გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ზურა ოდილავაძე - ქართველ დედასა და მეძავ ქურთუკებზე

                       
                        რომანი – ,,ქართველების ექვსი ვნება” – გამომცემლობა ,,სიესტა“, თბილისი, 2020 წელი. მაღაზიებში იქნება ორ კვირაში


I. პირველი
მწერალი რომ ვიყო, თხრობას ასე დავიწყებდი: თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, ცხოვრობდა ერთი მორფინისტი გიორგი, რომელსაც დედა დაუსრულებლად ქურთუკებს ჩუქნიდა, ის კი მათ ნაირნაირი გზებით ,,წამლად“ აქცევდა. მე არ ვარ მწერალი, ადამიანიც კი არ ვარ, ქურთუკი ვარ, მართალია, მეტად მოდური და ძვირადღირებული, მაგრამ მაინც მხოლოდ ხშირი ბეწვით ამოკრული, მუქი ყავისფერი ზამშის სამოსი – იმდროინდელი ტერმინოლოგიით ,,დუბლიონკის კურტკა“. იმით კი შემიძლია ვიტრაბახო, რომ ჩემ შოვნას საკმაოდ დიდი გაჭირვებით თუ შეძლებდით, ისიც გადამყიდველ ებრაელებში.
კომუნისტური ეპოქის 80-იანი წლებია, ,,უძრაობის“ ხანის შუაწელი. როგორც უკვე ვთქვი, მაგარ მოდაში ვართ და ჩვენზე ,,დუბლიონკებზე“, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, შეძლებული ქართველები დიდ ტაციაობას გამართავენ. არალეგალური ვაჭრობის ერთ-ერთი წამყვანი ცენტრი ქ.ორპირის მახლობლად მდებარეობს – ეს არის ებრაელებით დასახლებული დაბა კულაში. თუ იქ ჩასულს ძალიან გაუმართლა, ,,სპეკულიანტი“ ,,სხვისთვის გადადებულ“ ქურთუკს გამოუჩენს და კლიენტიც 1500- დან 1700-ს მანეთამდე დიდი სიხარულით გადაიხდის. ეს კი საკმაოდ დიდი თანხაა და მსუბუქი ავტომობილის ფასის არანაკლებ მეხუთედს შეადგენს.
ორპირის რაიონის წამყვან გინეკოლოგს, ლიას, რომელსაც ებრაელები დიდ პატივს სცემდნენ და ენდობოდნენ, სწორედ მე ვერგე. საკეისრო კვეთის ოპერაციით დაკავებულს, პირადად ლია ექიმს ვერ მოუცლია და ექთანი ნანა გამოუგზავნია. ამის შესახებ კულაშელი ,,შათიას“ სახლის დიდ ოთახში, სადაც გასაყიდი საქონელი იყო გამოფენილი, ექთნის საუბრიდან შევიტყვე.
სხვა სამოსისგან განცალკევებით სავარძელზე მიწოლილს, ცელოფანი გადამაძვრეს, ჩანთაში ჩამდეს და სამშობიაროს ,,მოსკვიჩით“ ორპირში გამომაქანეს.
...დღის მეორე ნახევარი რაიონის სამშობიარო სახლის მთავარი ექიმის კაბინეტში გავატარე. მთელი საღამო ვუსმინე ლიასთან ,,საიდუმლო კურიერის“, ლამარა კუციას გარიგებას მეზობელი რაიონის პროკურორის საყვარლისთვის შემდეგ კვირას აბორტის გაკეთების დეტალებზე. ბოლოსკენ მოლაპარაკება ჩურჩულზე გადავიდა და ექიმის ჯიბეში ტკიცინა ასმანეთიანებით გასხივოსნებული კონვერტის ჩასრიალებით დასრულდა. შემდეგ ერთმა დედამ შვილი შემოიყვანა, მათაც ,,არასასურველი“ ორსულობის პრობლემა ჰქონდათ რადიკალურად გადასაწყვეტი. ისევ ,,ტკიცინები”... ლია პაციენტთან ერთად გავიდა და ნახევარ საათში დაბრუნდა. ჯიბე და საშოგამოფხეკილმა დედა-შვილმა კაბინეტი დატოვა. შემდეგ კიდევ ერთი... ამასობაში შეღამდა. ლიამ ფული გადათვალა, კუპიურები ღირებულების მიხედვით გადააწყო, საფულეში ჩაიდო და სახლისკენ დაიძრა.
ცელოფნის პარკში მომათავსეს, ბინტით გადამახვიეს და ტყავის ხელჩანთაში ჩამდეს. ახლა კი მე და ლია მატარებლით თბილისში მივდივართ. ჩვენს გარდა კუპეში ორი უშველებელი ჩანთაა, მუყაოს სამი დიდი ყუთი და ერთი ბაწრით გადახვეული ფუთა. სანამ ჩანთაში მიკრავდნენ თავს, უსაქმურობისგან იძულებული გავხდი, დანარჩენი ბარგის ჩალაგებისთვის მედევნებინა თვალი: ხუთი კილო ძროხის და სამიც ღორის ხორცი, კვერცხწასმული, ჭყინტი ყველით გატენილი ექვსი ხაჭაპური, ხუთი ,,სგუსჩონკა“ და ,,ტუშონკის“ ტაოტიანი ხუთი ქილა სსრკ-ის სამხედრო მარაგებიდან, ოცდაათი კვერცხი, სამი კილო ყველი და ოთხი თავი შებოლილი სულგუნი, ცხიმისგან შეყვითლებული ორი დედალი და ასეთივე ინდაური, ნახევარი გოჭი, შებოლილი ზუთხის ნაჭერი და ორი ქილა ხიზილალა, ხუთი ბრიკეტი კარაქი, ერთ მიტკლის ტომარაში – ჭადის ფქვილი, მეორეში – ღერღილი, კარადის თავზე დასამწიფებლად შემოსაწყობი ქარვისფერი ხურმა, ვაშლი და მანდარინი, ოცი ჩურჩხელა (ათ-ათი – თხილისა და ნიგვზის), ტკბილი კვერი, ვაშლის ნამცხვარი, ბლომად მოსკოვის კანფეტი, ამერიკული ,,მარლბოროს“ ორი ბლოკი, ასანთის სამი შეკვრა, პარაფინის ხუთი სანთელი, სამი ფრანგული საპონი ,,Camay”, პოლონური ოდეკოლონი ,,Spartak” და რუსული ტუალეტის ქაღალდის ხუთი რულონი... თითქოს არაფერი გამომრჩა?..
დილით ადრე, გათენებამდე, თბილისში ჩავედით. ციოდა. ვაგზლის მტვირთავის ჭინთვა, ოთხთვალა ურიკა. ტაქსისტებთან ვაჭრობა და ისევ მტვირთავის ქოშინი. ვარაზისხევის ქვაფენილი, ,,ჩაის სახლი“ და კეკელიძის ქუჩის ათი ნომერი.
ორი უშველებელი ჩანთით ხელდამძიმებულმა ლიამ მეხუთე სართულამდე დინჯი ნაბიჯით, შესვენების გარეშე ააღწია და კარზე დარეკა. როგორც შემდეგ გაირკვა, გიორგი ,,წამლის” გადაგდების მორიგი მცდელობის ჯოჯოხეთის წრეებზე დალასლასებდა. უძილობით ტანჯვა, სახსრების ტეხა, ოფლიანობა და პოლუციები, ერთი სიტყვით, ,,ლომკის“ თითქმის ნახევარი უკან დაეტოვებინა და ამ დროს, ,,თავზე დავადექით“.
კარი გააღო, გუნებაზე აშკარად ვერ იყო, ისე აკანკალებდა, ჩანთაშიც კი მესმოდა... ცხადია, დედა ჩამოსვლის შესახებ ერთი კვირით ადრე გააფრთხილებდა, მაგრამ მაინც საძილეებისგან გაშტერებული მზერით უყურებდა, თითქოს ვერც იცნო, ვინ და რატომ წამოაგდო ამ დილაუთენია. მას ხომ ეს-ესაა ჩასძინებია... ვაა, ჩამოხვედიო, თქვა და, ალბათ, იქვე გაიფიქრა, ამან ხო გაატრაკა ამ  ჩანთების თრევითო... თავისი ოთახისკენ გაემართა, სადაც მეუღლისგან განცალკევებით ეძინა, თითქოს ჩაცმაც დააპირა, მაგრამ დედამ დაამშვიდა, იყავი, ქვემოთ ტაქსისტს ფულს მივცემ და ის მომეხმარებაო... საბანი გადაიფარა და გაყინული სხეულის გათბობას შეუდგა... 31 დეკემბერი თენდებოდა, ახალი წელი დგებოდა; ეს კი ,,წამლის გადაგდებას“ მეტად საეჭვოს ხდიდა, აბა, ახალ წელს ,,ლომკაში“ ხომ არ შეხვდებოდა? თან დედაც ჩამოვიდა, ფული იქნება... გაიფიქრა და ამასობაში ჩაეძინა... შემდეგ მარნეულის გზაზე ცინცხლად გაჩხერილზე დევიკას უყვებოდა – სიზმარში ისევ ბევრი ოპიუმი უნახავს: ბარიგა, წამლის აღება... აი, დააანგიდრიდეს, ხსნარი წამოადუღეს... ბამბის ,,შარიკით“ ,,ბაიანში“ ამოიღო... და ისევ ეს დედამოტყნული ,,ძაღლებიო“ – გაკეთებას არ დაგაცდიან, ეს ბოზებიო! თურმე გარბის და ვერ გარბის, კადრები შენელებულა, უშნოდ იზლაზნება, ფეხები არ ემორჩილება, არადა მდევრები ეწევიან... უცებ ის ახალი ექთანი გოგო შემოსულა სიზმარში!.. ეზასავება, ეფერება, მკერდზე კოცნის... და გაუთავებია კიდეც... მოვლენებს გავუსწარი, ამაზე შემდეგ.
ტრუსი ლოგინშივე გაიხადა, იმითვე შეიმშრალა. წამოდგა, უჯრიდან საცვალი გამოიღო, ჯინსები ამოიცვა და აბაზანის გავლით ლოჯიაში გავიდა. მეუღლე ნინო და ქალბატონი ლია ჩანთებიდან ამოღებულ სურსათ-სანოვაგეს მაცივარსა და აივნის კარადებში ანაწილებდნენ. გიორგიმ ,,ლომკისგან“ აცრემლებული თვალებით ამოლაგებულ პროდუქტს გადახედა:
– კაი, რა, ეს ასანთი და ტუალეტის ქაღალდი რაღაა?
– იყოს, ხომ არ გაწყენს, ზედმეტად გარეთ გასვლა არ მოგიწევს... რატომ არ ხარ გაპარსული? – ჰკითხა დედამ და ამჯერად მუყაოს ყუთებს მიადგა. შემდეგ, თითქოს რაღაც გაახსენდაო, დაფიქრდა და მაგიდიდან მოზრდილი ხელჩანთა აიღო:
– გიორგი, ერთი წუთით, რაღაც მინდა განახო... – ლიამ ცელოფნის პარკი გახსნა და მე ამომიღო. რა საშინელებაა ეს ცელოფანი, სული შემეხუთა, ლამის დავიხრჩვე. კიდევ კარგი, ადამიანებივით ოფლი არ მდის, თორემ მატარებლის სიცხისგან ავყროლდებოდი კიდეც.
– ვაა, ,,დუბლი“, გაასწორა! ესპანურია...
– აბა, მოიზომე, ვნახო.
გიორგიმ უხასიათოდ მომიცვა, კარგიაო, თქვა, დიდი მადლობაო, მიაყოლა და თავის ოთახში დაბრუნდა. საწოლზე მიწვა და სიგარეტი გააბოლა. ჩემი რბილი ბეწვი მამაკაცის სხეულს სასიამოვნოდ ეფერებოდა. მე კი დეზოდორისა და ლომკის მწარე სურნელით გავიჟღინთე, კიდევ დამწვარი ძვლისმაგვარი სუნიც მცემდა – მგონი სპერმის. ტელეფონმა დარეკა:
– გისმენთ... შენა ხარ, დევიკ, რა ხდება, რამე ხომ არ იცი? ბიჭო, დედაჩემი ჩამოვიდა!..
საუბრიდან მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლებოდა – თბილისში წამალი არსად არ ,,იღებოდა“ და მეგობრებს წარმოუდგენელი რამ ელოდებოდა – ახალი წელი ფხიზლად! ერთი მბჟუტავი იმედის სხივი დევიკამ მაინც გამოუშვა...
იქვე, თბილისის მახლობლად ყოფილა მარნეულის რაიონი, თავისი რაიონული ცენტრითა და დიდი მოასფალტებული მოედნით, სადაც ცხოვრობდა თბილისელი მკეთებლების მასპინძელი და ამიტომ მარნეულის ყველაზე მოწინავე ძველი ბიჭი და შეთავსებით ,,ბარიგა“ – მესიკა.
საღამოს რვისთვის გიორგის ახალთახალი ,,07“-თ ჩავიდნენ. მესიკას წამლის მოძრაობის შესახებ რაღაც მაინც უნდა სცოდნოდა. მასპინძელი სრულიად უიმედოდ, მაგრად ბარაქიანად გაჩხერილი დახვდათ. იბაზრეს, აქეთური-იქეთური, მარნეულის ,,ბარიგების“ წამლით მომარაგების საკითხი მიმოიხილეს, ამასთან დაკავშირებული მესიკასეული დღის ქრონიკაც მოისმინეს – გამოჩენილი მორფინისტებიდან ვინ იყო ჩამოსული. ნარატივიდან გაირკვა, რომ მარნეულელებს ქურდებიც კი ,,ლოგში“ გაუშვიათ... ღამდება... დასასრულს, დაკაიფებულმა ,,ბოლო იმედმა“ ცხვირი ეშხიანად მოიფხანა და წარმოთქვა:
– ადინ შანს ესთ... ეთა, ვ მუღანლო ზაიდი ქ ილიაზუ... ჩისთი ბილ... მინე ნე დაიოთ, სუქა, თებე მოჟეთ დასთ, ფაფრობუი...
გზა, მუღანლოს კაფე-რესტორანი, ქვემოთ ჩასახვევი, მიწის ვიწრო ტალახიანი ქუჩა. სახლები მაღალი გალავნებით და პატარა ჩიხი... სამი ,,თათარი“ დგას... ერთი დანარჩენებზე გაცილებით მაღალი, ტანით დიდი და მუცლის ქვედა ნაწილში ავადმყოფური პატარა ღიპით... დევიკამ წამოიძახა:
– ეგ არის, გავარტყით, ილიაზაა! – მანქანა გააჩერეს, დევიკა გადავიდა:
– ვაა, პრივეტ, ბრატ! კაკ დელა, ილიაზ?
– დევიკას, გაუმარჯოს!.. და თაქ, სთაიმ ბაზარიმ. ნა სვადბუ იდიომ... ა ლექასთვა ნეთ! ჰეჰე...
გაღიმებულმა ილიაზმა სიგარეტს მოუკიდა და მეგობრებს თვალი ჩაუკრა. მათაც გაიცინეს – ოქროს კბილები მთვარის შუქზე ლურჯად აბრჭყვიალდა.
– ეე, ეთა ქთო ს თაბოი?
– დრუგ, ნე ბოისია, ნაშ.
– დუბლონკა ხაროში, პიზდეც!
– სლუშაი, ილიაზ, დენგი ესტ, დავაი, ჰა?
– დენგი და, ნო დუბლონკა ოჩენ ხაროში!..
დევიკა ჩვენკენ წამოვიდა:
– ბიჭო, შენი კურტკა ევასა, წამალს ასიანი გააძრობს!
– მაიცა, თუ ძმა ხარ, დედაჩემი დაიცენტრება, დღეს მაჩუქა!.. მარაა... ახალი წელი უწამლოდ, როგორია?!..
– რა ვქნათ?
– რავიი, დაებაზრე, მაგის დედას შევეცი!
დევიკა ისევ ,,თათრებთან“ მივიდა. რაღაცას ბჭობენ. ისევ ჩვენთან დაბრუნდა:
– კაროჩე, ფული მაიტათ და კურტკა მათხოვეთო – ქორწილში მიდიან, აქ ხო იცი, ,,დუბლი“ მაგარი პონტია... ახლა არ დაიწყო, დედაჩემიო, წამალს გააძრობს და ხვალ-ზეგ კურტკასაც დააბრუნებს.
– მაგის დედას რო შევეცი, ჰა, მიეცი და დროზე გავიკეთოთ რა! ჰო, და როდის ჩამოვიდეთ, ზუსტად შეუთანხმდი! აქ დამხვდეს, თორემ დედაჩემი თავს დაიბრიდავს!
ასე აღმოვჩნდი ილიაზის ოფლითა და არყის სუნით გაჟღენთილ ტანზე. ისიც გავათბე და ფაფუკი ბეწვით მივეფერე – ასეთია ქურქის ხვედრი, ვინც გიყიდის, იმას უნდა ეფერო და ელოლიავო. ილიაზმა ფული გადათვალა და მეზობლის ეზოში შევიდა. ხის მორებში გადამალული მოზრდილი ,,ჩეკი“ გააძრო და ისევ გარეთ გამოვიდა:
– ვოთ, ჩისთიაქ, მორფი გრამ, დერჟი. ასთაროჟნა, მენთი ბეგაიუთ – ნოვი გოდ, დენგი ვსემ ნუჟნი!
დევიკა მანქანისკენ გაემართა და ბიჭებმა ილიაზთან დამტოვეს. იასნია, იქვე სადღაც უახლოეს გორაკზე აუხვიეს, გაიჩხირეს და თბილისში ბედნიერები ჩავიდნენ. გიორგიმ დედა, ალბათ, იოლად დაამშვიდა – ქურთუკი მანქანაში დამრჩაო... ან დევიკას მოვახურეო. მასეთები კი ეხერხებოდა.
ჩვენ კი ქორწილისკენ დავიძარით. ბევრი რომ არ გავაგრძელო, წამლით გაჟღენთილი ილიაზი არყითაც გასკდა. შემდეგ გარეთ გამობარბაცდა, სახლში დაბრუნდა. ეზოში არწყია, მიაფსა და მალევე, პირდაპირ ცოლის თვალწინ გაიკეთა. მიწვა, ხვრინვა ამოუშვა... და ძილში ,,გაიპარა“.
მეზობლები, ნათესავები, ქალების ტირილი... შუადღისთვის ჩამოსულ ბიჭებს, გიორგის ,,დუბლიონკაში“ გამოწყობილი ორმეტრიანი ილიაზი ხის ნოხგადაფარებულ ტახტზე გაშოტილი დახვდათ. მისმა უნუგეშო მეუღლემ მგლოვიარე თბილისელების დანახვისთანავე გაშავებულ გვამს გადახედა და შეჰკივლა:
– ვსთავაი, ილიაზ, თვაი რებიათა ზა ლექარსთავამ პრიშლი, დავაი ფამაგი დრუზია ვ ლომკე!
კედელთან უმწეოდ ატუზულნი იდგნენ. გარდაცვლილი, ცხადია, ეკიდათ, ჩემთან სამუდამო განშორებას გლოვობდნენ – რა გაეწყობოდა, გახევებულ მიცვალებულს ხომ არ წამოაყენებდნენ, მე რომ გავეხადეთ. დამტოვეს. მე და ილიაზი კი იმ დღესვე ნოხში გაგვახვიეს და მარნეულის ცივ მიწაში ჩაგვდეს. დიახ, ყველა საიქიოს შვილები ვართ, გვიან ხვდები ამას, არადა თავი მომქონდა, აქაოდა ესპანური ქურთუკი ვარ, გიორგის ,,დუბლიონკებში“ უპირველესი! ძლივს მარადიულზე ფიქრი დავიწყე და აქაც არ მასვენებენ – ჭიები შემესივნენ, ეტყობა, ძლიერ ეამათ ესპანური ტყავის გემო... ილიაზი თითქმის დაამუშავეს და ძვლებიღა დატოვეს – მიწა მიწად აქციეს. მეც, ალბათ, მალე გავქრები...
ადრეც ვთქვი და გავიმეორებ, ასეთია ქურთუკის ბედი, მეძავივით, ვინც შენში ფულს გადაიხდის, იმას უნდა ემსახურო და საფლავშიც ჩაჰყვე. ზოგს უმართლებს, მე – არა. არც პირველი პატრონი ვარგოდა, ხოლო მეორე ხომ საერთოდ... კარგი, მკვდარზე ცუდს არ ლაპარაკობენო. ისე, მაინც ძალიან მენატრება ხოლმე... ილიაზი – არა, ის, მორფინისტი გიო. გულით ცუდი ბიჭი არ იყო, მაგრამ წამალი, ხომ იცით – ქუჩაში გასვლა, გოგონებთან თავის მოწონება... სხვაგვარად, როგორ გამოეჩინა თავი? დაიხუნძლა კაცი კომპლექსებით. ხუმრობა საქმეა: დიქტატორი დედა, ამდენი სიყვარული, ამხელა ზრუნვა, მუდამ ყურადღების ცენტრში... გაძლება არ გინდა?! გაიტაცებდა ეგოიზმი, აბა, რა იქნებოდა და ჩარჩა გიო ბავშვობაში... ეგაა რა...
ახლა უცებ ერთმა აზრმა გამკრა – რამდენად ვგავართ მე და ქალბატონი ლია. ჩვენ ორივე გიორგის ვათბობთ, ის გვიყვარს და გვენატრება, მისთვის ვარსებობთ და საბოლოოდ თავსაც ვწირავთ, ჩვენ მისთვის თავდადებული ,,დედა-მეძავები“ ვართ... შვილისთვის, მისი კეთილდღეობისთვის ყველაფერს ვთმობთ, მათ შორის, წესიერებასაც – ,,ბარიგებს“ ვეყიდებით და ,,ვბოზობთ“, ოღონდ ის იყოს კომფორტულად, კაიფში. ჩვენთვის ის დედის ძუძუსა და ალერსზე მეოცნებე, დედის კალთას მიჯაჭვული ბარტყია, რომელიც მუდამ ,,კანფეტზე“ წუწუნებს.  მაშ, რა გასაკვირია, რომ ჩვენი გაგებით სწორ ცხოვრებისეულ გზას თავს ვახვევთ, რადგან არ გვინდა, რომ ჩვენი ,,ბეკეკა“ გაიყინოს, ხოლო ადამიანურ ენაზე – ,,ხრამში გადაიჩეხოს“?.. აქვე ვაღიარებ, ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება ჩვენს შორის მაინც არის – ქურთუკები არ ვთხოვდებით. აღნიშნული მიზეზით, თბილ და ფაფუკ ,,დუბლიონკებს“ არ გვიწევს შვილების წვრთნით ჩვენი ნაკლული ქმრების უნიათობის კომპენსირება...
ნეტავ ახლა სადაა, რას აკეთებს, ისევ იჩხირავს?.. თუ სმაზე გადავიდა? თუ ციხეშია? შეიძლება ილიაზთან დაეშვა?... ბოლოს და ბოლოს ხომ მალევე დაიწვებოდა, რომ ,,დუბლი“ გააქრო. ნეტავ დედამისს რა რეაქცია ექნებოდა – უყვირებდა, უხ, შე გარეწარო, გაეთრიე, შორს ჩემგანო? ალბათ, არა, ვიცი მე ქართველი დედების გადამკვდარი სიყვარულის ამბავი – გული ჩასწყდებოდა, მუცელში გაჭრიდა, სიმწრის ცრემლი მოადგებოდა, ვინ დამწყევლაო და ბედს შერიგებულის დუმილით, ცარიელი ჩანთებით, შიგ საგულდაგულოდ ჩაკეცილი ფქვილის ტომრებითა და  მუყაოს დაკეცილი ყუთებით ორპირში დაბრუნდებოდა. ქალბატონი ლია კვლავ გიოსთვის ფულის შოვნას გააგრძელებდა – უფროსი ბიჭი ხომ მისი ცხოვრების ერთადერთი აზრი იყო... ნეტავ, ისევ იჩალიჩებდა ზამშის ახალ ქურთუკს, თუ შეურიგდებოდა გიოს ჰოლანდიურ, ჩემსავით რბილი ბეწვით ამოფენილ, სათადარიგო, მაგრამ თითქმის ჩაუცმელ ველვეტის ქურთუკში სიარულს?..скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
სონია ქართველიშვილი - ბექა ქუხულის “სამოთხიდან გაქცეულები“ სონია ქართველიშვილი - ბექა ქუხულის “სამოთხიდან გაქცეულები“ ჟურნალი / სტატიები / კრიტიკა / მომხმარებლები გიორგი გოგუა - მეცნიერების რაინდი. პავლე ინგოროყვას პორტრეტისათვის გიორგი გოგუა - მეცნიერების რაინდი. პავლე ინგოროყვას პორტრეტისათვის ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / პუბლიცისტიკა / ისტორია / მომხმარებლები ზურა ოდილავაძე - ნაწყვეტი წიგნიდან ,,ფეისბუქის ლიტერატურა" ზურა ოდილავაძე - ნაწყვეტი წიგნიდან ,,ფეისბუქის ლიტერატურა" ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / პუბლიცისტიკა / მომხმარებლები დათო კაკაურიძე - ისტორიულ-ბიოგრაფიული ნარკვევი ივანე ჯავახიშვილის შესახებ დათო კაკაურიძე - ისტორიულ-ბიოგრაფიული ნარკვევი ივანე ჯავახიშვილის შესახებ ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / ისტორია / მეცნიერება / მომხმარებლები დათო ტურაშვილი -  ხაშურის სევდა  - მონოპიესა დათო ტურაშვილი - ხაშურის სევდა - მონოპიესა ჟურნალი / სტატიები / პროზა / დრამატურგია / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge