ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
ეკა კვიციანი (კატერინა) - ლექსები
***
იყო ის დრო მჭირდებოდა გზამკვლევი,
ის დროც იყო გზას ვიკვლევდი თავადაც,
ვცეკვავდი და მე ვიყავი დამკვრელიც,
სუფრას ვშლიდი, თუმცა მერქვა თამადაც.
იყო ის დრო ვთვლიდი ქვათა სამანებს,
ასეც ოყო, თითქოს არაფერიდა
ის დროც მახსოვს, გრძნობებმა ვერ დამმალეს
და გადმოვხტი სულის ქარაფებიდან.
სახლის კარებს ყველას გულით ვუხსნიდი,
მერე შეკედლება თავად ვიგემე,
რა მალულად ჩამომენგრა გულს ხიდი
და მალულად შემეპარა სიბერეც!
კარგს მოსდევდა ცუდი, ანდა პირიქით...
იყო, იყო, უამრავი რამ იყო...
ვცხოვრობდი და სულ მინდოდა ცის იქით,
სული ჩემი ვარსკვლავებთან მდგარიყო.
წლები ასე მიჰყვებოდნენ ერთმანეთს,
ვაკოწიწე თმენით ლექსთა კრებული,
ჩუმად ვთხოვდი გამჩენს მხოლოდ ერთ რამეს,
ვყოფილიყავ მუდამ შეყვარებული.
იყო, იყო! უამრავი რამ იყო,
ასეც იყო, თითქოს არაფერიდა...
ის დროც მახსოვს, გრძნობებმა ვერ დამმალეს
და გადმოვხტი სულის ქარაფებიდან.
***
მე იქ, სადაც მარტოობას გავურბივარ,
ნაზი ფუნჯით მოუხატავს მზეს კედლები
და ღმერთს ვმადლობ, აქ რომ ძალმიძს ვთქვა თუ ვინ ვარ,
რომ შეშლილი პოეზიას ვეკედლები.
აქ ვიშუშებ მარილმოყრილ ნაჭრილობებს,
ღმერთს ვადიდებ, ვიღიმი თუ ვჩივი - სუფთად,
აქ ვდგამ სულის ჩანახატით გაშლილ მოლბერტს,
აქ მიყვარს და აქვე ვდგავარ ჭირისუფლად.
აქ ვთქვი ფეხი პირველად სად დამიცურდა,
აქ ვიხსენებ ნისლებით, რომ პირს ვიბანდი,
აქ ამოვთქვი სიყვარული როგორ მსურდა,
აქ, ვით თოთოს გამიმაგრდა ყიფლიბანდი.
მე იქ სადაც მარტოობას გავურბივარ,
ნაზი ფუნჯით მოუხატავს მზეს კედლები
და ღმერთს ვმადლობ, აქ რომ ძალმიძს ვთქვა თუ ვინ ვარ,
რომ შეშლილი ჰოეზიას ვეკედლები.
***
მე ექოს ხმა ვარ, ვარსკვლავებს რომ სტუმრობს ღამეში,
გულგაღეღილი მზის ეტლი ვარ, მოხეტიალე,
მე ის ვარ, ციდან ფრთამოჭრილი ძირს რომ დავეშვი,
უსიყვარულოდ მწვერვალებზე, რომ ვერ ვიარე.
მე ის ვარ, ვინაც ია კრიფა ციცაბო კლდეზე
და მოლოდინი მიახატა დაორთქლილ მინას,
მე ის ვარ, მუდამ რომ ნატრობდა მზის ამბორს თმებზე,
მიწიერება რომ არ ეყო და ოხვრით გმინავს.
გულის კოცონზე რომ ალღვობდა გაყინულ მთვარეს
და ორგულობა ვერ ისწავლა, სწორედ ისა ვარ,
რომ შეეგუა წლიდან-წლამდე გიჟად რომ თვალეს,
მაინც შეძლო და არ გაცივდა, ჰო, მე ისა ვარ!
***
ჩამოიშალნენ მთებიდან ისე...
სად კანტიკუნტად დარჩა მლოცველი,
აბიბინებულ მზით გამთბარ მინდვრებს,
მალე არავინ აღარ მოცელის.
შორს მოსჩანს კენტად შუქი მბჟუტავი,
ჩამორღვევიათ კალთა ფერდობებს,
ვაზს, წინაპართა სულზე დამყნობილს,
თითოოროლა სხლავს და ვერ ტოვებს.
საფლავთა ქვაში ჩამჯდარა მტვერი,
ხალვათად ისმის ჭრიალი ჭიშკრის,
აკვნის არტახთა არც გადამჭერი...
არც იავნანის ციალი ისმის!
ჩამოიშალნენ მთებიდან ისე...
სად კანტიკუნტად დარჩა მლოცველი.
***
ღრუბელს ისევ ცრემლი დასდენია,
ქარმა ამიწეწა სველი თმები,
მუზის ტყვე ვარ ასე გამთენია
და ცივ შემოდგომას ვერითმები.
დილას ვეგებები გადაღლილი,
ძარღვი დაბერვია შეკრულ მუჭას,
გულზე შესაფერი არ მაქვს ღილი,
თვალიც სიმწრისაგან დამიხუჭავს.
ბწკარებს ვაკოწიწებ სულის შვებად,
გარეთ ისევ მთვრალი ამინდია,
ღმერთო, ყველა შენი მინიშნება,
ლექსში ჩირაღდნებად ამინთია.
ღრუბელს ისევ ცრემლი დასდენია,
ქარმა ამიწეწა სველი თმები,
მუზის ტყვე ვარ ასე გამთენია
და ცივ შემოდგომას ვერითმები.
გალაკტიონს
მიმოფანტულა იისფერ თოვლში,
ფანტელები და ავი ზმანება,
ყოველთვის, როცა დაბერავს ქარი,
ვერხვის ფოთლები აშრიალდება.
ისევ იფრენენ ლურჯა ცხენები,
კვლავ დაიწვება გუმბათი, კალთა,
ვიღაც იტირებს ვით მეფე ლირი,
მსგავსად ლოდინით დაღალულ ქალთა.
დათვრება ვინმეც კვლავ სიყვარულით,
ჩუმად იმღერებს შენს ,, მე და ღამე"-ს
და უეცარი გასხივოსნებით,
სადღაც შეაკლავს თავს ,,მესაფლავე"-ს.
ახლოს ინათებს მზე - შემოდგომის,
ცაზე მოცელავს ზამბახებს ცელით,
ცამეტჯერ ვინმეც მოიკლავს თავს
ან იტირებს ქარში, თვალებით მერის.
ვიღაც დახატავს იისფერ რითმებს,
უშორეს ზღაპრად, მწველი მზესავით,
ბევრიც უმღერებს უკვდავ სიყვარულს,
მაგრამ ვერავინ შეძლებს შენსავით.
***
დამძიმებია ერს გონი,
არამიწიერს ერთვის,
გარჩევა უჭირს მემგონი,
უკვე შავისგან თეთრის!
თვალი აქვს დაბინდული და
ვეღარ მოუხმობს უფალს,
ამოურეცხავს გულიდან,
ნაცვლად იმის, რომ უთხრას:
გადამარჩინე უფალო,
გადამირჩინე შვილი!
მომავალს რომ დაუთვალოს,
წინაპარ გმირთა ჩრდილი.
მუდამ ახსოვდეს სავალი,
რა გზით ვიდოდა პაპა,
რომ მამისის შარვალი
და დედამისის კაბა,
შემოუნახოს მონაგარს,
ემთხვიოს, ჩოხა-მანდილს,
წინაპრის, დღემდე მონატანს,
რწმენას ეტრფოდეს ნამდვილს.
დამძიმებია ერს გონი,
არამიწიერს ერთვის,
გარჩევა უჭირს მემგონი,
უკვე შავისგან თეთრის!
***
აღარც პოეზია შველის,
უკვე გადათელილ ყოფას,
შემცბარ თვალებივით შველის,
ფორიაქშია და შფოთავს.
ვეღარც მზეს უკოცნის წამწამს,
ვეღარც წვიმის წვეთებს ითვლის,
დღეებს ცის კოცონზე დამწვარს,
ფერი დასდებია ფითრის.
არც მზეს მკერდზე თავი უდევს,
აღარც ქარი იშლის ნაწნავს,
დღეებს ჩამომხრჩვალს და მრუდეს,
უკვე აღარაფრის არ სწამს.
აღარც პოეზია მშველის,
აღარც ვარსკვლავებთა ,,რერო,"
ღმერთო, ძალა მომეც თმენის,
რათა ლექსი კვლავაც ვწერო.
ახალი სტატიები
ზურაბ კიკნაძე - ღვთის ქმნილება და ადამიანის კულტურა 21:48მილან კუნდერა - ცენტრალური ევროპის ტრაგედია (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძისა) 21:37ნინო უძილაური - ლექსები 21:24იოსებ ჭუმბურიძე - პორტრეტები ლირიკოსის პროზაში 21:13თეონა დოლენჯაშვილი - Animal Planet 21:01ეთერ სადაღაშვილი - გაიღვიძე, საქართველო 23:42ხათუნა თავდგირიძე - ნიბელუნგების ბეჭედი 23:24თემო ჭახნაკია - ლექსები 23:12
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა