გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

დავით კიკვაძე - ლექსები

დავით კიკვაძე (ბუჩო)

დაიბადა1988 წლის 27 ნოემბერს, ქალაქ ქუთაისში.
ცხოვრობს ამბროლაურში, სადაც დაამთავრა მე-2 საჯარო სკოლა. სწავლა ქუთაისში გააგრძელა, მაგრამ არ დაუმთავრებია და სამ წლიანი სწავლის შემდეგ კვლავ დაბრუნდა რაჭაში. ავტორი თავად გვიყვება თავისი ცხოვრების მცირე ისტორიას:
,,ლექსების წერა ქუთაისში დავიწყე, ქუთაისში დავიწყე წიგნების კითხვაც, მაშინ 20 წლის ვიყავი. ქუთაისში გავეცანი გალაკტიონს, მან ჩემშიც მოახდინა გადატრიალება, უფრო სწორედ რომ ვთქვათ: ამოტრიალება... მიწაზე პირქვედამხობილის ამოტრიალება, ამობრუნება ცისკენ, სიცოცხლისკენ, სიყვარულისკენ, სინათლისკენ, გრძნობიერებისკენ...
ამის შემდეგ იწყება ალექსანდრე ყაზბეგი, ტერენტი გრანელი, ცისფერყანწელები და კიდევ მრავალი სხვა... და ასე გრძელდება დღემდე და ვნახოთ, რა იქნება აწი და აწი...“
  

ზამთრის ანგელოსი

გარეთ ჰაერში თოვლის სუნია,
პირველი თოვლის. და მე ვისურვებ,
რომ აღარ იყოს ჩვენთვის სულერთი
ჩუმი სუფევა ზამთრის სიოსი.
მახსოვს, ერთხელაც რომ მოდიოდი
მდინარეებით, ტბებით, მინდვრებით,
შემოდიოდი ჩქარა და მდორედ
ჩემს სამყოფელში მთელი სიმშვიდით.

მე შენში ტივით შემოვცურდები,
ასევე მზით და ცისკრის ზარებით...
დრო და დრო უფრო ვხვდები, ვრწმუნდები -
კი არ არსებობ, მოიაზრები,
თუმცა მე მაინც გიცქერ, მოვცურავ
და მოვისწრაფი ლაბირინთებით...
ცაა სისრულით სავსე, მოცული
და სული ჩემი თოვლით მითბება.

თვალებში მთები ჩაინისლება,
თან ჩაიყოლებს სანთლებს დეკემბრის...
მოჟონავს სიტყვა, როგორც სისველე,
გულის გულთან და ხელის შეხებით.
მოდი და სადმე შემხვდი შემთხვევით
შენს მოლოდინში ღამეგათეულს,
წამსვე თითებით ავმეტყველდები
და გადმოგაღვრი თმაზე თოლიებს.

ჰო, რა სჯობია თოვაში სირბილს,
რა შეედრება, ამ თოვლის მზერას
და ჯეჯილივით სითეთრის ბიბინს,
ზეციურ სხივებს დაშვებულს ცერად...
და რა კარგია, როდესაც დილით
დგება სარკმელთან პატარა ბავშვი
და აფრქვევს ჩიტებს, შუქსავსე ღიმილს
და გადასძახის სამყაროს გაშლილს:

თოვლი - ზამთრის ანგელოსი - თოვლი.

2015 წელი, 21 დეკემბერი





თებერვლის მოლოდინში...

აღმოცენდი ჩემს ხელებთან ახლოს,
არა სადმე შორეულში, სხვაგან,
თვალში ცის ზღვის სანაპირო ნახე,
ზედ ქვიშაზე დამსხვრეული სხივი.

მიაწერე წელი, თვე და რიცხვი
ცისკრის ცრემლით გადარეცხილ წერილს,
სიტყვაც სუნთქავს - ჩაიგუბე, იცხე
და უბრალოდ თებერვალი წერე.

2016 წელი, 22 იანვარი






* * *
პოეზიაა,
როდესაც გყავს მთელი კაცობრიობა
და მაინც მარტო ხარ!!!

2016 წელი, 28 იანვარი







ჩვენ სამნი...

დატბორავს ოთახს ცრემლი ზამბახის,
ტბად დადგება და შევალთ ნავებით...
მე გეფერები ფოთლით, ბალახით,
რაჭის ტყეებით და ვარსკვლავებით.
უსმინე წვიმას როგორ მეტყველებს,
დაბლა მუსიკად როგორ ჩამოდის,
ღამეა, ნისლში ვეძებ შენს ხელებს,
ვდგავარ ღვარში და გავუდაბნოვდი...
ვივსები შენი საუბრით, სუნთქვით,
როგორც მზეებით მთათა სერები
და ამოვკაწრე კედელზე ლურსმნით
შორს გადამფრენი წყლის ფრინველები...
ჩვენ ვიმოსებით ნოემბრის ქარით,
ჩვენ ვიმოსებით ნოემბრის სუსხით
და რასაც ადრე ვთესავდით, ვრგავდით,
მათი ნაყოფი სავსეა შუქით
და სამუდამო ისევ ბრწყინავს მზე,
ვეტრფი და ვყნოსავ მაგ შენს თავსაფარს
და მე, ძვირფასო, დედამიწაზე
გარდა სიყვარულის, საქმე არა მაქვს!
მე ომში წავალ, წავალ და წავალ...
მეყვარები სულ, უდასასრულოდ...
და სიჩუმეში ჩაფლულმა ჭალამ
იქნება კიდეც მომინატრულოს.
მოდი, ვით დილის მადლი და ნამი,
მეპკურე რიდით, სიმშვიდით, კრთომით
და სამყაროში დავრჩებით სამნი:
მე, შენ და თოვლი,
მე, შენ და თოვლი,
მე, შენ და თოვლი...

2016 წელი, 27 მარტი







სიყვარულის ბაღი

ჩემში დღითიდღე მატულობს წვიმა,
ჩემშივე ჟღერს და მოლზე ციმციმებს,
თუმცა ეს წვიმა არა ღირს იმად,
შენსკენ მომავალს ავცდე ბილიკებს,
ანუ ამ ბინდში დაგკარგო. მყავხარ
მთელს არსებაში ძალზე დიდი ხნით,
გულში ბაღებად მეღვრები ახლაც
და უნდა წამყვე მთის და ზღვის იქით,
სადაც არასდროს არ ბოლოვდება
გზა სინათლისა. სინათლეს მზე შობს
და საიდუმლოდ მზეში გროვდება
ცხოვრება, როგორც ხორბალის ნეშო...
ცა ცრემლკამკამა მიზიდავს შენში,
დასაბამიდან გგრძნობდი, მიყვარდი
და ჩემი თავი მაკვდება ხელში,
ვით ტიციანის სველი მიხაკი...
მოვიწევ ჩუმი სიმშვიდის ბარდნით,
ვეფრქვევი დუმილს, ღამეთა მინდორს...
ჰო, გვირილა ხარ! მარადის მწადის
შენი ღიმილის სამოთხე ვიგრძნო.
ყაყაჩოს წითელ წვეთების თრთოლვით
სიტყვებში ვრცელი მინდვრები მკვიდრობს,
სადაც ეცემა ცრემლიც და თოვლიც
და მოშრიალე ბაღების სითბოც.

2016 წელი, 27 აპრილი







ნისლეული

ტყეებზე ნისლი და ნისლზე სახლი
და სახლში სუნთქვა, სუნთქვაში შენი
შორი ზღვების ნელი შრიალი...

გრძნობაა ნაზი, ვით ვაზის ლერწი
და შებურვილი სიწმინდის ღრუბლით...
მოვალ იმედით, დავდგები შენს წინ,
სანთლების კონას მოგიტან უბით

და სანთლის შუქი შემოსავს ხეებს,
შენ ამომიცნობ ტბებით, გედებით,
მინდვრებით სავსეს მომანდობ ხელებს,
მომაპყრობ თვალებს და აცრემლდები...

ცა გაიხსნება, თუ მომენდობი...
თუ მომენდობი ახლაც და მერეც.
ჩემი ცხოვრება არის ფერდობი,
რომელზეც მოდის ცრემლების ღელე,

რომელზეც ელავს ყანები პურის,
რომელზეც ნახავ დათოვილ ვენახს...
მაგრამ მე მაინც სხვა რამე მწყურის,
რაც არ სწყურია ჩემსავით ყველას...

მოდი და დარჩი, გამხადე ღირსი -
გულში ყვავილის სიცოცხლე ვიგრძნო,
ვიგრძნო ერთობა ცისა და მიწის,
ერთად შევირგოთ პური და ღვინო...

ტყეებზე ნისლი და ნისლზე სახლი
და სახლში სუნთქვა, სუნთქვაში შენი
თეთრი ბაღების ნელი შრიალი...

2016 წელი, 23 მაისი





* * *
მოვიდა ლექსი - სურნელი აქვს
შენი, შენი თმის და შენი ხმის
შეიცავს ბგერებს, რომელიც მწვავს
და ცეცხლს ვერ მიქრობს ვერც წვიმა.
წვიმს.

შენ სევდად იქეც ყოველი წლის,
შენ მუზაც გახდი ასევე, თან,
რაც მე სხვაგვარად განმაწყობს, მცვლის,
მაგ შენს თვალებში ცის ცრემლი ვცან...

მოვყვები სუნთქვას, მუსიკას, ნავს,
გზადაგზა მთვარე ოცნებებს მძენს
და ყვავილივით ჩემს გულში გრგავ
და არ მოგაკლებ წყალსა და მზეს.

მოდი და გავხდეთ მე და შენ - „ჩვენ,“
რომ ერთმანეთში ვიყრიდეთ თავს...
მოვიდა ლექსი, სიმშვიდეს მფენს,
რომელსაც შენი სურნელი აქვს.

2015 წელი, 31 იანვარი





* * *
ჰო, ასეთია მარტოკაცის მთელი ცხოვრება -
კარგად იცის, არავინ მოვა,
მაგრამ მაინც
გამუდმებით ზის არდაბაგთან
და გზისკენ ცქერას თავს ვერ ანებებს...

2015 წელი, 17 თებერვალი





ცოტა რამ თოვლის საიდუმლოების შესახებ

თოვლი ყოველივეს ავსებს და მოიცავს,
თოვლი ჩვენს წიაღში ნელ-ნელა მოიწევს,
დიდი სიმშვიდით არის მოცული,
ასევე დიდი იდუმალებით,
მისი სიდიადე უმნიშვნელოვანესად
უფრო ბრწყინვალეა შინაარსობრივად,
ვიდრე რაცა ჩანს და ვიდრე რასაც ვხედავთ,
თუკი მის სიღრმეში ჩავიცქირებით და
თუკი საიდუმლოს მისას განვჭვრიტავთ
სულიერი თვალით, შეგრძნებით და აღქმით,
რომელიც ჩვენშია, ადამიანებში,
მაგრამ, სამწუხაროდ, ადამიანები,
საკუთარ სულიერ თვალსაც კი ვერ ვამჩნევთ,
საკუთარ შეგრძნებებს და აღქმებს ვერა ვგრძნობთ
და აბა, თოვლისას, ან რას გავიგებთ,
თოვლს რას გავუგებთ, ან რას ჩავიხედავთ
თოვლის არსებაში, როცა ჩვენი თავი
და ჩვენი ცოლებიც კი ვერ შეგვიცვნია
და ვერ გვიპოვნია მათი მშვენიერი
მხარე სისადავის, მათი მადლის ძალა,
ცრემლი დაფარული ბალიშზე დამდინარი,
როცა, ერთ დღესაც რომ აღმოაჩენენ -
მათი თბილი სუნთქვა, მათი წყნარი სუნთქვა
ჩვენთვის აღარაფერს თითქმის აღარ ნიშნავს,
გაჩვეულებრივდა და ყოველ ნაბიჯზე რომ
ვართ მოღალატენი - ვითომც არაფერი...
და ამ ყველაფერის შემდეგ რანაირად,
რა გასაკვირია, თუკი თოვლს ვერ ვიტანთ,
თუკი ვაგინებთ და თუკი ვემუქრებით,
არადა, მეგობრებო, თოვლი სიწმინდეა,
თოვლი სასუფევლის რაღაც ნაწილია,
რომელიც ყოველთვის სასწაულს გვაუწყებს...
თქვენ წარმოიდგინეთ, თოვლი მაშინაც კი
არსებობს ჩვენშიც და ცაშიც და სადღაც და
ყველაფერს ავსებს და ანაზებს, მოიცავს,
როდესაც ზაფხულია, მზეა და არა თოვს,
ხოლო, როცა ბარდნის, ნაძვებში მოფარფატებს,
ჩუმად და უშფოთველად ათეთრებს ირგვლივეთს,
ო, ამ დროს ზეცაა თითქოსდა მოქანდაკე
და მთელი სააქაო სცილდება მიწიერს,
გვესიყვარულება სამყარო უთოვლესი
და ტკივილს გვინელებს, გვაცილებს განსაცდელს...
გინდათ თუ არ გინდათ, მე მაინც გისურვებთ:
ეს თოვლი,
ეს თოვლი,
ეს თოვლი
გწამდეთ და გფარავდეთ!

2017 წელი, 21 ივლისი





ვაზის ლერწები

ჩვენ ლერწები ვართ - სიყვარულს ვისხამთ
და შვილებს ვისხამთ და ტვირთს მივათრევთ,
ამ სიყვარულის სიღრმეში იშვა,
სივრცეში იშვა სიტყვის სინათლე,
რომელიც ახლაც ნელა, წვეთი-წვეთ
გვეპკურება და გულებს გვინამავს,
ეს ის მადლია, ზღვაც რომ ვერ იტევს,
ტყეც რომ ვერ იტევს და ჩიტს მიაგავს.
მფარველი ანგელოზის ხმა შეიცანი,
იმ ხმას უსმინე, გული მიაპყარ...
ნებისმიერგან ყვავილს გიგზავნი,
წერილს გიგზავნი - გსუნთქავ. მიყვარხარ.
(ცა თავის ცაში სულ იძირება...
დრო თავის დროში დგას და მიტოპავს)...
ჩვენ ერთმანეთში უნდა ვეძებოთ
სამოთხეცა და მარადისობაც.

2017 წელი, 5 აგვისტო
* * *
ნუ მიემსგავსები დღევანდელ მედროვე
პოეტებს და პოლიტიკოსებს,
საქვეყნოდ გამოჩენის სურვილით აღტკინებულნი,
ხბოებივით რომ დაკუნტრუშებენ.

2017 წელი, აგვისტო





დღე-ღამის გასაყარი, ანუ განთიადი და ბინდბუნდი

თენდება. თეთრი მამალი ყივის.
ქარი მიარწევს ნისლეთის ბორანს.
არის იმედის ნათელი სხივი,
თუ სამშობლოში პოეტი მოჩანს.

ხოლო საბრალო პოეტი, თუკი
აჰყვა და გაჰყვა პოლიტიკანებს,
მას ჩაუქრება დიადი შუქი
და ვერ აანთებს ბნელში სინათლეს.

სიტყვის მადლი და ლექსის წრფელობა
დაეკარგება და ვეღარ ჰპოვებს
და მშვიდი სიო ახლო მდელოთა
განეშორება მაშინვე პოეტს.

თენდება. თეთრი მამალი ყივის.
ქარი მიარწევს ნისლეთის ბორანს.
არის იმედის ნათელი სხივი,
თუკი პოეტში სამშობლო მოჩანს.

მაგრამ სამშობლო, ანუ ეს ხალხი
შუბლსა და თვალებს ლესენ ღრუბლიანს,
პარტიულობით ემსგავსა ნახირს
და უფრო სანდო გახდა მურია.

აღარ უსმენენ თოვას და წვიმას,
აღარ უმზერენ აღარც ერთმანეთს
და მნიშვნელობა არა აქვს იმას,
ურწმუნოა თუ არის მორწმუნე,
ამ პოლიტიკამ სულ მთლად შეშალა -
შეიქნა ერი წიგნის მოძულე.

თენდება. თეთრი მამალი ყივის.
ქარი მიარწევს ნისლეთის ბორანს.
არის იმედის ნათელი სხივი,
თუ სამშობლოში პოეტი მოჩანს
და თუ პოეტში სამშობლო მოჩანს.

2017 წელი, 10 ოქტომბერი





წვიმის სიმშვიდე

გულში მზის ცეცხლი ენთოს, ინათოს
და ქმნიდეს სითბოს პირადს და ზოგადს...
ახლა ერთად რომ ვიყოთ, ძვირფასო,
გარეთ გასულნი გავშლიდით ქოლგას
და ჩვენ ქოლგის ქვეშ შეყუჟულები
შევიმეცნებდით მუსიკას წვიმის,
რომ დაცურავენ ცაზე ღრუბლები
და მათი ლოცვა ამ წვიმით ისმის.
ამ შემოდგომის წვიმის სიმშვიდე
დანისლულ სივრცის გვაცმევს საბურველს
და განა მეტი რაა სიმდიდრე,
როცა წვეთების ერწყმი საუბრებს.
ყვითელი ფოთოლი - სულისა სატრფო
დაივლის ბაღებს, ქუჩებს, აივნებს,
მე სიყვარულის ჩამითრევს ლაფო,
შენს სულს მკთომარეს და უყვავილესს
რომ შევეხები სიტყვით და სუნთქვით,
განცდას რომ იწვევს ამათრთოლებელს,
ფერადი ტყეების ნაქსოვი შუქი
სინაზეს მატებს მტრედს და ნოემბერს...
სიტყვების ტბებში შევდივარ ნავით
და თვალი მისდევს წეროებს ფრთასველს
და შენთან წვიმის სამყაროს ვგზავნი
მთის წყაროების სიმშვიდით სავსეს.

2017 წელი, 2 ნოემბერი





ტყე. თოვლი. ჩვენ და ბავშვები

ტყე მოშრიალე იდუმალს ჰყვება.
ზღვა სიმშვიდეა ტყის ნაამბობი
და მე ტყე მიყვარს უკლებლივ ყველა
მოლეკულათი, ყველა ატომით
და ტყეს განვიცდი მთელი არსებით,
ყველა უჯრედით და ყველა ძარღვით.
მოედებიან ამ ტყეს ბავშვები,
რადგან ტყის სუნით გვევსება სახლი...

ზამთარი ტყეში შემოდის ნელა,
თოვლი სუფთა და სულშიჩამწვდომი,
მე თოვლი მიყვარს უკლებლივ ყველა
მოლეკულათი, ყველა ატომით
და თოვლს განვიცდი მთელი არსებით,
ყველა უჯრედით და ყველა ძარღვით.
იგუნდავებენ თოვლში ბავშვები,
რამეთუ თოვლით ნათდება სახლი...

ვარსკვლავთ და ფოთოლთ გამშვენებს ცვენა.
გქონდეს ეს გული - სევდის სადგომი.
მე შენ მიყვარხარ უკლებლივ ყველა
მოლეკულათი, ყველა ატომით
და შენ განგიცდი მთელი არსებით,
ყველა უჯრედით და ყველა ძარღვით.
ჩვენ გვეყოლება როცა ბავშვები,
სხვა სინათლეში შეცურავს სახლი...

2017 წელი, 18 ნოემბერი





ადამიანი და ვენახი

კაცი - სიტყვადატვირთული...
ვაზი - მტევანდახუნძლული...

2017 წელი, 4 იანვარი







გიორგი ანწუხელიძე და არჩილ ტატუნაშვილი

დროშაზე ფეხით არ გადავივლი!
დროშას, რომელსაც დიდგორი უჩანს.
გულში მინთია ბრძოლის ყვავილი,
რომელსაც თავის სამშობლო უყვარს.

2018 წელი, 10 მარტი, ძვ. სტ.





წეროები

წეროების პირამიდა ცაზე,
მოქათქათე ფურცელივით ცაზე,
ანუ ღრუბელაფარებულ ცაზე,
ხომალდივით რომ მიცურავს ცაზე,
როცა დგახარ შიგ შუაგულში წვიმის,
სველდები და ისმენ წეროთ ყრიალს
და გგონია - მოგონებებს ყრიან,
თითქოს უცხო მოგონებებს ყრიან
და ნოტებად გარეშემო შლიან,
დანისლული შემოდგომის დამლევს
ხომალდივით რომ მიცურავს ცაზე,
წეროების პირამიდა ცაზე.

2018 ელი, 17 მარტი, ძვ. სტ.





ჰეროდეადა

ჩვენში ნელ-ნელა ქრება ქართული
ენა. მომავლის გზა ჩანს წყვდიადად,
რადგან მძვინვარებს ნებადართული
აბორტი, ანუ ჰეროდეადა!

კაცი მწვერვალზე როცა შედგება,
თავად ჰგონია თავი მწვერვალი.
(წვიმაში დგას და დარდით სველდება
დაკნინებული ლექსის მწერალი).

აქ, ჩვენში, თუნდაც კარგი მწერალი
აბორტის გამო ხმასაც არ იღებს,
ხოლო სხვა ფუჭი საკითხებისთვის
მაღალფარდოვან სიტყვებს არიგებს.

ამ ქვეყანაში რომ მოისაქმო,
იმის უფლებაც არის „დაცული,“
მაგრამ ბავშვების - არა. ინათოს,
იქნებ გადარჩეს ცრემლი მამულის...

მოგვენატრება ის სახიობა,
სავსე რო არი მშვიდი კორდებით.
გვიახლოვდება მარადისობა,
მარადისობას ვუახლოვდებით.

ჩვენ შეგვიძლია ვისხდეთ ტაბლასთან,
ღვინოს ვსვამდეთ და ლხინით ვმღეროდეთ...
ბავშვთა მკვლელობა ვინც არ აკრძალა, -
ყველა მთავრობა არის ჰეროდე.

ზეცას და მიწას შორის გაბმული
ძარღვია სიცოცხლის - ბავშვი - მზე ადგას...
მაგრამ მძვინვარებს ნებადართული
აბორტი, ანუ ჰეროდეადა!

2018 წელი,  2 აპრილი, ძვ. სტ.







                                    скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge