გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ნანა კვაშილავა - ლექსები

* * *
მომენდე!_მითხრა და გავყევი,
ქარმა მაფარფატა, მატარა,
რყევით გააშიშვლა არყები,
ჩემგან რა უნდოდა, ნეტავ რა...
მომენდე! _ დავფიქრდი და...ვენდე!
ცრემლს ვითვლი, წვიმების ნაბოძარს,
ზამთარს  ვეამბორე ცივ ხელზე,
ზეციურ და სპეტაკ ამორძალს.
დამმარხავს თოვლში ეს სიუხვე
ფიფქების, სევდა  რომ მოდენის,
ძვირფასო, არ მითხრა _მომენდე!
მე უკვე ვიცი, რაც მომელის...


***
გულს ვუსმენ ტალღების ხმაურში,
არაფრით ირღვევა სინქრონი...
წასულხარ შორს, გადაკარგულში,
დაბრუნდი! და შენი დიდრონი
თვალები კვლავ შემომანათე,
ოქროა,  თუ შავი ლითონი,
სიტყვებიც დამიდე პინაზე...
ჩემგან ღიმილი და სინაზე!
აბა ვის შეუსვამს ზღვა კოვზით,
თვალების სითბოთი შემავსე,
და იყოს  ჩვენი  ავგაროზი,
ანათოს ჩემმა მზემ, შენმა მზემ...


*  *  *
წარმიტაცეთ თეთრი ნისლის რაინდებო!
მე ვიქნები თქვენი და, ან დობილი,
ზედ მწვერვალთან მდუმარებით გავირინდოთ,
ცაა ისევ ჩვენით  ვერშეწვდომილი...
ჯიხვის რქებზე მთის ანბანი იკითხება _
გზაწვრილები, ბილიკები საჯიხვე,
თუ დაგიცდა ფეხი, უსასრულობაა,
და ჭრილობებს თეთრი თმებით შეგიხვევ!..
ჩანჩქერია თუ ცრემლების ნაწნავები,
დავიტირო მინდა, ვინც ძირსდაეშვა,
თქვენთანა ვარ თეთრი ნისლის რაინდებო!
რადგან მე მან ხელი თვითონ გამიშვა...


***
თუ ვეღარ ბრუნდები -
გზა ზვავმა ჩახერგა,
ღრუბლებმა წაშალეს
ოცნების ბილიკი,
იქნება უნდები
საუბარს ქარებთან
და გესმის პასუხად
ჭორი და ქილიკი...
სტუმრისთვის  ღიაა
გული და ჭიშკარი -
სავსეა დოქი და
სურვილის ფიალა,
რომ უკან გამოგყვეს
სიმშვიდის მაყარი,
ჩემთან რომ უშენოდ
კვლავ დაიგვიანა...
მესტუმრე... და დღეებს
შემატე ხალისი,
მე ვიცი, მე გეტყვი
როგორ და საიდან -
იყავი  ის ვინც ხარ,
არც ჩემი, არც სხვისი,
მესტუმრე, გადმოდი
პირდაპირ ლექსიდან...


არ მკითხო
ვეძებ თვალებით და არა მხოლოდ,
ვეძებ ცხადში და ვეძებ სიზმარში,
ხომ შეიძლება სადმე ვიპოვო
დაუკრეფავი ხილვების ზვარში...
ან შეჩვეულმა ცხადმა ამრიოს
უსიყვარულო დღეების ზაფრით
და უპირველეს მოჰყვეს ალიონს,
უკანასკნელი სიჩუმე ზამთრის...
ვეძებ... არ მკითხო რატომ და რისთვის
სხეულში სულმა ვერ ჰპოვა ბინა,
და თუ ჯერ მხოლოდ ფუჭ დღეებს ვითვლი,
ჩემში ღმერთს მხოლოდ დროებით სძინავს...


მოლოდინი
ველოდები მოხვალ როდის,
ველოდები როდის წახვალ,
დამიტოვებ ისეთ ლოდინს,
რომ ლოდინად  ვიქცე თავად...
მოდი, ერთხელ ჰქენი მადლი,
ამხსენ გულზე მძიმე ლოდი,
თუმცა სენად მჭირდა  დარდი,
ვიტანდი და ვერეოდი...
მოვრჩებოდი წამში, მყისვე,
რომ ვიცოდე  დღესვე, ან ხვალ,
ერთხელ მაინც მოხვალ ისე,
მერე არსად რომ არ წახვალ...


***
სიმშვიდის ბოლო სადგურია
სახლი და...სულშიც ისადგურებს,
შუაგულ ბაღში ჩარგულია
მთვარე და ანთებს ცის ნათურებს.
სანამ  მოყოლილ ზღაპრებიდან
სათნო ფერია გვეახლება,
ძილი ინებეს პატარებმა,
სახლში სიჩუმეც სიახლეა!..
წიგნი გადავდე, სხვა მწყურია,
ცა უკეთესად იკითხება _
სიმშვიდე ჩემი სადგურია,
ჩანს ცის ტაბლოზეც მინიშნება...скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge