გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ზაალ ჯალაღონია - ლექსები

აბსურდის ფილოსოფია 

როდესაც ვერ გამომარჩევენ, სად მეტი ვარ,
სად ნაკლები,
სად ღრუბელი,სად თოვლი. სად მიწა,
ან კვამლი ნაცრისფერი
მე ყველაზე მეტად მაშინ მომინდება
აშკარა თუ ჩუმჩუმელა საუბრების მოსმენა.
ჩემზე რომ იტყვიან.
ერთდროულად რომ დამძიმდებიან და ქვასავით
გაიცივებენ გულს.
ოღონდ შეგნებულად ყურისგდებას
და კართან ატუზვას არ ვგულისხმობ.
საუკუნეების შემდეგ ჰაერში გაჯერებული
რომ ჩამოვივლი.
როცა ზედმიწევნით მეცოდინება, რომ ეს ჩემი ქვეყანაა.
და აქ ჩემზე ისაუბრებენ.
აი, ამას გაგიმხელთ
ყოველგვარი მორიდების და დაფიქრების გარეშე.
კი არ ჩავუსაფრდები, დროს კი არ მოვინიშნავ,
სრულიად შემთხვევით დამიგრძელდება თვალი,
დამიგრძელდება ყური,
მაგრამ ესეც უხილავად.
მუცალის მიერ გადმოსროლილ თოფივით
სინანულს თუ აღგიძრავთ, მიზანი მიღწეულად
უნდა ჩავთვალო.
ბაღში ყვავილების მისალმებას მოვისმენ. რადგან
ყვავილები ხილულსა და უხილავსაც
ერთნაირად განიცდიან.
აი სწორედ მაშინ
ყველფერი რაც ჩემზე ითქმება გარკვევით ჩამესმება.

,,ძალიან გენიალური იყო"
,,კი არა უშავს"
,,რამდენიმე ლექსი მომწონს მისი"
,,მე ვერ ვიგებ მის პოეზიას"
,,არ მომწონს"
,,დაიწმინდება ყველაფერი, ეს ,,პროზაულები" ჩაბარდებიან
წარსულს"
ამ დროს ჩემს გვერდით არავინ ჩანს.
არც ჰამლეტი, არც ლირი, არც კორდელია,
არ დგას ოიდიპოსი და არ დგას, თუნდაც ალიგიერის
მწუხარე ლანდი.
მე მარტო ვაყურადებ სიშორეს ზიარი სივრცეებიდან.
დამდგარი სიგიჟე, დამდგარი წყალი როდია.
მნიშვნელობებს მიღმა გადასულ სიტყვებში
მიდგას ფეხები,
მასში დგომა ზედმიწევნით შესაძლებელია.
როგორმე ავიტან ამ შეფასებებს.
როცა ხილული ვიყავი და საუკუნეები არ მფარავდნენ
ვიტანდი,
ახლა მით უფრო ავიტან,
ნახევარი ცხოვრებით ავიტანე,
მთლიანი ცხოვრებითაც ავიტან.
რამდენი ვიწვალე იმისთვის, რომ
არავის ტანზე არ ამოვსულიყავი მანჭკვალა სოკოსავით.
და თუ არსებობას განვიზრახავდი,
ჩემი გაყოფილი უჯრედებიდან შემექმნა ისევ ახალი
უჯრედი, რომელიც გამამხელდა.
ჩემი სხეულიდან შენელებული მოძრაობით
დრო გავიდა.
სადაც კი გავიარე, ხეებისთვის ცეცხლი არ წამიკიდებია.
ჩემს დიდ ენერგიას, როგორც შემეძლო ისე ვმალავდი.
ამპარტავნობის წითელი კარდინალები
არასდროს მეხვია გარს.
აქ ფიქრს სიკვდილის შემდეგ იწყებენ,
დაბადება ერთი არსაიდან გამოსხლეტილი ფიქრის დადასტურებაა.
გაჩერებული მატარებლიდან ჩამოსვლა
და ისევ უკვე გაქანებულზე შეხტომაა.
ცხოვრების გაგრძელება რომ ჰქვია.
ის სურვილი კი არა, გაუცნობიერებელი გაგრძელებაა,
რადგან ასეა საჭირო, გაქანებულ მატარებელს უნდა შეახტე.
აქ ლოცვამდე ლუკმა ფრინველი მიხდებოდა,
რომელიც საყლაპავს შიგნიდან დიდი ნისკარტით მიგლეჯდა
მე საუკეთესობა არ მინდოდა, რადგან უკეთესი
არავინ არ არის. და პატარა ჭიანჭველები,
ფრთების ამოსვლის მოლოდინში რომ დახოხავდნენ
სათვალავში არასდროს ჩამიგდია.
ჰაერი უნდა გამეწია, შირმასავით
ამოვფარებოდი.
რათა მესმინა და მენახა ის, რაც გაქვავებული იყო,
მდინარება დაკარგული.
ჩემს ქვეყანაში მუდამ ისმოდა სიტყვები, რომელიც ჰაერს დაეგროვებინა.
საუკუნეების შემდეგაც ამოუმშრალი ტბორივით იდგა.
,ვერ დავაფასეთ"
,,სათანადოდ არ დაფასებულა"
და მე უხმო ძახილით, როგორც წყალში ლილას, ჰაერში ვურევდი ამ შეძახილს.
რა გიშლიდათ ხელს. სახელების წარამარა დასუნვა,
თუ ტექსტებისადმი გულგრილობა.?
იქნებ სხეულად აღმართული
გიბნელებდათ გონებას.
გარდასულთან კავშირი უფრო ადვილად მყარდება
თუ გუშინდელ მტერს მეგობრადაც
გამოაცხადებ.
თუ სინანულია ამ ყველაფერში. ყოჩაღ თქვენ.
თქვენ,
თორემ მე რა?
ბუჩქი რომ შეემატება ამ სამყაროს
ესეც მეყოფა.
და ბავშვის გულწრფელი ღიმილი
დედის თმას რომ ჩააფრინდება.
მე ყოველთვის იქ მეგულება თავი,
რაზეც ვწერ.
და იღება ჩემი მოგონილი სახლი,
ჩემი დროებითი სახლი,
და მარადიული სახლიც იღება.
გავიშლები მეც
უცებ გადამსკდარ ბროწეულივით გამეხსნება ყველა სიზმარი.
აქ სიზმრებს ცოცხლებისთვის აგზავნიან,
რათა ისინი ამით უმძიმესი ყოფის საწინააღმდეგო მნიშვნელობებს
მიხვდნენ.
ჩემი ხედვა, ჩემი ერთ-ერთი ნაკლი
იქნება,
მე ასეთ მიწაზე მოვიყარე დროებით ფეხი,
სადაც ხშირად, წამოსროლილი სიტყვა
აზრით არ იტვირთება.
ჩემი აზროვნების თავისუფლებით
აქ რამდენიმე შეიბოჭება.
მაგრამ მე ხომ შებოჭილებისთვის არ ვწერდი,
მე ვწერდი, ყველაფერ ნებადართულზე,
რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არაფერი მქონდა აკრძალული.
და ნიცშე თუ კამიუ. ჩემთვის ორივე ჭაობივით დამდგარი სიცხადეა,
რომელიც გითრევს, გითრევს და სულ ბოლოში
ამოგაწოდებს კიბეს.
და სულ ბოლო ასასვლელზეც მიგითითებს.
ისე რომ დოსტოევსკი გვერდიდან არ მოგცილდება.
აბსურდულობის ძებნა მთელი სიცოცხლე გაგრძელდა.
მუდმივი დაპირისპირებით,
ჩემი მარადიული ნაკლი ყველაფერში ახლიდან დაბადებით
შემოისაზღვრა.
მე შევებრძოლე ყველაფერ იმას, რაც გაცნობიერებულად
მიუღებელი იყო ჩემთვის.
და მე აუცილებლობის კანონზომიერებით კიდეც დავმარცხდი.
ყველა დამარცხდა,რადგან უმეცრება შემოსაზღვრული
არასდროს ყოფილა.
ჩემი გამარჯვება აბსურდის ფილოსოფია იქნებოდა,
მე მივემატე იმ ადამიანთა რამდენიმე კატეგორიას,
რომელთაც ვერ გაუძლეს,
მაგრამ ერთხელ არჩეულ გზას ბოლომდე უერთგულეს.
ისინი ამ გზაზე მუდმივად იმოძრავებენ.


როცა მოწყენილი ვარ წვიმს
ეშბერი იტყვის: ,, როცა მოწყენილი ვარ წვიმს".
მე ვიტყვი, რომ ეშბერი არ ცდება.
როცა არ წვიმს და არც მოწყენილი
ვარ, ანუ არაფერი ხდება.
ასეთ დროს, შეგიძლია წვიმა გააქრო
ცნობიერიდან
და მოიწყინო ისე უბრალოდ,
თითქოს წვიმს.
მაგრამ შენ ამ სიშორის განზომილებებში
ვერ დაგადგინე ვინ ხარ?
შედარებითი ილუზია, თუ
ადამიანური არტეფაქტი?
,,ტექსტის მიღმა არაფერია"
- იტყვის დერიდა.
მაგრამ ფაქტია, მე ტექსტის მიღმა
რამდენჯერმე შევიცვალე ფორმა,
მთლიანობა და ბოლოს განზომილებაც.
ვერ დაგადგინე ვინ ხარ?
მე კი ვიცი, რომ ეშბერი არ ვარ
და არც ვაჟასავით წვიმად ვნატრობ
მოსვლას.
როდესაც წვიმას ასახელებენ,
ასოციაციურად ცრემლებსაც გულისხმობენ,
უკიდურეს შემთხვევებში შარდსაც.
ხდება ისეც, რომ შედგენილობაც
განსაზღვრავს ადამიანს.
ასეთ დროს, რაღაც ისეთი ხდება რომელიც ღმერთს გამოიხმობს
ციდან,
მაგრამ ღმერთი ხშირად
ცაში კი არა, ჩვენს უწყინარ სურვილებშია.
მაშინ თითქოს სრულიად ცარიელია ზეცა,
რადგან ადამიანის გული
სავსეა რაღაც განუზომელი ძლიერებით.
ყვავილის კვირტში შემიძლია წრე
დავარტყა,
როგორც მომცრო ქალაქს.
დაწერამდე რა აზრიც მოვიტანე
გამოხედვაში მეტყობა.
დააკვირდით, როგორი უსასრულო ხდება ჩემი ცხოვრების თითოეული
წამი.
ხეებმა იმღერეს ალილუია,
ადამიანებმა თვითნასწავლი გულგრილობით ჩამოიარეს.
ყველა საგულისხმო ცვლილება
ჩვენი არჩევანია.
ასეც ხდება: მოიწყინა ეშბერმა
ამასთანავე იწვიმა კიდეც
და მე ამ ყველეფერზე მომინდა
მეწერა.
ჰო. დაახლოებით ასე მარტივად, ან
ძალიან რთულად, თუ უფრო რთულადაც,
როგორც შეესატყვისება თანამედროვე
ყოფიერებას.
მე კი მარტივად ვაუქმებ ამ ყველაფერს
არც ვიწყენ. არც წვიმს და მითუმეტეს,
არც ეშბერი ვარ.
ვცდილობ ისე არასდროს მოვიწყინო,
რომ გაწვიმდეს...


* * *
მზე სადაც ჩავიდა,
იმ ადგილას კაცი დადგა.
კარიც მიუხურეს და სივრცეც
გადაუადგილეს, მაგრამ
თავისი სახელი ახსოვდა,
თავის ტანს გრძნობდა
და თავისი სული არ ამძიმებდა.
მოსწონდა თუ არ მოსწონდა,
ვერაფერში გადაცვლიდა ცხოვრებას.
წიხლსაც ვერ ჰკრავდა,
ვერც აღმოჩენის სიხარულით
აივსებოდა, როგორც დოქი პირთამდე.
ხის ქერქიდან თავს გამოჰყოფდა,
ან ქვასავით უგრძნობი გზებს იზეპირებდა.
თვითონ იყო და თავის თავზე სიკვდილს
ჰყვებოდა, თავისივე მონაყოლშიც,
რამდენიმეჯერ ის უკვე წაეშალა ვიღაცას.
იჯდა და ახლა იმ წამშლელზე თავად წერდა, ან
თავად ჰყვებოდა უკვე მერამდენედ.
ნეშომპალასავით იხსნებოდა სიტყვაში.
საკუთარი თავი ვერ გამოერჩია და მცენარეთა უჩვეულო უზრუნველობას
მინდვრებს გადასცემდა.
და ყვავილობდა.
ისე, რომ ჭკნობა შუა გზაში
ჰყავდა შეჩერებული.
როცა გაივლიდა, ფიქრი მოყვებოდა,
წამით ჩაიმუხლებდა, თუ არა,
ფიქრი ღმერთივით შეუცნობელი უხდებოდა,
უცებ მოაგონდებოდა ურმის ბორბლებით გათელილი მატიტელა
და იმ დროს, მერამდენედ სცდიდა საკუთარ თავს,
რომ სიზმარივით ხედავდა და ცხადივით ეჩვენობოდა
გარეშემო, რაც სოფლისგან ნება დართული იყო.
ეჩვენობოდა ბავშვი, რომელიც მის თვალწინ იზრდებოდა
და ეჩვენობოდა ქალი, რომელიც მის მომდევნო მონაყოლში
თავისივე მოთხრობის პერსონაჟს იმშობიარებდა.
ტავროთი წყალი ამოჰქონდა.
საკუთარ პეშვებს ისე დასცქეროდა,
თითქოს ამ ხელებით პირველი კაცი
მას შეექმნა.
დაღარულ ხელისგულებზე რამდენიმე
მდინარე მიუყვებოდა კალაპოტს,
მის ბაგეზე ღიმილიც ზღვასავით ირხეოდა
და კაცი გეგონებოდა, მხოლოდ წყალი იყო.
არაფერზე წასულმა, რამდენი არაფერი უნდა
მოიტანოსო,- დასცდებოდა საყვედურივით
და უსასრულოდ წინ გაჭრილ სივრცეს შეადნებოდნენ
მისი ნაღვლიანი თვალები.
თავისი სახელი ახსოვდა,
თავის ტანს გრძნობდა
და თავისი სული არ ამძიმებდა.
გაშლილი წიგნი ეჭირა და ხან ამატებდა, ხანაც აკლებდა,
იმას, საიდანაც უკვე თავად ამოშლილი იყო.
თითქოს მოძრაობდა შელოცვა,
თითქოს სული ჩაედგა ლექს,
თითქოს საუბრობდა ხორციელი ღამე.


* * *
ნუ წაიღებ ამ ქარს.
უსასრულოდ ნუ წაიღებ.
მას მე დავყავარ ამ ბნელ ღამეში,
მას ჩემი სული ეცნობა ამ ბნელ ღამეში.
მე ხომ ერთი გზა, ერთი წარსული და ერთი მომავალი
არ მაქვს.
მე ხომ გაზრდილი სიმღერა ვარ, გაზრდილი კვნესა,
მე ხომ გასავლელი მანძილი ვარ,
მე ხომ იქ დავიბადე, საიდანაც გედები გაფრინდნენ.
ლაჟვარდში ქროლაც რომ დაბმულია,
სადაც გულის ნაცვლად მზე რომ გამოასხივო
მძიმე ბარით ამოგითხრიან.

ჩემსავე თვალებში ვარ გადაჩეხილი.
ჩემი მკლავები
უფრო შორს სწვდებიან სახეცვლას , ვიდრე
გაფრენაა თავისთავში, ვიდრე მდინარებაა გარდაცვალებაში,
ვიდრე
გაუჩინარებაა ყველაფერში.
საკუთარ თავს ვეცნობი
და შეშინებულ იმედს ვიჭერ, რომელიც დაფრინავს
ჩემ გარშემო.
ეს სახე მეცნობა,
ყველაფერს ჩემსას მაგონებს,
ჩემი სახეცვლაა.
დასასრულისკენ
ჯერ კიდევ გაუჩენელ არსებას მივდევ,
რომელიც არც ბოროტია და არც კეთილი.

სად იყო სიზმარი? თვალების თაღზე
ცა და მიწა ერთად ეკიდა,
ხოლო სიზმარი ვერ აღწევდა ჩემამადე,
როგორც სიკვდილამდე მეორე ცხოვრება,
რომელიც ჩვენს გარეშეც არსებობს.
თევზებით მოქსოვილ
ლურჯ მდინარეში
ამორღვეულ თვალივით
მუდამ მრჩება დუმილის ღიობი,
სადაც წევს ჩემი მოქვირითე
ხმა.
მეც ცოცხალი ქსოვილი ვარ.
მე მთვარე მეგონა ჩემი არსებობა-
მაგრამ ის მოჭრილი ტოტების
სევდას ასხივებდა.
მე ვარსკვლავი მეგონა ჩემი არსებობა-,
ის დაღვრილი ძახილი ყოფილა,
რომელიც მდინარესავით მიედინება უკალაპოტო
არსებობაში
ჩემი ტანი უკალაპოტო ადგილია.
ჩემი კივილი ზეწარივით ეკიდა
გაცრეცილ ცაზე.
ამ კივილს გამოსცემდა კაცი- კაცში და ქალი-ქალში.
ყველა გზიდან ახალი ადამიანი წამოდგა.
და მიდიოდნენ კაცები წინ, უმისამართოდ
ტანზე უსასრულო გზა მჭიდროდ შემოეხვიათ.
შემოეკვანძათ და იქვე იყვნენ სამარადისონი.

ხოლო ადგილზე რჩებოდა სახლი, ტყე, არაფერში,
ისევ იმგვარად, როგორც ადრე და როგორც არასდროს.
ყვავილებში ჩემი რამდენიმე ბავშვობა წევს,
როდესაც ყვავილს ვეხები, მე ვეხები ჩემ ბავშვობასაც
და მარგალიტების ნისლიდან გადმოვდივარ
მართალ ნისლში.
ჩემს გაურკვევლობას ნუ გააგრძელებ,
თუ გააგრძელებ-
გააგრძელე როგორც ღიმილი.


* * *
ჩემთვის დაუდგენლობა
არ არის კედელი.
წინ გაჭრილი სივრცეა
და მუდმივი გაქანება
უსასრულობისკენ.
მე ყოველდღე მივყვები
საკუთარ ხმას,
რომელიც შინაგანი მზაობაა
ჩემი გონების ყველა
კუთხე-კუნჭულისთვის,
სადაც არის შეუცნობელი
არსებობა ჩემში მოქცეული
ყველა შეცნობილისთვის.
თუ ფოთოლმა იცის არსებობის პირველი ეტაპი,
ადამიანი მხოლოდ ბოლო ეტაპს მიყვება
და ცხოვრებას ასრულებს,
სიტყვას კი იწყებს.
გამოხატულების გარეშე ის მთლიანი არაა
და ვერ მონაწილეობს ცხოვრებაში.
იმდენს ვერ იცხოვრებ, რამდენი წარსული და მომავალიც
გაქვს.
ზოგჯერ ფოტოებზეც არ ვისახები, არათუ ცხოვრებაში.
ამჯერად ყველაფერი იძენს სახეს
გაურკვევლობაში.
ფერი,
ფორმა,
მომავალი
და ჩემი მე, როგორც მთლიანი
ერთიანი და განუყოფელი
მუდმივობა.
როგორც ღია კარი,
ღრმა უფსკრული,
მოტორტმანე ტალღა.
შესაკრებელი უძირო წარსულისა,
შესაკრებელი უფსკერო მომავლისა
და განსაზღვრული აწყმოსი.
რომელზეც ვდგავარ,
რომელზეც დგას
სახლი,
ჩემი ტანი,
ვარსკვლავები, ახლად ჩასახულნი
მომავალი ცისთვის,
რომელიც სხეულის გადაცურებაა
და გალაქტიკის ნიშანსვეტი.
უსასრულოდ გაგრძელების მოსურნე გზა.
ჩემი მყისიერი რეალობა-
მუდმივი ჩავარდნაა.
ორმო, რომელიც მოვიტოვე და
ორმო, რომელიც წინ დარჩა.
სამყაროს ერთ წერტილში ფეხის დადგმა,
ქმნის იმის შეგრძნებას,
რომ მეორე წერტილში
მისი მძაფრი მგრძნობელობა ძალას კარგავს
და თავისივე თავში ქრება.
იმქვეყნიდან დაბრუნებული მიცვალებულები
ტყუილს საუბრობენ,რომელიც აქედან
წაჰყვათ,
თორემ იქ ყველაფერი რეალურია,
აქაურზე რეალური..
სად ვდგავარ მე
დაბეჯითებით?
ლიტერატურული გამონაგონის
პირისპირ?
თუ არც ვდგავარ არსად?!.
როდიდან მცვივა პირიდან
ტკივილის მხეცები,
რომელებიც ამოდიან, ღრიალებენ და
პირველადი ხმაური შეაქვთ ჩემს ყურებში,
აქ სმენა დუნდება და ჩემი გაურკვევლობა
განუსაზღვრელი არსებობის პირზე
დანიშნულების გაგებას ელის,
და ეს ქაოსი აზროვნებას მწყობრს ხდის,
მუსიკის გარეშე.
ეს არის განცდა, როდესაც ყველანაირი
შიში უქმდება,
მიზანი ვერ იტევს შედეგის მოცულობას,
ფიქრი ტვინის უჯრედებს.
ხილვა შეფერილობას.
მიწა მიცვალებულს ეთხოვება,
თვალებს ესმით.
ჰაერი ანგრევს ჰაერს.
ხოლო ორეულს უმაღლესი ზეასვლისას
კედელზე რჩება რამდენიმე ფიქრის ლაქა,
თეთრი ბურუსი, რომელსაც ხელისცეცებით
მივყვები.
ამ სითეთრეში მავალს, ერთი ფიქრი მიტრიალებს,
და მახარებს კიდეც,
რომ ჩემს ნათლის გზას
დაბნეულობის გარეშე დავადექი.
წინ გაჭრილი სივრცეა
და მუდმივი გაქანება.
მითში დამტკიცება მიწევდა,
ჩემი არსებობისა.
როგორ ამივიდა ბოლი
და მეტეორების გამოქვაბულში,
როგორ ვისწავლე ჯერ სიმღერა,
ხოლო შემდეგ ნეკნის ქვემოდან
წითელი ყაყაჩოს გამოტანა.
ჩემი ძილი არ არის სიკვდილი,
მე არ ვარ მეგობრობის ნაფლეთი
და სიყვარული ჩემი არ არის კალენდრის ფურცლები.
იქნებ იფიქროთ, და ვიცი იფიქრებენ
რეტროგრადთა კასტები,
რომ მე შიზოფრენიულად ვბოდავ,
მაგრამ მე ფოთოლს ვცვლი ხანდახან ხეზე,
თავის ქალაში კი ვსუნთქავ ისე,
თითქოს ვიმყოფებოდე ოთახში,
რომელში დაგროვილი ჰაერიც
შემოდის ჩემთან ყოველგვარი
პირობითობისა და მიზეზგარეშე.
ჩემს ეპიდერმისში ყოველთვის შუქია, უცხო
და გაურკვეველი.
ჩემი ვიბრაცია შრიალია,
მე ვიცი, რომ შენ ის გესმის,
მაშინ როცა ფანჯრაში შემოდის ცისარტყელა
და ფანტაზიის ტკივილი რეალურად
ბუტკოვდება.
სამოთხის მერე განვითარება წყდება
სამოთხის შემდეგ გზა არსად არის.
სამოთხე მუდმივი სტატიკაა, ან მუდმივი გაბრუნება,
რათა ისევ ამოქმედდე და გაცილებით უკეთესადაც,
ვიდრე ეს წინათ იყო.
აქ თავისუფალი სულით
ვარსებობ.
ვერ შეგეხმიანები, თუ თავად შენ
არ იყვირე
ყველაფერს ვიშორებ,
რაც მაბრკოლებს.
დრო მკვდარია, რადგან მე სიტყვა გავაძლიერე.


***
მე ვერ გავიგე, ჩემ თავს დავეწიე,
თუ შენი თავის ხელმეორედ აღმოჩენა,
მიხდება?
მე ვერ გავიგე, სად მიდგას ფეხები,
ან ერთი ცხოვრება, როგორ გადავიდა მეორეში.
სივრცეები როგორ შეიკრნენ,
ან როგორ დაშორდნენ
ერთიმეორეს.
მე ვერ მივხვდი, უმეცრება რატომ იკიდებს ფეხს ასე ადვილად,
ან სიყალბე რატომ იმარჯვებს მუდამ ნამდვილზე.?
ასეთ დროს ვფიქრობ, ადამიანია ცრუ არსება,
და სიცრუეში ბუნებრივად გრძნობს
თავს.დედამიწაც ხომ ჩვენი ილუზიის ნაყოფია.

რითმებს ემდურისო, იტყვიან ჩემზე,
ასეთებმა რა იციან, რამდენი ტკივილი
ჩამიღვრია მიწის გულში,
რამდენჯერ ამოვსულვარ იქიდან,
ამომირღვევია სარკოფაგი და ისევ
დამიხურავს.
ჩემამდე ყოფნა როცა ვისწავლე
ხან შენში, ხანაც ისე, სადღაც, განუსაზღვრელად
და პირობითად.
პირველქმნილ სიტყვაში
ამეხილა თვალი
და ყველა ადამიანური სისუსტე უკან დარჩა, რაც მატერიას ალამაზებდა,
ყველანაირი მოჩვენებითი
ყოფის ნიშნები,
უკან დარჩა.

ლამაზად დაწერილი ლექსისა თითქოს მრცხვენია,
მგონია არ მტკივა.
ტკივილის გარეშე ლექსი
უსულოა.
ის დაშვებული ფრთებით
მარტოობასაც ვერ გაამხელს.
მაგრამ ტკივილს შელამაზება არ უხდება,
მას თავისი ბუნებრივი ფორმა
ისედაც აქვს.

მე ვცხოვრობ ჩემ ქალაქში,
მე ვცხოვრობ სხვის ქალაქში
და აქ ვსაუბრობ ისეთ ენაზე,
რომელიც არცერთ კაცთა მოდგმას არ ეკუთვნის.
ენა იდუმალი.,
რომელიც არ გადადის კაციდან- კაცში.
მე ვერ ვიტან უკვე თქმულის განმეორებას,
რაც ითქვა მისთვის თუთიყუშებიც მრავლად
არიან.


ფელინის რვანახევარი (8½) (ერთი კადრის ინტერპრეტაცია.)

ჩემი პოეზია
ქუჩიდან ღრუბლებს ზემოთ წავიდა
და კიდევ უფრო მაღლა მიისწრაფვის.
ვგრძნობ, თოკი მზადაა და საცაა დამედევნებიან...
უკვე დროა,
გაფაციცებით ვეძებო ჩემი თავი,
რათა ის თავად ჩამოვქაჩო.


* * *
მე ვარ გაფრენილი ციტატა,
თვინიერი მეტაფორა.
ფიქრი, რომელსაც პირიდან ელვა ამოსდის
და შეცბუნებულ რაფსოდიას
მეტაფიზიკის ნაყენს უმზადებს დასამშვიდებლად.
ყოველთვის მოსაწყენია
უშემოდგომო ქარში ამოვლებული პეიზაჟი,
როდესაც მთვარეც ვალიდოლის ნატეხივით
გააგრილებს ენას.
მე ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც უმეტესნი არა პირით,
არამედ თვალებით ჭამენ საჭმელს.
აქაური ოპტიმიზმიც წნევიანია და გამოსაკვლევი.
რამდენადაც სწორად ვფიქრობ, იმდენად უფრო
ვრბილდები და ამომაქვს მიწის წიაღიდან
ჩემი ზრდისთვის საჭირო წვენი.
მონოტონური კაკუნივით მესმის ბალადა,
რომელიც შეცბუნებისთვის გადაირხა
გაგლეჯილ გულზე ამოსულ ლეღვის ხედ.
მე ფოთლებიდან წამოსული,
სისხლივით გადავისხამ
ქალაქს.
გეომეტრიული მოხაზულობის
გუმბათის ფორმას მივიღებ
და ჩემ თავს ზემოთ აფათქუნდება ჯვარი.
ნისლი სამყაროს ლაქაა,
დაახლოებით ისე იკვეთება,
როგორც მე ვჩანვარ რძეში.
ქალაქში სათნოება მიიმალა,
ყველა მის გამოჩენას ელოდება.
ღრუბელს ვთევზაობ
და მზე ჰკიდია
სიტყვის ანკესზე.
გარემოებამ ჭირხლივით გაადნო
ადამიანი.
ჩემი ტანი დღეში რამდენიმეჯერ
დარეკავს.
მე ბუნდოვანების პალიტრაზე შევაზავებ
საკუთარ სახეს,
სამყაროსგაჩენამდელ მუდმივობას
ავინთებ ცეცხლად
და გაჟონვამდე
შესატყვისი გავხდები ყველაფრისა,
თბილი, როგორც ბალახის თვალი,
მორგებული, როგორც კომპოზიცია,
გარდაუვალი, როგორც აღდგომა.


***
თვალებში რამდენი დღეც დამიგროვდა, იმდენი კაცი გავხდი.
რამდენი ქუჩაც გადავჭერი,
იმდენჯერ მოვინიშნე უხილავი სივრცეები.
რამდენ მათხოვარსაც დავეხმარე ჩემი
მიზერული ფინანსებით,
იმდენჯერ შევიხსენე, რომ ყველაფერს
სიკეთეს ნუ მივაწერთ,
არამედ ეს ხშირად, ხელის უნებლიე მოძრაობაა და მეტი არაფერი.
რომელიც ცას, არამც და არამც არ გახაზავს.
ერთი პერიოდი ქაღალდისგან გემებს ვაკეთებდი.
მსიამოვნებდა ჩემს მაგიდაზე წარმოსახული
უცნობი ზღვა. 
მართალია, იქ არ იყვნენ, არც მეზღვაურები, 
არც თოლიების გაბმული შეკივლების ხმამა
მწვდებოდა, 
მაგრამ ჩემს მაგიდაზე მაინც 
ეწყო 
ჩემ მიერ გაკეთებული ქაღალდის გემები.
ცხოვრებაზე დაფიქრებულ ადამიანს ვგავდი, 
მაშინაც, როდესაც წითელ ბურთს დავაგორებდი 
ოთახიდან- ოთახში. 
მერე ცხოვრებაც უფრო სხვანაირი გახდა 
და ადამიანებიც მას დაემსგავსნენ. 
პატარობისას თავზე ალერსით ხელს რომ გადამისვამდნენ, 
მიხაროდა. უზომოდ მიხაროდა. 
მერე და მერე, ვიცანი ადამიანები და ამის მიღმა, 
ხშირად კიდევ სხვა რაღაც დავინახე, 
უნებლიე მოძრაობა, მექანიკა, სწორედ ისეთი, 
რომელიც სიყვარულზე არაფერს გეტყვის. 
მიხვდები, რომ ეს ჩვეულებრივ ცხოვრების დანამატებია,
რომელიც უნდა დააგემოვნო,
რომელმაც უნდა ჩაგაფიქროს 
და შენგან გამოწუროს, ისეთი ადამიანი,
ყველგან რომ შეგროვდება და ყველაფრიდან 
დიდი წვალებით თავისითავს რომ ამოზიდავს.. 
ეს ხშირად სასიამოვნოა და გაძლევს უფლებას, 
საკუთარ თავს გადაუარო
სამართლიანობის იმ ურმით,
რომელიც გზაში დიდი ხნის წინათ შეყოვნდა. 
კარგად დააკვირდე თავს ერთი გვერდიდან, 
მეორიდან. დააკვირდე და გაეცალო. 
მერე შეგეშინდეს მისი და იყვირო: 
,,ეს მე არ ვარ", მაგრამ ის ყველა იმაზე დგას, 
რაც ბავშვობაში დაინგრა. 

რომ არ იყოს პოეზია , 
უფრო მარტივად შეძლებდი ცხოვრებას. 
რომელიც ჭურჭელივით მაგიდაზე დგას. 
შენ მასში სითხეს ასხამ, მერე მოიყუდებ. 
დალევ და ისევ დადგამ. 
პროცესი შესრულდა, შენ არ გწყურია.
ეს არსებობის აუცილებლობაა და ეს კანონზომიერია. 
ცოტა ხნის შემდეგ, 
ცხოვრება შენი სხეულით გარეთ უნდა გამოიტანო 
და ყველაფერზე არ უნდა დაფიქრდე. 
ცხოვრება მუდმივი გარდაქმნა 
და ცხადში გარდაქმნილის ისევ დაბრუნებაა. 
რომ არა პოეზია, რა იქნებოდა? 
არ დაწერდი ამ ლექსს, სხვა ლექსებსაც. 
არც მთვარე და მზე დამეგობრდებოდნენ ცაზე. 
დედამიწა არ დაატრიალდებოდა შენი აზროვნების თანახმად 
და ვერც ვერაფერს დაესწრებოდი...


***
ბაგით მიჭირავს
ცა და ჩიტი,
და გაზაფხულის დილა
უცნაურად მეხატება სახეზე.
ამოვიყვირებ.
ასე, უცებ, გაიწევა ნათელი სივრცე.
ამ შეძახილმა
განუსაზღვრელი დროის მერე
ვინ იცის, იქნებ ჩამოგიაროს.
შენი ყელის მწვერვალს, მე თუ გადავცდი,
ეს იქნება, მერე ,,მართალი ბედისწერა."
ჰორიზონტი ჩემი ბავშვობის პერანგია,
ის ჩემთან ერთად არ გაიზარდა, მაგრამ მე მისი სითბო მახსოვს.
სამყაროში არ იგრძნობა, არავითარი ჩემი გავლენა,
მე გულწრფელმა ცრემლებმა
ყველგან დამფარეს.
მაინც მოვდივარ, ჩემივე თავის ლაბირინთში გაზრდილი,
მიტოვებული სახლებით შემოსილი.
ექოებსაც გადავაბიჯე
და მეხსიერებით წამოვიღე
საიდუმლო შენი სახელი.
ჩამომხრჩვალია ჩემი სიტყვა,
მოკვეთილია, როგორც ხის ტოტი.
მაინც მოვდივარ, ჩემი ტანიდან
ამოთხრილი ზეცის გუმბათით...
სწორედ ამიტომ, ისევ თავიდან, მე ვაპირებ ლექსების
წერას...скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge