გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

მარიამ მარჯანიშვილი - ,,ცისფერყანწელთა“ - ანი და ჰოე

    
     ზუსტად ასი წლის წინათ, ქუთაისში, საქართველოს ამ ყველაზე უძველესა და მიძინებულ პროვინციულ ქალაქში, შეიქმნა ახალგაზრდა სიმბოლისტების გაერთიანება, რომელსაც ეწოდა უცნაური სახელი - ,,ცისფერი ყანწები“. 
    ცისფერი რომანტიზმისა და სიმბოლიზმის ემბლემაა, რომელიც პირველად ნოვალისის ოცნებაში გამოჩნდა. 
,,რომანტიკოსები ეძებდნენ ცისფერ ყვავილს, რომელიც ისევე მისტიკური იყო, როგორც შუა საუკუნეების ქრისტიან რაინდთა გრაალის თასი. 
    შემდეგ სიმბოლისტებმა აიტაცეს ცისფერი, როგორც შორეთის, უსაზღვროსა და იდუმალის ანუ მიღმული სამყაროს - სულთა საუფლოს ნიშანი, რაც ყოფით ენაზე სიკვდილს ნიშნავს. ცისფერ ჩიტს - ბედნიერების სიმბოლოს ეძებენ სიმბოლისტ მორის მეტელინკის შეშის მჭრელი ბავშვები - და-ძმა ტილტილი და მიტილი“ (სიგუა . 2002:80).
     მეტერლინკის ეს ცნობილი პიესა რუსულად არასწორად ,,ლურჯ ფრინველად“ ითარგმნა. 
     ახალგაზრდაპოეტებმა ქუთაისში ჩამოყალიბებულ თავიანთ საძმოს ევროპული ცისფერის შერწყმით ,,ყანწები“ დაუმატეს, როგორც ქართული ტრადიციის ატრიბუტი და ასე გააქართულეს მათ შორეულ ბინდში მოციმციმე ცისფერი ყვავილი. 
   ,,ცისფერყანწელთა“ შემეცნებაში იგი ასევე ხმიანდებოდა და უკავშირდებოდა ტრფობასა და ბოჰემას. 
    ,,ეს მეოცნებე ჭაბუკები ,,ისხდნენ ,,სობოროს“ კიბის საფეხურებზე და პოეზიისათვის ღამეებს ტეხდნენ, აწყობდნენ ჰოფმანის საღამოებს, თამაშობდნენ ბანქოს, ეწაფებოდნენ ღვინოს, ხულიგნობდნენ და ხმაურით იკლებდნენ ქალაქს.   
     ზოგი ოპიუმის ძალას სცდიდა (პაოლო იაშვილი), ზოგიც ჭლექს ებრძოდა (სანდრო ცირეკიძე, შალვა კარმელი)“ (სიგუა ს. 2002:91). 
   ,,ცისფერყანწელები“: გრიგოლ რობაქიძე, პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე, სანდრო ცირეკიძე, ალი არსენიშვილი, გიორგი ლეონიძე, სერგო კლდიაშვილი, რაჟდენ გვეტაძე, შალვა აფხაიძე, ნიკოლო მიწიშვილი, შალვა კარმელი (გოგიაშვილი), ივანე ყიფიანი, ლელი ჯაფარიძე -  სიტყვის ოსტატებად სწორედ ,,ცისფერყანწელთა“ სკოლაში იქცნენ და შეძლეს მათი ნიჭის მაქსიმალური გამოვლენა.
      1916 წელს ,,ცისფერყანწელებმა“ ქუთაისი ერთბაშად ისე ახმაურეს, რომლის ექო  დღესაც ჟღერს და მათზე ათასგვარ მითებისა და ლეგენდების შექმნა კვლავ გრძელდება. 
    ,,ცისფერყანწელების“ შემოქმედებით ასპარეზზე გამოჩენას საზოგადოება მაშინვე ეჭვითა და მტრულად შეხვდა, რომლის კონსტატაციას წარმოადგენს 1916 წლის 21 მარტით დათარიღებული გიორგი ზდანოვიჩის სახელზე გაგზავნილი იასონ ბაქრაძის წერილი: ,,ამჟამად ქუთაისში სხვაზე არაფერზე ლაპარაკობენ, გარდა ,,ცისფერი ყანწების“ ლიტერატურისა. კიტა მოგწერდათ იმაზე, თუ როგორი პროტესტი გამოაცხადა საზოგადოებამ თეატრის საამშენებლო კომიტეტის მიერ მოწყობილ კაფეში, სადაც ,,ცისფერყანწისტები“ გამოვიდნენ თავისი ლექსებით.
     გუშინწინ კატო მიქელაძის ქალმა (რომელიც თავის თავს რწმენით სოციალ-ფედერალისტად სთვლის, ხოლო პარტიას კი აკრიტიკებს) ლექცია წაიკითხა ქალის მდგომარეობაზე. მეორე ნახევარი ლექციისა იყო დაწერილი და წარმოთქმული, მხოლოდ ყანწისტების გასალანძღავათ, რამაც გაჭედილ თეატრში დიდი აღტაცება გამოიწვია და რის გამოც ლექტორი დაუსრულებელი ტაშით დააჯილდოვა.
     ასეთია ჩვენი მიყრუებული ქუთაისის განწყობილება დღეს“ (ქიმ. 1974 ფ.4).
      ასე რომ, ქუთაისში ,,ცისფერყანწელებს“ მლანძღველებიც ბევრი ჰყავდა და მომხრეებიც. თავად ,,ცისფერყანწელებს“ ქუთაისი მუქთახორებისა და ოხუნჯების ქალაქად მიაჩნდათ, სადაც ვაჭრუკანები და ,,ბაქარას“ მოთამაშენი აბუჩად იგდებდნენ ლიტერატურას.
       საერთოდ, ,,ცისფერყანწელებს“ მოწინააღმდეგენი დაცინვით ფუტურისტებსაც ეძახდნენ. ჯგუფის შემკრები, ორგანიზატორი და მისი პირველი ჟურნალის ,,ცისფერი ყანწების“ რედაქტორი იყო პაოლო იაშვილი, რომელიც პროვინციულ ქუთაისში წმინდა ხელოვნების სულის დამკვიდრებას ცდილობდა.
     აქვე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული წერილის ავტორი ადრესატს იმასაც ატყობინებდა, რომ კატო მიქელაძის ქალმა ,,ბევრი ილაპარაკა იმაზე, რომ ყანწისტებურ ლიტერატურას ფედერალისტების პარტია მფარველობსო. ამ გადაჭარბებულმა ბრალდებამ დიდი აღშფოთება გამოიწვია ჩვენს წრეში. ერთი კი სთქვა მართალი: დარიანის პორნოგრაფიულ ლექსებს სოციალისტურ გაზეთში ადგილი არ უნდა ჰქონდესო და იმისთანა ლექსებს ვერცერთს რუსულ და ევროპულ, არამც თუ სოციალისტურ, არამედ პროგრესიულ გაზეთში ვერ შეხვდებითო. მაგრამ საზოგადოების მხრივ ასეთი ერთსულოვანი პროტესტი მე თვალთმაქცობათ მიმაჩნია და ფარისევლობათ, რადგან იგივე საზოგადოება დიდის აღტაცებით უყურებს სხვა და სხვა პორნოგრაფიულ სურათებს განსაკუთრებით სინემატოგრაფიაში და არასოდეს იმდენი ქალი და კაცი სინემატოგრაფიაში არ დადის, რამდენიც მაშინ როცა ძლიერ პიკანტურ სცენებს აჩვენებენ... განსაკუთრებით ,,საზოგადოების“ პროტესტი ენერგიულია, რადგან ფიქრობს, რომ ამ რჯულის ლიტერატურის (რომელსაც აქ ფუტურისტულს ეძახიან) მფარველი ფედერალისტების პარტია და მისი ორგანო არისო. თორემ გარყვნილ ფილიპე მახარაძეს, გრიგოლ ბარათაშვილს და სხვას როგორ შეუძლია ამ ლიტერატურის ასეთის ენერგიით დევნა“ (ქიმ. 1974 ფ.4).
      როგორც ცნობილია, პაოლო იაშვილს ეკუთვნოდა ,,ცისფერი ყანწების“ ,,წინათქმა“ - მანიფესტი. სახელებიც იტალიური დაირქვეს - პაოლო - პავლე იაშვილი, ტიციანი - ტიტე ტაბიძე, ნიკოლო - ნიკოლოზ მიწიშვილი. 
     სანდრო ცირეკიძის სიტყვით, ,,დირიჟორი ყველგან - პაოლო იაშვილი არის გაბედული არქიტექტორი ორდენის. ატლანტივით ორივე ხელით უჭირავს ცისფერყანწელების სიმძიმე“.
     ამავე წერილის ავტორი იასონ ბაქრაძე კიდევ უფრო ამძაფრებს ქუთაისში მიმდინარე პროცესებს და ხაზგასმით აღნიშნავს: ,,მე ვერ ვეთანხმები კიტას იმაში, ვითომ ,,ცისფერი ყანწების“ სულის ჩამდგმელის პაოლო იაშვილის მანიფესტი და ეს ლიტერატურა ახალ სხივოსან ერას წარმოადგენდეს, მაგრამ ჩვენი ფარისეველი საზოგადოების პროტესტი კი მაინც ძლიერ მაშფოთებს. 
      ამ ,,ახალი მიმართულების“ შესახებ კიტა ვრცელ წერილს ამზადებს და ეს ძლიერ კარგია, რადგან ხალხი გაიგებს ბოლოს და ბოლოს კიტა რაში ხედავს ნაკლს და რაში დადებით მხარეს. დღეს კი ერთიანათ კიტას ახვევენ თავზე იმ ახალგაზრდობის ,,გარყვნას“, - ამგვარათ უშლიან იმას ნერვებს და ჩვენც გვაშფოთებს“ (ქიმ. 1974 ფ.4).
     კრიტიკოსი კიტა აბაშიძე ,,ცისფერყანწელთა“ გვერდით დადგა მაშინ, როცა საზოგადოების ერთი ნაწილი მათ ლანძღვა-გინებით იკლებდა. ამის გამო სოციალ-დემოკრატებმა მას ქუთაისის თეატრში სკანდალიც აუტეხეს. კიტა აბაშიძე აღფრთოვანებული იყო სანდრო შანშიაშვილისა და იოსებ გრიშაშვილის პოეზიით. აფასებდა გრიგოლ რობაქიძეს, ნიკო ლორთქიფანიძეს, გალაკტიონ ტაბიძეს, არისტო ჭუმბაძეს, ხელს უწყობდა კონსტანტინე გამსახურდიას. 
     ,,კიტა აბაშიძე თავისი ესთეტიკით XIXსაუკუნეს ეკუთვნოდა, მაგრამ როგორც ევოლუციის პრინციპის ერთგული, მხარს უჭერდა განახლებას, ახალ სახელებს და სიმბოლიზმს მიიჩნევდა ლიტერატურის ბოლო სიტყვად“ (სიგუა ს. 2002:25). 
   მისი აზრით ევოლუციის პრინციპიდან გამომდინარე აუცილებელი იყო რეალიზმის დეკადანსის შემდეგ სიმბოლიზმის განვითარება. ქართულ ლიტერატურაში ასეც მოხდა. და, ამიტომაც კიტა აბაშიძემ ახალგაზრდობას იმედიანი მზერა მიაპყრო. თუმცა ,,ცისფერყანწელები“ საზოგადოებას მაინც არ უღიარებია სიმბოლისტებად.
      ,,ცისფერყანწელთა“ შემოქმედებით გამოწვეული აღშფოთებაა ასევე გამოხატული ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში დაცულ დავით მესხის სახელზე გაგზავნილ ერთ-ერთ წერილშიც, სადაც ავტორი ამათრახებს ამ ორდენის წევრებს: ,,ჩემო დათიკო, ვნახე ქუთათური ,,ალმანახი“ პავლე იაშვილის ,,ყანწები“. საწყალ რობაქიძეს რა უდროოდ ეერია ტვინი! ნეტავი გამაგებინა პავლე მისდევს თავის პროგრამას, თავის აზრს?... მაშ, ნეტავ ქუთათურ დარჩომილ რომელ ქალებს-  გაასაღებს...
    გრიშაშვილს რომ შევხვდები ვეტყვი იმას ლექსის საკადრისს. როგორ არ რცხვენია კიტას, რომ მაგ უბედურ ბოდვას მფარველობს. ეს ორი დღე ვიყავი ბორჯომში და იქ გიორგი კილაძემ წამიკითხა ფუტურისტების ბოდვა. წარმოიდგინე დათიკო, ისე არაფერი არ მეწყინა, როგორც ის რომ არისტო ჭუმბაძე მონაწილეობას იღებს. აფსუს,რა ბიჭი შეირყა!“ (ქიმ. 2174/187. ფურ.2).
    ,,ცისფერყანწელები“ შეუცვლელ ავტორიტეტად მიიჩნევდნენ გრიგოლ რობაქიძეს, რომელსაც საზოგადოება აღიარებდა. 
     გრიგოლ რობაქიძეს ,,ცისფერყანწელები“ თავიანთი ორდენის ,,კარდინალს“, უწოდებდნენ, ხოლო პაოლო ,,უწმინდესსა“ და ,,უნეტარესს“, ტიციანი - ,,მელექსეთა ბაშს“, გიორგი ლეონიძე - ,,დროშასა“ და ,,მხედართმთავარს“, ნიკოლო მიწიშვილი - ,,ქართული პოეზიის ტვინს“.
    ,,ცისფერი ყანწების“ პირველ ნომერში ტიციან ტაბიძე წერდა: ,,სიმბოლიზმი ჩვენში“ შემოიტანა გრ. რობაქიძემ“, ,,გრ. რობაქიძის ლექსები პირველი სიმბოლისტური ლექსებია“. თუმცა მოგვიანებით, სიბერეში გრიგოლ რობაქიძე ,,ცისფერყანწელობას“ უარყოფდა. 
     ცნობილია, რომ ,,ცისფერყანწელთა“ ორდენს ჰქონდა ორგანიზაციული დისციპლინა, საოცარი სიყვარული და თანადგომა ერთმანეთისადმი.
      ისინი ,,ამ მხრივ მართლაც ჰგავდნენ ათცამეტ ასურელ მამას, ქართლში რომ დათესეს ნამდვილი ქრისტიანობა“ (სიგუა ს. 2002:84).
   სამაგალითო მთლიანობით გამორჩეული ,,ცისფერყანწელები“ იყო ის იშვიათი ლიტერატურული გაერთიანება, რომელშიც არ ყოფილა შინაშუღლი და განხეთქილება. მათი ჯგუფი 17 წელი არსებობდა და ისინი კოლექტიურად ამკვიდრებდნენ იმ ესთეტიკას, რაც მათზე ადრე გალაკტიონ ტაბიძემ გადმოსცა.
     ,,შეიძლება ითქვას, ,,ცისფერი ყანწები“ სიმბოლისტურ მიმდინარეობად აქციეს გალაკტიონ ტაბიძემ, ტიციან ტაბიძემ და ვალერიან გაფრინდაშვილმა. მათ თავიანთ რკალში გადაიყვანეს პაოლოც, გრიგოლიც და იოსებ გრიშაშვილიც.
      ტიციანი და ვალერიანი თეორიიდან ამოდიოდნენ და ისე თხზავდნენ პირველ სიმბოლისტურ ლექსებს. ხოლო გალაკტიონს უკვე დაწერილი ჰქონდა სიმბოლისტური ლირიკის წარუვალი ნიმუშები: ,,მე და ღამე“, ,,მერი“ და ,,ლურჯა ცხენები“ (სიგუა ს. 2002:84).
   ამ ლექსებს აღიარებდნენ ,,ცისფერყანწელები“. პაოლო იაშვილი სცენიდან კითხულობდა ,,მერის“. 
    მთელი ქართული მოდერნიზმი ევროპისკენ სწრაფვა იყო. ეს ტენდენცია გადავიდა პოლიტიკაშიც, რაც ასე გამოხატა მთავრობის თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ: ,,მირჩევნია დასავლეთის იმპერიალისტები აღმოსავლეთის ფანატიკოსებსო“, ე.ი რუს ბოლშევიკებსო.
    ყურადღებას იპყრობს ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში დაცული ერთი დოკუმენტიც: ,,შენი წერილი გაზეთებითურთ გვიან მომივიდა და ამიტომ ვეღარ დავწერე ლექსი სააღდგომო... სხვა დროს იყოს. 
     მშვენიერი სააღდგომო ნომერია თქვენი... ამას წინათ მომეწონა იაშვილის ლექსი ,,ზარის ხმა ქარში“... მოკითხვა და სააღდგომო კოცნა გ. ახვლედიანს, მიშას, გუცას და სხვებს... ჩემი წიგნი ახალ ამბათ გამოაცხადე“, - წერდა იოსებ გრიშაშვილი ქუთაისში გაზეთ ,,კოლხიდის“ ჟურნალისტს დავით მესხს (ქიმ. 2174/44).
     იმ დროს ქუთაისში გამოდიოდა ჟურნალ-გაზეთები: ,,ფონი“, ,,კოლხიდა“, ,,თემი“, ,,იმერეთი“, ,,ოქროს ვერძი“, რომელსაც აქვე დაემატა სიმბოლისტური ,,ცისფერი ყანწები“, ,,მეოცნებე ნიამორები“, ,,შვილდოსანი“, ,,პოეზიის დღე“... ,,ცისფერყანწელებს“ ძირითადათ ჰქონდათ გამომცემლობა ,,კირჩხიბი“ და ,,მეოცნებე ნიამორები“. 
   ქუთაისში უგზავნიდნენ ასევე გაზეთ ,,ერის“ თანამშრომლებს დავით მესხს, გრიგოლს, ბესარიონს, გუცას, გიორგის პარიზიდან ღია საფოსტო ბარათს მეგობართა ერთი ჯგუფი: ,,სალამი ყავახანა ,,Pascal”- იდან ყველას გართობით! პ. იაშვილი, გერ. ქიქოძე, ბ. ბერელაშვილი, ნუცა შიუკაშვილი, ტაროს ბაღაშვილი, ლ. ხიზანიშვილი, ლ. მეტრეველი, ბუჭუტა აბაშიძე“ (ქიმ.2174/18).
    1921 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს მწერალთა კავშირს გამოეყო ,,ახალი წევრობის კავშირი“, რომელსაც თავმჯდომარეობდა გრიგოლ რობაქიძე. მათ ბირთვს ,,ცისფერყანწელები“ შეადგენდნენ. ისინი აცხადებდნენ, ჩვენ პოლიტიკაში არ ვერევით, ჩვენთვის მთავარი ესთეტიკური ორიენტაციააო.
     საერთოდ, ,,ცისფერყანწელებს“ აკლდათ პოლიტიკური სიფხიზლე და ბოლშევიკების შემოსვლას საქართველოში ერთგვარი აღფრთოვანებითაც შეხვდენენ, რადგან ეგონათ, რომ სოციალური რევოლუციის პარალელურად ისინი ახდენდნენ რევოლუციას პოეზიაში და თითქოს ამიტომ ბოლშევიკები მათი მფარველები უნდა ყოფილიყვნენ.
     ეს მიამიტური ოცნება მალე დათრგუნა 1924 წლის სასტიკმა რეპრესიებმა და ყანწელთა აღფრთოვანებული ჰანგები სევდამ და სასოწარკვეთილებამ შეცვალა.
    გრიგოლ რობაქიძის ემიგრანტობამ ზიანი მოუტანა ,,ცისფერყანწელთა“ საძმოს. მას გადაუდგნენ გუშინდელი თანამოაზრენი და მოწაფენი - პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გადრინდაშვილი, ნიკოლო მიწიშვილი. მათი ხელმოწერით გამოქვეყნდა პასკვილი ,,მნათობის“ ფურცლებზე (,,მნათობი“ 1935, N4).
    ლადო გუდიაშვილმა გრიგოლის კარიკატურები დახატა. იმ კაცისა, გუშინ რომ ღმერთკაცად მიიჩნევდა.
    1935 წლის 19 აპრილს გრიგოლ რობაქიძე გარიცხეს მწერალთა კავშირიდან და საბჭოთა მოქალაქეობაც ჩამოართვეს. 
     თუ ქუთაისში ,,ცისფერყანწელთა“ -  ანი - ალკოჰოლით, ბოჰემური ესთეტიზმით, უწესრიგო, აბნეული, მშფოთვარე, დარდიმანდული ცხოვრების სტილის დამკვიდრებით, ოპიუმითა და თრობაში ჭეშმარიტების ხილვით დაიწყო, თბილისში მათი ცხოვრების - ჰოე - სიკვდილითა და ეშაპოტით დამთავრდა:
                   ,,მუხრანის ხიდზე დასახრჩობად კიდევ დავდგებით,
                     საქართველოში ცხოვრება ხომ თვითმკვლელობაა“...
ტიციან ტაბიძე
                   ,,მე ხომ უეცრად დამიმარცხდა ყველა უჯრედი
                     და ჩემი სისხლიც მოიწამლა გადაშენებით“...
ნიკოლო მიწიშვილი
      შეიძლება თამამად ითქვას, რომ ,,ცისფერი ყანწები“ იყო ერთადერთი წმინდა სალიტერატურო გაერთიანება ქართულ მწერლობაში, რომლის წევრთა ძიების საფუძველი გახლდათ ახალი ხელოვნების შექმნა, რაც ყველამ ერთპიროვნულად მიაღწია.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge