გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

თინათინ მღვდლიაშვილი - ლექსები

მარტოხელამარტოსულო ქალბატონო
მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონო,
გაიშალე ოქროსფერი თმები...
გენატრება ზამბახების სიფაქიზე,
გენატრება ზამბახების ფერი.
ჭრიჭინებენ, ჭრიჭინებენ ჭრიჭინები
და ჭრიჭინში ათენებენ ღამეს...
მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონო,
ნუ მიხურავ, ნუ მიხურავ კარებს.
არ დამტოვო, გევედრები, არ დამტოვო,
სინანული აგიცრემლებს თვალებს...
მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონო,
ვერ გაუძლებ მარტოობის დარდებს.
ჭრიჭინებენ, ჭრიჭინებენ ჭრიჭინები
და ჭრიჭინში ათენებენ ღამეს...
მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონო,
ნუ მიხურავ, ნუ მიხურავ კარებს.
1991


ჭრელ კაბაში დაგაბეროს ღმერთმა
ჭრელ კაბაში დაგაბეროს ღმერთმა, 
ფარად მოგცეს არწივივით ქმარი...
შეგიყვაროს კაცმა ერთადერთმა,
მარად იყოს სიყვარულით მთვრალი!..
იყავ მშვიდი, მორჩილი და მთმენი,
შეგიყვაროს კაცმა ერთადერთმა...
ბედნიერად ჩაგემარცვლოს დღენი, 
ჭრელ კაბაში დაგაბეროს ღმერთმა!..
როგორ გშვენის ლერწმის ტანზე ფარჩა,
ვიწრო წელზე გიშრისფერი თმები,
ღვთისმშობელი აგარიდებს ავდარს
და მფარველი ანგელოზის ფრთები.
აშრიალე ლერწმის ტანზე ფარჩა,
აფრიალე თმები გიშრისფერი...
ქვეყანაზე არსად აღარ დარჩა,
ერთი ქალიც, - შენი ფეხის მტვერი.
ჭრელ კაბაში დაგაბეროს ღმერთმა!..
1996


ოდიერთად დავსხდეთბერიკაცო
მოდი, ერთად დავსხდეთ, ბერიკაცო,
ერთად მოვიგონოთ სიყვარული, -
შენი ნაზამთრალი მოგონება,
ჩემი ნატაძრალი სიხარული.
მოდი, გამიმხილე მწუხარება,
ასაკს ჩვენი ჭირიც წაუღია!..
შენ რომ ახალგაზრდად გეჩვენები,
ომი უამრავი წამიგია.
ბევრჯერ მომრევია ბოროტება,
ბევრი ქარიშხალი დამტეხია...
ფრთები - სატანისგან მოკვეცილი,
ისევ გასაფრენად გამიშლია.
გული - მოყვასისგან ნატყვიარი,
ისევ მოყვასისთვის დამიგია...
სულის გადარჩენილ ნანგრევებზე,
თეთრი ეკლესია ამიგია.
მოდი, ერთად დავსხდეთ, ბერიკაცო,
ერთად მოვიგონოთ სიყვარული, -
შენი ნაზამთრალი მწუხარება,
ჩემი ნატაძრალი სიხარული.
მოდი, გამიმხილე სადარდელი,
ასაკს ჩვენი ჭირიც წაუღია!..
შენ რომ ახალგაზრდად გეჩვენები,
ომი უამრავი მომიგია!..
1991 წელი


თეთრი ცხენებით ილიას გზაზე
"როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას და
როგორ შემეყრება იგი მე... რას ვეტყვი
მეჩემს ქვეყანას ახალს და რას მეტყვის
იგი მე?"
ილია ჭავჭავაძე "მგზავრის წერილები"

ლარსის საზღვართან ლურჯია მდელო,
თერგის ღრიალი აღწევს ზეყანას...
ნეტავ, რას ვეტყვი ჩემს საქართველოს,
ანდა, რას მეტყვის ჩემი ქვეყანა?!.
რარიგ უხდება ირაო არწივს
და დედამიწას მარცვალი ნედლი...
და მიუყვება ეკლიან გზაწვრილს
დიდი ილიას მეფური ეტლი.
შევყურებ ცამდე აზიდულ მყინვარს
და გული მიცემს სისხლის დენამდე...
თუმც ჩემს სამშობლოს საეჭვოდ სძინავს,
ვიცი, მივაღწევ ყვარლის მთებამდე!..
ვიცი, გავუძლებ მკათათვის სიცხეს,
თუმც ნახანჯლარი მე მაქვს ხელები...
და მიარღვევენ მცხუნვარე სივრცეს
ქანცგაწყვეტილი თეთრი ცხენები.
და ნაგრიგალი მდინარის ზათქი
უფრო მიმძაფრებს ბრძოლის წყურვილს და...
ალბათ, შემხვდება ეული მგზავრი,
ან ხმას მომაწვდენს წიწამურიდან.
მაღლა კი, მაღლა, იქ, განძთა საფარს
მფარველ ანგელოზს მიუგავს ფრთები...
და ვეთხოვები გერგეტის ტაძარს
და კვლავ ყვარლისკენ მიხმობენ მთები.
უარვყო ყველა საჩრდილობელი,
მე, ქართველ პოეტს, მჩვევია ასე, - 
ვიარო მძიმე ნაჭრილობევით
ილიას გზით და ილიას გზაზე!..
ნეტავ, რას ვარგებ ჩემს საქართველოს?!.
ნეტავ, რას მეტყვის ჩემი ქვეყანა?!.
ლარსის საზღვართან ლურჯია მდელო,
თერგის ღრიალი აღწევს ზეყანას.
2014 წელიმკათათვის 9


მწიფე ბროწეულები პოეზიის კოცონთან
ვერცხლისფერი წვეთებით ინამება საყდარი,
არსად წვიმა არ არი, ქართულ წვიმის სადარი...
და, ვით წვიმის დაქალი, მეც ვმეგობრობ კოსმოსთან, 
პანთეონში ვტრაპეზობ პოეზიის კოცონთან.
ცაზე ფერთაცვენაა და არ სძინავთ ვარსკვლავებს,
ლილისფერი სხივებით შლიან წვიმის ნაკვალევს.
არე ისე თეთრია, როგორც ფერი სადაფთა,
გვირილების სეტყვაა ელიავას საფლავთან...
მთაწმინდიდან ტაბიძე მთვარეს ტერფით აგორებს,
პეშვით მჩუქნის ლაღიძე ოქროცურვილ აკორდებს...
ტიციანი ზევსივით ცაზე აგებს ხარაჩოს,
ლადო აწვდის პაოლოს ბღუჯა ველურ ყაყაჩოს...
სადღაც მინდვრის შროშანებს, ლეწავს ქარი შეშლილი
და მიარღვევს შავ ზვირთებს გურამ რჩეულიშვილი...
ვაჟა ეალერსება უწესრიგოდ დაყრილებს
ყვითელ-ყვითელ მიმოზებს და პარნასის ყვავილებს;
არც სიმაღლე აშინებს და არც მელანქოლია
პოეზიის ხელმწიფეს და ცალთვალა გოლოათს!..
იფრქვევიან სივრცეში ფერმიხდილი გამები,
დგანან კატაფალკასთან ნიკალა და გრანელი...
ო, ეს ლექსთა ზვავები! - ფანტაზია ულევი,
სისხლთან შენაზავები მწიფე ბროწეულები.
ვისთვის ლექსი ზღვაა და, ვისთვის მზე ან მეწყერი,
ფუნჯით ხატავს პეიზაჟს ღამის თეთრი ფერმწერი.
ვდგავარ ალმოდებული და რატომღაც მგონია -
საქართველო ზეციდან ლექსთა პანთეონია!..
უფლის ხელდასხმულია ეს ლამაზი ქვეყანა,
დაბლა ლექსთა თოვაა, მაღლა - ლურჯი ზეყანა!..
და, ამ ვარსკვლავთცვენაში, ო, არ სძინავთ ამურებს,
მთვარე მიყრის უბეში წითელ-წითელ ალუბლებს...
და, ვით წვიმის დაქალი, მეც ვმეგობრობ კოსმოსთან,
პანთეონში ვტრაპეზობ პოეზიის კოცონთან.
2003 წელი


სამარეში რა ასვენებს საბას?..
ტანძიაში გამჭვირვალე ჰაერია,
თოვს...და ფეხით მივუყვები სავალს...
საქართველოს რომ სვე-ბედი აერია,
სამარეში რა ასვენებს საბას?!.
ჰოი, ბერი! - უფლის ხელით ანაგები,
თვალნათელი, სულნათელი, სათნო...
ოქროს კალმით მოხატული არაკებით
ვერსად ჰპოვა მოკავშირე სანდო.
ჰოი, საბა! - დაღლილი და დაღვრემილი...
მამულისთვის? - ალესილი ხმალი!..
საუკუნე - ქოფაკივით აღრენილი,
ვით ავდარში ბორგნეული ქარი!..
ჰოი, გზები! - უმოწყალოდ ჩახერგილი...
საწუხარი - ნახმლევივით მწველი...
ქართლის ბედი - ოსმალთაგან აჩეხილი, -
ნასისხლარი ბროწეულის წვენი.
საჩივარი? - სპარსეთი და ოსმალეთი!..
სატკივარი? - უსჯულოთა ომი!..
გზები, გზები...ძველი კონსტანტინეპოლი,
მარსელი და, პარიზი და... რომი!..
გზაწვრილებზე გაწოლილი ჭრელი გველი, -
ათასფერად ანაფერი ეჭვი...
ვატიკანში, რომის პაპთან, თეთრი ბერი,
საქართველოს უბედური ელჩი.
ჰოი, საბა!.. ნეტავი ვინ შეაჩვენა,
ვისთან შეკრა სახიფათო ზავი?..
და, არც .კაცმა და, არც ღმერთმა შეაჩერა
წუთისოფლის ღვარცოფი და ზვავი!..
მთები, ზღვები...როგორც ავი ბედისწერა,
იქით - ლუი, აქეთ - მეფე ვახტანგ...
და დაჰყავდა სიტყვის მეფე ბედის მწერალს
უცხო გზებზე და მეფეთა ტახტთან.
და გზადაგზა იქმნებოდა ,,სიტყვის კონა"...
ისტორია - უსაშველოდ მკაცრი...
ვით, ოდესღაც, გაყიდული ,,კოხტაგორა",
უსამართლოდ დამეხილი კაცი!..
ჰოი, საბა! - აბი თვალთა სიმრუდისა,
ვითარც ბნელში - მზის სხივი და სივრცე...
და თუმც შექმნა წიგნი ,,სიბრძნე-სიცრუისა",
არ წაადგა სოლომონის სიბრძნე!..
ტანძიაში გამჭვირვალე ჰაერია,
რა აძინებს ქართლის ბებერ სარანგს?..
საქართველოს რომ სვე-ბედი აერია,
სამარეში რა ასვენებს საბას?!.
2018


შექსპირის სონეტი ოთხმოცდამესამე
უფალო, დევნილი ვდგავარ შენ წინაშე,
ბრძოლებით დაღლილი, მართალი ზეცამდე...
მომმადლე ამ თავსხმა, მისტიკურ წვიმაში,
შექსპირის სონეტი - ოთხმოცდამესამე.
ჩემს სულში მწუხარე ფერია სოსანის,
რადგან ჯერ ქალი ვარ, და მერე - პოეტი...
სივრცეში ჩურჩულებს უცნობი მგოსანი, -
ოთხმოცდამესამე შექსპირის სონეტი.
გრიგალმა განდევნა სამყაროს პრინცესა,
მაშფოთებს უმზეო მესამე ნაპირი...
წვიმს...და ლურჯ წვიმაში ხმა ისმის ინესას,
ოთხმოცდამესამე სონეტი შექსპირის.
უფალო, მხედავ?.. ვტირი შენ წინაშე,
გზა ერთობ მძიმეა მიწიდან ზეცამდე...
იღვრება ამ თავსხმა, მისტიკურ წვიმაში,
შექსპირის სონეტი - ოთხმოცდამესამე.

2008 წელიскачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge