გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ახალგაზრდა პოეტები - ლექსები

ახალგზარდა პოეტები: დემეტრე ზარქუა, საბა ხვიჩია, ირაკლი ბერიშვილი და დავით ფიფია. მათი ლექსები ინტერნეტ სივრცეში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
დემეტრე ზარქუა სწავლობს ახალციხის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სასულიერო სემიანრიაში (მესამე კურსის სტუდენტი).
საბა ხვიჩია სწავლობდა ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტში, აქვს როგორც ბაკალავრის დიპლომი, ისე მაგისტრის.
ირაკლი ბერიშვილი გამორჩეული საკუთარი წერის სტილით. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
დავით ფიფია გამორჩეული საკუთარი წერის სტილით. წელს გახდა სტუდენტი, წარმატებით ჩააბარა ყველა გამოცდა.
მათი შემოქმედება ძალიან განსხვავებულია ერთმანეთისაგან, მაგრამ ერთი ყველაზე დიდი საერთო აქვთ - ეს სიყვარულია. მეგობრები ერთად ატარებენ საღამოებს და ცდილობენ საკუთარი შემოქმედება გააცნონ საზოგადოებას. ისინი ხშირად ამბობენ: ჩვენ ყველაზე მდიდრები ვართ, ჩვენი სიმდიდრე ხალხისგან წამოსული სითბო და სიყვარულიაო.


დემეტრეს ლექსი
შემინდე მამაო
შემინდე მამაო იმდენჯერ დავეცი
ხელებზე არ მყოფნის თითები სათვლელად,
ყოველდღე უფალი გულიდან გავეცი
ყოველდღე დაცემა მიწასთან მასწორებს.

შემინდე მამაო უღირსი შვილი ვარ
და ზეცას ღრუბელი როგორც კი დაფარავს
ოლარ ქვეშ ვიწვები ვდნები და ვტირივარ
ჩემს ცოდვებს,ვერასდროს,ვერასდროს დავფარავ.

მიჭირს და იმდენად სუსტი ვარ მამაო
ხანდახან ცრემლებიც თვალიდან მიქრება,
დამღუპავს ის ვერცხლი სულისთვის ამაოდ
ჯერ მხოლოდ გაცემის ფიქრებმა მიმსხვერპლა.

მამაო ბარაბაც ღირსია შენდობის
მე რა ვქნა,უძღები შვილივით მოველი
აღდგომას საკუთარ მამის თვალებში
აღდგომას მოველი დაცემის შედეგად.

შემინდე მამაო იმდენჯერ დავეცი
ხელებზე არ მყოფნის თითები სათვლელად,
მე რა ვქნა,უძღები შვილივით მოველი
აღდგომას,აღდგომას დაცემის შედეგად.


საბას ლექსი
* * *

რა დრო დამიდგა
საბედისწერო,
მოხუცი მთვარე
ძაღლივით მიღრენს,
მე ტუსაღი ვარ , ან
უფრო სწორედ ჩემი სულია
გისოსებს მიღმა,
რომ წარმოსახვით
ვატყუებ თვალებს,
რომ იატაკზე ვეჩვევი
ფორთხვას, ვყლაპავ უცნაურ,
უფერულ აბებს და
სული ჩემი საკანში ოხრავს.
დაუშვით ფარდა,
დაუშვით მეთქი!
გადამღერებულს ვერ ვიტან
სცენარს,
მსურს სიკვდილამდე გავიცნო
ღმერთი
და დავეღვარო კალთაში
ცრემლად.
სველმა დღეებმა შეკრეს მარაო,
გაუმშრალობას ვგოდებ ფერმკრთალი,
რომ დრო ყველაფრის მკურნალიაო
სისულელეა ვინც თქვა ღმერთმანი.
ჰო,სულ ესაა რაც უნდა მეთქვა,
თავი გოლგოთამდე ავიყვანე და
ჩემი გულიც იმდენად ფეთქავს,
როგორ შეიძლება არ მიყვარდეთ.



ირაკლის ლექსი
***

შორს მიმავალნი გვეძახიან გველიან ჰელენ,
ათას რამეზე საუბრობენ იხოცებიან,
და კოშმარებში ბავშვები რომ კედლებზე წერენ,
წერენ და ისე უყურებენ როგორც ცოფიანს,

და გზებს ხატავენ გასაქცევად ნისლებს ებრძვიან,
ქარებს უსწრებენ მთებს გადიან ზღვაში ცურავენ,
ნახეთ დაღლილნი ზღვის ნაწნავზე როგორ წვებიან,
და ძირს დაცემულ მთვარეს წიხლებს როგორ ურტყამენ,

და ნაწილ ნაწილ ბოლო მარცვალს ინაწილებენ,
წრეზე დადიან ჩურჩულებენ არ იღლებიან,
თუ ამ სიზმრიდან კოშმარამდე მიგვაცილებენ,
კოშმარს იქითაც წაგვიყვანენ გაგვიძღვებიან,

სადაც ძველ სიზმრებს სხვა კედელზე სხვა გვარად წერენ,
და უფრო ახლოს ჩაივლიან შავი მხედრები,
შორს მიმავანი თქვენ გიცდიან გელიან ჰელენ,
და მორიგ ღამეს უთქვენობას მარტო შევხვდები.


დათოს ლექსი
***

საღამო,
იღიმი მშვიდად
თან მიცქერ, თან თითქოს დარდობ,
დამთავრდა, ვერაფერს იზამ
მე ახლა სასმელი მათრობს..
მიყვარდა, მომწონდა, მოვრჩი!
რა გითხრა გრძნობებზე კარგო,
მოგვიკვდა რაც იყო ნორჩი
დრო არის გადავიკარგოთ.
ვწუხვარ, თან წუხილით ვცხოვრობ
მტკივა, თან ვისწორებ სხეულს,
თან გეძებ, თან ვიცი მოთოვს
მიყუურებ სუსტსა და ეულს...
მიყვარდა,
ლამაზი იყო,
პირველი თოვლივით წმინდა,
ახლა კი ქალაქებს ვიყოფთ
ვინ იცის, როდის მოყინავს.
მე ვიცი ლექსების წერა
ვგრძნობ მხოლოდ კარგებზე წერენ,
ერთ რამეს ვერ ვხვდები, ვერა
რა ემართებათ მერე.
რა ემართება ღრუბელს
როცა მე მინდა წვიმა,
დღესაც ვინახავ წუთებს
რომლებშიც ხარ და ბრწყინავ.
დარია,
მარცხენა მკერდში
მცივა და მიბერავს ქარი,
გვერდით ხარ და არა გვერდში
ქალი ხარ, ნამდვილი ქალი!
მიყურებ,
უსიტყვო ბგერებს
ვიჭერ და დავუწყე კითხვა,
დარჩება რაც შენზე ვწერე
ვიცი, რომ გადაიკითხავ...
მიყვარდი,
მიყვარხარ თითქოს
არაფერს არ ითხოვს დათო,
ვიბრძოდი, ვიბრძოლებ, ვითხოვ!
მინდა რომ გიყურო
მარტო.


скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge