გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

თამარ მამისეიშვილი - ლექსები

ხმალნი უქარქაშონი, წილად გერგო ქართველო           
 მხრებს შეუდგამთ მწვერვალებს,
 ცის და მიწის სიმძიმე,
 ღვთის ემბაზში ნაკურთხო,
 ვინ თქვა შენი სიმცირე?
 შეხეთ ამ მთებს,ტიტანებს,
 ძალა მოსდგამთ ზევსური,
 ჩრდილოეთის კარიბჭეს
 მცველად უდგას ხევსური.
 ფშავს სანათა დარაჯობს,
 წინაპართა საძვალეს,
 არაგველებს მოუღლელთ,
 კვლავ მტრის ჯავრი აწვალებთ.
 აქ სვანეთის მწვერვალებს,
 დევებს თეთრფაფახიანს,
 დანისლული ღრუბლები
 მაყრებივით ახლია.
 ცივგომბორის მთებიდან
 ნისლი წვება ალაზანს,
 ჰგვანან ლეგა ღრუბლები,
 ყალყზე შემდგარ ავაზას.
 მცხეთის ბებერ სანახებს,
ადგას ნინოს ნათელი,
დარიალის კარებთან 
მტერს დარაჯობს ქართველი.
სანამ ენგურს გადაღმა,
ილორსა თუ ბედიას,
ჩვენი დედოზარები,
ხმაშეწყობით მღერიან.
გურიას თუ აჭარას,
იმიერს თუ ამიერს,
სანამ ზეცას მიიწევს,
ჩვენი ,,მრავალჟამიერ“.
ვერა,ვერ დაიტოლებს,
მტერი ამ ცის სიმძიმეს,
ღვთის ემბაზში ნაკურთხო,
ვინ თქვა შენი სიმცირე?
მხარევ ლეგენდებისა,
მზის და მთვარის ნათელო,
ხმალნი უქარქაშონი.
წილად გერგო ქართველო.
           
         
                    
        დედას
ანთებდი ღამით  ძველებურ ,,ტორშერს“,
ვით ალადინის ჯადოსნურ ლამპარს
და მიყვებოდი დაუღალავად,
უფლისწულის და პრინცესას ამბავს.  
გეკითხებოდი ცრემლიან თვალით,
ხომ გადარჩება ხარი წიქარა?!
ასფურცელაზე და მებადურზე
მოდი,მიამბე ისევ იმგვარად.
მიამბე რამე სიყრმის დღეებზე,
როგორ მეგონა თამაშით დაღლლს,
რომ კომბლეს ცხვრები იყვნენ ღრუბლები
და ლურჯი მთები-დევების სახლი.
ვტოვებდით სივრცეს ზღაპრების ფრთებით,
უკან გვრჩებოდა ზღვები,ქედები
და ღუღუნებდნენ წიგნის ფურცლებზე,
მშვიდობის მაცნე-თეთრი მტრედები.
გაფრინდნენ უკვე სიყრმის დღეები
და უსასრულო იქცნენ სიზმრებად,
შენი ლექსები და სიმღერები
დღეს მოფრინავენ სევდის ჩიტებად.
მოდის ზღაპრიდან ახლა მშველელად,
წინ მიმიძღვება ხარი წიქარა,
მოდი და ახლა წარსულ დღეებზე,
რამე მიამბე ისევ იმგვარად.
ბედნიერი ხარ,რომ გქვია დედა 
დღეს მოხრილ მხრებხე ჰკიდია ტვირთად,
განვლილი წლები და ხვედრი ქალის,
არ დარჩენია გადაუხდელი,
სიცოცხლისა და სიკვდილის ვალი.
დღეს ცოდვა-მადლის ვინ ხედავს  დუღილს,
რად გახდა უცხო სუყველა შვილი
და მათზე ფიქრით  ცადაღამებულს,
დედას ისევე ფრთხილი აქვს ძილი.
შენ ოთხი შვილი გაზარდე დედა,
რად დარჩი ახლა ასე ეული?
მაინც ყველა შვილს ავედრებ უფალს,
მათზე ლოცულობ თვითონ სნეული.
შვილი კი სხვასთან კითხულობს მორალს,
ასე ამაყი და თან საჩინო,
ვაი,რომ მისთვის მოხუცი დედა,
მძიმე ტვირთია და არ საჭირო.
და როგორც ქრისტეს გოლგოთის გზაზე,
მოთმენით დაგაქვს ტკივილი შენი,
,,უძღებ შვილებზე“ თან დაგაქვს დარდი,
 არ  მოერიოთ შორს მყოფებს მტერი.
 ატარე შენი ჯვარიც და ხვედრიც,
 არ შეირჩინე საწუთროს ვალი,
ბედნიერი ხარ,რომ გქვია დედა
და წილად გერგო ტკივილი ქალის.
    
   
     
          მოდი, გავეცალოთ თბილისს
        მოდი,გავეცალოთ თბილისს,
        მთებში გადავსახლდეთ ქალავ,
        არხოტს გამოვძებნოთ ქოხი,
        აღარ დავუბრუნდეთ ქალაქს.
        შენი დახეული ჯინსი,
        შენი წაბლისფერი  ,,კარე“,
        აღარ მოგინდება ვეჭვობ,
        ალბათ დაივიწყებ მალე.
        როგორ მოგიხდება იცი?
        ლურჯი ხევსურული კაბა,
        ნაწნავს შემოიხვევ ყელზე,
        როშკის ყინულ წყალში ნაბანს.
        ვნახოთ ახიელას ციხე,
        მუცოს ქვითკირები ძველი,
        როგორ მორევია დრო და 
        ურვით ჩამოთვლილი წლები.
        მერე გავმარტოვდეთ ისევ,
        ღამეს მივუხუროთ კარი,
        კვლავაც მოვუსმინოთ გრგვინვას,
        ხევში მოთარეშე ქარის.
        მოდი,დავივიწყოთ ყველა,
        მთებში გადავსახლდეთ ქალავ,
        არხოტს გამოვნახოთ ქოხი,
        აღარ დავუბრუნდეთ ქალაქს.
                       
                          

გდარაჯობს ქარი
ზოგჯერ მგონია დაგკარგე უკვე,
ანდა ამაოდ მოველ და დავშვრი,
შენი მსუბუქი და თეთრი კაბა,
ისევ თამამად ფრიალებს ქარში.
აწყდება ფანჯრებს, მერე ქუჩებში,
დაძრწის და დიდხანს გდარჯობს ქარი,
რომ შენს ალეწილ ღაწვზე დატოვოს,
ცოტა ხნით კოცნის მხურვალე კვალი.
და ეჭვიანი ქმარივით ფხიზლად,
მოგყვები მაინც ქუჩაში გვერდზე,
რომ ისევ აღარ გაბედოს ქარმა,
მოგხვიოს ხელი, მიგიკრას მკერდზე.
           და ქართან ერთად მეც ვფხიზლობ ღამე,
           შენი სახლისკენ მიჭირავს თვალი,
           არ გაგიტყუოს აშარმა გარეთ,
          შენს ღაწვზე კოცნის დატოვოს კვალი.
   
         
                                              
შემოდის ჩემთან დეკემბრის ქარი 
 ჩამოინაცრა ბუხარში ცეცხლი,
 კარის ღრიჭოში სიცივე ატანს,
 ოთახში ბჟუტავს მკრთალი სანთელი,
 საწოლთან სძინავს ზოლიან კატას.
 ეს დღეც დაღამდა ისე უბრალოდ,
 უკვე განვლილი დღეების მსგავსად,
 გარეთ თოვს,ხეზე წრიალებს ჩიტი
 და შენ კი მაინც არ ჩანხარ არსად.
 აწყდება ფანჯრებს და მთელი ღამე,
 ქუჩაში ისევ ქარი მძვინვარებს,
  ოთახში ბჟუტავს მკრთალი სანთელი,
  საწოლთან კატა თავს იმძინარებს.
  ვაღებ დარაბებს და სიახლოვეს,
  ახლა თამამად ვაძლევ უფლებას,
  შემოდის ჩემთან დეკემბრის ქარი 
  და შენს მაგივრად მესაუბრება.
    
                                                        
და მეჩვენება ის არის ნოე
ქუჩაში,სკვერში,თოვლსა და ქარში,
როცა მავანი ეძებს სიამეს,
დგას მათხოვარი გამოწვდილ ხელით
და ჩუმად იტანს ბედის სიავეს.
მის ქუდს ნაწყალობ გროშებზე მეტად,
ქალაქის მტვერი და წვიმა ავსებს
და მხრებზე უზის ღაბუა მტრედი,
როგორც მშვიდობის კეთილი მაცნე.
არ ენანება მტრედისთვის მოხუცს,
ღარიბი ლუკმა შემორჩენილი,
და მეჩვენება ის არის ნოე,
 წარღვნას და დელგმას გადარჩენილი.
 და მოკრძალებით გაწვდილი ხელი,
 ცახცახებს,როგორც ბებერი ტოტი,
 ასე მგონია ნისკარტით მოაქვს,
 მტრედს ზეთისხილის მსუბუქი ყლორტი.
 როგორც ნოესთვის იმედი უფლის,
 ჩვენთვის სინათლის ძიება მასში,
 როცა ქალაქი დაიწყებს თვლემას,
 გლახაკს იესო აცილებს სახლში.
 ნუ გეგონებათ სვებედნიერი,
 ვისაც ერგუნა ქვეყნად სიამე,
 მარადიულად იქაა ქრისტე,
 სადაც უძლებენ ბედის სიავეს.
  
          
       
მადლობელი ვარ
მადლობელი ვარ იმ ყველა განცდის,
რაც კი მარგუნე უფალო წილად,
რომ გამომიწვრთე ტკივილი სული,
ვით ხალიბები აწრთობდნენ რკინას.
ვუმკლავდებოდი ცოდვებს და ვნებებს,
მაინც სინათლეს ვეძებდი მცირედს.
რა მსუბუქია სხეული-მიწა,
სული კი ასე ლოდივით მძიმე.
და კაციც -მარად უმწეო თიხა,
ცხოვრებას შხამით და თაფლით ივსებს,
კვლავ ვეჭიდებით ცხოვრების კანონს,
სანამდე მიწად ვიქცევით ისევ.скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge