გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ნიკოლას მაჩაბელი - ხახვები და ნიორები


I
ახალი ოფისი, ახალი იმედები, ახალი თანამშრომლები, ახალი დაბრკოლებები, მაგრამ უცვლელი დაუკმაყოფილებლობა, უცვლელი დაჩაგრულობის შეგრძნება, უცვლელი გამოყენებულობის შეგრძნება, თუმცა ყველაფერი ახალი მაინც საინტერესოა. ეს სიახლის ჟინი და ვნება, შეცნობის პირველი ეტაპი გავიწყებს და თვალს გახუჭინებს მორიგ უსამართლობებზე, რაღაც პერიოდით ჩუმად ხარ, მერე ისევ ინტრიგანად შეგრაცხავენ და მერე ისევ უნდა დაიწყო ამბოხი. 
ახალ ოფისში დიდი სამუშაო დარბაზი დამხვდა, თეთრი ჭერით და კედლებით. ჩვენი სამუშაო მაგიდები ერთმანეთისგან შავი, კარდონისმაგვარი ჯებირითაა გამოყოფილი, ისე რო მეზობელს ვერ ხედავ, ვერც წინ, ვერც გვერდით, მაგრამ იცი რომ იქ ვიღაც არის, იქ ვიღაც მუშაობს, ან შენნაირად მუშაობს, ან შეიძლება შენ გითვალთვალებს. აქაც ისევე როგორც ყველა სხვა ოფისში ზოგი მუშაობს, ზოგი კი რაღაც მისიას ასრულებს, ან გითვალთვალებს, ან გაფასებს, ან შპიონობს უფროსთან. მაგიდა–ბუტკების გარემოში პირველად მიწევდა მუშაობა, დერეფანში შემომავალი ყველა ადამიანი ჩაუვლიდა ამ ორ რიგად დაწყობილ მაგიდებს და ადვილად შეეძლო გადაეხედა ვინ რას აკეთებდა.
შუშებიან ფანჯრებში წვიმიანი შემოდგომის დღეები იდგა და ნაცრისფერი დღე ოფისის უჩვეული შუქით ნათდებოდა. ოფისში ჩემი სუპერ მანქანით, ჩემი Toyota Prius-ით მოვიწევდი, რომელიც მორჩილად მელოდებოდა პარკინგზე და ყველაზე ერთგულ არსებად მიმაჩნდა, რადგან მასავით მშვიდი, გამგები, დამჯერი და უპრეტენზიო არცერთი სულიერი არ მიმაჩნდა. ნელ-ნელა იმ გზას ვადგებოდი როცა მანქანა შემიყვარდებოდა, რადგან ადამიანურ ურთიერთობებში ხელმოცარულს ტიპიური ანომალიური, თანამედროვე ზმანება დამეწყებოდა ამ ვერცხლისფრად მბზინავ მექანიკაზე. 
ახალ ოფისში ტრადიციულად ადვილად ავუღე ალღო ყველაფერს, ძალიან სწრაფად ვასრულებდი დაკისრებულ საქმეებს, მერე ცოტა გაბრუებული დერეფანში გავივლიდი და ჩემსავით მობორიალე თანამშრომლებს ვხვდებოდი. მაშინ ვაანალიზებდი თუ რატომ იღებენ ამერიკელები ამდენ ფილმებს ზომბებზე. დიახ, რუტინისგან დადებილებულ თანამშრომლებს თუ შეხედავთ დერეფანში, როგორი მკვლელი სახეებით დადიან, როგორი უსიცოცხლო და უშინაარსო თვალებით მიმოდიან, როგორ ერთი მიზანი უტრიალებს ყველას თავში "თვის ბოლოს ხელფასამდე გამაძლებინა" - ადვილი იქნება ამერიკული ჰორორ ზომბების გახსენება. მითუმეტეს რომ ეს საოფისე გარემო და სისტემა ამერიკაში უფრო მასიურია, ნიუსტაილ ოჯახის ფორმაა. 
აი, აგერ ჩემი თანამშრომელი გილა[1], სახეზე წითელი სისხლივით ჩამოსდის ოფლი, მიღიმის და კბილებს ისე აჩენს თითქოს შესაჭმელად გააღო, აგერ ზარაბი თავს იქექავს ისე ნერვიულად, თითქოს, ტვინი გაეხლიჩა და კისერს ისე ატრიალებს სადაცააა უნდა გადატყდეს, შეხედეთ, ნენო თავს ძირს ხრის და გაიგნორებს, ვერ გამჩნევს, მერე აწევს და უკან ტყდება, ეს ყველა კადრი ფილმებში არ ხდება, ჩემს ახალ ოფისში ეს ყველაფერი ყოველდღიურობაა. 
როგორც ახალი გადმოსულისთვის, ერთგვარი „შესამოწმებელი ქათმისთვის“, ინტერნეტი ჩემთვის მიუწვდომელი იყო. თუ სტაჟიანი თანამშრომლები საქმეს მორჩებოდნენ და სანამ ახალი საქმე არ გამოუჩნდებოდათ ინტერნეტში შედიოდნენ და ჩვეულ სოციალურ ქსელებისადმი ავადმყოფურ დამოკიდებულებას ავლენდნენ, მე უსაქმოდ უნდა ვყოფილიყავი, ან რამენაირად გამეწელა ეს დრო... დრო კი იყო მთელი დღე, გაითვალისწინეთ რომ ძალიან ახალგაზრდა და სხარტი ვარ და ჩემს დაკისრებულ მოვალეობას თუ სხვები 5 საათში აკეთებენ მე ნახევარ საათში ვასრულებ.
ამიტომაც! მოვიფიქრე უჩვეულო რამ, ისეთი რამ, რაც ჩემს ცხოვრებისეულ იდეას, ჩემს პიროვნულ არსს გამოხატავდა, ისეთი რამ რაც ინტრიგნულიც იყო და გამომწვევიც, ისეთი რამ რაც ადრენალინს გამომაყოფინებდა, რაც ბეწვის ხიდზე გამატარებდა, ბოლოს კი სასიამოვნო ორგაზმით დამამშვიდებდა და გამახალისებდა, გამაცოცხლებდა და განმაახლებდა, ის რაც რაიმე გზით აქაურობას დამავიწყდებდა, ამ ზომბებს და ზომბომანებს დამაშორებდა, და რა უნდა ყოფილიყო ასეთი რამ?

წიგნები
დიახ, ყოველ დღე სახლიდან გამოსვლისას ჩემს დიდ ბიბლიოთეკას ავხედავდი, აბა ახალი წიგნები თუ ძველი? ქართული ლიტერატურა თუ უცხოური? საით წავიდეთ დღეს? სად ვიმოგზაუროთ? საფრანგეთში წავიდე? ფრანგ ავტორებს შევეხო? თუ გერმანიაში? ძია დოსტოევსკისთან ხომ არ ავიდე "მაღლა" (და არა დედა) რუსეთში, ოჰ, არა დღეს უჩვეულოდ ცივა, ძია დოსტოევსკის თავი არ მექნება, მაშ ამერიკაში ხომ არ გავცუროთ? კოლუმბის გზას ხომ არ გავყვეთ? სელენჯერი? თუ ფოლნკერი? იქნებ სტაინბეკი? მოიცა დავრუნდი ევროპაში - რომენ გარზე რას იტყვი? თუ პენაკებს შევუდგეთ? - მოიცა ძია პრუსტი? თუ კამიუ? გერმანულ ტყეს ხო არ მივხედოთ? ჰესე თუ თომას მანი? იქნებ ძია ჰაქსლი ან ორუელი... იყო რამოდენიმე დღე ქართული მშობლიური ლიტერატურა რომ მწყუროდა ნიკოლო მიწიშვილს მივადექი, ხან პაოლოს, ხანაც კლდიაშვილი გავიხსენე და ხანაც აკაკის ზმანებები. საიდან სად დავმოგზაურობდი ვერ წარმოიდგენთ, ქვეყნები, ეპოქები იმენა დედას ვუტყ... მოკლედ ყოველი დილა ბიბლიოთეკასთან იწყებოდა, პატარა წაბაასებით საკუთარ თავთან, შემდეგ ერთ-ერთ წიგნს მოვხვევდი ხელს, მკლავის ქვეშ ამოვიჩრიდი და როგორც საყვარელ გოგონას ისე მივაცუცხუხებდი ოფისში. ჩემს მაგიდა-ბუტკაში შევიყუჟებოდი, იმ დღისთვის სპეციალურად შერჩეული წიგნი კომპიუტერთან ნაზად და მეგობრულად მელოდა, სანამ მე საქმეებს არ მოვრჩებოდი ის იქ იყო, გადაუშლელი, ხელუხლებელი. დასრულდებოდა ჩემი კომპიუტერთან კაკუნი და აი ისიც, აი, ჩემი ნანატრი ლუკმა, აი ჩემი პოეზია და ლიტერატურა... აი ჩემი სხვა სამყარო! შორს! შორს! დასავლეთით! შემდეგ სამხრეთით, მერე ჩრდილოეთით! და ბოლოს აღმოსავლეთი? (ამ მარშუტით ვცდილობ მაგელანის მოგზაურობა გავიხსენო)

                             
მაგრამ
და ეს მაგრამ, ისევ ეს მაგრამ, ოხ, ეს მაგრამ, "მაგრამისტების სპეციალური სახელმწიფო პროგრამა", მოკლედ ამ ჩემს წიგნს და წიგნომანიას მთელი დაბრკოლებები ელოდა... 
მაშ ასე, მოვრჩი საქმეებს, შევეშვი კომპს და გადავშალე ჩემი იმ დღის სატრფო - მოდი ვთქვათ და ფონკინოსი, ფონკინოსის "დელიკატურობას" ვკითხულობ, ქმარს ეს-ესაა დაარტყა მანქანამ და დეპრესიაშია ჩავარდნილი ჩვენი აკურატული გოგონა (ფილმში ოდრე ტოტუ). გადაშლილი წიგნით ვზივარ კომპიუტერის წინ, წარმოიდგინეთ მთელი ცივლიზაციათა ჯახია, კომპიუტერი პირდაფჩენილი, გაკვირვებული სიცისფრე შემომცქერის, მე კი, მის წინ ახალი გამოცემის წიგნით ხელში, მივემგზავრები საფრანგეთში. კომპიუტერი დაიჭყლუპუნებს, ხან რა ამოვარდება ხან რა, მე კი წიგნში ვარ ჩაფლული, ომი მაქვს გამართული ტექნოლოგიასთან, ჩემი პირადი ბრძოლაა დაქლიავებასთან, დაზომბებასთან და კომპიუტერდამოკიდებულებასთან, მე ახლა ფონკინოსთან ერთად პარიზში დავეხეტები, ჩემს წინ კი ჩემი გაოცებული კომპიუტერი ნერვულ ხმებს გამოსცემს. ეს მხოლოდ დასაწყისი იყო, აი მთავარი ახლა იწყებოდა.
გადავშალე წიგნი და თანამშრომელმა ჩაიარა, ოო, შემამჩნია, ჰგონია უსაქმოდ ვარ, ოო, დაეჭვდა, არ ესიამოვნა, თავი დახარა, საეჭვოდ დაჯდა თავის მაგიდა-ბუტკასთან, ოო, ჩემო წიგნო, დაგვერხა, შეგვამჩნიეს, ასე თავისუფლად და ლივლივით ვეღარ შევძლებთ ურთიერთობას, ხანდახან უნდა დავიმალოთ, ხანდახან უნდა შევიყუჟოთ, რომ ძალიან თვალშისაცემი არ გავხდეთ.
თავისით მოდის გამამართლებელი ფიქრები: "მე ხომ სიგარეტს არ ვეწევი, თქვენ ყველა ეწევით და ყოველ ნახევარ საათში გადიხართ სიგარეტის მოსაწევად, მე არ ვეწევი მაშ არ მაქვს უფლება რომ მოწევის მაგივრად ის რაც მსიამოვნებს, ის ვაკეთო? ჩემთვის წიგნის კითხვაა სიგარეტის ქაჩვა" ძალიან ბავშვურია.
მოდის უკეთესი ვერსიები: "რომ არ გამოვდებილდე და არ გამოვშტერდე, ასეთი რამ მოვიფიქრე, წიგნს ვკითხულობ ხოლმე დღეში ერთ-ორ ფურცელს" მაგრამ ამის თქმა არ გამოვა იმიტომ რომ დღეში ერთ წიგნს ვამთავრებ და მეორე დღეს უკვე ახალი წიგნი მომაქვს, სხვა რამ უნდა მოვიფიქროთ: "აი, ჩემო თანამშრომლებო, ხომ არსებობს სტერეოტიპი რომ საჯარო სამსახურებში რუტინულად მხოლოდ საქმეს ვაკეთებთ, ჩემი ეს წიგნის კითხვა კი პირიქით დიდი მიღწევაა, ვუმტკიცებთ საზოგადოებას და სამყაროს რომ საჯარო სამსახურში შესაძლებელია წიგნის კითხვაც, მაშასადამე აზროვნება, მაშასადამე ფიქრი" და მერე ვინ გითხრა რომ საჯარო სამსახურებში ისეთი კადრები გვჭირდება ვინფ ფიქრობს ან აზროვნებს? იყო ჩემს თავთან გამართული კამათის პასუხი, მთავარია რობოტებივით კოპი–პეისტი, კოპი–პეისტი...
მე და ჩემი წიგნების ამბავი სახიფათოდ გადაიქცა, როცა დედაჩემისგან გავიგე, რომ მის უფროსს საკუთარი თანამშრომელი იმისთვის გაუთავისუფლებია რომ ჟურნალის კითხვისას წაასწროო, აი სად დაგვერხა... თურმე ასეთი პრეცენდენტი ყოფილა, მე კი არ მინდა უსამსახუროდ დარჩენა, საკუთარი ფულის გარეშე ყოფნა წარმოუდგენელია, მითუმეტეს რომ კარგა ხანია ჩავები ამ კარიერისტულ, ვირტუალურ თამაშში. მე დაწინაურება მინდა, სათანადო ხელფასი და დაფასება, მაგრამ წიგნებზე უარს ვერ ვიტყვი, წიგნები ჩემი პირადი ომია ოფისთან, აქაურობასთან, კომპიუტერთან...
ერთ დღესაც ყურებში მაქვს გარჭობილი ყურსასმენები, ვუსმენ მუსიკას და თან წიგნში ვარ ჩარგული, ამელი ნოტომისთან ერთად იაპონიიდან მოვფრინავ, რინრის დავშორდით და ბელგიაში გაგვიწევია, რომ ჩემი სამსახურის უფროსი თავზე წამომადგა. თითქოს ერთი თვალი გავაპარე და ვუყურებ მის რეაქციებს, რას იზამს? ახლა ის წამია როცა ჩემი წინასწარმოფიქრებული ფრაზები უნდა მოვაგროვო და მზად ვიყო ყველანაირი დარტყმისათვის, მზად ვარ, უფროსი ჩემსკენ მოდის, ნაგლად არ ვწყვეტ კითხვას, ის ახლოვდება, ამელი ბელგიაში ჩადის და დასთან ერთად იწყებს ცხოვრებას, უფროსი ხელს მადებს და მე ყურსასმენებს ვიხსნი.
უხერხული წამი.
- რას შვრები?
- რა ვი, ვკითხულობ.
- რას კითხულობ? ხელს ადებს ჩემს წიგნს, გადაატრიალებს და კითხულობს სათაურს, პირით ჩაიკითხავს "არც ევა, არც ადამი" და მეუბნება: რამდენი ხანია წიგნი აღარ წამიკითხავს.
ვიცოდი!!! ასეც ვიცოდი!!! ეს ახალი უფროსი საოცარი კაცია! აბა რომელი სამსახურის უფროსისგან გაიგებდით ასეთ შენიშვნას? მაგრამ თან სერიოზულდება, აბა ვნახოთ ახლა რას იზამს, ჩემი ექსპერიმენტების პიკში ვარ, მთელი სოციალურ-ფსიქოლოგიური დაკვირვებები მაქვს, ტუჩებს შმუშნის, სახეს ფაკლავს და მორიდებით გაუბედავად მეკითხება:
- რამდენი გაქვს დაწერილი? უკვე საქმეებს გულისხმობს. იქვე ეშმაკურად ჩაკეცილი პროგრამა კომპიუტერში ერთი კლიკით გავხსენი და ვეუბნები:
- ყველა დავასრულე. 
- ჰო, კარგია... და მცილდება.
ჩემი პირველი ბრძოლა წარმატებით დასრულდა, ჩვენ გავიმარჯვეთ. მე და ჩემმა წიგნმა საწადელს მივაღწიეთ, დავჯაბნეთ და მთელ უხერხულობებში ვამყოფეთ ეს ჩვენი უფროსი, რომელიც საკმაოდ კაი ტიპი ყოფილა, ცხოვრებაში პირველად არ გამიმართლდა? ასეთი უფროსი რომ გეყოლება! მაგრამ ისიც ვიგრძენი რომ ჩემს გამო თავს არ გაიფუჭებს, და ისიც ვიგრძენი რომ რაღაც პონტში უხარია ასეთი ახალგაზრდა, წიგნისმკითხველი თანამშრომელი რომ ჰყავს. 
იმ დღეს ისეთი ბედნიერი ვიყავი, წვიმაში რომ გავილუმპე ისიც მიხაროდა, შეყვარებულმა ახალ თმის პრიჩოსკაზე რომ მომაჯვა მაგასაც არაფრად დაგიდევდით, საცობში რომ ვიდექი, ვიღიმოდი! ჩემი სამსახურის უფროსი ყველაზე მაგარი უფროსი იყო.
მომდევნო დღეს გილბერტ ადერის "მეოცნებენი" წავიღე, მთელ ახალგაზრდობას ხომ ევა გრინზე და ბერტოლუჩის იმ სამეულზე გვენძრევინება, სამნი რომ გარბიან ლუვრში, რეკორდის დასამყარებლად, მოკლედ წიგნადაც საინტერესო აღმოჩნდა ფრანგი და-ძმის ინცესტუალური ეპიზოდები, განსაკუთრებით ამაზრზენად და კარგად აქვს აღწერილი მათი ამ ზეობისა და უსაქმურობის შედეგი, როცა უკვე საჭმელი გამოელევათ, ჭუჭყიანები დადიან, ცივათ და ცხოველებივით სანაგვე ურნაში იქექებიან, იქნებ რამე ჭამონ, აი სწორედ ამ მომენტში ვარ, როცა მათი ამერიკელი მეგობარიც კუჭაშლილი აბაზანაში გარბის რომ კარში პუპუნა შემოდის, პუპუნა ოოო!
სულ დამავიწყდა თქვენთვის მთელი იერარქიული სისტემა მომეხსენებინა, მოკლედ ჩემი სამსახურის უფროსი ჩვეულებრივი უფროსთაგანია, მისი და მისნაირების უფროსი უკვე პუპუნაა, აი პუპუნას და ასეთი დიდი საჯარო სამსახურების უფროსი კი უკვე დიდი თუა გახლავთ, თუას ზევით ვინაა ნუ არ გვჭირდება ამ წამს, ვაფშე არაა მნიშვნელოვანი. 
ჩემი სამსახურის უფროსი კი კაი ტიპი აღმოჩნდა, მაგრამ ეს პუპუნა კი გამიგია არც ისე განათლებამოწყურებული კაცი იყოს, უფრო აგდებულად და რაძიკაიფით აკაჩავებს ხოლმე თანამშრომლებს.
ჰოდა, ევა გრინი ტუალეტის კარზე უკაკუნებს ამერიკელს გამოდიო, მეც მეჯვიაო და ამ დროს შემოდის პუპუნა კარში, წიგნი ნელ-ნელა ჩავაცურე მკერდის ჰორიზონტიდან და კლავიატურასთან მივმალე, ყურსასმენები მოვიხსენი და შევხედე, საბედნიეროდ, გარეშემოს  ათვალიერებდა და მეც მხოლოდ თვალი მკიდა, დაბზრიალდა ციბრუტივით და უკანვე გავიდა, აი, ეს იყო ყველაზე დიდი ადრენალინი მე და ჩემი წიგნების ისტორიაში. ეს ის მომენტი იყო როცა მზად არ ვიყავი და ბედს მივენდე რა მოხდებოდა, თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორი სიგიჟით მელოდნენ წიგნების ფურცლები, რა მოხდებოდა, რა ექსტაზით დასრულდებოდა ეს ეპიზოდი. 

II
იზაბელ ებერარდის "მოგზაურობა მაღრიბში" მქონდა წამოღებული, დავალებებს თავი დავაღწიე და ამ დაბნეულ და დაკარგულ ქალთან ერთად ვმოგზაურობდი მაროკოსა და ალჟირის საზღვრებთან, უაზროდ მეამბოხე ბედუინების შეხლა-შემოხლას და ევროპელი კოლონისტების ბოლო, სულისმღაფავ დღეებს შევცქეროდი უდაბნოში, რომ ამ დროს სტაჟიორები მოიყვანეს...
სტაჟიორების დანახვაზე ჯერ ხომ ჩემი სტაჟირება გამახსენდა, ამეწვა მთელი კუჭ-მუცელი და მერე თითოეულზე დავიწყე ძებნა-ძიება რამდენად გამძლე იქნებოდნენ სისტემისთვის, რამდენად ამტანები, რამდენად კარგი ოჯახური და სოციალური ბექგრაუნდი ჰქონდათ. რა თქმა უნდა, სტაჟიორებს ადვილად გავუგე და მათაც თავისიანად აღმიქვეს. უფროსმა რომ დაანაწილა და გავიდა, უკვე გასაუბრებებით, შიდა გადაძახილებით გავერკვიეთ ვინ ვინ იყო და ვინ რას წარმოადგენდა, ყველა სტაჟიორი პოზიტიური როჟა, ოდნავ დაჩაგრული და ცხოვრებაზე გულაცრუებული მეჩვენა. 

ჩვენი მეგობრობა ამ საერთო ნიშით დაიწყო
დანიელ პენაკის "რომანივით საკითხავს" ვკითხულობდი, რომ სტაჟიორმა სუფომ შემომთავაზა სასადილოში მათთან ერთად წავსულიყავი, წიგნმა თითქოს ღიმილით შემომხედა, მიდი კაცო მე აქ გელოდებიო, კომპიუტერი ისევ ზერელედ ცისფრად მანათებდა, სადაცაა ბრაზი მოერეოდა რომ არ ვეკარებოდი. სტაჟიორებთან ერთად ვსადილობ, რომ ნაღმი თემა წამოიჭრა:
- მგონი ესენი არ აპირებენ ჩვენს აყვანას.
- მგონი, კი არა, არ აპირებენ, ჩემმა მეგობარმა თქვა, ასე იცი რამდენჯერ მიუღიათ? 5-6 თვე აპახავეს და მერე ნახუი.
-შანსი არაა, ახლა ასე უხელფასოდ უნდა გვიხმარონ და მერე გაგვიშვან?
- მონები ვართ იმენა, ხახვი მაინც მოგვცენ - ერთ-ერთი ცდილობს იხუმროს.
- თუ ასე მოხდა, რამე უნდა გავაკეთოთ.
- დიდ თუასთან რომ მივიდეთ?
- კაი რა, რა უნდა ქნა, კაი რაა
- ხო, მაგრამ მაინც შეიძლება სისტემის შიგნიდან შეფუცხუნება - წამომცდა მე.
როცა დასაქმებული ამოიღებს ხმას და ასეთ რამეს იტყვის, ახალბედა, სამსახურს მოწყურებული ადამიანების ყურები მაშინვე მისკენ მიტრიალდება. 
- როგორ? კითხულობს ერთ-ერთი პირობითად, რომელიღაციდან მოდის ეს კითხვა, შეიძლება არც მოდის და მათი მოცქირალი თვალებიდან, საერთო მზერიდან მომესმა "როგორ", თავის დროზე მე ხომ მარტო ვიყავი და ეს "როგორ" ვერ ვიპოვნე, ახლა კი ამ ახალგაზრდებს უფრო მეტი შეუძლიათ, ისინი ბევრნი არიან, ისინი ჩემსავით დაჩაგრულები და უსუსურები არ არიან, აგერ ეს გოგო მომხიბვლელია, აგერ ეს ბიჭი ძლიერი ჩანს, აგერ ეს მაღალია, აგერ ეს მსუქანია, აგერ ეს დაბალი და მოხერხებულია, მოკლედ ამდენი და ასეთი ჭკვიანი და ფიზიკურად გამოსადეგი სტაჟიორი უფრო მეტს იზამს ვიდრე ერთი ნიკოლასი თავის ნაჭუჭში გამოკეტილი, მაშ ჩემი მისია იდეების დარიგებაა, მე როგორც ინოვატორულმა გენერატორმა, ჩემი აუსრულებელი იდეები უნდა გავცე, ისინი მითხოვენ.
- სისტემა უნდა დაინგრეს ბაზარი არ გამოვა, კი ხედავთ რა მივიღეთ მაგით, მეუბნება ერთ-ერთი, მაგრამ სისტემას რომ უნდა უჯიკო ეგ მართალია, სხვა გზა უკვე არაა.
- კაი რა, მართლა ტეხავს ახლა ასე თუ გაგვიშვეს. წუწუნებს გოგო
- თქვენ შეგიძლიათ მათ რეპუტაციას დაარტყათ. ვაგრძელებ, არ ვჩერდები, ახლა უნდა გადმოვალაგო მთელი ფანტაზია, არა ნიკოლას, შეჩერდი, ნუ მოწამლავ ამ ბავშვებს. -ჰო, თქვენ შეგიძლიათ ერთობლივად ისეთი იდეები გააჟღეროთ, რომ სახეები გახდებით, ყველა დაგიმახსოვრებთ, ყველგან მიგიღებენ.
-ასეთი რა უნდა გავაკეთოთ?
- თქვენ ისეთ იდეებს გააჟღერებთ რაც სახელმწიფო პოლიტიკაა, რაზეც დიდი თუა ხშირად საუბრობს, ისეთ თემებს გააჟღერებთ რაზეც ტელევიზიები დაირაზმებიან და პირველ რიგში თქვენ მოგხედავენ.
- და ეს ყველაფერი როგორ უნდა ვქნათ? მეკითხება ოდნავ შეშინებული სუფო, მას აშკარად ურჩევნია უსისხლოდ და ძალადობის გარეშე მიიღონ სამსახურში.
- ამან რაღაც იცის და არ გვეუბნება, ისევ ხუმრობით ცდილობს ნადორი, ვატყობ რომ ის ფარულ საქმეებს კარგად გააკეთებს. 
- მართლა, მართლა რას გვეუბნები? სერიოზულად მეკითხება გაორგი, აი ეს კი თავი უნდა იყოს ამ ამბოხის, ამ ანშლაგის, ასეთი კონკრეტული და პირდაპირი ტიპები მევასება. 
- იმედია, ტერორიზმისკენ არ გვიბიძგებ, ეს თან ხუმრობით ნათქვამია თან მართლა გულისხმობს, ამ ბიჭს, მგონი რუტი ჰქვია, ამ ბიჭს დავაჯილდოვებ ისეთებს ჩაიდენს.
- არა, გვითხარი გვითხარი რას ამბობ ერთი, თიონამაც გამოყო ფეხი, კი არა და კუმ ფეხი გამოყოო, ასეთი ამბავი დაემართა ამ გოგოს, თუმცა ის ყველაზე მეტადაა წამსვლელი ამ მისიაზე, რადგან უსამართლობის საშინელი გრძნობა გამჯდარი აქვს ყოველ ნაბიჯზე.
- რა უნდა ქნათ და, ქვევით დიდ სივრცეში, დიდ საკონსულტაციო სივრცეში, ხომ იცით? რამდენი ხალხი მოაწყდება ხოლმე ყოველ დღე?
- კი, მერე?
- მოკლედ სანამ თქვენ სტაჟირებიდან გაგიშვებენ, და პანღურს ამოგკრავენ, ეს უნდა გააკეთოთ. ორი დიდი დინამიკი უნდა იშოვნოთ, საკონსულტაციო სახლში შემოიტანოთ, დაცვის ბიჭებს შეგიძლიათ უთხრათ რომ საქმეს სჭირდება და რომ აქ მუშაობთ, დებილები არიან ადვილად შემოგატანინებენ, ისეთ დროს უნდა ქნათ როცა დიდი თუა იქნება, დიდი თუა რომ გვეწვევა. ეს ორი დიდი დინამიკი დადგით ცენტრში, შემაღლებულ ადგილას კი ავიდეს ერთ-ერთი თქვენგანი და მიკროფონში თქვას თქვენი მოთხოვნები, თქვით რომ თქვენ ტერორისტები არ ხართ, გულწრფელად უთხარით ხალხს, მოსულ მოქალაქეებს საკონსულტაციო სივრცეში, უთხარით თუ როგორ აგიყვანეს სტაჟიორად, როგორ გამუშავებენ და როგორ გაგიშვებენ ერთ-ორ დღეში. მოწვეული უნდა გყავდეთ ტელევიზიები, სახალხო დამცველის აპარატი, არასამთარვობო ორგანიზაციები, პროფკავშირები, ყველა, ყველა უნდა დარაზმოთ, ყველას უნდა შეატყობინოთ რომ ჩვენი სამსახურის დიდ საკონსულტაციო მოქალაქეთა მისაღებში იგეგმება დიდი ბრიფინგი, აჯანყებული და ამბოხებული სტაჟიორების ექსპრომტი! და რომ ერთ-ორ საათში ისინი იქ უნდა გაჩდნენ.
- და რას ვიტყვით ამ მირკოფონში? კარგი დავუშვათ ეს დინამიკები მოვიტანეთ, პუბლიკაც მოვყარეთ, მერე რა უნდა ვთქვათ?
- რა უნდა თქვათ, და აი შენ! მივმართავ გაორგის, შენ მგონი შეძლებ. დავწეროთ ტექსტი რასაც წაიკითხავ! აი ახლავე შეგვიძლია ეს დავწეროთ.
-დავწეროთ! - მეღრიჭება ნადო, რუტი კალამს ამოაძრობს, თიონა ფურცელს შემოაცურებს. მე ვიწყებ ტექსტის კარნახს:
"ნიკოლასის სახელით! 
ყურადღება მოქალაქეებო, ყურადღება ქალბატონებო და ბატონებო! 
მოგმართავთ სტაჟიორები! მოგმართავთ პირველ რიგში თქვენ დიდო თუა, შემდეგ კი მივმართავთ პრეზიდენტს, მივმართავთ სრულიად სამყაროს, ტელევიზიებს!
ნიკოლასის სახელით! ჩვენ აგვიყვანეს სტაჟიორებად 6 თვიან პროგრამაზე, უფასო სტაჟირებაზე და დაგვპირდნენ სტაჟირების მერე აგვიყვანდნენ სამსახურში! 6 თვე იწურება, თითოეული ჩვენგანი პირნათლად ასრულებდა დავალებას! თითოეული ჩვენგანი მუშაობდა დაუღალავად და იმსახურებს სამსახურში აყვანას, შტატის გამოყოფას და შესაბამის ხელფასს! ჩვენ უარს ვამბობთ დასაქმებულებზე უფრო დაბალ ხელფასზე! ჩვენი 6 თვიანი უფასო სტაჟირება არის საბაბი იმის რომ დაგვინიშნონ ანალოგიური ხელფასი! ჩვენ მოვითხოვთ პასუხს! თქვენს წინაშე მოქალაქეებო! თქვენს წინაშე ტელევიზიებო!
გავრცელდა ხმა რომ ყველას გაშვებას გვიპირებენ! წარმოგიდგენიათ? ჩვენ აქ 6 თვე ვიმუშავეთ ხახვისა და ნიორის გარეშე! ჩვენ აქ ვიყავით და ვუძლებდით უჟმურ და თვითმარქვია უფროსებს, ხახვისა და ნიორის გარეშე!
დაგვეხმარეთ მოქალაქეებო! დაგვეხმარეთ ტელევიზიებო! ჩვენ მოვითხოვთ საკანონმდებლო ცვლილებას, ყველა უფასო სტაჟირება უპირობო დასაქმების გარანტიად!
ხახვისა და ნიორის გარეშე ეგვიპტელი მონებიც არ მუშაობდნენ!

ნიკოლასის სახელით
ხახვითა და ნიორით ნიკოლასის სახელით!"
არზა დაიწერა, ბავშვები გაოცებულები შემომცქერიან, მე გავჩერდი, ჩემივე ნათქვამის არ მჯერა, არადა ყველაფერი წყალივით წავიდა, კარგად აეწყო, ამდენი იდეა საიდან, რომელ ფილმში ვნახე? თან საკმაოდ შინაარსიანი იდეაც კი გავაძრე, საკანონმდებლო ცვლილება!
- ახლა ამ ყველაფერს ჭირდება დეკორაცია! დეკორაცია იმისთვის რომ თქვენ სამუდამოდ დარჩეთ ისტორიაში, მეტიც ისეთი რამ უნდა მოვიფიქროთ რაც განაპირობებს თქვენს აყვანას სამსახურში, დიპლომები! ხახვები და ნიორები! 
- რაა? უკვე როგორც გიჟს ისე შემომცქერიან სტაჟიორები.
- ჰო, ნიორები და ხახვები უნდა გეკიდოთ კისერზე, ხელში კი თქვენი დიპლომები დაიჭირეთ, თქვენი უსარგებლო საუნივერსიტეტო დიპლომები, ოდესმე ხომ უნდა გამოგადგეთ რამეში!
- ჰმ, სტაჟიორები იღიმიან, მაგრამ მათ ღიმილს მხარს არ ვუბავ, ამიტომაც ყველაფერი ნათქვამი და დაგეგმილი მათში ვნებიანი ლეიკოციტივით ჯდება. ჩემი სიტყვები ის წებოა რომელიც ტვინს აცხიმიანებს, ნერვულ დაბოლოებებს აღაგზნებს, მე აღმგზნები ვარ.
ის დღე ისე ეგავიდა სტაჟიორები აღარ მეხმიანებოდნენ, ჩემი ნალაპარაკევი ზედმეტად დამცინავად აღიქვეს, ალბათ, შემრაცხეს ჩვეულ გიჟად. ასეც ვიცოდი, ისევ მარტო დარჩი ნიკოლას, ისევ შევიყუჟე ჩემს მაგიდა-ბუტკაში და ბებერი ფრანგი ბაბუის, პენაკის წიგნი გემრიელად მივასრულე...
წიგნები წიგნებს მისდევდნენ, მიმიხვდით ალბათ, "ლუჟინის დაცვას", "თეთრი ძაღლი" მოყვა, "ლანსაროტეს"-"მარადი ქმარი" და ასე მოვადექი ამ დღეს, დღევანდელ დღეს ნაცრისფერს, ოქტომბრის წვიმით მოთენთილს, მდინარის პირას ამერიკული ოცნებასავით, ნიუ-იორკით და და-ძმით.
სელინჯერის "ფრენი და ზუიში" ვარ, უკვე ვასრულებ, დღის ბოლო მოდის, ფრენიმ და ზუიმ მაგრა დააყარეს ერთმანეთს, ზუი ღმერთზე ელაპარაკება ფრენის და შეახსენებს რომ ღმერთი იქ არის სადაც დედის გემრიელი მომზადებული სადილი, ამ დროს ჟრუანტელმა დამიარა, საკუთარი თავი რომ არ გამხსენებოდა ასე არ იქნებოდა, მოკლედ ფრენისთან ერთად მეც ავკანკალდები და ზუის ვეთანხმები, ვეთანხმები რომ ღმერთი აქაა, დედის მომზადებულ კერძში, აი იქ, აი იმ წვნიანში ტივტივებს და უნდა გავყვე ზუის ახლა რას მიკიჟინებს, რომ რას ვხედავ! ჩემს კომპიუტერ-ბუტკასთან პუპუნა აყუდებულა და იღრიჭება,

გამოვერკვიე
პუპუნას უკან დიდი თუა დგას! სელენჯერი ხელიდან გამივარდა. გაშეშებული წამოვდექი. პუპუნას ბრაზით ეცვლება სახე და მომახლის: "რას აკეთებ?" ხმას ვერ ვიღებ, ის კი ტრიალდება და დიდ თუას ეუბნება: "ამას მერე მივხედავ", ის პატარა წუწკი ქალი კი უხმოდ დგას და სახე არ ეცვლება, არც იღიმის, არც ბრაზობს, არც სევდიანობს, არც უხარია, დამანახეთ დიდო თუა, ქალღმერთო თუა, მაჩვენეთ თქვენი რეაქცია, მითხარით რამე...
გადიან და სრულიად უსიცოცხლო, ადგილზე ვეცემი, ჩემი საქმე წასულია, წიგნების გამო სამსახურს დავკარგავ, ზუი იქიდან მიღიმის, ფურცლებიდან, თანამშრომლები კი უკვე მოსასამძიმრებლად შემოქუჩებულან ჩემს გარშემო, ხმას ვერავინ ვერ იღებს, ისევ მე ვამობ:
- ახლა გამაგდებენ.
მართლაც, რამოდენიმე წუთში უფროსის კაბინეტისკენ მიხმობენ. არ მახსოვს როგორ დავტაცე ხელი ისევ სელენჯერს, ხელში მიჭირავს და ვფიქრობ რომ პუპუნას ავუხსნა თუ რა მაგარი წიგნია "ფრენი და ზუი", მოვიფიქრე ისიც რომ ციტატები წავუკითხო, და ვუთხრა რომ ღმერთი ცოცხლდება, ქრისტეს აფდეითია, იესო ბრუნდება აქ, ოფისში, ბრუნდება ამ წიგნის საშუალებით, სახარებაა! იქნებ რელიგიაზე აპელირებამ გაჭრას, უფროსებს ხო ასეთი უცნაური თვისება აქვთ ღმერთის ბრმად სწამთ, საკრალურად, ისე როგორც პირველყოფილებში! შეიძლება იმისიც სწამთ რომ ღმერთის ხელი ურევია ახალ ბიუჯეტში.
არ მახსოვს როგორ შევედი პუპუნას კაბინეტში, სადაც პუპუნა და თავად ის, ის, ჰო დიდი თუა დამიხვდნენ, დიდი თუა ზის, პუპუნა კი დგას, დიდი თუა იწყებს:
- თქვენი CV ვნახე, გიმუშავიათ მასწავლებლად, ჩვენთან სტაჟიორიც იყავით, აგერ უკვე 7 წელია პირნათლად ემსახურებით სახელმწიფოს, თქვენით ძალიან კმაყოფილი ვარ, ამიტომ წიგნის კითხვის გამო კი არ გათავისუფლებთ არამედ გაწინაურებთ! თქვენ იქნებით სტაჟიორების მთავარი ზედმახედველი, მთელი სტაჟიორების უფროსი!
მე ვდგავარ, არა ამას დგომა არ ქვია, მიწიდან ოდნავ მაღლა ავიწიე, სელინჯერი ისევ ხელში მიჭირავს, ჩემი სიამაყე და ჩემი დროც დადგა, მაწინაურებენ, უფროსი გავხდები! შვიდ წლიანი მუშაობა დამიფასდა, თვით დიდმა თუამ შემამჩნია! ახლა ყველაფერი შეიცვლება! კარგი ხელფასი! კარგი მანქანა! სახლსაც ვიყიდი! ჩემს ცხოვრებას ავიწყობ! მე უფროსი ვხდები! 
- გილოცავთ, ბატონო ნიკოლას, დიდი თუა წამოდგება და ხელს გამომიწვდის. სელენჯერი მარჯვენა ხელიდან მარცხენაში გადამაქვს და მარჯვენას დიდ თუას გავუწოდებ. ის ისაა უნდა გავუშვა ხელი რომ:
ბბრრრუუუხ
გარედან ისმის გამჭოლი ხმა, საკონსულტაციო სივრციდან ხმაური ამოდის, მიკროფონი ჭყრიალებს, ვიღაც ხმას ამოწმებს. სამივე, მე, პუპუნა და დიდი თუა უფროსის ოთახიდან გავდივართ და მესამე სართულის ჯებირიდან ვიყურებით, ქვევით კი ის ხდება! ქვევით კი უკვე დინამიკები მოუტანიათ, საკონსულტაციო სივრცეში, მოქალაქეთა მისაღებ უზარმაზარ დარბაზში ხახვები და ნიორები ყრია, სტაჟიორებს დიპლომები აუწვდენიათ მაღლა. ჩემი გეგმა! ეს ხომ ჩემი ამბოხი იყო! ჩემს გარეშე გადაწყვიტეს ასრულება? ხომ ვუთარი დიდი თუა რომ მოვა მაშინ მეთქი! და აი ახლა ისინი ამას აკეთებენ! ტელევიზიები შემოვარდნენ კარში, კამერები აჩახჩახდა, მოქალაქეები იკრიბებიან სტაჟიორების გარშემო! გაორგი ავანსცენაზე ადის და ჩემს ტექსტს კითხულობს!
"ნიკოლასის სახელით! ყურადღება მოქალაქეებო, ყურადღება ქალბატონებო და ბატონებო! მოგმართავთ სტაჟიორები! " მე გაოცებული ვტრიალდები პუპუნასკენ, ის გაბრაზებული შემომცქერის:
- ეს რა ხდება!?
-სტაჟიორებს არ მოსწონთ თავიანთი პირობები, ბრძნულად ასკვნის დიდი თუა.
ქვევით გაორგი განაგრძობს არზის კითხვას:
"6 თვე იწურება, თითოეული ჩვენგანი პირნათლად ასრულებდა დავალებას! თითოეული ჩვენგანი მუშაობდა დაუღალავად და იმსახურებს სამსახურში აყვანას"
დიდი თუა ჩემსკენ ტრიალდება:
- მაშ ასე ბატონო ნიკოლას, თქვენი პირველი დავალებაც უფროსის რანგში! მოაგვარეთ ეს ამბოხი! და მშორდება, პუპუნა უკან გაეკიდება დიდ თუას, მე ვტრიალდები ჯებირისკენ და ვუყურებ სცენას.
"ხახვისა და ნიორის გარეშე ეგვიპტელი მონებიც არ მუშაობდნენ!" ყვირიან ერთად სტაჟიორები, დიპლომებს ხელში აფრიალებენ, მოქალაქეები ტაშს უკრავენ, კამერები ყველაფერს იღებენ, სხვადასხვა რაკურსით, გაჯგიმული უფლებადამცვლები სეირით ხარობენ, გულანთებული სტაჟიორები ყვირიან:
"ნიკოლასის სახელით! ნიკოლასის სახელით!
ხახვითა და ნიორით ნიკოლასის სახელით!"
კისერზე ჩამოკიდებულ ნიორისა და ხახვის აცმებს მოიხსნიან და ჰაერში ისვრიან, დიპლომებსაც ჰაერში ააფრიალებენ, დომხალია, ვიღაცამ უნდა დაალაგოს ეს არეულობა! ვეუბნები ჩემს თავს, თან მსიამოვნებს რა ლამაზი ამბოხი მოვაწყვე! ხელში ისევ სელენჯერი მიჭირავს, ჩემო წიგნებო სადამდე მიმიყვანეთ, ეს ყველაფერი საიდან დაგროვდა, საიდან გაიბედა? მოქმედების დროა!
ახლა? 
ახლა რა უნდა ვქნა? ხომ არ ჯობს შევუერთდე და ჩემივე გეგმას ჩავუდგე სათავეში? როგორ მე ხომ ახლა მათი უფროსი ვარ, სიტუაცია უნდა დავაწყნარო, ყველაფერი უნდა მოვაგვარო! კი მაგრამ მათ ვუღალატო? თუ თავს უნდა ვუღალატო, ამდენ წლიანი მუშაობით უფროსობა მოვიპოვე. ახლა რა ჯანდაბა უნდა ვქნა? ვინ ვარ? როგორი ვარ? მეამბოხე თუ სისტემის შვილი? 

"ილ კონფორმიზმო" თუ "მეოცნებენი" ?
ოი, ბერტოლუჩი!
ოი, შე იტალიელო გარეწარო!
ოი, გვახარია!
ოი, გვახარია!

25-26 ოქტომბერი, თბილისი, ოფისი.

[1] „გილა“, ნაგულისხმევია ქართული სახელი „გელა“, ამ ნოველაში ქართული სახელების კომიკურ ვარიაციებს წარმოვადგენ, ასე რომ ყველა ქართულ სახელს სახეცვლილს შეხვდებით
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge