გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

დავით არახამია - ლექსები

აბოლდა

ქუფრდება დაისის ცის კიდე
და მალე იწვიმებს.
ღამურის კამარა ვიხილე,
ბეღურა იძინებს.

ჭილყვავებს განცხრომაც აწამებს,
მზარავი ხმა ისმის.
ცრემლები მისველებს წამწამებს,
ელვა ცეცხლს გაისვრის.

აბოლდა მიმქრალი კანდელი,
გარემო დადუმდა.
ღიღინებს აკვნების გამთლელი,
ბადაგი ჩადუღდა.

სადარო ზმანება ვინიშნე,
ძლივს მბჟუტავ სანთელთან.
მამლების მესამე ყივილზე,
სულეთში გათენდა.




წონის

შერისხულს ვგავდი
და აღარ ვუწყი;
რით ზეობს მადლი,
ვით მცეცქვავს სუსხი.


ავკარგის მაცნე,
დრო-ჟამის ყეფას;
როგორღა ავცდე,
მისეტყვავს კეფას.

ზრახვა არ ამცდა,
მწირ ყოფის მდომის.
სულგრძელი განცდა,
ცოდვა მადლს წონის.




ბუღი გასცვივდა

ვერ შევიმეცნე კვდომის ვაება,
შემცბარი ოხვრით ბაგე გამეპო.
მშთანთქავს უდროო შემოღამება,
ურჩხული ხედნის პირქუშ გარემოს

ვერ ვუმკლავდები სულის სიამეს,
გაიშვიათდა საცდურის გმობა.
სიკეთე გაცვდა ყოფის სიამედ,
დრო აცუნდრუკებს ადამის მოდგმას.

ვერ  ვპოვე შვება მწველი იარის,
ზეშთაგონების დაღლილ არსიდან.
ამ გაშიშვლებულ სულის წიაღში,
არ ხილულ სივრცეს ბუღი გასცვივდა.




ვერაფრით

ცის ცრემლის ქარცეცხლი,
აქაფებს ნაპირებს.
ბინულის ნაწრეტი,
ამღვრევას აპირებს.

ჩამცხრალა ჩვეული
მიმქრალი სილურჯე.
მთრთოლვარე სხეული,
ვერაფრით ვიყუჩე.

რომ აღარ დასრულდა,
სულების ჩურჩული.
გააღო ავსულმა,
უფსკრულის ურდული.

ანათებს ცის კიდე,
მზის სხივმა მაკოცა.
სხივს მზერა ავკიდე,
განგებამ დამლოცა.



როს ზენაარის

თეთრ ღრუბლებიდან ამღერდა წვიმა
და გადაფითრდა ზეცის სინაზე.
ექოს გამოსცემს შხეფების გმინვა,
ვერხვის ფოთლების შრიალის ხმაზე.

სივრცეს სერავენ ელვის ისრები,
ორომტრიალებს ქარი თავნება.
მიმოფანტულან ბინდში ნისლები,
ბაც ჰემისფეროს დასაამებლად.

ამილაპლაპდა მზერის ფიტილი,
მონატრებია სულეთს სინათლე.
ამიფრიალდა გული ჩიტივით,
როს ზენაარის ხილვა ვინატრე.




მოლანდებაა

როს ცას სერავენ ელვის ისრები,
ჩუმად ვდგევარ და შორს ვიმზირები.
გადავსებულან ფიქრის ტივები,
მოლანდებაა სერაფიმების.

თქეშმა ფოთლებში გაიშრიალა,
წიწვებს შეერწყა წვიმის სურნელი.
ქუხილმა ისე შემაჟრიალა,
თითქოს დამაცხრა თავზე ღრუბელი.

ზმანებამ ხილულს დაუგო მახე,
ქარბუქს აღვირი ამოსდო ეშმამ
და ამ უბადრუკ სამყაროს სახე,
წარმოისახა შიშად და შეშლად.




ელის

თუ ზენაარის ვუსმენ გალობას,
გაბადრულია მაშინ განწყობა.
სული ძალუმად მაინც ავობდა,
აზრის დაწნეხვა სიტყვამ აწონა.

თუ ამ ფიქრების იდუმალება,
გაუცხოების გარსში შეაღწევს.
განიმუხტება ყოფის ვაება
და ნაბიჯიღა რჩება შენამდე.

მაინც ჩამოწვა უეცრად ბინდი,
ამიხამხამდა შემცბარს წამწამი.
სანატრელია სიმშვიდის ხიბლი,
ისმის ზმუილი, ლაწან-ლაწანი.

რადგანაც ღვთიურ განმარტოებას,
ადამის მოდგმა ვერ ეგუება.
თავისკენ ქაჩავს ჭაპანს დროება
და სარბიელი ელის ცდუნებას.





მწუხარებისგან

რადგან წარსულში ხედვა მომინდა,
მზერას მივაპყრობ ძველთაძველ კვარცხლბეკს,
გაუფასურდა ხიბლი ცთომილთა,
ჩემი თილისმა ხვაშიადს ამხელს.

თუ არხილულის ხილვა გაცხადდა,
დრო შეფასების ნდომას ვერ მოშლის,
გული აღშფოთდა და აცახცახდა
დღევანდელობის ქიშპით და შფოთით.

როს აჯეჯილდა ბოგინი ფლიდის,
მწუხარებისგან გავშრი, გავქვავდი,
დრო-ჟამი მაინც მაცდურად მიდის
და უიმედოდ გსდიო სადამდი?!






ასე ამაოდ

სიჩუმე მთვარის ბილიკებს უტევს,
თვალი შემავლო ღრუბელმა ელდით,
ფიქრები  ფიქრებს ძალუმად უღრენს
და დააჩოქა განცდები სევდის.

მგონი გადავწვდი მუხის კენწეროს,
ტყე იცრემლება -ურცხვად ნაკაფი,
აქ ყოჩივარდებს უნდა ვეფერო
და ვიმარხულო ცისკრის ნახვამდი.

სევდით ვუცქერდი გაჩეხილ ტოტებს,
ნიავი ქროდა, ცა იყო მშვიდი,
ასე, ამაოდ, როდემდე მოვცდე?
თავსზემოთ ბუდეს იკეთებს  ჩიტი.






მიმწუხრის ჩრდილში

მწუხარე სულის ჭექა-ქუხილად,
ეღვრება ფურცლებს ფიქრების ჩქერი.
ფერად სხივებში სევდას უხილავს,
სიცოცხლის დვრიტამ შეახო ხელი.

ავითვალწუნე ძახილი ბილწის,
ღამე ვუთიე წუხილით წარსულს.
გაბზარული აქვს ძვალი ლავიწის,
წარმოსახვათა ფრთაშემპალ მარწუხს.

ჩამესმის შიშველ სულის წიაღში,
წაბორძიკებულ ყრმობის ყივილი.
სამწუთხო ცეცხლის ფერმკრთალ ციალში,
ხავსად ქცეული ღვივის ტკივილი.

საწუთროს ვნების არსის ბორანით,
რიჟრაჟი აცლის სარეცელს ზეწარს.
მიმწუხრის ჩრდილში შავი ყორანი,
მხრებდაშაშრულის სიმშვიდეს წეწავს.



скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge