ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
თემურ ჯობავა - ფიქრები

მართლაც, შიმშილი სასარგებლოა.
***
საკუთარი ლანდი ფეხებში მებლანდება. თენდება, ღამდება, ისევ თენდება და მორიგი დაღამების მოლოდინში, გაუთავებლად ვსაუბრობთ. როგორც წესი, საუბარი მეტად კორექტულია, მაგრამ თუ რომელიმე ფილმის ან წიგნის პერსონაჟი გამაბრაზებს, დაუნდობლად ვტკეპნი ხოლმე, ისიც ყოველ ჯერზე მპატიობს. აბა, ასეთ უსამართლობას სხვა ვინ გაპატიებს. თან ასე უხმოდ და უსაყვედუროდ. მოკლედ, ძალიან კომფორტული მეწყვილეა და მადლობის მეტი რა მეთქმის. არა, იმიტომ კი არა, რომ ჩემი ლანდია, მართლა კარგი ვინმეა, რა. სხვებზე კი, რა გითხრათ.. სხვების ლანდებთან არ ვმეგობრობთ, ისე, ხანდახან თუ გადავიკვეთებით ქუჩაში. მაღაზიებისა თუ სახლების ფასადებზე აკრულებთან ხომ საერთო არაფერი გვაქვს. ჩვენ სხვა ინტერესი გვამოძრავებს, ასე ვთქვათ დამკვირვებლური. ვაკვირდებით ქუჩებს, ეზოებს, სახლებს, მათ ბინადრებს და ღრმად საერთმანეთო დასკვნებიც გამოგვაქვს. ბედნიერი ვართ, ყოველ შემთხვევაში, მომავალ გატკეპნამდე მაინც.
***
ჩემი ბინის სამზარეულოდან გემრიელად ვაბოლებ და ვფიქრობ, რა ჯობია, აქ ვიყო, თუ იქ, გამუდმებით საათზე მაცქერალ მოხმაურეთა შორის და ცას ვუყურებდე. ახლა არ მოვყვები მეტისმეტად ბანალურ მოთქმას მარტოობაზე. ყველას თავისი, პერსონალური მარტოობა აქვს და ამ მეტად სათუთი მდგომარეობის საზოგადოებრივ საპირფარეშოდ ქცევაც არ ივარგებს. არც ყოფნა-არყოფნის მასშტაბისა უნდა იყოს ეს ჩემი დილემა. ისე, ხანდახნ, მილეული დღის ერთ, პატარა მონაკვეთში იცის ხოლმე ვიწრო პიროვნულმა სიბრძნეებმა ამოხეთქვა და ამ ტალღაში მოხვედრილს თავი ბევრჯერ ნათქვამის, დაწერილისა და ნამღერის ერთობლიობად წარმოგიდგენია, თან ისე, რომ მნიშვნელობაც აღარ აქვს რა და როგორ ჯობია. ისე, მე თუ მკითხავთ, ძალიანაც სასარგებლოა სამზარეულოდან სამყაროს ჭვრეტა და რომელიღაც გაჩერებაზე მომლოდინე მესაათის ბედზე ფიქრი.
მგონი დილემაც გადავჭერი.
***
რითმით თუ ურითმოდ, რა მნიშვნელობა აქვსო - ამბობენ. ამჯერად ასეც მოვიქცევი და რითმების ძებნაში დასახარჯ ენერგიას სულ ჩემს ურითმო ფილოსოფიას მოვახმარ. მთავარია, რიტმი იყოს, ეს უკანასკნელი კი, ყოველთვის არის თუ ცოცხალი ხარ. თუნდაც ყველაზე უმოძრაო ცოცხალი იყო, რაღაცნაირი რიტმი მაინც არის. ბოლოს და ბოლოს, პულსაცია მაინც გაქვს, ეს კი უკვე ბევრს ნიშნავს, მილიარდობით გარდასულთაგან განსხვავდები, მაგრამ სევე, მილიარდების მსგავსი კი ხარ. სხვაობაცა და მსგავსებაც, მეტად შესამჩნევია. უცნაურია ეს ყველაფერი. ისე, კაცმა რომ თქვას, ყველა ერთნაირად დადის და სუნთქავს, ერთნაირად შია და სწყურია, მეტნაკლებად ერთნაირად ეშინია და სხვათა შორის, ერთნაირადაც კლავს. არა, მსგავსება იცოცხლე, გვაქვს, (თავიდანვეა ჩადებული, ბატონო). ჰოდა, ახლა, საინტერესოა, რით განვსხვავდებით ერთმანეთისგან. თითქმის არაფრით, ერთნაირად ვსუნთქავთ და დავდივართ, ერთნაირად გვშია და გვწყურია, ერთნაირად გვეშინია, ერთნაირად ვკლავთ და სხვადასხვანაირად გვიყვარს.
***
თითქმის ყოველ საღამოს, ლექსის დაწერამდე, მეძინება. ჩემმა ორგანიზმმა რატომღაც ეს ხერხი აირჩია პოეტური ენერგიის დასაგროვებლად და უკვე ტრადიციული წათვლემის შემდეგ, ერთობ ორიგინალური, ასე ვთქვათ, ნოვატორული სიტყვათწყობის მოლოდინში ვარ ხოლმე. გონებაც ხომ ჩემი კუთვნილებაა და იმანაც მიიჩნია (შესაძლოა საფუძვლიანადაც), რომ ასეთი ტრადიციულ-რიტუალური დასვენების მერე ზოგადსაკაცობრიოს თუ არა, რაიმე საჩემოს მაინც ვიტყვი და დავწერ. ჰოდა ახლა მთელი ჩემი არსება გაჟღენთილია, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მინიმუმ საჩემო სიტყვის თუ სიტყვების მოლოდინით. ეს კი სავსებით გამართლებულია, არა ტაშის ან მით უმეტეს, ტუშის გამო, არა. უბრალოდ, ასეთი მოლოდინისას წვიმის კარგად გესმის.
***
ამ ბოლო დროს ვერლიბრების წერას შევეჩვიე. თუმცა წესიერად არც კი ვიცი ეს რას ნიშნავს. ჟანრობრივი კლასიფიკაცია ჩემი სუსტი წერტილია. დიახ, სუსტი წერტილი. ოღონდ უკუღმა მნიშვნელობით. ე.ი. კი არ მიყვარს, პირიქით. ისე, რა დასამალია და ხანდახან მიყვარს ეს პირიქით ლოღიკა. ჩემის ღრმა რწმენით, დაკვირვებული ყური და თვალი აუცილებლად შეამჩნევს, რომ ცხოვრებაში თითქმის ყველაფერი პირიქითაა. ეს კია, დამკვირვებელია ძალზედ ცოტა. თითქმის ყველას ხომ სწორი, გაწვრთნილი თვალყური გვაქვს. ასე ვთქვათ მართალი თვალყურის მფლობელნი ვართ, იმდენად მართალის, რომ პირიქითობის თეორიის ადგილი არცერთ ჩვენთაგანში აღარ არის. მოკლედ, მაგრად გავიწვრთვენით, რა. მწვრთნელებისა კი რა ვთქვა, ნამდვილად ვერ ჩამოვთვლი, მილიონობით არიან და მე ისღა დამრჩენია, მხოლოდ წუწუნით შემოვიფარგლო და გულის პატარა, მივარდნილ კუთხეში, სუულ მცირე იმედი დავიტოვო, რომ ოდესმე, ოდესმე მაინც გაუხედნავი ყურით გავიგონებთ ჩვენსავე ხმას და პირვანდელი მზერით შევხედავთ ცას.
ახალი სტატიები
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა