გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

მირიან ებანოიძე - ჰაიდეგერი და აღმოსავლური აზროვნება


ჰაიდეგერი და აღმოსავლური აზროვნება

ჰეგელი თვლიდა, რომ აღმოსავლურ ფილოსოფიაში იდეა ვერ გახდა საგნობრივი. ამ ნაკლის გამო  ნიჰილისტურად არის განწყობილი მისადმი  და მოიხსენიებს, როგორც ,,ეგრეთ წოდებული აღმოსავლური ფილოსოფია’’. რელიგიური წარმოდგენები, შიშველი ჩამონათვალები, მშრალი მსჯელობა... მისი აზრით, კონფუცის პრაქტიკული სიბრძნე ვერ მიედრება ციცერონის მორალს, რადგან იგი ვერ ამაღლდა სპეკულაციურ ფილოსოფიამდე და მხოლოდ კომენტარებს წარმოადგენს. მისივე დიდებისათვის სჯობს, რომ არ ითარგმნოსო.
ევროპულ კულტურაში აღმოსავლური კულტურით გატაცება ხშირად ან ეგზოტიკური ინტერესით შემოიფარგლება, ან  დასავლური, ფილოსოფიური პარადიგმების მეშვეობით ხდება  მისი ,,გადმოთარგმნა’’.  შოპენჰაუერს ბუდიზმი ევროპული იდეალიზმის ენაზე გადმოაქვს. სვალაკშანი (თვითნიშანი) თარგმნილი იქნა, როგორც ,,ნივთი თავისთავად’’. ი ცზინის ნუმეროლოგიითა და კომბინატორიკით აღფრთოვანებული ლაიბნიცი მას თავის ფილოსოფიას ადარებს.
ფენომენოლოგიამ, განსაკუთრებით კი ჰაიდეგერის ფილოსოფიამ (სიტყვების უკონტექსტო ეტიმოლოგიური წა-კითხვებით) გაგვათავისუფლა ევროპული მეტაფიზიკის ტყვეობისაგან, რითაც სათავე დაედო ახალ ტალღას აღმოსავლურ ფილოსოფიასთან მიახლოებისა - დოგენის ,,სოტო’’, ფენ იულანის ნეოკონფუციანელობა, სუფიზმი თუ ბუდიზმის სხვადასხვა სკოლები მუდმივად ხდება შედარების საგანი. პიროვნების სრული არარსებობა, შუნია(სიცარიელე), დაო, რომელიც მუდმივად იმყოფება ჩვენს შორის, მაშინაც კი, როდესაც ვდუმვართ, მაგრამ ,,წავედით თუ არა საკმარისად შორს, რათა მივუახლოვდეთ?’’
‘’ჰაიდეგერი და აღმოსავლური აზროვნება’’ - აღნიშნული სახელწოდებით 1968 წელს ჰავაის უნივერსიტეტში მოეწყო ჰაიდეგერის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია. დღემდე ჰაიდეგერის ნააზრევში, მის პირად წერილებში, ცალკეულ გამონათქვამებსა და ფრაზებში ეძებენ აღმოსავლური ფილოსოფიის უშუალო კვალს, რაც  ფაქტებით დასტურდება. ცნობილია, რომ ჰუსერლის სემინარებზე ჰაიდეგერი ხვდებოდა იაპონელ მსმენელებს, რაც აისახა ,,დიალოგში იაპონელსა და შემკითხველს შორის’’. სუძუკის წაკითხვისას უთქვამს, რომ ამ იაპონელს უწერია ყველაფერი, რაც მინდოდა მეთქვაო....თარგმნა ლაოძის კანონის 8 თავი ჩინელ სწავლულთან პავლე სიაო შისთან ერთად, თუმცა ეს საქმე დასრულდა წერილით:,, ძვირფასო პატივცემულო სიაო, ძალიან ხშირად ვფიქრობ თქვენზე და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი საუბრები განახლდება. თვალწინ მაქვს ფრაგმენტი, თქვენ რომ გამომიგზავნეთ: ,,ვის შეუძლია სიმშვიდეში და სიმშვიდისგან შექმას ისე, რომ გაბრწყინდეს?’’ გულითადად თქვენი მარტინ ჰაიდეგერი’’(Paul shih-yi Hsiao.Heidegger and our Translation of the Tao Te Ching//(‘’Heidegger and Asian Thought’’p.93-103).  ... მიუხედავად ამისა, ჩნდება კითხვები ურთიერთმიმართების შესახებ_ სად გადის ზღვარი გამოყენების, სესხების, მსგავსების და ნათესაობის შესახებ.  ტ. კოტო წიგნში -,,ენა და დუმილი - თვითშემეცნება ძენისა და ჰაიდეგერის’’(‘’Heidegger and Asian Thought’’P218-298 )სწორედ ამ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას, თითქოს არა მეტყველება, არამედ დუმილი არის საერთო.
მეორე მხრივ, ხდება თავად ჰაიდეგერის ფილოსოფიის ინტერპრეტაცია ტრადიციული თუ თანამედროვე აღმოსავლური ფილოსოფიის მიხედვით. ჰაიდეგერის ცვლილება ,, დაზაინ ანალიტიკოსიდან’’ ,, ზაინ დენკენამდე’’  მოიხსენიება ტერმინით ,,კეჰრე’’, ანუ შემობრუნება. ამ ,,ცვლილების’’ მიზანია აგვარიდოს ანთროპოლოგიზმს. ფრანგულ  თარგმანში დაზაინი მოიხსენიება სწორედ როგორც ადამიანი, რაც სიმპტომატურია ჰაიდეგერის დასავლური წაკითხვისათვის, თუმცა იგი თავად იძლევა ამის საფუძველს ,,ყოფნა და დროში’’. ადამიანის ,,სუბსტანცია’’ არის მის ეგზისტენციაში. სარტრისეული კლასიფიკაცია ჰაიდეგერის, როგორც ეგზისტენციალისტის, გახდა ამ მიმდინარეობის პოპულარობის მიზეზი, თუმცა იგი დაფუძნებული იყო გაუგებრობაზე.
,,რა არის მეტაფიზიკა’’, ,,წერილი ჰუმანიზმის შესახებ’’ და სხვა ნაშრომებში ჰაიდეგერი აჩვენებს, რომ ეგრეთწოდებულ პირველ პერიოდშიც მისი ყურადღების მთავარი თემა იყო ,,ზაინი’’, ანუ ყოფიერება, რომლის წარმოჩენაც ხდება ,,ალეთეიას’’ მეშვეობით, ანუ გა-ხსნა,  რაც დაზაინს ხდის შესაძლებელს. ეს ერთგვარი ვულკანი და კატასტროფაა. დაზაინი, როგორც ყოფიერება აი ამად, აქ-ყოფიერება, განსაზღვრულად ყოფნა, ეფუძნება არა ,,შემეცნებას’’, არამედ ყოფიერების გაგებას,  დაზაინის ყოფნა დაცემა და თავის დაკარგვაა არსებულებში. მას ახლავს ზრუნვა(ზორგე), როგორც წინსწრება უკვე-ში და - თან. ეს დროის სტრუქტურაა, თავისი ხლაფორთით, ცნობისმოყვარეობით, შიშებით, რაც თავისი გან-წყობით წარსულს,ანუ ფაქტობრიობას  ეფუძნება, მოლოდინითა და ძრწოლით კი - გაგებას, ანუ მომავალს.  დაზაინი  ანუ ,,ყოფნა აი ამად’’  არ არის აქყოფნა  დროში და სივრცეში არსებობის თვალსაზრისით. იგი თავადაა დროის დროულობის საფუძველი. არისტოტელესეული დრო, როგორც თანმიმდევრულობა დათვლადი  ხანგრძლივობისა, აგებს მეტაფიზიკას, საიდანაც უნდა გავიგოთ დასწრება ან არდასწრება. საგანი არ იმყოფება  ნიუტონის მექანიკის სივრცეში, როგორც საწყობში.  ადამიანი იმყოფება არა სივრცეში,არამედ რაღაც ადგილას, ადგილი ქმნის სივრცეს, და არა პირიქით. დაზაინი არ აღიწერება სუბიექტ-ობიექტის ტერმინებში, თუმცა ის ,,ეგზისტირებს’’. ეგზისტენცია კი ახასიათებს ადამიანს, როგორც სუბიექტს.
მეორე პერიოდში ,,ნივთი’’ ხდება ერთ-ერთი ცენტრალური თემა ჰაიდეგერისათვის, თუმცა ის არ არის ,,საგანი’’, რომელიც სუბიექტს ,,წარმოუდგება’’ ობიექტის სახით.  (ზეუგ -ნივთი, საშუალება, ნაკეთობა).  ქართულში ნივთი შენივთების სახით სწორედ ჰაიდეგერიანულ შეგროვებას უდრის, რომელშიც გადაჯვარედინებულია ცა და მიწა, მოკვდავი და უკვდავი. ჰაიდეგერი კითხულობს და უსმენს ევროპულ მეტაფიზიკას ,,ბერძნული ყურებით’’(ტა მეტა ტა ფიზიკა-ბერძნულად ,არსებულზე ამაღლება’’) რა არის არსებული?- იცვლება კითხვით: რა არის არარა? არარა, რომელზედაც მეცნიერებას არაფერი სურს იცოდეს, რაც ლოგიკური არას უბრალო შედეგი კი არაა, არამედ წყარო. das Nichts - ჰაიდეგერი მას წერს ასომთავრულით, წინააღმდეგ ,,nichts- არა. ევროპული მეტაფიზიკური ტრადიცია პარმენიდედან ჰეგელამდე რაციონალური სფეროს ფარგლებში განიხილავდა არარას. ნეგატიურობა არსებულის უკმარობად ესმოდა. საშინელების ანალიზისას (იგივე ძრწოლა  ჰაიდეგერთან _ ოპოზიცია შიშის, რადგან ის არ ლოკალიზდება რაიმე არსებულზე) არსებული ქრება და მიწა გვეცლება ფეხქვეშ. არარა გვაგზავნის იმასთან, რაც ,,იძირება’’, იგი კი არ ანადგურებს, არამედ აარარავებს, და არსებული წარმოგვიდგება, როგორც არა არარა, მისგან განსხვავებული, ანუ -რა (ჰაიდეგერი, ,,რა არის მეტაფიზიკა?’’). ,,რატომ არის რაიმე და არა არარა?’’ - ჰაიდეგერის სახელგანთქმული კითხვა არსებულად კი არ წარმოგვიდგენს არარას, არამედ გვეუბნება, რომ კითხვა ,,რატომ’’ მხოლოდ არსებულს ეხება. საფუძველი არსებულისა უსაფუძვლოა. ღრმა სევდა კარს გვიღებს არსებულის მთლიანობისკენ... აზროვნება საგნობრივი აზროვნებაა და არა არარასი. ეგზისტენცია არარასა და რას შორისაა, ამიტომ არარა არა ნიჰილისტური, არამედ ჰუმანისტურია. მოყოლებული რომიდან კი ჰუმანიზმი ემსახურებოდა  ადამიანურობის ქცევას კერპად. დაიცვა ყოფიერების ჭეშმარიტება ნიშნავს იმას, რომ ჩამოაგდო ადამიანი იმ კვარცხლბეკიდან, რაზედაც რენესანსმა დააყენა. ადამიანი არაა მბრძანებელი, არამედ მწყემსი (მსახური). პიტერ კარდოფის აზრით ჰაიდეგერი არაა მისტიკოსი, მიუხედავად მისტიკის პათეტიკისა.
ჰაიდეგერის ტექსტების კითხვისას შიგადაშიგ გვეუფლება განცდა, რომ რომელიმე დაოსური ტრაქტატის ფრაგმენტებს ვკითხულობთ. ავიღოთ მაგალითად დაოსური სკოლა ‘’სიუან სიუე’’, რაც ნიშნავს დაფარულს. ლაო-ძის კომენტატორის, ვან-ბის  არყოფნის მოტანის სიბრძნეს(ჩუნ უ) მოსდევს  ყოფნის მოტანაა(ჩუნ უ) ჩჟუან- ცზის კომენტარების სახით.   სიუან სიუე კონფუძიანიზმისა და დაოსიზმის შერწყმას წარმოადგენს და  იშვა ცზინის ეპოქაში ხანის იმპერიის დაშლის შემდეგ სამ სამეფოდ (ვეი, შუ და უ). სასახლის კარს მიღმა დარჩენილნი ქარისა და ნაკადის ალტერნატიულ ინტელიგენციას წარმოადგენენ (ფენ ლიუ მი შინ). ავტორები სიან სიუ და გო სიანია (ლეგენდის მიხედვით ამ უკანასკნელმა მიითვისა). თითქოს ლაო-ძის კი არ კითხულობს სიან სიუ, არამედ პირიქით (ცნობილი პასაჟი პეპელაზე, რომელიც სიზმარში ნახულობს, რომ ჩჟუან-ცზია.)
უარყოფა ქართულის მსგავსად გამოითქმის, როგორც უ. არარას უარყოფით იბადება საგანი. ამიტომ ის არარას სხვაგვარობაა, ანუ არარას ყოფნა რად. არარა წევს რაში.
უ გე ცზი შენ - ყველა საგანი თავის თავს ბადებს. დუ ხუა იუი სიუან მინ ჩჟი ცზინ - თითოეული იცვლება დაფარულის სფეროში(არა მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, არამედ ცვლილება:  ქცევადობა-არარასი რაში და პირიქით, ინისა და იანის, რაც წარმოადგენს მინს, ანუ ბედს ,,ი ცზინში’’).   ადამიანი, რომელიც იცვლება ბუნების მსგავსად, მეფეა.
თუ უ არყოფნაა, უ არის ყოფნა აი ამად.
ცზი ჟან ერ ჟან - არის ის, რაც არის (იგულისხმება, რომ საგნის ბუნება არაა ფარული ინსტანცია ან შინაგანი არსი ან ტრანსცენდენტალური ,,მე’’). სამყარო გავს ნაყოფს, რომელიც ჩვენს თვალწინ  ხელისგულზე დევს, მაგრამ ბრმა ვერ ხედავს მას. ბრძენი იღებს სამყაროს ისეთს, როგორადაც ის მას ეხსნება, უვიცი კი საიდუმლოს ეძებს, დაფარულს არსებულთა მიღმა. ნამდვილი დაფარული _ ღიაა.
უ-გუ _ უმიზეზოა. (გავიხსენოთ მე 11 საუკუნის მისტიკოსის ანგელუს სილეზიელის ,,ვარდი ყვავის, იმიტომ, რომ ყვავის, და ყურადღებას არ ითხოვს’’). მთები არის მთები, მდინარეები კი მდინარეები- ჩინური სიბრძნე. ლაიბნიცის მიხედვით კი არაფერი არის ,,რატომ’’-ის გარეშე).
ჰაიდეგერი გვეუბნება, რომ ლოგოსი და დაო არ ითარგმნება. ლაო-ძი წერს:  დაოზე ვერ ვილაპარაკებთ, მაგრამ რის გარეშეც ვერ ვლაპარაკობთ, ის არის დაო. ცამდელი წასრიგი. დაო არაა ნივთი, მაგრამ ბადებს მათ, როგორც ქალის საშოდან, რაც ჭიშკარია ცისა და მიწის. ცოცხალიც და არაცოცხალიც ენერგიის ნაკადებია - ცი, რომელიც იღებს ფორმებს და მოდალობებს. არა მიზეზობრიობა, არამედ სიმპატია, არა უსულო მექანიკური საგნები, არამედ ორგანიზმი, კოსმოსის სხეული, მსოფლიო ორკესტრი. ადამიანი არაა ცალკე, არამედ ტრიადაში _ ცა, მიწა და ადამიანი, როგორც შუაკაცი. ჩინური ფილოსოფიის დამაგვირგვინებელი ფრაზაა მენ ცზის ,,ადამიანი და ცა ერთია და ჰარმონიული’’ _ ტიან ჟენ ხე ი.
ბერძნული ძირები დიდ როლს თამაშობს ჰაიდეგერისთვის, როგორც ბედისწერა იმ გზისა, რაც ევროპულმა ფილოსოფიამ გაიარა, როგორც ყოფიერების მიერ მონიშნული დაცემისა. ამიტომ საჭიროა დავიცვათ სკეპტიციზმი დასავლეთისა და აღმოსავლეთის შეხვედრის შესაძლებლობების მიმართ, რათა ჰაიდეგერი ,,კულტურათაშორისი დიალოგის პიონერად’’ არ მივიჩნიოთ. დიალოგი ხომ არა განსხვავებების მოსპობა,არამედ მათი აღმოჩენაა.  მეორე მხრივ, კი : რატომ არის დასავლეთი და არა აღმოსავლეთი?


скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
ზაზა შათირიშვილი -  წმინდანი და სიწმინდე XX საუკუნის მხატვრულ ნარატივებში ზაზა შათირიშვილი - წმინდანი და სიწმინდე XX საუკუნის მხატვრულ ნარატივებში ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ისტორია / ფილოსოფია / გამოქვეყნებული მირიან ებანოიძე   -   ომი მირიან ებანოიძე - ომი ჟურნალი / სტატიები / პოეზია / ესეისტიკა / ფილოსოფია / გამოქვეყნებული თორნიკე სანიკიძე  -  მარადიულობის პრობლემა და კოსმოლოგიური კრეაციონიზმი თორნიკე სანიკიძე - მარადიულობის პრობლემა და კოსმოლოგიური კრეაციონიზმი ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / ფილოსოფია / ფიზიკა / მეცნიერება / გამოქვეყნებული გორვანელი (ლევან გოგაბერიშვილი)  -  დაკარგული კლასიკა გორვანელი (ლევან გოგაბერიშვილი) - დაკარგული კლასიკა ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ფილოსოფია / მეცნიერება / გამოქვეყნებული დიალოგი დროში - გორვანელსა და მასწავლებელს შორის (ლევან გოგაბერიშვილი, მირიან ებანოიძე) დიალოგი დროში - გორვანელსა და მასწავლებელს შორის (ლევან გოგაბერიშვილი, მირიან ებანოიძე) ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / დრამატურგია / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge