გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ავთანდილ ნიკოლეიშვილი - ბაქოს ქართული დიასპორა და აკაკი წერეთელი


სამწუხაროდ, ბაქოს ქართული დიასპორის ისტორია სათანადოდ სასურველ მეცნიერულ დონეზე დღემდე არ არის შესწავლილი. არადა, როგორც ჩვენთვის ამჟამად ცნობილი მასალებიდანაც ნათლად ჩანს, XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის პირველ ნახევარში ბაქოში საკმაოდ დიდი რაოდენობით მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების მიერ იქ შექმნილმა ქართული კულტურის კერამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მშობლიურ წიაღს იძულებით მოწყვეტილ ქართველთა ეროვნული ცნობიერების შენარჩუნებისა და კიდევ უფრო მეტად განმტკიცების საქმეში.
მიუხედავად იმისა, რომ ბაქოში მცხოვრებ ქართველთა რაოდენობის შესახებ ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ მოგვეპოვება, შესაბამისი პერიოდის პრესაში გამოქვეყნებული მასალები მაინც იძლევა იმის შესაძლებლობას, მათი რიცხვი მიახლოებით რომ განვსაზღვროთ. მაგალითად, გაზეთ `ივერიის~ ინფორმაციით, XIX საუკუნის ბოლოს ბაქოში მცხოვრებ ქართველთა რაოდენობა `თითქმის შვიდას სულზე მეტი~ იქნებოდა (`ივერია,~ 1897, #128). დაახლოებით მსგავს მონაცემს გვაწვდის გაზეთ `კვალის~ 1898 წლის 44-ე ნომერში გამოქვეყნებული კორესპონდენციის ავტორიც. მისი ინფორმაციით, იმდროინდელ ბაქოში `ძე~, `შვილი~ და მეგრელის `ია~-თი დაბოლოებულ გვარებს~ `მხოლოდ სადღაც მიკრუნჩხულ კუთხეში~ თუ წააწყდებოდი.
არსებითად განსხვავებულ ცნობას გვაწოდებს ნოე ჟორდანია. მისი ვარაუდით, XIX საუკუნის ბოლოს ბაქოში მცხოვრებ ქართველთა რაოდენობა სამი ათასამდე ყოფილა (ჟორდანია, 1899, 314).
ბაქოში ჩვენი თანამემამულეების მიგრაციის პროცესი XX საუკუნის დასაწყისში იმდენად გაიზარდა, რომ იქ მცხოვრები ქართველების რიცხვმა რამდენჯერმე მოიმატა. მიუხედავად იმდროინდელ პრესაში ამასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ინფორმაციათა სხვადასხვაობისა, ამის დარწმუნებით თქმა მათზე დაყრდნობით მაინც შეიძლება. მაგალითად, `კავკაზსკი კალენდარის~ ცნობით, 1904 წლისთვის ბაქოში 3 149 ქართველი ცხოვრობდა. ალ. ნ-ძის ინფორმაციით, 1912 წლისათვის ბაქოში მცხოვრებ ქართველთა რაოდენობა 5 000-ს აღემატებოდა (`კლდე,~ 1912, #5, 12), ხოლო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების 1913 წლის ანგარიშის მიხედვით,  ბაქოელ ქართველთა რიცხვი `დიდიან-პატარიანა ექვსი-შვიდი ათას სულს არ აღემატებოდა~ (`განათლება,~ 1914, #6, 88).
ქართული კულტურის კერად ბაქოს გადაქცევა, სხვა მნიშვნელოვან გარემოებებთან ერთად, არსებითად აღმოჩნდა დაკავშირებული იმ ფაქტთან, რომ XIX საუკუნის ბოლო ათწლეულსა და XX საუკუნის პირველ ნახევარში, გარკვეული დროით, იქ ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ქართული მწერლობის ისეთი ცნობილი წარმოამდგენლები, როგორებიც იყვნენ: ი. ევდოშვილი, შ. დადიანი, ი. აგლაძე, ი. ელიაშვილი, ი. მანსვეტაშვილი და სხვები.
მათი და ბაქოში მოღვაწე სხვა ქართველ მამულიშვილთა ეროვნული ღვაწლის შეფასების დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ ისინი ამ ქალაქში არა მარტო ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო კერების შესაქმნელად და განსავითარებლად ეწეოდნენ აქტიურ საქმიანობას, არამედ  საქართველოში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს კულტურულ მოვლენებსაც ეხმაურებოდნენ სისტემატურად და ცდილობდნენ, მათაც მიეღოთ მონაწილეობა ამგვარ ღონისძიებათა აღნიშვნაში. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მათი ორგანიზებით ჩატარებული ქართველ მწერალთა და ხელოვანთა საიუბილეო ღონისძიებანი და საღამოები, რომლებსაც გარდა იქაური ქართველებისა და ბაქოში მცხოვრები სხვა ეროვნებათა წარმომადგენლებისა, საქართველოდან მიწვეული სტუმრებიც ხშირად ესწრებოდნენ ხოლმე.
ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით ფართო მასშტაბების მომცველ მოვლენად იქცა აკაკი წერეთლის შემოქმედებითი მოღვაწეობის 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილი იუბილე, რომელიც 1908 წლის 21 დეკემბერს აღინიშნა თავად მწერლის მონაწილეობით. იუბილეს მაღალ დონეზე გასამართად `ბაქოს ქართული საზოგადოების~ გამგეობამ მთელი თვით ადრე სპეციალური საორგანიზაციო კომიტეტი შექმნა და საკმაოდ დიდი მოსამზადებელი სამუშაო შეასრულა იუბილარი პოეტისთვის ღირსეული პატივის მისაგებად. 1908 წლის 23 ნოემბერს გამართული საორგანიზაციო კომიტეტის სხდომის გადაწყვეტილებით,  იუბილეზე დასასწრებად თავად პოეტის მისაპატიჟებლად ი. ელიაშვილის, მ. თაქთაქიშვილისა და ი. დადიანის შემადგენლობით სპეციალური დელეგაციაც აურჩევიათ და გაუგზავნიათ თბილისში (`დროება,~ 1908, 28 ნოემბერი).
გაზეთ `დროების~ 1908 წლის 30 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებული ინფორმაციის ავტორის ცნობით, ბაქოში არსებულმა `წიგნების გამომცემელმა ქართველთა ამხანაგობამ~ `კალამმა~ აკაკის იუბილესთვის თურმე სპეციალურად დააბეჭდვინა ცნობილ მხატვარ-აკვარელისტ გ. ფ. გრინევსკის მიერ შესრულებული პოეტის ფერადი პორტრეტი, რომელიც თავისი `ორიგინალური შინაარსითა და ხელოვნებით~ მნახველზე `ჯეროვან შთაბეჭდილებას ახდენდა.~ კორესპონდენტის ინფორმაციით, `ასლს ამ მხატვრობისას ამხანაგობა `კალამი~ საჩუქრად მიართმევდა იუბილიარს, პირი (კოპიო) კი გასასყიდად გამოვიდოდა.~ ამასთან, იუბილეს დასრულების შემდეგ `ამხანაგობას~ ამ მოვლენის ამსახველი დასურათებული კრებულის გამოცემაც ჰქონია გადაწყვეტილი.
როგორც იმდროინდელ პრესაში გამოქვეყნებული მრავალრიცხოვანი პუბლიკაციებიდან ნათლად ჩანს, ხსენებული იუბილე არა მარტო ბაქოელ ქართველთა ცხოველი ინტერესის საგნად იქცა, არამედ მთელი ჩვენი საზოგადოებისაც. აკაკი ბაქოში 19 დეკემბერს გამგზავრებულა მატარებლით და 20 დეკემბერს ჩასულა. პოეტს სადგურზე უამრავი ხალხი დახვედრია და უდიდესი აღფრთოვანებით მიგებებია.
მატარებლიდან ჩასული პოეტისთვის მგზნებარე სიტყვით მიუმართავს იქ მცხოვრებ ქართველს _ დავით ჯაფარიძეს და აკაკისადმი მთელი ქართველი ხალხის, მათ შორის ბაქოელ ქართველთა, უღრმესი სიყვარული ამ სიტყვებით გამოუხატავს: `საქართველოს თავისუფლება, საქართველოს სხვა და სხვა კუთხეების ერთობა, მთლიანობა _ აი, უმთავრესი მოტივი შენი პოეზიისა; მსხვერპლად გაქვს მისთვის შეწირული მაღალი გონება და მხურვალე გული. დაუღალავმა შრომამ, ციურმა ნიჭმა უკვე მოიტანა სასურველი ნაყოფი: როგორც წინათ, შენ ამცნე ყველას, რომ საქართველო კი არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს და გაიღვიძებსო; ისე ეხლაც შენებური შორს მჭვრეტელობით აღნიშნე მეორე დიდი მომენტი ჩვენს ისტორიაში. 7 დეკემბერს თბილისში საჯაროდ განაცხადე: იუბილეო, ჩემი შრომის ერთი ასად დაფასება ნიშანია ეროვნული გრძნობის აღძვრისა, ნიშანია გმირის ძებნის სურვილისაო. წინასწარმეტყველის სიტყვაა ამ თავმდაბალ სიტყვებში! ბაქოს ქართველები ვუერთებთ ერის მიერ შენთვის მოძღვნილ გვირგვინს ერთს ფოთოლს და უცხო ქვეყანაშიაც ამაყად გავიძახით: ვაშა ერის გამოღვიძების მგოსანს!~ (ჯაფარიძე, 1909, 2).
ბაქოს სადგურში აკაკის იმდენად ბევრი ადამიანი დახვედრია, რომ კორესპონდენტის ინფორმაციით, მისმა `დარბაზმა თურმე ყველანი ვერ დაიტია.~ საზეიმო დახვედრის ცერემონიალის გამართვის დასრულების შემდეგ აკაკი ბაქოში მცხოვრებ მის მეგობართან, ცნობილ ექიმთან და პუბლიცისტთან _ ივანე ელიაშვილთან წაუყვანიათ დასაბინავებლად.
საიუბილეო საღამოზე დასწრების მსურველთა მეტისმეტი სიმრავლის გამო კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა შექმნილა ბაქოს საკრებულო დარბაზში, სადაც საიუბილეო საღამო გაიმართა. საღამოზე დასასწრებად თურმე იმდენი ხალხი მივიდა, რომ ადგილის შოვნა ბევრმა მათგანმა ვერ მოახერხა.
როგორც აკაკი წერეთლისადმი მიძღვნილ გურამ შარაძის წიგნში _ `აკაკის იუბილე~ (2006 წ.) მრავლად წარმოდგენილი დოკუმენტური მასალებიდანაც ჩანს, პოეტის იუბილესთან დაკავშირებული საკითხები იმ პერიოდის არა მარტო ქართულმა პრესამ გააშუქა საკმაოდ ვრცლად, არამედ უცხოურმაც. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა ხსენებული იუბილეს დღეებში ბაქოში გამომავალ რუსულ და აზერბაიჯანულ ჟურნალ-გაზეთებში დასტამბული მასალები, სადაც ქართველი მწერლის შემოქმედებით და საზოგადოებრივ მოღვაწეობას აზერბაიჯანელი მოღვაწეებიც აძლევენ ძალზე მაღალ შეფასებას (ამასთან დაკავშირებით დაწვრილებით იხ: შარაძე, 2006, 182-199).
პოეტის ხსენებული იუბილე, ბუნებრივია, კიდევ უფრო ფართოდ გააშუქა იმდროინდელმა ქართულმა პრესამ. ამ მასალების მიხედვით მკითხველს შესაძლებლობა ეძლევა სრულყოფილად გაიაზროს ხსენებულ ღონისძიებასთან დაკავშირებული ყველა საგულისხმო ეპიზოდი. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა გაზეთ `ჩვენი ხმის~ 1909 წლის 1 იანვრის ნომერში გამოქვეყნებული ღალღას (ი. გრიშაშვილის განმარტებით, გრიგოლ უროტაძის ფსევდონიმია) ვრცელი წერილი _ `აკაკის იუბილეი ბაქოში,~ სადაც საკმაოდ დეტალურადაა აღწერილი საიუბილეო საღამოს მსვლელობა.
პუბლიკაციის ავტორის ინფორმაციით, იუბილარი პოეტისთვის 30-მდე დელეგატს მიუმართავს სიტყვით. ესენი ყოფილან: წარმომადგენლები ქართველ ქალთა წრისაგან, ქართველი საზოგადოებისა და ქართული დასისაგან, ბაქოს ქართველი მუშებისაგან, რკინიგზის ბუფეტების მოსამსახურეებისაგან, სომეხთა კულტურული საზოგადოებისაგან, სომეხთა კაცთმოყვარე საზოგადოებისა და მათი დასისაგან, მაჰმადიანთა კულტურული დაწესებულებების პრესისა და დასისაგან, რუსული პრესისაგან, მოლოროსთა (უკრაინელთა) და პოლონელთა კოლონიებიდან, ლატვიელთაგან, ებრაელებისგან და სხვ. პუბლიკაციის ავტორის ინფორმაციით, `მისალოც სიტყვებს აღფრთოვანებულ ტაშის ცემით ეგებებოდნენ.~
წერილში განსაკუთრებული ყურადღება აქვს მიქცეული იმ შეფასებებს, რაც არაქართველ გამომსვლელებს მიუციათ პოეტის შემოქმედებისა და მოღვაწეობისთვის. მაგალითად, უკრაინელთა წარმომადგენელს აკაკისათვის მათ ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილი ქალის ხელით ტარას შევჩენკოს სურათი გადაუცია საჩუქრად, რის გამოც პოეტს მადლობა ამ სიტყვებით გამოუხატავს: `მე სულ ახალგაზრდა ვიყავი, როცა ნატვრა ამისრულდა და შევჩენკო ვნახე. მას უკან აღარ მინახავს. დღეის იქით ჩემ კაბინეტში მეყოლება შევჩენკო. ეს სურათი სიკვდილამდე იცხოვრებს ჩემთან.~
საიუბილეო საღამოს მსვლელობა ასევე დეტალურადაა გაშუქებული გაზეთ `დროების~ 1908 წლის 25 დეკემბრის ნომერში ალელის ფსევდონიმით  გამოქვეყნებულ წერილში _ `საიუბილეო დღესასწაული ბაქოში.~ ავტორის ინფორმაციით, ბაქოს საკრებულო დარბაზს, სადაც იუბილე გაიმართა, ამშვენებდა ამ დღისთვის დახატული აკაკის დიდი სურათი. დარბაზში შესულ პოეტს ხალხი ფეხზე ადგომითა და ხანგრძლივი ოვაციით შეეგება. ქართველ მგალობელთა გუნდმა `მრავალჟამიერი~ იმღერა, ი. ელიაშვილმა კი სცენაზე აბრძანებულ იუბილარს დაფნისა და ცოცხალი ყვავილებისაგან გაკეთებული ქნარი მიართვა საჩუქრად. ა. წერეთლის შემოქმედების შესახებ მოხსენებით მ. ნასიძე გამოსულა. კორესპონდენტის ინფორმაციით, რუსულ ენაზე წარმოთქმულ თავის სიტყვაში მომხსენებელმა `დამსწრეთ მოკლედ გააცნო აკაკის ნაწარმოებების დედა აზრი.
შემდგომ დაიწყო მილოცვა. ბევრი საგრძნობელი სიტყვა წარმოითქვა. ძლიერის ტაშის ცემით მიეგებნენ მაჰმადიანთა ინტელიგენციის და მაჰმადიანთავე წ. კ. გ. საზოგადოების წარმომადგენელთა სიტყვებს,~  რომელთა წარმომთქმელთაც ქართველი პოეტის შემოქმედებითი და საზოგადოებრივი ღვაწლისათვის ასეთი შეფასება მიუციათ: `შენ ხარ სასიქადულო არა მარტო ქართველებისა, არამედ მთელი კავკასიისა. ჩამოხვედი ბაქოში, როგორც ქართველების აკაკი და ბრუნდები მაჰმადიანთა აკაკიდაცო~ (`დროება,~ 1908, 25 დეკ.). მაჰმადიანმა ორატორებმა აკაკის ისიც აუწყეს, რომ მისი ნაწარმოებები უკვე თათრულადაც ითარგმნებოდა, სკოლებში კი მისი სახელობის ხუთი სტიპენდია იყო დაწესებული.
საიუბილეო საღამოზე ადგილობრივ მაჰმადიანთა დიდი რაოდენობით მისვლასა და მათი წარმომადგენლების მიერ პოეტისთვის მიწოდებულ ზემოთ აღნიშნულ ინფორმაციას აკაკიზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია, რომ იუბილეს ბალოს, თავის სამადლობელ გამოსვლაში, მათთვის ამ სიტყვებით მიუმართავს: `თქვენი მოსვლა და მოლოცვა მახარებს, რადგან ძველად თქვენსა და ქართველებს შორის მახვილი იყო გამეფებული, ახლა კი ეს მახვილი გამოიხატება ძმობასა, ერთობასა და სიყვარულის განმტკიცებაშიო~ (`დროება,~ 1908, 25 დეკ.).
როგორც ითქვა, მაჰმადიანები გამონაკლისნი არ ყოფილან და ქართველი ხალხის დიდ ეროვნულ დღესასწაულად ქცეულ ამ გრანდიოზულ ღონისძიებაში, რომელიც ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა, სხვა ეროვნებათა დეპუტაციების მრავალრიცხოვანმა წარმომადგენლობებმაც მიიღეს აქტიური მონაწილეობა.
ამიტომ, საღამოს მსვლელობის დროსაც და საიუბილეო შეხვედრის ბოლოს წარმოთქმულ სამადლობელ სიტყვაშიც, აკაკიმ მათაც გადაუხადა განსაკუთრებული მადლობა. მაჰმადიანთა და უკრაინელთა შესახებ პოეტის მიერ გამოხატული მადლიერების შესახებ ზემოთ უკვე ვთქვით. სომეხი ხალხისადმი თავისი პატივისმცემლური დამოკიდებულება კი პოეტს ამგვარად გამოუთქვამს: `ჩვენ და ისინი მონათესავე ხალხი ვართ. ისტორია ამბობს, რომ ისინი ერთად ებრძოდნენ მათ დამთრგუნველ ძალას და ამ კავშირს უნდა მიეწეროს ის, რომ ამ პატარა ერებს აქნობამდე შეუნახავს თავისი ენა და სარწმუნოება. მართალია, ბოლო დროს ჩვენში არსებობდა ცოტაოდენი უთანხმოებები ეკონომიურ ნიადაგზე, მაგრამ მე, როგორც ქართველი, იმედს არ ვკარგავ, რომ ეს ვერ ჩამოაგდებს ჩვენს შორის სერიოზულ კონფლიქტს~ (ღალღა, 1909).
ყოველივე ზემოთქმულთან ერთად, აქ პოეტის მიერ მისდა უნებურად გამოვლენილი უყურადღებობის ერთ ფაქტზეც მინდა ვთქვა რამდენიმე სიტყვა: აკაკის თავის სამადლობელ სიტყვაში მის საპატივცემულოდ გამოსულ ორატორთა ჩამოთვლის დროს შემთხვევით ებრაელები გამორჩენია მხედველობიდან და მათ შესახებ არაფერი უთქვამს. ამ ფაქტით შეწუხებული ებრაელები დაუყოვნებლივ მისულან საიუბილეო საღამოს ერთ-ერთ ორგანიზატორთან _ ივანე ელიაშვილთან და მორიდებით უთქვამთ: `იფიქრებენ, აკაკის სძულს ებრაელებიო და მოითხოვეს შუამდგომლობა, რომ აკაკის წარმოეთქვა სიტყვა. აკაკი იმწამსვე დამთანხმდა. გარემოების ბატონ-პატრონი ჩვენ ვიყავით და ხელს ვინ შეგვიშლიდა. აიხადა ფარად და აკაკიმ წარმოთქვა ბრწყინვალე სიტყვა. ტაშის გრიალი ხშირად გაისმოდა სიტყვის მიმდინარეობის დროს და, დასასრულს ხომ მთელმა საზოგადოებამ ფეხზე ადგომით ოვაციები გაუმართა~ (მოგონებები აკაკიზე, 1990, 128).
საერთო სახალხო ეროვნულ დღესასწაულად ქცეულ აკაკის ზემოთ ხსენებული საიუბილეო საღამოს ამაღლებული განწყობილება რამდენადმე დაიძაბა მუშათა წარმომადგენლის მიერ წარმოთქმული სიტყვის შედეგად. გ. შარაძის აზრით, ეს პიროვნება ცნობილი სოციალ-დემოკრატი გრიგოლ ურატაძე იყო (შარაძე, 2006, 195). მიუხედავად პოეტისადმი აშკარად გამოხატული უდიდესი პატივისცემისა, მუშათა სახელით გამოსულმა ორატორმა იუბილარს თურმე ერთგვარი პოლემიკაც გაუმართა იმის გამო, რომ მწერლის მსოფლმხედველობრივი თვალთახედვა და მუშათა კლასის ეროვნულ-სოციალური შეხედულებანი არსებითად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან.
მეტი სიცხადისათვის გავიხსენოთ რამდენიმე ფრაგმენტი ხსენებული გამოსვლიდან. მსგავსად საიუბილეო საღამოზე გამოსული ყველა ორატორისა, ბაქოში მცხოვრებ ქართველ მუშათა ხსენებულმა წარმომადგენელმაც პოეტის მიმართ თავისი დიდი პატივისცემა გამოხატა და სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ლუკმაპურის საშოვნელად მშობელი ქვეყნიდან `ბაქოს გადახრუკულ მიდამოებში გადმორეკილი~ მისი თანამემამულეები `ჯანღონით სავსე ახალგაზრდობას” იქაურ “ჭაობებში ლევდა.~
დარბაზში მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც მუშათა სახელით გამოსულმა ორატორმა თავისი გამოსვლის დასაწყისში აკაკისათვის ნათქვამ სამადლობელ სიტყვათა წარმოთქმის შემდეგ პოეტს ფაქტობრივად პოლემიკა გაუმართა მათ კლასობრივ პრინციპებს შორის არსებულ რადიკალურ განსხვავებათა გამო; კერძოდ, განაცხადა: `თქვენი მსოფლმხედველობა არ ეთანხმება ჩვენსას... ჩვენს გულში წყენას იწვევდა ხალხის ზოგიერთი საგნის ცალმხრივათ, დამახინჯებულათ დახასიათება თქვენ მიერ. როდესაც ქართველმა მუშებმა ცხოვრებაში პირისპირ გაიცვნეს სხვა ეროვნებები, მათ ნახეს, რომ თქვენგან დახატული ტიპები, დრამატიულ თუ პუბლიცისტურ ნაწარმოებებში, მართლა არსებობენ, მაგრამ ისინი არ შეადგენდა ნაჩვენებ ერების საერთო კუთვნილებას, როგორც თქვენ ხატავდით, არამედ იყვნენ და არიან კერძო საკუთრება განსაზღვრულ კლასის, წოდების ან ჯგუფის. ნაჩვენებ ერის პროლეტარიატი კი ნახეს ისეთივე გაყვლეფილი, დაჩაგრული, როგორც თითონ. გვწყინდა, რომ დავრჩით მოტყუებული მგოსნისაგან, თორემ სხვისი ნაწარმოები რომ ყოფილიყო და არა აკაკის, მაშინ არც გავიხსენებდით.
მეორე საწყენი შეგვხვდა მესამე დასელთა შესახებ... თქვენ, დიდებულო მგოსანო, არა თუ არ მოიწონეთ ახალი მოძღვრება, არამედ მის მატარებლებზე სთქვით: მესამე დასელები თუმცა გულწრფელები, მაგრამ შემცდარი ხალხია და ეს იმიტომ, რომ ისინი არიან უსწავლელი, განუვითარებელი ხალხი, არ იცნობენ თვით იმ მოძღვრებას, რასაც ეყრდნობიან და რაც ავტორმაც უარჰყოო~ (`ჩვენი ხმა,~ 1909, 3 იანვარი).
ორატორის თქმით, ამას კი ის შედეგი მოჰყვა, რომ ქართველ მუშათა ერთი ნაწილი აკაკის ამ შეფასებას ენდო და მესამედასელებს თავიდან არ მიემხრო, თუმცა ცხოვრებამ ისინი შემდგომში მაინც მიიყვანა მათთან.
მიუხედავად ამგვარი პოლემიკისა, რაც, ბუნებრივია, უდიდეს ეროვნულ დღესასწაულად ქცეული საიუბილეო ღონისძიებისათვის სრულიად შეუფერებელ მოვლენას წარმოადგენდა, თავისი გამოსვლის ბოლოს მუშათა წარმომადგენელმა პოეტს კიდევ ერთხელ უთხრა მადლობა მისი მოღვაწეობისათვის და განაცხადა: `არ იფიქროთ, დიდებულო მგოსანო, არც თქვენ და არც თქვენმა თაყვანის მცემლებმა, თითქო ყველა ეს, რასაც აქ ვამბობთ _ გვწყინდა თქო, რამეს აკლებდეს ჩვენს გულში თქვენს სიყვარულს და პატივს. პირიქით, ჩვენ ვამბობთ ყველაფერს პირდაპირ იმიტომ, რომ პატივს გცემთ. მუშებს თქვენ წარმოუდგენიხართ მთვარეთ და არ უნდათ ამ მათ საწილო მთვარეზე დაიბუდოს შავმა წერტილებმა.~
როგორც გაზეთ `ჩვენი ხმის~ საანალიზო პუბლიკაციიდანაც და სხვა მასალებიდანაც ვგებულობთ, მუშათა წარმომადგენლის მიერ პოეტისათვის ნათქვამ საყვედურს დარბაზის აღშფოთება გამოუწვევია და ხმაური მოჰყოლია, მაგრამ თავად აკაკის თხოვნით ორატორისთვის სიტყვის დასრულების საშუალება მაინც მიუციათ.
მუშათა წარმომადგენლის მიერ გამოთქმული ზემოთ აღნიშნულ შენიშვნებს პოეტმა პასუხი საიუბილეო საღამოს ბოლოს წარმოთქმულ თავის სამადლობელ სიტყვაში გასცა. ხსენებული სიტყვის ეს ნაწილი უაღრესად საინტერესო იმ თვალსაზრისითაცაა, რომ აკაკიმ არა მარტო ზოგადად უარყო მის მიმართ ყოვლად უსაფუძვლოდ წაყენებული ბრალდებანი, არამედ იმ მხრივაც, რომ კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი კრიტიკულ-ნეგატიური დამოკიდებულება ცხოვრების ასპარეზზე იმხანად ფართოდ აღზევებული სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის ქართველი ლიდერების ფსევდოინტერნაციონალისტური იდეებისადმი.
ნათქვამის ნათელსაყოფად გავიხსენოთ ფრაგმენტი ხსენებული სიტყვიდან: `მე ჩემი აზრი მაქვს და ვერ შევცვლი მას, ვერ დავანებებ თავს ნაციონალისტობას... აქ ერთმა დეპუტატმა, ბ. ხატისოვმა მითხრა, რომ `დადგება დიდებული დრო, როცა აღარ იქნება არც ქართველი, არც სომეხი, არც მაჰმადიანი, არც რუსი და სხვა, არამედ იქნება ერთი დიდი კაცობრიობა, აგებული ძმობა ერთობა-სიყვარულზე და თანასწორობაზეო~. რა მშვენიერი სიტყვებია. ვინ დაიწუნებს ამას! მაგრამ ასე ადვილად არ მოხერხდება. თვით ბუნება არაა ერთფეროვანი. ის სხვადასხვანაირია და ამის მიხედვით სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ერებიც სხვადასხვა ხასიათის და ზნე-ჩვეულებებისაა, რაც აძნელებს მათ გაერთიანებას. ჩემი აზრით, ჯერ საჭიროა თვით ერი შეერთდეს ცალკე, ერთ მთელად და მერე შეიძლება სხვა ერებთან გაერთიანებაზე ფიქრი თავიანთი ეროვნების დაცვით~ (წერეთელი, 1961, 344).
ასე დასრულდა დიდ სახალხო ზეიმად ქცეული ეს გრანდიოზული საიუბილეო საღამო. დამსწრეთა ერთსულოვანი შეფასებით, `საზოგადოების დღესასწაულმა ძალიან აღფრთოვანებით ჩაიარა და ხალხიც დიდათ ნასიამოვნები დარჩა~ (ღალღა, 1909).
ყოველივე ზემოთქმულთან ერთად აქ ერთ მნიშვნელოვან დეტალსაც მინდა მივაპყრო მკითხველის ყურადღება: იმხანად ბაქოში მყოფ ქართული კინოს მესაძირკვლეს _ ვასილ ამაშუკელს აკაკის ზემოთ აღნიშნული იუბილეს კინოფირზე გადაღებაც ჰქონია გადაწყვეტილი, მაგრამ იმის გამო, რომ საამისოდ საჭირო კინოფირებისა და სხვა მასალების შოვნა ვერ შეძლო, ამის გაკეთება ვერ მოახერხა (დოლიძე, 2012, 24).
1908 წლის საიუბილეო საღამოს გამართვის შემდეგ ა. წერეთელი ბაქოში მეორედ 1912 წელსაც იმყოფებოდა მისი მეგობრის _ ივანე ელიაშვილის მიწვევით. აი, რას წერს პოეტთან მაშინდელი შეხვედრის შესახებ იმხანად ბაქოს ქართულ თეატრში მოღვაწე მსახიობი და რეჟისორი ნიკო გვარაძე: 1912 წლის პირველ აპრილს ბაქოს თეატრში ახალი სეზონის გახსნა აკაკის `პატარა კახის~ დადგმით გადაუწყვეტიათ. წარმოდგენის გამართვის წინა დღეს დასის წევრებს სრულიად მოულოდნელად შეუტყვიათ, რომ ბაქოში თავად მწერალი ყოფილა სტუმრად ჩამობრძანებული და სპექტაკლს ისიც დაესწრებოდა. ეს ამბავი მთელ ქალაქში გახმაურებულა და `დილის რეპეტიციაზე თეატრში აუარებელმა ქართველობამ მოიყარა თავი. ჯერ უნდოდათ გაეგოთ, მართლა ჩამოვიდა აკაკი ბაქოში თუ არა, და მერე კიდევ ბილეთი ეშოვნათ.
ბაქოელ ქართველ ახალგაზრდებს, რომლებიც ბაქოში იყვნენ დაბადებულნი, აკაკი არ ენახათ. ამიტომ ყველანი დაინტერესებულნი იყვნენ, რომ თავისი თვალით ენახათ საყვარელი პოეტი. წარმოდგენის დღეს აბაზიან ბილეთში სიამოვნებით აძლევდნენ ხუთ მანეთს, ოღონდ როგორმე ეშოვნათ. მოახლოვდა წარმოდგენის დაწყების დროც. ჩვენი პატარა თეატრის დარბაზი ისე იყო გაჭედილი, ნემსი არ ჩავარდებოდა. წარმოდგენას არ ვიწყებთ, ვუცდით აკაკის მოსვლას. არ გასულა დიდი ხანი და სცენაზე შეგვატყობინეს, აკაკი სახლიდან წამოიყვანეს და პიესის დასაწყებად მზად იყავითო. ყველა გულისფანცქალით მოველით აკაკის დარბაზში შემოსვლას. აი, ჩვენი გამგეობის წევრებმა შემოიყვანეს აკაკი დარბაზში. იგრიალა ტაშმა. ყველანი ფეხზე დგებიან. ტაშისცემას და აღტაცებას დასასრული არა აქვს~ (გვარაძე, 1949, 175).
სპექტაკლის ნახვით აღფრთოვანებულ აკაკის მადლობა სცენიდან გადაუხდია და რამდენიმე ლექსიც წაუკითხავს. საყვარელ პოეტთან მოულოდნელი შეხვედრით ხალხი იმდენად ყოფილა აღტაცებული,  რომ დაშლა და შინ წასვლა არავის უნდოდა. ბოლოს ქუჩაში გამოსული პოეტი ახალგაზრდებს ხელში აუყვანიათ, ქუჩაში `ვაშას~ ძახილით გაუყვანიათ და ტაშისცემით გაუცილებიათ შინ.
აღნიშნული შეხვედრა არც იმდროინდელ ქართულ პრესას დაუტოვებია უყურადღებოდ. მაგალითად, `სახალხო გაზეთი~ 1912 წლის 5 აპრილის ნომერში ამასთან დაკავშირებით წერდა: `წარმოდგენის შემდეგ საზოგადოების თხოვნით აკაკიმ ორი ლექსი წაიკითხა. აკაკის დარბაზში შემოსვლას დამსწრენი ფეხზე ადგომით და ტაშის ცემით მიეგებნენ. ლექსების წაკითხვის შემდეგ ხომ მთელი ოვაცია გაუმართეს. სცენიდან ჩამოსვლისთანავე დასტაცეს ხელი და ისე გაიყვანეს გარეთ.~
ასეთი პატივისცემასა და სიყვარულს ბაქოელი ქართველები აკაკისადმი არა მარტო მის სიცოცხლეში გამოხატავდნენ, არამედ სიკვდილის შემდეგაც. მაგალითად, როგორც შესაბამისი პერიოდის პრესაში გამოქვეყნებული ინფორმაციებით ვგებულობთ, პოეტის გარდაცვალებით დამწუხრებულ იქაურ ჩვენს თანამემამულეებს მის დაკრძალვაში მონაწილეობის მისაღებად სპეციალური დეპუტაცია წარმოუგზავნიათ ი. დადიანის, ბ. ჯაყელის, კვიტაშვილისა და ს. ჭანტურიშვილის შემადგენლობით (`თეატრი და ცხოვრება,~ 1915, #6, 16).
ვანო ჯუღელი კი გულისაბას ფსევდონიმით ჟურნალ `თეატრი და ცხოვრების~ 1915 წლის მე-17 ნომერში გამოქვეყნებულ წერილში _ `აკაკის საღამო~ მკითხველს დიდი პოეტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბაქოელი ქართველების მიერ იმ წლის 11 აპრილს გამართული ხალხმრავალი ღონისძიების შესახებ მოუთხრობს საკმაოდ ვრცლად.
გარდა ბაქოში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისა, აღნიშნულ ღონისძიებაში თბილისიდან მიწვეულ სტუმრებსაც მიუღიათ მონაწილეობა. მათ შორის ყოფილა პოეტი ვარლამ რუხაძე. სამი განყოფილებისაგან შემდგარი ღონისძიების პირველი ნაწილი აკაკისადმი მიძღვნილ მოხსენებებს დათმობია, მეორე განყოფილება _ პოეტის პიესის _ `პატარა კახის~ ინსცენირებას, მესამე განყოფილება კი აკაკის ლექსებსა და მხატვრულ ნომრებს. ავტორის ინფორმაციით, საღამოს, რომელსაც დიდძალი ხალხი დაესწრო და ყოველგვარ `მოლოდინს გადააჭარბა,~ განსაკუთრებულ ემოციურ მუხტს თურმე ის ფაქტიც სძენდა, რომ სცენაზე `აკაკის პოზაში ცოცხალი სურათიც~ იდგა.
როგორც მკითხველი წინამდებარე ნაშრომში წარმოდგენილი მასალებითაც კედევ ერთხელ დარწმუნდება, აკაკი წერეთელი არა მარტო საქართველოში იყო გარემოსილი უდიდესი სიყვარულით და სარგებლობდა საყოველთაო პატივისცემით, არამედ ჩვენი ქვეყნის გარეთაც უაღრესად პოპულარულ პიროვნებას წარმოადგენდა. სწორედ ამის ერთ-ერთ ნათელ გამოვლინებად იქცა ის განსაკუთრებული სითბო და მოწიწება, რომელიც ბაქოში გამართულ მის საიუბილეო საღამოზე გამოხატეს მის მიმართ როგორც იმხანად იქ მცხოვრებმა ქართველებმა, ისე სხვადასხვა ერის წარმომადგენლებმა.


გამოყენებული ლიტერატურა:

აკაკის იუბილეი ბაქოში. სიტყვა, თქმული აკაკის იუბილეიზე ქ. ბაქოში, 21 დეკემბერს, 1908 წელს, მუშათა წარმომადგენლისაგან, გაზ. `ჩვენი ხმა,~ 1909 წ. 3 იანვარი.
აკაკის პასუხი მუშათა წარმომადგენლის სიტყვაზე, გაზ. `ჩვენი ხმა,~ 1909 წ. 3 იანვარი.
ალელი, საიუბილეო დღესასწაული ბაქოში, `დროება,~ 1908 წ. 25 დეკემბერი.
`განათლება,~ 1914 წ. #6.
გვარაძე ნ. თეატრალური მემუარები, წიგნი I, თბ. 1949 წ.
გულისაბა, ბაქოში. აკაკის საღამო, ჟურნ. `თეატრი და ცხოვრება,~ 1915 წ. #17.
დოლიძე გ. ვასილ ამაშუკელი _ კავკასიური კინოს პიონერი, თბ. 2012 წ.
`დროება,~ 1908, 28, 30 ნოემბერი.
`თეატრი და ცხოვრება,~ 1915, #6.
`ივერია,~ 1897, #128.
`კვალი,~ 1898 წ. #44.
`კლდე,~ 1912 წ. #5.
ნიკოლეიშვილი ა. ლიტერატურული ნარკვევები, ქუთაისი, 2002 წ.
ნიკოლეიშვილი ა. ბაქოს ქართული დიასპორის ისტორიიდან, ქუთაისი, 2013 წ.
მოგონებები აკაკიზე, თბ. 1990 წ.
ჟორდანია ნ. ჩვენებური საქმიანობა. ბაქოს ქართული ბიბლიოთეკა, `კვალი,~ 1899 წ. #20.
`სახალხო გაზეთი,~ 1912 წ. 5 აპრილი.
სიტყვა დავით ჯაფარიძისა ბაქოს სადგურზე, ალმანახი `ბურჯი,~ 1909 წ. #3.
ღალღა, ბაქო. ილიას საღამო, გაზ. `ალი,~ 1908 წ. 7 ნოემბერი.
ღალღა, აკაკის იუბილეი ბაქოში, გაზ. `ჩვენი ხმა,~ 1909 წ. 1 იანვარი.
შარაძე გ. აკაკის იუბილე, თბ. 2006 წ.
წერეთელი ა. თხზ. სრული კრებული თხუთმეტ ტომად, ტ. 14, 1961 წ.

скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
თენგიზ გუმბერიძე  - ერთი გახმაურებული ლიტერატურული პოლემიკის შესახებ თენგიზ გუმბერიძე - ერთი გახმაურებული ლიტერატურული პოლემიკის შესახებ ჟურნალი / ესეისტიკა / კრიტიკა / ისტორია / სტატიები / გამოქვეყნებული იზოლდა რუსაძე - მხატვრული ნარკვევი იზოლდა რუსაძე - მხატვრული ნარკვევი ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / გამოქვეყნებული გიორგი ასათიანი - მეცნიერება და რელიგია გიორგი ასათიანი - მეცნიერება და რელიგია ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / ფილოსოფია / ფიზიკა / მეცნიერება / გამოქვეყნებული მერაბ მაღრაძე - დიმიტრი უზნაძე მეტაფიზიკური აზროვნების შესახებ მერაბ მაღრაძე - დიმიტრი უზნაძე მეტაფიზიკური აზროვნების შესახებ ჟურნალი / ფილოსოფია / ფსიქოლოგია / სტატიები / მეცნიერება / გამოქვეყნებული ავთანდილ ნიკოლეიშვილი - ლაზური სულის პოეტური გამონაშუქი. ხასან ჰელიმიში ავთანდილ ნიკოლეიშვილი - ლაზური სულის პოეტური გამონაშუქი. ხასან ჰელიმიში ჟურნალი / ესეისტიკა / ისტორია / სტატიები / მეცნიერება / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge