გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

მარიამ რევიშვილი - ლექსები

        
მზე სულ ერთია! სულერთია ვინ რასაც ამბობს,
სულს გავაშიშვლებ, დამირწიე გულის აკვანი,
პოეტად მოველ! დავწერ იმას დრო რასაც მანდობს,
შემოვიმსხვრიე ჩაკეტილის ბნელი საკანი.
გრძნობებს ვაშიშვლებ, თამამი ვარ როცა ვნებდები,
როცა მნებდება მუზა - კალმის მრუში მელანი,
გგონია, მარტივ ცხოვრებას ვდევ?! ნუ შეეცდები!
გაფანტო ჩემში ქარიზმები და კაეშანი.
ვივიწყებ თავსაც, არ იფიქრო განდეგვა შემშლის,
რა ვქნა, მჩვევია უჩინარი მე მარტვილობა.
ეს მიწა მიყვარს! ყველაფერი - რაც ქვეყნად შენც გშლის,
მაგრამ უფრორე მირჩევნია ცის მარტივობა.
ფრთები დაგაფრთხობს?! ვერ მომკვეცავ! დროდადრო ვაჩენ,
იდუმალებით მოცული ვარ, როგორც მისტიკა,
ნეტავ, რას ფიქრობ, თვალებში რომ სიმშვიდეს მამჩნევ,
გგონია, მხოლოდ მზერაშია ჩემი ლირიკა?!
ცდები! იცოდე, ყველაფერი ჩემშია თითქმის,
ღმერთიც, დემონიც, ერთდროულად ყველა უფლება,
პოეტად მოველ! ეს რატომღაც იოლად ითქმის,
არადა, ლექსით მოვიპოვე თავისუფლება!
ვწერ მეშუაღამე, ღამისთევა მცვლის, თვალებს მაცვენს...
როცა არავინ მეგულვება ჩუმი მზვერავი
ვაქრობ სინათლეს, სალექსაოდ თაბახებს ვაწვენ,
როგორც პატარძლებს, იცი როგორ?! ხვდება ვერავინ...


რომ შეგძლებდა
ვერ შევიცვლები! ვინც ვარ დავრჩები,
ბევრი პაუზა, ცოტა ხმაურით,
ალბათ მეორედ ვეღარ გავჩნდები,
დრო გაქროლდება აურზაურით.
ამოწურავენ აპნისს არჩვები,
შენც ამოწურავ ჩემს სულს გრძნეული;
და გაურითმავ სტრიქონს დარჩები,
კალმით ფურცელზე გამომწყვდეული.
ოღონდ საჩემოდ, ძველი ფერებით...
მე პოეზიით გესაუბრები,
მწამს, მხოლოდ ასე მოგეფერები
მარადიული თავისუფლებით.
მაგრამ მაკვირვებ, არხარ უცვლელი!
დრომ შეგაჩვია გადავიწყება,
და მეც შევიპყრე თეთრი ფურცელი,
ტრიუმფალური თავდავიწყება.
მიდის ცხოვრება განართულები,
გული ბადაგმა ბევრჯერ ჩაწმინდა...
ოჰ, რა ძლიერად გიერთგულებდი,
რომ შეგძლებოდა გეთქვა რაც მინდა...


შავი და თეთრი
პოეტურ ტკბობას ცის თანასწორი
ბევრი ფერი აქვს ბაცი და მკვეთრი,
მაგრამ ცხოვრებამ სულ ორადორი
ფერი იმეტა შავი და თეთრი.
ირეკლავს დროში მთლიანად წამებს,
დღე და მზის სხივით გათბება სული,
შუაღამე მოდის, სიბნელეს მწამებს,
ხელიდან მიდის სინათლე სრული.
ნუთუ ეს არის სამყარო მორჩა?!
ბნელის და ნათლის ტანდები ხარბად,
და თუ ცხოვრება ტკივილად მომრჩა
აღარ ვეძებო ფერები ჭარბად?!
ვეღარ ვიპოვი პასტელს და გამას?!
მონეს და რემბრანდტს კედელზე ვკიდებ,
ვერ დავაოკებ ქაოსურ დრამას?!
და თუ ვეღარა, ვეცდები კიდევ!
მე თუ ფიქრებში ვპოულობ ყვითელს,
გრძნობებით მარად გულში გულამდე
ვანთებ სიყვარულს - მეწამულ წითელს,
გეტყვი მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ დასასრულამდე!
გაზაფხულიდან მერცხლის სიმაღლით,
იის, ჟასმინის, ვარდის ნოტებით,
მე პოეტი ვარ! ფერთა სიმრავლით,
ჰაეროვანი ჰორიზონტებით...
სულარ მჭირდება, აღარც კი ვცდილობ,
სხვაგან ვეძებო ცისარტყელები,
ჩემი სამყოფი ფუნჯიც მაქვს, ტილოც,
და მრავალფერი აკვარელები.
მაინც ვმწუხარებ, ცხოვრება მკვეთრი,
ვაითუ მამჩნევს სხვაგვარს ვერაფერს,
სულ რაღაც ორი - შავი და თეთრი
ფერი აქვს, მაგრამ ყვირის ყველაფერს.


გაფრინდებიან
იცი?! გაქრება ეს წუთები და დავმძიმდები...
ავედევნები გადაფრენილ მერცხლებს, რომლებსაც
გაზაფხულამდე დაბრუნება არ უწერიათ!
არ უწერიათ აღდგინება ბებერ ოდებსაც!
აკივლდებიან ქარში სულნი, ვერ დავმშვიდდები...
შემოიძარცვავს ნელთბილ სხივებს მზე დაღარული,
გამეცლებიან აწ ფოთლებიც და დავფიქრდები
ახლა ვინახარ?! სიძულვილი თუ სიყვარული?!
მერე ქარებიც ჩადგებიან, სევდა აღძრული
მძაფრი ავდარი აატირებს ღრუბლებს ბოდვათა,
ცას დანებდება ნოემბერი როგორც ქალწული,
და შეიქმნება ჰარმონია ნეტარ ცოდვათა...
გაფითრდებიან მწვერვალები მეტად მაღალნი,
ჩამოიშლება თეთრი თოვლი ნაზი ამბორით,
ოჰ, ვერასოდეს დავუბრუნებ პასუხს კოცნათა,
რადგან გადნება მოვარდნილი ვნების ალმური.
დამეზოგება ალბათ კოცნა მილიონამდე...
და სათითაოდ შეგინახავ განსაკურნებლად.
ვიცი, გაივლის ყველაფერი შავ-თეთრ ფონამდე,
დროს ვერ მოვნახავ წვრილმანების დასაწუნებლად.
წელში გატეხავს სიმარტოვეს ჩემში სტრავინსკი,
აიკინძება თეთრი ღამე ფიქრის კონებად,
გავითოშები, შინ შევიხმობ მუზებს და ვისკით
გაგაფერადებ არსებობის გასაფორმებლად.
ვეღარ დაგიცდი! ავღელდები როგორც ზევსი და
კუდში გრძნობები ამურივით ამედევნება,
შემიფარებენ ბეღურები ფრთებქვეშ, მკერდში და
ზედ გამოისხამს სიმყუდროვე ქუჩებს მტევნებად.
ისევ დავიჭერ სადა ფურცელს ხელში მორჩილად,
და შემოჩენილ სადა კალამს მელნით შევავსებ,
დავწერ! რას დავწერ?! გიპასუხებ ჩემო მოჭრილად -
რომ ეს იქნება აპოგეა შენზე მეასე!
რომ ეს იქნება პრელუდია! დროის სონეტი!
სხვა ქარიზმათა სივრცეები გაფითრდებიან...
ავედევნები დაბრუნებულ მერცხლებს,რომლებიც
შემოდგომაზე უსათუოდ გაფრინდებიან...


სისხლისფერი ვარდი

ღრუბლებში უცებ მზე ჩაეშვა, მოთეთროდ ტოკავს,
ზღვამ გადამალა სიმყუდროვე ტალღების ქვევით,
მეც შევიმოსე თეთრი ფერის მბრწყინავი ტოგა
და გავუყევი სანაპიროს სხივების ფრქვევით.

სული სივრცეებს შეჰხაროდა ზღვისკენ გავარდნილს,
შემოვაბრუნე საჩურჩულოდ მშვიდი თრაგორი,
კიდეც მშვენოდა სიმარტოვის ლაღი ნავარდი,
კიდეც მინავლდი, დავივიწყე ძველი მთა-გორი...

და გამახსენდა ღვთაებრივი ალიგიერი...
უფერო წვიმით ტროპიკული ცა თუ წამოვა,
მე დაგპირდები - როს ვიქნები ამ მიწიერი,
ჩემი გულიდან სისხლისფერი ვარდი ამოვა.

გთხოვ, რომ მოწყვიტო!


შენ ყოფილხარ ღმერთი
ზოგჯერ გაგიღიმებს ბედი,
ვიღაც დაგიდგება მაგრად,
თბილად შემოგხედავს, გეტყვის:
- მშვიდად! შენ იქნები კარგად!
ვიღაც...ზოგჯერ სწორედ ვიღაც,
ლუკმას გაგიტეხავს უხმოდ,
თითქოს სულერთია იმ წამს,
კაცი უცნობი და უცხო.
რადგან შენში ჰპოვებს უფალს,
რადგან გრძნობა უდუღს გულში,
რადგან ადამიანს ხედავს,
რადგან სიკეთე აქვს სულში.
რადგან მილიონჯერ რადგან...
უყურადღებობით მკვლელებს
ძრახავს! დავრდომილი ნახა?!
მივა, შეაშველებს ხელებს.
მხრებზე შემოასხამს ძალას,
სისხლში აუჩუყებს შვებას,
თუ რამ შეუძლია მის წილ
აღარ დაიშურებს ნებას.
ასე გააგრძელებს ყოფას,
სხვათა დახმარების ხედვით.
ვიღაც გაგიტეხავს ლუკმას,
ზოგჯერ გაგიღიმებს ბედი...
ვიღაც, შენს მოსაკლავ ტყვიას,
გადაეფარება მკერდით,
გეტყვის: - შენ, არახარ მარტო!
ეტყვი: - შენ ყოფილხარ ღმერთი!



ეგზისტენციალური დრამა
შრება წვიმები, ხვალ თუ ქარია
კვლავ გავუყვები ჩემს გზას, სადამდე?!
ნეტავ, სად მიხვალ ჩემო მარიამ?!
არავინ მკითხავს... და სიკვდილამდე
ხელს შევაშველებ თავს მე საყრდენად,
რომ წაქცევამდე ვიდგე! სოლოში
სვლას გავაგრძელებ! იწყენ რამდენად,
როცა არავინ გიცდის ბოლოში...
როცა კვდებიან ლანდები ირგვლივ,
აღარ რჩებიან სულში დარდები,
დღე გასრულდება?! თავს სხვა ფიქრს მივგვრი -
და ჩემს გარდასულს ჩავუღრმავდები...
მთვარეს დავეძებ ღამე იმისთვის,
ცა გამინათოს თუნდაც მცირედით,
ის მეკარგება... მშვიდი ფიქრისთვის
სხივი არ მრჩება ბეწო იმედის...
არავინ მკითხავს - აქ ხარ მარიამ?!
აქ ხარ მარიამ?! იცი?! მჭირდები!
და ყველაფერი თუ სიზმარია,
მე ამ სიზმრიდან გამოვფხიზლდები...
გზას გავაგრძელებ და სიკვდილამდე,
ვერავინ მნახავს ალბათ წაქცეულს...
სულს თუ მშვიდობას მივცემ დილამდე,
გზას დავულოცავ ყველა გაქცეულს...
სად ხარ მარიამ?! სიჩუმე ისევ
მიმსხვრევს იალქნებს ბოლო მისხალის,
არვიცი! პასუხს იმდენჯერ ვისმენ,
სადღაც მომისვრის დრო ქარიშხალის...


***
სადღაც ჭკნება გრძნობა მკვეთრი,
ვით ფოთოლი შემოდგომის,
ატირდება ლექსი თეთრი...

ლექსი ჩემი ცრემლის ფრაზად.
ნავის ფორმით გავაცურებ
ჰორიზონტზე ქაღალდს ნაზად.

თან წაიღებს გულისტკივილს,
შენი სახლის სიმყუდროვეს...
ვერ გავუძლებ სულის კივილს...

მოგინატრებ, თუმცა მდორედ...
მინავლდება ის ძველი დრო,
განა აღარ?! ამ წამს სწორედ.

მეუფლება უხვალეოდ,
უცხო შიში სიმარტოვის.
მქურდავს ღამე უმთვარეოდ.

დროა შემოდგომისპირის,
სადღაც ჭკნება გრძნობა სრული,
თეთრი ლექსი ჩუმად ტირის,

დასასრულით...скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge