გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ელიზაბეთ ბიშოპი - ლექსები

                         

                       ინგლისურიდან თარგმნა მანანა მათიაშვილმა


ნორზ ჰავენი
ერთი მილით შორს მე შემიძლია, გავიგონო ის ხმაური, 
ზღვაში შხუნას გასვლას რომ ახლავს; შემიძლია დავითვალო
გირჩები ნაძვზე. ეს უნარი გამყვება მანამ,
რძისფერ კანს არ გადაიძრობს ფერმკრთალი ყურე; ცამოწმენდილზე
ერთადერთი ღრუბელი მოჩანს, ცხენის კუდივით მოგრძო და თხელი. 
იმ ზაფხულს აქეთ კუნძულები სულ არ შეცვლილა,
რაც არ უნდა თავს მოვაჩვენო, ადგილიდან არცკი დაძრულან.
არადა ვხედავ ოცნების თვალით, როგორ ცურავენ
ხან ჩრდილოეთით, ხან - სამხრეთით, ხანაც - გვერდულად,
ლურჯი საზღვრების ტყვეობაში კუნძულები თავისუფლად დათარეშობენ. 
ამ თვეში ჩვენი საყვარელი ერთი მათგანი სულ ჭრელა-ჭრულა 
ყვავილებით გადაიპენტა:
წითლად ბრდღვიალებს სამყურა და ყვითლად- ბაია, მოდებულია სარეველა, მწვანე ბალახში
თვალს აკვესებენ გვირილები - ყვითელგულები.
ჩალის ღერებსაც ვარსკვლავები ჰგონიათ თავი. ”ჰგონიათ” რაა, 
უფრო მეტიც- ყვავილები დაბრუნებულან, რომ ნეტარებით მოგვიხატონ 
მინდორ-ველები. 
დაბრუნებულან ნიბლიები, ან შეიძლება ახლა ვერ ვამჩნევ და ესენი 
მათი მსგავსი სხვა ჩიტებია,
  ისევ გაისმის თეთრყელიანი ბეღურების ხუთნოტიანი სიმღერები, –
ვედრებას რომ ჰგავს და თვალს ცრემლს რომ გვადენს.
ბუნება თავის თავს იმეორებს, ან: იმეორებს დაახლოებით:
ჯერ იმეორებს, იმეორებს, მერე ალბათ გადაამოწმებს.
როგორც მითხარი, მგონი აქ იყო, წლების წინ 
(1932-ში?) პირველად რომ აგეხილა ქალებზე თვალი, 
ერთდროულად რომ გისწავლია ცურვა და კოცნა. 
შენს სიტყვებს თუ გავიმეორებ, ”მაგარი დრო ” გიტარებია, კლასიკური ზაფხული გქონდა. 
(როგორც ეტყობა,  ”დროსტარება” შენ ყოველთვის თავ-გზას  გიბნევდა ... )
მაშინაც ხომ ასე მოხდა? - შენ დატოვე ნორზ ჰავენი, მის კლდეებთან ჩაშვებული ღუზა აუშვი
და შესცურე მისტიურ ლურჯში  ... ახლაც, მე ვიცი, უკეთესის
იმედით გვტოვებ. რომ იცოდე, შენ ვერასოდეს გადააკეთებ, ვერ გადააწყობ ხელახლა
ლექსებს. (მაგრამ ბეღურებს შეუძლიათ ისევ სიმღერა.)
უკვე დაწერილს ვერაფრით შეცვლი, რადგან შენ თვითონ ვერ შეიცვლები, ჩემო 
                                                            მწუხარე მეგობარო, ვეღარასოდეს..


ჯერონიმოს სახლი
ჩემი სახლი, ჩემი სასახლე,
ზღაპრული თანაც,
ერთი უბრალო ფიცრულია
მყიფე კედლებით.
კრაზანების ეს ჩემი ბუდე
სულ ერთად სამი ოთახია,
ფურთხით ნაწები,
დაღეჭილი ქაღალდებისგან აშენებული.
ჩემს ბინას, სიყვარულის ამ ჩემს საბუდარს,
რაც თავი მახსოვს,
ზონარივით ვიწრო ფიცრის
ვერანდა აკრავს
და ალამაზებს სახეხ ღრუბლებში
ჩარგული გვიმრა,
წინა ოთახს კი -
წინა შობიდან შემორჩენილი
წითელ-მწვანე
მოსართავები,
კუთხეებიდან
დაშვებული
ოთახის ცენტრში
ზედ პატარა მაგიდის თავზე.
ჩემი მაგიდა მოწნულია,
ლურჯად ნაღები,
ოთხი ლურჯი სკამიც აქვეა
და, კიდევ,
თოთო ბავშვების სათამაშო -
პლასტმასის დაფა 
ათი დიდი მძივის ბურთულით.
კედლებზე მოჩანს
პალმის ფოთლის
ორი მარაო და კალენდარი.
მაგიდაზე კი -
ერთი ცალი შემწვარი თევზი
მწარე ალისფერ სოუსმოსხმული,
პატარა თეფშით 
სიმინდის ფაფა
და ოთხადოთხი ქაღალდის ვარდი,
ვარდისფერი ხელსახოცისგან 
გაკეთებული.
კაუჭზე მაქვს დაკიდებული
ერთი საკრავი,
ძველი ფრანგული საყვირია,
ალუმინის საღებავით გადაღებილი.
ყოველწლიურად
საყვირზე ვუკრავ
ხოსე მარტის ხსოვნისადმი
მიძღვნილ აღლუმზე. 
ღამღამობით
ჩემი სახლი მიტოვებული
გეგონებათ.
ახლოს მოდით. თქვენ
დაინახავთ და გაიგონებთ
საწერ ქაღალდზე
შუქის ზოლებს
და რადიოს ხმას.
ფლამენკო ისმის
ჩემს რადიოში
ლატარიის ნომერთა შორის.
და საცხოვრებელს როცა ვიცვლი,
თან მიმაქვს მხოლოდ ეს ნივთები,
სხვა არაფერი.
მიმაქვს აქედან, ქარტეხილისგან
თავშესაფარი ჩემი სახლიდან.



ბენზინგასამართი სადგური
და აი, ისიც - ჭუჭყიანი
ბენზინგასამართი:
ნავთით გაჟღენთილი, გაზინტლული,
შემაძრწუნებელ შავ სიბლანტედ 
გადაქცეული;
ფრთხილად იყავი, არ გაბედო ასანთის გაკვრა.
მამას აცვია გაპოხილი, ნავთით დასვრილი
უნიფორმა - სასაცილო ჩასაცმელია, 
თან შიგნიდან მკლავებზე ფხაჭნის;
მას ეხმარება დაუზარელი, ცოტა თავხედი და ავყია 
ვაჟიშვილების მთელი არმია.
(ეს საოჯახო სადგურია).
მამაც, შვილებიც თხემით ტერფამდე ჭუჭყისაგან გაშავებულან. 
ნუთუ ყველანი ერთად ცხოვრობენ 
აქ, ამ სადგურზე? 
ბენზინსაქაჩებს უკან, წინკარში,
დამტვრეული ავეჯი მოჩანს, – ცხიმის ლაქებით.
მოწნულ ტახტზე ჭუჭყიანი
ძაღლი ისვენებს, –
სრული კომფორტით.
აქ, ტაბურეტზე გადაფარებულ
(ტაბურეტიც ავეჯს ეკუთვნის), 
გახუნებულ დიდ ტილოზე 
დაგდებული რამდენიმე კომიქსის წიგნი
არის დასტური, რომ ფერები 
ბუნებაში ჯერ არ გამქრალა. გვერდითკი
ჰყვავის ბეგონია, ბუსუსიანი.
საიდან მოხვდა ეს მცენარე
აქ, ამ ბენზინის საუფლოში? 
რა შუაშია ტაბურეტი?
ან ეს ტილო ვინ მოიტანა? – 
(მოქარგული გვირილების ფორმის გვირისტით, 
დამშვენებული ზიზილებით, როგორც შევნიშნე,
და ნაცრისფერი არშიებით დამძიმებული).
ამ გვირილებსა და ზიზილებს ვიღაც ქარგავდა, 
ვიღაც ახლაც რწყავს ბეგონიას,
ან, შეიძლება საწვავს უსხამს, ზუსტად არ ვიცი. ვიღაცამ
რიგში ჩაალაგა ბენზინით სავსე ბიდონები,
რომლებიც ნაზად ეუბნებიან
ნერვებდაჭიმულ ავტომობილებს:
ასეა-ასეა-ასეა     ესო.
ვიღაცას უყვარს ყველა ჩვენგანი.



    
(საკუთარ დაბადების დღეს)
ზღვის მიქცევისას რა საოცრად კამკამებს წყალი!
ახლაც ასეა, წყლის ზედაპირზე ამოჩრილი მარლინების დაკბილული ფარფლები ბრწყინავს;
მშრალი ნავები გროვებად ყრია, როგორც ასანთის ღერები – ყუთში;
იმის მაგიერ, ყურემ წყალი რომ შეიწოვოს, პირიქით ხდება _
ზღვა ისრუტავს ირგვლივ ყველაფერს, მაგრამ რატომღაც არ ასველებს არაფერს წყალი.
გაზის ფერი ისე გამკრთალდა, თითქმის აღარ ჩანს, 
თუმცა მისკენ თუ შეტრიალდება, კაცს შეუძლია ეს ფერი იგრძნოს,
და ეს კაცი რომ ბოდლერი* იყოს, ყურს მიუგდებდა გაზის ალის ფერს _ 
დატრიალებულს მარიმბას ხმებად. 
ჟანგისფერი პატარა დრაგა დოკის ბოლოში ისევ ერთობა გაცვეთილი კასტანეტებით;
უჩვეულო ზომისანი ჩანან ჩიტები. ამ უცნაურ გაზს
თავგამეტებით ეხეთქებიან დიდი ვარხვები და მეჩვენება, რომ ისინი წერაქვებს გვანან _
ამ იარაღით იშვიათად მოიპოვებენ იმას, რასაც მისი დახმარებით ეძებენ ხოლმე; 
ხალისიანი ფრთების ფართქუნით ჯერ ისწრაფვიან გაზის ალისკენ,
მერე კი სიმწრით გაურბიან ფრთებდათუთქულნი.
სხვა ჩიტები კი _ მეომრებივით შეუპოვარი შავ-თეთრი ფერის ფრინველები 
ირაოს კრავენ უხილავი სქემის მიხედვით: _
მაკრატლებივით შლიან კუდებს, მერე წელავენ ავქაშივით მანამდე, სანამ
მეტისმეტი დაჭიმულობით ზამბარასავით დაეკლაკნებათ.
ყურეში მწკრივად შემოდიან სათადარიგო, შედარებით მომცრო ნავები,
თითქოს გეში აუღიათ მაძებრებივით არხის ნაგვით დამძიმებულებს:
ნაძვისხესავით აუსხამთ ტანზე საანკესე კაუჭები, სათამაშო ჩხირები და
პარაზიტების ბუშტუკები.
დოკის გასწვრივ მავთულხლართებით საქათმისათვის ადგილია შემოღობილი,
ხოლო მის შიგნით თოკზე შრება სახნისივით ალესილი ზვიგენების ლურჯი კუდები _ 
ჩინელების რესტორნისათვის.
პატარა, თეთრი კანჯოები ერთმანეთზეა ახორხლილი _
ზოგი გვერდულად მიგდებულა, ზოგი პირაღმა, ზოგიც ცხვირით ჩასობილა 
მთელ ამ გროვაში, 
წაუკითხავად დახეულ და უპასუხო წერილებს ჰგვანან,
ისევ ატყვიათ უკანასკნელად გადავლილი უძლიერესი შტორმის კვალი.
საკითხავია, საერთოდ თუ გადარჩებიან განადგურებას?!
ძველისძველი წერილებით მოფენილია მთელი ყურე;
ბუყ-ბუყ-ბუყ _ ისევ მიაპობს ნაგავს ჟანგისფერი პატარა დრაგა
და ამოაქვს წყლის ზედაპირზე მარლინების ცხიმიანი ყბების ნარჩენი. 
მონოტონური მოძრაობებით _ ასე კეთდება ამ ყურეში ყველა ჯურის
შავი საქმე, დამღლელი, მაგრამ ხალისიანი. 
                                                                                    
*
ბოდლერის ლექსის “კავშირნის” კონცეფციის მიხედვითარსებობს შესატყვისობანი ფიზიკურსა და სულიერ სამყაროებს შორის
ხოლო მათ შორის ზღვარი პოეზიაზე გადის.



სექსტინა
სექტემბრის წვიმა ეღვრება სახლებს. 
საღამოს მწუხრის მიმქრალ შუქზე მოხუცი ბებო
სამზად ოთახში ჩამომჯდარა, იქვეა ბავშვი.
ორნი უსხედან მარველის ფირმის პატარა ღუმელს.
მოხუცი ჰყვება ანეგდოტებს კალენდარიდან          
და საზეიმო ტონით ცდილობს, დაფაროს ცრემლი. 
                                    
ბებიას აზრით, ამ ბუნიობას ორივე - მისი ცრემლი
და  წვიმაც, რომელიც ახლა ეღვრება მათ სახლს,
წინასწარ იყო განსაზღვრული ძველი კალენდრით,            
თუმცა ეს მხოლოდ მას ეუწყა, თვითონ ბებიას.
დუღს და გადმოდუღს ჩაიდანი, რკინის, ღუმელზე.
მოხუცი პურის ჭრას შეუდგა და სავახშმოდ მიიხმო ბავშვი:

-„ჩაის დროა“;  ქალის სიტყვებს ვერ ისმენს ბავშვი,
რადგან მოხიბლა მისი თვალი ჩაიდნის ცრემლმა -
ორთქლის პატარა, მკვრივი წვეთების ცეკვამ ღუმელზე,
და გაიფიქრა: „ალბათ, ასე შეშლილივით ცეკვავს წვიმაც ახლა ჩვენს სახლზე.“
ამასობაში მილაგებას შეუდგა ბებო
და ის ჭკვიანი კალენდარი

ძველ ადგილას თოკზე დაკიდა. და, როგორც ჩიტი, კალენდარი,
სანახევროდ ფურცლებაშლილი, თავს დატრიალებს ახლა იმ ბავშვს,
თავს დასტრიალებს ბავშვის ბებიას
და მის ხელში ჩაის ფინჯანსაც, გადავსებულს მიწისფერ ცრემლით. 
ქალს კანკალი დააწყებინა, თუმცა არ გატყდა, - მე კი არა, სახლს 
შესცივდაო,  და კიდევ ერთხელ დაამატა შეშა ღუმელში. 

„ჰო, ესეც ასე“, - აგუზგუზდა ისევ ღუმელი,
„რაც ვიცი, ვიცი“, -  სიამაყით თქვა კალენდარმა. 
ფერადი ფანქრით ბავშვმა დახატა უდრეკი სახლი  
და ქარიანი ბილიკები. მოგვიანებით, სახლში ჩახატა ბავშვმა
კაცი, რომელსაც გულზე დააბნია ღილებად ცრემლი.
ხატვას რომ მორჩა, კმაყოფილმა უჩვენა ბებოს. 

თურმე მალულად, სანამ ბებია
საქმიანად ტრიალებდა ცხელ, შავ ღუმელთან,
გალეული მთვარეები, როგორც ცრემლები, 
ჩამოცვენილან კალენდრიდან 
და დაფანტულან იმ ყვავილნარში, რომელიც ბავშვმა
მეტისმეტი სიფაქიზით მიახატა სურათზე სახლთან.

ჟამი დადგა ცრემლების დარგვის, - ქუხს კალენდარი.
ბებია მღერის და ადიდებს ჩინებულ ღუმელს,
ხოლო ბავშვი კი ისევ ხატავს მიუვალ სახლებს. 




ინტიმურიდაბალ ხმაზე სათქმელი დელიკატური ამბები
სასწაულია, გაგვეღვიძოს ორივეს ერთად
და შემოგვესმას სახურავიდან უცაბედად წამოსული
წვიმის ხმაური; სასწაულია, შევიგრძნობდეთ კამკამა ჰაერს,
რომელიც თითქოს ელექტრობამ დამუხტა განგებ
ცაზე გაჭიმულ მავთულების შავი ხლართიდან.
სახლის სახურავს წვიმა ასველებს,
ქვემოთ კი - კოცნა ასხივებს ნათელს.
ელექტროშტორმი ჩადგება თუ ამოვარდება,
გამოგვაღვიძებს დამუხტული ჰაერის ჩხვლეტა,
ახლა მეხი რომ სახლს დაეცეს, ერთიანად ჩამოიქცევა
ოთხცისფერჩინურბურთიანი სახურავიდან –
და დაფარავდა ნამსხვრევები გზებს ჩვენ გარშემო.
სიზმარეულნი წარმოვიდგენთ, როგორ აიტანს
ელვის გალია ჩვენს სახლს ჰაერში
და საყურებლად ეს იქნება უფრო საამო, ვიდრე - საშიში. 
და იმ მარტივი თვალთახედვიდან
(რასაც გაუჩენს კაცს ღამე და გულაღმა წოლა),
ამ სამყაროში შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს ძალზე ადვილად,
რადგან ყოველთვის იარსებებს შავი ელექტრომავთულების
შერხევის საფრთხე. უმტკივნეულოდ შეიცვლება მთელი სამყარო,
ისე უბრალოდ, როგორც ამინდი იცვლება, ანდა, მოულოდნელად
იელვებს ცაში. ჩვენ რომ კოცნისთვის გვჭირდება ის დრო,
ძირფესვიანად შეცვლის სამყაროს.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge