გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ვახტანგ ენდელაძე - პიროვნება, როგორც მთავარი ღირებულება ,,ვეფხისტყაოსანში“

მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც მხატვრული ტექსტი იმდენია, რამდენიც მას მკითხველი ჰყავს, დიდი ხნის ისტორია აქვს და იგი ნოვატორულად ვერ ჩაითვლება, მაგრამ ის, თუ როგორ იკითხება და აღიქმება „ჩემი ვეფხიტყაოსანი“ (მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველის ნაწარმოების შესახებ მრავალი კომპეტენტური მკითხველისა თუ მეცნიერის შეფასებებს გავეცანი) ალბათ ნამდვილად ორიგინალურად უნდა გამოიყურებოდეს, უბრალო მიზეზის გამო - ის მხოლოდ ჩემი საკუთარი პოზიციაა, რომელიც ,,ვეფხისტყაოსნის“ გადაშლისას, ყოველ ჯერზე, თავს მახსენებს ხოლმე.რატომ მომეწონა პირველივე წაკითხვისას „ვეფხიტყოსანი“, რომელიც მოზარდისთვის, ერთი შეხედვით, რთულად აღსაქმელ და მოცულობით წიგნად ითვლება?წავიკითხე ძალიან საინტერესო მოსაზრება იმის თაობაზე, რომ „ვეფხისტყაოსნის“ პიროვნება მიისწრაფვის განღმრთობისკენ“. ეს კი ასე უნდა გავიგოთ: ისევე როგორც რუსთაველის გმირების არსში, ყველა ადამიანის ბუნებაშიც, უხვადაა მისი პირველსაწყისის, უფლის ნიშნები, მაგრამ პიროვნება ფასდება იმით, თუ რამდენად აძლევს იგი საკუთარ თავს საშუალებას, კარი გაუღოს ღვთიურს, უსმინოს სულის კარნახს, თუმცა, რუსთაველთან საინტერესოა ისიც, რომ სული და სხეული ურთიერთგახლეჩილნი კი არ არიან, ისე, როგორც ქრისტიანულ დოგმებში, არამედ პიროვნების მთლიანობის განუყოფელ ნაწილებად აღიქმება და ჩემს გაბედნიერებასაც ალბათ ის იწვევს ხოლმე, რომ „ვეფხისტყაოსნის“ კითხვისას არ ჩნდება მტანჯველი შეგრძნება, პიროვნების
სტატუსის მოსაპოვებლად გამართული შინაგანი ბრძოლებისა სულისა და სხეულის უკუპროპორციული თანაარსებობის შენარჩუნებისთვის.
ამდენად, რუსთაველმა პიროვნების არსში მოაქცია მისი ორი საწყისის მთლიანობა (ღვთიური, მიწიერი) და ამიტომ, თუ ფილოსოფიურ რაკურსში განვჭვრეტთ, მისი მოძღვრება დუალისტურია. თუ იმასაც გავითავლისწინებთ, რომ „ვეფხისტყაოსნის“ შექმნას წინ უძღოდა ცივილიზაციის ორი დიდი პერიოდის, ანტიკურობისა და შუასაუკუნეების, მსოფლაღქმაში გამოხატული ნიშნები, გასაკვირი არ იქნება, თუ რატომ იკვეთება რუსთველისეულ პიროვნების არსში ორივე მსოფლაღქმისათვის დამახასიათებელი თავისებურებები:
ანტიკურობიდან :
•  საკუთარი სხეულის განუმეორებლობის შეგრძნება ;
  • ,,მე“ - ს გაფართოება ;
  • მეტამორფოზულობა (,,მე“-ს ,,სხვად“ გარდაქმნა) ;
  •  თვითპატივისცემა შუასაუკუნეებიდან :
•  ღმერთის ძლევამოსილება და ყოვლისმომცველობა ;
  • ქრისტიანული ალტრუიზმი ;
  • მეფეთა ღვთაებრიობის მტკიცება.
ამ ორი მსოფლაღქმის სინთეზი გულისხმობს იმას, რომ ,,ვეფხისტყაოსნის“ პიროვნება გრძნობად-რაციონალისტური ინდივიდია და, ჩემი აზრით, მცდარია მოსაზრება - თითქოს,
,,რუსთაველმა სამყაროს ცენტრში დააყენა მხოლოდ ადამიანი“, რადგან, ვფიქრობ, იგი უფლის დახმარების გარეშე ვერ შეძლებდა იმავე უფლისათვის „კარის გაღებას“ (,,ჰე, ღმერთო ერთო, შენ შექმენ სახე ყოვლისა ტანისა...“; ,,რომელმან შექმნა სამყარო ძალითა  მით  ძლიერითა...’’; ,,ჩვენ  კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთავალავი ფერითა...“). ამიტომაც მართებული იქნება, თუ ვიტყვით, რომ რუსთველისეული პიროვნება, თავისივე ბუნებრივი საწყისის მიხედვით, მოწოდებულია განღმრთობისაკენ.
,,ვარდი მის მზისა გაყრილი, უფრო და უფრო ჭნებოდა“ - აღნიშნულ ფრაზაში  ვარდი  განასახიერებს მიწიერს, ხოლო მზე - ღვთიურს . გარდა ამისა, საგულისხმოა ისიც, რომ ვარდს , ფაქტობრივად, მზის გარეშე ყოფნა არ შეუძლია, ისე როგორც ადამიანს არ შეუძლია ყოფნა
ღვთის გარეშე. ამ მოსაზრების დასასაბუთებლად ბევრი ინფორმაცია მოიპოვება თვით ტექსტში:
,,მზემან გაყრითა დაგაჭნე, ვითა ყვავილი ბარისა’’; ,,ვარდი ვერ არის უმზეოდ; იყოს, დაიწყებს ჭნობასა ‘’ ; ,,მზემან შუქი შემომადგნა , ვარდი მით ვჩან არ - დამზრალი’’; ,,მე ლომი  ლომთა  დაგისვა, გვერდსა შენ მზესა მზეთასა’’ ;
მაშასადამე რუსთაველის მთავარი სათქმელი ის არის, რომ სამყაროც და თავად ადამიანიც ღვთაებრივისა და მიწიერის შერწყმით შეიქმნა. გამოდის, რომ პიროვნება, რომელიც ამ  ორი საწყისის მთლიანობას გულისხმობს, „ვეფხისტყაოსნის“ მთავარი ღირებულებაა. ამ მოსაზრების დასასაბუთებლად ამჯერად მხოლოდ ორ შეკითხვას დავსვამთ:
1. რა როლს ასრულებს სინდისი „ვეფხისტყაოსნის" პერსონაჟების მსოფლაღქმაში და
2. რატომ ტირიან „ვეფხისტყაოსნის" პერსონაჟები?
პიროვნულის ცნება „ვეფიხსტყაოსანში“ შეიძლება, ასეც გავიგოთ:  ეს  არის  ღვთიურობის ხარისხი ადამიანურში - ღმერთის ხმა ადამიანში, რაც ფსიქოლოგიაში განიმარტება როგორც სინდისი. მაშასადამე, სინდისის ცნება და მისი გამოვლინების ძიება გმირების აზროვნებასა და ქმედებებში ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდის როლს შეასრულებს. სინდისის ფენომენი
,,შეამოწმებს“ ,,ვეფხისტყაოსნის“ გმირების პიროვნულობის ხარისხს.
ერთ-ერთი გამორჩეული ქმედება, რომელიც ვეფხისტყაოსნის გმირებისათვის თვალშისაცემია, არის მათი ტირილი. ნაწარმოების პირველივე ნაწილში, როცა შემოდის მთავარი ინტრიგა, ვკითხულობთ : ,, ნახეს უცხო მოყმე ვინმე, ჯდა მტირალი წყლისა პირსა...“ მოყმე, შუასაუკუნეების სარაინდო ლიტერატურის მიხედვით, პიროვნული ღირსებებით შემკული რაინდია, სინდისიერებისა და იდეალური გმირის მოდელი... ჩვენს შემთხვევაში ამ მოდელს ემატება საინტერესო სახასიათო შტრიხი - ტირილი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ლაიტმოტივად გასდევს მთელს ნაწარმოებს და სავარაუდოა, რომ მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა უნდა ჰქონდეს. გულწრფელი ტირილი, პლატონის განმარტებით, ადამიანის სულის საწყისია, აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ პიროვნება ტანჯვის გზით სიხარულამდე მივიდეს (ამაზევე მოწმობს არისტოტელეს მოძღვრებაც ტრაგიკული კათარზისის შესახებ), მაგრამ ფსიქოლოგები ტირილს განმარტავენ, როგორც ინდივიდის რეაქციას აქციაზე, იმ შემთხევევაზე, როდესაც  ადამიანს საკუთარი თავი ებრალება. ამდენად, ჩემთვის საინტერესოა, რა ფუნქცია აქვს ტირილს რუსთველისეული პიროვნების წარმოჩენაში:
1. ტირილი მათი ხვედრის ტრაგიკულად გააზრების შედეგია და ამ დროს მათ ეგოიზმი ამოძრავებთ;
2. ტირილი არის ავტორის მიზანდასახულობის განხორციელების მეთოდი, ნაწარმოების პერსონაჟებსა და მკითხველს, ერთდროულად, ტრაგიკული კათარზისი განაცდევინოს და, ამგვარად, პიროვნულის ცნებაც, ვიწრო ,,მე“-ს გაგებიდან, „სამყარო ჩემშია-ს“ განცდამდე გააფართოოს.
სინდისიერი ადამიანის მოდელი, ზოგადად, ასე გამოიყურება:

ს ი ნ დ ი ს ი



  • სიმამაცე
  • პატრიოტიზმი
  • ერთგულება
  • უფლის სიყვარული
  • ჭირთა თმენა
  • გონიერება
  • ალტრუიზმი
  • ქველმოქმედება





თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ რუსთაველთან ამ მოდელს ემატება „თვალად სიტურფე“ და ემოციურობა, რომელიც ნაწარმოებში გამოხატულია ტირილის ფორმით. „ვეფხისტყაოსნის“ ლოგიკით, „ჯანსაღი სული მხოლოდ ჯანსაღ სხეულშია“ და ამდენად, რუსთველისეული პიროვნებაც მშვენიერი გარეგნობით გამოირჩევა: ,,თინათინ მზესა სწუნობდა, მაგრამ მზე თინათინობდა...“ ,,საროსა მჯობი ნაზრდი, მსგავსი მზისა და მთვარისა...“ (ათანდილის შესახებ);
,,ავთანდილის შემხედველთა : ,,ჰგავსო ალვის , ედემის ხეს“ "... ,,მზესა სიტურფით ეყოფის, იყოს მისითაგვანითა...’’ (ნესტანის შესახებ); „თვალნი მზეებრ გამირეტდეს, გული მეტად შემიზრჭუნდა“ (ტარიელის მნახველი).
ტირილი კი არის გარკვეული გრძნობების ნატურალური ემოციური გამოხატულება (ძირითადად კი - მწუხარებისა და ტკივილის), მაგრამ ჩვენ ვტირით სხვადასხვა ვითარებაში. მაგალითად, როდესაც ვართ ბედნიერები, სევდიანები და მაშინაც კი, როდესაც გვინდა ისეთი რამის გაზიარება, რასაც ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
,,ვეფხისტყაოსანი“ გამორჩეულია იმითაც, რომ მისი პერსონაჟების უმეტესი ნაწილი ხშირად სხვების გამო ტირის.
სიმამაცე    რუსთველისეული    პიროვნების    ერთ-ერთი    ყველაზე    გამოკვეთილი    თვისებაა
(განურჩევლად    სქესისა).ავთანდილი      პიროვნული    ღირსებებით    გამორჩეული    ერთ-ერთი
პერსონაჟია. მას, უზადო გარეგნობასთან ერთად, ურყვნელი ზნეობა, შეუდრეკელი გული და უმაღლესი გონიერება ამკობს. მისი სიმამაცის დასაბუთება შორს წაგვიყვანს და მხოლოდ რამდენიმე ფრაზას ვიკმარებთ. მიუხედავად იმისა, რომ მას ეძნელება საყვარელ ქალთან განშორება, ის მამაცურად იქცევა, როდესაც თინათინის დავალებას ასრულებს:
,,მე წავიდე, მოვიარო, ვილაშქრო და ვინაპირო,
თინათინის ხელმწიფობა მტერთა თქვენთა გულსა ვჰგმირო, მორჩილ-ქმნილთა გავახარო , ურჩი ყოვლი ავატირო ... "
ტარიელიც, ავთანდილის მსგავსად, მრავალი დადებითი თვისებით შემკობილი პიროვნებაა, რომელთაგანაც განსაკუთრებულად უნდა გამოიკვეთოს მისი სიმამაცე. ამ გარემოების საილუსტრაციოდ ლომ-ვეფხვის დახოცვის ეპიზოდიც საკმარისია: ,,ლომსა დავუგმე ნაქმარი, ვარქვი: ვერახარ ცნობასა ...’’ ,,ხმალი გავსტყორცნე, გადვიჭერ, ვეფხი შევიპყარ ხელითა...’’
რუსთველის პიროვნებები პატრიოტებიც არიან. მკითხველზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს ნესტანი და ტარიელისადმი მიძღვნილი წერილი სადაც კარგად ჩანს ნესტანის პატრიოტული სულისკვეთება :
,,წადიინდოეთს  მიმართე, არგე  რა  ჩემთა  მშობელთა, მტერთაგან შევიწრებულსა ყოვლგნით ხელაღუპყრობელსა... ‘’ .
ავთანდილის პატრიოტიზმზე მიუთითებს სიტყვები, რომლითაც იგი ყმას მიმართავს :
,,გემუდარები ამისთვის, ვარ თქვენი შემომხვეწელი,
მე დამახვედროთ სამეფო, მტერთაგან დაულეწელი...’’
არანაკლებ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ერთგულებას რუსთველის პოემაში. ამ უკანასკნელისა და მეგობრობისათვის თავდაუზოგავი მსახურების ნათელი გამოვლინებაა ასმათი: ,,დიდხანს იტირეს ყმამან და მან ქალმან შაოსანამან...“ ,,ქალსა ცრემლი გადმოსცვივდა ას-ნაკეცი ბევრის ბევრად...“
ერთგულების დიდი ნიჭითაა დაჯილდოებული ავთანდილიც, რომელიც ერთგულად მსახურებს ქვეყანას, მეფეს, სატრფოს, მეგობრებს, ქვეშევრდომებს...
,,მის ყმისა ცეცხლი მედების, წვა მჭირს მისისა მწველისა;
მკლავს სურვილი და ვერ–ნახვა ჩემისა სასურველისა;
მას ჩემთვს სულნი არ ჰშურდეს, შეზღვა ხამს შეუზღველისა; ხამს სიყვარული მოყვრისა უხვისა, უშურველისა".
რუსთველის გმირების დიდი ძალა ის არის, რომ მათ შეუძლიათ „ჭირთა თმენა“. ,,წესი არის მამაცისა, მოჭირვება, ჭირთა თმენა...“ - სწორედ ასეთია ავთანდილი, რომელმაც თინათინისა და სამშობლოსაგან განშორებულმა, არაერთგზის მიყენებული ჭრილობა და ტკივილი დაითმინა:
,,ყმა წავიდა , სიშორესა თუცა მისსა ვერ გაძლებდა, გული ჰქონდა გულისათვის, სიყვარულსა ავალებდა ’’.
სხვა კეთილ თვისებებთან ერთად, რუსთველის გმირებისათვის დამახასიათებელი ერთ-ერთი გამოკვეთილი სახასიათო შტრიხი ალტრუიზმია. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი ავთანდილია, რომელიც, საკუთარი ქვეყნიდან გადმოხვეწილი, ყველაფერს აკეთებს ტარიელისთვის და პირადი ბედნიერება, როცა მეგობარი განსაცდელში ეგულება, მოსვენებას არ აძლევს. ძვირფასი ადამიანისათვისთვითგანწირვის კეთილშობილური ზრახვა ამოძრავებს „ვეფხისტყაოსნის“ ყველა პიროვნებას, მაღალსა თუ მდაბალს: „გული, მისი უნახავი, ტირს და სულთქვამს, ვაებს, უობს...“
,,ვაზირმან თქვა : ,,შენი ცეცხლი მეცა ცეცხლად მომედების...“
გენიალურ პოემაში ავტორს არ გამორჩენია ნამდვილი  ადამიანისათვის  დამახასიათებელი არც ერთი თვისება. სხვა ყველა დანარჩენ ადამიანურ კეთოლშობილებას  თან  ახლავს პერსონაჟთა მეტისმეტი ქველმოქმედება. ქველმოქმედების უბადლო მაგალითია არაბეთის მეფე- როსტევანი: ,,მოართვეს, გასცა უზომო, უანგარიშო ულევი...’’ ,,ჩემსა ნუვინ ნუ დამალავს, საჭურჭლესა დადებულსა...’’ ,,მოიღეს, გასცა უზომო, სიუხვე არ მოსწყენია... ‘’ .
ასეთივე ქველმოქმედია ავთანდილიც, რომელიც ამბობს :
,,...მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები, შენ დაამდიდრე ყოველი ობოლი, არას მქონენი...’’
სინდისიერი ადამიანის პიროვნულ ღირსებებზე მსჯელობისას, როგორც ვხედავთ, გამოიკვეთა, რომ ავთანდილს ყველა ზემოთ ხაზგასმული თვისება ახასიათებს, დანარჩენ პერსონაჟებს კი - მეტ-ნაკლებად. ამდენად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ავთანდილი, როგორც
„ვეფხისტყაოსანში" ხაზგასმული მთავარი ღირებულებით გამორჩეული პერსონაჟი, რუსთველისეული პიროვნების მოდელია.
ახლა კი გავიგოთ, თუ რატომ ტირიან „ვეფხისტყაოსნის“ გმირები. ამისათვის კი ისევ სქემას გამოვიყენებ.
ტირილის მიზეზი
პირადი                         სხვისი
მწუხარება ბედნიერებაბედნიერება
თანაგრძნობა სიყვარული
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ,,ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟების უმეტესი ნაწილი ხშირად სხვების გამო ტირის. ჩემი აზრით, მათი ტირილი პირდაპირ უკავშირდება მათივე სინდისიერების საკითხს, ვინაიდან ბედნიერებითა თუ უბედურებით გამოწვეული ტირილი სინდისის გამოვლინებაა. გავიხსენოთ ეპიზოდი, როდესაც ავთანდილი უცხო მოყმის საძებნად მიდის:
,,თქვა თუ მე მასმცა ვეახელ, აწ ცხელსა ცრემლსა ვღვრი არა“; ან კიდევ: ,,მუნ ეძებს ცრემლი მტირალსა, სდის ზღვათა შესართავისად...“ ამ ფრაზაში გამოხატულია ავთანდილის სულიერი მდგომარეობა, რომელიც სატრფოსთან განშორებითაა გამოწვეული. ავთანდილის თვალთაგან წამოსული ცრემლი მისი სინდისიერების გამოვლინებაა, ღმერთისა და სხვა ადამიანების სიყვარულის ხმა მის გულში.
გავიხსენოთ ის ეპიზოდი, რომელშიც ტარიელი და ასმათი ცხარე ცრემლით ტირიან:
,,ატირდა მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესართავითა...“
,,იზახდიან, მოსთქმიდიან მოსცემდიან კლდენი ხმასა... ‘’
ქალი ტირსა და მკერდსა იცემს , თმისა ტევრსა გაიგლეჯდა... ‘’
ასეთივე გრძნობით აღუწერს ტარიელი ავთანდილს ლომ-ვეფხის დახოცვის ამბავს :
,,სულნი სრულად არ ამომხდეს, რად გიკვირს, თუ ცრემლსა ვღვრიდე... ! ‘’
ამ ფრაზებში    ტირილი გამოხატავს    სხვისადმი    თანაგრძნობას, სხვისი    ჭირის    გათავისებას, ემპათიას და არამც და არამც - ეგოიზმს.
ასმათი ნაწარმოებში ერთგულების გამომხატველი სიმბოლოა, რომელიც ბევრს არაფერს ამბობს. ის ხშირად ტირის და ამით ამტკიცებს, რომ ტარიელის ბედი მისთვის მეტად მნიშვნელოვანია. მის დასახასაითებლად ავტორი, ნაცვლად გარეგნული დეტალების აღწერისა, გვაწვდის ეპითეტებს: ,,გულმდუღარე“, ,,ცრემლ-დასმული“... მისი ხასაითის შტრიხები ჩანს ფრაზებშიც: ,,გაუშვა და ცალკე დაჯდა, ტირს, დაიწყო ცრემლთა ფრქვევა...“, ,,ყმა მტირალი შეებრალა, ამად ცრემლნი ცხელნი ღვარა...’’ ის მგრძნობიარე, ერთგული მეგობარი და ,,სხვისი ჭირის გულთან მიმტანია“ . გამომდინარე აქედან, არ არის შემთხვევითი, რომ რუსთველმა სწორედ ასმათს ათქმევინა პოემის ერთ-ერთი მთავარი შეგონება: ,,ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია...“
საგულისხმოა, ასევე, ეპიზოდი, სადაც უცხო მოყმის პოვნის შემდეგ დაბრუნებული ავთანდილი უკან, არაბეთში, ბრუნდება და შერმადინს ეუბნება :
,,ავთანდილს  ცრემლი  უყოფდა, უბნობდა  თვალ-დაფახული... ‘’ ;
,,უმისოდ მყოფსა სწორად მიჩნს, ჩემთვის დარბაზი და ხული...’’ ;
სიხარულის ცრემლებია, როდესაც: ,,აკოცებდა, სიხარულით ცრემლსა ღვრიდა ველთა მრწყველსა...’’ ავთანდილის სინდისიერებაზე მიუთითებს სიტყვები, რომლებსაც ის შერმადინს ტარიელის შესახებ ეუბნება : ,,გული, მისი უნახავი, ტირს და სულთქვამს, ვაებს, უობს...“
როგორც უკვე აღვნიშნე, ტირილი „ვეფხისტყაოსნის“ გმირებს სხვადასხვა ვითარებაში უწევთ, მაგარამ ყველა ასეთ შემთხვევას შორის საერთო ისაა, რომ ყოველი მათგანის ტირილი სინდისის ძახილითაა ნაკარნახევი და ერთგვარ დამოკიდებულებას გამოხატავს ერთი ადამიანისა მეორის მიმართ. ამ მოსაზრებას გაამყარებს ის ფაქტიც, რომ „ვეფხისტყაოსანში“ არიან პერსონაჟები, რომლებიცსაერთოდ არ ტირიან.ასეთები არიან: დავარი,რამაზი, უსენი, მექარავნეები, ჭაშნაგირი.
დავარი, ფარსადან მეფის და, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეგოისტია. როცა ნესტანმა ხვარაზმშას შვილი ტარიელს მოაკვლევინა, დავარი განრისხდა, მაგრამ ერთი ცრემლიც არ გადმოვარდნია. სამაგიეროდ, მისი შინაგანი მძვინვარება მთელი ძალით ნესტანს დაატყდა:
„როსკიპო, ბოზო დიაცო, საქმრო რად მოაკვლევინე? ანუ სისხლისად მისისა ჩემი რად მოაზღვევინე?
არ ცუდად მომკლავს ძმა ჩემი, რა გიყავ, რა გაქმნევინე?...“.
აშკარაა, რომ დავარი ეგოისტი, საკუთარი „მე“-ს „ხატად მქცევი“ ადამიანია, რომლისთვისაც, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია არა ძმისშვილის ბედი, არამედ საკუთარი თავი. ძნელია,
ვისაუბროთ დავარის სინდისიერებაზე, ვინაიდან ამის დამადასტურებელი მასალა, ფაქტობრივად, არ გვაქვს. დავარის სიფიცხემ, ეგოიზმმა, იმაზე ფიქრმა, რომ ურჩევნია, საკუთარ თავს განაჩენი თავადვე გამოუტანოს, იგი კიდევ ერთხელ წარმოგვიდგინა, როგორც ნაწარმოების სხვა გმირებისაგან რადიკალურად განსხვავებული პერსონაჟი. ამაზე მეტყველებს მისი თვითმკვლელობაც.
მექარავნეები, ჭაშნაგირი, უსენი - ეს პერსონაჟები იმ ადამიანთა რიცხვს განეკუთვნებიან, რომლებსაც ტირილი არ შეუძლიათ. ნაწარმოებში ვეცნობით ეპიზოდებს, სადაც ვრწმუნდებით, რომ მათ სხვისი ბედი არ ანაღვლებთ, ისინი ეგოისტი ადამინები არიან და, შესაბამისად, არაფერი გვაქვს სათქმელი მათ სინდისიერებაზეც.
ჩემი აზრით, საინტერესო პერსონაჟია ფატმანი, რომელიც გარეგნულად ლამაზი ქალია, თუმცა, ერთი შეხედვით, თავისი მორალური სრულყოფილებით მთავარ პერსონაჟებს ოდნავ ჩამორჩება, მაგრამ მაინც აღსანიშნავია თვისებები, რომლებიც მის სინდისიერებაზე მიუთითებს. ეს არის გულმოწყალება და სიყვარულის დიდი ნიჭი. იგი სრულიად უცხო ადამიანს, ნესტანს, დაეხმარა და ყველაფერი გააკეთა მის გადასარჩენად. ფატმანი ორად გახლეჩილი პიროვნებაა, რომელმაც საკუთარ თავში ძალა იპოვა, რათა ახალი ცხოვრება დაეწყო. ფატმანის შემთხვევაში ვრწმუნდებით, რომ მისი ცრემლები უსულგულო გარემოების მსხვერპლად ქცეული სინდისის გაღვიძების ნიშანია: „რა ვქმნა, რა მერგების?“ აწვიმებდა, ცრემლთა ღვრიდა“. მას აქვს უნარი, იტიროს, იგრძნოს, განიცადოს, ეტკინოს... აქვე უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ რუსთაველის მიზანი არ ყოფილა იდეალური ადამიანის დახატვა. მან ადამიანი წარმოადგინა თავისი „ავ-კარგით“, ისეთი, როგორიც შესაძლებელია, სინამდვილეში იყოს.
და მაინც, როგორია „ჩემი ვეფხისტყაოსანი?“ რა დაფარული საიდუმლოა მასში, რომელიც მასთან კიდევ და კიდევ მიმიყვანს ხოლმე: ქვეცნობიერი, რომელმაც, შესაძლოა, ცხოვრების ბედნიერი წუთები უნებურად დააბრუნოს თუ გონება, რომელმაც იცის, რომ ამჯერად, შესაძლოა, იმას წააწყდეს, რაც წინა წაკითხვისას გამომრჩა? ვეჭვობ, რომ ეს შეკითხვები, „ვეფხისტყაოსნის“ ამოუხსნელ ფენომენთან დაკავშირებით, სიჭარმაგეშიც გამიჩნდება, მაგრამ მაინც მგონია, რომ ჩემთვის, და ალბათ სხვა ნებისმიერი მკითხველისთვისაც, ეს დაფარული ანდამატი პიროვნული ღირებულებების ორიგინალურად გააზრებაა.
რა არის, ზოგადად, ორიგინალობა? ჩემი აზრით, ყველაფერი, რაც ერთი შეხედვით, რთულია და სინამდვილეში - მარტივი, ორიგინალურია. „ვეფხიტყაოსნის“ რთული სიუჟეტის, მისი ფილოსოფიური სიღრმის უკან იმალება მისი გმირების „ყოფის სიმარტივე“, კარგი გაგებით. მარტივია, იმოქმედო ბუნებრიობის კარნახით, სულისა და სხეულის უკვე მზა მოცემულობითდა
არა საგანგებოდ შექმნილ-გამოძერწილით. რუსთაველის პერსონაჟები, ჩემი აზრით, კი არაფერს ცდილობენ, არამედ შინაგანი პიროვნული კარნახით მოქმედებენ და ამიტომაც მათ ქმედებებში ბევრი რამაა ღმრთისმიერი, მაგრამ ისინი იდეალურები ვერ იქნებიან; ისინი მოვლენილნი არიან
„ხატებად უფლისა“, მაგრამ ხატი ვერასოდეს იქნება ორიგინალის ზუსტი განმეორება. სწორედ ამიტომ, „ვეფხისტყაოსანთან“ მოკალათებული მკითხველიც თავს კომფორტულად გრძნობს. მას ხომ სრული თავისუფლება აქვს, ამოიცნოს საკუთარი თავი; შეაფასოს თავისი „პიროვნულობის ხარისხი“; გაიძლიეროს თვითშეფასება ან გული დაიმშვიდოს, როცა აღმოაჩენს, რომ, მიუხედავად ბევრი ნაკლისა, მის პიროვნულ ღირსებებს ვერაფერი დაჩრდილავს.
„ვეფხისტყაოსნის“ შექმნა, თავისი პესრსონაჟების გალერეითა და თავგადასავლებით, ჩემი აზრით, რუსთაველს უფლის ხმამ შთააგონა. ამ ხმის გამოძახილი მხოლოდ პიროვნების ბუნებაში ღვივის და ამიტომ პიროვნება „ვეფხისტყაოსნის“ მთავარი ღირებულებაა.
გამოყენებული ლიტერატურა
1.  ვასაძე,    თ.    –   „ვეფხისტყაოსნის“    მხატვრული    შინაარსის    კომენტარები,    თბილისი, გამომცემლობა ,,უნივერსალი", 2005
2. ნათაძე, ნ. - დროთა მიჯნაზე, თბილისი, ,,საბჭოთა საქართველო", 1974
3. მურღულია, გ. - საუბრები ქართულ ლიტერატურაზე, თბილისი, „განათლება“, 1992.
4. ნოზაძე, ვ. – „ვეფხისტყაოსნის“ ვარსკვლავთმეტყველება, სანტიაგო დე ჩილე, 1957
5.  ხინთიბიძე,   ე.   –    „ვეფხისტყაოსნის“    მსოფლმხედველობითი   საკითხები,    თბილისი, უნივერსიტეტი, 1975
  1. Catherina Osborn, Damb Beasts and Dead philosophers: Humanity and the Humane in Ancient philosophy and literature, Oxford University Press, 2007
  2. Nathan Dean Maxwell, The Psalmist in the Psalm: A persona - critical Reading of Book IV of the Psalter, New York,2007
  3. A.D. Morrison, The Narrator in Archaic Greek and Hellenistic poetry, Cambridge University Press, 2011
скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
გორვანელი - პეტრე იბერის ცხოვრება, მოღვაწეობა და მასთან დაკავშირებული სპეკულაციები გორვანელი - პეტრე იბერის ცხოვრება, მოღვაწეობა და მასთან დაკავშირებული სპეკულაციები ჟურნალი / სტატიები / ფილოსოფია / მეცნიერება / მომხმარებლები იაშა კუჭუხიძე   -  შალვა ნუცუბიძის მოგონებებიდან იაშა კუჭუხიძე - შალვა ნუცუბიძის მოგონებებიდან ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / ფილოსოფია / გამოქვეყნებული გორვანელი (ლევან გოგაბერიშვილი)  - ავტორის დაბადება გორვანელი (ლევან გოგაბერიშვილი) - ავტორის დაბადება ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ფილოსოფია / გამოქვეყნებული ელგუჯა ხინთიბიძე - რუსთველური მხატვრული სახე  შექსპირის ციმბელინში ელგუჯა ხინთიბიძე - რუსთველური მხატვრული სახე შექსპირის ციმბელინში ჟურნალი / სტატიები / კრიტიკა / მეცნიერება / გამოქვეყნებული გიორგი ასათიანი - მეცნიერება და რელიგია გიორგი ასათიანი - მეცნიერება და რელიგია ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / ფილოსოფია / ფიზიკა / მეცნიერება / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge