გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

სოფია ქურასბედიანი - ლექსები


***
ცა ტორტმანებს ვუცდი მთების გამოჩენას 
კანტიკუნტად გაფანტულან ცად ღრუბლები
მიწა ჯავრობს წვიმის წვეთის გამორჩენას 
მზე მწიფდება  როგორც ხეზე ალუბლები
ნისლი კორდებს მოეხვია ლეჩაქივით
მერე მკერდზე დაიწვინა შარა გზები
საძოვრები დაფარულა უკვე თივით
ითვრებიან აქ სამოთხის დარბაზები
მდინარეში ნებივრობენ კალმახები
ქვებსაც ასდით უკვე ნაზი ოხშივარი
ჰორიზონტი აითვისეს წარმატებით
ჩაიხუტეს მშობლიურად გულში ჯვარი
სხვას არა ჰგავს ჩემი სოფლის პეიზაჟი 
ვხედავ მინდვრებს  პურის თავთავს ადგილს მზიანს 
გვირილები ჯერ თითებზე მერე თმაში 
ხელში წიგნი და უკვდავი პოეზია 
ჩემი ეზო ხავერდოვან ჩუქურთმებით 
და ბაბუა  თეთრი თმებით ნაცნობ ჯოხით
უკვდავების ჰარმონიას ვუბრუნდები 
მწვერვალები მოვიარე სიზმრად ჩოქვით 
ფანჯარასთან თავდახრილი სუროს ცეკვა 
ვაზის ძირში ტკბილი წლების ქორწილია
ყოველ დილით  ალიონზე ზარის რეკვა 
უფრო ფილმი ასე რომ ჰგავს მოდილიანს.


გადაუხურავი სახლი 
მზე არემარეს ნუგეშით არწევს 
ბებერი მუხა დარაჯობს ფესვებს
დრო პეიზაჟზე ტყუილად არ წერს
კიდობანივით ავსებულ ლექსებს 
ხავსმოკიდებულ მოაჯირს ჩრდილავს
სიძველით მთვრალი პატარა სახლი
და ცრემლიანი დგას ყოველ დილას
სწყურია ნატანჯს სიცოცხლე ახლით 
ყოველთვის როცა სამყაროს სძინავს
ხმაურით მწუხრით მოგელავს ქარი
მერე წვეთების მორევში ძირავს 
თეთრ ორნამენტებს გზად მინანქარი 
გალუმპულია ოთახი ცივი
მტვრით დაფარული წიგნები კრთიან
უკლებლივ ყველა გამძღარა წვიმით 
ცამ უკითხავად იტირა გვიან
ძველი შენობის უცხო სართულზე 
შეუმოსავი კედლები მოჩანს
ამ რეალობას ისიც ართულებს 
წყალი ყოველგვარ სურათს შლის როცა 
როგორ ტრიალებს წამზომი მიკვირს
აქ ერთ დროს მელნით მოთხრობებს წერდნენ 
წყლით ჩამოშლილი კედლების ირგვლივ 
დედები ქართულ აკვნებს არწევდნენ.


სოფელს  
ახლა ჩემს სოფელში ნანატრ შარაგზებზე 
ისმის საგალობლის ხმები
ნისლის მეგზურებიც ალბათ ჩანან მთებზე
გლეხი თივას ზიდავს მხრებით
მსუყე შემოდგომის ჩვეულ სიყვითლეში
ბალახს აძოვებენ ნახირს
ლექსებს კითხულობენ ყრმები სიფხიზლეში
უკან მიჰყვებიან მარხილს
ახლა ჩემს სოფელში ნაზი ოხშივარი
საგზლად აეკიდა ტორებს
მაღლით ეკლესია მშვიდად მომზირალი
ცაზე შარავანდედს ტოვებს
ფერად ჩუქურთმებით მორთულ აივნისკენ 
გეზი აუღიათ მტევნებს
ასეთ სიმწიფეში  გზებიდაივიწყეს
შვება აგრძნობინეს ტევრებს
ახლა ჩემს სოფელში მთვარეც დაიბადა
მზისგან მოიპარა სხივი
რძისფერ გალაქტიკის ზურგზე გაიფანტა
გვერდი აუარა ტკივილს
გული მაგრძნობინებს სევდა მოვარდება
ქუჩის გასაყართან ვდგავარ
უკვე მომეჩვია სოფლის მონატრება
ვყვები ბავშვობიდან ზღაპარს.
         

***
სთვლემენ მაჯებზე მიჯაჭვული ეს ბორკილები
და გაცრეცილი რეალობის კენტი რიცხვები
მარადისობა უკვდავებას იცავს კბილებით წამები დარჩა 
ცოტა ხანში გარდავიცვლები 
ღრიალებს თვალწინ გადაშლილი ეპოქის მხეცი
მანამდე, სანამ უკანასკნელ ნადავლს იშოვის 
უსამართლობით მეც ნადირად გადავიქეცი 
მტანჯავს წყეული მოჩვენება ფიქრის სიშორის  
უსახლკაროა მზის აჩრდილი ჩემში მცხოვრები 
ყოველ განთიას ასხვაფერებს მისი მსვლელობა 
შემომეჩვივნენ რა ხანია მეც მათხოვრები 
და სისხლ-ძარღვების გასაყართან დგას თვითმკვლელობა
მოდით  გაძეხით დაფლეთილი ხორცის გემოთი 
თანაც ამ ღამით სევდამ უნდა გადამიაროს 
აჰა ცხოვრებავ რა ჯილდოსაც ჩემგან ელოდი 
ცოტაც მაკმარე ამ ცოტათიც ვვადამიანობ 


***
ფიქრი მიყვარს უძირო 
სიზმრად ვანთებ კელაპტრებს
ღამეები უძილო
ემსგავსება ძველ ავდრებს
პოეზიამ სიცხადე 
უკვდავებად შერაცხა 
იქნებ გამომიცხადე 
ის რაც ძირს დაენარცხა
თრობა ტკივილს მიყუჩებს
ფხიზლობს შურისძიება
მივუყვები იმ ქუჩებს 
მზემ რომ მანდო მძივებად
ნოსტალგიის ამბოხი 
იისფერი ძარღვები
ცა ლაჟვარდის სამყოფი
ჩარაზული საზღვრები
ორთაბრძოლის სავანე 
შენიღბული ჩრდილები
ცრემლი  - ქვრივი სამარე
დარდის გადაბირების


***
ადამიანო, ცოდვისაგან მძიმედ დაღლილო 
წლებს ჟამნი სჭამენ   კვლავ არ ეძებ არსად სამართალს
ატმის კვირტებზე გაზაფხულის წვიმად
დაღვრილო
რად ემსგავსები უძრავ ფიტულს სხვების სამართავს
ადამიანო ბოროტების გიჭირს ალაგმვა 
დარაბებს მიღმა იორკეცებ  ნაცნობ ჭრილობებს 
შორდები საზღვრებს დათანგული სიტყვის ქარაგმას
ფეხქვეშ ერთხმები ბრბოს სიძულვილს ფუჭ თავყრილობებს
ადამიანო ვერ გამგებო ყოფის  ზმანების
თრობის წამების დამხატავო რძისფერ ტილოზე 
თავშესაფარო უკანასკნელ მოჰიკანების 
ხურდის დამთვლელო  ვერცხლით სავსე სანაპიროზე
ადამიანო ვერ გამგებო ადამიანის
ნაიარევით დათანგულო  დარდის სხეულო 
დამვიწყებელო რომ გზა შენი ადამი არის 
კაცად მოსულო  სანახევროდ მიწად ქცეულო.


შ ე ნ ს   ს ა ხ ლ თ ა ნ
ცა ჩუმად ტირის  ნისლიან თმას შლის
შორს მზის ლოლოებს ახვედრებს ზვარებს
შენს სახლთან ვდგავარ ოქროსფერ თავშლით 
და თვით ცხოვრება მიხურავს კარებს
შარშან ამ  კედლებს მახსოვს აწვიმდათ
ცივ სახეს შენი კოცნა მითბობდა
ახლა უეცრად ისე აცივდა 
ძველ აივანზე დავიწყე თრობა
გათოშილ ხელებს ვუძებნი ბინას
წარსულს ქედს უხრის მძიმე უღელი
ღამეა  ერთი ვარსკვლავი ბრწყინავს
მარადიული და დაუღლელი
აირევიან სიმწრით ნოტები
რადგან ხავსს გლოვობს ჩვენი გიტარა 
არ გაგიკვირდეს თუ გავლოთდები 
აბა სიფხიზლემ  რა მომიტანა
ქოხი მინდოდა მდინარის პირას
მინდვრად გაშლილი სულის კვირტები
შენ ყოველ ღამით ამ გულში გძინავს 
მე კი ძილს გიფრთხობ როცა მჭირდები
სევდაა ამ გულში ჯვარცმული
ფიქრით შორს ისტუმრებს ალიონს
ცივ მაჯებს მისერავს წარსული
ჩემში რომ იმედი არიოს
გეშლებათ ქვრივი ვარ სიცოცხლის
თითებით შევეხე სუდარას 
სხეული ბორძიკობს ვითომ მღლის
ან მაჩვევს ხვეწნას და მუდარას
ქარი ქრის  აზვირთდნენ ტალღები
ვერ ვუძლებ სამყაროს გოდებას
და როგორც მშიერი ძაღლები 
ხორცს გლეჯენ სიზმრები მოთმენას
დახურეს ყოველი კარიბჭე 
არადა გაქცევა მერჩია 
ათასჯერ ნუ გადამაბიჯებთ 
ჩემს სულში ჯვარცმული ღმერთია
მიმიღო უფალმა ცოდვებით 
ახლა კი მიმზადებს სამსჯავროს
ზურგს უკან ისე ნუ გროვდებით 
რომ მერე სამყარომ განმსაჯოს.

***
ველაპარაკე შეშლილ ამინდებს
სველ ტროტუარზე  ღამის ჩრდილებთან
დრომ მიმატოვა  ცა თვალს  მარიდებს
დიალოგს მართავს სევდის შვილებთან
არ ჩანს სამოთხე  არც ჯოჯოხეთი 
ცრემლი იღვრება სისხლის წვეთებად 
მზეო  ჩემამდე მაშინ მოხვედი 
დღე რომ დავყავი მონაკვეთებად
ირგვლივ აჯანყდნენ მოგონებები
ჩანს  უფრო მტკიცედ ბრძოლის მცდელობა
გუშინ უარყვეს ქრისტეს ცნებები
კარი გაუღეს  რას - თვითმკვლელობას
ოცნებებს  გლოვობს სიბნელე ღამის
ბორკილებს იმტვრევს ძრწის აგონია
გადავიყვარე სიფხიზლე ლამის
შევისისხლხორცე მელანქოლია.
   




скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge