დადისო, ვინმე რომ შემეჩეხოს, რა ვუთხრა?“ — ვეკითხებოდი ჩემს თავს.

კიბის საფეხურები ფრთხილად ავიარე, კარზე დავაკაკუნე.

სინათლემ თვალი მომჭრა. ღია კარში ნანული იდგა, ნახევრად შიშველი, თხელი, გამჭვირვალე პერანგით, სავსე თეძოებით, ჩემსკენ გამოქცეული ძუძუებით.

— წიგნი და რვეული სად გაქვს? — მკითხა მისვლისთანავე.

— რა წიგნი. — დავიბენი.

— მასწავლებელთან ასე ცარიელ–ტარიელი ვინ დადის? — აკისკისდა.

სითბოს ფანჯრის მინები დაეორთქლა, ჩაიდან დუღდა.

— მოშინაურდი. — მითხრა ნანულიმ, სკამი დამიდგა, ყავის ფინჯანი მომაწოდა.

— ორი ღამე არ მძინებია. — შევაცოდე თავი.

— რა დაგემართა? 

— ფრანგულს ვსწავლობ.

— ყოჩაღ! აბა, რა ჰქვია ძუძუებს?

— მაქამდე არ მივსულვარ.

— მიხვალ. — მკერდი შეატოკა, ცხვირთან მომიტანა, ვუკბინე, ვაკოცე. კიდევ ვუკბინე. გამჯორა, გამომლანძღა.

— კიდევ გიკბენ — წავეპოტინე, გულზე მივიკარი, ჩავეხვიე.

— მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ! — ვბუტბუტებდი და ძუძუსთავებს ვუკოცნიდი.

— სიყვარული შეიძლება მართლა მოვიდეს, მაშინ კი ფრთხილად! — ტუჩზე ტუჩი შემაწება ნანულიმ, სული რომ მოითქვა, ოთახის კარი გადარაზა.

— ფანჯარაში მთვარე იყურება. — დავაფრთხე.

— მთვარემ ყველაფერი იცის, კაცი რომ მომენატრა, ისიც — ამოიგმინა და შემომაშტერდა.

ცხენივით დავიფრუტუნე, ხელი დავსტაცე, ნოხზე წავაჩოქე, ისევ დავიფრუტუნე და მუხლისთავებს დავეყრდენი.

— ხვადაგი ხარ! — მისაყვედურა წყურვილმოკლულმა და უკვე გულაღმა გაშხლართულს ზემოდან მომექცა.

შეუსვენებლივ, კარგახანს ვხედნიდით ერთმანეთს.

— კაცს კიდევ ინატრებ? — ვკითხე ნეტარების ბურუსიდან ამოყვინთულს.

ისევ ჩამეკრა, ტუჩები შემაწება, ხელი ლაჯებში გამიტარა — სული მოვითქვი, — თქვა და თითები მტკივნულ ადგილზე მომიჭირა.

— რა თბილი ხელები გაქვს? — გავიტრუნე.

— ბიძინას შემდეგ კაცს არ მივკარებივარ, ვითმინე, ვიტანჯე... ახლა სად გამოვყო თავი, ეს რა ჩავიდინე! — შეშლილივით წამოვარდა, — თმები ჩამოშლოდა, თვალები შიშველ ტანზე მიატარ–მოატარა, მერე მე დამხედა — მაცდური ხარ შენ! — ჩამომძახა.

— ვერავინ გაიგებს, მასწ! — დავაიმედე.

— შენ მოგცემ მასწ–ს, შე!.. — აღარ დაამთავრ, თვალები ცრემლებით აევსო... როგორ შევაბიჯო სკოლაში, რა თვალით შევხედო მოსწავლეებს! — აქვითინდა.

— გადავალ სხვა სკოლაში. — მოვძებნე გამოსავალი.

— მიწაშიც რომ ჩაძვრე, მე ხომ ვიცი, რაც მოვიმოქმედე.

— გავაღებ ფანჯარას და გადავხტები! — წამოვხტი გიჟივით.

— გასულელდი?! — ხელები მომხვია.

— მე ვარ ყველაფერში დამნაშავე. — ჩავქინდრე თავი.

— არა, შალვა, შენ არა, ომია ჩემი გაუბედურების მიზეზი, თავისთავად კი ჩემი დაუოკებელი სისხლია, ხშირად სული და ხორცი ებრძვის ერთმანეთს. სულს რა ენაღვლება, შალვა! სული არ კვდება, იგი მიწას არ წაიყრის, ხორცია დროებითი. იცის ეს, იცის და ვიდრე არსებობს, მანამ უნდა, არ მოიკლას ნეტარება.

ნანულიმ კაბა გადაიცვა, კონიაკი გამოიტანა.

— ამდენი კონიაკი საიდან გაქვს? — გავიკვირვე.

— ერთი თაყვანისმცემელი მიგზავნის, უნდა, ამ კონიაკს შემოჰყვეს, შემოაღწიოს, სცადა კიდეც... საბოლოოდ გავუქარწყლე იმედი, საჩუქრები უკან დავუბრუნე.

— მოვკლავ, მაგის!.. — დანას ხელი დავსტაცე.

— შენ რატომ უნდა მოკლა? — მკითხა გამომწვევად.

— რა ვიცი, ისე. — დავიბენი.



— ქალს თუ უნდა, მკვდარსაც გააცოცხლებს.

— ლამაზი ხარ, ძალიან ლამაზი! — თმაზე ხელი გადავუსვი.

— არ გეშინია?

— რისი უნდა მეშინოდეს?

— სილამაზეში ხშირად ბოროტება სახლობს და იმალება.

— სილამაზე იმონებს და იმორჩილებს ყველას და ყველაფერს — გავუმეორე მეხსიერებაში ჩარჩენილი ცნობილი ფრაზა.

— სწორედ მაგაშია საქმე. ბოროტება იბრძვის სილამაზისთვის და ხშირად აღწევს კიდეც საწადელს, ბოროტი ხარ, შალვა!

— მეე? მე რატომ?

— რაც მოხდა, ბოროტებაა.

— აკი თქვი, მაინც უღალატებდა სხეული სულსო.

— შენ დააჩქარე!

— ადრე იქნებოდა თუ გვიან, ხომ უნდა მომხდარიყო.

— როცა ტოლი ტოლთან ჩადის ამას, ნაკლებ ბოროტებად უთვლიან და შენდობაც მეტია.

— სამაგიეროდ, როცა უმცროსი უფროსს რაღაცაში არწმუნებს, მეტად ცდილობს...

— ეშმაკი ყოფილხარ!

— აღარ მოვალ. — ვთქვი და კარის სახელურს ვეცი.

— უფრო ბოროტი მაშინ იქნები, შუაღამით რომ მიმატოვებ.

— დავრჩე?

— დარჩი, ბოროტო!

— სად არის ბედოვლათის გამოგზავნილი კონიაკი! — მაგიდას მუშტი დავკარი.

— ინებეთ! — სავსე ბოთლი წინ დამიდგა ნანულიმ.

ვსვამდი მოწყურებულივით, თითქოს კონიაკის გამომგზავნელის სისხლს ვსვამდი. ვფიქრობდი, რანაირი იყო ის კაცი. ჯერ მელაკუდად წარმოვიდგინე, მერე ჯოჯოდ, გველად, მორიელად, ნახევარზე რომ დავიყვანე კონიაკის  ბოთლი გადამიბრუნდა ჭკუა, შემეცვალა განწყობა. იქნება იმ კაცსაც უყვარს ნანული, რა არის ამაში ცუდი–მეთქი? — ვკითხე ჩემს თავს.

— მოგწონს ის კაცი? — შევაცქერდი ნანულის.

— ვიზე მეკითხები?

— კონიაკს ვინც გიგზავნის.

— ანგელოზია, თვალს ვერ მოსწყვეტ.

— მაგის დედა მოვტ–ან! — შევიგინე, გავღიზიანდი.

უფეხო, უხელო ყოფილიყო, შევიბრალებდი, მაგრამ შევიბრალებდი კი? მაშინ ის გამაბრაზებდა, ასეთმა ჯოჯომ როგორ გაბედა და ასეთი ქალი როგორ შეიყვარა. ერთი სიტყვით, მძულდა, მაგრამ ვინ, რა ვიცოდი.

— თუ ასეთი ლამაზია, ჩემთან რა გინდოდა! — დავიძაბე.

— წუთი წყვეტს ყველაფერს, განწყობა, მოულოდნელობა, გარეგნული მოვლენები წამით დაგიხუჭავენ თვალს, გამოთიშავენ გონებას და ხდება ის, რასაც არავინ ელის.

ეგ უკვე მეტისმეტი იყო.

— წავალ, მოგასვენებ! — წამოვიყვირე დაბოღმილმა.

— წახვალ და ისევ მოძუნძულდები! — ღიმილი მოეფინა სახეზე.

— ქალების მეტი რაა... — ვთქვი უდარდელად.

— კაცებიც ბლომადაა. ყვავილებსაც მივიღებ და კონიაკსაც, აბა, რა ვქნა? — გაშალა ხელები.

— მოვკლავ, მაგის დედა! — ისევ წამოვვარდი სკამიდან.

— ხომ გითხარი, არსად წამსვლელი არ ხარ–მეთქი, როცა ქალისთვის ვიღაც უცნობ მამაკაცს კლავ, რომელსაც შენთვის არაფერი დაუშავებია, მიატოვებ იმ ქალს?

წავაგე. მორჩილად გავიშოტე საწოლზე. ჭერს შევაშტერდი. დაიხარა, შუბლზე მაკოცა, ზეწარი წამაფარა.

„განანებ ჩემს მორჩილებას“, — გამიელვა თავში, კედლისაკენ გადავბრუნდი, ზურგი შევაქციე.

— ძილი ნებისა, რაინდო! — ძილში გამატანა.

ერთ საღამოს ნანულის ბინის შესასვლელთან ვიღაც უცნობმა შემაჩერა.

— ჩვენი ძმა, ერთი წუთით!

მწივანა ხმა ჰქონდა.

შევტრიალდი.

თბილად ჩაფუთნული ტიპი იყო. მსუქანი, ლოყებღაჟღაჟა. ქლოშინით მომიახლოვდა, ამათვალ–ჩამათვალიერა.

— აქ ხშირად გხედავ! — თვალი თვალში გამიყარა.

— მასწავლებელთან დავდივარ.

— ზემოთ ვერ ამოვალ, მეჩქარება, უთხარი, რომ ზაქრომ მოიკითხა.

მანქანის კარი გამოაღო, კონიაკების ყუთი და მიხაკები გადმომიღო, მომაწოდა.

— აუტანე, გაუხარდება! — მითხარი და ბეჭზე ხელი დამკრა.

მივხვდი, ვინც იყო, ბრაზით წამოვენთე. რა უნდა მექნა. მივადექი ნანულის კარს.

— ესენი საიდან? — მკითხა ნანულიმ კარის გაღებისთანავე.

— ზაქრომ მოგართვა! — გავაკრიჭინე კბილები.

— ზაქროს ყვავილები შენი ხელით? მერე და კბილებს მე მიკრიჭინებ?

კარგახანს იცინოდა, ოთახში მიდი–მოდიოდა, მომჩერებოდა.

— შენ არ მითხრაი, წარმოსადეგი, არისტოკრატი ბრძანდებაო? — ამოვილუღლუღე.

— გემოვნება კი მართლაც მშვენიერი აქვს! — თვალი ჩამიკრა ნანულიმ.

ერთი კვირის შემდეგ ისევ დამხვდა ზაქრო იმ ადგილზე, ისევ მიმიხმო, ნანული რას შვრებაო, მკითხა.

— თხოვდება! — ვიცრუე.

— ვის მიჰყვება, თუ იცი? — აშკარად არ ესიამოვნა.

— ახალგაზრდა ბიჭია, დოცენტი.

— ვაი, მაგის პატრონს! — გადააპურჭყა ზიზღით.

— შენ დიდხანს უნდა იყო მაგ ქალთან? — დაინტერესდა.

— დღეს თუ საერთოდ...

— დღეს!

— როგორც თვითონ ისურვებს.

— უკანვე შებრუნდი და მოუსვი! — დაიბოხა ხმა.

— არსადაც არ წავალ!

— ბიჭო, შენ ხომ არ ერეკები, ღამეღამე რომ მარტოხელა ქალთან დაიბუძგები და ეშმაკობ, მე გამომაპარებ რამეს?! — თვალები გადმოკარკლა, ტუჩები მოედორბლა.

— რატომ კადრულობთ, ბატონო! — გავიოცე.

— ამაზე უტეხი გინახავს სადმე? მე ვკადრულობ და მე არ გაცლი ხომ ნეტარებას. დღე სკოლაშია, ღამით შენ დაეხეტები მაგასთანდა რა ვქნა, რომელს გიდარაჯოთ?

— ამობრძანდით ჩემთან ერთად. — დავრთე ნება.

— რასაც ვიზამ, თვითონ ვიცი. — ყელში ამოუვიდა ჩემი მოჩვენებითი თავაზიანი საუბარი.

აღარ მოვუსმინე, მივატოვე და კიბეზე ავირბინე.

— რატმ გაფითრებულხარ? — მკითხა ნანულიმ.

ჩავუკაკლე დაწვრილებით.

— თუ არ გაილახა, არ მომეშვება! — გამოუტანა განაჩენი.

— უჩივლე. — ვნახე გამოსავალი.

— რა დავაბრალო, ყვავილებს და კონიაკს მიგზავნის და დაიჭირეთთქო? ხომ მკითხავენ, რატომ იღებო.

— რატომ იღებ მერე, რატომ! — ვიყვირე არაადამიანურად.

— შენ რატომ გამოართვი და მომიტანე? — შემიბრუნა კითხვა.

— უნდა გაილახოს! — დავეთანხმე.

— მწიფე ვაშლი ღორისაა, დგას და ელოდება, ის კი არ იცის, რომ ის ვაშლი უკვე სხვამ ჩაკბიჩა.

— ცდილობს, რას იზამ...

ფარდა გადავწიე, ფანჯარაში გავიხედე, ისევ იქ იდგა.

— ერთი დარაჯი ნამდვილად სჭირდება ამოდენა ბინას. — უდარდელად თქვა ნანულიმ.

ცუდი განწყობა დამეუფლა.

— ნუ იფიქრებ იმ სულელზე, დაიღლება და წავა! — დამამშვიდა.

— თუ არ წავა, პატრონი მოუკვდა, კონიაკის ბოთლი ჩემით გამოვიღე კარადიდან, ნანულიმ ყავა მოადუღა, ერთმანეთს მივუჩოჩდით.

მუხლზე ჩამომიჯდა, მკერდი ძალუმად აუდ–ჩაუდიოდა. ძუძუებში ცხვირით ჩავემხე და გავიყუჩე.

ზამბარებიანი საწოლი კარგახანს ქანაობდა.

— ყველაზე ცუდი ისაა, რომ მაინც უნდა წახვიდე. — დანანებით თქვა ნანულიმ, ხალათი მოიცვა და დასაბანად გავიდა. ნახევრად ღია კარიდან დიდხანს ვუმზერდი თეთრ, მარმარილოსფერ სხეულზე შხუილით როგორ ეცემოდა წყლის ჭავლი, ჩამოსტიროდა მხრებს, ძუძუებს, თეძოებს, მუხლისთავებს, მიწანწკარებდა წვივებზე და ფეხებთან გუბდებოდა.

კარი გამოვაღე, უკნიდან მივეპარე, ძუძუები ხელებში მოვიქციე, მივეტმასნე. — გაიზნიქა და მომენდო.

*

ფრთხილად ჩავუყევი კიბის საფეხურებს.

უსინათლო სადარბაზო ჯოჯოხეთს ჰგავდა.

ვიღაცამ საყელოში მტაცა ხელი.

— მოდი, შენი დეტა მოვტ–ან! — თავისკენ მიმითრია და სახეში ჩამცხო.

— რა გინდა ჩემგან! — ვიყვირე ინსტიქტურად.

— ბოზობა თუ უნდოდა ნანულის, კაცი ვერ ნახა?!

— მე რას მერჩით, მე რა შუაში ვარ! — არ ვიცოდი, რა მექნა, რა მეთქვა.

— აბა, მე ვარ შუაში? თუმცა, რატომ არა, ჩემი კონიაკი სვი, ჩემი ყვავილები მიართვი და ლოგინს კი გაგიშლიდა ეგ ჩათლახი!

— რა ლოგინი, რის ლოგინი, გეშლები ვიღაცაში! — ვცადე თავის დაძვრენა.

— ჟორა! — გასძახა სიბნელეს.

— მოვდივარ! — ახმახი გადმოიმართა მანქანიდან და ჩვენსკენ წამოიჯგიმა.

— უნდა დავუმტკიცოთ, რომ გვატყუებს.

— გავლახოთ? — იკითხა ჟორამ და უროსავით მუშტი ჰაერში შემართა.

— ჯერ არა, ჯერ უნდა დავუმტკიცო.

— ჩვენთან წამოხვალ! — მიბრძანა და მუჯლუგუნი მკრა.

— სადაც გენებოთ! — ჩათრევას ჩაყოლა ვამჯობინე.

— სად წავიდე, ზაქრო? — იკითხა ჟორამ, როცა საჭესთან მოიკალათა.

— ჩემს ბოზთან.

— რომელთან?

— ლიზიკოსთან.

ქალაქის ბოლოს, ჩაბნელებული საერთო საცხოვრებლის წინ გავჩერდით.

— ჩამოდი! — მიბრძანა ზაქრომ. — არ გაიქცე, თორემ გესვრი, — გამაფრთხილა და ჯიბეში რაღაც გააჩხაკუნა.

როგორც იქნა, ავაღწიეთ მეშვიდე სართულამდე, ზაქრო ქლოშინებდა, იგინებოდა, ოფლს იწმენდდა. რკინის კართან შეჩერდა, ნერვიულად დააბრახუნა.

ლამფის შუქზე ნახევრად შიშველი ქალი გამოილანდა. იცნო ზაქრო, ხომ მშვიდობააო, ჰკითხა.

— ლიზიკო, მეცი პატივი, დაიწვინე ეს მუტრუკი, ვნახოთ, რა კაცია... — უთხრა ზაქრომ.

— გადაირიე? — განგებ გაინაზა ლიზიკო, აშკარად ეტყობოდა, ყაბულს იყო.

— იმყოფინე ამ კვირაში. — ფულის დასტა ჩაუბღუჯა უბეში ზაქრომ. — ამას მიმიხედე შენებურად. — ისევ გააფრთხილა.

— გაგიხდი ჩვარივით! — დააიმედა ლიზიკომ.

— ორ საათში მოგაკითხავ. — კარები გაიჯახუნა ზაქრომ.

ლიზიკომ მუშტრის თვალით ამხედ–დამხედა. რა უნდა შენთანო, მკითხა და საწოლ ოთახში შემიძღვა.

— ძმაკაცია?

— არ ვიცნობ.

— ეშმაკობ რაღაცას, გაიხადე, თორემ ისე გავა ორი საათი, ვერ გაიგებ. — მითხრა და ერთიანად გაშიშვლდა.

მეორე ქალი იყო ლიზიკო, ვისთვისაც კაცობა უნდა დამემტკიცებინა.

— არ დამინდო, ბოლომდე დაიხარჯე! — მომეხვია და გულში ჩამიკრა.

სალაპარაკო არაფერი გვქონდა. უცხო სხეული უცხო ჟრუანტელს მგვრიდა, ახალ ენერგიას მმატებდა. უცებ გავიდა დრო.

კარზე ბრახუნმა შეგვაკრთო. წალასლასდა ლიზიკო, შემოდიო, ცალყბად, ჩურჩულით მოიხმო ზაქრო.

— რა ქნა, თავი ხომ არ შეირცხვინა?

— დატოვე ეს ბიჭი — აღფრთოვანება ვეღარ დამალა ლიზიკომ.

— გასიამოვნა?

— ამის არც ფული მინდა, არც ოქრო — ტუჩები მოილოკა ლიზიკომ.

— ბედი გქონია, გადამირჩი. — გაეხარდა ზაქროს. აშკარად ბრიყვი იყო, ფულით გატოტოჩებული.

— რა ვქნა? — იკითხა ჟორამ, როცა მანქანაში ჩავჯექით.

— გადამირია ლიზიკო, ქალთან ნამყოფს არაფერი უგავდაო, დამარწმუნა.

— აბა, შე დუპლეტო, იმდენხანს რა გამეცადინებს, ლენჩი ყოფილხარ! — თავში წამიტყაპუნა ჟორამ.

მანქანიდან კინწისკვრით გადმომაგდეს. წალაყუნდიო, მომაძახეს და გაუჩინარდნენ.

ქურთუკის საყელო ავიწიე, ხელები ჯიბეებში ჩავიწყვე.

ქაღალდის ნაფლეთს შეეხო თითები, ამოვიღე, თვალებთან მივიტანე: „როცა გინდა, მოდი, ყოველდღე გელოდები, ლიზიკო“. — გარკვევით ეწერა ფურცელზე.

*

— მოღალატე ხარ, ყველაფერი არ უნდა იკადრო. — მითხრა ნანულიმ და თვალები ცრემლით აევსო.

— რაშია საქმე? — ხელები მოვხვიე.

გველნაკბენივით მომიცილა.

— რაო, ლიზიკომ, კარგად გასიამოვნა?

გამაჟრჟოლა.

— ვინაა ლიზიკო? — გავიოცე.

— მამა აბრამის ბატკანი ხარ, მახსოვრობადაკარგული.

— თუ რაიმე მოხდა, ისევ შენთვის. — აღარ დავიხიე უკან.

— ჩემი გულის გასახარად დაუტოვე ეს მაისური სამახსოვროდ, ხომ!.. ლეიბის ქვემოდან დაკემსილი მაისური გამოათრია და ცხვირწინ ამიფრიალა.

მიწაზე მხრებით გაკრულ ფალავანს ვგავდი.

სიმართლის თქმა ვამჯობინე.

— მაგაზე დამპალი კაცი დადის ქვეყანაზე? — იკითხა ნანულიმ, როცა ყველაფერი ჩავუკაკლე.

— შენ რას იზამდი ჩემს ადგილზე, ტყვიას მიუშვერდი მკერდს? — დავუმტკიცე, რმო ჩვენი ურთიერთობა სპეტაკია.

— ბარათი და მაისური რაღას მომიტანა?

— ნივთმტკიცებაა, ჩემი არაკაცობის დამადასტურებელი. ეტყობა, იჭვის ჭია მაინც ხრავს და აწვალებს, უნდა, გული გაგიტეხოს, შეგძულდე...

— მაინც რომელი უკეთესი ვართ, მე თუ ლიზიკო — არ მშვიდდებოდა ნანული, შურისძიების ცეცხლი ალმურად მოსდებოდა სახეზე.

— სიზმარივით იყო, არც მახსოვს.

— მეც წავალ სხვასთან, მოვიკლავ ჟინს, გეტყვი, რომ ყველაფერი შენთვის გავაკეთე, გაწყობს? — თითქმის ზლუქუნებდა.

— დამშვიდდი, ნანული, დამშვიდდი! — მეტს ვერაფერს ვამბობდი, ენა მებმოდა, ვერ ვეკარებოდი.

— ხვალ ერთად წავალთ იმ ქალთან, ყველაფერს მოვაყოლებ, გესმის?! — გაბოროტებულმა შემომხედა.

სახლი არ მახსოვს–მეთქი, რომ ვუთხარი, სულ მთლად გადაირია.

— მე ვიცი, სადაც ცხოვრობს! — დოინჯი შემოირტყა. აინტერესებდა, ვკითხავდი თუ არა მისამართს.

— არ მაინტერესებს ეგ შენი ლიზიკო. — ვთქვი ცივად.

— გველი ხარ! — ხელი მომიქნია და ყბაში გამარტყა.

სახტად დავრჩი.

— წადი! ჩემმა თვალებმა აღარ გნახოს! — კარი გამიღო.

აღარ ხუმრობდი.

ძუნძულით დავეშვი კიბეზე. მთელი კვირა არ გამოჩენილა სკოლაში. დანა პირს არ მიხსნიდან. ავივლ–ჩავივლიდი ნანულის ბინასთან, ავხედავდი დარაბებით დაგმანულ ფანჯრებს, გული მიკვდებოდა. რამდენჯერმე ძალა მოვიკრიბე, მივედი კარებამდე, მივაყურადე, ჩამიჩუმი არ ისმოდა. ვერ დავაკაკუნე, ხელი არ მემორჩილებოდა.

ერთ საღამოს შორიდანვე შევნიშნე, ნანულის სადარბაზოს წინ ზაქროს მანქანა იდგა.

აგური მოვძებნე, გაზეთში შევახვიე და იღლიაში ამოვიჩარე, გავუსწორდი თუ არა მანქანას, კარი გამოაღო.

— მოდი, ბიჭო, აქ! — მიბრძანა ზაქრომ.

ხმა არ გავეცი.

— ვის ვეძახი მე! — გადმოიბღინძა მანქანიდან.

მარტო იყო, ჟორას გარეშე.

— ვინაა შენი ბიჭო! — ვუთხარი უხეშად.

— ნაბიჭვარი ხარ, შენი! — წამოიწია და ხელი მომიქნია.

აგური ვთხლიშე თავში. ამოიხრიალა და ჩაიკეცა. არაფერი არ დავუტოვე მანქანას მრთელი, აგურიც შემომეფშვნა და ხელიც გამიკავეს.

გამომძიებელმა ახსნა–განმარტება ჩამომართვა.

ორი დღის შემდეგ ნანული მოიყვანეს. გაფითრებული და თვალებჩაღამებული ძლივს ლაპარაკობდა. ფრანგულში ვამზადებდიო, დაადასტურა. შემომხედა, თავი ჩაღუნა და წავიდა.

სინანული დავინახე მის თვალებში, დიდი სევდა და დაკარგული სიამაყე.

ზაქროს სისხლი ჩაექცა, ამის მანქანაც მიემატა და განაჩენიც გამომიტანეს.

დედას ვთხოვე, არ ვენახე, ნერვიულობით ჩონჩხად ქცეულიყო, ძლივს დაფარფატებდა.

თვის ბოლოს, მეთვალყურეთა თანხლებით, სამშენებლო ობიექტზე წაგვიყვანეს, ბეტონს ვზელდით და სართულებზე აგვქონდა.

შესვენებაზე გავიპარე, ფოსტაში ქალბატონი ნუცა მოვძებნე.

— სირცხვილი შენი! — მითხრა ნუცამ.

— ამ ერთხელაც დამეხმარე — ვთხოვე ყელის გამოღადვრით.

— ცუდი ბიჭი ყოფილხარ, ყველა შეარცხვინე! — გამიწყრა, სათვალე მოირგო, შემათვალიერა, ბევრი ხვეწნის შემდეგ, როგორც იქნა, დავითანხმე, ისევ გავუგზავნეთ დედაჩემს მამაჩემის დეპეშა, ისევ დავამოწმეთ სამკუთხა ბარათი გაუგებრად დათხაპნილი ბეჭდით.

დეიდა ნუცას შუბლზე ვაკოცე და მოვუსვი.

მამის ბარათი ციხეში მოიტანა დედამ, სიხარულით ხელები უცახცახებდა. კიდევ გვწყალობს ღმერთი, სულ არ დავღუპულვართ, შემომტირა. ყველაფერს გაპატიებ, კაცს უარესიც შეეთხვევაო, მარწმუნებდა.

„ადრე თუ გვიან ხორცი მაინც უღალატებს სულს, რადგან ადამიანი უბრალო მოკვდავია...“ — ნანულის სიტყვები გამახსენდა.

რატომ?

სამი წელი მომისაჯეს.

სამიდან ერთი მაპატიეს, როგორც მეომრის შვილსა და არცთუ ისე ცუდი ბიოგრაფიის პატრონს. ეს ბიოგრაფია სკოლაში მოღვაწეობით იწყებოდა და მთავრდებოდა. დირექტორს დადებითი დახასიათება თავისი ხელით მიეტანა იქ, სადაც ჩემს საქმეს განიხილავდნენ.

*

უკვე ქუჩაში ვიყავი, რკინის კარებს გარეთ. ახლა, ამ ქუჩით, საითაც გინდოდა, იქით წახვიდოდი, არავინ იყო უფროსი და მეთვალყურე.

გზადაგზა ვჩერდებოდი, რაღაცას ვიხსენებდი, ნაცნობს და უცნობს თვალს ვარიდებდი.

ნანულისთან მისვლა გადავწყვიტე. იმ დღის შემდეგ, დაკითხვაზე რომ მოიყვანეს, არ გამოჩენილა.

აგერ, ნაცნობი ბინაც.

საოცრად ვღელავდი. ავუარ–ჩავუარე სადარბაზოს.

— ავალ!.. — ვთქვი, ვაჯობე საკუთარ ავს და კიბეებს ავუყევი. დავაკაკუნე. ფეხის ხმა მომესმა. მეგონა, გასკდებოდა გული. კარები ვიღაც მამაკაცმა გააღო.

არ მესიამოვნა.

— ბოდიში, ქალბატონი ნანული — ამოვილუღლუღე.

— ნანული აქ აღარ ცხოვრობს. — უდარდელად თქვა კაცმა.

— სად წავიდა, სად! — წამოვიყვირესავით.

— თბილისში.

— მისამართს ვერ მეტყვით?

— არ ვიცი, გენაცვალე. — უგულოდ მომიხურა კარი.

როგორ ჩავიარე კიბეები, არ მახსოვს, თავი მიბრუოდა. ბოლო საფეხურზე ჩამოვჯექი, იდაყვებით მუხლებს დავეყრდენი, თავი ხელებში მოვიქციე.

თითქოს ერთიანად დავიცალე, გამოვიფიტე. კარგახანს ვიჯექი გაოგნებული, მერე ტანი ავითრიე, სახლისკენ წავლასლასდი.

ჭიშკარი ღიად დამხვდა. ეზოში მეზობლები ფუსფუსებდნენ. მეტი უბედურების ატანა აღარ შემეძლო. ჭიშკარს მივეყრდენი.

აივნიდან ვიღაცამ მიცნო, ჩემსკენ წამოვიდა.

— შალვა! — დაიყვირა და ხელი მომხვია.

— რა ამბავია, ხომ მშვიდობაა? —  ძლივს მოვაბრუნე ენა.

— მამაშენი ჩამოვიდა.

— რა თქვი?

— დღეს, ამ დილით...

გაყინული სისხლი ამოძრავდა, რაღაც უხილავი ბურანი დატრიალდა მთელ სხეულში, ძალა მომემატა. სახლისკენ გავიქეცი.

რკინის საწოლზე კაფანდარა კაცი იჯდა. ცალი ფეხით იატაკს დაყრდნობოდა, ცალი მუხლსქვემოთ მთავრდებოდა აკეცილი შარვლის ტოტით.

— მამა! — ვიღრიალე და მოვეხვიე.

ვტიროდი, ვიცინოდი.

მამას არაფერი უკითხავს. ეტყობა, ჩემს შესახებ არაფერი იცოდა.

— ჩემი სიკვდილის დეპეშა არ მიგიღიათ? — ჯოხს დაეყრდნო, წამოდგა და შემოგვაცქერდა.

— რა თქვი? — გაიოცა დედაჩემმა.

— წერილი, რომ გარდავიცვალე. — აღარ დაამთავრა მამამ.

— სამი წერილი მივიღე, სამივეში კარგად ვარო, მწერდი.

— ვინ გწერდა, მეე? — გადაიხარხარა მამამ.

ხომ არ გაგიჟდაო, სახტად დარჩენილი დედაჩემი შიშით შეაჩერდა.

საიდუმლოს მე ავხადე ფარდა. ჩემი ხელით დაწერილი სამივე ბარათი ვუჩვენე მამაჩემს.

ლოყაზე შემოირტყა ხელი დედამ. გაოგნებული დიდხანს მოგვჩერებოდა ორივეს, მერე პირჯვარი დაიწერა, ღმერთო, გვიშველეო, ჩაიბუტბუტა, წერილები გამომართვა.

— ფოსტაში წავალ, ქალბატონ ნუცას გავახარებ! — გავამხილე მესაიდუმლეც.

— რომელი ნუცა, ბიჭი რომ მოუკლეს? — მკითხა დედაჩემმა და ამოიგმინა.

ნუცა მომკვდარიყო. შვილის დარდს გადაჰყოლოდა.

სიკეთისათვის სათქმელი მადლობა, ყვავილებთან ერთად, მდუმარედ მივიტანე მის საფლავამდე. შვილის გვერდით ახლად მიწაწაყრილს მადლიერების ცრემლი დავაპკურე.

ვგრძნობდი, ბოლომდე გახარების საშუალებას არ მაძლევდა ღმერთი. სიხარულს, გზადაგზა რომ მიზოგებდა, მწუხარებას მარილივით აყრიდა, მეც, სიცოცხლეს მოწყურებული, ხარბად ვეწაფებოდი, რითაც შეიძლებოდა თავის მოტყუება.

საფლავთან ჩამომჯდარს ვიღაცამ ხელი დამადო, შევკრთი, არავის ველოდი.

შავი თავსაბურის ქვემოდან მომხიბვლელად მიღიმოდა ქალი.

ვიცანი.

— გამარჯობა, ლიზიკო! — ხელი გავუწოდე.

— მაკოცე, ბიჭო, რამ შეგაშინა!

საოცრად თბილი, ფუმფულა ტუჩები ჰქონდა.

— ასე უნდა ადამიანის დავიწყება? — მისაყვედურა.

— აქ რისთვის ხარ? — დავინტერესდი.

— ჩემი მეუღლე ჩამოასვენეს ხაბაროვსკიდან. სამი თვის წინ დავკრძალეთ. თვითონ ვინ გიწევს სამოთხეში?

თუ ღმერთი მართლა არსებობდა, იმ კაფანდარა ქალს მართლაც ეკუთვნოდა სამოთხე.

— ქალბატონი ნუცა დაუკრძალავთ. — დავიმწუხრე.

— რა იყო შენი?

— გრძელი ამბავია, ლიზიკო, სხვა დროს გიამბობ.

— გადადებული საქმე ეშმაკისაა, წამოდი ჩემთან! — მომითათუნა ლოყაზე ხელი.

— მარტო ხარ?

— მთელი ცხოვრება მარტო არა ვარ? — ამოიხვნეშა.

სასაფლაოს ჭიშკართან მანქანა ავიყვანეთ, ლიზიკომ მისამართი უკარნახა. მძღოლმა ინტერესით შემოგვხედა, გავფრინდეთო, თქვა და შეასრულა.

ახლა კიბეზე ავრბოდით.

— ჩქარა, ჩქარა! — მამხნევებდა ლიზიკო.

— პირდაპირ საწოლში, თორემ გადავირევი! — მითხრა, როცა კარები გადაკეტა.

დავემორჩილე.

— ციხეში ვიჯექი — გავუმხილე გასავათებულს.

— გაუმხეცებიხარ უქალობას.

— ზაქრო აღარ გაკითხავს?

— ზის მაგ ღორი. არც თვითონ შეეძლო, არც სხვას მაკარებდა.

— იმ დღეს უბე ამოგივსო ფულით.

— ფული კაცთან ერთად მინდა მე.

— ჯერ კიდევ წინაა ყველაფერი.

— სიკვდილია წინ, გაბოზდა ქვეყანა. იმდენი კაბაწამოხდილი გოგო დადის, მე ვიღას მოვეწონები!

— ყველას თავისი მუშტარი ჰყავს.

— დიდი შეღავათია...

ჩაცმა არ მაცალა, ისევ მომეხვია.

— ხვალაც მოდი...

— უსათუოდ მოვალ!

— დედა დაიფიცე...

— სიტყვა სიტყვაა...

— მაშინაც შემპირდი... თუმცა გეპატიება, რაც მოხდა, უკვე ყველაფერი ვიცი.

სახლამდე ნანულიზე ვფიქრობდი.

„ლიზიკოდან მოდიხარ და ნანულიზე ფიქრობ?“ — ვკითხე საკუთარ თავს.

„ნანული სიყვარულია, ლიზიკო — ვნების დაცხრომა.“ — ყურში ჩამჩურჩულა უხილავმა.

ხუთი წელი დავდიოდი ლიზიკოსთან.

ხუთი წელი ვეხვეწებოდი, მუცელი მოეშალა და ქვეყნის სალაპარაკო არ გავეხადე.

მივეჩვიე ცრემლებსაც, კრუსუნსაც, წყევლასაც.

*

ტელეფონმა გაიწკრიალა.

ვინ უნდა იყოს?

ყურმილი ავიღე.

ქალის ხმა იყო.

— გამარჯობათ, შალვა!

— გამარჯობა?!

— მიცანი?

აშკარად ნაცნობი ხმა იყო.

— დაგავიწყდი?

— მაპატიე, მაგრამ...

— შვიდ საათზე პირველ სართულზე, ვესტიბიულში გელოდები! — სათქმელი არ დაუმთავრებია, ყურმილი დამიკიდა.

— ვიღაც ქალი მეპატიჟება — ვუთხარი მეგობარს.

— ფრთხილად, გამოცდას გიწყობენ.

— ნაცნობი ხმა ჰქონდა.

— ასე იციან, ვინმეს მოგიჩენენ, გამოწმებენ.

— ჩავალ, სულერთია, ღამე არ დამეძინება, ინტერესი მომკლავს.

— შენი საქმისა შენ იცი!

მოვწესრიგდი. შვიდ საათზე დათქმულ ადგილზე გახლდით, მივდი–მოვდიოდი, ყველას ეჭვის თვალით ვუცქერდი.

ზანგები, არაბები, იაპონელები... ირგვლივ ათასი ჯურის ხალხი ირეოდა.

გარეთ მანქანების ფერადი ნიაღვარი მილეკავდა ქუჩას.

ფერფლისფერი „მერსედესი“ გამოეყო სხვებს, სასტუმროსთან შეჩერდა. ვიღაც მანდილოსანი ჩამობრძანდა მანქანიდან, თეთრი ხელთათმანები ხელჩანთაში ჩაალაგა, საათზე დაიხედა და ვესტიბიულში შემოაბიჯა.

ჩემსკენ გამოემართა.

— შალვა! — აღტაცებით წამოიყვირა მოიახლოებულმა.

გაოცებისაგან ადგილზე გავშეშდი- ნანული!..

კოცნით გული რომ იჯერა, ხელკავი გამომდო, ლიფტთან მიმიყვანა, მეხუთე  ღამის ბარში ამოვყავით თავი.

ნანულის გამოცხადება უფრო მოულოდნელი იყო ჩემთვის, ვიდრე მამაჩემის ომიდან დაბრუნება.

— მომენატრე, უსაშველოდ მომენატრე! — მეჩურჩულებოდა და თვალებში შემომციცინებდა.

— მეც, მეც ძალიან მომენატრე! — ვიმეორებდი აღფრთოვანებული.

მკრთალ შუქზე ლანდებივით ვჩანდით. ოფიციანტმა,

„შამპანური“ და ხილი მოგვიტანა.

— რამდენიმე წელია პარიზში ვცხოვრობო. — მითხრა.

— გაოცებისაგან პირი დავაღე.

ფრანგული „შამპანური“ საუცხოო წამალი გამოდგა გულწრფელობისათვის.

—ნატვრის ახდენას გაუმარჯოს! — ვთქვი მე.        თაივი სიზმარში მგონა.

— პარიზი სიზმარია, შალვა, ამოუხსნელი სიზმარი! — სიგარეტს მოუკიდა ნანულიმ.

— რა ქენი, ისწავლე ფრანგული? — გამომწვევად შემომხედა.

—ხვალ დილით ლევილის სასაფლაოზე მივდივართ ქართველთა სამარხების სანახავად გავუმხილე.

— მეც წამოვალ! — გაიხარა ნანულიმ.

— ეს სასტუმრო ჩემს მეუღლეს ეკუთვნის, შეღავათებს გაგიწევთ, დანარჩენიც ჩემზე იყოსო გამამხნევა.

პროვინციული შიში და რიდი ერთბაშად დამეუფლა.

— მიშელი ამ დილით კანადაში გაემგზავრა ძმასთან, ბიჭიც წაიყვანა. შენ არ დაქორწინდი?

— შენს ძებნაში დრო არ დამრჩა.

— გაგივლის... თუმცა... ვერ მე მომინელებია... გუშინ თქვენი ჯგუფი ლუვრში მოვიდა. მე იქ მეთვალყურედ ვმუშაობ. ქართული საუბარი გავიგონე. შორიახლო აგედევნეთ. გიცანი და ვერც გიცანი. მთელი ღამე არ მძინებია. ამ დილით სასტუმროში დავრეკე. მითხრეს, რომ საბჭოთა კავშირიდან ტურისტების ორი ჯგუფი დააბინავეს. ჩამოსულთა სია წამიკითხეს, აღარ მეგონა, თუ გნახავდი, ავფორიაქდი.

— წერილი მაინც გამოგეგზავნა! — ვუსაყვედურე.

— რაკი მიგატოვე, თავს დამნაშავედ ვთვლიდი, თუმცა ყველაფერი შენი მიზეზით მოხდა. ის წყეული დღე, შენ რომ დაგიჭირეს, ტირილში გავატარე. მერე მთელი კვირა სახლიდან არ გამოვსულვარ. ბავშვი ამყვა. ამის გამჟღავნება საქვეყნოდ გამოჭენებას ნიშნავდა. სამუდამოდ მივატოვე იქაურობა და თბილისში გადავსახლდი. შორებელმა, გავლენიანმა ნათესავმა ტურისტულ ბიუროში მომაწყო. უცხო ენის სპეციალისტები უშიშროებას აღრიცხვაზე ვყავდით, ერთ დღეს გამომიძახეს, ვიღაც მამაკაცთან ერთად თვითმფრინავში ჩამსვეს, თავი საფრანგეთში ამოვყავი. ის კაცი ჩასვლისთანავე თვითმფრინავის ტრაპთან დააპატიმრეს. დავრჩი უმწეო, უპატრონო, ბედისანაბარა. ენის ცოდნამ მიშველა. აქაური ქართველები მოვიკითხე. თბილად მიმიღეს, სამუშაოც მალე გამომინახეს, ერთ ოჯახს მივეკედლე, ბავშვებს ვზრდიდი. იმ ოჯახთან დაახლოებულმა ქვრივმა ხელი მთხოვა და დავთანხმდი...

— ბედნიერი ხარ?_შევარჩერდი

— ყველაზე საცოდავი, რაც ცოცხალთაგან ღმერთს გაუჩენია, ქალია. ბედის ქარი კაბას სად წამოხდის, არავინ იცის — ცრემლები ვეღარ შეიმაგრა, გული ამოუჯდა.

— წავიდეთ ჩემთან, იქნებ ვეღარასოდეს შევხვდეთ! — მთხოვა. 

აგარაკზე წავიდეთ, ნახევარი საათის სავალია... — შემომთავაზა, როცა ეიფელის კოშკიდან ელისეს მინდვრებს დავუბრუნდით.

ცოტა ხანში მანქანების სეტყვაში მივქროდით. ნანული საჭეს კარგად ფლობდა, გზადაგზა რაღაცეებს იხსენებდა.

არყების ხეივანში გავჩერდით. ჭიშკარი გააღო და მწვანედ აბიბინებულ მოლში შევსრიალდით.

— უმშვენიერესი ადგილია, -მიშელი ამბობს, როცა მოვხუცდებით, აქ გადმოვსახლდეთო. 

— პარიზში რამ უნდა დაგაბეროს! — წამოვიძახე ბავშვური აღტაცებით.

— საუბედუროდ, აქაც ბერდებიან, რას იზამ...

ფუმფულა საწოლში ჩავიძირეთ.

— გაფრანგებულხარ — ვუთხარი, როცა სექსუალური სიახლის დიდი ცოდნა გამოამჟღავნა.

— სამარეში არავინ არაფერს ჩაგატანს, ცხოვრებას ყველაფერი უნდა წაართვა.

წავართვით...

უძინარი და დაღლილი , დილით მიმიყვანა სასტუმროში. საწოლზე მივეგდე.

დადგა ჟამი განშორებისა.

ვტოვებდი საფრანგეთის მიწას, ვემშვიდობებოდი პარიზს, ნანულის. დამთავრდა დიდი სიზმარი. ახლა ამ სიზმრის გარეთ ვიდექით ორნი და ღმერთს ვთხოვდით, კიდევ ერთხელ შევებრუნებინეთ ფერადი სიზმრების ბურუსში.

მიშელი დაბრუნდა კანადიდან, აეროდრომზე მოვალთ და გაგაცილებთო, დამპირდა ნანული, ცრემლები ამოიმშრალა, ზურგი შემაქცია, კარგახანს მთვრალივით მიბარბაცებდა. მერე ერთ ადგილზე შეყოვნდა, შემოტრიალდა, ხელი დამიქნია, გზა განაგრძო, ისევ შემოტრიალდა.

*

ვერცხლისფერი ლაინერი მომხიბლავად გაწვართულა მზის შუქზე.

მძლავრად გუგუნებს თვითმფრინავის ძრავა. აფრენის მოლოდინში განაბული სხედან მგზავრები.

ერთხელ კიდევ ვზერავ ილუმინატორიდან გარემოს. უცებ ნაცნობ სილუეტს მოვკარი თვალი.

ნანული იყო. ხელს მიქნევდა. გუმანით ვგრძნობდი, თმაჭაღარა მამაკაცი მიშელი იყო.


დაიგვიანეს...

ასე სჯობდა. ჩვენი ცრემლები აუცილებლად გაამხელდნენ იმას, რასაც მთელი ცხოვრება ვმალავდით.


















სიზმრის დასასრული


ღამეა... ყინავს...

სუსხი ძვალსა და რბილში ატანს.

მე და ალფეზია რიგრიგობით ვექაჩებით და მივასრიალებთ მოპარულ კუბოს.

ხან ერთი ვზივართ შიგ, ხან — მეორე.

აღმართში მე წინიდან ვექაჩები, ალფეზა უკნიდან აწვება.

თავდაღმართში, იცოცხეთქვა, მივსრიალებთ.

დიდი ჯახირის შემდეგ კუბო დანიშნულ ადგილზე მივიტანეთ.

სადიდკაცოა, ჩუქურთმებით მოგვირისტებული, შავი ფარჩით გაწყობილი.

დილით შემობაჯბაჯდნენ წინდა–პაჭიჭებით ფეხებდათბილული, ცხვირპირდალურჯებული მეზობლები. ახედ–დახედეს კედელზე მიყუდებულ საიმქვეყნოს. თვალები შუბლზემოთ აუვიდათ.

ალფეზიამ თქვა, შეშურდათო.

მე ყურადღება არ მიმიქცევია. ვნატრობ, წამოწვიმოს ან წამოთოვოს, თორემ შეიძლება გამოჰყვნენ დაფხაჭნილ–დახაზულ მოყინულ ქუჩას, მოადგნენ ჩვენს სანახევროდ მონჯღრეულ ჭიშკარს და...

დედა, სირცხვილო! სად გინდა თავი გამოჰყო. — მოპარული კუბოთი ასვენებ საუკუნეს მიტანებულ ბაბუას...

ღმერთი წამდა, ლოცვით ათენებდა და აღამებდა. ახლა, შენ, უღმერთომ და წყალსგასატანებელმა იავკაცე, იმაიმუნე და თავმოჭრილს უშვებ იქვეყნად.

უპატრონო ვარ, ობლობაში გაზრდილი. სუდარაში ხომ არ გავახვევ ბერიკაცს.

მეზობლებმა გაბანეს, გამოაწყვეს, შეაბეს წელზე ვერხცლის ქამარ–ხანჯალი, გააპატიოსნეს.

ქუნქულა თმა–წვერში ჩაკარგულს ძინავს მელიტონა ბაბუას. არ აწუხებს არაფერი. არც ის, მარტო რომ მტოვებს ერთი ყურმოხეული ნაგაზის, ძუძუგამშრალი ძროხისა და ბებერი მამლის ამარა.

დათქმულ დროს ძლივსძლივობით გამოიტანეს კუბო დაკინკულმა სოფლელებმა ეზოში. დამშიდობების დროც დადგა.

მიჩოჩდა მეწისქვილე იაგორა კუბოსთან.  ჩაიმუხლა, ეპუტუნა მიცვალებულს, აკოცა შუბლზე, წამოდგა და ხალხს შეერია.

— მიდი, ბიჭო, უთხარი რამე, — შემაქეზეს აქეთ–იქიდან.

რა ვუთხრა გალიგვებულ ბერიკაცს. ბაზარში არ მიდის, რაიმე რომ დავაბარო, ყურში აღარ ესმის, თვალში არ იხედება, არ სუნთქავს.

— უთხარი, ხო, უთხარი, მაგან გაგზარდა! — ისევ ჩამესმის ნაცნობი ხმა.

გადავდგი ორი ნაბიჯი, ხმა ვერ ამოვაცილე ყანყრატოს.

ზევით ამოსვლის ნაცვლად, სადღაც გულმუცელში ჩაქვესკნელდა, ამიწვა წელები და მუცელმტკივანივით ვიტაცე ხელი ჭიპთან.

ისევ ღენტორია ტრაქტორისტმა მიშველა, მოაღო უკბილო პირი, მოჰყვა ბაბუაჩემის ქება–დიდებას.

ყველას გასაოცრად, ხალხიდან ალფეზია გამოძვრა, შეისწორ–შემოისწორა საკრებელდადებული, გახუნებული ბლუზა და ჩრდილივით დაადგა მიცვალებულს.

„თავი არ მომჭრას, ის ამბავი არ წამოცდეს“ — წამომახურა.

— მიდიხარ, ბიძია, ხომ, წაი, აპა, — თქვა ალფეზიამ, დაიხარა, მიცვალებულს შუბლზე ეამბორა, — აუ, რა გრილია?! — ხმამაღლა გამოაცხადა და უკან აეტუზა ღენტორას.

— ყველაფერი გალიგვებულია და მიცვალებულს რა გაათბობდა, — გადაუჩურჩულა ღენტორამ.

— გაჩერდი შენ, სხვანაირი სიგრილეა ეს! — შეუტია ალფეზიამ.

— დროზე თუ არ მივაბარეთ მიწას, დაგვაღამდება, — გამოაცხადა ბუხუტია ძღინკმა.

ასლუკუნდნენ ქალები, აჩოჩქოლდა დიდი და პატარა. შეიდგეს კუბო ბეჭზე მეზობლებმა, დაიძრა პროცესია.

— შეჩერდით! თეფშის გატეხვა დაგვავიწყდა. — იყვირა ბუხუტია ძღინკმა.

— მაგი თავში უნდა გაგხსენებოდათ, არ შეიძლება მიცვალებულის შემობრუნება, — შეუტიეს უთავო თავიკაცს.

ღუტუშიი, შოთაიი, ვანოიი და ლეუშიი აღმართში შეცვალა კაპიტომ, უშანგიმ, არისტომ და მეოთხე კაცის მოძებნა რომ გაჭირდა, მე თვითონ შევუდექი ბეჭით კუბოს.

ალფეზიი ამეტუზა.

— მძიმეა?! — მეკითხება.

— მძიმეა, ალფეზია. — შევუღრინე.

— მჩატეც კი იყო იმ სახელოსნოში, მაინცდამაინც მაგას რომ დაადგი თვალი.

გავილურსე.

— რავა ფიქრობ, ის ფიჭვის კუბო მაგის ნახევარი სიმძიმის არ იქნებოდა? — არ მეშვებოდა.

— დაგვაცადე, შე რეგვენო, ვერ ხედავ, ძლივს მივათრევთ? — გავბრაზდი.

— მარტო შენი კი არ იყო ცხონებული, მეც მახსოვს მაგის ნაამაგარი — იყვირა სასაფლაოს ჭიშკართან, ეცა კუბოს, გამომგლიჯა ხელიდან, შეისროლა ჰაერში და შეუშვირა ბეჭი.

კინაღამ წამოჯდა მიცვალებული. მოიძებნა მეორე ოყლაყიც, შეება ალფეზიასთან „უღელში“, გადაგვარჩინა.

იმ დღეს პირველად ჩავხედე ღია საფლავს. კუბო რომ ჩაუშვეს და ამოვსება დაიწყეს, შვება ვიგრძენი.

— გესმოდა, როგორ აყრიდნენ ქვა–ღორღს ჩვენს საბოლოო ძღვენს? — მეჩურჩულებოდა ალფეზია და მოხუცის სურათს ხელიდან ხელში ინაცვლებდა.

ძაღლი დაგვეწია წკმუტუნით. სურათს თვალს არ აცილებდა, გზადაგზა შეჩერდებოდა, უკან მოიხედავდა.

— უცდის ვიღაცას, ის ვიღაცა კი აღარასოდეს მოვა, — ამოიხვნეშა ალფეზიამ.

სიცარიელე იყურებოდა ჭიშკარმოღებული ეზოდან.

სიჩუმე მამლის ხმამ დაარღვია.

— შებინდებულში მამლის ყივილი ვერაა კაი საქმე, — თქვა ალფეზიამ.

დაწინაურებულმა ნაგაზმა უკან მოიხედა.

გრძელი რიგი გაჭიმულიყო.

რაც გაგვაჩნდა, სუფრაზე იყო, ჩამოსარიგებელი და მისამატებელი არაფერი გვქონდა. შემოვუსხედით მაგიდას. ხსოვნა ფეხზე დგომით თქვეს. ღვინოს პური მიატანეს. პურს — ნედლი ხახვი და მჟავე კომბოსტო. თანდათან არუზრუზდნენ, ალაპარაკდნენ.

მარტო ალფეზია იჯდა ბაიყუშივით, მინაბული თვალებით, ძველ ნაჯარისკაცალ ბლუზაში ნიკაპჩამალული, ბეჭჩამოვარდნილი.

*

ვაი, დედა, რას ხედავს ჩემი თვალები!

თმაწვერგაფოფრილი, თოვლის კაცად ქცეული მელიტონა ბაბუა მოდის. მარხილივით მოასრიალებს თოკზე გამობმულ კუბოს, ბუტბუტებს.

თოვლი არაა, მაგრამ მოთეთრებულია ცა და ხმელეთი.

ხეები შეუფოთლავი. სახლები უბუხრო. არსად ფერის ნატამალი, მხოლოდ სითეთრეში ჩაძირული სიმარტოვე.

მოდის მელიტონი, გზადაგზა შუბლს მოიჩრდილავს, შეყოვნდება, თავის ტვირთს მწყრალად მოუხედავს.

რას შვრები ახლა. სად გინდა დაემალო. რანაირად გინდა, ამ სითეთრეში გაუჩინარდე.

სისხლი გამეყინა. ფეხებს ვეღარ ვძრავ. სუნთქვა მიჭირს.

რაც უფრო მიახლოვდება, მით უფრო ვშორდები, ის–ისაა უნდა მომწვდეს, რომ ხმა იკარგება, ტუჩების ცმაცუნს ვგრძნობ მხოლოდ.

რაღაც მოძრავი წერტილი შეამჩნია თვალმა ამ სითეთრეში, წერტილი თანდათან იზრდება, მიახლოვდება.

აგაშენა ღმერთმა! არავის დანახვა ისე არ გამიხარდებოდა ახლა, როგორც იმ შეჩვენებულის.

ალფეზიი მეიღრინცება გზაზე.

თუმცა სადაა გზა. ერთნაირია ყველაფერი.

დამინახა თუ არა, შებრუნდა, ზურგი შემაქცია და წავიდა. მინდა, გავძახო, ენა არ მემორჩილება. ხმას ვერ ვიღებ. არადა, საცაა, ისევ წერტილად იქცევა, თვალთახედვიდან გაქრება. დავრჩები ამ სამარისებურ სიჩუმეში გაყინული, განცვიფრებული.

შავი წერტილის გაქრობა და მელიტონა ბაბუას გამოლანდება ერთი იყო.

ეტყობა, თვალწინ იდგა და ვერ ვამჩნევდი. სითეთრეში და ნისლ–ბურუსში გახვეული, მზერის მიღმა დამრჩა და წერტილადქცეულმა ალფეზამ ადგილი დაუთმო ჩემს ცნობიერებაში.

— გამარჯობა, ბაბუა — წავიჩურჩულე შერცხვენილმა.

ხმა არ გამცა.

— ვერ მამჩნევ?! — გავიკვირვე.

დუმდა.

— შენი რეზოია ვარ, დაგავიწყდი?

დამაკვირდა.

— მოგართვი ნაძარცვ–წანაგლეჯი, — თქვა და თოკმობმული კუბო ფეხებთან მომიჩოჩა.

შემაჟრჟოლა.

— ისე დავბერდი, ნანათხოვარი კალოში არ ჩამიცვამს ფეხზე, ეს რამ მოგაფიქრებია...

ენა გადავყლაპე.

— დროა დამნაშავე. ამ დრომ ბევრი შენნაირი წაახდინა და გადააგვარა, მაგრამ ამის მოფიქრება? იქით წასულს არ უნდა გაატანო, რაც არ ეკუთვნის, ისიც დაიტანჯება და არც შენ დაგადგება კარგი დღე.

ხსოვნას გამოვექეცი, წამოვათრიე ეგ თქვენი ბოლო ფეშქაში, ძლივს მოვაღწიე აქამდე.

დაღლილი სახე ჰქონდა, გაცრეცილი, ნატანჯი.

მეორედ მოვკვდი, კუბოს პატრონმა რომ მომაკითხა.

არ ხარ მელიტონა ქარჩავა, მიწაში გასაჩერებელიო, მიყვირა.

მოვათრევ მას შემდეგ ამ დასაწვავს. ამაზე მეტი სასჯელი გინახავს, მოპარული სხვისი კუბო ათრიო ქვეყნიდან ქვეყნამდე, უკან მოხედვის გრცხვენოდეს და გერიდებოდეს?..

იცი, რეზია, ბაბუა, რა მძიმე ტვირთია სხვისი კუბოს ტარება და უკან მოხედვით გამოწვეული შიშის შეგრძნება?

— ცარიელ კუბოს რა სიმძიმე აქვს ასეთი... — წავიჩურჩულე ნირწამხდარმა.

დაიხარა მელიტონა ბაბუ, კუბოს თავი ახადა.

— ღმერთო ჩემო! როგორც გამოვაწყვეთ და გავაწკიპარტეთ, ისე წევს შიგ მელიტონი, მიძინებული გეგონება.

— აბა, შენ ვინა ხარ! — ვიყვირე შეშინებულმა.

— მაგას გავექეცი, გავუფრინდი, ახლა ვჭირისუფლობ და ვპატრონობ. რას გამოლენჩდი, ბიჭო, საკუთარ თავს თავადვე უნდა უპატრონო. მკვდარი მელიტონი რომ არ მენახვებია შენთვის, დაიჯერებდი, სულად რომ ვიქეცი?

მაგი თიხაა ახლა და მეტი არაფერი, მიემატება მიწა მიწას, აღმოცენდება იქედან ხსოვნა და იარსებებს შენში.

უნებლიე შეცდომა იყო, რაც შენ დაგემართა, გინდოდა, გამზრდელი ბაბუა ღირსეულად გაგესტუმრებია ამ ცოდვის ქვეყნიდან. არ მოხდა ასე, დაგამძიმა ნასაქნარმა, წაგართვა ძილი და შეგყარა შფოთი. მე გიშველე ისევ.

— სადა ხარ, სად, — ვიყვირე შეშფოთებულმა.

— აქა ვარ, რა გაყვირებს!

თვალები გავახილე.

ჩემს წინ ალფეზია იდგა, ხელში ახლადგამოჩეკილი წიწილა ეკავა.

- შტერი ხარ შენ, რეზოია, — გადაიხარხარა ალფეზამ, 

— გამომეცხადა! — ვთქვი თავდაჯერებით.

— რაც გინდა, დამავალე, ოღონდ სასაფლაოზე ღამით ნუ წამიყვან, — მთხოვა ალფეზამ.

— მიცვალებულმა რა უნდა გიქნას, შე გლახა, — შევათამამე.

— რა ვიცი, რეზოია, ვინმეს ლანდი რომ შემთხვევით შემეფეთოს, ისევ ავირევი.

— დიდი დაწყობილი არც ახლა ხარ, — გადავიხარხარე.

— დაწყობილი და დადინჯებული შენი მეგობარი როგორ იქნება. ასეთი რომ ვარ, იმიტომ გეგუები.

— ავანთოთ ჩირაღდანი, დავხედოთ საფლავს, წუხანდელი სიზმარი არ მასვენებს.

— მიწას ვინ გაქცევია, რეზოია უბედურო, ბაბუაშენი რომ ამოფრინდეს.

— არ გეშინია? — მკითხა ისევ დაეჭვებით.

— მაშინ წინ შენ წადი, — მითხრა და ამედევნა.

ცაცხვებით დაბურული სასაფლაო ბნელეთად ქცეულიყო. საცალფეხო ბილიკით  საფლავამდე ძლივს მივლასლასდით.

— რეზოია! — იყვირა უცებ შეშლილივით ალფეზიამ.

— რა იყო, შე რეგვენო?

— მე წავალ წინ, მეშინია, ვინმე რომ მომეპაროს...

— კი, ბატონო, ეგრე იყოს. — დავეთანხმე, წინ გავიგდე.

— ჩუ, კივის ვიღაცა — გაილურსა.

ჭოტი იყო, სასაფლაოს ერთგული დარაჯი.

— შევცდი, არ უნდა წამოგყოლოდი, — მოიჯავრა, — აღარ გაგეზავნები თალიკოსთან. — არც შენს წერილებს მივუტან და იმ კიკინებსაც ღერაღერა დავაცლი, — თქვა გაბრაზებულმა. 

— მშიშარა რომ ვარ, არ უთხრა, თორემ კუბოს ამბავს მოვუყვები. — გამაფრთხილა.

*

— მარტო რომ ხარ, არც მაგის გეშინია? — მკითხა ალფეზიამ, როცა სახლში შევედით.

— ჩემს სახლში რისი უნდა მეშინოდეს! — გავიკვირვე.

— საშიშია ღამე, — თქვა და გააჟრჟოლა.

— ძაღლი მყავს, კარებს ვკეტავ, — ვნახე გამოსავალი.

— ღამე ყველგან მიძვრება, კარი და ფანჯარა რას გიშველის. ცალყურა ძაღლის იმედით შორს ვერ წახვალ.

— აბა, რა ვქნა, მირჩიე, — ვთხოვე და თვალებში მორჩილად შევაცქერდი.

სიტყვა „რჩევა“ ესიამოვნა. ჭკვიანური გამომეტყველება მიიღო, დოინჯი გაიკეთა — თალიკო რომ წამოგყვებოდეს, გეშველება, — ნახა გმოსავალი.

— ვითომ თალიკო შეაშინებს ზამთრის ღამეებს? — გავიკვირვე.

— თალიკო თუ დაითრიე, აღარ გექნება სიბნელე.

— კი, მაგრამ თალიკო ლამფაა თუ ბუხარი?

— ერთიცაა და მეორეც. ესეც არ იყოს, დამლაპარაკებელი გაგიჩნდება. დამაბარე რაცხა, მივალ, ვინახულებ, შევაცოდებ შენს თავს, ავუჩუყებ გულს.

— რა დაგაბარო, შე რეგვენო?

— რომ გიყვარს, ის დამაბარე.

— სიყვარულის დაბარება ვის გაუგონია...

— რომ გამოჩერჩეტდეს და მართლა წამოგყვეს, წესიერი სასწორი გაქვს?

— ბიჭო, შე შეჩვენებულო, ქალს „კრაოტის“ მეტი არაფერი უნდა?

— სულ არაფერი არ გაქვს? — ეშმაკურად გაიღმიჭა ალფეზა, — ყველაფერი გაჩნდება, ნუ გეშინია, — დამამშვიდა და გაიძურწა.

კარგა ხნის შეღამებული იყო, ძაღლმა რომ დაიყეფა, შეუღრინა ვიღაცას, მერე ყეფა–ღრენა წკმუტუნით შეცვალა, ბოლოს სულ მიჩუმდა და ფეხის ხმაც გავიგონე.

მოდი, ნუ გრცხვენია, ვიღაცას ეპატიჟებოდა ალფეზა. კარი გამოვაღე.

თალიკო იდგა თავდახრილი, ნაწნავებს ნერვიულად აწვალებდა უხერხულობისაგან, რა ექნა, არ იცოდა. ღია კარიდან შეგებებული შუქი სახეში ანათებდა და თავის აწევს საშუალებას არ აძლევდა.

— შემოდი, — ვთქვი დაბნეულმა.

— ვარ სიტყვის პატრონი თუ არა! — თოვლიან ჩექმებს იბერტყავდა ალფეზა.

— ღამის არ გეშინია? — ჰკითხა თალიკოს, როცა „საქმეს“ მორჩა.

— თქვენთან რისი უნდა მეშინოდეს, — ჩაეცინა თალიკოს.

— მე რომ წავალ და რეზოიასთან მარტო დაგტოვებ, არც იმის გეშინია? — გაიჭყანა ალფეზა.

— თქვენ ჩემს შესაშინებლად გაჩნდით? — გადაიკისკისა თალიკომ, ბუხართან სკამი მიაჩოჩა, ჩამოჯდა, ცეცხლს მიეფიცხა. 

— როგორ შემოგიტყუა? — დავინტერესდი.

— რეზოსთან მივდივარ, ღამე სიარული მიჭირს, წამყევიო, — მთხოვა.

— ნუ მოუკალი გოგო მაგ ბიჭს გული, სიმართლე უთხარი! — გაუწყრა ალფეზა.

თალიკომ ოთახი მიათვალ–მოათვალიერა, ცეცხლს ნაფოტები შეამატა, ბუხარი ააგუზგუზა.

— შენც გიყვარს სითბო? — გულუბრყვილოდ ჰკითხა ალფეზამ.

— სითბო ვის არ უყვარს, ისიც ზამთარში, — შეიცხადა თალიკომ.

— ჰოდა, მაგ ცეცხლი რომ ჩაქრება, ჩაეკარით ერთმანეთს და უფრო გათბებით, — დაგვარიგა.

— შენ რომ არ გვყავდე, რაღა გვეშველება, — გამოვაჯავრე, ბუხრის წინ მიყუჟული წიწილი ავიყვანე, გავუწოდე.

— მაგი ჩემი საქორწილო საჩუქარია, რეზოია, — მითხრა შეურაცხყოფილმა.

— მჩუქნი?

— თალიკო დაქალდება, წიწილი დადედლდება, გამრავლდებით, — გადაიხარხარა ალფეზამ, უკან დაიხია, კარი გამოაღო, სიბნელემ შეაშინა.

— დარჩი ჩვენთან, — შეეხვეწა თალიკო.

— ყველგან ზედმეტი ვარ, — ამოიხვნეშა ალფეზამ.

ძაღლის გაუთავებელმა ყეფამ გაგვახედა გარეთ.

ჭიშკრის წინ ვიღაცეები მიდი–მოდიოდნენ, ეზოში ჩამოსვლას ვერ ბედავდნენ.

— ჭინკები იქნებიან, — შეიშმუშნა ალფეზა.

— ჭინკები კი არა, ჩემები არიან, — თქვა თალიკომ.

გავეგებეთ.

— აქ რა გინდა, ამ შუაღამით, შე არგასაზრდელო! — დაუცაცხანა თალიკოს დედამისმა, ამხედ–დამხედა, — რამოდენა მუტრუკი გაზრდილაო, ჩაილაპარაკა.

— რა გინდა აქ, თქვი, რა გინდა! — ერთსადაიმავეს იმეორებდა თალიკოს მამა.

ერთმანეთის გამონაცვალში გამოკოხტავებული, თმებდალოკონებული თალიკოს დები ხმას არ იღებდნენ.

— გავთხოვდი მე, — მშვიდად თქვა თალიკომ.

— რა ქენი?! — ლოყაზე ხელი შემოიკრა თალიკოს დედამ, სმენა ხომ არ მატყუებსო, თავსაფარი შეისწორ–შეიკეცა, ყურები გამოაჩინა.

— გავთხოვდი! — კიდევ უფრო მშვიდად თქვა თალიკომ.

— გათხოვილა, — წაიჩურჩულა ყველაზე ნაბოლარამ, რიგი დაარღვია, წინ გადმოინაცვლა და თალიკოს მიეხუტა.

— გაიმეორე, მამა, შვილო, რა თქვი?! — ამოილუღლუღა ნირწამხდარმა ღურწკაიამ, თალიკოს კიკინები ტორებში მოიქცია, დაქაჩა.

— ორჯერ ხომ ვთქვი, — პასუხი დაამადლა თალიკომ.

— ბიჭო, რეზოია, სიძეობას თუ მიპირებდი, არ უნდა მცოდნოდა? მწყრალად გადმომხედა სასიმამრომ.

— ჩვიდმეტი წელი ვეფოფინე მაგ არდასარჩენს, კითხვის ღირსი აღარ ვიყავით? — გაიტკაცუნა ლოყაზე ხელი თალიკოს დედამ, გაიტკაცუნა ზომიერად, უმტკივნეულოდ.

— მასე რომ გაგვეპაროს თამუნაც, რაღა გვეშველება, — იკითხა ნაბოლარამ, უფროსი დისგან მზერა მომდევნო დაზე გადაიტანა. თამუნა აპილპილდა, თავი ჩაქინდრა.

— კი არ გწუნობთ, მაგრამ... — სათქმელი აღარ დაამთავრა ღურწკაიამ, — ღვინო გაქვს, ჩემო სიძე? — იკითხა.

— ნახევარ სოფელს დავათრობთ, თუ დაგვჭირდა, — წაიტრაბახა ალფეზამ, გაძვრა–გამოძვრა, ტაბლა შემოიტანა, ქალებიც წაეხმარნენ, ბუხრის წინ მიიჩოჩეს ჯორკოები.

ღურწკაიამ ღვინო ჩამოასხა, მოწრუპა, დააგემოვნა, ესიამოვნა, ჭიქა ბოლომდე დასცალა, კაი რამეაო, — შეაფასა.

— მელიტონის დაყენებულია, ბაბუაჩემის, კუმპალ–კუმპალაა დაწურული, — ვთქვი მე.

— ერთი მამალი გვყავს და ერთი გასაზრდელი წიწილა, თუ მოუვლის ჩვენი რძალი, კაი დედალი დადგება, — თქვა ალფეზამ, ბუხრის წინ დაყუჟული წიწილი აიყვანა, ხელისგულზე დაისვა, ააწიაქა.

— ძროხაც გვყავს, ე, დააყურეთ, ზმუა ქართაში, — თავი მოვაწონე.

— ერთ დღეს არ აშენებულა ქვეყანა, ყველაფერს მოვესწრებით, — წაიჩურჩულა კედელზე მხრებით მიყრდნობილმა თალიკომ.

— რეზოია, ძამიკო, მოგჭამა ჭირი სიზმრებმა და მელიტონა ბაბუას მოლანდებებმა, — გაიჭყანა ალფეზა.

— დაასხი, მელიტონის შესანდობარი ვთქვათ, — ფეხზე წამოიმართა ღურწკაია.

*

ადგებოდნენ, დაჯდებოდნენ, ჭიქებს ცლიდნენ და ერთმანეთს მოგონებებში ეცილებოდნენ. მკვდარი და ცოცხალი, გასახსენებელი და მოსაფერებელი ბლომად ჰყავდათ, ნელ–ნელა იცლებოდა ტუჩმოტეხილი დოქი, ბუხრიდან კარისკენ მოჩოჩავდნენ, ნამეტანი დაცხაო, ერთმანეთს არწმუნებდნენ.

ალიონზე სათითაოდ გაიკრიფნენ ეზოდან.

წინ ნაბოლარა, უკან ლოკონებგაბანტული, შუათანა დები, იმათ უკან ღურწკაია ცოლით, გამოსამშვიდობებლად გამოდევნებული ცალყურა ნაგაზით.

ალფეზა და რეზო ჭიშკართან იდგნენ.

თალიკოს რაღაცაზე გული წყდებოდა და თვალზე მომდგარი ცრემლით თოვლიან რიჟრაჟს აბუნდოვნებდა.

скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge