გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

რონა ბუბუტეიშვილი - ლექსები

***
იმ ზღაპარში ჩამრჩენია ქოში, ჟღალი,
მერამდენე უპასუხო ბარათით..
მე რომ ვიყო გაზაფხულის კოხშინშხალი
ნეტა სხეულს ქოლგით დაიფარავდი?
გატეხილი გულის ვინ თქვა გამთელება,
ზოგჯერ გიწევს–ნებით დათმო იმედი..
ციდან ბარდნა რომ დავიწყო ფანტელებად
ხელისგულებს ჩამომათოვიებდი?
მოგონება მოეჩრდილა ხსოვნის ეკრანს..
ჩამოადნა ფრთები, როგორც იკაროსს..
ქარივით რომ მოვიდე და შემოგეკრა,
ეცდებოდი ჩემგან გადაიქარო? 
დაბნევია ვით კოლიე, ზეცის კალთას 
იანვრის მზე, როგორც მთვარის ურჩი და..
თურმე შარბათს შერევიხარ სამსალად და 
მაინც ვეღარ მოგიშორე ტუჩიდან..
იმ ზღაპარში ჩამრჩენია ქოში, ჟღალი,
აქ კი ცხადს ვყოფ მერამდენე რაუნდად..
შენ რომ იყო გაზაფხულის კოხშინშხალი...
ნეტავ იყო!..მიწად ქცევას რა უნდა!..


***
სიტყვა ხან წყალია მდორე, 
ხან კლდე, ხან უძალო თირი..
ცრემლებს გააჩნია თორემ
ზოგჯერ ნიანგიც კი ტირის..
ვუხმობ მითებიდან თორებს,
და ვშლი ჩვენ ორს შორის ქორდას,
გულსაც გააჩნია თორემ
გული იუდასაც ჰქონდა..
ზოგჯერ ვეღარ დარობს დარი,
ვარდიც ზოგჯერ გიღირს ბარდად..
სადღაც სხვა ტკივილიც არის,
შენი სატკივარის გარდა..
მოაქვთ ქარბორბალას ტორებს,
სევდის ბარაქა და ხვავი..
ყოფნას გააჩნია თორემ,
ცოცხლობს ფარვანაც და ყვავიც..
სანამ არაკები თოვენ,
მანამ ლამაზია თოვა..
მომსვლელს გააჩნია, თორემ,
მოსვლით ბევრი ვინმე მოვა!
ავსებს დედამიწის ფორებს,
ერთად– სინათლე და ბინდი..
წასვლას გააჩნია თორემ,
ყველა წასულა და მიდის..
სიტყვა ხან წყალია მდორე, 
ხან ქვა, ხან კი თოფი ტირის..
ცრემლებს გააჩნია თორემ
ზოგჯერ ნიანგიც კი ტირის.              
                  
                

***
აღარ მღერიან მთებში პეონებს,
ბარში ხეები სდუმან მორებად..
მიჟამულ ხსოვნას კვლავ აპიონებს
შენი სახელის განმეორება.. 
მალე ბაღები ტოტებს დახრიან, 
ცივი ქარების მარდი ტურებით.. 
შემომეშველე.. გულზე მაყრია 
ლექსების მკრთალი პარტიტურები.. 
აყალოს შერჩა მზის ცალი ქოში,
რა ზადი არ სცხო მიწამ რა ლაფი..
სდუმს, გადაღლილი, იანვრის თოშით,
ზამთარი– თოვლის ძუნწი ალაფი...
ცამ ყელი ისე შემოიღერა,
ან მიავაზე.. ანდა მეშველე.. 
ხმა ვერ ავუწყვეთ, რომელ სიმღერას,
გახსენებაში შემომეშველე..
შემომეფლითა იმედის ქობა..
ღრუბლის პასტელი სულსაც აცივებს..
რომელი ზღაპარის შევწყვიტეთ თხრობა, 
სულ ერთი სიტყვა შემომაწიე..
ახლა განცდები ისეა მდორე,
თვალები შორმა ფიქრმა მოლილა..
მაშინ რეფრენად მოგსდევდი, თორემ,
ჩემი სიმღერა სად გაგონილა..
გადანისლულა ბანი და ერდო,
ამ ქარს ალვებთან რა ეჭორება..
ამბობს– გამტყდარი გულები, ერთ დროს, 
მოვლენო წითელ ყაყაჩოებად!



***
ჩადგა ფოთლების დაღლილი მარში,
ცეცხლიც, კოცონად რომ ვერ დაენთო..
გკითხე – ნამდვილად გიყვარდი მაშინ?
მითხარი –ბევრი გვქონდა საერთო!
ჰგავდნენ ნისლები მდინარის ბონდებს
და გახსენებდი ღობეს, წნელიანს..
მოგნატრებივარ ნეტავი ოდეს?
გკითხე და მითხარ–მარტო ძნელია! 
თითქოს ვზიდავდი წვიმებს საცერით, 
არცერთი სიტყვა რომ არ მზოგავდა..
–თუ იცნობ ლექსებს, შენზე დაწერილს..
თქვი–პოეზია მიყვარს, ზოგადად!
ცა შევაგებე ცრემლის საფირებს,
თითქოს წყალობას ვთხოვდი მესიას..
მკითხე – დარჩენას ასე აპირებ?
გითხარი– დიახ...უკეთესია!
მას შემდეგ ბევრჯერ ერთად და მარტო..
გადაიმწვანეს მთებმა ბზით მხარი..
და ახლა ზამთრის სიზმრებში გვათოვს, 
რაც მე არ ვთქვი და შენ არ მითხარი.
                                 


                                   
                                ***
        
                         ერთ შესანდობარს ვის აყვედრიან..
                         რომლითაც  წყავდი,გწყავენ  იმ ჩაფით..
                         ბოლოსდაბოლოს ყველას ხვედრია
                         მუჭა მიწა  და  წალდი–ნიჩაბი..
                         ბინდი   ღამეთა უცვლელი ლოგო
                         სარკმელს უხდება, როგორც სარო მარტს..
                         და ახლა ხსოვნას ვისუნთქავ როგორც
                         ყავადანიდან  ნაცნობარომატს.. 
                         ვერ ათბობს სულის ტკივილთა ნუსხას
                         მზის  უღიმღამო შუქი –არილი, 
                         და ჭინჭარივით ის დარდი მსუსხავს.. 
                         ერთ დროს ამ  აღმართსრომ  ვერ ავივლი..
                         მახსოვს  ოდასთანმდგარი  ოღნაშო,
                         და თმენას წამლად ვსვამ  ურეცეპტოდ..
                         ნამდვილად  ვიცი, რომ არყოფნაშიც
                         ვიგრძნობ  სიცოცხლისნერვის რეცეპტორს..  
                         ალვები  თრთიან–თეთრიელფები,
                         ფრთები რომ  ფერად ზღაპრებში დარჩათ..
                         ბილიკს  მივათრევ შიშველ ტერფებით, 
                         ვით  ფეხსაცმლიდანმორღვეულ  ლანჩას..
                         ცამ მოიყუდა მთვარე ყანწივით,
                         ხან  ავდრითმივდევ  ამ გზებს, ხან დარით..
                         სადაც  დავტოვესულის  ნაწილი 
                        გაციებული დამხვდა  ღადარი..
                        გაწბილებული  ჰკიდია ლარჭა,
                        ღვინის თასია თუ ალატია,
                        მე საკუთარი თავიც არ  დამრჩა,
                        ვისაც ჩემთვის არ უღალატია..
                        მაინც უსიტყვოდ მომყვები დარდად,
                        ვით უღიმილო  თვალის ახელა..
                       ყველამ მიმტყუნა, იმ ერთის გარდა
                        და იმ ერთს ლექსი ქვია სახელად.
 

 ბინდია
ნელ–ნელა ვწრუპავ ვნებების შარბათს, 
როგორც ღმერთების მეფე ვოდინი,
და ვფიქრობ, ბედად მეწერა ალბათ,
დასაბამიდან შენი ლოდინი... 
ბინდია..ღრუბელს წვიმა დაუშრა,
და გადმოფინა ცაზე ჯიქნები, 
რომ დაგივიწყო, ნეტა რა უშავს,
ერთი გულგრილი ქალი ვიქნები!
ბინდია, ცრემლი დარდს ვერ იოხებს..
უცდის მთებიდან ღამის ზეფირებს,
სინანულივით ამოგიოხრე..
და ლოცვასავით დაგიზეპირე..
ბოლო იმედი ჯერ არ მოსულა..
არ ვიცი, მოსვლას რატომ მიყოვნებს.. 
წუხელ მუზამ რომ დააორსულა
იმ ლექსის შობა გადაიყოლებს..
ბინდია..ღამე უსიცხოდ ბოდავს..
მეგონა ჟამი ხსოვნას დაგვიდა..
მითებში ჩამრჩა პატარა ოდა..
თეთრი რაში და შორი აგვინდა.. 
ბინდია.. ბინდის სარეცელს გავშლი
მჯერა, სიზმარში დამებედები..
ასე იძინებს ზღაპრებში ბავშვი..
ასე ერწყმიან ღრუბლებს გედები..
ბინდია..მიმაქვს ბინდების თოვა..
მზეს მუჭში ვმალავ, როგორც ისიდა,
მივდივარ, მაგრამ მეორედ მოვალ,
შენ რომ არ ელი, იმ მაისიდან.
                                           


                                   
                                          ***
                                აცვიათ ბინდის   პენუარები
                               ხეებს და  მთვარე ვერცხლის  ჟელეა.. 
                               ჭადარი  თითქოს რენუარია,
                               და  ცა  ქოლგების  ორანჟერეა..
                               ამოეკვნესა  სულის სიმიდან 
                               სიტყვა  საჰოო  და   საარაო..
                               ვის  დავანახო წვიმის მძივი და 
                               თოვლის ჯუბა  და  ქარის მარაო..
                              ვინ დავაჯერო, წელთა ჩეროდან
                               რომ შემომადნა  გული–სპეკალი,
                               ან უშენობა არ  შემჩვეოდა, 
                               ან  ვარდობისთვის მზეს მოვეკალი!
                               ჩამოიფარა დუმილმა რიდე,
                                აღარსად მოჩანს  კვალი,ნატივი,
                                ხსოვნაში შორი  ბავშვობა მიდევს,
                                უუსათუთეს  ექსპონატივით..
                               თოვს. უფაქიზეს ოლეანდრებად,
                               და ცოცხლდებიან  თოვლში მითები..
                               ჩემი თავი რომ მომენატრება, 
                               მოვალ, შევხედავ და  ავტირდები!
               


  ***                       
ციდან დავეშვი ლუციფერივით,
მხარზე მეკიდა ღამე ყაწიმად..
ღრუბელებად იქცა შენი წერილი
და ანბან–ანბან ჩამომაწვიმა..
რომ მწერდი მაშინ..(ნეტავი იმ დროს)
სულიდან მტრედი როცა აფრინდა..
როცა მაისი ჰკოცნიდა მინდორს.. 
და ზღვა სუნთქვდა ქარის აფრიდან..
ნეტავი იმ დროს, შენზე ფიქრიც კი 
როცა მათრობდა– ტკბილი ზედაშე..
ახლა მაგიჟებს ბედის ქილიკი,
ამ უთავბოლო ყოფის სევდაში..
გაიჯირითეს გულზე ფლოქვებით
და დატორილი ვმზერ დასალიერს..
შემეძლოს–რამდენ რამეს მოვყვები,
მაგრამ ლეთას წყლით ხსოვნა დავლიე..
ისევ მე ვიცი, რომ ბევრი ვცადე
არ მომრეოდა ცოდვა და ბიწი..
ციდან მიწამდე, მიწიდან ცამდე
დავწრიალებ და სირცხვილით ვიწვი..
ბინდია ჩემგან ისევ შენამდე
თუ გზა არ დარჩა.. რა გზა ჩანს აბა..
დასანანია იმ დაცემამდე
რაც იყო, თორემ მერე ჯანდაბას!
გადათელილი დღეების გვერდით,
ღამე სიზმრების მივსებს ამბარებს..
გაგშიშვლებია ქარისგან მკერდი
და ჩემს გაცრეცილ სხეულს გაფარებ.
                               
       

***

ღამემ საცისკრო ხარშა მალამო,
იანვრის თოშში ცა პირს არც იბანს,
ეზო მგონია საშაქარლამო,
მზე ისე ლოკავს თოვლის მარციპანს..
ჯერ კიდევ ფიფქებს ხელებს ვერ ვახლებ, 
სიზმრიდნ ცხადში არც უსკუპიათ..
და შეცივებულს, ყინვისგან სახლებს, 
უქათქათესი ხურავთ სკუფია..
ოთახში სივრცე ისე ბაცია,
ჰაერი ნაზი არა, მონაზო, 
დღეს სამორჩილე კაბა აცვია
შებინდებისას რომ ჰგავს მონაზონს.. 
თუმცა კი ცისკარს უხდება ფარჩა.. 
სონატა არა, უფრო არია..
აღთქმამდე დილას რა ცოტა დარჩა,
უქორწინო და უპოვარია..
როდესაც განსჯის მიდგება ჯერი,
ცდომილთა შორის ისევ ვითვლი თავს.. 
რომ საწერტელნი უფლისა ჩემის,
ჩემ ბეჭთა ზედა ვეღარ მიტვირთავს!
       
                            скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge