გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ლიკა ხარჭამაძე - ლექსები

ემიგრანტის წერილი
წახვედი. ახლა იხსენებ მიჯრით
- შენი ცის თაღზე ღრუბელთ არშიებს.
ვერ იტყვი გილხინს, ვერც იმას - გიჭირს,
უბრალოდ, ფიქრი მწარედ გაშიებს.
მიწას, რომ ტკეპნე წელგამართულმა,
მიწას, მუჭით რომ თან ვერ წაიღე
და გიკვირს, ასე რამ გაართულა
ყოფა, ან მსხვერპლი როგორ გაიღე?!.
როგორ შეძელი დატოვე უკან
შენი ცხოვრების მთელი ნაწილი,
არა, არ გტკივა, უბრალოდ სწუხხარ,
რომ დაგრჩა ხელი სხვისკენ გაწვდილი.
რომ, ჩასაჭიდი ვეღარ მოძებნე
და რომ, დაგიდგა არავინ კედლად
რომ, უსაშველო დარდი მოძერწე
სხვისი თიხისგან, დაღლილმა კენტად...
არა, არ კვდები, უბრალოდ გტკივა
(თავს მხოლოდ ასე თუ გადაირჩენ)
რომ, არ იყავი ლოდი და რკინა,
რომ, ვერც ძველ ტკივილს ვერ გადაიჩვევ...
ნუ გეშინია, არვინ მიგიღებს
შვილად, სხვის შვილს და, თანაც გამოზრდილს
სანამ ცრემლიან ლუკმას მიიღებ
სანამ უდედოდ ყოფნას გამოცდი
იქნები, მერე თვალებში ჭები
რომ დაიწყებენ ამოღამებას
შენი სამშობლოს მიწით მუჭები
ამოივსე და ამოლაგება
დაიწყე დარდის, ნელა და მშვიდად
(ესეც ხომ უნდა შეძლო როგორმე?!.)
ტკივილი, რაც კი ჭკუიდან გშლიდა
გამოიყოლო უნდა ბოლომდე!..
წახვედი. ახლა იხსენებ, მიჯრით
თუ როგორ დგანან სამშობლოს მთები...
ვერ ამბობ გტკივა ვერ ამბობ - გიჭირს
ვერც იმას ამბობ, თუ როგორ კვდები...
დაგღლის უდროოდ წარსულზე სევდა,
ვეღარ გიწამლებს ვერვინ იარებს.
ვაიმე შვილო, მოგიკვდეს დედა
ალბათ, მოსვლას შენც დააგვიანებ?!.


***
ნახანძრალ სახლ-კარს
ჰგვანან თვალები
სადაც, ოდესღაც,
ბავშვმა იარე...
იწყები მაგრამ
იქვე მთავრდები
ჩემამდე მოსვლაც
დააგვიანე!
შემორჩი გზა-გზა
მყეფარე ნისლებს
ცაც (მიწასავით)
გეხურა მუქი...
გესვროდა ბედი
შხამიან ისრებს
გყვარობდა მაშინ
ტიროდი თუკი...
პარადოქსია
განგების ნება
(სურნელი დღესაც
აგდის ვანილის...)
წახვედი მაგრამ
დატოვე ვნება
რომელსაც დღემდე
ვიხდი ვალივით...


***
უშგულის მადლმა, მზე-დალივით ისწორებს ნაწნავს
სვანის გოგო და
გადახედავს ცერად მურყვამებს...
- ის ჩემი ერთა არ დაიშლის აქ, ჩვენსას წანწალს
დაბრუნდება და
მოვედებით მერე მუხნარებს...
სულ ჩვენ ვიქნებით, ალთას, ბალთას
ან კი რა დაგვლევს?!.
ჯვარი გვეწეროს!
ავისაგან გვიხსნას ლაჰილმა!
ის დაბრუნდება, უცილობლად და ისე დამლევს
თითქოს დოქიდან გამოცალოს წყალი დაღლილმა...
რომ გავბევრდებით,
რომ ამ თმებზე დაწვება მთვარე
მერე, ბადიშებს ვერ დაიტევს მთებში მუხნარი
უშგულის მადლმა...
თუმც...
- და ფიქრში ის ეჭვი მდარე
მაინც გამოჩნდა, ისე როგორც,
ნისლში მურყვამი...


***
ჭორიც, მართალიც, წაიღეს წლებმა
რომ ვაგროვებდი, როგორც ძველმანებს
აქ არაფერი დარჩა და მაინც
ეს არაფერი სულში მძვინვარებს!
ამ უწარსულო დღეების მიღმა
ვუსმენ სიჩუმეს, სულ რომ ყოყმანებს
ცა დაემსგავსა უშუქო ჭაღს და
სახლი წააგავს პირქუშ ყორღანებს!
ახლა საკუთარ ხასიათს ვერჩი
ისევ და
ალბათ, მწარედ ვინანებ
რადგან ვიცი რომ, როგორც ყოველთვის
მოსვლას, უთუოდ
დააგვიანებ!..


ოდიშს
ღამეს დაახრჩობს ნისლის გროვები
როს დილის მადლი, ფერებს მოისხამს
ალაჟვარდდება
ამზიანდება
და თვალს დაუვსებს, მტერს და მოისარს!
მზეს იალქნებზე შეუსვამს ჭინკა
(მაჭრის დუღილი ოქტომბერს ავსებს)
ვერ მოგრევია დღემდე ვერავინ
ვერც დღეის იქით, ვერავინ გავნებს!
როცა იქნება, საკუთარ ცოდვებს
შეწირულები, იხდიან ბოდიშს
ცოტნეს ალალი გულიც გეყოფა
სიამაყისთვის, პატარა ოდიშს!
შენს მიწას ნაგვემს, ნაცოფარს ბევრჯერ
თვით უფალი ყავს შემწე, ებგური
ფილტვებში ვიმწყვდევ ჰავას ნოტიოს
და ვგრძნობ რომ მიჩქეფს ძარღვში ენგური.
შენს მთებს სხვაგვარი მადლი დაყვება
ჭალებს ამშვენებს ქარვა და ზეზი
ვცდილობ, წასვლისას თან გაგიყოლო
რომ დაბრუნების მქონდეს მიზეზი.
შენს ყველა ნაღველს გულში დავიტევ
წარსულს
მომავალს
აწმყოს-უკლისად!
შენ "მადლიანო მიწავ ქართულო"
შენ, გაჩენილო მხარევ უფლისად!
ღამეს მოიმწყვდევს ნისლის გროვებში
დილა, რომ მუხლით შეეხოს მიწას
მერე ამაყი, ლაჟვარდისფერი
სალამს შეუთვლის გადაღმა რიწას!..
ოდეს იქნება ადიდგორდები
ადიდგულდება შენი გზა - შარა
და ბებერ გულზე, ჯერ ვერ დაცლილი
შემოგასკდება კვლავ იუფშარა!
.....
ღამეს დაახრჩობ ნისლის გროვებში
როს დილის მადლი, ფერებს მოისხამს
როცა იქნება გაინაპირებ
და თვალს დაუვსებ მტერს და მოისარს!


შურიგე
ოქროს ფასი დასდებია იმ სიყვარულს
გადამთიელს, ფეშქაშად რომ ურიგე...
რომ ისურვო, ვერ გაიგებ, ვერ სინანულს
ლოდინისგან დაღლილ გზებზე,
შურიგე...
არც მზე მზეობს,
არც ღამეს აქვს რამე ხიბლი
ყელში, ფხასებრ გამჩხერია
უმი დღე...
გადამკვრია ორთავ თვალზე ვერცხლის ლიბრი
მეც ოდესღაც გიღალატე, შურიგე!..
თუმც, ყოველთვის საფიცარი იყავ ჩემი
ვერრა ვქენი...
ვერ დაგიცავ მალულ...
ეს ცვარ-ნამი მადლია თუ წვიმის ჩქერი
მისხალ-მისხალ შეფენილი მამულს?!.
საითკენაც გავიხედე - დაზაფრული
იმედების ხორხოშელა ნაშალია
არსად არ სჩანს, მერამდენე გაზაფხული
პოეტების ნებიერა, მაფშალია...
გაფრენილა, დამალულა ამ ცის იქით
(ალბათ არ სურს გტკიოდეს და ურვიდე?..)
თუმცა გული დარჩა შენთან ციცქნა ფიქრით
უშენობას ვერ აუდის, შურიგე...
დილაა თუ
ფერი დილის - ღამე-რაში
გიღრღნის გულ-ღვიძლს მოშურეთა შურვილი
ტბა-ზღვა ღელე-მდინარეთა ქვეყანაში
რად გაჭირდა, რომ მოვიკლა წყურვილი?!.
მხოლოდ ლექსებს შერჩენია საშენფერო
სიყვარულის ალმური და შხუილი
ამ მთების და ველ-მინდვრების საშემფერო
არვინ არ სჩანს!..
სხვა ქვეყნის სჭირთ სურვილი!..
უგულობა სხვათა... სხვათა...
სიქას მაცლის
ყელში ფხასებრ მეჩხირება უმი დღე...
ჩემი სუნთქვა, ჩემი გული - ტოლი მარცვლის
ჰა ფეშქაშად, სულისცალო! შურიგე!скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge