გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გიორგი ზიჩი - აფთიაქის ბიჭები (ფიქრები მინიატურულად)

                                          ეძღვნება გიგის
                 
დასაწყისი
ადგებოდა და გარბოდა...
სულ დასავლეთისკენ ჰქონდა გეზი...
ყვითელი ნეკერჩხლის ფოთლები შრიალებდნენ მის ფეხებში მუდმივად.
საყოველთაო აღიარება მისთვის უცხო იყო.
სამაგიეროდ, მისთვის ძალიან ნაცნობი იყო ზარები,
რომლებიც რეკავდნენ.
აზროვნებას მოკლებული საქციელებით ძალიან
დაღლილ-დამძიმებული
გადი-გამოდიოდა
38 კვადრატულიან-
ოთახში,
მხოლოდ ძილი უნდოდა, რამდენიმეთვიანი ძილი და მხოლოდ მაშინ გაღვიძება,
როცა ყველაფერი დალაგებული იქნებოდა.
საოცრად მომაბეზრებელი ერთსადაიმავეობით, მუდმივად წარსულზე წუწუნით დაღლილმა ტაიმ
გადაწყვიტა ეს შეგრძნებები ყველა ერთად შეეგროვებინა და ქუჩაში რომ ნაგვის ურნა იყო, იქ მოესროლა.
ასეც მოიქცა. აიღო შავი ცელოფნის პარკი და რამდენჯერმე სული ჩაბერა შიგნით,შემდეგ სახეზე შემოიხვია და
ყვირილი დაიწყო პარკში.
ასე, ალბათ, ცუდი აურა და გრძნობები ჩაყარა თუ გადაყარა ცელოფანში, მერე თავი მაგრად
მოუკრა და ნაგვის ურნაში მოისროლა.
თუმცა ის ხომ მხოლოდ იმ დღის გამოსავალი იყო,
ახალ დღეს ახალი სიმძიმეები მოჰყვებოდა ხოლმე,
საბოლოოდ გამოსავალი აფთიაქი იყო... აფთიაქი, რომელიც არ ილეოდა,
არ მთავრდებოდა მის ცხოვრებაში.
ეს აფთიაქები ყველა უბანში იყო გახსნილი,
ზოგს სახლში ჰქონდა,
ზოგს - სადარბაზოში,
ზოგს - ინტერნეტში.
და ასე დაუსრულებლად ობობას ქსელში გახვეულ სააფთიაქო ბიზნესში ტრიალებდა -
ტაი, კაი და ვაი.
,,აფთიაქი,, ერქვა იმ ქალაქსაც, სადაც ეს ბიჭები ცხოვრობდნენ.
აბა, რა უბედურებაა?!
ყველას გველი ეხატა სულში.
თუმცა ბიჭებს მხოლოდ თემა ჰქონდათ და შეძლებისდაგვარად
ითბობდნენ ხოლმე ორგანიზმებს.
ასე მოიქცნენ იმ საღამოსაც.
ვაი წავიდა და მოვიდა სულის საცხებლით,
იცხეს ბიჭებმა ბოჰემური სიამე
და გრძნობები მოეძალათ!!!
ტაის ,,სინაზე“
გაახსენდა.
,,სინაზე“ ტაის ბავშვობიდან უყვარდა,
მაგრამ ,,სინაზეს“ სულ სხვა ტიპი - ,,უხეშობა“ უყვარდა.
ასეთია ცხოვრება, პირიქით უყვარდებათ და
პირიქით მდიდრდებიან ხოლმე ადამიანები.
ტაი მიადგა ,,სინაზის“ სარკმელს.. დაუძახა, ჩამოდიო,
მაგრამ მან რაღაც სისულელე მოიმიზეზა, რათა თავიდან მოეშორებინა აბეზარი ტაი!!!
ასეთი დღეები იდგა ძირითადად მათ ცხოვრებაში,
გაღვიძება, ცოტა სინანული გუშინდელზე და ბოლოს ისევ აფთიაქი.
დაძინება, შემდეგ ისევ სინანული და ისევ აფთიაქი.
ასე გავიდა წლები. ვაი გარდაიცვალა.
ერთ საღამოს ბიჭებმა -იქვე,ქუჩის კუთხეში. იპოვნეს წაქცეული, გული აღარ უცემდა და სულ ცივი იყო...
ამ ამბავმა ძალიან იმოქმედა მათზე.
რაღაც მოხდა მაშინ მათ ცხოვრებაში და კაიმ
-გადაწყვიტა,მონასტერში წასულიყო, სადაც რამდენიმე თვეში შეიმოსა კიდეც და მორჩილი ,,გარდაისახე,, გახდა.
კიდევ ერთ წელიწადში - დიაკვანი და რამდენიმე წელში - მოძღვარი...
ასე იქცა კაი მოძღვარ ,,გარდაისახედ“.
თუმცა ტაი ვერ აბარებდა აღსარებას მოძღვარ,,გარდაისახეს“, რადგან თვლიდა, რომ მან
ისედაც ყველაფერი იცოდა მისი ცოდვების შესახებ და თუ მოუნდებოდა, ღმერთს უმისოდაც მოუყვებოდა ყველაფერს.
,,სინაზეც“ გათხოვდა ,,უხეშობაზე“, შვილიც ეყოლათ და სახელად ,,შუა,, დაარქვეს.
კარგი გოგონა იყო, შუალედური,
კარგად დავარცხნილ-დაბალანსებული.
რაც შეეხება ტაის, ცხოვრობდა ყველაფრისგან შორს და ყველაფრისგან ძალიან ახლოს.
იგი იყო ჩვეულებრივი, 33 წელს მიტანებული ბიჭი, რომელსაც არ უნდოდა, დაღუპულიყო.
ცდილობდა, იბრძოდა და ხან გამოსდიოდა გადარჩენის ამბები, ხანაც - არა.
ღმერთს უყვარდა იგი, ერთ გოგონასთან შვილიც აჩუქა - პატარა ბიჭი, ლამაზი შიო.
მუქი ფერები ცოტა გადახუმდა და ისე მკვეთრი აღარ იყო.
ღრუბლებიც თითქოს
ნელ-ნელ იფანტებოდნენ...
ტაი და შიო, შიო და ტაი.
მამაშვილური ერთობის ნიმუში..
მერე რა მოხდა?
მერეც ყველაფერი ჩველებრივად მოხდა ისე, როგორც ხდება ხოლმე...
წლებთან ერთად ჭკუამაც ფერი იცვალა.
                     
დასასრული
იტალიური ეზოები...ქვაფენილიანი აღმართები... დილის ხმაურები..
,,ბოთლეებს,
ვიბარეებ ბოოთლეებს,,
უაზრო მზეები,
ყვითელი ღამეები,
ანთებული და ჩამქრალი სახეები,
უნიათო ანანისტი ბირჟავიკები,
ფორტეპიანოს ხმები მესამე სართულიდან,
ობობები და ვირთხები,
მწუხარებები და სიხარულები,
ახალი ქუჩის სკამები,
დამინული ბუტიკები,
,,სექენდ ჰენდები“,
ყვითელი, ლურჯი, მწვანე ავტობუსები,
აქციები და აქციები, ხალხის მუდმივი პროტესტები,
ხელისუფლების შეუსრულებელი დაპირებები,
ისევ აფთიაქები,
მწვანე, წითელი, ნარინჯისფერი
და ჭრელი აფთიაქები!!!
ამასობაში გავიდა წლები და ერთხელაც იმ ქუჩის კუთხეში,
სადაც ვაი გარდაცვლილი იპოვეს, ერთმანეთს შეხვდნენ
შიო და შუა, როგორც ტაისა და ,,სინაზის“ გაგრძელებები.

2020 წელიскачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge