გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ზურაბ ხასაია - ლექსები

საღამო ზღვაზე
ზღვას დაეწაფა ცეცხლი მბორგალი,
თრთის ქალი, ცეცხლით გადაბუგული,
ზღვა -- სიძულვილის მძლავრი გორგალი,
სიყვარულისგან გამსკდარი გული!
ატლასის ალი წყალს დაეფინა,
გაიტყლაშუნა მზესთან დელფინმა...
განა წყალია ცეცხლით ნაფერი,
იცოდე, მე ვარ ეს ყველაფერი!
მე აქ მახსოვხარ სიცოცხლით მთვრალი,
მზის საკადრისი,
ზღვის შესაფერი...
წყალს უკიდია სპეტაკი ალი
და სიზმარია ეს ყველაფერი.
2019 წ. ივნისი


ტურფა იავ!
                                 ,,იას უთხარით ტურფასა,
                                 მოვა და შეგჭამს ჭიაო...“
ვ ა  ჟ ა -  ფ შ ა ვ ე ლ ა
ცას როგორ ეტრფი, ტურფა იავ,
სიზმარს აჰყევი?
ცა არ არსებობს, ციმციმებს მხოლოდ!
შენ ეს არ იცი, 
მიტომა ხარ ასე ლამაზი,
ასე კამკამა, ასე ლურჯი, ასეთი ნაზი...
ცა არ არსებობს,
ჯადოსავით ციმციმებს მხოლოდ,
ჩვენ ვართ, რაც ვართო, ჩურჩულებენ ტურფა ლანდები, 
აჯადოებენ სამყაროებს, წინ მოუძღვიან,
მოლივლივებენ, მოღელავენ ნიავ და ნიავ...
და შენც მოჰყევი ამ ჯადოში, საბრალო იავ?
სწოვს შენი ტანი გაზაფხულის წყლიან ლაჟვარდებს,
ბედნიერება ერთი წამით გაინავარდებს.
შენი უხანო სიზმარია ეს გაზაფხული
სიკვდილითა და სილამაზით ხარ დადაღული.
ვის ეხსომები, 
მარადიულ ლაჟვარდის ბროლებს?
ეს ჩემი ლექსიც უგზო-უკვლოდ გადაიქროლებს.
2019 წ. სექტემბერი


ნიუ იორკის ღამე
წვრილი ვარკვლავი ხვრეპს ოკეანეს,
ყველგან კიკლოპის თვალი კრიალებს!
და ღამეს ქარგავს ნელა და ნელა
ჩემი ბავშვობის ციცინათელა.
ხან -- სიმახინჯე,
ხან -- სილამაზე,
გრძელდება რწევა მთვრალ დედამიწის...
ნეტა ვიცხოვრე ამ ქვეყანაზე, 
თუ ერთი წამით ღმერთს დავავიწყდი?
2019 წ. აგვისტო


რ ი წ ა
ცა -- წყალზე მონანავე,
ტბა -- ლაჟვარდებზე ზევით...
მონარნარებდა ნავი
ტბის სარკეების მსხვრევით.
ხმა ლურჯი იალქანის
ტალღა და ტალღა ფრენის;
მახსოვს ჩურჩული ქალის:
,,არს ლონგა, ვიტა ბრევის!“*
სოფელო, ერთო ადლო,
არ არსებულო ლამის,
გაელვებისთვის გმადლობ
სულ რამდენიმე წამის!
*(ლათ. ,,ხელოვნება უკვდავია, სიცოცხლე -- მოკლე“)
დაბლა და დაბლა...
ანგელოსივით ციდან მოფრინდა,
ასეთი ტურფა,
ასეთი მშვიდი
და აკაციის ნათელ ტოტიდან
ღვთის საგალობელს აღმართავს ჩიტი.
ის ცოცხალია, 
მას გული უცემს,
მაგრამ მგონია ვუყურებ სურათს...
რაღაც ნამდვილი იელვებს უცებ
და ყოველივე ლანდებში ცურავს.
მზე -- არაფრისთვის მფეთქავი გული!
ზღვა -- შუა გზაზე მიტოვებული!
დრო წუთისოფელს 
ნთქავს მოლოხივით
და უცნაური დგას მოლოდინი.
2019 წ.სექტემბერი


ბ ა თ უ მ ი
ბათუმის დილა.
მზის პირამიდა.
გახშირდა წყალთა შარი-შურები;
ღამის ძილიდან
და სიზმარიდან
შენი სუნთქვისკენ მივეშურები.
ჯადოქარი ხარ? 
ცეკვავ განდაგან,
ტანით ლანდებს რომ ქარგავ და ჰკონავ;
საიდან გაჩნდი, არაფრისაგან?
ზღვის მბრძანებელო
და ლექსის მონავ!
უსასრულობა სარკის და ლანდის
აღმართულია მიწიდან ცამდის...
ასე გრძელდება ზღვის ღაპა-ღუპი
და შენი ცრემლი შიგ გულში ჩამდის.
ზღვას რა ამშვიდებს -- ქალი ფიქალი!
ზღვა ვარსკვლავია, ოდნავ მიმქრალი.
როგორ რბილდები განაზებისას,
მძვინვარე დაო ავაზებისა!
ზღვა აფრიალებს ცისფერ მარმაშებს --
ბარაქიანი მოფენა სულთა;
ნაპირზე გაშლილ ქალს დასთამაშებს 
რუსთველის ლექსი 
და ვეფხვის სუნთქვა...
2019 წ. სექტემბერი


ტერენტი გრანელს
საოცარია, ზეცისერთავ, შენი ამბავი:
ჰინდის გველივით შიგ თვალებში ჩაგხედა ბუდამ!
არა, მე არ მწამს,
არც კი ვიცი შენი საფლავი,
მე შემოდგომის მჭკნარ ფოთლებში დაგეძებ მუდამ.
შენს სიტყვას ცეცხლი უკიდია,
კვამლი ამოდის,
გარშემო დგება  უცნაური შემობინდება;
გამახსენდები გაზაფხულის წყნარ საღამოთი
და ხიდან ხეზე მწვანე ჩიტი გადაფრინდება.
...ზუგდიდში თოვდა,
შუაღამე აივსო თოვლით,
წითელი ქარით, აჩრდილებით, ქალების თრთოლვით --
ტიროდნენ დები, უღვთოაო შენი სიკვდილი,
საბრალოაო შენი ძვლები, სადღაც მიყრილი!
სულო ტანჯულო, 
მოსვენება არ გიწერია --
გრძელდება ლოცვა, პოეზია და მისტერია,
გრძელდება ჯვარცმა და სიკვდილთან პაემანები,
აღარ გყავს დაი და იესოს დაენანები.
საოცარია ზეციური სხივი ვარსკვლავთა --
რამხელა სევდა უმსუბუქეს ლექსად აყვავდა!
მადლობელი ვართ, 
თაყვანსა გცემთ,
ყვავილებს გესვრით,
ცისფერთვალება ანგელოსო, ცრემლიან ლექსით.
2019 წ. სექტემბერი


მარადისობის სპეტაკი დილა
როგორ უხდება გაზაფხულს ჩითი!
რა ახლოს არი ბიჭვინთა, გაგრა!
გალობისაგან აყვავდა ჩიტი
და გაზაფხულის კვირტებში გაქრა.
აჰა, ძვირფასო, ზღვის იდილია --
ქათქათა აფრა სევდიანად ჰკვეთს...
მარადისობის სპეტაკი დილა
ჰგავს ბრილიანტის მოციმციმე წვეთს.
2019 წ. ოქტომბერი


ღამის ზღვა
ზღვას თითქოს ახსოვს დრო შორეული.
ასე მგონია, ზღვას მოვაგონდით...
ნეტავ ზღვაა თუ ზღვის ორეული,
ზედ მთვარის ვარდით და იაგუნდით.
ვინ აჩხრიალებს წარსულის მძივებს?
თითქოს ის ღამე ჩაიწერესო...
ღამის ბეჭედში ავად ციმციმებს
ზღვა, სიკვდილივით საინტერესო!
2019 წ. ოქტომბერი


ალვები ცისკენ მიისწრაფიან
ალვები თრთიან, 
ზეცას ეტრფიან,
შრიალებს მათი სევდა ფარული;
მათი ბედი და წერა ერთია --
მიუწვდომელის ზღვა სიყვარული!
იფრქვევა ლექსი მთებზე, სერებზე,
სად გაზაფხულის თეთრი ქაფია...
ალვები თრთიან, 
ვერ ისვენებენ,
ალვები ცისკენ მიისწრაფიან.
2019 წ. ოქტომბერი


*    *   *
(ესენინიდან)
ლურჯი საღამო,
ნათელი მთვარე...
ყრმა ვიყავ მაშინ, 
ქორფა, ელვარე.
დრომ ყველაფერი 
თან გაიყოლა,
თითქოს იყო და 
არა იყო-რა.
გაცივდა გული,
გახუნდა ნელა
ის ლურჯი ღამე, 
ის თუთარჩელა.
2019 წ. ოქტომბერი


მ უ ხ ა
კავკასიონი თეთრად ელვარებს,
უცხო აჩრდილი გარშემო გვივლის
და ჩვენი სოფლის წყნარ არემარეს
ეცემა ხმები შორეულ გრგვინვის.
როს ველ-მინდვრებზე ქარები ჰქუხან
და გვპირდებიან ცრემლს, პანაშვიდებს,
თავის წიაღში გროვდება მუხა,
ყველას, ყველაფერს ის დაამშვიდებს.
2019 წ. ოქტომბერი


მსვლელობა ზღვისკენ
ივნისის მზეო,
აბიბინდი და აღუღუნდი...
ეალერსება ჩვენს ალუბალს ჩიტების გუნდი.
ამდენ სიხარულს, 
სიცოცხლის ზვირთს რა შეაკავებს?
კენკავენ მკვირცხლი ფრინველები 
ტკბილ-ტკბილ ვარსკვლავებს.
ეთამაშება ლურჯ ნიავ-ქარს ბავშვების გუნდი...
ივნისის მზეო, აბიბინდი და აღუღუნდი!
შორია ზღვამდე, კაცი ცოტაც და აალდები,
მოთენთილ ჰაერს ახატია ჩვენი ლანდები.
ჯუჯა თხმელები,
სიმინდები მკრთალი და ნაზი...
ამ ყველაფრიდან გამოკრთება  მკაცრი ნახაზი.
გამოჩნდი, ზღვაო,
ლურჯი სარკე ააელვარე,
როს ბედისწერით მონუსხული თრთის არემარე!
2019 წ. ოქტომბერი


ზღვა განმუხურთან
ზღვა იმსხვრევა ნება-ნება,
მე სიზმარი მეგონება
და გულს მიკლავს მოგონება
        ოჩამჩირის პალმების.
ზეცას ცეცხლი წაეკიდა,
კიდევ დარჩა რამე წმიდა?
შეხვედრების დრო წავიდა,
        დროა გამოსალმების!
ვის უნახავს ზღვა ასეთი --
ლაჟვარდების ტურფა ზეთი!
აქ იწყება აფხაზეთი,
        აქ სიკვდილის ზოლია.
ზღვას დაეცა ჩრდილი ორბის,
ცეცხლოვანი ზვირთი მორბის
და ლივლივებს ჩემი ყრმობის
        ლურჯი მელანქოლია.
2019 წ. ოქტომბერი


ენგურის ხიდთან
ენგურის ხიდთან დღე არი მშვიდი, 
უღონოდ ფეთქავს ნოემბრის შვიდი,
ნელა მიფრინავს აფხაზეთისკენ --
წარსულისაკენ მიფრინავს ჩიტი.
ჩიტო, ლანდებში ცურვა გაამოს!
არავინ გერჩის,
არავინ გიჭერს...
იქნებ წააწყდე იმ თბილ საღამოს,
მამის საფლავთან თავდახრილ ბიჭებს.
გადაუფრინე ლანდებს,
აჩრდილებს,
მიუალერსე თბილ ოჩამჩირეს...
ენგურის ხიდთან დღე არი მშვიდი,
წარსულისაკენ მიფრინავს ჩიტი.
2019 წ. ნოემბერი


ახალი წელი
ცვივა ახალწლის ალმას-ბადახში,
მზე ამობრწყინდა ღრმა ტკივილიდან;
დღეს ისევ მივალ ცარიელ ბაღში,
ჩვენს ცისფერ სკამთან ვარდებს მივიტან.
იქიდან მოჩანს წარსული წმინდა,
დაღლილი გული მას მიეჯაჭვა...
ლურჯი დილაა,
მზე გამობრწყინდა
და სარკესავით კრიალებს ტანჯვა!
2019 წ. ნოემბერიскачать dle 12.1