გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

სანდრო ბერიძე - ლექსები


რა უნდა გითხრა...
..


რა უნდა გითხრა
რახანია ლექსებს აღარ ვწერ,
ფასოლასი-მდე ოქტავაში მოკვდა დორემი.
დაღამებამდე
ნაადრევად რომ არ დაღამდეს,
შენი მაღალი ქუსლის კაკუნს უსმენს ბათუმი.

რა უნდა გითხრა...
ქარიტების გაცვდა გრაცია,
ასე მგონია,შენ თუ მოკლავ სიკვდილს პუანტით.
დრომ სურვილების მოახდინა კონსერვაცია,
ჩამარხა ჩემში
მკვდრადშობილი ნეგოციანტი.

რა უნდა გითხრა...
ახლა წესრიგს ჰქვია ქაოსი,
მე-არქაულიშევეჩვიე ახალ ანტურაჟს.
დავხეტიალობ
ინტერნეტის სასაფლაოზე,
სადაც მარხია ყველა დროის ლიტერატურა.

რა უნდა გითხრა...
გუგუნია ყალბი ოდების,
თავზე დამყურებს მოთმინება
ჯვარცმის ძელივით.
მიდის პროცესი მეგობართა გამეკობრების,
ამდენი ფარსი ისევ მამხობს კართაგენივით.

რა უნდა გითხრა...
ძველი ჩუსტით ცეკვავს მოდერნი,
სახვალიეთოდ მიღმიეთი ვერ მოვისარკე.
რის მაქნისია
ცალფა გზა ან გზაჯვარედინი,
როცა ყველა გზას აწერიაარყოფნისაკენ!

რა უნდა გითხრა...
მარტოობის გავხდი კელია,
ჩემს სიქათქათეს რახანია ჰქვია შავეთი.
სიკვდილ-სიცოცხლის
კარნავალზე არ მიმელიან,
მე სამოთხიდან ჯოჯოხეთში თვითონ წავედი.

რა უნდა გითხრა...
უკვდავებაც სიკვდილით მოკვდა,
სიხარულების
გაიჩეხა ხშირი ტყე-ტევრი.
აქრახანიაბედნიერი ღმერთი გაკოტრდა,
უბედურება-ერთადერთი დამრჩა შედევრი.

რა უნდა გითხრა....
ღმეთი დამრჩა დასადაფნავი,
დრომ ხელში
ქაცვი მომაჩეჩაპალმის ტოტივით.
გადაუგზავნელ
მეილებში დავასაფლავე
ჩემი ყველაზე საყვარელი ლაიტმოტივი.

რა უნდა გითხრა...
ნაყარია გამჩენთან წილი,
ბედმა სასჯელად ეს ცხოვრება მომიჯანდაბა.
ისეროგორც სხვებს,
მეც ამ ბორკილს ამხსნის სიკვდილი,
რა უნდა გითხრა...
გეტყვი...
თუმცა...
რა გითხრააბა?!...


მახსოვს

დასრულდა შიში, გაზავდა ელდა...
მე მახსოვს, როგორ კვდებოდა დედა.

მახსოვს, წვეთივით დამცრობილ იმედს,
სრესდა არყოფნა-მიწაზე მძიმე.

იფოთლებოდა ლოცვათა ტევრი
და შავი ფიქრი-სივრცეზე ბევრი.

მე მახსოვს, მუნჯი ტირილის ჩრდილში,
მშრალი ცრემლი და გამქრალი შიში.

მარადიული და ერთადერთი,
მე ისიც მახსოვს, არ იყო ღმერთი.

არ იყო ვინმე, არ იყო რამე,
არ იყო დღე და არ იყო ღამე.

მკვლელი სიკვდილის ვერ გამრიყავი,
მე ვიყავი და...
მე ქვა ვიყავი.

მე მახსოვს და მე მემახსოვრება,
სიცარიელით სავსე ცხოვრება.

და დამრჩა სულში ორი ჭრილობა:
ტკივილობა და უტკივილობა.

მე მახსოვს, როგორ კვდებოდა დედა...




გაბნეული მეილი


ხუთია დილისისევ ზეზე ვარ,
გადაფასებულ წიგნებს ვალაგებ.
გარეთ კი თურქულ ჩილიმს ეწევა,
სიყვარულის და წყევლის ქალაქი.

დგას დაჭმუჭნილი ბოთლების მოდა,
მიდის სეზონი ბულის და ბურდის.
აქ არა მარტო ლექსი გაკოტრდა,
აქ პარნასს შარდის სუნი აუდის.

სცენას ორი გზა გულში გასჩრია,
ყრუ მდუმარება მიაქვთ კულისებს.
აზიური ტყის იდუმალ შრიალს
იჭვით უყურებს ევროპული მზე.

მინის სული აქვთ ფერებს და საგნებს,
და გულგრილობა მეფობს სრულიად.
სახლირომელშიც შენ რილკე თარგმნე,
ის სახლი უკვე დანგრეულია.

მოხანდეების მოდგა პლეადა,
ქართულ ახალუხს ირგებს თურანი.
ბათუმი უკვე ქვების ტყეა და
ბათუმი გახდა ქვების უღრანი.

გუშინწინდელზე ხვალე შორია,
უბერებელი ჟამიც შებერდა.
შენ-თბილისური გმოსავს გლორია,
მე-ბათუმური დამრჩა ლეგენდა.

აცვია ზეცას ცელოფნის ნარმა,
შეცვალა წესი უწესო წესმა.
დამქროლა ქარმადამქროლა ქარმა,
დამქროლა ქარმაუსასტიკესმა."




პირიქითა სახეები

აღმართს გადაღმა,
გზა დაღმა რომ არყოფნისკენ მიემართება,
შავი მდინარისპირა მინდორზე,
ვათვალიერებ მკვდარი წლების სასაფლაოებს
და იკბინება
მახსოვრობის ტანჭრელი გველი.

როგორც რიყის ქვა, მდინარის ფსკერზე,
ისე მარხია ძმათამკვლელ სისხლში,
ცხრაას ოთხმოცდა
თერთმეტი და ცამეტი წლის დედაქალაქი,
დედაქალაქი- წინა  სახის უკანა სახით,
დედაქალაქის პირიქითა დედაქალაქი,
ბოღმით გაბექსნილ ქუჩებით და ეზო-კარებით,
შურის უბნებით და მოედნებით,
დედაქალაქი-„გრაფობისთვის ერის დამკლელთა“,
კუდაბზიკა და ძველბიჭების დედაქალაქი,
დედაქალაქი-კლიჩკების და ოვიჩებისა,
დედაქალაქი- ქურდების და პარტკომებისა,
დედაქალაქი-სვეტების და განაბებისა,
დედაქალაქი-ქეშების და მამონებისა,
დედაქალაქი-ელიტარულ საყვარლებისა,
დედაქალაქი-პატიოსან მეძავებისა,
იმისტების და ამისტების დედაქალაქი,
ჭამის, სმისა და მონელების დედაქალაქი...
დედაქალაქი...დედა....რომელიც,
ყრუ სოფლებიდან ჩასულ სტუდენტებს,
„ჩამოთრეულის“სტატუსებს რომ უნაწილებდა,
ხან გოიმების ხარისხებით  და
ხან სუნიანთა ზედწოდებებით...
მე კი...მე...ბედის უკუღმართობით,
მე კი...მე...დროის დედინაცვლობით
და ისტორიის მამინაცვლობით,
ვით ორი ღმერთის ჯიუტ მოწაფეს,
ისე მიმზერდა და მექცეოდა,
როგორც ბავშვს,
უცხო პრიუტიდან შვილად აყვანილს,
ისე მიმზერდა და მექცეოდა,
როგორც უცხოს და საეჭვო მდგმურს,
სომხის ფაშფაშა დიასახლისი,
ისე მიმზერდა...
როგორც...როგორც...თათარს მამაო...
დედაქალაქის პირიქითა დედაქალაქში,
კოლონიური
ზეიმობდა დროის ფორმულა
და პრინციპების უპრინციპობა,
შექმნილი ყალბი ცხოვრების წესით,
რომელსაც, თითქოს, ერთი შეხედვით,
უდობლობით და იჭვის თვალით უმზერდა ყველა,
მაგრამ, რატომღაც, თვინიერი უმრავლესობა,
ერთგულ ძაღლივით გვერდში ედგა ერზაცელიტას 
და მისნაირი „სულერთია“-ს წესით ცხოვრობდა.

აღმართს გადაღმა,
გზა დაღმა რომ არყოფნისკენ მიემართება,
შავი მდინარისპირა მინდორზე,
ვათვალიერებ მკვდარი წლების სასაფლაოებს
და იკბინება
მახსოვრობის ტანჭრელი გველი.

ცხრაას ოთხმოცდა
თერთმეტი და ცამეტი  წლის საქართველოში,
ფრთებმოკვეცილ და
სულდაცხრილულ საქართველოში,
სადაც ქართველი და ქართველობა,
რომ უდრიდა და
რომ ნიშნავდა მართლმადიდებელს,
სადაც გულსგარეთ მომლოცველი და
პირჯვრის მოდურად გადამწერელი,
წითლად შეღებილ მატადორის ფეშტემალივით,
ღვთისმშობლის კალთას
დროშასავით აფრიალებდა,
ყველაზე უფრო მაძღარი და დანაყრებული
იყო დიადი საპატრიარქო,
საპატრიარქო-ძმათამკვლელ ომში,
გამზავებელი კი არა-მხარე.
საპატრიარქო-ნაირფერი უზალთუნებით,
ბადაღშებით და ბაჯაღლოებით,
ბადაგებით და ბადექონებით,
საპატრიარქო -ოქროს კვერთხით და 
საპატრიარქო-ოქროს მიტრებით,
ძვირფასი ქვით და გაცვეთილი ეპისტოლეთი,
საპატრიარქო-ალაგ-ალაგ აგენტებით და
საპატრიარქო-ალაგ-ალაგ რეზიდენტებით,
საპატრიარქო-მხედრიონელ ქვაბ-ავაზაკთა,
საპატრიარქო- უბიოგრაფო მღვდლმთავრებით და
საპატრიარქო-უწარსულო ფოფოდიებით,
საპატრიარქო ქორებითა და,
არქებითა და არქიელებით,
და კიდევ...მრევლით, გულწრფელი მრევლით,
ბრმადმორწმუნე და ამტანი მრევლით,
მრევლით, რომელსაც, კარგა ხანია,
შიმშილით ჰქონდა ხერხემალზე ჭიპი მიკრული...

პატრიარქი კი...დიადი და მარადი არქი,
ზნეობისა და მორალის თარგი,
ღვთისმოშიშთათვის დამბანგველი იყო თრიაქი.






ტანგო

დროს ხელის გულზე
სილიკონის უდევს ეპოქა,
ბირთვულ ღრუბლებში მიჭიხვინებს
ვერცხლის პეგასი.
კლასიკურ პროფილს
კლონის კლიშე გადაებოგა,
ბამბის ფიფქივით თოვს ღიმილი სტატუეტკასი.


ახლა ცელოფნის ქარში ფრიალს
ჰქვია მშვენება,
ჭორფლიანმა მზემ
მკრთალი სხივით ზეცა შებოლა.
იშვიათობა,
შენეული,
ღირს აჩემებად,
რა საჭიროა მადრიგალი ან ჰიპერბოლა...


შენ ეს სამყარო შეგიძლია
მზერით მიბანგო,
დადიხარ მოდა,
ყველა დროის სტილი რომ ერქვა.
მოდიმე და შენძველმოდური ვიცეკვოთ ტანგო,
ვიდრე ცალ-ცალკე მოგვიწევდეს
სიკვდილთან ცეკვა.


შენში ნიამორს ენაცვლება შავი ავაზა,
სინაზეს-ჯინი,
დამპყრობელის გზას რომ მიუშვი.
რადგან ცხოვრებამ
პოდიუმი შემოგთავაზა,
ნუ გეშინიაუფალია თავად ჟიურ(ი)ში.


წაიღო ოხრად
ბედისწერამ სიცოცხლის მანკო,
წასასვლელ დღეთა, (ჰორიზონტზე),
რიგი თხელდება.
მოდი,
მე და შენ,
თავხედურად ვიცეკვოთ ტანგო,
ვაჩვენოთ სიკვდილსროგორ უნდა გათავხედება.





ცალმხრივი


ხომ გთხოვე, ღმერთო,
ქვის გული მომეცი,
ძალიან მჭირდება-მეთქი.

ამ ჩემს ქალაქში,
მოყურადებულ და ყრუ ქალაქში,
სადაც მე ვცხოვრობ...
კი არ ვცხოვრობ, არამედ ვცოცხლობ,
ყველა ძირ-ძველი
და ძველ-ძირი ქალაქელია,
მე და ჩემი ტალახიანი ბათინკების გარდა.

ამ შეშლილ ტყეში,
პოეზიის და ლექსის ტყეში,
სადაც გამჩენმა
წვიმის კიბით ჩამომაძევა,
ყველა პოეტია,
მე და ჩემი გაბუტული ლექსების გარდა.

სასაფლაოზე,
ურიგო და არმიწიერ სასაფლაოზე,
გაოცებების ჯგრო რომ მარხია,
დრომ-მეკუბოვემ და მესაფლავემ,
მოგვიჯახუნა თვალწინ და ცხვირწინ,
ჟანგიანი რკინის ჭიშკარი,
მე და ჩემი თანამდევი მხრების აჩეჩვას.

ხომ გთხოვე, ღმერთო,
ქვის გული მომეცი,
ძალიან მჭირდება-მეთქი.

ჩემს ძველ მეგობრებს,
კმაყოფილ და მაძღარ მეგობრებს,
ვერ გავაცანი,
ვერ ვარწმუნე,
ვერ მოვაწონე,
იმედით ჩემი მშიერი მე და
ჩემეული მეს დიდი მარტოობა.

აქ-კულისებში,
სცენაზე და ავანსცენაზე,
გუშინწინ,
გუშინ,
დღეს
და ხვალე გამოცხადებულ,
ეთიკის ნორმად
და ცხოვრების წესადქცეულ მაჟორ-შოუზე,
როგორც უცხო და მეძველმოდური,
ახლოს კი არა, შორეთშიაც არ გაგვიკარეს,
მე-მინორი და ჩემეული ტანჯვის ზეიმი.

ამ სამყაროში,
მარადიული გარსისა და
სავალდებულო სიკვდილს გამოღმით,
ღია ცასავით ღიაა ყველგან,
გამოუსვლელი შესასვლელები-
ჩამოუსვლელი ასასვლელებით.

ხომ გთხოვე, ღმერთო,
ქვის გული მომეცი,
ძალიან მჭირდება-მეთქი.





თბილისში რომ ჩავალ...


თბილისში რომ ჩავალ...
გაშვილებული ბავშვის თვალებით,
პროვინციული მზერითა და კუშტი სიფათით,
როგორც ჯიუტი,
ჯმუხ-გაქირი
და უჯიათი,
არ მივაკითხავ მაჩაბლის 13-ს,
სადაც ბინადრობს
და განისვენებს,
საბჭოთა დროის საქ. მწერ. კავშირი,
არ მივაკითხავ კი არა და...არც გავიხედავ,
რადგან იქ, ოთარ ჭილაძის შემდეგ
პროლეტკულტელთა დროება და პათოსი ცხოვრობს.

თბილისში რომ ჩავალ...
გაოცებული რომ მოვძებნი თბილისში თბილისს,
როგორც კომბალი,
იმნაირად მომხვდება შუბლში,
ლოზუნგი:“ჩაწვდით ამერიკის სულს“.
(ნეტა , სადა აქვს
ვინ მისცა ან ვინ მიაშავა,
ან სული ანდა გული ამიგოს).
მაშინ, როდესაც ქართული სული,
მაშინ, როდესაც ქართული გული,
ქართული გონი, აზრი და ფიქრი,
როგორც დაღვრილი ვერცხლისწყალი,
ისე მიგორავს,
სამშობლოს გარდა,
ოთხივე მხარეს,
ან კიდევ, სულაც ექვსივე მხარეს.

თბილისში რომ ჩავალ...
სინანულის და სიმწრის შუა პოზით შევხედავ,
ერთ დროს
სამშობლოს ზურგზე წამომჯდარ,
გაქსუებულ და გაზულუქებულ,
მაძღარ მწერლებს და მაძღარ პოეტებს,
მაძღარ მხატვრებს და მაძღარ არტისტებს,
მაძღარ მომღერლებს და მუსიკოსებს,
ჟურნალისტებს და კომპოზიტორებს,
ე.წ. ინტელიგენტებს,
უკვე ბებრებს და ჩახჩუებულებს,
ანუ ჩაფსმულ და ჩასვრილ ელიტას,
ძილ-ღვიძილში რომ ახლაც აბოდებთ,
ნოსტალგიები ბლეყერა რუსზე.

თბილისში რომ ჩავალ...
რკინიგზის სველ და ბინძურ ბაქანზე,
ქმარ და შვილ მკვდარი,
შაოსანი მეყვავილისგან,
თავშლის ყურში რომ სოხუმი აქვს გამოკოჭილი,
და აგერ უკვე...
აგერ კი არა,
ბარემ ოცი და კიდევ ორი წელიწადია,
სამშობლომ, როგორც ძუკნას და მეძავს,
მიუჯახუნა კარები ცხვრწინ,
და ახლა თავის გადასარჩენად,
კორდზე დაკრეფილ ყვავილს რომ ყიდის,
ვიყიდი მისგან ყვავილების ფერად თაიგულს
და მოკრძალებით მასვე ვაჩუქებ.

თბილისში რომ ჩავალ...
ფეხი კი არა,
მხოლოდ ნაზი ფიქრი მიმიყვანს,
ბარათაშვილის ხიდზე გადავლით,
მარჯანიშვილის N-N ნომერში,
სადაც ამაყი ერატო ცხოვრობს,
თეთრი ლეგენდის შემქმნელი და დამამხობელი.

თბილისში რომ ჩავალ...
მთაწმინდაზე ავალ!




ჩემს გოგოს...


ჩემს გოგოს,
სამოქალაქო კოდექსებით გამოზრდილ გოგოს,
სიცილ-კისკისში
ჩამალული ცრემლი და სევდა,
როგორც წყევლა და როგორც სასჯელი,
ედემის ჭიშკარს გამომცდარმა
მარადი მაყარივით რომ გამოიყოლა,
ველური კატის მოქნილობა და
ხეზე თამამად გასული თხის თვალები ჰქონდა.


ჩემს გოგოს,
გველივით ჭკვიან და ჩურჩუტ გოგოს,
ფერად-ფერადი ეშმაკობები
და მისივე თმებივით
აბურდულ-დავარცხნილი საიდუმლოებები,
ლამაზ-ლამაზი და მსუბუქი სულელობებით
აფუებული ბალიშის ქვეშ
ბლომად ელაგა.


ჩემს გოგოს,
ღმერთის და ეშმას მარტოობით დალოცვილ გოგოს,
ეშმას და ღმერთის ცალმაგობით
დაწყევლილ გოგოს,
პოეტი-ევად გაჩენილ გოგოს,
დედოფლის ქოში ადიდასზე რომ გადაცვალა,
მეჯლისებზე თუ კარნავალებზე,
ბალ-მასკარადზე თუ პანაშვიდზე,
ყველა გოგოსგან გამორჩეულად,
ჰაიკუების მინი იუბკა და
ტრიოლეტების კოპლებიანი მაისური ეცვა.


ჩემს გოგოს,
გრძელფეხება და წელწვრილა გოგოს,,
არამქვეყნიურს და მიწიონელს,
ქალღმერთისა და მეძავის ნაზავს,
დაცინვასა და ღიმილს შუა დაბანაკებულს,
მსხვრევად ცრემლსა და ღალატთან ერთად,
ჰქონდა ბავშვივით ნეკის თითები,
ცხრამაგხაზიანი ხელის გულები
და სხვა სურნელით გაჟღენთილი იღლიის ოფლი.


ჩემს გოგოს,
რომანტიულ და პრაგმატულ გოგოს,
სიყვარულივით საძაგელ გოგოს,
ერთგულებით და ცბიერებით შეკაზმულ გოგოს,
როგორც ჩანთაში ტუალეტი და კოსმეტიკა,
საფულის მეცხრე ჯიბეში ეწყო,
განცდამსჯელობა და ემოცია.


ჩემს გოგოს,
შვიდი მარტივით ბუტია და ფოი-ფოი გოგოს,
მშვენიერებამისჯილობით თავმობეზრებულს,
ლამაზ შტერს,
მაგრამ მბრძანებელს და გამაშტერებელს,
მეგვირაბედ და ცის კიბედ რომ გამომიყენა,
მე რომ თავკერძა მესაკუთრის ჟინით მიყვარდა,
მას სეზონური ერთგულების ჯიბრით ვუყვარდი.


ჩემს გოგოს,
ყველა დროის და
ყველა სივრცის ბინადარ გოგოს...






*   *   *

ყველა სიმღერა იყო-სიყვარულზე,

ყველა ღიმილი იყო-სიყვარულზე,

ყველა ტირილი იყო-სიყვარულზე,

სიყვარული კი,

უჩინო და უფრთო ქარივით,

იყო ყველგან და არ იყო არსად.


ყველა გაბუტვა იყო-სიცოცხლისთვის,

ყველა დარჩენა იყო-სიცოცხლისთვის,

ყველა სიკვდილი იყო-სიცოცხლისთვის,

ხოლო სიცოცხლე,

ცალფრთიანი გამჩენის ჩიტი,

შეცდომით მეჯდა მარცხენა მხარზე.


ყველა ყოყმანი იყო- სიკვდილისთვის,

ყველა გაქცევა იყო-სიკვდილისთვის,

ყველა სიცოცხლე იყო-სიკვდილისთვის,

ხოლო სიკვდილი,

უხორცო და ყორნისფრთისფერი,

მეჯდა, მარცხიანს,მარჯვენა მხარზე...


და ყოფნა იყო-არყოფნისთვის,

არყოფნა იყო-ყველაფრისთვის.скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge