გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ზურაბ რთველიაშვილი - ქვემოდან ზემოთ (პოეტური კინოსცენარი)

სცენაN... ( ძველი უნივერსიტეტის წინ სტუდენტებმა ააგეს ბარიკადები -- მეორე მხარეს დგანან ოფიციალური პირები:განათლების სამინისტროს მუშაკები და 
სრულ მზადყოფნაში მოყვანილი პოლიციელები სპეციალურ ჩაფხუტებში)
პირველი სტუდენტი: ჩვენ ავაგეთ საკუთარი ხმებისგან შეუვალი 
ბარიკადები და ავტოკალმები გადავტენეთ ამბოხებით ,
ჩვენი სამიზნეა უვარსკვლავებო ღამე ,
მზის სხივებზე ალესილ ჩვენი ხმების მახვილებს 
გაუსწორეთ მზერა! 
მეორე სტუდენტი:ეხლა ის დროა, ცეცხლმოკიდებულ სიტყვებს ვისროდეთ ჩვენი ხმებისგან აღმართული 
ხმამაღალი ბარიკადებიდან ! 
(ხმაკადრის მიღმა: ვიდრე რეაქციონერები გაარღვევენ ბარიკადებს, 
ვიდრე პოლიციელები აღმართავენ ხელკეტებს ცისკენ , შეხსენით მგზავრებს 
მკერდზე გადაჭერილი უსაფრთხოების ღვედები!)
ოპერატორი ანგელოზი: გადაღებულია ! შესანიშნავი კადრები გამოვიდა, 
დარწმუნებული ვარ რომ მეორე დუბლი აღარ არის საჭირო.
რეჟისორი: სიტყვაზე გენდობი , დიდი იმედი მაქვს რომ ამ კადრებს აღარ 
დავუბრუნდებით ... 
ახლა კი ყურადღება გაამახვილე იმ ახალბედა უჩაფხუტო პოლიციელზე, 
განცალკევებით რომ დგას კიბის მოაჯირთან, მსხვილიხედით
აიღე მისი გაორებული მზერა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს მიმართული ქვემოდან ზემოთ...
ოპერატორი ანგელოზი: გასაგებია მაესტრო ... 
სცენაN... გამნათებელიანგელოზი --- რეჟისორს :
სწორად შერჩეული განათება ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენს საქმეში, თუმცა, 
ცალკე,კონტექსტიდან ამოგლეჯილი სინათლე სამყაროსთვის არაფერს 
ნიშნავს ,
ეს უბრალოდ პროჟექტორის მკვეთრი შუქია და ცალკეული მეტნაკლებად 
გამოკვეთილი შუქჩრდილები...
ისინი ვერასოდეს მოგიყვებიან კონკრეტულ ამბავს , თუნდაც მარტივ 
ნახევარგვერდიან ზღაპრებს ან მოკლე იგავს, 
აქ მთავარია საითკენ მიმართავ სინათლის ნაკადს პროჟექტორიდან ...                                              
რას გაანათებ, შიშველ სხეულებს, თუ უცაბედად ჩაფიქრებულ ტირანის ღიმილს.
სცენა იგივე , დუბლიN7
ხმის ანგელოზი: ჰო, მართალია, ასე თუ ვიტყვით , თავისთავად ხმა რაღას 
ნიშნავს? ...
რეჟისორი: არაფერს ისეთს , უბრალოდ ხმაურს , ყრუს ან მკაფიოს, 
მზგავს შემთხვევაში ხმაც ხმაურია, კადრის მიღმაა, თუ შეჭრილი პირდაპირ
კადრში ...
გამნათებელი ანგელოზი --- რეჟისორს : რას იტყვით მზეზე , რომელიც ფანტავს თავის სხივებს უანგარიშოდ? 
მას არც განრიგი არ ანაღვლებს, არც ანგარება, 
მისთვის არა აქვს მნიშვნელობა თვით განლაგებას, ვის გამოათბობს ან 
აჩვენებს გზას ქალაქისკენ ...
რეჟისორი: ეს იმას ნიშნავს, მზე უფალსაც არ ეკითხება , ისე ანათებს თავის 
სხივებს უმისამართოდ,
თავაგდებულად , დაუდევრად , დაუფიქრებლად დილა-საღამოს ფანტავს 
სხივებს დაუსაბამო 
მზე ... 
სცენაN... (გადასაღებიმოედანი, ქალაქის შუაგულში სასახლის ფართო აივანზე 
გამოდის სამხედრო მუნდირში გამოწყობილი გაბრიელე დ’ანუნციო და სიტყვით
მიმართავს ამბოხებული ფიუმეს მოქალაქეებს)
ასისტენტი ანგელოზი: მაესტრო, ეს ხომ ფაქტიურად ფინალური სცენაა?! ... 
რეჟისორი: ამას ეხლა არა აქვს არსებითი მნიშვნელობა, საბოლოო ჯამში 
ყველაფერი გადაწყდება სამონტაჟო მაგიდაზე, აქედან გამომდინარე ,
ბოლოდან დავიწყებთ ამ ფილმის გადაღებას თუ თავიდან , ეს საქმის 
ვითარებას არ შესცვლის, მითუმეტეს რომ დღეს შესაბამისი ამინდია ამ 
ამ სცენისთვის , ხვალ კი პირიქით , შეიძლება გაიავდროს ან მსახიობი არ იყოს 
ასეთ კარგ ფორმაში როგორც ახლაა ... 
ასისტენტი ანგელოზი: დ’ანუნციო თქვენი ფავორიტი პერსონაჟია ? 
რეჟისორი: კი, მე მიყვარს ცნობილი და მკვდარი პერსონაჟები (ეღიმება
ულვაშებში) 
ასისტენტი ანგელოზი: შეგიძლიათ გამანდოთ ამის მიზეზი? 
რეჟისორი: მკვდრებთან იოლია მუშაობა , ისინი არასდროს გეკამათებიან, 
მათთან ადვილია მოლაპარაკება, 
როცა გინდა და რასაც გინდა იმას ათქმევინებ 
მკვდარს ... 
სცენაN... (რეჟისორიდა სცენარისტი დგანან ქუჩაში 
მაკდონალდსის სასახლესთან და რაღაცაზე გამალებით საუბრობენ, 
სცენარისტი აკვირდება იქვე განთავსებულ სარეკლამო აბრას საიდანაც
გამვლელებს არაბუნებრივი გამომეტყველებით უღიმის კოკაკოლას ფერებში
გადაცმული სანტაკლაუსი) 
სცენარისტი: ვინ იფიქრებდა, რომ წმინდა ნიკოლოზი ამ კორპორაციასთან 
თანამშრომლობას დასთანხმდებოდა.
(რეჟისორი გახედავს სცენარისტს ორაზროვანი ღიმილით)
რეჟისორი: ერთი ჩემი ძველი ლექსი გამახსენდა ამ თემაზე ...
სცენარისტი: არ ვიცოდი თუ ლექსებსაც სწერდით მაესტრო?! 
რეჟისორი: ლექსებს პიერ პაოლო პაზოლინი წერდა, მე კი ...
აი, მისმინე:როცა ღიღინით ჩაუყვება სიზმრის მაღაროს
                                     გონება ფრთხილი,
                          ის უსათუოდ იპოვის სამ ხილს
       ვაშლს, მსხალს, ფორთოხალს, ყველა ხილულ ხილს და
       არახილს და
                   კოკაკოლით გალეშილი სანტაკლაუსი
                      შეკაზმავს მარხილს საშობაო მეტაფორებით ... 
სცენარისტი: და მაინც, როგორ ფიქრობთ სანტაკლაუსი წმინდა ნიკოლოზის 
ალტერეგოა ამ შემთხვევაში ? 
რეჟისორი: ეგ უკვე შენი გადასაწყვეტია , სცენარისტი ხომ შენ ხარ, მე ტექსტის საბოლოო ვერსიას როცა 
გავეცნობი მერე გეტყვი ჩემს აზრს კოლეგა ... 
სცენაN... (კასტინგზემისული სექსუალური გარეგნობის ახალგაზრდა მსახიობი გოგონა მოშიშვლებულ უკანალს 
გამომწვევად ათამაშებს რეჟისორის წინ )
რეჟისორი: ძვირფასო კოლეგა , უმორჩილესად გთხოვთ შეწყვიტოთ ეს უაზრო მსხვერპლშეწირვის რიტუალი, 
მერწმუნეთ რომ ეს აქ არავის სჭირდება, უფრო
მეტს გეტყვით, მე დასანახად ვერ ვიტან რეჟისორისთვის თავდადებულ 
ადამიანებს, ისინი დაახლოებით ისეთივე ანტიპატიას იწვევენ ჩემში, როგორც
ღვთის სახელისთვის თვითამფეთქებელი ტერორისტები.
დამიჯერეთ , კინემატოგრაფიის სამოთხეში მოსახვედრად არ არის საჭირო 
ამხელა მსხვერპლის გაღება...
მსახიობი გოგონა: მაპატიეთ , მაგრამ თქვენზე მითხრეს რომ სექსისტი ხართ, 
ამბობენ რომ ზევიდან ქვევით უყურებთ ყველას , განსაკუთრებით კი დამწყებ 
მსახიობ გოგონებს ...
(რეჟისორი გაჭირვებით ცდილობს შეიკავოს სიცილი, იგი ქვევიდან ზევით 
აათვალიერებს მსახიობს)
რეჟისორი: არა, მე სექსისტი არა ვარ , არა , მე ფუტურისტი ვარ, უფრო ზუსტად კი ანარქო-ფუტურისტი და ჩემი მზერა მუდამ მიმართულია ქვემოდან ზემოთ და 
არა პირიქით, ამიტომ ჩემგან დამცირებას სულ ტყუილად ელით ...
(ასისტენტი ანგელოზი მიირბენს ოპერატორ ანგელოზთან)
ასისტენტი ანგელოზი: საკმარისია, მეორე დუბლი სრულებით გვაკმაყოფილებს, ვფიქრობ , მესამე აღარ დაგვჭირდება ! 
(რეჟისორი მსახიობებთან და გადამღებ ჯგუფთან ერთად გადის გადასაღები 
მოედნიდან მოსასვენებელი კარავის მიმართულებით)
სცენაN... (მოულოდნელადჰორიზონტზე გამოჩნდება ტრაფარეტებით 
შეიარაღებული უცნაური ხალხი, ისინი სწრაფი ნაბიჯით მოემართებიან 
გადასაღები მოედნისკენ . მიწა-თხრილების წინ უსწორმასწოროდაა 
განლაგებული სამხედრო ტექნიკა : ორიოდე ტანკი და მძიმე ქვემეხი, 
ერთ-ერთი ტანკის გუმბათს უკიდია ცეცხლი და ხრჩოლავს შავი კვამლით,
აღშფოთებული ოპერატორი ანგელოზი სწყვეტს გადაღებას, გამნათებელი 
ანგელოზი განცვიფრებისგან ფრთებს იჩეჩავს და მზერას არიდებს გაავებულ 
ოპერატორს, იქვე დგას დოინჯშემოყრილი, სხვებზე არანაკლებ გაოგნებული 
რეჟისორი) 
დემონსტრანტები: ჩვენ ვიბრძვით მშვიდობისთვის! ჩვენ ვგმობთ ომს და 
ძალადობის ნებისმიერი სახით პროპაგანდას! 
(დემონსტრანტებს უერთდებიან სხვადასხვა რელიგიური კონფენსიის 
ლიდერები) 
რეჟისორი : (მიმართავს დემონსტრანტებს) მეგობრებო, თქვენ უბრალოდ 
დამანახეთ ის ადამიანი ვისაც ომი და ძალადობა ახარებს, თუ მას არ გააჩნია
ამისათვის სერიოზული მიზეზი...
აგრესორები ომებით მოიპოვებენ საკუთარ მატერიალურ მშვიდობას და 
სიმშვიდეს, ისინი ომებით იმტკიცებენ უსაფრთხოების და მატერიალური 
კეთილდღეობის განცდას...
თქვენ კი, მშვიდობის სახელით დაგეგმილი დემონსტრაციებით ამარცხებთ 
საკუთარ ჯიბეში მოსალოდნელ უფულობას, მაგრამ თუნდაც ერთი წამით 
წარმოიდგინეთ რომ, ამ უთავბოლო თამაშით გაბეზრებულმა ღმერთმა 
შეიცვალა მზერის ტრაექტორია, ქვემოდან ზემოთ ამოგხედათ და მშვიდად
გითხრათ, რომ ომიც და მშვიდობაც ცარიელი , ყოველგვარ საფუძველს 
მოკლებული მცნებებია , რომლებსაც თქვენ როგორც წყალწაღებულები
ებღაუჭებით ამ დაუსრულებელი სიტყვიერი ნიშნების ქაოსში...
სცენაN... (იდეალურადმოწმენდილ ცას ქვევიდან ზევით კინოოპერატორი 
ანგელოზის ფართე ობიექტივიდან გაჰყურებს თითქმის უჩინარი ღმერთი;
სხვადასხვა ფორმის და ფერის ფეხსაცმელში , სხვადასხვა სიმკვრივით 
ჩალაგებული მილიარდობით ფეხი უსწორმასწოროდ მოძრაობს რუხი 
გრანიტის გაპრიალებულ ფილებზე სწრაფიკვების ფეშენებელური ტაძრის
წინ, სამრეკლოს თავზე რიტუალისთვის ემზადებიან საკულტო კვების მუშაკები:
“იცეკვეთ ჩვენი ცეკვა ყოველდღიური მოხმარების გმირებო!” გაჰკივიან 
მაღალი სამრეკლოდან “მაკდონალდსის” და “ბურგერკინგის” ფერხორციანი 
მოძღვრები და სწრაფიკვების კონფესიის ადეპტები.
(ოპერატორი რაღაცას უხსნის გამალებით გამნათებელ ანგელოზს)
“გადაიღე ! სასწრაფოდ გადაიღე სწრაფიკვებისთვის თავდადებული სახეები!
(გაჰყვირის აღელვებული რეჟისორი ოპერატორს)
ერთ ამოსუნთქვაში, ერთ დუბლში გადაიღე ! 
გულით გადაიღე, თვალით გადაიღე, 
ერთი ჩასუნთქვიდან მეორე ამოსუნთქვამდე გადაიღე ! 
ვიდრე არ გაცივებულა კადრი,
ვიდრე არ გაცვეთილა ბროლი თვალის გუგებში,
ვიდრე გასტრონომიულ ღრეობაში არ გადაზრდილა
ეს იდუმალი სერობა , გადაიღე!
შენი სურვილების ფართე საინზე გადაიღე! 
ვიდრე მორიგმა გეგმიურმა აფეთქებამ არ ჩალეწა მკვდარი თეატრების
და ბიბლიოთეკების შემინული ფასადები , გადაიღე! 
ვიდრე მაცხოვარმა კინწისკვრით არ გამოყარა მსოფლიოსავაჭრო ცენტრში
ჩასახლებული საქმიანი პროსტიტუტები, გადაიღე ! 
ვიდრე უოლტსტრიტის 60 ნომერში , მძაღე ტორტილით გამომძღარი
ტერორისტი არ შევარდნილა, გადაიღე !...
სცენაN... (ტაძრის საკურთხევლიდან ხვნეშით მოლასლასებს ლოყებღაჟღაჟა,
ახმახი საკულტო მუშაკი , შემდეგ იგი შენელებული მოძრაობით კისერზე
იკიდებს მძიმე ოქროს ჯვარს და აზრისგან დაცლილ მრისხანე მზერას ესვრის 
ტაძარში ახალშემოსულ , უთავსაფრო მოკლეკაბიან გოგონას(სიმპატიურ 
გოგონას) 
მსახიობი გოგონა: ნეტავი როგორი მზერით გამომხედავდა უფალი მის 
ადგილზე რომ ყოფილიყო? 
რეჟისორი: სტოპ! სტოპ! სტოპ! 
მოემზადეთ შემდეგი დუბლისთვის ! 
მსახიობი გოგონა: რა მოხდა? 
რეჟისორი : შეცდომა დაუშვით ტექსტში ...
მსახიობი გოგონა:(გაკვირვებით) რა შეცდომა? 
რეჟისორი: (ოდნავ გაღიზიანებული ინტონაციით)
თქვენ უნდა გეთქვათ: “ნეტავი როგორი მზერით ამომხედავდა უფალი მის 
ადგილზე რომ ყოფილიყო”...
თქვენ კი როგორ სთქვით? რა სთქვით?! ...
ამ ნიუანსს არსებითი მნიშვნელობა აქვს ჩვენს სცენარში ...
სცენაN... (კადრის მიღმა ისმის ძლიერი წვიმის ხმა, გადასაღებ მოედანს 
სასწრაფოდ სტოვებენ მსახიობები და ტექნიკური პერსონალი , ისინი თავს
აფარებენ მინდვრის შუაგულში გამართულ კარავს , სადაც დანარჩენი 
გადამღები ჯგუფის წევრები უსხედან გრძელ ფიცრულ მაგიდას და ცხელ ყავას
შეექცევიან)
რეჟისორი: ბასტა! ჩაგვეშალა დღევანდელი გადაღება... 
როგორც სჩანს ეს ღვართქაფი დღის ბოლომდე არ შეწყდება...
ოპერატორი ანგელოზი: ნეტავი ამით რისი თქმა უნდა ღმერთს მაესტრო? 
რეჟისორი: ის რაც უნდა ღმერთს ყველაფერი სწორია, მაგრამ ეს ყველაფერი 
მხოლოდ იმიტომ კი არ არის სწორი , რადგან ღმერთს უნდა ასე...
ოპერატორი ანგელოზი: საოცარი, შეიძლება ითქვას ცოტა უცნაური სიტყვებია
მათეს სახარებიდან...
რეჟისორი: შენ არ იფიქრო ამას იმიტომ ვამბობ , რომ არ მწამს ღმერთის ,
უბრალოდ არ ვიცი თავად ღმერთს თუ აქვს რწმენა, 
დანამდვილებით მინდა ვიცოდე სად გადის ზღვარი ღმერთის რწმენას და 
ურწმუნობას შორის, მინდა ვიცოდე ვისი სწამს , რისი სწამს თავად ჩვენი
გალაქტიკის მთავარ არქიტექტორს ...
ოპერატორი ანგელოზი: ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ , ყველა, მისი სტატისტები
ვართ...
რეჟისორი: პირველ რიგში მისი აბეზარი აბონენტები ...
ოპერატორი ანგელოზი: საინტერესოა, რომელ ოპერატორს ენდობა იგი? 
რეჟისორი: ის, ალბათ ყველაზე მარტოსული არსებაა ამ ჩაბნელებულ 
კოსმოსში, სადაც მხოლოდ შორეული ვარსკვლავები ბჟუტავენ , როგორც 
დაბალვატიანი ელნათურები ...
(ოპერატორი ანგელოზი არ ჰკარგავს იმედს და ქვევიდან ზევით აკვირდება
გაავდრებულ ცას საკუთარი კამერის ფართე ობიექტივიდან )
სცენაN... ასისტენტიანგელოზი --- რეჟისორს : უჩვეულოდ ლამაზი დილა 
გაგვითენდა გადაღებისთვის...
რეჟისორი: გეთანხმები, თუმცა , ძენის რომელიმე ოსტატი იგივე ფრაზას 
შემდეგნაირად იტყოდა :
ყოველი დილა ლამაზია და აღდგომაც ყოველდღიური ჭეშმარიტებაა 
და არა ერათჯერადი დღესასწაული, რომელსაც აღნიშნავენ აფორიაქებული
ადამიანები ...
ამგვარად იღვიძებს ჩვენი სული და მასთან ერთად აღსდგება 
ყოველ დილას ხორცი ჩვენი...
ამ ტაძრის გუმბათის ქვეშ ყველაზე მკაფიოდ ისმის
ხმები ჩვენი ...
აქ არ კითხულობენ მოჩვენებით ლოცვებს,
აქ ყველა ფრესკა ჩვენთვის საყვარელი ადამიანების
სახეს გვაგონებს ,
სადაც ყველა ნაცნობი და უცხო არსება 
საკუთარი ლოცვებით შემოდის 
აღდგომის დილას ...
სცენაN... (ქალაქისცენტრალური ნაწილი , შუა დღე , არტნუვოს სტილში 
აშენებული ძველი სახლის სადარბაზოდან გამოდის ჩაფიქრებული პოეტი) 
პოეტი: ესეც ვიცოდი , რომ ზუსტად ეხლა , ამ ტექსტის ფინალში 
დამაკლდებოდა რამოდენიმე საკვანძო სიტყვა .
სულ ტყუილად ვათენე გუგლის ვიწრო სარკმელში ეს გრძელი ღამე, ხუთი
წუთითაც ვერ ჩავიძინე ამ მოუხერხებელ საიტზე , ერთი შესაფერისი ლინკიც 
კი ვერ მოვიძიე , რომ შვებით ჩამომედო თავი ...
პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იგი პირველი 
მოიპარა პირველმა პოეტმა...
ვის ახსოვს დღეს სახელი მისი?
ვინ იცის როგორ გამოიყურებოდა პირველი მესიტყვე? ...
როდესაც პირველად აგებულ ტაძარში გაისმა პირველი ლოცვა,
როცა პირველად აგებულ სასახლეში შევიდა პირველი მეფე,
როდესაც პირველ საპყრობილეში გამოკეტეს პირველი პოეტი,
როდესაც პირველად, მოჭრილი თავი გამოისყიდეს პირველი 
მოჭრილი მონეტით , 
გაუფასურდა სიტყვა იგი პირველი და გახდა სიტყვა იგი უკანასკნელი... 
(მოპირდაპირე სხლის აივნიდან რეჟისორი ფრთხილად აკვირდება პოეტის
მოქმედებას, მის გვრდზე მდგომი ოპერატორი ანგელოზი ცდილობს ზუსტად 
გადაიღოს მიმდინარე სცენა )
რეჟისორი: ვფიქრობ ეს პოეტი საკმაოდ გასცდა ჩვენი კინოსცენარის ჩარჩოებს, 
მართალია მე მას მივეცი მცირედი იმპროვიზაციის საშუალება , მაგრამ ...
ოპერატორი ანგელოზი: ნუ გავიწყდებათ მაესტრო , რომ ის პირველ რიგში 
პოეტია და შემდეგ უკვე კინოარტისტი,
როგორც იტყვიან შეუცნობელია გზანი პოეტისა , ვითარცა მუზა მისი დაფარულ არს უცხო მზერისთვის... 
(პოეტი ნელი ნაბიჯით ჩაივლის მოპირდაპირე სახლთან , რომლის აივანზეც
განლაგდა გადამღები ჯგუფი)
ოპერატორი ანგელოზი: მე ვიცი ზუსტად სადაც მიდის პოეტი ეხლა ...
რეჟისორი: სად? ...
ოპერატორი ანგელოზი : ის ეხლა წავა მეორადი სიტყვების საბითუმო 
ბაზრობაზე , იქ სადაც სტამბის დარაჯები წონით აბარებენ გადამყიდველს 
მოპარულ სიტყვებს , 
მერე გაივლის გამოივლის გრძელ დახლებს შორის და გადაარჩევს ათიოდე 
ცხვირპირწამტვრეულ მტვრიან ფრაზას თქვენი კინოსცენარისთვის ... 
სცენაN... ( საციგურაომოედანს გულმოდგინედ ალაგებენ თეთრ 
კომბინიზონებში ჩაცმული ქერუბიმები, რეჟისორი მიმართავს ოპერატორ 
ანგელოზს)
რეჟისორი: კარგად დააკვირდი შენი ფართე ობიექტივიდან გამნათებელ
ანგელოზს , ხედააავ ? 
ოპერატორი ანგელოზი: ცოტა მუქილურჯი ღრუბელი ეფარება მარცხნიდან...
რეჟისორი : შეხედე , შეხედე ! როგორ უსწორმასწოროდ მოძრაობს მოყინულ
მოედანზე , თითქოს ლექსის ამოკაწვრას ლამობს თავისი ბასრი ციგურებით 
მის მოპრიალებულ გულმკერდზე ,
ცოტაც და ფეხი დაუსხლტება, 
ერთი არაზუსტი სალტო და მოცელილივით დაეცემა მოედნის შუაგულში.
ოპერატორი ანგელოზი : ( ვერ მალავს აღელვებას ) კი , დაეცემა, ნამდვილად დაეცემა ! ...
რეჟისორი: დასანანია თუ დაეცემა, სადღა ვიპოვნით ასეთი მაღალი დონის
გამნათებელ რეჟისორს ...(?)
ოპერატორი ანგელოზი: კი მაგრამ, ხომ შეიძლება რომ დაცემულს ხელი 
გავუწოდოთ და წამოვაყენოთ ? ...
რეჟისორი : კი , შესაძლებელია , ადამიანი რომ ყოფილიყო წამში 
მოვაგვარებდი ამ პრობლემას , მაგრამ , ის ხომ ანგელოზია (?)
როგორ წარმოგიდგენია დაცემულ ანგელოზთან მუშაობის გაგრძელება?! ...
ოპერატორი ანგელოზი: თუ დაეცემა, ის მხოლოდ პოეზიისთვის, პოეზიის 
სახელით დაეცემა, ეხლა მთავარია ეჭვი არ შეეპაროს საკუთარ ცეკვაში,
ჩვენს გარდა მის მოძრაობას ათასობით სტატისტი ადევნებს თვალყურს...
რეჟისორი: ისე მართალი ხარ , თუ დაცემის შემდეგ ადამიანური თვისებები
შეინარჩუნა, შეიძლება უფრო საინტერესოც იყოს მასთან მუშაობა, მის მიერ 
განათებული სახეები და ნივთები უფრო მართალ, ბუნებრივ ელფერს მიიღებენ.
ოპერატორი ანგელოზი: გააჩნია მაესტრო , ბუნებრივ ფერებში რას 
ვიგულისხმებთ , თავისთავად ფორმაც და ფერიც ხომ ოპტიკური ილუზიის 
ნაყოფია ...
რეჟისორი:მართალი ხართ კოლეგა , სამწუხაროდ ფერიც სიტყვაა და 
გაყალბებული პოეზიის ერთ-ერთი მთავარი ნიშანთვისება, 
სინამდვილეში ხომ მას ცალკეული პიროვნება განსხვავებულად აღიქვამს...
ცეკვაში, ხმაში, კინოკადრში გამონთავისუფლებული სიტყვაა ის პოეზია, 
რომელსაც ჩვენ ვემსახურებით ... 
სცენაN... (თვითმფრინავისსალონში გვერდი-გვერდ სავარძლებში სხედან 
რეჟისორი და მისი ასისტენტი ანგელოზი , ისინი მიფრინავენ ბერლინში სადაც
უნდა გადაიღონ რამოდენიმე მნიშვნელოვანი სცენა თავისი ფილმისთვის )
რეჟისორი: ჩვენ გადავიღებთ სცენას რომელიც რამოდენიმეწამში შესცვლის 
ამ ცნობისმოყვარე ადამიანების გაფანტულ მზერას, უფრო სწორად კი სხვა 
რაკუსით მიმართავს მილიარდობით ქვემოდან ზევით მომზირალ თვალს .
მე ეხლა ვზივარ ვერცხლისფერ ბოინგში რომელიც ტროპოსფეროს ნისლში
მიცურავს ზანტად ...
მე ეხლა ვზივარ თვითმფრინავის რბილ სავარძელში უწონადი სხეულის ამარა და ზემოდან ქვევით, 
პატარა სარკმელიდან ვაკვირდები აღმოსავლური 
ხალიჩასავით მოქსოვილ და უკიდეგანოდ გადაშლილ პეიზაჟებს, საიდანაც 
ჩემგან 3 ათასი მეტრის დაშორებით ქვევიდან ზევით სწრაფად იზრდებიან 
პატარა და დიდი ქალაქები , რომლებიც უყურებენ თვითმფრინავის 
სავარძელში მოკალათებულ ჩემს უწონად სხეულს ...
უყურებენ მუნშტრის, არქირევიზორის შემფასებელი ეჭვიანი თვალებით ... 
მზის სხივებისგან თვალების დასაცავად მათ მოირგეს კათედრალური 
ტაძრები, პაგოდები, მეჩეთები, აშრამები ...
ისინი ფრთხილად და უნდობლად მზვერავენ ქვემოდან ზემოთ , შემინულ
ცათამბჯენებში განთავსებული სავაჭრო ცენტრებიდან კორპორაციული
ოფისებიდან ...
მონოკლებით, ბინოკლებით, ტელესკოპებით შეიარაღებული ადამიანები 
საქმიანად მსჯელობენ ჩემი პრაქტიკული დასაქმების შესაძლებლობებზე
და შეუძლებლობაზე ...
(კამერის ობიექტივიდან მოსჩანს ერთ-ერთ შემინულ ცათამბჯენში 
განლაგებული ოფისი : სამი საქმიანი მამაკაცი ზის მრგვალი მაგიდის 
გარშემო და გამალებით მსჯელობს რაღაც საკითხზე , ერთ-ერთი მათგანი
ტელესკოპიდან ყურადღებით აკვირდება ბოინგს რომელიც მიფრინავს 
ცათამბჯენის თავზე . რეჟისორი თვითმფრინავის სარკმელიდან ცდილობს 
თვალყური ადევნოს საქმიან შეხვედრას ოფისში , მას გარკვევით ესმის თუ
რაზე საუბრობენ უცნობი მამაკაცები)
- ცაში ამაღლებულ ღმერთებს კი არა, ნებისმიერ, ღირსების მქონე პოეტსაც
კი ვერ დაასაქმებ მისი ნების საწინააღმდეგოდ , (ამბობს პირველი)
- ალბათ ჰონორარს გააჩნია, (დაასკვნა მეორემ)
- მინდა გაგაფრთხილოთ (გააქტიურდა მესამე) 
თუ ჰონორარში მხოლოდ ფულად ნიშნებს გულისხმობთ , ეს საკმარისი 
არ იქნება მისი გულის მოსაგებად ...
- არა მხოლოდ პურით ცოცხლობს პოეტი, არამედ ღმერთის პირიდან 
გამომავალი ყოველი სიტყვით! (შესძახა პირველმა) 
მთავარია კარგად შევფუთოთ ვადაგასული სიტყვები და ქუდივით შევუგდოთ 
ხალხით გადავსებულ მღელვარე დარბაზში სადაც მას მყისიერად დააყრუვებენ 
ტაშის განუწყვეტელი ქვემეხებით და ხმამაღალი შეძახილებით ...
მასე, მხოლოდ დაყრუვებულ პოეტებს კი არა იმ ღმერთებსაც მივუჩენთ 
შესაბამის ადგილს რომლებიც ამჟამად არ არიან ჩვენი წვდომის არეში 
(ჩაერთო ისევ საუბარში მეორე) ჩვენ მათთვის , ცათამბჯენებზე ბევრად მაღალ ტაძრებს ავაგებთ, 
შევმოსავთ ბგერის გაუმტარი ცეცხლგამძლე მინით , 
დავიქირავებთ შესაფერის მათთვის დარაჯებს , მილიონობით გულანთებულ
საკულტო მუშაკს ...
(უცაბედად ბოინგი ჩავარდება საჰაერო ორმოში , შეშინებული მგზავრები გადახედავენ ერთმანეთს, 
ასისტენტი ანგელოზი მშვიდი ღიმილით უყურებს 
რეჟისორს , რომელიც აგრძელებს თვითმფრინავის მრგვალი სარკმელიდან 
თავის დაკვირვებებს ზემოდან ქვემოთ)
ასისტენტი ანგელოზი: რა უნდა მოიმოქმედოს ჩემნაირმა ანგელოზმა, რომ
თვითმფრინავის მგზავრები იქცნენ ნამდვილ ავანტურისტებად? 
რეჟისორი: პირველ რიგში მათ უსაფრთხოების ღვედები უნდა შეხსნა...
ასისტენტი ანგელოზი: ღვედები ? ...
რეჟისორი: კი, ღვედები, თუ გნებავს ქამრები...
ასისტენტი ანგელოზი: პირადად თქვენ ბევრი გინახავთ მგზავრი ბოლომდე 
რომ ჰქონდეს შეხსნილი ქამარი? 
რეჟისორი : არც ისე ხშირად , მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში ... 
ასისტენტი ანგელოზი: განა რევოლუციების დროს ეს მასიურად არ ხდება? 
რეჟისორი: რევოლუცია მხოლოდ ამის ილუზიას ჰქმნის , სინამდვილეში კი ის
დროებით ასუსტებს ქამრებს , რომ საჭიროების შემთხვევაში ისინი გადააკეთოს ყელსაბამებად ...
ასისრენტი ანგელოზი : მაშინ სისტემას ვინ დაანგრევს , თუ არ შევხსენით 
უსაფრთხოების ღვედები მგზავრებს ? 
რეჟისორი:ძალადობრივ სისტემას ვერ შესცვლი თუ შეხსნი ღვედებს 
    სავარძელში ჩაძინებულ მგზავრებს...
ასისტენტი ანგელოზი: მაშასადამე გამოდის რომ ღვედების შეხსნის 
აუცილებლობა ძალაში რჩება? 
რეჟისორი: რათქმაუნდა ძალაში რჩება, თუმცა ჩვენი ჩარევა შეიძლება აღარც 
კი გახდეს აუცილებელი ...
ასისტენტი ანგელოზი : განა შესაძლებელია მსგავსი სცენარი?
რეჟისორი: სრულებით შესაძლებელია, 
თუ კი მგზავრები უცაბედად გაიღვიძებენ,მაშინ ისინი ჩვენი დახმარების გარეშე,
საკუთარი ხელით შეიხსნიან მკერდზე გადაჭერილ უსაფრთხოების ღვედებს ...
(ვერცხლისფერი ბოინგი ნელა ეშვება ბერლინში,შონფილდის აეროპორტში,
თვითმფრინავზე მიდგმული ტრაპიდან ტაატით ჩამოდიან ნახევრად 
გამოღვიძებული მგზავრები, მათ უკან მოჰყვება რეჟისორი და ასისტენტი 
ანგელოზი , ქვემოდან ხალისიანად უქნევს ხელს თავის კოლეგებს ოპერატორი 
ანგელოზი ) 
ოპერატორი ანგელოზი : მაესტრო! ეს სცენა თავიდან ბოლომდე გადაღებულია,არა მგონიარომ კიდევ ერთი 
დუბლიდაგვჭირდეს...
რეჟისორი : ეჰ, ერთობ დასანანია , მე უკვე თითქმის მზად ვიყავი გადამეხვია
ძირითადი სცენარიდან , თუმცა , მეორემხრივ დარწმუნებით ვერ ვიტყვი იყვნენ 
თუ არა მზად მოულოდნელი ცვლილებებისთვის ჩვენი მგზავრები ... 
რამოდენიმე სცენარომლიც ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო 
                        ვერმოხვდა “პოეტურ კინოსცენარში”
სცენა N... ( გამნათებელიანგელოზი მოუსვენრად სცემს ბოლთას გადასაღებ 
მოედანზე , ის დროგამოშვებით დაჰყურებს მაჯის საათს და მოწნულ 
სავარძელში ნებივრად ჩასვენებულ რეჟისორს) 
რეჟისორი: რა მოხდა კოლეგა? რატომ ვერ ისვენებ ერთ ადგილზე? მითხარი
რით შემიძლია დაგეხმარო?
გამნათებელი ანგელოზი : გული მიგრძნობს რომ დღეს ისევ ვახშმის გარეშე 
დავრჩებით , ზუსტად ისე , როგორც წინა კვირაში მოხდა , ამის მთავარი მიზეზი
კი თქვენი ასისტენტია, რომელსაც უწინდელივით დაავიწყდა ვიეტნამური
რესტორანისთვის შეკვეთის მიცემა ...
რეჟისორი: რომელ ვახშამზე მელაპარაკები ჩემო კარგო, დღეს ჩვენ ისეთი
წარმატებული სცენა გადავიღეთ რომ მზად ვარ საჭმელს ერთი კვირა არ 
გავეკარო (იცინის) იცი თუ არა შენ , რომ წმინდა ფრანცისკ ასიზიელი დიდი 
მარხვის დროს დღეშიერთ  მცირედ  ნაჭერ პურს და ჭიქა წყალს სჯერდებოდა მხოლოდ.
გამნათებელი ანგელოზი: კი, ვიცი და ისიც ვიცი რომ მილოშ ფორმანი
პრინციპული მოსაზრებებიდან გამომდინარე , თითქმის 4 წლის განმავლობაში
უარს ამბობდა ჰოლივუდის მიერ მისთვის შეთავაზებული სცენარების მიხედვით
გადაეღო ფილმები, აქედან გამომდინარე დღეში ერთი კოკაკოლის და 
ჰამბურგერის მეტს ვერაფერს ჰყიდულობდა ... 
რეჟისორი: მე ნაკლებად მაღელვებს ადამიანური ახირებები და გაურკვეველი 
პრინციპები, ასე რომ მოგიწევს დღეს ვახშმის გარეშე დარჩენა ...
მილოშ ფორმანმა კი იცოდა რომ მისი მძიმე მარხვა ღირდა თუნდაც ერთ 
“ამადეუსად” ...
ის ჰოლივუდის პროდიუსერებს კი არა , სინამდვილეში მე მევაჭრებოდა და
საკუთარი შიმშილობით იხდიდა იმ უმწიკვლო მუზების საზღაურს , რომლებმაც 
ჩემთან გაატარეს ქორწინების პირველი ღამე ... 
სცენაN... (გამნათებელიანგელოზი და ხმის ანგელოზი სიგარეტს ეწევიან 
საგრიმიორო ოთახში)
გამნათებელი ანგელოზი: როგორ ფიქრობ ვინ შეიძლება იყოს რეჟისორი 
ღმერთი თუ სარდალი ? რომელი როლი უფრო მეტად მიესადაგება მის ბუნებას?
ხმის ანგელოზი: ალბათ ორივე, გადასაღებ მოედანზე რეჟისორი ღმერთია, 
ნებისმიერ შემთხვევაში მეორე კაცია ღმერთის შემდეგ ...
(იღება კარი და საგრიმიოროში შემოდის რეჟისორი, იგი ცდილობს სიგარეტის 
სქელ კვამლში გაარჩიოს ანგელოზების სახეები) 
გამნათებელი ანგელოზი: მაესტრო, შეგიძლიათ აგვიხსნათ რა განსხვავებაა 
რეჟისორსა და სარდალს შორის? 
რეჟისორი : ჩემი ბრძანებით ასი სტატისტი ასჯერ გაიქცევა და ასჯერ შეჩერდება 
ზუსტად ჩემს მიერ მითითებულ მონაკვეთში .
ჩემი ბრძანებით ათასიდან ასი სტატისტი ასჯერ დაეცემა და ასჯერ აღსდგება 
ერთიდაიმავე ბატალურ სცენაში ...
ჩემი ბრძანებით ერთი და იგივე შეყვარებული აკოცებს მეორეს ერთი და იმავე ტუჩებში ასჯერ ერთი და იმავე 
მატარებლის ბაქანზე , ერთადერთი განშორების 
განმავლობაში , რომ ასი კოცნიდან მხოლოდ ერთი კოცნა დავტოვო ფირზე ... 
ყველა სარდალი ზუსტად ჩემსავით გასცემს ბრძანებებს , მასსაც 
ჩემსავით გააჩნია საკუთარი ბრძოლის სცენარი ...
ის იგებს ბრძოლას როგორც ფრანტი სხვის ცოლის გულებს ,
მაგრამ საკუთარ ჯარისკაცის უსულო ცხედარს , რომელსაც გულში დამიზნებით
მოარტყეს ტყვია , სტოვებს სანგრებთან , როგორც მორიგ უსაგნო სიზმარს , 
რადგანაც იცის ვეღარასდროს ვეღარ აღადგენს მას, 
ვისი სულიც სხვის ბრძანებებს ასრულებს ეხლა ... 
სცენაN... (რეჟისირისვამს ყავას და აბოლებს სიგარეტს სასტუმროს აივანზე, 
მას შეუმჩნევლად უახლოვდება ხმის ანგელოზი , რომელსაც ასევე ყავის ჭიქა 
აქვს მომარჯვებული ) 
ხმის ანგელოზირ: შენ გაგიმართლა ასისტენტში უფალლ რეჟისორო, მან ხომ 
დაუფიქრებლად მიატოვა შემოსავლიანი სამსახური საგადასახადო ინსპექციაში და დაბალბიუჯეტიანი ფილმის 
გადასაღებად გამოგყვა ცხრა მთის და ცხრა 
ზღვის გადასაყარზე პოცდამის მახლობლად ...
( რეჟისორი მკრთალი ღიმილით თავს გააქანავებს და აქრობს სიგარეტს)
რეჟისორი: ყველა სულიერ არსებას , მათ შორის ანგელოზებსაც აქვთ 
თავისუფალი არჩევანის უფლება... 
ოპერატორი ანგელოზი : ეს სცენაც გადაღებულია, მაესტრო ! ... 
          “ პოეტური კინოსცენარი”სმოქმედი პირები : 
1. რეჟისორი 
2. რეჟისორის ასისტენტი ანგელოზი
3. ხმის ანგელოზი 
4.გამნათებელი ანგელზი
5.ოპერატორი ანგელოზი
6. პოეტი 
7. მსახიობი გოგონა
8. საკულტო მუშაკი 
9.სწრაფი კვების კონფესიის ადეპტები
10.მშვიდობის აქტივისტები 
11. პირველი საქმიანი კაცი
12.მეორე საქმიანი კაცი 
13.მესამე საქმიანი კაცი
14.სცენარისტი
15. ქერუბიმები
16. ამბოხებული სდუდენტები
17. უჩაფხუტო პოლიციელი 
18.სანტაკლაუსი 
19.სტამბის დარაჯები 
20.უსაფრთხოების ღვედებით სავარძლებზე მიბმული მგზავრები 
21.იდეის დიზაინერი 
მინდა სპეციალური მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობარს, არაჩვეულებრივ
გერმანელ კინორეჟისორს ჯულიან რადლმაიერს , რომელმაც 2015წლის 
შემოდგომით მიმიწვია ბერლინში თავის ფილმში სათამაშოდ და 
იმავდროულად გახდა მთავარი ინსპირატორი ამ პოეტური ტექსტის შექმნის 
პროცესში ... скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge