გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

თამარ ჯაფარიძე - ლექსები

დედამ დამიტოვა ბაღი

დედამ დამიტოვა ბაღი,
თეთრი ზამბახით...და ლურჯით,
ვაშლის ხეები და ვარდი,
დარდი - დახატული ფუნჯით.
ვეღარ მოვუარე,მერე,
როცა მიმატოვა დედამ,
თითქოს სასაფლაო ვთელე,
თითქოს საფლავებმა მთელა.
დიდხანს ავარიდე თვალი,
ის თვალს მაყოლებდა ქარში,
თითქოს მისი იყო ბრალი,
დედა რომ არ იყო ბაღში.
როცა ვეღარ ვუძლებ ტკივილს
დარდით აღარა ვარ, როცა,
ჩუმად დავჯდები და ვტირი-
ტკივილს არ სცოდნია მოცდა.
ბაღის სიცოცხლე და ყოფნა
გახდა მწუხარე და მწირი...
როცა ამტკივდება ყოფა, 
ბაღში შევდივარ და... ვტირი.
ბედის საყვედურსაც ვბედავ,
როცა ვეღარა ვარ ლაღი.
ფიქრებს ვერ ველევით მე და
ჩემი მოსავლელი ბაღი...
ბაღი დამიტოვა დედამ
დედამ დამიტოვა ბაღი.



***
ერთხელ დავტოვე სულში
კარები ოდნავ ღრიჭოდ,
დრო იხელთე და, წუთში,
შემომისახლდი, ბიჭო.
ნაძვს რომ ელოდი, ტანადს -
დაგხვდა გართხმული ღვია,
თოვს და ქარია...თანაც -
სულში კარია ღია.
გესმის, რა ღლიდა დუმილს?!
ხედავ იმას, რაც არ ჩანს?!
უკვე განიცდი, სულის
კარი ღია რომ დამრჩა.
შენც მართალი ხარ ცამდის,
თუკი თვლი დროის კარგვად
აქ ყოფნას...ჰოდა, წადი...
კარი გახურე კარგად!



***
სნეულო ღამევ... ნისლიანი და სველი დილა
შემოგერევა, როგორც ყავას რძე და ნაღები,
...და ისე ნელა, მორჩილებით... და ისე მშვიდად
გაფითრდები და...გაკრთები და... არ მენაღვლები!
ცვრიანო დილავ, გალუმპულო... დაგლევს და შეგსვამს,
ნისლს გაგითხელებს  მწყურვალი მზის ცხელი ძარღვები,
ისეთი გზნებით გაგთანგავენ, ტკბილად და...შენც მათ
დამორჩილდები, გაქრები და... არ მენაღვლები!
მზიანო დღეო...მიუყვები ბილიკებს მტვრიანს
და უდარდელად გიმწიფს გზებზე ლურჯი მაყვლები...
მაინც ღამდები! დედამიწის, ვერ უძლებ ტრიალს...
წოთისოფელო, მოკლე ხარ და... არ მენაღვლები!



კაფე "თეთრი ქვები
ჩემთან ხიდი და  თეთრი ქვებია...
შენთან მტკვარია და ნარიყალა,_
ჩვენზე ამბობენ: ვერ შეხვდებიან,
რომ ჩვენი გზები,  კვლავ გაიყარა.
მაგრამ, ხომ გახსოვს,  სუნთქვა დიორი,
სიო ნაზი და  საღამოს "7",
გასაგიჟებლად  მშვიდი რიონი...
მშვიდი კლავიში... და კაფე მშვიდი,-
მეც კარგად მახსოვს! დღეს კი, ამ ქარის,
არ ღირს ატანა, თუკი არ გინდა.
შენ არ ხარ, თორემ კაფეც აქ არის,
პიანინოც და კუთხის მაგიდა...
ჩვენზე ამბობენ: -ვერ შეხვდებიან,
რომ ჩვენი გზები, კვლავ, გაიყარა!
ჩემთან ხიდი და "თეთრი ქვებია"...
შენთან _მეტეხი და ნარიყალა.








ღამეა ახლა

ღამეა ახლა... ღამე კი არა - დილის ხანია,
ღამე კი უკვე, ეს მერამდენედ, გამოდის ბისზე,
ასეთი დილაც, ძილს ვეღარ მიფრთხობს,დიდი ხანია,
დილაა უკვე... დილა კი არა - ღამეა,ისევ.
წვიმაა ახლა... წვიმა კი არა - კოკისპირია,
კოკისპირია... წვიმაა ახლა...რის მზე და რა მზე,
დედის კალთაში, სახეჩამხობილს, ხომ გიტირია-
ეს დილაც ისე, გულამომჯდარი დამტირის თავზე.
ეს თუ ცრემლია -  გადაუკრია წვიმის წყლის გემო
და თავს დასხმია სადღაც მთვლემარე მზის პანაშვიდებს,
თუ გიტირია დედის ჩამქრალი სიცოცხლის გამო,
მზე ამოვა და,  დედის მაგივრად, ის დაგამშვიდებს.
ღამეა ახლა... ღამე კი არა - დილის ხანია,
მაგრამ ჯიუტად ისევ გამოდის ხანდახან ბისზე -
ეს ისე... თორემ, მეც კარგად ვიცი, დიდი ხანია,
რომ ყველაფერი ხან ასე არის, სულ, და...ხან - ისე.








იყო და...არა იყო, რა

იყო და...არა იყო, რა-
ღვთის უკეთესი ზღაპარი...
ყორემ თუ აღარ იყორა,
თუ ვერ დაანთე ლამპარი,
სახლი თუ გეუცხოვება,
თავს ვერ მოაბი ტანია,
მაშინ, ეს ჩვენი ცხოვრება
რა ძნელი ასატანია.
თუ გაგეფანტა ცხვრის ფარა,
მგელს თუ სიფრთხილით გახედე,
წყარო ფოთლებმა დაფარა,
ბედაურიც ვერ გახედნე.
...და მზეთუნახავს, იოლად,
თავი თუ ვერ შეაყვარე...
ვერ გააცოცხლე ჩიორა,
თუ კედელს ცერცვი აყარე.
მტრედს თუ არ ანდე წერილი,
დევს თვალი თუ ვერ მოსთხარე...
მტერს თუ არ დახვდი მტერივით, 
ვერ შეიყვარე მოყვარე!
ცხრაჯერ ვერ დაჰკარ გველეშაპს,
და ვერ მოჰკვეთე ცხრა თავი...
სული მჰყიდე,თუ, ეშმაკს,
მზეს დაუბნელე ცხრა თვალი.
ცხრად ვერ გაყავი კაკალი,
ოსპს ფეტვი ვერ გააცალე,
თუ მარჩენალი დაკალი-
გულღვიძლი ამოაცალე.
ვერ გაახარე ჯეჯილი-
ვერ შეიქენი დამხმარე
და, მუხლებგადაგლეჯილი,
ნიკორა ოფლად გაღვარე.
კაცმა თუ ვეღარ იკაცა
და ქალმა ვეღარ იქალა...
ფასკუნჯმა ვერ აგიტაცა,
ვერ გიმეგობრა წიქარამ.
თუ ვერ დაანთე ლამპარი,
ყორემ თუ აღარ იყორა,
მაშინ, ეს ჩვენი ზღაპარი
იყო და...არა იყო, რა.










დამაგვიანდა

უცებ გამექცა  დრო და მომენტი,
შევნიშნე ყველა შანსი გვიან და...
მერე ათასი, ან უფრო მეტი,
ნაბიჯით მაინც  დამაგვიანდა
შენამდე მოსვლა!
ვდარდობ ხანდახან,
დაფიქრებული კარგზე და ცუდზე-
რომ ვერ ვიარე მე შენს მხარდამხარ...
და მხრების ტკივილს  რომ ვეღარ ვუძლებ!
ამ აფეთქებულ  ტყემლის ყვავილებს
ვიცი, ქარები  გადაგვიან და
გაიყოლებენ  იმედს ხვალინდელს,
ვერ დავეწევი - დამაგვიანდა!
შიშის მხეცები და საცეცები
დამდევენ და მე დავალ ქვიან და
ციცაბო გზებით, ხელის ცეცებით...
ვერ გავექეცი- დამაგვიანდა!
მუნჯი პოეტი - ყრუ ნაპირებით...
ვიქეცი დრამად და გახელებად,
გედის სიმღერას  თუ ვაპირებდი,
ნეტავ საერთოდ  აღარ მემღერა!
წილხვედრი ბედით -  კენტით და დინჯით,
ახლაც აგურის  დამა მქვია და...
შენამდე მოსვლა ერთი ნაბიჯით,
ან უფრო ცოტა, დამაგვიანდა.







სარკეში შევალ

თუ წუთისოფელს თავს ვერ დავადგამ,
სულს ამართმევენ ყოფის ქირაში,
სარკეში შევალ ...ნაბიჯს გადავდგამ...
და გავფრინდები  გალაქტიკაში.
როცა კრული დღით ღამეს გავთანგავ,
ვიცნობ წყევლის გზის უსახოვნებას-
სარკეში შევალ , ნაბიჯს გადავდგამ
და შევერწყმები უსაზღვროებას.
თუ ამ სოფელმა უღვთოდ დამდაგა,
და ცოცხლად სულში კუპრი მეღვენთა,
სარკეში შევალ ... ნაბიჯს გადავდგამ...
ბინას დავიდებ,ახლოს, ღმერთებთან.
უარმყოფელნი ევთანაზიის
დამამადლიან მორფინს, უნციას,
სარკეში შევალ... ნაბიჯს გადავდგამ...
დავდგამ ვარსკვლავურ რევოლუციას....
თუ დედამიწა განზე  გამიდგა,
ვერ გავაგონე ეს ხმა ნებაზე,
სარკეში შევალ ... ნაბიჯს გადავდგამ...
გადავსახლდები სხვა  პლანეტაზე.
თუკი სიბერე აფთრად მოვა და
ამ ხორცს მოიგდებს ყბაში დილემად,
სარკეში შევალ... ნაბიჯს გადავდგამ...
ვიქცევი ახალ  განზომილებად.






"ყოფნა?! არყოფნა?!" 


თეთრწვერა მოხუცი მიწას თხრის_
დაგვძერწა ნეკნებით თუ თიხით
და ვითომ ნაჩუქარ სიცოცხლის,
ყოველი წამისთვის ფულს ვიხდით.
ვჯერდებით ნაბოძებ წვრილმანებს,
ვიღლებით...ვშრომობთ და ლოდინით
ერთმანეთს ვულოცავთ მწვერვალებს_
მიღწეულს სიზიფეს ლოდივით,
რომელიც მოწყდება მთის ბოლოს,
დაქანცულ ტანს ოფლით ვისველებთ,
მთებიდან ქვამ უნდა იგოროს,
რომ მთაზე ავცოცდეთ ისევე.
ვყიდულობთ სიცოცხლის ყოველ წამს
ღიმილით. ..სისხლით და მარჯვენით,
და მაინც..როგორღაც... რატომღაც...
ვისჯებით სიზიფეს სასჯელით.
ვმარცხდებით...ვიმარჯვებთ... ვიცინით...
ბედი კი, შუბლზე, ჯვრად გვაცხია_
მშვენივრად ვხვდებით და ვიცით, რომ
სიკვდილი სიცოცხლის მარცხია.
ბოლოს კი...(კამიუ... შექსპირი...)
ვთანხმდებით- ("ყოფნა თუ არყოფნა?!")
ჩვენ გვიყვარს სიცოცხლეც, შეშლილი,
და მერე -სიკვდილთან მზადყოფნა!









საქართველოში

წვიმა წამოვა ჯერ  სინაზით, თავდავიწყებით,
ნელა, გაბმულად...მერე თქეშით...მეხით და მერე...
საქართველოში, ამ წვიმებზე, წერენ მოწყენით,
აქ, პოეტები, შენსავით და ჩემსავით წერენ!
მერე, მეფურად გაბრწყინდება, მალე, სულ მალე
გამონათდება, გაგვიცინებს ციდან და მერე...
საქართველოში, ასეთ მზეზე, წერენ მხურვალედ,
აქ, პოეტები, შენსავით და ჩემსავით წერენ!
იქ, სიშორეში, მჭვირვალდება მთები, ანაზდად,
გამოაჩენენ თავზე ქუდებს თეთრად და მერე...
საქართველოში, ასეთ მთებზე, წერენ ლამაზად,
აქ, პოეტები, შენსავით და ჩემსავით წერენ!
ლამაზი ქალი, პაემანზე, უკვე წავიდა,
კაცი მიუძღვნის, საუკუნოდ, თბილ გულს და მერე...
საქართველოში, სიყვარულზე, წერენ კრძალვით და...
აქ, პოეტები, შენსავით და ჩემსავით წერენ!
სამაჩაბლოზე, აფხაზეთზე - დარდზე, მთავარზე,
კალამ და თვალებ გამომშრალნი დგანან და მერე...
ისევ დავითზე, შოთაზე და მეფე  თამარზე,
ისევ წამებულ შვილებზე და დედებზე წერენ!
სხვისი კი არა, ჩემი ქვეყნის თბილი მზე მინდა!
მე ჩემი მყოფნის!  ჩემი მინდა!  ჩემი!  და მერე...
საქართველოში, სამშობლოზე, წერენ ცრემლით და...
საქართველოში, პოეტები, ჩემსავით წერენ!
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge