გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ლუკა დვალიშვილი - დიდგორი, ჩვენი უნივერსიტეტი და უნივერსიტეტელები



ვერ დავიჟინებ თუმცა მაინც დაბეჯითებით ვიტყვი, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას სურვილი და ნატვრა ექნება იმისა, რომ უშუალოდ ნახოს  იგრძნოს და განიცადოს საქართველოს ისტორიის ბრწყინვალე ფურცლის, დიდგორის ველის სიდიადე. ოცნების თვალით ეძებოს და დაინახოს კიდეც დიდგორელი გმირების სტრატეგია-ტაქტიკის გენიალური შეხამება ადგილმდებარეობის მიკროკლიმატთან და მთაგორიანი ლანდშაფტის თავისებურებებთან. დიდგორი ყველამ უნდა ნახოს! ეგებ გაიღვიძოს, ხშირ შემთხვევაში ,,დედაბრის ნეიტრალიტეტზე“ ორიენტირებულმა ქართულმა მებრძოლმა სულმა და გენმა! ეგებ ირწმუნოს, რომ ჩვენ იმ დიდი, დიდებული დიდგორელების შთამომავლობა ვართ მსოფლიოს საქრისტიანოს რომ ეჩირაღდნა და, თუ სულ ,,ძილი ძილის“ ბანგიდან გამოვალთ მაშინ ვეზიარებით იმ ბრძნულ ქართულ ხალხურ შეგონებას: ,,ვისაც მოუკლავს ის მოკლავს ირემსა მაღალ მთისასა.“        იქნებ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით მდებარე ჩვენსავით მრავალტანჯული ერის ისტორია ვიმაგალითოთ შავი ზღვის აღმოსავლეთით მდებარე ასევე მრავალტანჯული ერის შვილებმა და, ,,მთლად დიდებს“ თუ არა პატარებს მაინც წავუხდინოთ მკვლელობების, მოტაცება-გატაცების სურვილი. თუ არადა გამოჩნდება ახალი გურამიშვილი და გულამოსკვნით ამოიტირებს იმ მწარე რეალობას: ,,დადედლებული შიშისგან აღარ ვარგოდნენ მამალადაო.“ ზემოთ ნახსენები ,,ირემის მოკვლა“ რაღა სახსენებელია, როცა საერთო შვილიშვილის დროშის ქვეშ შეძმობილებულმა ქართველთა და ყივჩაყთა დაუმარცხებელმა რაზმებმა, ჯვაროსანთა სიმბოლური დახმარების ფონზე, მსოფლიოს დიდი ბრძოლების ისტორიაში დაუვიწყარი და საგულისხმო ფურცლები ჩაწერეს. როცა სამხრეთიდან მოსულ, მრავალ ბრძოლაში წარმატებით გაზულუქებულ უთვალავ მტერს,  სასიკვდილო ლახვარი ჩასცეს. ქართული მებრძოლი სულის, ქართული საჭურველისა და საბრძოლო ხელოვნების დიდება,  ბევრი პირველხარისხივანი მემატიანე-ჟამთააღმწერელის კალმით მსოფლიოს ამცნეს.
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ისევე როგორც ბევრ ქართველს, მეც დიდი ხანია მინდოდა დიდგორის ნახვა. მაგრამ თითქმის ყოველთვის,  ბოლო წუთებში, მიზეზთა გამო, ეს კარგი საქმე გადაიდებოდა.  ბოლოს, 7 თუ 8 წლის უკან, ბატონმა  გიორგი მჭედლიძემ უნივერსიტეტელების ერთი ჯგუფი შეგვაგულიანა-შეგვაკავშირა, ერთი მოზრდილი სამარშუტო ავტობუსის ხალხიც თვითონ შეარჩია, ძირითადად ისტორიკოსები და ფილოლოგები, ყველაფერი ძალიან ტაქტიანად და მიზანმიმართულად. ერთი სტუდენტი ისტორიკოსიც იყო ამ ჯგუფში. მთლიანობაში ათი საუკუნის წინ ქუთაისიდან გასული დავითის ნაკვალევს მიმდევარი უნივერსიტეტელები ერთმანეთის კარგად მცნობ-მოყვარულები შევიკრიბეთ. (ყოველ შემთხვევაში ამდენი წლების მერეც მე ასე ვფიქრობ. ლ. დ). ბატონმა გიორგიმ თავის ნასარდლევ დიდებულ საქმეს გვირგვინიც დაადგა: მშობლიური ბაღდადიდან წამოღებული, სიმპათიურ საღვინე ჭურჭლით, მაცდურად მომზირალი ცოლიკაურის ვაზის ცრემლები ისაგზლა. დღესაც და ყოველთვის სასიამოვნოდ გამახსენდება ზომიერი ხუმრობა და იუმორი, იმერულ მახვილ კაპასს ფრაზას მიდევნებული გულწრფელი ღიმილი და გულიანი სიცილი. საინტერესო ისტორიული და გეოგრაფიული წიაღსვლები. ყოფილი და ახლანდელი უნივერსიტეტელების  სააუდიტორიო, საპოლიტიკო-სამეცნიერო-სამაგიდო, სააშიყო-სალაღობო და სანადირო ბატალიები. დავით ჯანელიძის ლექსებში ჩამუხტული, ჩაწნულ-ჩაორნამენტებული საუნივერსიტეტო და საქალაქო ცხოვრების მზეჩრდილიანი პასაჟები: ,,ქუთაისს ლექსით ვეჟღურტულები, აზრი რითმებით მომიქარგია, ქუთაისს მართავს ქურდული სული და ჯიბგირების ოლიგარქია.“ საოცარია როგორ გაბედა, თავის დროზე, კომუნისტების ეპოქაში, ამ დიდებულმა მეცნერმა და პიროვნებამ თავისი აზრის ასე მართლად და შეუფარავად თქმა!? მისი ავტორი იმ ეპოქაში და ამ ეპოქაშიც ხომ ყველამ იცოდა.  
...ტაროსიც სასიამოვნოდ ზომიერი აგვემგზავრა. დიდგორისკენ მიმავალ მგზავრებში, საქართველოს ისტორიული გეოგრაფიისა და ჩვენი სამშობლოს გზების უშეცდომოდ ცოდნაში ბუნებრივია ბევრმა დადო თავი და .... იქვე წააგო კიდეც...  გზა შეგვეშალა. იშვიათი გამონაკლისი - ზოგი ჭირი მარგებელიაო ასე მოხდა ახლაც. (ისე ჭირი ჭირია, მაგრამ, არცთუ იშვიათად, ლხინის მშობელ-საძიკველ-სათავეც ლ.დ.)
ბევრი მიკითხ-მოკითხვისა თუ ალალბედზე მგზავრობის შემდეგ დიდგორის ველს მაჰმადიანური სამყაროს ჯარების სიმრავლით გადიდგულებულ, ალბათ  ინდაურივით გაფხორილ, აზიური წინწილა-ნაღარა ჰანგებით საქართველოს იავარსაქმნელად წამოსული, თავარახჩნიანი მთავარსარდლის ილღაზის გზით მოვადექით. თუმცა მანამდე იყო დაუსახლებელი ველები და ტყეთა საკმაოდ დიდი კორომები.  საპირფარეშოს დასაჭიროვებულ ერთი ჩვენი ჭარმაგი და მოკრძალებული კოლეგის მიუვალი უღრანის ბოლოში ჩასვლა და მეორე კოლეგის დარიგება: უფრო ღრმად ჩასულიყო ხევში ხალხის თვალმოსაფარად, ან საპიფარეშო მოეძებნა სადმე. (ერთიც და  მეორეც სანატრელი გახდომოდა სადიდგორო გზაზე მიმავალ მარქაფას ლ. დ). ყალბი დიდაქტიკაც პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო უხერხული პროცესის გამო შეჭირვებულმა ადრესანტმა და ... კინაღამ ძვირად დაუჯდა უდაბურების უფსკრულის ნაპირის მიახლოება. აქეთ შეწუხებულ-შეშინებული მძღოლი უპერერსპექტივო მომავლს წინასწარმეტყველებს:  შეიძლება საწვავი გათავდეს და ამ ტყე-ღრეში მერე რა ვქნათო?!   მოგზაურთა ერთი ნაწილი ჩვენ მესაჭეს ,,აიმედებ-ამუნათებს“- უსაწვავო ავტობუსი რად გინდა?! ნაწილებად დავშალოთ, ვინმე გამვლელზე გავყიდოთ და იმ ფულით ეგებ მეგზური დავიქირაოთო!  ყალბი სენტენცია შეშინებული მძღოლის გაღიზიანებას იწვევს და მთელი სერიოზულობით ამბობს: ,,აგი მანქანა  გერმანიიდან ჩამევიყვანე ძმაო! 2005 წლიანია, თუმცა პასპორტში 2004 წელი დოუწერეს, ბანკის ვალი ჯერაც არ მაქვს გადახდილიო!.. გაწიწმატებული მესაჭე ძლივს დავამშვიდეთ და  დავარწმუნეთ რომ აქ შეკრებილი მგზავრებისგან მსგავსი რამ მოსალოდნელი არ იყო. ,,აბა მთელი გზა ომზე, სისხლზე, ჯარების ამოჟუჟვაზე ლაპარაკობთ და მეც ქე შევშინდიო“ მორჩილად გაგვენდო მძღოლი.
ბოლოსდაბოლოს ნატრულ დიდგორის ველს ბორჯომიდან მომავალ, ცხენოსანი მწყემსის დარიგებით მივაგენით. დიდგორმა მსუბუქი განსაცდელით აჟრიამებული უნივერსიტეტელები კარგა ხნით დაგვბანგა, დაგვამუნჯა და დაგვატყვევა. გულმოდგინედ მოვჩხრიკეთ ნადიდგორალი წინაპრების ნაფეხურ-ნაკვალევი. ბოლოს როგორც ჩვენი პროფესიის ხალხს მსგავს სიტუაციაში ჩვევია, ყველამ წარმოადგინა დიდგორის ომის შესაძლო მიმდინარეობის მისეული ,,უტყუარი ვარიანტი“. შეიქმნა დიდი კამათი და ,,ფაქტებისა და არგუმენტების ხმლებით“ ერთმანეთზე დაუნდობელი მიწევ-მოწევა. -- აზვიადებს უდავოდ მემატიანე! როგორ შეიძლება კაცო ასეთ მცირე ტერიტორიაზე  ნახევარმილიონამდე მეომარი დატეულიყო!? სადაა აქ ამის სივრცე და ადგილი!? - პოზიციას იმაგრებს მცირერიცხოვნებაში მოხვედრილი ოპოზიცია!  ბოლოს მაინც ყველა ვთანხმდებით, რომ თუ მარაკანას სტადიონზე მილიონის მეოთხედი მაყურებელი თავსდებაა მაშინ აქაურობაც თავისუფლად დაიტევდა ჟამთააღმწერელთა მიერ დასახელებულ მებრძოლთა მრავალრიცხოვან რაზმებს. მაშინდელი, ძირითადად ფიზიკურ ძალაზე დაფუძნებული საბრძოლო მანევრი, თავისთავად გულისხმობდა ელვისებური სისწრაფით, ბრძოლის სტრატეგიულ მონაკვეთში მიეღწია სარდლობას ჯარის მნიშვნელოვანი რიცხობრივი უპირატესობისთვის, რომელიც მთიდან დაქანებული თოვლის ზვავივით საბოლოო მიზანს უკვე თოვლის ზვავის კი არა მწვერვალიდან მოწყვეტილი კლდის ძალით დაარტყამდა... დიდგორიდან უკან დაბრუნებისას, ჩემი ფიქრით, თვითმარქვია მონადირეებს გადავაწყდით, რომლებმაც დაბეჯითებით გვირჩიეს რომ ქუთაისისკენ გამგზავრება ნიჩბისის ხევით ჯობდა. თქვენს ,,მაშუტკას“ არაფერი გაუჭირდებაო, დიდებული გზააო. თუმცა... ისევ სასიამოვნო და შემდეგში სასიამოვნოდ მოსაგონარი შეცდომა. ჩვენი ,,მერანი“ რამდენიმე ადგილას ნაღვარევზე გაიხიდა და უნივერსიტეტელების მიშველება დაჭირდა, მაგრამ ჩვენთვის უდიდესი სიამოვნება იყო არაჩვეულებრივი ბუნების წიაღიდან დავითის გენიალურად არჩეული საბრძოლო მარშუტისთვის მიგვექცია ყურადღება. უდუდესმა ქართულმა გენიამ, დიდგორის შემოქმედმა დიდმა დავითმა დასავლეთ საქართველოდან,  მოწამეთაბაგრატგელათში დალოცვილი, მრავალბრძოლაგამოვლილგამარჯვებული მხედრობა სწორედ ამ გზით მიიყვანა დიდგორზე. ადგიმდებარეობის ხილვამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა რაოდენ დიდი სტრატეგი, საბრძოლო ხელოვნების დიდოსტატი იყო საქართველოს გამაბრწყინებელი აღმაშენებელი. ჩემი ფიქრით მთლად პირდაპირ არ უნდა გავიგოთ დიდი მამულიშვილისა და ბრძნადმეტყველი მეისტორიის სიტყვები, როცა ის გვარწმუნებს, რომ დავითმა უკანდასახევი გზა ამოუქოლა ქართველ მებრძოლებსო. სარწმუნოა, რომ დავითმა ბრძოლის წინ მებრძოლები მართლაც გააფრთხილა, რომ უკანდასახევი გზა არ არსებობდა და ღირსების შენარჩუნების და დიდების მოპოვების გზა მხოლოდ მტერზე გამარჯვება იყო. რითაც უშიშარი და ბრძენი მეფე მართლაც მიაღწევდა სასურველ შედეგს. ზოგიერთ დაეჭვებულ- გაორჭოფებულ და  მტრის რიცხოვნების გამო შეშინებულ ზოგიერთ მხედარს გაამეომრებდა. მაგრამ დავითი რისი სტრატეგი იქნებოდა თუ საქართველოს ყოფნა-არყოფნის უზენაეს რეალობას სასწორზე დადებდა. აღმაშენებელი უდავოდ იყო მაშინდელი მსოფლიო პოლიტიკის ხილულ თუ უხილავ ლაბირინთებში რეალურად მჭვრეტი ბრძენი სარდალი, რომლის სიტყვა და საქმე ღვთიმშობლის წილხვედრი ივერიის აღმშენებლობასა და წინსვლას ემსახურებოდა. ამიტომაც მიარწია მისმა სამეფომ ასეთ სიმაღლეებსა და სივცეებს. ფაქტია რომ ნებისმიერი ორთაბრძოლის წინ, რაც არ უნდა უძლეველი ჯარის სარდალი იყოს მხედართმთავარი. მან შესაძლო მარცხზეც უნდა იფიქროს  და შესაბამისად დამარცხებული ლაშქარი ბრძოლის ველიდან  ცოცხალი ძალისა და საბრძოლო საჭურველის მცირე დანაკარგით უნდა გაიყვანოს. ამ საოცარი, ვიტყოდი თვალწარმტაცი გარემოსა და ტყეების ხილვამ ყველა დაგვარწმუნა რომ დიდმა დავითმა, მახვილგონივრულად, შორსმჭვრეტელურად და მიზანმიმართულად დასავლეთ საქართველო იზურგა, სადაც ტრადიციულად ყოველთვის მყარზე მყარი და შეურყვნელი იყო ქართული გენი. ეს რომ ასეა დრომ მალე დაადასტურა: დღეს ყველა ჩვენთაგანმა კარგად უწყის მოგვიანებით, თუ როგორი სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია, ზღვიდან ზღვამდე  ტერიტორიების მფლობელ ივერთა მეფეს, საქართველოს მომავალი დედაქალაქის გვარიანად გაურჯულებულმა მცხორემბმა  ღვთითკურთხეული ერის წინამძღოლს.
...როცა სურამის ქედიდან მართლაც ულამაზესი კოლხეთის დაბლობისკენ ვიწყეთ დაშვება, როგორც გალაკტიონი იტყოდა ,,მზე დასავლეთით ეღველფება“-ოდა ჩვენი სამშობლოს მთათა უწყვეტ ზოლს. ბატონ გიორგის თავისი ცოლიკაური სურამის ქედზე მიკიდებული, ძირულას ხეობაზე გადამდგარ კოპწია იმერულ სასაუზმეში, თავისი საქმის ხელოვან მასპინძელისთვის ჩაუბარებია.  დღემ საბოლოოდ დაუთმო ძალაუფლება მთვარე-ვარსკვლავების გამაბრწყინებელ ღამეს, როცა მდინარეზე გადაკიდებულ კლდის თავზე მოხერხებულად წამოსკუპებულ ღია ფანჩატურში, შუასაუკუნეების ქართველი გლეხის მაგიდა სკამებით გადარბაისლებულ სასაუზმეში მოვთავსდით.  უბრალო, მაგრამ პეწიანი ვახშამი. ისევ გალაკტიონი გამახსენდა. თალხ ფერებში ჩაძირული ,,ტყე ტაძარივით იყო მაღალი.“ მდინარის ხმაური, გაბუტული ბავშვივით მიყუჩებული, მოულოდნელად აცელქებული მთის ნიავი, ზომიერი, სასიამოვნო დაღლილობა, ჭიქებში აშუშხუნ-აცელქებული ,,დასვენებული“ ცოლიკაური. თამადად მრავალსათამადო ბატალიებ ღირსეულადგამოვლილი  სიყვისმომჭირნეობით, დარბაისლური მანერითა და ზომიერი იუმორით გამორჩეული ბატონი გიორგი. უნივერსიტეტელები მალე შევხალისთით. საგულისხმო, ძარღვიანი სიტყვები, გულიდან წამოსული გონებისდასტურმიცემული ფერადოვანი, ზოგჯერ პირქუში ფრაზები, ცალკეულ საკითხებზე შევკამათდით კიდეც. ბატონი გიორგი ადვილად ახერხებს ღვინისა და ახალგაზრდობის გამო აბორგებული თანამეინახეების დაზავებას. მართლაც სასიამოვნო, ზომიერად ამაღლებული სადარბაზო სჯა-ბაასი. თანამესუფრეების ერთმანეთისადმი გულწრფელ-გულშემატკივრული მიმართება...  
როცა უნივერსიტეტელების გუნდი სატრაპეზოდ ვჯდებოდით უნებლიედ ყურადღება მიიქცია,  გვერდით მაგიდასთან  მსხდომმა ოთხმა დარბაისელმა მამაკაცმა.  ნავახშმევ-დაპურებულები უკვე წასასვლელად ემზადებოდნენ. მერე ყურადღება ჩვენსკენ გადმოიტანეს და მცირე ხნით შეყოვნდნენ. მერე სულაც დასხდნენ, რაღაც შეუკვეთეს და თანაც ჩვენი მაგიდისკენ ინტერესით იხედებოდნენ. სასიამოვნო სანახავი იყო მთის მდინარით ახმაურებული, მთვარისა და ელექტრონის შუქით განათებულ ფანჩატურის ქვეშ მსხდომი, ვაჟკაცური გარეგნობის ჩვენი თანამემამულეების ცქერა. ორ მათგანს ქართველი ოფიცრის  სამხედრო ფორმა ამშვენებდა. მათი შეყოვნება კარგა ხანს გაგრძელდა... მერე ჩვენთან მოვიდნენ, ბოდიში მოიხადეს, გაგვეცნენ: გულწრფელი მადლობა გვითხრეს და დასძინეს:   როცა თქვენ მოდით ჩვენ უკვე წასვლას ვაპირებდით, მაგრამ ისე მოგვეწონა თქვენი საუბარი, პაექრობა, ხუმრობა და სადღეგრძელოები ამდენი ხანია სიამოვნებით გისმენთო. მერე უნივერსიტეტისა და ჩვენი სადღეგრძელო დალიეს, ჩვენც ვადღეგრძელეთ, ერთმანეთს გზა დავულოცეთ და ადრესების გაცვლეთ.
... სხვისა სხვამან თქვას, მაგრამ უდავოდ, დიდგორიდან მომავალი უნივერსიტეტელებისთვის  იმ ოთხი უცნობი მამაკაცის ქცევა, საუბარი და სურვილი არის უდიდესი სტიმული და რწმენა იმისა, რომ ჩვენ სასწავლებელს ძირითადში ჰყავს ისეთი აკადემიური კადრები რომლებსაც შემთხვევითი გამვლელებიც კი დიდი სიამოვნებით უსმენდნენ და მოუსმენენ, ხოლო დაინტერესებულები უდავოდ სიამოვნებაასთან ერთად შესაბამის ცოდნასაც მიიღებენ.
იმ დღეს 21-ე საუკუნის დიდგორი დიდებულად დაიწყო. ღმერთმა უკეთესობა ქნას!




скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge