გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ცირა ბარბაქაძე - ლექსები

* * * 
მე მინდა, ვფლობდე შენს დღეს და ღამეს,
ყველა გაზაფხულს და ყველა თოვას...
გზებს, რომ  მიდიან შინიდან - გარეთ,
დროებს, რომლებიც იყო და მოვა...
მე მინდა, ვფლობდე, შენს ყველა ბგერას,
რომელიც უცხო ამბავს მიყვება,
შენი სულის და აზრების ღელვას,
რომ არ ქცეულა ჯერაც სიტყვებად...
და ახლა, როცა ვზივარ და გნატრობ,
მინდა, გაიგო, თუ რამდენს ვბედავ:
მე მინდა, ვფლობდე... და არა მარტო
მას, რასაც მხოლოდ თვალები ხედავს...


* * * 
ყოველდღე გწერდი დუმილის წერილს,
შენი პასუხიც იყო დუმილი,
დუმილს სდიოდა სისხლი და ცრემლი;
ფეთქავდა სივრცე ჩვენი გულივით.
🌸
ბოლოს ხომ მაინც დაინგრა ფიქრით
ციხე, რომელიც დროს ვერ ითვლიდა,
რადგან შენ დუმდი ამ კედლის იქით.
რადგან მე ვდუმდი კედლის შიგნიდან.


* * * 
ვიქეცი (გაქც)ევად, ქარად და ნიაღვრად,
ვეძებე საშველი, ყველაზე ახლობელ
უშენო ყოფაში, სიკვდილს რომ მიაგავს,
რომელშიც მარტოდენ ჩრდილები სახლობენ,
ჩავაქრე ამ სულის სულ ყველა ხანძარი,
სიტყვების მაგივრად დუმილი ვახარე,
იმ სიყვარულისგან დავტოვე ნაცარი
და მერე ავდექი, სულ თვალში გაყარე…
და როცა ვერსაით ვიპოვე საშველი,
გაქცევა ვაქციე ამ სულის გამოცდად;
მე გავხდი კედელი, რომელიც ვაშენე,
შენ იყავ ოსტატი, კარი რომ გამოჭრა…
      

* * *
ქარია ისეთი ცივი და უგულო,
მოწყენილს ამაღამ არავის დატოვებს, -
ცას უნდა ავხედო,
ცას უნდა ვუყურო -
ვარსკვლავებს ჯგუფებად
და ასე მარტოებს...
ისეთი ღამეა, ვერაფერს მიმალავს
ქარი და მომაყრის კოსმიურ სიგნალებს...
ვერ გეტყვით.... 
ჰო, მაგრამ... მე ვიცი, ვინა ვარ...
უბრალოდ ხანდახან რას აღარ ვიბრალებ...
      

 * * *
ვინც სიყვარული 
გამოკეტა საკუთარ თავში,
მთელი ცხოვრება 
ვინც სიზიფეს ლოდი აგორა,
ვინც ისე დაჭკნა, 
ვერ მოასწრო ყვავილად გაშლა,
ვინც სიყვარული 
მთელ სამყაროს ვერ გააგონა...
სუსტია ყველა....       
სიყვარული ვინც ვერ ჩატვირთა
სულში და 
ზღვები ვინც აქცია მღვრიე აუზად...
და ვისმა გულმაც 
ვერ გაუძლო ასეთ დატვირთვას -
ადგა და შიშით
სიყვარული დააპაუზა....
სუსტია ყველა...


* * * 
არ კმარა უბრალოდ რომ მითხრა: მიყვარხარ...
გახადე სიტყვები სიტყვებზე ტევადი...
მე ვიცი, ჩემს მზერას რომ ცისკენ მიყავხარ...
მინდა სიყვარული ყველაფრის ჯერადი…
გახადე ამ სიტყვებს ფარჩა და ატლასი,
შეაბი გიშერი, - არავინ გათვალოს...
შიგნიდან ერთი ხარ, გარედან - ათასი...
მე მინდა, სულ ყველა რომ ჩემში დავთვალო...


* * * 
რაც დრო გადის, აღარ მტანჯავს,
არც ვღელავ და განვიცდი _
უფრო ცოტა „ვიცი“ დამრჩა,
უფრო მეტი - „არ ვიცი“...
აღარც ვდარდობ: მოხვალ - წახვალ...
დარჩები თუ დამიცდი...
იქნებ მართლა დაიღალე
და უდროოდ გამიცვდი?
გინდა - მოვალ...? გინდა - წავალ...
გინდა - სადმე დაგიცდი...
დღეს ღამეში გადაგიცვლი
და გულს გულში გაგიცვლი...
მაგრამ ნისლი მომერია
უშენობას განვიცდი...
ყველაფერი, რაც ვიცოდი,
არაფერი არ ვიცი...


* * * 
წონა არა აქვს ჩემს სიყვარულს...
შენ ვერასოდეს ასწევ მას და
ტვირთად ვერ აქცევ...
ფასი არა აქვს ჩემს სიყვარულს
და ვერც იყიდი...
სახლი არა აქვს ჩემს სიყვარულს,
თავად სახლია...
მე არ მეკუთვნის ჩემი სიყვარული...
მე მას ვეკუთვნი...


* * * 
ჩემი სიყვარული არის წყალი,
მაგრამ ჩემი სიყვარული არ არის წყალ-წყალა,
ჩემი სიყვარული მიწაა,
და როდესაც წყალი მიწას ეხება,
ყვავილებად იშლება...
ჩემი სიყვარული ცეცხლია
და როდესაც ცეცხლი წყალს ეხება - აორთქლებს...
მერე ჩემი სიყვარული ხდება ჰაერი
და ჩემი სიყვარული ჰაერშია...
მაგრამ, როდესაც მიყვარს, 
მე არასდროს ვლაპარაკობ ჰაერზე... 


* * * 
მე ვლოცულობ შენთვის:
ვინც გზიდან გადაუხვია გზის ძებნაში,
ვინც თავის საპოვნელად წავიდა და თავი დაკარგა,
ვინც თვალი დახუჭა დამალობანას სათამაშოდ
და არავინ უთხრა: გაახილე...
მე ვლოცულობ შენთვის:
ვინც ყოველდღე სახლში ბრუნდება და 
მაინც შინმოუსვლელია...
ვისაც მიწა გამოეცალა ფეხქვეშ
და ჰაერში დარჩა...
ვინც დრო ხელიდან გაუშვა და ვეღარ დაეწია.
ვინც, როგორც იქნა, თავი იპოვნა და
მაშინვე თავდავიწყებას მიეცა....
ვინც 9-ჯერ გაზომა და ვერც ერთხელ ვერ გადახტა.
ვინც „კაცია და ქუდი ხურავს“,
მაგრამ „თავი ქუდში არასდროს აქვს“.
მე ვლოცულობ შენთვის და გეუბნები:
_ ყველა გზა შენშია....
_ თვალები კი დახუჭე, მაგრამ მესამე თვალიც გაქვს,
_ შინ დასაბრუნებლად ნუ გაირჯები, 
შენ ხარ შენი შინ....
_ დრო - არ არსებობს... გინდა, ხელი გაუშვი, გინდა, 
გააჩერე და გინდა, გაუსწარი....
_ რამდენ თავსაც იპოვი, ყველა დაივიწყე;
_ პირველივე ცდაზე გადახტი... !
­_  ერთადერთი ქუდი არსებობს, 
ის, რომელიც უჩინარს გაგხდის...
მე ვლოცულობ შენთვის და ვიცი,
უკვე ყველაფერი კარგადაა.


* * *
შენ ზღვა ხარ, მე კი შენი ტალღა ვარ,
და მოძრაობით ისე მაბრუებ,
მოულოდნელად ზღვარს რომ გადავალ,
ხელს მომკიდებ და უკან მაბრუნებ...
და რაღაც უცხო არის ამაში,
ავქაფდები და ნაპირს დავქარგავ...
მე მომწონს შენთან ასე თამაში,
და შუა ზღვაში თავის დაკარგვა.


* * * 
ცხოვრება - სიურეალისტური ტილოა…
მე ვხატავ შეუძლებელს,
მე ვხატავ შეუძლებელ ცხოვრებას
და ვამბობ: ყველაფერი შესაძლებელია!
აქ არავინ იცის, რა საით მიდის...
აქ მე ვწყვეტ, რა საით წავიდეს...
ზღვის ტალღები ღრუბლებად იქცა,
ცა - წამოწვა ზღვის ზედაპირზე...
თოლიები ზღვის ფსკერზე
დაეძებენ თევზებს...
ხოლო თევზებმა ისწავლეს ფრენა,
პირში წყალი აღარ აქვთ ჩაგუბებული...
პირში წყალი აღარ აქვთ ჩაგუბებული...
მე ვხატავ შეუძლებელას!


* * * 
იყავი შენს თავზე ძლიერი,
იყავი შენს თავზე გამბედავი,
იყავი შენს თავზე თვინიერი,
იმიტომ რომ....
არავითარი შენი თავი არ არსებობს,
გამოგიგონეს -
მეგობრებმა, მეზობლებმა, 
სახელმწიფომ, ეკლესიამ, ნაცნობებმა და უცნობებმა....
დაგაპატარავეს,
სხეულში გამოგკეტეს და გითხრეს:
იმყოფინე...
და რაცა აღარ გყოფნის ჟანგბადი, 
რომელსაც სუნთქავ,
სხეული, რომელშიც ცხოვრობ,
ქალაქი, რომელშიც დადიხარ,
დედამიწა, რომელზეც ჩამოგაგდეს...
სიყვარული, რომელიც მუჭში ჩაგეტევა...
იყავი შენს თავზე ძლიერი,
იყავი შენს თავზე გამბედავი,
დაანგრიე ყველა(ს) წარმოსახვა შენზე,
გაანადგურე შენი წარმოსახვა შენზე,
ადექი და ხელახლა დაიბადე...скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge
სხვადასხვა
ზურაბ კიკნაძე - მიწიერი კედლები ცირა ყურაშვილი - მეწამული მაგნოლია ზურა ოდილავაძე - ქართველ დედასა და მეძავ ქურთუკებზე ზურა ოდილავაძე - როგორ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მოვიპოვოთ ბედნიერება, ანუ გზა თავისუფლებისაკენ გიორგი სოსიაშვილი - გადამყვარებელი მედიკო ბენდელიანი - წმინდა ნინოს წარმომავლობის საკითხისათვის (ჰერმენევტიკული მეთოდის გამოყენებით) სოფიკო ჭუმბურიძე - გენდერული ძალადობა, როგორც უსამართლო სოციუმის ერთ-ერთი მახასიათებელი ეგნატე ნინოშვილის „ჩვენი ქვეყნის რაინდის“ მიხედვით ზურა ოდილავაძე - სოციალური რევოლუციების სპირალი, ანუ ბედნიერების დევნაში მარიამ ვაჩიბერაძე - ლექსები ირინა ტაბაღუა - ლექსები