გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ალექსანდრე ჯინჭარაძე - ლექსები

ბავშვობის სამი ტკივილი
1) ბაბუას თოხი
ბაღჩაში მარტო, თავისთვის დევს ხისტარა თოხი.
ხელს თუ მოვკიდებ
ატირდება ჩემი ბავშვობა.
ის უნდა იდგეს იმ ადგილას,
ვიდრე ბებია არ მოყვება
ზღაპარს ბოლომდე.
არადა, მე კი გავიზარდე
მაგრამ ის თოხი
უკან დაბრუნდა დროში -
ანუ ხემ იყვავილა!

2) კბილის ტკივილი
თაგვო, ჩემი კბილი შენ,
შენი კბილი მე! -
ასე მასწავლეს ბავშვობაში,
როცა პატარას კბილი მტკიოდა.
არადა, მართლა სულ მიყვარდა კარალიოკი.
დღეს დილით როცა
კბილი ამტკივდა,
ვერსად ვიპოვე სახურავი.
უცხო ქვეყნის უცხო ქალაქში
ყველა მათგანი მაღალი იყო.
არადა იქ, იქ ბავშვობაში
მეზობლის სახლის სახურავზე
ავაგდე ერთხელ ჩემი კბილი
და ხემ ნაყოფი დამიბრუნა.
მე გავიზარდე!
თან იმდენად, რომ ვეღარ მივწვდი
ვერც ერთ სახურავს
და ნაბავშვარი გული მეტკინა.
არადა ახლაც, ისევ მიყვარს კარალიოკი.
თაგვო, შენი კბილი შენ,
ჩემი კბილი მე!

3) ტყემლის ხე
შარშანგაზაფხულს,
ტყემლის ხეზე რომ ვერ ავედი,
ჩემმა ბავშვობამ ისკუპა და
ტოტიდან ახტა კენწეროში,
თვალს მიეფარა სულ ერთ წამში.
მივხვდი, გავზრდილვარ.



მამას,
როგორც ნიშანი სიყვარულის
მა, შენს სახლამდე
ათასი ლის სავალი გზები!
დამწვარ დაისზე დაფერფლილა
შენი გული, მა,
და ვნებულია სული ისე სიმარტოვეთი...
თუ იმღერებდი მიტოვებას გაფრენილ ფრთების,
თუ იმღერებდი ცის გადახსნას,
ჭიქა ღვინოს, მა,
რომ ყველა წყალი გამდინარეა,
და შენც უყვები უბრალო ამბავს
ფილტვებში ჩამდგარ გამდინარე წყალს!
ყვითელ თითებზე აგყოლია თუთუნის სუნი
და ბოლო ღერის მწარე ნაფაზს ნერვებსაც ატან!
ხან გესიზმრება გარდაცვლილი ძმა,
მერე მამა...
გადაბრუნდები კედლის მხარეს,
და ღამე როცა ჯვარზე გაგაკრავს,
შენ წყლის მაგივრად ღვინოს ითხოვ!
ვით ხელისგული ბრმის და მოხუცის
მართალი არის შენი ტკივილი!
მა, სიკვდილები ჩვენს სისხლებს სვამენ,
თრთიან მზეები საკუთარ სხივზე
და სისხლსისღვრამდე კვლავ ცეკვავენ ლოთები ფერხულს!
რა დაანელებს ამ გულ-ღვიძლის წვას?!
გაჰხედე, ცანი წითლდებიან ჩიტების ზურგზე
და მთვარე სერავს მახვილივთ შუაღამის ზღვას!
ხარაკირია ამ დროს ჭიქა და სიმარტოვე!
მა, შენ არასდროს ასე მარტო არ გიმღერია!
გვერდით გიდგანან უცხო კაცები
თუმც შენი ესმით ქუჩის ძაღლებს!
ყელში ამოგდის ალიონი მამლის ხმობამდე
და დაცემული შველას ითხოვ...
შეაჩერებდეს, მაცხოვარი, მა, მღელვარ ქარებს!
ალბათ, ეზოში ჩამოყრილა ფეიხოები
და სათითაოდ აკრიფე შენ...
გახსოვს, უბეში ერთხელ გესვა პატარა ჩიტი,
ბუდეს მოწყდაო, მახსოვს, რომ თქვი...
მე ის ჩიტი ვარ ფრთანატკენი!
დამიფარე, მა!
იქნებ ამ ზამთარს ჩამოვიდე
შეშას მოგიტან. ვენახიც გავსხლათ.
ბიძიას დამყნილ ვაზის მტევნებს
მე სასოებით ველოდები.
გარნა ტკბილია მისი სისხლი?!
გარნა შენ გინდა?!
ახლა აქ ცივა. დილაა. შობა.
და არიგებენ ძვირფას საჩუქრებს.
შენ ალბათ ისევ ქუჩაში დგახარ.
მანქანებს ითვლი საღამომდე,
სახლში ხურდა რომ მიიტანო.
მალე ჩამოვალ.
ოღონდაც ცეცხლი დამინთე, მა!
მერე დავჯდეთ და პური გავტეხოთ...
და მივაყოლოთ მუჭა მარილი!
მა, შენს სახლამდე
ათასი ლის სავალი გზები!

***
ჩიტიც ხომ ტოტიდან აფრინდება,
სულს კი წუხილი მაინც არ ტოვებს...
და ახლა წამია გარინდება
და გვანან ძლიერ ხელები ტოტებს.
პატიოსანი, ქრისტეს ცრემლივით,
დობილი არის სული ჩიტების.
გიგრძვნია სუნი გადათელილი
თვალდახუჭული მზესუმზირების?!
შენ მეტყვი: ჩიტებიც კი კვდებიან
და ასე მოსდით ალბათ ჩვენს ხელებს.
ცრემლები რად არ დაჰკიდებიათ
ოთახში შემოსულ მნახველებს?!
მზე _ თმებგაუშლელ სილურჯედ ბავშვის
ნაფრესკალებში ჩამწვარა დილა...
შეურხეველი შეკრთა ნიავში
და ცამ, რომელმაც დაგვადობილა:
შენ რომ თქვი ჩიტები კვდებიანო,
მაშინ რას ხედავენ, ჰა, ნეტა?!
თავი სხვა პოეტებმა მოიკლან.
ჩვენ კი დღეს ვიცხოვროთ. ყვავილებს
დავიკრეფ საკუთარ ლოგინთან.
ჩემს სიზმრებს ვანახებ ყვავილებს!

მეზობლის მონოლოგი
მეზობლის ვენახზე ჩიტები ისხდნენ.
მე ყურძენს ვკრეფდი.
გავჩერდი და მივაყურადე.
უნაწილებდნენ ნისკარტებით ერთმანეთს ყურძენს.
...შემრცხვა მეზობელს კიბე რომ არ ვათხოვე წუხელ...
სავსე გიდელი ჩამოვკიდე მის ტალავერზე -
ჩიტებმა მაინც მიხსნან მეთქი
სირცხვილისაგან...

სიზმარი
თოვს. სიწყნარეა. სიშორეში ვიღაცა მელის.
და მელანდება ულურჯესი ძარღვები ყელის.
ქალის სუნთქვაში
შერხეული ფოთლის დაცემა.
ვდგავარ თოვაში.
არის ქარი და გატაცება!
რა მალე იზრდებიან
ჩვენი შვილები, მარიამ!
ჩვენი შვილები თეთრი ფიფქებია.
თოვს. სიწყნარეა!
ყრუ სივრცეებში გაქცეული ცხენები მელის.
და სული არის უნუგეშო
და მაინც მღერის!
მოსწყდა ფოთოლი ხეს_ შენს ყელს ხელი...
გადახსნილია ყველა იარა.
მსოფლიო ხრამში ჩაწოლილმა უცხო მხარემ
დღეს მე სამშობლოს მაზიარა!
მდუმარე არის სივრცის სიშორე.
რბიან ცხენები და თარეშობენ!
მელოდებიან ბავშვები სახლში.
ასეთ თოვაში და ასეთ ქარში!
თუ ვიღაც გიცდის,
ესეიგი შენ იგვიანებ!
რა მალე იზრდებიან
ჩვენი შვილები, მარიამ!
ჩვენი შვილები თეთრი ფიფქებია.
თოვს. სიზმარია!

ბიძიას
გარეთ გავიდა ბიძაჩემი
და საკიდზე დარჩა ჟაკეტი.
ჟაკეტში პურის ყუა იდო -
ბრმა საკენკი ჩემი სიზმრების!
ხეები ბავშვებს ჰგვანდნენ დარცხვენილთ
და მშობელი ქარის ხელები
აწერდა ქუჩას ზამთრის სახელს:
თოვლია, თოვლი!
ბე, ზამთარი ტკივილით მოდის
და ყრის გზადაგზა წელმოწყვეტილ ჩიტების სლოკინს.
ო, ჩიტუნებო,
თქვენც თუ გცივათ ბიძაჩემივით,
რა იქნება მას ფრთა ათხოვოთ?!
ვიცი, იმასაც ვესიზმრები!
ნათელ ფიჭვების სიმწვანეში
ეცემა თოვლი
და ორსულ მიწის პალიმფსესტებს, - იგონებს საფლავს!
ღამით სავსეა სიმარტოვით
ოთახი ბებოს
და მის ხელებზე დაბერილი კაპილარები
ჰგვანან თოვლში გაკვალულ
გზებს!..
ო, ამ გზებზე ბიძია მოდის
და დედის ხელის ხელისგულზე
იად ლურჯდება!
ოთახში დგება პურის სუნი.
ყვავილის სუნი.
ისმის ჭიქაში ღვინის დასხმა.
ფეხის ხმა კართან.
ნუ აკენკავთ ამ სიზმრებს ჩემგან,
ყოფნის ფრთათოვლა ჩიტუნიებო,
გამიგონეთ რა!

საკურთხეველში დარჩენილი პურის ნამცეცი
ღმერთო,
მაპატიე,
რომ დამავიწყდა მადლობა მეთქვა
მე იმ პურისათვის,
დილით ქალმა რომ მომაწოდა.
ვეღარც შენ გმადლობ ამიტომაც.
მაკურთხე რა, მტრედებს გავენდო.
იქნებ მათ მითხრან ის საიდუმლო
მერე თქვენსკენ რომ შემოვაბრუნო,
როგორც ჩემი სისხლი და ხორცი.
მე ჩემს ბარძიმს მსურს გაზიაროთ
შენ და ის სხვა - მოყვასი ჩემი.
ასეა.
ზოგჯერ ღმერთსაც
ვერ გაენდობი
და მხოლოდ მტრედებს
აჭმევ ნამცეცებს
საკურთხეველში დაჭრილი გ უ ლ ი ს!скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge