გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

რაულ ჩილაჩავა - ლექსები

თოში
მე ენერგია შუქის ნაცვლად სითბოსთვის ვხარჯე
და ახლა, როგორც გადამწვარი ნათურა, უქმად
ვკიდივარ მკვდარი სურვილების ბოძზე და ვარ ჯერ
უცნობი ბინდის ხახისათვის უგემო ლუკმა.
დღეებმა ისე ჩამიქროლეს, რომ აღარც მკითხეს:
„რას მიაღწიეთ საბოლოოდ ჯიუტი ცდებით?“
უხმოდ გავყურებ სინჯარაში ჩარჩენილ სითხეს
და შემზარავი სიჩუმიდან ჩამესმის: „ცდებით!“
იყო ნადიმი... ამორძალთა იყო ორგია,
მაცდურ დაფაზე რამდენიმე სვლა და შამათი.
თვალთა გუგები სიზმრებისთვის თითქოს მორგია,
რადგან გრიგალში თიხის ფრთები დაიფშვნა მათი.
გლახაკთა შორის ვინ შენიშნოს სამეფო ქცევა,
ჩემს ყულაბაშიც ოქროს ნაცვლად ცვივა გროშები.
მე გული მიგრძნობს, რომ შემეძლო სინათლედ ქცევა
და ვერ მივმხვდარვარ, ამ სიცხეში რად ვითოშები!

პუნქტიპირველი
პუნქტი პირველი: გადარჩენა!.. სხვა დანარჩენი
წყალსა და მეწყერს წაუღია... გავძლებ, ავიტან
ათას ჯოჯოხეთს და დავიწყებ ისევ თავიდან
ყველაფერს, სანამ გზას მიჩვენებს თვითონ გამჩენი.
თუ კვლავ დაბნელდა, დამჭირდება მზისყავარჯენი,
თუ კვლავ გვალვები დაიჭირა - ცის „აკვავიტა“.
მე მაძლებინებს ჩემსძველ ბაღში სუნთქვა ყვავილთა,
თუმც უდაბნოში სულს ღაფავენ ჩემზე მარჯვენი.
ჩვილს უასაკოს სიცოცხლის ხემ წლები მასესხა,
ნაყოფიც უხვად მიწილადა, რაც კი მას ესხა,
და არ დამტოვა მოიმედედ ბერწი, მწირ ველის,
სადაც მცირედი კვალიც არ ჩანს ნათავთავარი...
მეჩურჩულება სიო: „რაა შენთვის მთავარი?“
და მე ვპასუხობ სხაპასხუპით: „პუნქტი პირველი!“

მზის იმედით
რიჟრაჟები ბაცდებიან, ყმაწვილები კაცდებიან,
გულში მწველი განცდებია, გული შველას მთხოვს.
თუ სიტყვები გაცვდებიან, მაშინ მიზანს ასცდებიან,
ცას ნამქერნი ასწდებიან, იმნაირად თოვს.
ვისაც თეთრი გარევია, ყველა სევდანარევია,
ზოგსაც გზები არევია და უკუნში ზის.
ედემს ნაავდარევიანს, არ ვაშლიანს, არ ევიანს,
იმედი აქვს, იმედი აქვს, იმედი აქვს მზის.

ლხინი აქა
გავიარე ბაღები და სასახლის თაღები,
მოვარგე  გასაღები სიზმარეთის ბჭეს და
გავიგონე, ჩინარი, თვალთათვის უჩინარი,
შრიალებდა: “ვინ არი?..” მოციქული  ზესთა
იყო ჩემი მხლებელი, იგი _ ხელუხლებელი,
ლურჯ ფერდობებს შეფენილ სააღდგომო ფარას
უპირებდა გარეკვას  და ზარების დარეკვას
რომ განგაში არ ერქვას, ტაძარს აეფარა.
უკვე აღარც მახსოვდა ვინ ვისთან ბაასობდა,
მზე ქოჩორში მაქსოვდა სხივებს გაუხუნარს.
არემარე ხარობდა, ხეზე შაშვი გალობდა
და მე ღმერთი მწყალობდა სიყვარულის უნარს.
ცით მანანა ცვიოდა, ცისარტყელა ჭვიოდა,
ხატს მირონი სდიოდა და არ აჩნდა ლაქა.
ქატო სხვაგან რჩებოდა, აქ ფქვილი იცრებოდა,
ჭირი იფიცებოდა: “ლხინი აქა, აქა!”

ორი ხიზანი
ტიროდა თოვლი დაგმანულ კართან
და მთელი ღამე ყინვაში თრთოდა.
გასუსულიყო მეგრული ოდა
და ფანტელებით ნაქსოვი ფარდა
ელანდებოდა ბუხრიან ოთახს.
თოვლი კი იწვა, როგორც მხევალი,
სუსტი, უმწეო და დამსხვრეული
და უჩვეულოდ ლურჯი სხეული
ბზინავდა ბინდში და თებერვალი
თავს დასდგომოდა, როგორც გრძნეული. 
მე არ ვიცოდი, რა მექნა ანდა
სად მიმეწვია უცხო სტუმარი,
ჭერს ავცქეროდი ბაგემდუმარი,
სარკმელში ჩანდა ვერცხლისფერ ლანდად
სუსხი, ხევებში ნააღლუმარი.
თოვლს არ ეძინა; ადამის ძეთა
პირველ ნაბიჯებს ელოდა ძრწოლით,
როცა გაჰკვეთდა რიჟრაჟის ზოლი
მას, როგორც ბასრი შაშარი ცხედარს
და... ლოლუების ტყდებოდა ბროლი.
მე გონზე მოსვლაც ვერ მოვასწარი,
ქარი კი უკვე ფარდაგზე თვლემდა.
ვიფიქრე, რაკი მოვიდა ჩემთან,
არ გავაღვიძებ, იყოს, რაც არი,
და... მივაჩერდი სითეთრეს თხემთა.
აზრი არ ჰქონდა შინ შებრუნებას,
მე, მასპინძელი მერქვა რამეთუ,
გზა თოვლისთვისაც უნდა დამეთმო.
ო, დიდზე დიდი იყო ცდუნება,
ისიც შემეშვა, ისიც გამეთბო.
მე ხელს ვუქნევდი მიმავალ ზამთარს
და არ მტოვებდა წინარე ყოვლის,
ფიქრი ხიზანთა სათუთად მოვლის...
შინ ორი სათნო ხიზანი მყავდა:
თოვლი და ქარი, ქარი და თოვლი!…


პოეტს ბილიარდის მაგიდა ედგა
პოეტს ბილიარდის მაგიდა ედგა,
პოეტი ხანდისხან ბაძავდა ედგარს.
მაგიდას მაუდი ჰქონდა გადაკრული,
პოეტი ზედ ლექსებს თხზავდა გადაკრული.
_ ლენორ, დამეკარგე?
ისმოდა: “კი-ი!”
ფანტავდა ბურთულებს უცნობის კიი.
ფანტავდა ქვეშქვეშად, ფარულად, ქურდულად
და მაინც რჩებოდა ნიშნული ბურთულა,
(რომელიც მოჰგავდა ლათინურ ასო “O”_ს),
რომ ყელში გასჩროდა პოეტს უსასოოს.
ჭირდა ამოსუნთქვა, ჭირდა დაძახილი,
მაგრამ კალმის წვერი, ვით დენდის მახვილი,
უცნობის ფარსა და მუზარადს აპობდა,
მეწამულ სარკმელთან მნათი კიაფობდა:
“ჰეი, ეს სამყარო გეკუთვნით თქვენ ორს!..”
აფსუს, ყორნის ფრთები ფარავენ ლენორს.

ის კარი ოტელის...
ელოდა, ელოდა ის კარი ოტელის,
მოსვლას ფარისევლურს ისკარიოტელის.
არა ვარდებსა და არა იებს შუა,
ვიწექ ეკლებს შუა, როგორც იეშუა.
მეოცე სართულიდან ქალაქი მოჩანდა,
როგორც სამფლობელო ბრიყვთა და ოჩანთა.
მქონდა ტელეფონი, არვინ მირეკავდა,
ხანჯალს გაშიშვლებულს კარის დირე ჰგავდა.
ვიცოდი, სანამდის გავარკვევ, რა ხდება,
ერთი შედარება უთუოდ ახდება.
ვიცოდი, ერთ-ერთი, ვინც გარეშემოა,
ღიმილით შემოვა ან ხანჯლით შემოვა.

ეშმაკიადა
თქვენო უმაღლესობავ, გულში ისრად გვესობა
შუღლი და უწესობა, მრუშობა და დებოში.
გამოგვკეტა ქლესობამ, მესიჯ-ესემესობამ
უტყვი უმრავლესობა, ვით ტრამვაი დეპოში.
ქარში ნაფოშფოშები დაგვიშვია დროშები,
ვით ბანაკი ბოშების, სადღაც მივეხეტებით
რეზინის კალოშებით, ბაბაჯანას ქოშებით...
აქ საწყალი გროშებით ჩვილებს ზრდიან დედები.
ზამთარი ახლოვდება, მალე კვლავ გათოვდება,
ირგვლივ ბოღმა გროვდება, როგორც ჭვარტლი ბუხარში.
კუდიანი თხოვდება, საჭურისი ტროვდება,
ძახილი გვაგონდება: “ჩაკეტილი ნუ ხართ შინ!”
ვის აქეზებს რადიო, გოლგოთაზე ადიო,
ჩვენს უდაბურ სტადიონს დაავიწყდა ტაშები.
სევდა სად დავატიოთ, ღამე სად გავათიოთ,
სანამ უნდა ვათრიოთ ფუჭი პატრონტაშები!
ირევიან ფერები... რაბინები, ბერები,
ანჩხლი შინაბერები მარხულობენ ნიადაგ.
აღრენილან ერები, ვერვის მიეფერები,
იარაღის ჟღერებით მიდის ეშმაკიადა.
ვერ გაიგებ, რა ხდება, ვინ ვის მერანს ახტება,
ვისი ცოლი ბახდება ფარულ ჰარამხანაში.
ნატვრა როდის ახდება, ცეცხლი თუ გაჩაღდება,
კვლავ თუ გაჩახჩახდება მზე ამ არამ ხანაში.
გავერანდა მთა-ველი, მახობელის თაველი,
მიწის ყველა მტკაველი გრძნობს უმძიმეს ჭრილობას.
წუხს შოთა რუსთაველი, ბორგავს ბრძენი ფშაველი,
იაკობ ცურტაველი წერს ახალ მარტვილობას.
ვის დავუდგეთ დარაჯად, ვის ვუხადოთ ხარაჯა,
დაძონძილი ფარაჯა ფრაკში როდის გავცვალოთ?..
ხმის გამცემი არა ჩანს, ხმის გამცემი არა ჩანს,
ნუთუ ყინვამ დაგაზრო, შენც, იმედის მარცვლო?

აბსურდის აღლუმი
როცა იკითხავენ: რის სანაცვლოდ დაგვმართა ეს
ყველაფერი უფალმა, ჩვენმა ღმერთმაო, მიუგე:
მე მიმატოვეთ და ემორჩილებოდით უცხო ღმერთებს
თქვენს საკუთარ ქვეყანაში, ასევე დაემორჩილებით
უცხო ღმერთებს იმ ქვეყანაში, რომელიც თქვენი
არ იქნება.
იერემია წინასწარმეტყველი, 5. 19
1
როგორც ორი განწირული, დგას აკაკი და ილია,
ამ საზარელ სისხლის ღვრაში მათი გული დაილია.
იწვის ფრესკა, იწვის ხატი, შავი კვამლი ზეცად ილტვის
და პროსპექტის სუნთქვა მოჰგავს სუნთქვას ჭლექიანი ფილტვის.
ანაბანა ვინც ისწავლა, ყველას უნდა თითო ტახტი,
თანაც დღესვე, თანაც ახლა, თანაც ურყევი და ნაღდი.
2
მოდის, როგორც მოჩვენება, გამჭვირვალე მოსასხამით,
მოძღვრის ჟესტი და იერი თუ მოპარა მოსეს ღამით...
ისე მოდის, თითქოს თვითონ არაფერი არ ეხება
და არც იცნობს მათ, ვინც ძმათა სისხლით არემარე ღება.
თითქოს ამბობს: “მე გიშველით, როგორც ადრე მიშველია!..”
ბავშვი არ ჩანს, რომ იყვიროს: “შეხეთ, მეფე შიშველია!”
3
მოდის, ვინაც იჯიბგირა, ითაღლითა, იორგია,
ვინაც გვარად კუჭატნელი და სახელად გიორგია.
მოდის თავხედური მზერით, ვინც არ არის მთლად იმანო,
ვინც გამცემთა ძახილს აჰყვა: “გვისარდლეო, შადიმანო!”
მოდის, მოდის ბატონი თუ გასპადინ თუ ჰერ ოსტატი,
მკრეხელობით ვინც დაჯაბნა თვით უკვდავი ჰეროსტატე.
4
მოდის იგი, ვინაც ჩუმად გააკეთა არჩევანი,
ერთხელ უკვე ყარაყორუმგამოვლილი თარჯიმანი,
ვინაც, თურმე, რახანია, სხვა ბანაკში გადავიდა,
თუმცა ადრე სუზერენი აღმერთა და ადავითა.
სუზერენო, რატომ შენაც არ გადადგი ბიჯი ფრთხილი,
თანამდგომი რომ ამბობდა: “გამოვიცვალოთ ადგილი!”
5
მოდის ლოიოლას სწორი ოპერ-ობერ-პროკურორი,
ისევ ელანდება მსხვერპლი, არა ერთი, არა ორი.
თუ ზემოდან უბრძანებენ, დაიჯერებს, რაც არ სჯერა,
უფრო მეტიც, გასცემს ორდერს ღვიძლი შვილის დასაჭერად.
თეთრზე იტყვის, შავიაო, ჩაიბრუნებს თავის ნახველს,
კადუდალის ქუდი შვენის კადუდალის თანამზრახველს.
6
მოდის დათა თუთაშხია, თან მოჰყვება პაპუასი,
პაპუასი იფიცება, ძმა ვარ თოვლის ბაბუასი.
დათა ამბობს: “მაგალითად, გამომარჩევს სხვაში ერი,
ვის სმენია თოვლის პაპა, პაპუასის ნაშიერი?
მოდის ციცქნა ბიჭუნა და უსტვენს, უსტვენს: “ჰაუ, ბიძა,
იქნებ სჯობდეს ჩააჩუმოთ ნაჩუქარი ჰაუბიცა!”
7
მოდის ბანჯგვლიანი ჯაყო, წინ გზა უდევს საჯაყჯაყო,
უტიფარმა ქალბატონის ძუძუებში ხელი ჩაყო.
შიდა ქართლში ჩვენი საქმე, მგონი, ისევ გლახად არი,
ოსთ ბატონი გაგვწყრომია, როგორც როსმე ბაყათარი.
ვითმენდით და ჩვენი ეტლი ლაფში სწორედ ამან ჩაფლო.
აკადემიკოსო ნაფი, თქვი, ვისია სამაჩაბლო?
8
მოდის ამღვრეული მზერით უძილარი ლუკაია,
“სხვა ცხოვრება რაღა არი, ეს ცხოვრება თუ კაია?
რა სიშმაგეს შევესწარი, ვეღარა სცნობს ძაღლი პატრონს,
კაცს ეყოფა, რამე უთხრა, რომ მუცელი გაგიფატროს.
აღარც თქვენი ქალაქი და აღარც თქვენი ოქრო მშია,
ჩემი საყვარელი სახლი ზუგდიდსა და ოქუმშია!”
9
მოდის გუშინდელი მოძმე, ხელთ უპყრია ალაბაშა,
შენ რას იტყვი, შენც მასავით გვიღალატებ, ალი-ფაშა?”
მოდის კენტი მედოლე და გაახურა განდაგანა
რომ მივუხვდეთ: ჩვენთანაა, სხვისკენ გადაქანდა განა!
მუხტავს ცეცხლოვანი რიტმი, თურმე მომხვდურსაც რომ ექო,
სივრცეს, როგორც ასლანური მრავალჟამიერის ექო.
10
უცაბედი ჩოჩქოლია რაღაც არაბუნებრივი,
ცეცხლში რკინის ქალამნებივთ მოდის ოთარაანთ ქვრივი.
სადავო თუ საკამათო დაელევა განა თემა,
ამ კოცონის გამჩაღებელს შეუთვალა ანათემა.
აფსუს, ძმებმა ვერ გაიყვეს მოუკლავი ხარის ტყავი.
ესეც შენი წუთისოფლის კრულვიანი საკითხავი!
11
მოდის მამაუფლის მონა, ნატრობს: “სხვებსაც დამამონა!”
ხარხარებენ ანტიქრისტე, ბელზებელი და მამონა.
მოდის შავკოლჰოტკიანთა გაალმასებული დასი,
გაოგნებულ ქართვლის დედას ლამის გაუვარდეს თასი.
თეძოების მიმორხევით მოდის ხარჭა რომეოსი,
თუმცა გავლით სხვაც ჰყოლია, რომე ქურთი, რომე ოსი.
12
მოდის კუდმოჭრილი ვირით სესიების ოქროპირი,
ვირი უკან-უკან იხევს, თითქოს შეაბრუნეს ფირი.
დიდყურა რომ დიდყურაა, მასაც უძნელდება გავლა
ფერფლში, სადაც სულ ახლახან ედგა საკუთარი თავლა.
მჭევრვეტყველი დიდასკალი ერის მამას უკვე არ ჰგავს,
ამდენ მოყაყანეს შორის ხმაც და რიხიც დაუკარგავს.
13
მოდის ნიღბოსანთა რაზმი და ურჩხულის კბილებს თესავს,
მათგან ამოზრდილი ჯარი შეცვლის საგანგებო დესანტს.
უნდათ ყველგან მოასწრონ და უნდათ ყველგან ინავარდონ,
მუქარასაც არ გვაკლებენ: “დაგანახებთ, ვინა ვართო!”
ნიღბოსანთა ატამანიც, მითხრეს, თურმე დანტისტია.
ამ როლისთვის მან ფეხდაფეხ ჯოჯოხეთში დანტეს სდია.
14
მოდის ბურძგლიანი ტიპი, მოჰყავს დანჯღრეული ჯიპი,
ნიკაპამდე ამოსვლია საჭეს მიჭყლეტილი ღიპი.
როგორც ბაზრის მკითხავ ბოშას, მხარზე თუთიყუში უზის.
კრთება შეცივნული ჩიტი ყოველ გასროლაზე “უზის”.
ნეტავ, ჩვენი ხოცვის ნება ვინ და როდის მიანიჭა
ბრიყვს და რეგვენს, ცრუს და თაღლითს, საჭურისს და იანიჩარს?
15
მოდის შაოსანი ბრბო და მოაქვს დაგმანული კუბო,
ყვირის კუბოს ბინადარი: “რატომ უნდა დავიღუპო?
ხურუშტიანების ხუნტავ, მძულდი, მძულხარ, Mმეძულები!..”
“გვეძულები!..” _ პასუხობენ ძველი თანამებრძოლები.
ბათქი!..  მაგრამ იქით უკვე არც არავინ მიიხედავს,
მოდის ბაღჩო და მთელი წლის ნაგავს ხვნეშით მიიხვეტავს.

ჰობოი
სანთლების შუქზე უკრავს მუსიკა,
მოსულა ჟამი თავდავიწყების.
მინდა მოვასწრო, რაც გამოვტოვე,
რაც გამომრჩა და ვერ ავითვისე.
თითქოს აქამდე არც მიცხოვრია,
ახლა გავჩნდი და ახლა ვიწყები,
მაისის თბილ და კეთილ თვესავით
და არა ცივი და ავი თვისებრ.
მხოლოდ აქა იქ მეცნობა ხალხი,
ზოგი ღიმილით, ზოგი ჭაღარით,
შორ სარკეებში ყმაწვილკაცობის
ანარეკლებად ჩანან მდედრები...
არც ეშმაკები მაცთურ თვალებში,
არც თმები მხრებზე გადანაყარი,
თითქოს თვითონაც მათ დანახვაზე
ვიღაც უცხოს და უცნობს ვედრები.
სანთლების შუქზე უკრავს მუსიკა,
ღვინოზე მეტად მათრობს შოპენი,
თითქოს დარბაზი მიცურავს ზღვაში
და თოლიები გემბანს ფარავენ,
ვიდრე ჯერ კიდევ მფეთქავ ვნებათა
ქაფში იკვლევენ გზას მეხოფენი,
მგონია, წლების ყულფივით მიჭერს
სურვილთა ჩემთა სიპატარავე.
ეს ღამე, ალბათ, ღამეზე დიდხანს
გასტანს და ურიცხვ ვარსკვლავთა ცვენა
ვერ შეაფერხებს ზეცაში აჭრილ
მოგონებათა ბოინს (ჰო, ბოინს!..)
თანდათანობით, თანდათანობით,
თეთრი ვარდებით ივსება სცენა
და მოგუგუნე ორკესტრში კენტად
ჩემი გულივით ტირის ჰობოი.

"არ მომკვდარა!"
ჩვენ ვართ სნეული, მაგრამ მაჯაშის
შემტყვებარს დღემდე ამაოდ ველით.
თავსასთუმალთან გვიზის სატანა,
რომელიც ისეთ დიაგნოზს გვისვამს,
რომ არ გვშორდება დარდი, ნაღველი
და გვაქვს თვალები ცრემლებით სველი,
თითქოს უბირებს წამალთა ნაცვლად
მხოლოდ შხამი და ბალღამი გვისვამს.
არავინ მოგვწონს, ვაგინებთ ყველას,
შურმა და ბოღმამ წალეკა ერი.
ზოგჯერ ვიფიქრებ: "ნუთუ ეს ჩვენ ვართ?.."
და ცა გრუხუნით თავზე მემხობა.
ინგრევა სახლი, ციხე, ტაძარი,
მაღლა სვეტებად მიიწევს მტვერი
და მტვრის ბუღსა და კორიანტელში
გულდათუთქული გავჰმზერ მე მყოფადს.
გამწარდა ცხადი, გაძნელდა ძილი,
ჰაი, დედასა, რა დროს ვბერდები!
ახლა მგლის მუხლი გვჭირდება ყველას,
ადგილზე ტკეპნით წინ ვინ წასულა!
"განსაკუთრებულ" სასმისთა სმაში
გახუნდა ჩვენი ალავერდები,
ბუნების მიერ ძედ მოვლენილი
გარდაისახა თვალწინ ასულად.
თითქოს ოდითგან სამზეო სივრცეს
დაუფლებია ნისლები ბლანტი
და უხილავი მათი მეუფე
ჩვენკენ უხამსად იშვერს არათითს...
მაგრამ უეცრად მთაწმინდის თავზე
აღიმართება აკაკის ლანდი,
რომ გაგვამხნევოს მარად სანატრი
და სანეტარო "არ მომკვდარა!"-თი!

მოგვი
ქოხის კარებთან არხევს მოგვი ტანს
და მე ვჩურჩულებ: “მოგვი ანებეთ
საკუთარ თავს და მოგვიანებით
იგი სასურველ ამბავს მოგვიტანს.”
იქნებ ერთხელაც (ჟამი გავა და)
ჩვენც მოვისურვოთ ქცევა მოგვადო.
მოგვმა ლოყაზე ლოყა მოგვადო...
ამ სითბოს წარსულს მე ვერ გავატან!
აჰ, საქმე განა მარტო მოგვშია,
რომელმაც ბევრჯერ ბნელს გაგვარიდა!..
ჩვენ ბედნიერი ჩვენი გვარი და
უფლის ნაკურთხი მიდამო გვშია!


ანრი მიშო
(ალუზია ლექსისა 
“მე დამესიზმრა, რომ მეძინა”)
ერთმა ნაცნობმა უცნაური სარკე მიშოვა.
მე იმ სარკეში ჩავიხედე: “ანრი მიშო ვარ!..” –
სარკის სიღრმიდან მითხრა კაცმა და შემომღიმა,
(უკან მოჩანდა თითქოს მცხეთა და შიო-მღვიმე).
მე კი მეგონა, რომ მეძინა, სიზმარს ვხედავდი,
თორემ სარკეში ჩახედვასაც ვერ გავბედავდი, 
მაგრამ მეღვიძა, ეს სიზმარი სულაც არ იყო,
და სარკეშიაც თვითონ ანრი მიშო მდგარიყო.
და მაინც ეჭვი მაწვალებდა: იქნებ მეძინა,
ფრანგი პოეტი არ მენახა რადგან მე წინათ,
ვერ დავიჯერე, მსგავსი რამე ცხადში თუ ხდება,
ეს სიუჟეტი, ალბათ, უფრო სიზმარს უხდება.
სიზმარი... ცხადი... ამერია სხვადასხვა ჟანრი:
ჩავცქერი სარკეს, შემომცქერის იქიდან ანრი
მიშო და ვფიქრობ: იქნებ მართლა ანრი მიშო ვარ!..
ეეჰ, ნაცნობმა რა კვიმატი სარკე მიშოვა!

ალაყაფი
ღამით ვიღაცა რიგრიგობით ალაყაფს აღებს,
თითქოს ამოწმებს ჩუმად ეკლებმორეულ ბაღებს,
მანდ ხომ არა აქვთ ბუდე სულთნებს, ხალიფებს, აღებს!
ზოგმა დაკარგა კვერთხი, ზოგიც დაკარგავს ხვალ-ზეგ,
და ამიტომაც უნდა დღესვე იფიქროს ვალზე,
თუ მეტ სიზუსტეს გამოვიჩენთ: სისხლიან კვალზე.
კითხვა მდაგველი, ყველა ჩვენგანს გვახლავს სულ თან ის:
როგორ გამოჩნდა ჩვენს ტატნობზე უცებ სულთანი,
რომ აღევლინა ძლიერება მკვდართა სულთანი! 
ერთსაათიან, მაგრამ მაინც, მაინც ხალიფებს,
ვინ ადგამს გვირგვინს, ხალიფებად ვინ აყალიბებს
ან ვინ უმზადებს მათ შავ დღისთვის წვრილ-წვრილ ალიბებს?
ვინ გამოჩეკა, ვინ დაგვასვა თავზე აღები,
რომ უკიდიათ დარბაზებში ოქროს ჭაღები
და აღარ ჰყოფნით სატრიბუნოდ თვით პარმაღები?..
თითქოს მგლის თავზე კითხულობენ მღვდლები აკაფისტს,
რაც ირგვლივ ხდება, მე მგონია ზოგჯერ ლაყაფი
და... აღარა აქვს დილით არც ერთ ბაღს ალაყაფი!

მოდის თქეში
თითქოს ჭექა-ქუხილისგან ცისკიდური გაიხა და
მოდის თქეში... დედამიწამ სამოსელი გაიხადა.
ჯიქურ მოვარდნილი ქარი ალვის ხეებს აქანავებს,
ფოთლებს, ღვარში მიმოფანტულს, იქ აგემებს, აქ ანავებს.
ეს ტალღები აყალყული თითქოს მოდის ანგარიდან,
თვითმფრინავმა ვერ გამოჰყო ცხვირი თავის ანგარიდან.
ვერ შეამჩნევს ვერსად თვალი სულიერის ჭაჭანებას,
მინდა კარში გავიდე და დამრთავს კიდეც ჭაჭა ნებას.

ბურიმე
თუკი ცხოვრება თამაშია, ჩემთვის ბურიმე
არის ცხოვრება... გავისროლე ქეიბური მე
და მოვახვედრე მიზანს ანუ ვიპოვე იგი –
უზუსტესი და უნაზესი რითმების რიგი.
თვალთუხილავი ჩამჩურჩულებს ყურში: “ყულევი!”
ვპასუხობ: “მამულს ნუ მოაკლოს განძი ულევი!”
მესმის მისი ხმა: “კავაბატა იასუნარი...”
“საოცარია, - მე ვაგრძელებ, - იას უნარი,
იგრძნოს პირველად გაზაფხულის კართან მოდგომა,
მსგავს შიკრიკს ნატრობს თვით ზაფხული და შემოდგომა...”
და უცებ როგორც გასროლის ხმა: “გაგრა... ზნაური!..”
რა ვთქვა, როდესაც შემოდგომის ვარ აზნაური!
ჰოი, რაღა დროს თამაშია, მორჩა თამაში...
და მითოვს, მითოვს ერთდროულად სულში და თმაში!

რემარკის გმირი
ევროპის გზებზე დავალ, როგორც რემარკის გმირი
და მეც მასავით ბნელ სივრცეში ვარ დაკარგული.
გახმა ხეები, რა ხანია, ჩემგან დარგული,
და იმ ხეთაგან აწ ვერმოსხმულ ნაყოფებს ვტირი.
მე არ მადარდებს, დასავლეთის ფრონტზე რა ხდება,
როცა ჩვენს ფრონტზე ყველაფერი უცვლელად დარჩა,
და, როგორც უწინ, მარტონი ვართ, მშველელი არ ჩანს,
და ოცნებებიც, ისე ვატყობ, აღარ ახდება.
ჰეი, ყმაწვილო, გამოფხიზლდი!.. მორჩა, მაგ ირემს,
შენ რომ დასდევდი, ვერასოდეს იხილავ აწი.
ჭერახდილ მამულს უსაშველოდ ათოვს და აწვიმს
და სხვაგან დაძრწის დღეს ქართველი მოჯამაგირე.
თუმცა ბევრისთვის დღესაცაა გაუხუნარი
ყოფა და ებრძვის სპლინს სიგარით, ვისკით, თეკილით,
მე კი ორმოცი წელიწადი ვარ განდეგილი
და მიკვირს, დღემდე როგორ შემრჩა სიტყვის უნარი!скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge