გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ტარიელ დათიაშვილი - კაფე ქარავანი

საათი წიკწიკებს. 
ჰორიზონტს აგურის კედელი ეფარება. 
არაფერი არ ხდება. ვიხსენებ ხიდზე გაგორებულ ქუდს. 
ვხედავ მას, ფინჯანში მზირალს,
კოვზით ხელში, 
გასროლილი ისარივით გაჭიმული წარბებით, 
ვანთებ ცეცხლს საკუთარ ქვაბში, 
ვკაწრავ კედლებს... 
მაგრამ არაფერი ხდება. 
ხმადაბალ, უჩუმარ სტვენას ჩემში 
მხოლოდ კედლის საათი 
და კოვზის წკარუნი ეხმაურება. 
დაღლილ თითებში იგი წკრიალებს როგორც
ოქროს ეჟვანი წყლის ფსკერზე.  

ოქტომბერი ხელის გულებს ითბობს 
ცხელ ფაიფურზე... 
დროდადრო მზერას გადმოატარებს ხოლმე, 
იცვლება დრო, 
სოფლის მდინარეში ვჩნდები,
მზერა წყალივით გადამდის თავზე, 
მდინარე მითრევს ფსკერისკენ, 
მე კი ჯიუტად ვეძებ ზედაპირს, 
ვცდილობ ხელით ვწვდე,
ჩევეჭიდო მის მზერას 
და წყლით ავსებული პირით დავიყვირო:
ედა!

ყელი კი თეთრ აბრეშუმში უტოკავს. 
მის თითებთან მარაოა დაკეცილი.
საუბრობს ქალთან, 
რომლის ზურგიც ფოლადივით უდრეკი და ცივია. 
თვალს არ აცილებს ფინჯანში შეტოკებულ სარკეს, 
მისი მარცხენა ხელის მტევანი და სიტყვები 
პალმის რტოსავით ირხევიან, 
ანდალუზიურ მხრებთან და
ჩემში ჩასახლებულ სიცარიელესთან ერთად. 

საათი წიკწიკებს. 
დროდადრო ვარსკვლავივით წყდება მზერა 
მის ჩაღამებულ თვალებს ისე, 
რომ სურვილის ჩაფიქრებასაც ვერ ვასწრებ. 
თუმცა სურვილები არც მაქვს. 
არაფერი არ ხდება, 
ერთი ფოთოლიც კი არ იძვრის ჩემში. 

ზოგჯერ მზერას უსახელო ღიმილიც  
მოჰყვება ხოლმე, 
მე მათ ვიღებ როგორც  
მეცხრამეტე საუკუნის ბარათებს 
და ვტოვებ გაუხსნელს. 
თეთრ სუფრაზე ამოქარგულ გვირილებში 
ხოჭოები ჩურჩულებენ: 
„თვალი ცისკენ გაქცეული დაფნისის და ქლოესი, 
არაფერი, მხოლოდ მზერა, უცხო, უახლოესი“...  

უცბად, კარი იღება,
მრგვალ, რიკულებიან კიბეზე მცოცავი ჩრდილები
ფინჯანში მოწკარუნე კოვზივით ტყდებიან
აგურის კედელზე.
მათი მოცინარი გამოსახულებები
სარკემ დარბაზში შემოაცილა.
ისინი პირდაპირ ჩემში განფენილ
სიცარიელეზე მოაბიჯებენ.
წინ თეთრქუდიანი მამაკაცი 
კოხტად შეკრეჭილ ბლანჟეს
და ყავისფერ ხელჯოხს მოათამაშებს.

ქალები ჩურჩულებენ.
ის, ვისი მტევნის რხევა
ქუჩაში ახმაურებულ მეგოფონის ხმასაც კი ფარავს,
ღიმილით იღებს ცხვირსახოცს.
მისი ღიმილი რაღაცას ცვლის.
საათი წიკწიკებს.
ახალმოსულებმა როიალს ჩამოუარეს,
ვიღაცამ კლავიშებს გაუსვა თითი.
ქალს წამიერად იქეთ გაექცა თვალი,
მე ჩაი მოვსვი...
მეტი არაფერი ხდება,
მუხებს არავინ აგლეჯს ტყეებს მკერდიდან
და მსოფლიო ვულკანებიც ღრმა ძილს მოუცავთ,
მხოლოდ ცოცხზე შემომჯდარი კუდიანი დედაბრის
ფიტული ირხევა აგურის თაღთან...

თავისუფლების მჭამელებით 
თანდათან ივსება ქუჩა...
გვერდით მაგიდაზე კი 
ფრთხილად ეხებიან ერთმანეთს
ჯერ კიდევ ვარდისფერი ნეკათითები.
თეთრქუდიანის მზერაც
სველი აბრეშუმივით ეტმასნება
ქალის მხრებს,
რომლებმაც წამით იმის ილუზიაც კი შემიქმნეს,
რომ რაღაც ხდება,
მაგრამ არაფერი ხდება,
ჩრდილების სიცილიც კი არაფრის მთქმელია,
არაფერს ამბობს გატეხილი სამარილეც,
რომლის ნამსხვრევებიც
ქვის ფილაქანზე მიმოიფანტა.
ყველა ძაბავს ყურთასმენას,
სუნთქვას იკრავს აგურის კედელი...
მაგრამ მარილი არაფერს ამბობს,
არაფერს ამბობს ღამეებზე,
არასოდეს რომ არ თენდებიან;
ფულზე, სიყვარულზე,
თავისუფლების მყიდველებზე
და გამყიდველებზე,
დასავლეთზე და აღმოსავლეთზე...
არაფერი არ ხდება,
მხოლოდ ფინჯანს ამოსდის ორთქლივით სული.

საათი წიკწიკებს.
ბუხრის წინ ისინი ჩილიმს შემოუსხდნენ.
ალუბლის არომატიანი თუთუნის გემო
სამუდამოდ მრჩება ენის წვერზე.
წამით აგურის კედლები ხარხარმა შემოირბინა.
წამით თითქოს ჭაღზე მიმობნეული
მოზაიკის კენჭებიც ათამაშდნენ,
ცახცახებენ წიგნის თაროები და
ძველის-ძველი ფოტოები კედლებზე.
მხოლოდ ის დგას გარინდული,
ტროსტით ხელში, თვალს არ ახამხამებს.
ქალს ხელის გულზე უდევს ნიკაპი...

საათი წიკწიკებს.
ქუჩაში ამაოდ აწვალებენ საზღვრებს,
არაფრისმთქმელი საგნების გვერდით
ისიც ამაოდ იღლება,
ვისაც ფოლადივით უდრეკი და ცივი ზურგი აქვს.
არაფერი არ ხდება,
ყველაფერი ხდება მხოლოდ წიგნებში,
რომლებიც აგურის კედელზე თრთიან.
ნიშნებიც ამაოდ ბორგავენ.
მას, უბრალოდ, ხელის გულზე უდევს ნიკაპი...

ცახცახებს მაგიდაზე შემოტარებული
მწვანე გუმბათიანი მუნდშტუკი,
ძლიერი, დაძარღვული ხელები
ხმამაღლალი სიცილით ებრძვიან სიჩუმეს
და იმას, რომ არაფერი ხდება.
არაფერი არ ხდება,
არავინ იფეთქებს თავს,
თვითმფრინავები ცელქობენ ცის თაღზე,
და ბევრის მნახველი ძელქვაც არაფერს ამბობს.

გარეთ უსაზღვრობაა,
რომელსაც მხოლოდ ერთი მერყევი
აგურის კედელი აკავებს,
მე კი დაუპატიჯებელი სტუმარი ვარ,
სადაც არაფერი ხდება,
უბრალოდ ვზივარ და უცნობი ქალის
გაყინული მზერის წამიერი მიტაცებით ვერთობი. 

კაცი კი თვალს არ ახამხამებს,
მთელი ძალით ბღუჯავს ყავისფერ ხელჯოხს.
მის წინ მიმტანი მოუთმენლად აკაკუნებს კალამს
ნაცრისფერ მუყაოზე.
ის რბილად ადებს ხელს მხარზე
წითელწინსაფრიან გოგონას,
ღიმილით უვლის გვერდს
და უახლოვდება ქალს,
ვისაც ხელის გულზე უდევს ნიკაპი
და არაფერი ესმის,
რადგან არაფერი ლაპარაკობს ირგვლივ,
გარდა მისი მხრებისა.

მე თვალს ვუსწორებ ასანთის ღერზე
მოცახცახე ცეცხლს და ფაქტს,
რომ ქალი მოულოდნელად კარგავს ხელს.
ის უცნობის ხელში გადადის.
სიგარეტს ვუკიდებ.
საათი წიკწიკებს.
ქალი ფრთხილად იბრუნებს ხელს,
ღიმილი ალმურივით ასდის სახეზე,
მისი ფურცელივით თხელი, სიფრიფანა ყური კი
იწყებს ცახცახს
მიახლოვებული ტუჩების ცხელ ორთქლზე.
ის თვალს ხრის
ჩურჩულის მაგიური ძალის წინაშე,
უცნობი კი ოდნავ ახებს ტუჩებს მის თმებს,
სწორდება,
უკრავს თავს,
მიდის როიალთან და
დიდ ხანს უყურებს კლავიშებს.

არაფერი არ ხდება.
სიგარეტის კვამლი ნელა მიიწევს ჭერისკენ.
არაფრისმთქმელია ჩემი სუნთქვა,
რომელიც ფსკერიდან ამოფრქვეულ
კვამლთან ერთად ხშირდება.
როგორც ყოველთვის დუმს ფაიფურიც,
ჩემსკენ პურივით გადმოსროლილი მზერა
და ქორბუდა ირმის თავი აგურის კედელზე.

მეზობელ მაგიდაზე ბავშვები
ღილივით აწყვეტენ ერთმანეთს მზერას,
დგებიან და ნეკათითებით გადაბმულნი
მიემართებიან კიბისკენ.
სარკესთან, სადაც სასმელების მდიდარი კოლექცია
იწონებს თავს, ნაბიჯს ანელებენ.
იქვე მაგიდაზე გადაშლილ
შთაბეჭდილებების უზარმაზარ წიგნზე
გოგონას გრძელი, ხშირი თმა იყრება... 

უცბად, დუმილი ირღვევა.
ეს მოულოდნელი კოცნასავით იყო.
სამადსამი დაბალი ბგერა ათამაშდა
აგურის კედლებში.
მე ფინჯანზე გამეკრა ხელი!
ჩაის წვეთები მუსიკას აჰყვნენ
თუთუნის არომატით გაჟღენთილ სარკეში...
მე ასოზე დავისვი ხელი...
ჯანდაბა, არაფერი ხდება.
აგურის თაღთან ცოცხზე მოქანავე
დედაბერი იცინის.
შარვალზე სუფრის კალთას ვიფარებ...

მზერა უკანასკნელი ფოთოლივით ირხევა
ქალის შიშველ მკლავზე,
თანდათან ის ხდება გამჭვირვალე
და უძლური.
სახეზე ნელ-ნელა ეფინება
მუსიკის მომენთავი ალი.
მის მიმიკებს აღარ ამშვენებს ჩუმი ამოსუნთქვები.
მზერა მთვარესავთ იმალება მაგიდის ქვეშ,
მერე ნელა გადადის ზღვასავით შორ შუბლზე...
ის გამჭვირვალე თითებში მალავს სახეს.
ისმის ფოლადისზურგიანის ჩუმი დაძახილი:
„ეთი!“
თვალებს ახამხამებს,
ნესტოები ებერება,
ხარბად ისუნთქავს ღაწვებზე მოალერსე ბგერებს...

მე სიგარეტს ვიღებ
ჯერ კიდევ სველი თითებით.
არაფერი ხდება შემთხვევით,
არც უმიზეზოდ,
რადგან არაფერი ხდება.
ცა ისევ მყარია, მიწა - ფხვიერი,
ქუჩაში დროშები ფრიალებენ,
სოფლის ჩრდილები ლოცულობენ მეგოფონებში,
ისრაელი და ფილისტიმელები
ისევ ხოცავენ ერთმანეთს!
ყველაფერი ძველებურად მიდის,
არაფერი ხდება,
მხოლოდ როიალის წკაპუნს აყოლილი
მუხის კარის სუნთქვა ისმის შემოსასვლელიდან. 

ქალიც დანაღმული ველივით ბიბინებს.
მუსიკა წვეთავს ჭერიდან, 
კედლებიდან, წიგნებიდან, 
კუდიანი დედაბრის ღიმილიდან.
კაბა უსველდება თეძოებზე,
ფეხებს შორის ვარდისფერი ორთქლი წვება.
მარაოს შლის და აწითლებულ შუბლს ინიავებს...

არაფერი ხდება.
არ ძინავს ამერიკას!
მისი ძუძუებიც იზრდებიან ჩემს თვალწინ,
გულისპირი ვეღარ ასრულებს
თავის თანდაყოლილ მისიას.
ერთმანეთს ნელნელა ცილდებიან
მიტყუპებული მუხლისთავები.
ფეხებშუა სამყარო დუღს.
თრთიან კაბის ნიკბები.
კედლებში მიმალული ორგაზმის ჩრდილი
ავაზასავით არხევს კუდს...

მე კარგად ვიფარებ
გვირილებიანი სუფრის ბოლოებს შარვალზე.
ფეხებს შუა მოქცეული სამყარო კივის:
არაფერი ხდება!
არაფერი ხდება არსად,
და არც ყველგან ხდება არაფერი,
დანაღმულ მინდვრებზე ძოვენ ბალახს 
ძროხები ჩვენი,
ბილიკები აყრილია ასაფრენი,
სხვა კი, ყველაფერი მელანს მიაქვს, დანარჩენი... 

მუსიკა წყდება.
საათი წიკწიკებს.
თეთრქუდიანი ცდილობს ააწყვიტოს თითები 
ჯერ კიდევ ცხელ კლავიშებს.
მუსიკის ამორფული ბგერებიც
უგონოდ ხტიან აგურის კედლებზე,
ისინი ჟღერენ
როგორც გაუჩინარებული ზარები.
დასწყევლოს ღმერთმა ცისკრის ვარსკვლავი 
და ასტროლოგიის მომგონი,
არაფერი ხდება...
ქალი, ფეხის წვერებზე მოცეკვავე წარბებით, 
აბრეშუმივით ისუნთქავს გამქრალ ბგერებს.
თეთრქუდიანი საკუთარ ჩრდილს ეხლართება.
ქალის მუხლებიც
კიდევ უფრო ცილდებიან ერთმანეთს...

თითს ვუქნევ წითელწინსაფრიან გოგონას,
ის ზურგზე იგდებს ნაწნავს
და მაგიდაზე ძველისძველ ზარდახშას დებს.
ზარდახშის ნაქსოვი სიღრმიდან მტვერი იფანტება.
თეთრქუდიანი ამაოდ იზნიქება მის მხართან,
ქალი ისევ მუსიკასთან წევს...
ხურდას ვყრი ზარდახშაში...
საათი წიკწიკებს...

აღმოსავლეთი ჩვენი წარსულია,
დასავლეთი მომავალი,
ჩვენ მათი აწმყო ვართ,
თოვლიანი უდაბნო,
მსოფლიოს ლაჯებშუა,
თვალუწვდენ ღრმულში, შავ ორმოში,
სადაც არაფერი ხდება.
ოკეანის კლდეებში ამაოდ გატრუნულან
ატომური ნავები.
არაფერი არ ხდება...

არ ვიცი, მისი ხელი ვის უჭირავს და
რას ჩურჩულებენ მის თლილ ყურში...
გასასვლელისკენ ვიხედები.
სარკეზე დიდი წიგნის ანარეკლი დაფარფატებს.
ვიღებ კალამს, ხელის ცახცახით,
ვწერ:
„არაფერი ხდება“.
არაფერი, უკუნითი უკუნისამდე...
კიბეზე საკუთარ ფეხის ხმას ავყევი.
ქუჩაში სუფთა ჰაერს ვეძებ...
დროშებში ვიკარგები...скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge