გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

მამუკა სურმავა - ექსისტენციალიზმი ადამიანისა და თავისუფლების შესახებ

            ადამიანისა და თავისუფლების თემაზე საუბარი შეუძლებელია, მაგალითად, XIX საუკუნიდან მაქს შტირნერის, მიხეილ ბაკუნინისა და ფეოდორ დოსტოევსკის, ხოლო XX საუკუნიდან ნიკოლაი ბერდიაევისა და პოლ სარტრის გარეშე.            რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, რაღაც ასპექტით ადამიანი ყოველთვის არათავისუფალია ანუ „მონაა“. და ვითარება სრულიადაც არ არის ისე, თითქოს შეუძლებელია, ადამიანს თავისუფლება არ სურდეს. სინამდვილეში იოლია იმის წარმოდგენა, რომ მონა მონობას ესწრაფვის. სხვა საქმეა, რომ ამისდა მიუხედავად, ადამიანი ფუნდამენტური აზრით მაინც თავისუფალია. ამ მხრივ სავსებით ლოგიკურია, რომ თავისუფლებას უამრავი ხელოვანი უმღეროდა. საილუსტრაციოდ შეგვიძლია გავიხსენოთ „მარსელიოზა“, დელაკრუას ცნობილი ნახატი „თავისუფლება ბარიკადებზე“ (1830) და ხელოვნების სხვა მრავალი ქმნილება.
            მაგრამ მოდით, მაინც ჩავეძიოთ, რამდენად ფუნდამენტურია ადამიანისათვის თავისუფლება. არცერთი ჩვენთაგანისათვის ისიც კი არ უკითხავს ვინმეს, სურდა მას დაბადება თუ არა. ყოველი ადამიანის გაჩენა თხემით ტერფამდე არათავისუფლებით არის გაჟღენთილი. ამას დავუმატოთ ისიც, რომ ჩვენ ამ ქვეყანაზე მოვდივართ გარკვეული სხეულით, ფსიქიკური თავისებურებებით, ამა თუ იმ სქესით, ეროვნებით, სხვადასხვა შეძლების, სტატუსის და ა. შ. ოჯახში ისე, რომ არცერთი ეს გარემოება ჩვენთან არავის შეუთანხმებია. ისინი ჩვენ არ აგვირჩევია. რაზე მეტყველებს ეს? იმაზე ხომ არა, რომ ადამიანს არათუ სრული თავისუფლება, არამედ საერთოდ თავისუფლებაც არ გააჩნია?! გნებავთ, არ სჭირდება?! 
            აქ უპრიანია გავითვალისწინოთ, რომ როგორც დიაქრონიულ, ისე სინქრონიულ განზომილებაში თავისუფლების სხვადასხვა გაგება არსებობს. ასე მაგალითად, ძველ საბერძნეთში, სადაც ძალიან მოსწონდათ ის, რომ ისინი თავისუფალი ადამიანები იყვნენ, თავისუფლება პოლიტიკურ, სამოქალაქო თავისუფლებას ნიშნავდა. შუა საუკუნეებში თავისუფლება, ერთი მხრივ, ღმერთის წყალობად, ღვთაებრივ მოვლენად განიხილებოდა, მაგრამ მეორე მხრივ, ადამიანის დაცემის მიზეზადაც ითვლებოდა. თავის მხრივ, რეფორმაციას ის რწმენის, „ბიბლიის“ ინტერპრეტაციის თავისუფლებად წარმოუდგებოდა. უწინარესად სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ რელიგიის თავისუფლებას პოსტულირებდა ჰენრიხ IV-ის ნანტის ედიქტი, რომელიც პროტესტანტებისა და კათოლიკების თანასწორობას ამკვიდრებდა. რაც შეეხება ახალ დროს, მის ფარგლებში განმანათლებლებისათვის თავისუფლება აზროვნების, სიტყვის თავისუფლებად, ხოლო რომანტიკოსებისათვის გრძნობების, ემოციების, საკუთარ თავად ყოფნის თავისუფლებად გადაიქცა.
            ამ მცირე ისტორიული ექსკურსის შემდეგ, თუ საკითხის თეორიულ მხარეზე გადავალთ, თავისუფლების კონცეფციების მხრივ ორი პოზიცია შეიძლება გამოიყოს:
1) დეტერმინისტული. მის არსს კარგად გამოთქვამს მარქსის სიტყვები, რომელიც მან ჰეგელისაგან, ჰეგელმა კი სპინოზასაგან ისესხა: თავისუფლება შეცნობილი აუცილებლობაა (ასეთი სახით დასახელებულ მოაზროვნეებზე ადრე თავისუფლება ჯერ კიდევ სტოიკოსებმა გაიგეს). ასეა თუ ისე, დეტერმინიზმისათვის სამყაროში რკინის აუცილებლობა ბატონობს. ადამიანი ვერაფერს შეცვლის. თავისუფლება მხოლოდ და მხოლოდ შემეცნების თავისუფლებაა. ის იმაში მდგომარეობს, რომ შესაძლებლობა გვაქვს დავინახოთ და მივიღოთ ჩვენი ხვედრი. გამომდინარე აქედან, თავისუფლება არცერთ შემთხვევაში არ არის ადამიანის ნების თვისება. ე. ი. მხოლოდ გვეჩვენება, სინამდვილეში კი არ არსებობს შინაგანი ენერგიით აღძრული ვოლუნტარული აქტი. ჩვენ, ადამიანებს, შეგვიძლია, უბრალოდ, გონებით მივიღოთ რკინის აუცილებლობა და დავყვეთ მას, თორემ იგივე მოგვივა, რაც ეტლზე გამობმულ ძაღლს: თუ გავუძალიანდებით, როცა ეტლი დაიძვრება (ანუ აუცილებლობა ამოქმედდება), ფეხებს გავასავსავებთ, ის მაინც წაგვათრევს და მხოლოდ იმას მივაღწევთ (ისიც საუკეთესო შემთხვევაში), რომ სასაცილო გავხდებით. აი, ამ დეტერმინისტული პოზიციიდან იღებს სათავეს ჯორჯ ორუელის პარადოქსული გამონათქვამი რომანში „1984“: თავისუფლება - ეს მონობაა. ამგვარი ფორმულით დიდი ინგლისელი მწერალი თავისუფლების ფატალისტურ კონცეფციაზე პაროდირებდა,
2) რაც შეეხება კიდევ ერთ პოზიციას, მის თანახმად თავისუფლება შეცნობილი აუცილებლობა კი არა, შეცნობილი შესაძლებლობაა. ცხადია, ამგვარი მიდგომა არ გამორიცხავს დეტერმინისტულ პოზიციას - (მის მიერ გაგებული სახით) თავისუფლება კვლავ შეიძლება შეეჩეხოს აუცილებლობას, მაგრამ სპეციფიკური (არადეტერმინისტული) თვალსაზრისით. სახელდობრ, ამ შემთხვევაში ითვლება, რომ თავისუფლება, უბრალოდ, აუცილებლობების ლაბირინთში იკვალავს გზას, თანაც შესაძლებლობებიც არ არის განუსაზღვრელი. და მაინც, აღნიშნული მიდგომისათვის სამყაროში მკაფიოდ იკვეთება თავისუფლების არსებობის ფაქტი, რომელიც, მართალია, კვლავ შემეცნებაზე „გადის“, მაგრამ შესაძლებლობების და არა აუცილებლობის.
            აღსანიშნავია პიკო დელა მირანდოლას მიერ თავის ერთ-ერთ თხზულებაში მოყვანილი იგავი. დიდი იტალიელი ჰუმანისტი წერს, რომ ღმერთმა, ადამიანის გარდა, ყველა არსებულს სამყაროში თავისი ადგილი მიუჩინა. რაც შეეხება ადამიანს, მას შემოქმედმა თავისუფლება მიანიჭა ანუ ისეთ არსებად შექმნა, რომელსაც სხვა არსებულთაგან გამორჩეული თვისება აქვს: შეუძლია საკუთარი ხელებით შექმნას საკუთარი თავი.
თუ ზემოთ მოყვანილ დახასიათებას დავუკვირდებით, გამოდის, ადამიანს უნიკალური ბუნება აქვს. იგი ისეთი არსებულია, რომელსაც თავისი ვინაობა, მეტიც, არსებობაც კი პრობლემად აქვს მოცემული.  ამ თავისებურების გამო ზოგიერთი მოაზროვნე ადამიანურ არსებობას ტანჯვასთან აიგივებს, ზოგიერთი - ბედნიერებასთან. ამის საფუძველი იოლად გასაგებია. თავად განვსაჯოთ: კატა არ კითხულობს, რა იყოს. მის წინაშე არ დგას პრობლემა, კატა იყოს თუ სხვა ცხოველი. მაგრამ ადამიანი?! ადამიანი იმდენად განსხვავებულია ცხოველისაგან, მისი ყოფნის ამპლიტუდა იმდენად აღემატება ცხოველურს, რომ მას ისიც კი შეუძლია იკითხოს, საერთოდ იყოს თუ არა.
ადამიანს შეუძლია იპოვოს კიდეც და დაკარგოს კიდეც საკუთარი თავი. ესპანელი სიცოცხლის ფილოსოფოსი ხოსე ორტეგა-ი-გასეტი ამბობდა, რომ ვეფხვს არ შეუძლია დე-ვეფხვიზირება, ადამიანს კი შეუძლია დე-ადამიანიზირება (ე.ი. დეჰუმანიზირება). ვეფხვი ყოველთვის ვეფხვია. ამაშია მისი ჰარმონია. ის სულ ჩაწერილია ლანდშაფტში. ადამიანს კი, ცხოველის საპირისპიროდ, შეიძლება დაეკარგოს თავი - ვერ მოახერხოს საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება.
სხვაგვარად, თავისუფლება ადამიანის გულისგულია. ადამიანი არ არის ნივთი, საგანი. იგი ექსისტენციალია. ექსისტენცი სწორედ ისაა, რაც არ არის ნივთი. ადამიანი არ გახლავთ ტოტალურად დეტერმინირებული. იგი აბსოლუტური აზრით არც არაფრიდან „გამოიყვანება“ და არც არაფერზე „დაიყვანება“ (როგორც მიზეზის შედეგი). ამის გათვალისწინებით, მაგალითად, ბერდიაევი, სარტრი და შტირნერი ადამიანს არა-რა-ს უწოდებდნენ. ეს იმიტომ (კიდევ ერთხელ გავიმეორებთ), რომ თვლიდნენ: ადამიანი ნივთი არაა, ნივთი, რომელიც რა-ას წარმოადგენს. და თუ ეს ასეა, მაშინ გამოდის, ადამიანი არარაა არა იმ აზრით, რომ არარაობად, სიცარიელედ გვევლინება, არამედ იმ აზრით, რომ თავისუფალია, არადეტერმინირებულია. ეს ასეც შეიძლება ითქვას: ადამიანი შემოქმედებითი არარაა, საიდანაც უამრავი რამ იბადება, მათ შორის, თავად ისიც. აქ უპრიანია გავიხსენოთ ნიცშეს დეფინიცია, რომლის თანახმადაც ადამიანი არდასრულებული ცხოველია. ეს აზრი პირდაპირ ეხმიანება ადამიანის ბუნების ახლახან შემოთავაზებულ განსაზღვრებას. აშკარაა, დიდი გერმანელი ფილოსოფოსიც (იმ განსაზღვრების) მსგავსი ხედვიდან ამოდის. კიდევ უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ნიცშეც კონკრეტულ რა-ს ვერ ხედავს ადამიანში. ასე რომ ყოფილიყო, მაშინ ადამიანი იქნებოდა უბრალოდ ცხოველი, რასაც პრინციპულად გამორიცხავს დიდი გერმანელი ფილოსოფოსი. შესაბამისად, იგი იძლევა ადამიანის დეფინიციას იმის გარეშე, რომ შემოფარგლოს მისი ბუნება გარკვეული თვისებებით. ნიცშეს აზრით, ადამიანის არსება (ბუნება) ისაა, რომ იმთავითვე დაუდგენელი, მოუცემელია. ინდივიდმა თავისი ხელით უნდა შექმნას ის (ე. ი. საკუთარი თავი).
            ადამიანისათვის ფუნდამენტური ყოფნის ამგვარ წესში განსაცდელია დავანებული. ჩვენ იმ ქვას ვგავართ, რომელიც სამიზნისაკენ გაისროლეს, მაგრამ ჯერ კიდევ უცნობია, მოხვდება მიზანს, თუ არა. გაურკვეველია, რაიმე გამოვა ჩვენგან, თუ ამაოდ დავშვრებით და უსახურობაში ჩაძირულნი განვქარდებით. ეს არც არის გასაოცარი: ადამიანს ხომ, როგორც უკვე ვთქვით, არა აქვს იმთავითვე განსაზღვრული ბუნება (როგორც ნივთებს, სხვა არსებულებს), არამედ - თავისუფლება და მთელი მისი ცხოვრება საკუთარი ვინ-აობის (და არა - რაობის) ძერწვა-ფორმირებაა.
შეიძლება კარგიც ყოფილიყო, რომ დაბადებულიყვნენ ბავშვები მზარმზარეული ბუნებით, ანუ თითქოსდა ზედ დაკრული ბირკებით: ბოროტმოქმედი, კეთილი, ბრძენი და ა.შ. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ან „გავგუდავდით“ მათ ან ხელის გულზე დავისვამდით, მაგრამ ასე ხომ არ არის?! ჩვენ არ ვიცით, ვინ იქნება მომავალში ჩვილი. ბოლოს და ბოლოს, „ბირკითაც“ რომ მოგვევლინოს, იგი მაინც შეიძლება შეიცვალოს. შეიძლება შეიცვალოს, რადგან ასეთია ადამიანის უსაკუთრივესი ბუნება. ადამიანი მთელი ცხოვრების მანძილზე იცვლება; იცვლება გარდუვალად, საკუთარი განუსაზღვრელი ბუნებიდან გამომდინარე ანუ იცვლება, რადგან შეუძლია შეიცვალოს - თავისუფალია.
აქ თავისუფლება იმას გულისხმობს, რომ ადამიანი არ არის რაღაც ფიქსირებული სიდიდე ყოფიერებაში, არამედ დისჰარმონიული და ამოვარდნილია ნივთობრივი წესიდან და რიგიდან. სხვაგვარად რომ ვთქვათ (ფუნდამენტური აზრით), ადამიანს მის გარეთ არსებული წესრიგი როდი განსაზღვრავს. იგი თვითდეტერმინირებულია; და სწორედ აქედან იღებს სათავეს ყველა მისი განსაცდელი: ფრუსტრაცია, ტანჯვა, პასუხისმგებლობა, სინანული და სხვ.
            ადამიანის ამ სპეციფიკაზე ლაპარაკი სხვადასხვა ტერმინების, სხვადასხვა ფილოსოფიური ენის ბაზაზე არის შესაძლებელი. მაგალითად, შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ ადამიანს ღვთაებრივი ბუნება აქვს, იგი ზებუნებრივი არსებაა და სხვ. ნებისმიერი „ლინგვისტიკის“ შემთხვევაში მთავარი, რაც უნდა გვახსოვდეს, ისაა, რომ ადამიანი ერთგვარი ხვრელია ყოფიერებაში ანუ ისეთი „რაღაც“, რაც (თავისი არანივთობრიობიდან გამომდინარე) განუსაზღვრელია. ისევ სარტრი რომ მოვიშველიოთ, ადამიანი არის ის, რაც არ არის და არ არის ის, რაც არის. სავარაუდოდ, სარტრის ეს პარადოქსული აფორიზმი, რაც არ უნდა ბუნდოვანი იყოს ერთი შეხედვით, მაინც გასაგებია. მასში იმაზეა ყურადღება გამახვილებული, რომ ჩვენ, ადამიანებს, არა გვაქვს ის, რაც პლატონიდან მოყოლებული იდეებად (არსად) იწოდება (როგორიცაა, მაგალითად, სკამობა, მაგიდობა, ხეობა და სხვ.). არა გვაქვს, რადგან ჩვენ ერთდროულად „ყველაფერიც“ ვართ (პოტენციაში) და არაფერიც. ამას პირდაპირ მივყავართ ექსისტენციალიზმის იმ ცნობილ ფორმულასთან, რომ ჩვენ უწინარესად არსებობა (ექსისტენცი) ვართ და არა რაობა (ესენცია). ე.ი. ადამიანში რაობას არსებობა უსწრებს წინ, ის თავისუფალია, საკუთარ თავს თავად აპროექტირებს, ნივთთა რიგიდან ამოვარდნილი.
            მოკლედ, ადამიანთან დაკავშირებით შეუძლებელია თავისუფლებაზე არ ვილაპარაკოთ. მართალია, ეს არ გულისხმობს აბსოლუტური თავისუფლების შესახებ მსჯელობას - ის ადამიანური ყოფნის მიღმა დგას, მაგრამ ფილოსოფიური ანთროპოლოგიისათვის თავისუფლება მაინც ადამიანის ფუნდამენტური ონტოლოგიური მახასიათებელია.
            მოცემულ კონტექსტში, თუ ექსისტენციალისტებიდან უკან მივბრუნდებით, აუცილებელია ორიოდე სიტყვა ითქვას იმანუილ კანტზე. კენინგსბერგელი გენიოსი ხაზს უსვამდა ადამიანის გაორებულობას, იმას, რომ ადამიანი ერთდროულად ორ სამყაროს ეკუთვნის - მოვლენების და ნივთი თავისთავადის, ბუნების და თავისუფლების. რაზეა აქ საუბარი? კენიგსბერგელი გენიოსი თვლიდა, რომ გარკვეული აზრით, ჩვენ ბუნების ანუ დეტერმინაციით გამსჭვალული რეალობის ნაწილი ვართ და ამას ვერ გადავახტებით. ადამიანი ვერ უგულებელყოფს თავის ცხოველურ, სოციალურ ბუნებას, მისი არსებობის ამ ასპექტებთან დაკავშირებულ კანონზომიერებებს. მაგრამ, ამის გარდა, ჩვენში არის გარკვეული ნაშთი (ნა-რჩენი) ანუ მართალია, ჩვენ ვართ სხეული, ჯანმრთელი ან ავადმყოფი, ქალი ან კაცი და ა.შ., მაგრამ, ამასთან ერთად, ისეთი რამეც გვაქვს ჩვენს არსებობაში, რომ მისი წყალობით თავისუფლების სამყაროსაც მივეკუთვნებით. ადამიანის ამ იდუმალ პლასტზე კანტი ეთიკით „გადის“. იგი ამბობს: თავისუფლების დასაბუთება არ შეიძლება, მაგრამ თავისუფლება რომ არ ყოფილიყო, ზნეობა არ იქნებოდა. რატომ? ძალიან მარტივად. თავისუფლების გარეშე წარმოუდგენელია სუბიექტურობა, პასუხისმგებლობა, არჩევანი, ხოლო ამათ გარეშე არ არსებობს სიკეთე და ბოროტება. მოვიყვანოთ მაგალითები: რას ვიტყვით მიზიდულობის კანონზე - ცუდია ის თუ კარგი? რისი თქმა შეგვიძლია კატის შესახებ იმის გათვალისწინებით, რომ მან თაგვი შეჭამა? საერთოდ, შეიძლება ან პირველ ან მეორე საკითხზე ეთიკურ კატეგორიებში ლაპარაკი?! ვფიქრობთ, ყველასათვის თვალსაჩინოა, რომ კითხვა რიტორიკულია. მასში ნეგატიური პასუხი თავისთავად იგულისხმება. დასახელებული მოვლენები ხომ ბუნებრივი მოვლენებია[1], მაშინ, როდესაც ადამიანის არსებობაში ყველაფერი სხვაგვარადაა. წარმოვიდგინოთ, სასამართლო დარბაზში ვართ. პროცესი მკვლელობას ეხება. ვთქვათ, წამოდგა მკვლელის ადვოკატი და განაცხადა: „დიახ, ჩემმა კლიენტმა მოკლა დაზარალებული, ის სწორად გახლავთ ბრალეული, მაგრამ დამნაშავე არ არის, ვინაიდან ძალიან ცუდ გარემოში გაიზარდა. სინამდვილეში, დაზარალებული სოციალურმა სინამდვილემ მოკლა და არა თქვენს წინაშე მჯდომმა ადამიანმა, რომელსაც მკვლელს უწოდებთ“. განა ასეთი მსჯელობა მისაღებია?! ამ მაგალითიდან ნათლად ჩანს, რაოდენ ფუნდამენტური როლი უკავია თავისუფლებას ადამიანის ცხოვრებაში. ხომ აშკარაა, რომ  თუ ჩვენ უარვყოფთ იმას, რომ ის[2] ადამიანის ონტოლოგიური მახასიათებელია[3], რეალურია, მაშინ (გვინდა ეს, თუ არ გვინდა) იძულებული ვიქნებით უარვყოთ ყოველგვარი ეთიკა, არჩევანი, ადამიანის ღირსება. მორალის თვალსაზრისით - თვლის კანტი - ადამიანი ზე-ბუნებრივი არსებაა. იგი ზე-ნივთი, „ნივთი-თავისთავად“, ვინ-აა, რომელიც აღ-მატებულია ყველა მოვლენაზე (კანტიანური აზრით) ანუ ბუნებაში მოცემულ ნებისმიერ ობიექტზე.
            კანტის თვალსაზრისის ლოგიკური გაგრძელება იქნება, თუ ვიტყვით, რომ ადამიანი არ არის (მხოლოდ) „ბალახის ღერო“, რომელსაც  „ქარი თავის ნებაზე არხევს“. იგი ამაზე განუზომლად მეტია. მას სამყაროს ცენტრი თავის თავში აქვს - ღირსება გააჩნია. ადამიანი არ არის არც რობოტი. ასე რომ ყოფილიყო, იგი შეიძლებოდა დამტვრეულიყო, მწყობრიდან გამოსულიყო. ამასთან ერთად, პრინციპში, მისთვის უცხო იქნებოდა სიცოცხლეზე ნებით უარის თქმა, მაშინ, როდესაც ადამიანს შეუძლია სუიციდის ჩადენა, ან კიდევ, მავანისათვის საკუთარი მოკვდინების დანებება. გავიხსენოთ: სოკრატემ დალია ცეკუტი[4], თუმცა შეეძლო თავი გამოესყიდა. ქრისტე ავიდა გოლგოთაზე, თუმცა შეეძლო თავისთვის ეშველა. ასევე მოიქცა იანუშ კორჩაკიც: გაჰყვა თავის ებრაელ აღსაზრდელებს გაზის კამერაში, როცა შეეძლო თავისი გზით წასულიყო და სიცოცხლე შეენარჩუნებინა. კაცობრიობის არსებობის მანძილზე კიდევ არაერთმა პიროვნებამ გადადო თავი მიუხედავად იმისა, რომ ისინი „ბუნების შვილებიც“ იყვნენ და ყველა მათგანში მძლავრად ფეთქავდა თვითგადარჩენის ინსტინქტი, რომელიც მათ  საწინააღმდეგოს კარნახობდა. 
            ცხადია, ამგვარი ქცევა პანაცეა არ გახლავთ. მართალია, ადამიანს აქვს (უფრო სწორად, შეუძლია ჰქონდეს) ღირსება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ადამიანი ყოველთვის ღირსეულად იქცევა. როგორც გამოცდილება ცხადყოფს, ერთნაირ ვითარებაში ერთი ადამიანი ხდება მოღალატე, ხოლო მეორე - არა, ერთი ღირსეულად მოქმედებს, მეორეს კი სულმდაბლობა სძალავს. გავიხსენოთ გენიალური დრამატურგის, შვარცის პიესა „დრაკონი“. მასში არის შემდეგი ეპიზოდი: ლანცელოტი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში დრაკონის მოკვლის შემდეგ მიდის გათავისუფლებულ, მაგრამ თავისუფლებისათვის მოუმზადებელ ქალაქში, სადაც მის შესახვედრად გამორბის ერთ-ერთი მთავარი ნაძირალა - ბურგომისტრის ვაჟი ჰენრიხი. იგი მუხლებზე ეცემა რაინდის წინაშე და სინანულით აღსავსე სიტყვებით მიმართავს მას: „ჰოი, ლანცელოტ, დიახაც მრავალ სისაძაგლეს ჩავდიოდით, მაგრამ რა გვექნა, ჩვენ ასე გვზრდიდნენ, ამას გვასწავლიდნენ“. ლანცელოტის მისდამი პასუხი მოულოდნელი და მრავლისმთქმელია: „დიახ, გასწავლიდნენ... ყველას ასწავლიდნენ, მაგრამ რატომ მოხდა, რომ მოსწავლეთა შორის შენ პირველი იყავი, ღორო?!“ პიესის გმირის ეს აზრი რომ განვმარტოთ, აუცილებელია ითქვას, რომ რაც არ უნდა უღირს გარემოში უხდებოდეთ ადამიანებს ცხოვრება, რაც არ უნდა მძლავრად უბიძგებდნენ მათ ცუდი ზნისაკენ,  ადამიანებს შეუძლიათ  და (მათ) აუცილებლად უნდა ჰკითხონ თავს: მართალია, ცუდს გვასწავლიან, მონსტრებად გვზრდიან, მაგრამ თავად ჩვენ რა უნდა ვისურვოთ და როგორ უნდა ვიმოქმედოთ ასეთ ვითარებაში - ვიბეჯითოთ „სწავლაში“ და პირველები გავხდეთ თუ უარი ვთქვათ ამაზე და „მაჩანჩალობა“ ავირჩიოთ? არ დაგვავიწყდეს სარტრის სიტყვები, რომელთა თანახმადაც, მართალია, ჩვენ არ ვირჩევთ დროს, რომელშიც ვცხოვრობთ, მაგრამ ვირჩევთ ჩვენს თავს ამ დროში. გავიხსენოთ მისი ის გამონათქვამიც, რომ მთავრია არა ის, რა გააკეთეს სხვებმა ინდივიდისაგან, არამედ რა გააკეთა ინდივიდმა იმისაგან, რაც გააკეთეს მისგან სხვებმა. გარკვეულწილ, ჩვენ ყველანი პროდუქტები ვართ ბიოლოგიური, სოციოლოგიური, ქიმიური და ვინ მოთვლის, კიდევ რა კანონზომიერების არა, მაგრამ ამავე დროს ამოვარდნილიცა ვართ სამყაროს დეტერმინაციული ჯაჭვიდან. ამის გარეშე არ არსებობს ის, რასაც ადამიანური ჰქვია სამყაროში. ამ აზრითაა, რომ ადამიანში მოცემული ადამიანური (თუ მას ბუნების კონტექსტში შევხედავთ) ერთგვარი ნაშთი[5],სიჭარბეა, ბუნების მიღმა მყოფი და აუცილებელი მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვიდან ამოვარდნილი. თავისი უსაკუთრივესი თვითობით ადამიანი ბუნების ნაწილად ყოფნაზე მეტისთვისაა მოწოდებული - აზროვნებისთვის, რწმენისთვის, შემეცნებისათვის, ზნეობისთვის და სხვ.
თავისუფლება ერთგვარი ფუფუნებაა სამყაროში. ის ზე-ბუნებითი მოცემულობაა. თავისუფლების საპირისპიროდ, ბუნების (ნივთობრივი არსებობის წესის) გაგრძელებაა ცხოვრების დინებას მიყოლა, მორჩილება, აღმატებულ ძალას დაქვემდებარება. თითქოსდა დიდ ისტორიულ ძალებს, სოციალურ „დაწოლებს“ წინ ვერაფერი უნდა დაუდგეს. თითქოსდა ადამიანი ასეთ ვითარებებში ბუნების რიგით ნაწილს უნდა წარმოადგენდეს, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ ასე არ არის! მაგალითად, არიან მონები, რომლებიც „ამოვარდებიან“ ხოლმე იძულების, სოციალური აუცილებლობის ამ ჯაჭვიდან და... ჯანყდებიან. ხომ ფაქტია, რომ ჩნდება ხოლმე „იგი“[6], თავს იჩენს პროცესები, რომლებიც აღარ ზის მოვლენათა ჩვეულ მდინარებაში, ბუნებრივ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებში. აი, ამ დროს კონსტრუირდება ჭეშმარიტი აზრით ისტორია - ადამიანური სინამდვილე და ეს ხდება სწორედ იმის გამოისობით, რომ ასპარეზზე გამოდიან პასიონარული პერსონები, რომლებიც ქმნიან ისტებლიშმენტს და იწყებენ დინების საწინააღმდეგო მიმართულებით ცურვას, რაც იდეით მოტივირებულ თავგანწირვასთან არის დაკავშირებული ანუ არაინერციულ, არაბუნებრივ ხდომილებად წარმოდგება.
            აქ აუცილებელია ერთი ფილოსოფიური ტერმინის შემოტანა. მხედველობაში გვაქვს ტერმინი „შუაგულური“, რომელიც ადამიანის დახასიათების დაზუსტების შესაძლებლობას გვაძლევს . ექსისტენციალისტების აზრით,  ადამიანი შუაგულური არსებაა, საპირისპიროდ ცხოველისა, რომელიც მთლიანად ჩაწერილია ბუნებრივ ლანდშაფტში. რატომ შუაგულური არსება? ამგვარი დეფინიციის საფუძველს ექსისტენციალისტები იმაში ხედავენ, რომ ადამიანი ონტოლოგიურად (ე.ი. არსებობის წესით) ღმერთისა და ბუნების „შუაშია“. ე.ი. თუ ღმერთი ზეციურია, აბსოლუტურად თავისუფალი, ხოლო ბუნება - „მიწიერი“ ანუ სრულად დეტერმინირებულ მოვლენათა რიგი, ადამიანი ერთდროულად ზეცისაც არის და მიწისაც. სხვა სიტყვებით, ერთი მხრივ, ადამიანს, როგორც თავისუფალ არსებას, შემოქმედების უნარი აქვს, აღბეჭდილია შინაგანის პრიმატით გარეგნულზე, შესაძლებლობისა - სინამდვილეზე, ხოლო მეორე მხრივ, ადამიანის თავისუფლება, მისი სასრული ბუნების თანაზომადია და არ გახლავთ აბსოლუტური, რაც გარკვეული ასპექტებით ადამიანის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებში ჩართულობას მოასწავებს.
            აღნიშნულის ფონზე მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ გაესვას ხაზი იმ გარემოებას, რომ ადამიანი, ამ სიტყვის უსაკუთრივესი აზრით, სწორედ თავისუფლებაა. ამაზე აპელირებს არაერთი დიდი ფილოსოფოსი, მაგალითად, სარტრი, კამიუ, მარსელი და ა.შ. წაართვი ადამიანს თავისუფლება და მისგან არა-ვინ ანუ ნივთიღა დარჩება. აქ არა-ვინ იგივე რაა, არა არა-რა, რაც ვინაა, არამედ სწორედ რა (ნივთი), სწორედ „ფუნქცია“, „ბიოლოგია“, „სოციოლოგია“. აქედან გამომდინარე, თვისუფლება ადამიანის (რიგითი) თვისება კი არ არის, არამედ - მისი უღრმესი განსაზღვრულობა. თავისუფლებაშია თავმოყრილი ყველა ადამიანური პარადოქსი, მისი ბედნიერებაც და უბედურებაც. ის „ყოფიერების საჩუქარი“, „საიდუმლოა“ (სარტრი).
            არავის შეუძლია თქვას, რომ იგი აბსოლუტურად თავისუფალია. ამის მტკიცება შეუძლებელია არა მხოლოდ იმიტომ, რომ აბსოლუტური თავისუფლება აბსოლუტურ ჰარმონიასთან ზიარების ტოლფასია, არამედ იმიტომაც, რომ ამგვარი განცხადება საფუძვლად ადამიანის მხრიდან საკუთარი თავის აბსოლუტურ შემეცნებას მოითხოვს. ეს კი ისევე შეუძლებელია, როგორც აბსოლუტური ჰარმონიის მიღწევა. რომელ ადამიანს შეუძლია თქვას, რომ მან აბსოლუტურად შეიმეცნა თავი?! რომელ ადამიანს აქვს ასეთი აბსოლუტური პერსპექტივა?!
            კირკეგორი ადამიანის ონტოლოგიური პორტრეტის დახატვისას გენიალურ ხატს გვაძლევს. იგი ადამიანს მეეტლეს ადარებს, კიდევ უფრო ზუსტად, ჩათვლემილ მეეტლეს, რომლის ეტლი უფსკრულის პირას მიტაატობს. სავსებით შესაძლებელია, მეეტლემ არ გაიღვიძოს და ეტლი გადაიჩეხოს, მაგრამ შესაძლებელია, რომ გაიღვიძოს და ენერგიული ხელით ეტლი ხიფათს ააცდინოს. ადამიანის შესახებ მსჯელობისას ძილის ხატი არა მხოლოდ კირკეგორთან გვხვდება. ის მუდმივად ფიგურირებს მსოფლმხედველობრივ აზროვნებაში. გავიხსენოთ: ბუდა გაღვიძებულს ნიშნავს. ჰერაკლიტე ამბობდა, რომ ადამიანებს, როგორც წესი, ზეზეულად სძინავთ. რამდენი ადამიანი ვერ იღვიძებს, ისე ცხოვრობს და კვდება?! ვერ იღვიძებს ანუ თავისუფლების მიღმა აგრძელებს ცხოვრებას, როგორც ნივთი, ბუნების ნაწილი. ამიტომ თამამად შეიძლება ითქვას, რომ თავისუფლება ადამიანობის ზომაა ადამიანში და პიროვნულობისა - პიროვნებაში.
ზემოთ მოცემული მსჯელობიდან გამომდინარე, აუცილებელია ორი ახალი საკითხის თემატიზირება. ერთი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი განწირულია იყოს თავისუფალი (ეს განსაკუთრებული დრამატიზმით სარტრმა განიხილა), ხოლო მეორე იმაში, რომ (როგორც ერიხ ფრომმა შთამბეჭდავად ჩამოაყალიბა) ადამიანისათვის დამახასიათებელია თავისუფლებისაგან გაქცევა.
დავიწყოთ პირველი საკითხით. რატომ არის ადამიანი თავისუფლებისთვის განწირული? რა „გვწირავს“ ჩვენ თავისუფლებისათვის? ამაზე ფიქრის პროცესში, ექსისტენციალიზმის აზრით, ჩვენ ძალაუნებურად ვადგებით სიკვდილის თემას. როგორც მისი წარმომადგენლები ამბობენ, ადამიანი ერთადერთი არსებაა, რომელმაც იცის, რომ მოკვდება და სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ მას არ შეუძლია არ იყოს თავისუფალი. რის საფუძველზე ანიჭებს ექსისტენციალიზმი სიკვდილს ასეთ მნიშვნელობას? რა აკავშირებს სიკვდილს თავისუფლებასთან? თავი და თავი ადამიანის უნიკალური ბუნებაა, რაც პრინციპულად გამოყოფს მას ყველა დანარჩენი საგნისაგან, იქნება ის უსულო თუ სულიერი. თავად განვსაჯოთ: ცხოველი კვდება, მაგრამ მან ამის თაობაზე არაფერი იცის. ადამიანი კი ყველაფერში, მათ შორის, ამაშიც პარადოქსულია. სახელდობრ: იგი ცოცხლობს, მაგრამ მოკვდება, ამასთან, გონება კარნახობს, რომ მოკვდება, მაგრამ იმედი აქვს, რომ უკვდავია. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი ერთდროულად „მოკვდავ-უკვდავი“, „ცოცხალ-მკვდარია“. რაც აქვე ხაზგასასმელია, ამგვარი ადამიანი სინამდვილეში ჯერ კიდევ არ არის ადამიანი. იგი უფრო ნივთია, ბუნების საგნების მსგავსი. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ რელიგიებში (მათ შორის ქრისტიანობაში) ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის მეორედ, ამასთან, ჭეშმარიტ დაბადებას. ეს უკანასკნელი განსხვავდება ფიზიკური, ხორციელი  დაბადებისაგან და სულიერ შობას წარმოადგენს. ამ ორ დაბადებას შორის პრინციპულ განსხვავებაზე ის გარემოებაც მიუთითებს, რომ ინდივიდმა შეიძლება სულიერი დაბადება არც განიცადოს (ე.ი. სულიერად არ დაიბადოს, ისე მოკვდეს). როგორც ექსისტენციალიზმი ამბობს, არსებობის წესის ერთ-ერთი ასპექტიდან გამომდინარე, რომელიც ადამიანს ბუნებისაკენ, ნივთებისაკენ „ხრის“, იგი „აქ“, „მიწაზე“ ისე ცხოვრობს, თითქოს სამოთხეში იმყოფებოდეს. ასეთი წესით ცხოვრებისას ინდივიდი გარემოს ისეთს იღებს, როგორიც არის - არ უპირისპირდება მას, როგორც საკუთარი ნების მქონე თავისუფალი არსება. ასეთ ვითარებაში, ფაქტობრივად, ადამიანის ცხოვრება შინ კომფორტულად ყოფნის სახეს ატარებს, რაც, მართალია, ადამიანის ფუნდამენტური ლტოლვის საგანია (გავიხსენოთ ნოვალისი: „ადამიანი ყველგან ისწრაფვის იყოს სახლში“), მაგრამ პასიურობაში ჩაძირულ ინდივიდს სინამდვილეში საკუთარი თავისაგან აუცხოვებს. ასეთი ადამიანის არსებობაზე ექსისტენციალიზმი ამბობს, რომ ის ადამიანისათვის ყოფნის არაავთენტურ (არანამდვილ) მოდუსს წარმოადგენს. მაგრამ ადამიანს, თავისი უსაკუთრივესი ბუნებიდან გამომდინარე, შესაძლებლობა გააჩნია, ნივთებისაგან განსხვავებით, ამგვარი არსებობის მიღმა გავიდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ დგება მომენტი, როცა ადამიანი უარს ამბობს ცრუ სამოთხეზე ანუ გარემომცველ სინამდვილეში პასიურად ყოფნაზე და მისთვის შეუფერებელი, ამ აზრით არანამდვილი არსებობიდან გან-სვლას და ჭეშმარიტ ადამიანად შედგომას იწყებს. ექსისტენციალისტების თანახმად, ამგვარი „განსვლა“ თავის მამოძრავებელ მუხტს, ენერგიას, არც მეტი, არც ნაკლები, ადამიანის მიერ საკუთარი მოკვდავობის გაცნობიერებიდან იღებს. კიდევ უფრო კონკრეტულად, მათი აზრით, ნივთს დამსგავსებულ ინდივიდში ზებუნებით არსებას - ნამდვილ ადამიანს ის „აღვიძებს“, რომ იგი სიკვდილს, როგორც საკუთარი არყოფნის ჰორიზონტს, აცნობიერებს. მათივე სიტყვებით, ეს კი იმის ტოფასია, რომ ადამიანი საკუთარი დროის ანუ, რაც იგივეა, თავისი თავის დროში ხედვას იწყებს.
აქ საგულისხმოა ხაზი გაესვას იმას, რომ ყველა ადამიანი ამას ვერ ახერხებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ექსისტენციალისტები ცნობილ სილოგიზმს იშველიებენ, რომელსაც ექსისტენციალისტური კონოტაციებით ტვირთავენ. მხედველობაში გვაქვს შემდეგი დედუქციური დასკვნა:
ყველა ადამიანი მოკვდავია;
სოკრატე ადამიანია;
მაშასადამე, სოკრატე მოკვდავია.
ექსისტენციალისტი ფილოსოფოსების მითითებით, ამ სილოგიზმთან მიმართებაში არაავთენტური ცხოვრების წესის მქონე ადამიანი, ჩვეულებრივ, ასე ფიქრობს: „დიახ, ყველა ადამიანი მოკვდავია, მათ შორის, სოკრატეც. მაგრამ მე... მე - არა“. უფრო ზუსტად რომ განვმარტოთ, ექსისტენციალიტების თანახმად, არაავთენტური ადამიანისათვის სიკვდილი იმდენად შორეულია[7], რომ მას საკუთრი უკვდავების განცდა აქვს. აი, ამიტომ არის, რომ ადამიანების დიდი ნაწილი უკვდავივით ცხოვრობს, ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ ცხოვრებას ღვთაებრივი განზომილება გასჩენია. პირიქით, ექსისტენციალისტების მტკიცებით, ადამიანის მიერ საკუთარი მოკვდავობის ვერგაცნობიერება და უკვდავივით ცხოვრება ცხოველური სიცოცხლის მომასწავებელია. მათივე თქმით, ადამიანების უმეტესობის ხვედრი სწორედ ამგვარი ცხოველური არსებობაა. ამ მხრივ მრავლისმეტყველია ამერიკელი მწერლის - გრიგორენკოს ცნობილი რომანის სახელწოდება - „ყველა მოკვდება, მე კი დავრჩები“ ("Everyone will Die, and I Will Stay“), რომელიც „კომფორტის ზონაში“ გაჩხერილი ადამიანის დამახასიათებელ პათოსს გამოხატავს. ასევე შეგვიძლია გავიხსენოთ ლევ ტოლსტოის „ივან ილიჩის სიკვდილი“, სადაც ვკითხულობთ, როგორ გაიფიქრა ყველამ, რომ ივან ილიჩი მოკვდა, ის კი მუდამ ცოცხალი იქნება. განა რა არის ამაში საოცარი?! ადამიანს არ სურს სიკვდილზე ფიქრი. ჰაიდეგერის სიტყვებით, სიკვდილზე მუდამ მესამე პირში ფიქრობენ. სიკვდილი ყოველთვის სხვისია, არა ჩემი. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ვიდრე სიკვდილს ჩემ სიკვდილად არ ვაქცევ და მას არ გავაცნობიერებ, მანამდე ვერ გავიზრდები, ბავშვობის ასაკიდან ვერ გამოვალ. იქნება მუდმივი ინფანტილიზმი, სიკვდილთან არანამდვილი დამოკიდებულება. მაგრამ როცა შენ იგებ სიკვდილს როგორც შენს და არა სოკრატეს სიკვდილს, ხდება შენი მეორედ დაბადება. ამ აზრით, ადამიანი ჭეშმარიტად სიკვდილში იბადება. სიკვდილიდან იბადება ყოველივე ადამიანური.
აქ შეგვიძლია გავიხსენოთ სიზიფეს ტრაგიკული სახე. რაშია მისი ტრაგიკულობა? არა იმაში, რომ რუტინაშია ჩაფლული (ბუნებაც რუტინულია, მაგრამ არა - ტრაგიკული, რადგან არა აქვს რეფლექსია), არც იმაში, რომ მის მიერ მთის მწვერვალზე აზიდული ქვა მუდმივად ქვემოთ გორდება ანუ ტყუილად ირჯება. ტრაგედიის არსი იმაშია, რომ სიზიფემ ეს იცის ანუ მას მოეხსენება, რომ ყოველთვის, როცა იგი ქვას მთის მწვერვალზე აიტანს, ქვა ქვევით დაგორდება და ამით მისი ძალისხმევა ამაოებად იქცევა. ამაოების სწორედ ასეთ განცდას აჩენს საკუთარი მოკვდავობის გაცნობიერებაც. ადამიანი სვამს კითხვას: რა აზრი აქვს ცხოვრებას, თუ მოვკვდები? რატომ უნდა ვიცხოვრო? რა შემიძლია დავუპირისპირო არყოფნის ამ გარდაუვალ ზეიმს? სვამს ამ კითხვებს და სწორედ აქ იღებს სათავეს ყოველივე ადამიანური. აქ იწყება თავისუფლება.
სარტრი თავისუფლების აპოლოგეტია. მისთვის თავისუფლება არჩევანის ქონა, აბსოლუტური პასუხისმგებლობა, ამაოებაში, უაზრობაში, აბსურდში აზრის შეტანაა. ფრანგი ფილოსოფოსის თანახმად, არსებობს მხოლოდ ორი რამ, რის გამოც პასუხს არ ვაგებთ, რაშიც თავისუფალი არა ვართ, მაგრამ რის გამოისობითაც განწირული ვხდებით თავისუფლებისათვის. ესენია: დაბადება და სიკვდილი. ადამიანს თავისუფლად შეუძლია თქვას: „მე გადმომაგდეს ამ სასტიკ სამყაროში. ვინ ან რამ მოიმოქმედა აღნიშნული აქტი, მნიშვნელობა არა აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში დაბადება გადმოგდებას ჰგავს. დაბადების არ იყოს, მე არც სიკვდილს ვირჩევ. მოვკვდები მიუხედავად იმისა, მინდა ეს თუ არა. მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ არ ვირჩევ პირველს და უკანასკნელს (დაბადებას და სიკვდილს), თავისუფალი ვარ ყველა დანარჩენში (რაც მათ შორისაა)“. სარტრთან სამყაროში ადამიანის გადმოგდებულობის გენიალურ ხატს ვაწყდებით. „წარმოიდგინე“ - ამბობს იგი - „ადამიანი იმყოფება სამყაროს მისტერიების გრანდიოზულ სცენაზე. რაღაც მოქმედება მიმდინარეობს, რაღაც ხდება ჩვენს გარშემო. ჩვენ ვერ გავრკვეულვართ, რა ჟანრისაა პიესა - კომედიაა ის, ტრაგედია, დრამა თუ ფარსი. ჩვენ არ ვიცით, ვინ არის რეჟისორი, ვის მივმართოთ, ვის შევჩივლოთ, მაგრამ ეს არ გვათავისუფლებს მთავარისაგან: ჩვენ სცენაზე ვართ და არ შეგვიძლია არ ვითამაშოთ“. ამაშია ჩვენი გადმოგდებულობაც და თავისუფლებისათვის განწირულობაც. ძალიან ძვირფასია სარტრის შემდეგი აზრი: არჩევანზე უარის თქმა - ესეც არჩევანია. თავისუფლებისათვის განწირულობა იმდენად ტოტალურია, რომ როცა გადავწყვიტე, არ ამერჩია, მაშინაც ავირჩიე.
            მოდით, დავფიქრდეთ, რით განსხვავდება ინფანტილური ადამიანი ბავშვისაგან. ბავშვიც ბავშვურია, ინფანტილური ადამიანის მსგავსად. მანაც არაფერი იცის სიკვდილის შესახებ, მაგრამ მისი ზრდადაუსრულებლობიდან გამომდინარე, იგი მაინც ჰარმონიული და ორგანულია. ის ჯერ უნდა გაიზარდოს, მომწიფდეს, რათა ილუზორულ სამოთხეში ყოფნაზე უარის თქმის აუცილებლობის წინაშე დადგეს. ბავშვისაგან განსხვავებით, „ჰარმონიულიაო“ ვერ ვიტყვით ინფანტილურ ადამიანზე. მას არ უნდა, რომ იცოდეს სიკვდილის თაობაზე. იგი ზურგს აქცევს თავისი არსებობის ამ ჰორიზონტს. მაგრამ ადამიანმა, თუ მას უნდა, ადამიანი იყოს, შეუძლებელია გვერდი აუქციოს სიკვდილს და... თავისუფლებას. სწორედ იმიტომ, რომ განწირულები ვართ დავიბადოთ და მოვკვდეთ, ჩვენ განწირულები ვართ, ვიყოთ თავისუფლები. მაშინაც კი, როცა ვამბობ: მე მე არ ვარ. მე ვარ მხოლოდ „სოციალური ფუნქცია“, რომელსაც სხვები მაკისრებენ; საზოგადოებრივ ურთიერთობათა ერთობლიობა, ოჯახი, ანგარიში ბანკში, ცოლი, შვილები, ერი, დიადი მიზანი, მოკლედ, რომ მე ვარ „ბოსტნეული“, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ უბრალოდ, მე თავისუფლად ავირჩიე, ვყოფილიყავი არათავისუფალი; მე თავისუფლად ავირჩიე, ვყოფილიყავი არა-ადამიანი. ეს კიდევ ერთი განმარტებაა იმისა, რას ნიშნავს თავისუფლებისათვის განწირულობა, თავისუფლების ტოტალურობა.
            მაგრამ აქ თავს გვახსენებს მეორე ფენომენი, რომელიც ერიხ ფრომმა „თავისუფლებიდან გაქცევის“ სახელით აღწერა. როგორ შეიძლება გავექცე თავისუფლებას, თუ განწირული ვარ, ვიყო თავისუფალი? მერე რა, რომ ეს შეუძლებელია (ჩემი თავისუფლებისათვის განწირულობიდან გამომდინარე)? მე ხომ ძალიან მინდა. მინდა, რადგან თავისუფლება - ეს წყევლაა. ის ჩემს ძალებს აღემატება. თავისუფლება ტოტალური პასუხისმგებლობაა. თავისუფლება წყლის საცრით ტარებაა. თავისუფლება იმდენად მძიმე ტვირთია, რომ ადამიანისათვის მოსახერხებელია იფიქროს, რომ ერთხელ გააკეთებს არჩევანს და შემდეგ მთელი სიცოცხლე იცხოვრებს მის პროცენტებზე. მაგრამ ასე რომ არ არის?! ეს ისევე შეუძლებელია, როგორც ერთხელ რაღაც გაიაზრო და შემდეგ, მთელი ცხოვრების გზაზე ამ ერთი მენტალური ძალისხმევის იმედად იყო ანუ გონებას ძალა აღარ დაატანო იმის იმედით, რომ  ოდესღაც მოხელთებული ერთი აზრი ყველა სიტუაციაში გიშველის, ყველა ამოცანას გადაგაწყვეტინებს. თავისუფლება ისეთი რამაა, რაც ამგვარ ფიქსირებადს, მყარს ვერ გვაძლევს. არც ჩვენი არსებობაა ბანკი და არც წარსულში ჩვენს მიერ განხორციელებული აქტივობა მასში კარგად დაბანდებული კაპიტალი იმისათვის, რომ ინდივიდის მიერ განხორციელებული ნებისმიერი კონკრეტული არჩევანი, რაოდენ მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ის, ადამიანისათვის მისი მთელი ცხოვრების ბალავარი და გარანტია გახდეს.  ეს ადამიანს ახალი და ახალი არჩევანის გაკეთებისაკენ უბიძგებს. როგორც ექსისტენციალიტები ამბობენ, ადამიანად ყოფნა ადამიანად ყოფნისათვის მუდმივ ძალისხმევას მოასწავებს. ყოფნის ასეთი წესი ადამიანისათვის, ცხადია, უაღრესად რთული, მეტიც, საშინელია. ის ერთგვარ უწონადობაზე, ფეხქვეში სიმყარის არქონებაზე მიუთითებს, რის გამოც ადამიანებს მის თავიდან აცილებისაკენ უბიძგებს. ამით აიხსნება ის გარემოება, რომ ადამიანების უმეტესობას სურს, ინფანტილური დარჩეს; მათ უნდათ, არ გაიზარდონ, რათა არ იტანჯონ, არ დასნეულდნენ. ამ ყაიდის ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ტანჯვა აბსოლუტური ბოროტებაა, კომფორტი - აბსოლუტური სიკეთე; უკეთესია ჯოგის წევრი იყო, ვიდრე ამოვარდე კოლექტივიდან და ა.შ. და ა.შ. იოლი დასანახია, რომ ეს ყოველივე სხვა არაფერია, თუ არა თავისუფლებიდან გაქცევა. როცა არ მინდა ვიცოდე, არ მინდა გავიგო, მაშინ თავს სილაში ვრგავ და ვიმალები. აქ შეიძლება ისევ პასკალი გავიხსენოთ თავისი „გართობის“ ცნებით. პასკალის თანახმად, როცა ადამიანი თავს აღმოაჩენს უსასრულო სამყაროში, სადაც თუ ღმერთი არსებობს, დუმს, ცხოვრება გარემოს აცდენილია, ყველაფერი შემთხვევითად გამოიყურება („მე თავზარს მცემს უსასრულო სივრცეების სიჩუმე“), ადამიანს უსაზღვრო შიში იპყრობს. იგი ცდილობს მას დაემალოს და ამ გზაზე თავს დარდიმანდობას, გართობას, ნადიმებს, ნადირობას, შეჯიბრებებს, თამაშებს, ნარკოტიკებს, პატივმოყვარულ საქმიანობებს აფარებს. მეფე თავს რატომ მოიცავს ამალით? - კითხულობს პასკალი. იმიტომ, - პასუხობს ის - რომ ამალამ ის თავის თავს (მარტოობას, სიკვდილს) დააშოროს. რატომ იმოსებიან ნაფიცი მსაჯულები, მოსამართლეები მანტიით? იმისათვის, რომ დამალონ თავიანთი სიშიშვლე.[8] რატომ მისდევს ადამიანი კურდღელს? სინამდვილეში მონადირეს კურდღელი არ სჭირდება. იგი საკუთარ თავს, მტანჯველ კითხვებს, გაზრდას, თავისუფლებას გაურბის. ეს განსაკუთრებით ძლიერად დოსტოევსკიმ გამოთქვა, კერძოდ, „დიდ ინკვიზიტორში“. დიდი რუსი მწერლის მიხედვით, ადამიანი ერთდროულად მონაცაა და მეამბოხეც. ამას ის განაპირობებს, რომ ადამიანისათვის თავისუფლება არასოდეს არ არის საკმარისი. ის მისთვის ან ძალიან ცოტაა ან ძალიან ბევრი. როცა თავისუფლება არ გვყოფნის, ჩვენ ვჯანყდებით, როგორც ბავშვები ჯანყდებიან, როცა მშობლები მათზე დაწოლას ახდენენ, მაგრამ როცა მშობლები მიდიან, ბავშვები ჩივილს იწყებენ: „სადა ხართ!“. დოსტოევსკი ამბობს, რომ მართალია, ადამიანი მეამბოხეა, მაგრამ როგორც კი თავისუფლებას იღებს, მზად არის იგი დათმოს, სხვას გადასცეს, რათა კამათი, დაპირისპირება, ბრძოლა თავიდან აიცილოს და სიმშვიდე მოიპოვოს. გამომდინარე აქედან, დიდი მწერლის აზრით, ადამიანის მთელი ცხოვრება მონობასა და თავისუფლებას შორის მერყეობაა. და აი, ჩნდება ისეთი ფიგურა, როგორიც დიდი ინკვიზიტორია, რომელიც „ადამიანის გულისთვის“ (ქრისტეს სახელითვე) მეორედ აწამებს ქრისტეს. დიდი ინკვიზიტორი ეუბნება მაცხოვარს: არ გიყვარს, უფალო, შენ ადამიანი. ძალზე დიდი ტვირთი აჰკიდე მას თავისუფლების სახით, ადამიანს ეს არ სჭირდება. მე კი მეცოდება ადამიანი, ვზრუნავ მასზე. ამიტომ მოგკლავ შენ შენივე სახელით, როგორც ოდესღაც უკვე მოგკლეს. სამაგიეროდ, მივცემ ადამიანებს პურს, ძალაუფლებას და თვალ-მარგალიტებს. მოვაშორებ მათ პასუხისმგებლობის მძიმე ტვირთს, მივცემ ცხოვრების აზრს, ჩავახშობ მათში თავისუფლებისაკენ სწრაფვას და გახდებიან ისინი მარადიული ბავშვები, ჭიანჭველები.
            იოლად დასანახია, რომ დიდი ინკვიზიტორის შესახებ იგავის ინტერპრეტირება მრავალგვარად შეიძლება. ის შეიძლება გავიგოთ როგორც ნარატივი ტოტალიტარულ საზოგადოებაზე, იდეალურ მომხმარებელზე, ნარკომანზე, კომფორტზე, სიამოვნებაზე და სხვ. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში საგულისხმო ის გახლავთ, რომ ამ ყველაფერში მთავარი თავისუფლებიდან გაქცევა ანუ საკუთარ თავზე უარის თქმაა.
           ზემოთ თქმულთან დაკავშირებით სარტრი თავის ფილოსოფიურ მოძღვრებაში ალიბის პრინციპს აფორმულირებს. იგი იქიდან ამოდის, რომ ადამიანისათვის ბუნებრივია თავის გამართლების სურვილი. შესაბამისად, ბრალის თავიდან ასაცილებლად ინდივიდები ხან ხელმძღვანელობას აკისრებენ პასუხისმგებლობას,ხან სხვა თვალთმაქცურ ფანდებს მიმართავენ. „ეს ამაოა“, - თვლის სარტრი, - „საკუთარი სინდისის სხვაზე გადაცემას ვერ შეძლებ. ამით, უბრალოდ, საკუთარი თავის მოტყუებას ცდილობ. თუმცა ვერ შეცვლი იმ ფაქტს, რომ ადამიანი ყოველთვის თავისუფალია. რაც არ უნდა დიდი იყოს არსებული მიზეზ-შედეგობრივი კავშირებიდან მომავალი პრესი, იძულება. ბოლოს და ბოლოს, შეგიძლია თავი მოიკლა ან თავი გაწირო და არანაირი იძულება არ მიიღო“. საკითხზე მსჯელობის პროცესში სარტრი უკიდურეს შემთხვევას იღებს: აბრამის მითს განიხილავს. ფრანგი ექსისტენციალისტის მიხედვით, მაშინაც კი, როცა თქვენთან ანგელოსი მოდის და შვილის მსხვერპლად შეწირვას ითხოვს, ის, თუ რას გააკეთებთ, ეს მთლიანად თქვენი არჩევანი იქნება, პასუხისმგებლობას ვერავის, მათ შორის, ვერც ღმერთსა და ვერც სატანას ვერ გადააბარებთ. ასეთია სამყარო, ადამიანის ადგილი სამყაროში და ამას ვერაფერი შეცვლის (აქ შეგვიძლია გავიხსენოთ ირონიული იგავი, რომლის მიხედვითაც ადამიანი საიქიოში მოხვდება და გააპროტესტებს, რომ იმქვეყნიურობა მის შეხედულებებს არ შეეესაბამება).
აღსანიშნავია ისიც, რომ ადამიანისათვის თავისუფლების ფუნდამენტურობიდან გამომდინარე, სარტრი მკაცრად უპირისპირდება ფროიდს და მის მიერ არაცნობიერის ჰიპერბოლიზირებას. ფრანგი ფილოსოფოსი ფსიქოანალიზის ფუძემდებლის მოძღვრებაში „სინდისის გულწასულობაზე“ საუბრობს.
            და ბოლოს, ექსისტენციალისტებისათვის თავისუფლება შემეცნებასთან არის დაკავშირებული. ამ მხრივ მათი ლოგიკა გასაგებია. ისინი თვლიან (და სავსებით საფუძვლიანად), თავისუფალი რომ იყო, სხვისი თამაში არ უნდა ითამაშო, უნდა დაინახო, შენ სადა ხარ და სხვები სად არიან. შენზე არ უნდა იბატონოს მედიამ, იდეოლოგიამ. აუცილებელია, სულ იზრუნო, რომ ცხოვრებიდან აზრი სწორად გამოიტანო, რათა უბრალოდ არ დაესწრო მას და შეძლო საკუთარი თავის შექმნა-განხორციელება.
[1]ე.ი. ბუნების ნაწილია ანუ  ბუნებაში (ფიზიკური, ბიოლოგიური და ა.შ.) აუცილებლობით ხდება.
[2] ე.ი. თავისუფლება.
[3] ონტოლოგიური მახასიათებელია ნიშნავს, რომ ადამიანი წარმოუდგენელია თავისუფლების გარეშე.
[4]საწამლავს, რომელსაც იღებდნენ სიკვდილმისჯილები, როცა ისინი უარს ამბობდნენ სასიკვდილო განაჩენის შესაცვლელად სასამართლოსთან გარიგებაში შესვლაზე.
[5] ე.ი. ის, რაც დარჩება, თუ ადამიანიდან ყოველივე ბუნებისეულს ცალკე გამოვყოფთ.
[6] ჯემალ ქარჩხაძის ამავე  სახელწოდების ნაწარმოების პერსონაჟი.
[7] ე.ი. იმდენად შორეულ დროში მოსახდნად წარმოუდგება.
[8]აქ იგულისხმება არა ფიზიკური სიშიშვლის, არამედ ცხოვრების ამაოების დამალვა, რასაც მოსამართლეები მოსამართლის მანტიის მიღებისა და ტარების გზით პატივმოყვარეობის დაკმაყოფილებაში ეძებენ.скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
პაატა შამუგია - გეოპოლიტიკური ჩიტები პაატა შამუგია - გეოპოლიტიკური ჩიტები ჟურნალი / სტატიები / პოეზია / მომხმარებლები ვახტანგ ენდელაძე - პიროვნება, როგორც მთავარი ღირებულება ,,ვეფხისტყაოსანში“ ვახტანგ ენდელაძე - პიროვნება, როგორც მთავარი ღირებულება ,,ვეფხისტყაოსანში“ ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / მეცნიერება / მომხმარებლები გოჩა გვასალია-რეცენზია გეგი კუხალეიშვილის ნაშრომზე გოჩა გვასალია-რეცენზია გეგი კუხალეიშვილის ნაშრომზე ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ფილოსოფია / გამოქვეყნებული გეგი კუხალეიშვილი  "ლიბერალიზმი არის კაცობრიობის ტრანსფორმაცია საქონელთა ჯოგად" (cattle, ნახირი) ("Ecce Homo") გეგი კუხალეიშვილი "ლიბერალიზმი არის კაცობრიობის ტრანსფორმაცია საქონელთა ჯოგად" (cattle, ნახირი) ("Ecce Homo") ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / გამოქვეყნებული გიორგი ასათიანი - მეცნიერება და რელიგია გიორგი ასათიანი - მეცნიერება და რელიგია ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / ფილოსოფია / ფიზიკა / მეცნიერება / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge
სხვადასხვა