გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

თამარ მეტრეველი - ლექსები

ვაგრძელებ ზამთარს
როცა მინდორში მზის სხივს ვეყრდნობი
და ყავარჯენად დამაქვს გრძნობები,
როცა ამ ქვეყნად შენ ერთს გენდობი
და იმ ქვეყნადაც შენ გელოდები...
რატომ გგონია, რომ გამხმარ ხეზე
მხოლოდ ნაწყენი ჩიტები სხედან,
რომ სიყვარულის უცვლელ ფრთებზე,
კვლავ გაბუტული ბავშვივით ვწევარ...
ვაგრძელებ ზამთარს, მაგრამ აღარ თოვს
და ჩემს თბილ ქოხში ისევ გელიან,
ჩემი ღიმილი ისევ გაგათბობს,
თუ სიყვარული გამოგელია...


ფოთლებს
მეშინია, ცივმა ქარმა,
არ წამოიღოს,
არ გამრიყოს,
ჩემს გულს სარკეს,
ისევ ვენდე,
იქნებ მომატყვილოს მიჯობს
და მივდივარ შემცივნული,
გული სითბოს ისევ ითხოვს,
რომელი ხართ ჩემი ბედი,
რომელ ფოთოლს დაგაბიჯოთ...


მომნატრებიხარ
მომნატრებიხარ ვით თოლიას ბობოქარი ზღვა
და შენს ფიქრებში იქნებ სულაც თავი დავიხრჩო,
შევეკედლები შენი გულის ფართო კარიბჭეს,
შემცივნული ვარ, გთხოვ დროულად კარი გამიღო.
შემომენატრე, როგორც სუსხზე გამოდარება
და ამ სუსტ მხრებზე ფიქრი მაწევს ვეღარ ვიცილებ,
რომ საკოცნელად ისევ დამდევს ფიქრი თავნება
და გულს მიხეთქავს უმკაცრესი შენი სიცივე...


კელაპტარი ვარ
მეფიქრები და გულზე ხიდი ხარ,
მაგ უნაპირო დანაპირებით,
ხელში კენტ სანთლად თუ კვლავ გინთივარ,
როგორც ლოცვის დროს ჩანაფიქრები,
ის მადლიანი კელაპტარი ვარ,
შენ რომ ლოცულობ,
მაშინ ვტირდები
და რომელ ხატთან დამანთებ ნეტავ,
როცა ამ ქვეყნად აღარ ვიქნები...


დღეს ჩემი გული
ჯეირანივით დამფრთხალია დღეს ჩემი გული,
ფონს თუ უპოვის აზვირთებულ ტალღას ქაფიანს,
შემომისახლდნენ, უტიფარნი ეჭვები კრულნი
და დაღლილ გულზე, უბატონოდ ლაღად დადიან...
წელში მოხრილან ტკივილისგან მაგნოლიები,
მიწას კოცნიან, რომ მოისხეს ტრფობის მანტია,
უსიყვარულოდ ცხოვრება თუ სასჯელი არის,
მაშინ ისუნთქო სიყვარულით დიდი განძია...
ჩვენი სიცოცხლე მოციალე ვარსკვლავებია
და მთვარე მათი იდუმალი ბრძენი გადია,
ამობრუნებულ ბელტს მიმიგავს ახლა ეს გული,
ცნობისმოყვარე კაჭკაჭები ზედ რომ დადიან...


იქნებ მოხვიდე
ვემთხვიე ტკივილს მუხლდაჩოქილმა,
ცრემლის გვირგვინი თმებზე მოვირგე,
ტკივილი მომკლავს, ტკივილი მახრჩობს,
მწუხარებასთან
დღეს ვარ მორიგე,
ეს ჯოჯოხეთზე სავალი გზაა,
გზაჯვარედინთან იქნებ მოხვიდე,
ვდგავარ დაღლილი ქვიშის საათი,
შემომაბრუნე, ხელი მომკიდე...


შენი ტუჩები
მე, ოცნებების სახლი მიდგას ტყის პირს პატარა,
მას ღობის ნაცვლად გარს არტყია შენზე ფიქრები
და უშენობას, როცა ვერ ვძლევ, ნატვრას მივყავარ,
შენც თუ შემოხვალ სიხარულით შეგეგებები...
იქნებ შეგცვალა მარტოობამ, როგორ გავიგო,
თუ არ მანახე ეგ თვალები, მწვანე ნუშები,
თუ მონატრების ნაპერწკლები ისევ დამხვდება,
მოლაღურივით შენს უბეში გავიყუჩები.
მე ოცნებების სახლი მიდგას ტყის პირს პატარა,
მისამართს გეტყვი ასე ჰქვია - შენი ტუჩები...


და  მორჩა
სევდის ჯვარი მაქვს
მიწად საზიდი,
რა გვიან მივხვდი
უფლის ამანათს,
მე შენ მიყვარხარ
ამას განვიცდი,
როცა დაგტოვებ
ვტირი ამ გზასაც...
მე ვკვდები შენით, ვკვდები და მორჩა,
სხვა სიტყვას უკვე აღარ აქვს ფასი, გარდაცვალებაც ასეთი მინდა,
ამ სიყვარულის ცრემლების მსგავსი...


ჩემო ყველავ
როცა თავბრუსხვევით, მოლის გაზაფხული,
კიბის მოაჯირთან ფიქრით ისევ გხედავ,
წვიმის ნაბიჯების სველი ნაფეხური,
კართან მიგიყვანს და ამბორს შემოგბედავ,
ნეტავ, ჩემს გულამდე რა გზით მოაღწიე,
ასე რომ მიყვარხარ
ისევ ჩემო ყველავ...


***
ვაჟა ფშაველას ქუჩა არსებობს,
ვაჟა ფშაველას მეტროს სადგურიც,
ვაჟა ფშაველას ძეგლიც არსებობს,
კვნესით დაღლილი, ვაჟას ფანდურიც,
ეგ მომზირალი, ლომის თვალები,
მაგ ფაფახიდან, ნაღვერდლად ცვივა...
მე მესმის, შენი გულის ტკივილი,
მე, შენი ყველა ტკივილი მტკივა...
შენ იასავით ინატრე კვდომა,
ზემოდან ჭრელა ფოთოლ დაყრილის...
გარდაცვალებას შეასხი ხოტბა,
სიკვდილს შეუბი თეთრი მარხილი...
მუჭში მოფშვნეტილ თავთუხის მარცვლებს,
უტყვი ცრემლების დინება ახრჩობს...
ყანისპირს, მუხლზე დაჩოქილ განცდებს,
დაჭრილ არწივის მუქარაც ახსოვთ..
ნეტავ შემეძლოს, რომ ჩაგენაცვლო,
ჩემი სიცოცხლე, შენს ვანაცვალო,
შენს დაჭლექებულ, ფილტვებად ვიქცე
და შენი სენი, მტკვარს გავატანო...
იყავ და წერე, ლექსი ბუბუნით,
დაკოჟრილ ხელზე გიყვავის ია,
სადაც სიმღერით კვდება ბულბული,
ვაჟა ფშაველას სამშობლო ჰქვია...


* * *
მე შეიძლება შელახული
სანდალი მეცვას
და ჭაღის ნაცვლად დამნათოდეს
ცაზე ეს მთვარე,
მაგრამ ამ გულში სიყვარული
სარტყელად მერტყას,
მადლობა უფალს, რომ
ოდესღაც გადამეყარე,
ან იქნებ, სულაც დამიკაწროს
ასკილმა ხელი,
მისი ნაყოფით, რომ საღამოს
ჩაი დავლიო,
გავშალო მოლზე ღარიბული
პატარა ტაბლა,
სიღარიბეში ბედნიერმა
წლები გავლიო,
რადგანაც სულში მერცხლები მყავს,
უვლიან ზეცას
და არც ოქროს მთებს მივტირივარ
გრძნობაშეშლილი,
მე შეიძლება, შელახული
სანდალი მეცვას
და სიყვარულის შემოგავლო
გრძნობის ჯებირი...


* * *
უკვე ღამეა, რად არ ჩანან
ეს ვარსკვლავები,
თუ ნამტირალნი ჩაუცვივდნენ
უბეში მთვარეს,
ცად, რა ხანია დაირეკა
ცისკრის ზარები
და ცრემლი მოსწყდა კელიაში
შორენას თვალებს,
სიმუხთლე ბედის, სვეტიცხოვლის
დროჟამის მომსწრე,
აღმართულია, ტაძრის ხედი,
როგორც შედევრი,
იქ სახურავზე მოღუღუნე
მტრედები სხედან
და ნისლი წვება მოქანცული,
როგორც ბებერი.
გავა წლები და საუკუნე შეხსნის
დარაბებს,
დღესაც სიძულვილს სჯობნის გრძნობა
სულ ერთი მუჭა,
თავთუხისფერი დალალები
შენს გულს განაგებს,
ფლოქვს მიწას რომ სცემს,
ეს ულაყი შენია, უტა...скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge