გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გია არგანაშვილი - გურამ, შენს წიგნზე დავხატეთ ცხენი

                                                                                        
                                                 დაიბეჭდა ჟურნალ ,,კრიტიკაში"


„...საქართველოს ბედს
მხოლოდ ცხენით თუ დაეწევი
მორბიხართ თეთრი - მარტო იმედი
ცხენი ანგელოსით.
გზას შორეულს რა გაიარდა?
ერს ამორჩეულს ჩამორჩებოდი
რომ ცხენი არა“. 
“ცხენი ანგელოსით”  ტიციან ტაბიძე


                                                               
   
ქართულ ლიტერატურაში თავისუფლებისადმი ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვან სწრაფვას ყველაზე უკეთ ცხენი გამოხატავდა. ცხენი ატარებდა ასევე ჩვენი ეროვნული ბუნებისთვის დამახასიათებელ იმ პრომეთეულ თავნებობას, რომელსაც მუდმივად რკინის ჯაჭვი ან ლაგამი სჭირდება შესაკავებლად.
ალბათ, ამიტომაა, რომ ჩვენი კლასიკოსთა უმრავლესობა მხედარი იყო.
ზღაპარში, მითებსა და ლეგენდებში ცხენი და მისი სხვადასხვა სახეობა - მერანი, რაში, ტაიჭი, ჰუნე ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. მათი მოვალეობა ქარზე უსწრაფესად სირბილი, ზღვაზე გავლა თუ მთიდან მთაზე  გადაფრენა იყო. ლიტერატურაში კი მათგან შეუძლებელს არავინითხოვდა. თითქმის სრულიად საკმარისი იყო, რომ ცხენს თავისუფლების იდეა ეტარებინა და პატრონის სამსახური და ერთგულება შესძლებოდა. სხვა მხრივ, ისინი თითქოს დიდად არ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან... თუმცა, შესაძლოა, მომავალში დაინტერესებულმა მკვლევარმა თითოეული მათგანის სახეში საინტერესო ხასიათიც აღმოაჩინოს... ამიტომ, ზედმეტ შრომად არ მიმაჩნია, მკითხველს აქ მათი სახელებიც შევახსენო:
ბადრის თეთრონი, ტარიელის შავი, ტატოს მერანი, არსენას ლურჯა, მინდიას ზერდაგი, ალუდას ფრთიანი, ზეზვას საღარი, არზაყანის არაბია, ... დარბაისელი, დარდიმანდა, ნისლა, ნიკორა, ქვირინაი, ობოლა, ნავსა, სალამურა, ერთგული, თვირთვილა...
ცხენთანაგან ეს უკანასკნელნი - სალამურა, ერთგული და თვირთვილა გურამ რჩეულიშვილს ეკუთვნის. ლიტერატურული პარნასის კიბეებზე ასე ცხენდაცხენ გურამის მეტი ჯერ არავინ ასულა. რაც მთავარია, ალბათ, არც ერთ ცხენს არ უტარებია ლიტერატურაში იმდენი იდეოლოგიური ტვირთი, რამდენიც გურამ რჩეულიშვილის ცხენებმა ათრიეს. თითოეული მათგანი ერთი რომელიმე კონკრეტული ამოცანა-იდეის გადაწყვეტას ემსახურებოდა. მათი სახელებიც რომ არ გვახსოვდეს, ალავერდის ეზოში მიგდებული ცხენის უაღვირო ლეში თუ მაინც გვაგონდება, ესეც უეჭველი საბუთია მათი შრომის შესაფასებლად.
თანაც სწორედ ცხენი და მასთან დაკავშირებული ყველა მხატვრული სახე საუცხოოდ ერგება გურამ რჩეულიშვილის ბუნებას, მის ხასიათსა და სულიერ მდგომარეობას. ვინ იცის, ასე თავდაუზოგადავად რომ არ ეჭენებინა თავის მერნები, იქნებ სანახევროდაც ვერც მოესწრო იმ სურვილების განხორციელება ლიტერატურულ სარბიელზე გამოსვლისთანავე  რომ დაისახა მიზნად ავტორმა.
სარბენი და მოსასწრები კი მწერლობაშიც არანაკლებ ბევრი ჰქონდა გურამ რჩეულიშვილს, ვიდრე ცხოვრებაში.
ლიტერატურულ სარბიელზე გურამ რჩეულიშვილს, უპირველესად, ორი კულტურულ-იდეოლოგიური სივრცე დახვდა გადასალახი. პირველი–ეს იყო კომუნისტურ-საბჭოური, რომელიც თითქმის  აღარ წარმოადგენდა მისთვის წინააღმდეგობას, ხოლო მეორე –ეროვნულ-დისიდენტური, რომელიც თავის წიაღში იწვოდა და მხოლოდ რეჟიმიდან გამოსვლის ძალზე მოკლე მონაკვეთის დაძლევაზე იყო ორიენტირებული..
გურამის შემოქმედებითი ამოცანა კი ზეამბიციური იყო. მას სურდა თავისი თანამედროვე ქართველის სახე შეექმნა. იმგვარი გმირის პორტრეტი უნდა გამოეძერწა, რომელშიც სრულიად რეალიზდებოდა ქართული ეროვნული პოტენცია. ამ ამოცანის შესასრულებლად მისთვის სერიოზულ მეცნიერულ საფუძველს ეროვნული იდენტობის ახალ კონტურები ქმნიდა, რომელსაც მეოცე საუკუნის ქართველ მეცნიერთა ჯგუფის (ივ, ჯავახიშვილი, ივ, ბერიტაშვილი, დ. უზნაძე და სხვათა) საფუძვლიანი შრომები იძლეოდა .
თავდაპირველ ეტაპზე ეს ამოცანა, ერთი მხრივ, არსებული უწესრიგობის (საბჭოურ კულტურულ-იდეოლოგიური სივრცის) შეცვლას და ახალი სინამდვილის, ახალი ღირებულებების დანერგვას ისახავდა მიზნად („ალავერდობა“). შემდგომ კი კი უკვე სტერეოტიპად ქცეული  ფილოსოფიური ღირებულებების  შეცვლის ( ჩანაცვლების) აუცილებლობაც დგებოდა. გურამს სურდა ეს ყველაფერი მწერლობის დახმარებით განეხორციელებინა.
პირველი პრობლემის მხატვრული გადაწყვეტა ბევრად ადვილი ჩანდა, რადგან აქ მას  თვით ავტორის ყმაწვილურ-მეამბოხური სულისკვეთება და ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაურის“ იმჟამინდელი „წაკითხვით“ გამოწვეული ავტორის (სავარაუდოდ) უკმაყოფილება უწყობდა ხელს.
ვაჟა-ფშაველას სამყარო გურამისთვის უცხო არ იყო, რადგან მას უკვე დაწერილი ჰქონდა ლიბრეტო (სცენარი) 25– წუთიანი ფილმისთვის „ალუდა ქეთელაური“. სცენარში ყურადღებას იქცევდა ხევსურთა ხატობის აღწერა, რომელიც მთლიანად იმეორებდა ალავერდობის დღესასწაულის ჩვენთვის ასე ნაცნობ( „ალავერდობა“) გარემოს: 
„... ხატის გარშემო მთვრალი ხევსურები ყრიან. აქა-იქ ყელგამოჭრილი საკლავი გდია უპატრონოდ. ყველგან სისხლია დაქცეული. ქალები წაბლისფერი ჩოლკებით და   ჩიხტაკოპებით ხატის  მიჯნაზე დგანან მწკრივად. დასტურებს ლუდი მოუტანიათ, ასმევენ... ზოგი მთვრალი ფეხზე დგება, ბუბუნებს და ისევ  იძინებს. დაჩოქილი ხევისბერი კლავს საკლავს, სისხლი ასხამს გადაჭრილი ყელიდან. საკლავი მატულობს, დაკლულებს ატყავებენ, ზოგს იქვე აბამენ დაკვლის მოლოდინში. დილიდან მთვრალები იღვიძებენ. ღრეობა გრძელდება. დასტურები უზარმაზარ ლუდის თასებს დაარბენინებენ, ვიღაც არყის შესმაზე ამბობს უარს. დასტური კისერში ჰკიდებს ხელს და ძალით ასმევს. ის, ვინც ძალადობდა, მორჩილად სვამს. მერე სუფრასთან რაღაც ჩოჩქოლი ტყდება. ისმის ხევსურული სიმღერა, ის ხან მაღლა ადის, ხან ნელა გრძელდება, თავისთვის. ჩოჩქოლი ისევ წყნარდება.“
ასეთ გარემოში შემოდის ვერცხლის იარაღში ჩამჯდარი ალუდა ქეთელაური. მას საბლით შემოჰყავს კურატი, რომელიც ხან მორჩილად მოსდევს, ხან ღმუის და გასაქცევად იქაჩება. ალუდა აღელვებულია, კურატის ბრძოლას ვერ გრძნობს...
  აქვე მოდუნებული ვნებების გამოასააფხიზებლად შემორბის გურამი. შემორბის ერთ სხეულად ქცეული ცხენ-კაცი. ცხენი ამ შემთხვევაში გურამის სხეულია. ამ სხეულს, როგორცვნების ჭურჭელს, ამტვრევს  ლეკი და გურამიც  სხეულისა და სურვილების გარეშე არბის ტაძრის ლავგარდანზე. 
ძირს ჩამოსული გურამი კი ისეთი ზიზღითა და სინანულით დაჰყურებს ცხენის ლეშს, როგორც ლაშქრობიდან დაბრუნებული დევ-კერპებთან მებრძოლი გიორგი ნაღვარმშვენიერი (ხევსურული მითოლოგია) საკუთარ სხეულს. ღვთიშვილს აღარ სურს იქ(სხეულში ) დაბრუნება, რადგან „გარედან“ ის ათასგვარი სიბინძურის სავსე მოჩანს...
ჩემი ვარაუდით, გურამ რჩეულიშვილმა „ალუდა ქეთელაურის“ წაკითხვით გამოწვეული შთაბეჭდილება სწორედ „ალავერდობაში“ გაიაზრა მხატვრულად.
ზოგადად კი, ვაჟა-ფშაველას ამ ნაწარმოებში და უშუალოდ ალუდას ხასიათში აშკარად იგრძნობა მოჭარბებული  რევოლუციური პათოსი. შესაძლოა, ეს არის ძალზე ზედაპირული ხედვა, რადგან  პოემაში სხვა უამრავი ნაკადია, რომელიც ტექსტს მეამბოხური ლიტერატურის ხიბლს აცლის და ჰუმანიზმის უმაღლეს გამოხატულებად წარმოგვიდგენს. სამწუხაროდ, ამ პოემის გასაგებად თავიდანვე სათანადოდ ვერ შეფასდა  ლამის ღვთისშვილის მსგავსი მინდიას სახე („ირემს ჰგავს მინდის წითლაი/ შუბლითა მთვარიანითა...“), რომელიც ავტორმა თემსა და ალუდას შორის მედიატორად შემოიყვანა. ასევე დავიწყებულია ძალზე მნიშვნელოვანი და სიმბოლური დეტალი პოემის ფინალში, როდესაც  ალუდას მიერ განვლილი გზას თოვლის ნამქერი  სრულიად ფარავს(„თხრილი აღარ სჩანს კვალისა“)...
„ალავერდობაში“, ისევე როგორც ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაურში“, მთავარი გმირი მხოლოდ საკუთარი ძალაზე დაყრდნობით ცდილობს  არსებული რეალობის შეცვლას („ისინი ეტლებითა და ჰუნებითა, ხოლო ჩუენ სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაითა აღვსდეგით და აღვემართენით“!). ორივე მათგანი ზეადამიანობისკენ ისწრაფვის და ამის გამო ძალიან ადვილად იმსახურებენ მკითხველის პატივისცემას. თუმცა გარკვეული დროის შემდეგ „ალავერდობის“ პერსონაჟი, განსხვავებით ალუდა ქეთელაურისგან, დაეჭვდება საკუთარი მოქმედების სისწორეში ( ალუდას თავისი მოქმედების შესაფასებლად „ სიმაღლე“ არ ჰყოფნის, რადგან ის ისევ ხევსურთა შორის ტრიალებს, გურამმა კი ალავერდის სიმაღლიდან დახედა ყველაფერს.) „ ...ის (გურამი) ხვდება, რომ შრომა, შენება, შემოქმედება უფრო დიდი ფასეულობაა და უფრო შედეგიანია, ვიდრე გამომწვევი პროტესტი, ამბოხი; ამიტომ ხვდება იმასაც, რომ თვით ისიც და საერთოდ, პიროვნება ინერტულ ბრბოზე შეიძლება მხოლოდ შემოქმედებითმა შრომამ აამაღლოს და არა საკუთარი თავის საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოქცევამ. ბრბოსაც კვლავ ხალხად მხოლოდ შრომასთან მიბრუნება აქცევს, რადგან სწორედ შრომისგან მოწყვეტა გადააგვარებს ხალხს ბრბოდ, ართმევს სასიცოცხლო ძალას, არსებობის ხალისს და სიხარულს.“ (თამაზ ვასაძე)
  „ალავერდობაში“ გახმიანებული ეს აზრი ნამდვილად სიახლე იყო საზოგადო ცნობიერებისთვის და მთლიანად ქართული კულტურისთვის. შემოქმედებასთან გათანაბრებული სასარგებლო შრომა, რომელიც ბრბოს ხალხად, ხოლო ადამიანს თავისუფალ პიროვნებად აქცევს, სრულიად ახალ ასპარეზს ქმნიდა ქვეყნის სოციალურ-პოლტიკური ცხოვრებისთვის.  და რაც მთავარია, აჩენდა გზას მეამბოხური იდეოლოგიიდან თავდასაღწევად, რადგან ამბოხის უარყოფა თავის თავში სწორედ საბჭოურ-კომუნისტური იდეოლოგიის უარყოფას ნიშნავდა. რადგან ეს იდეოლოგია თავიდანვე რევოლუციურ-მეამბოხურ საძირკველზე იყო დაყრდნობილი და მომავალისთვისაც თავისნაირი უკუღმართი ცხოვრების პერსპექტივას ქმნიდა.
  ალავერდში განხორციელებულ ექსტაზს ავტორი  უნაყოფოს და უმიზნოს უწოდებს. თუმცა მართალია მკვლევარი მანანა კვაჭანტირაძე, როდესაც  გურამ რჩეულიშვილისადმი მიძღვნილ წერილში(„ადამიანი და დრო“) ასკვნის, რომ მისი (გურამის) ქცევა უმიზნო და უნაყოფოა მხოლოდ რეალურ დროში, მაგრამ ის აუცილებლად რჩება „დიდ დროში“, საერთო საზრისთა სალაროში.
„ალავერდობაში“აღძრული ანტირევოლუციური პათოსი ამ პროცესების თანამდევი  სხვადასხვა ღირებულების ახლებურ განმარტებას ითხოვდა. ჰუმანიზმისა და თავისუფლების საბჭოურად გააზრებული  ცნებები სრულიად ვეღარ პასუხობდნენ დროს. ლიტერატურას კი შეეძლო, რომ ისინი ახალი შინაარსით დაეტვირთა.
მკითხველს ახსოვს, რომ თავისუფლების იდეა  ყოველთვის ეროვნული დამოუკიდევბლობისთვის ბრძოლის ავანგარდში იდგა. ასე იყო მეფის რუსეთის დროს და ასე დარჩა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში.  მაგრამ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ, მუდმივი დაძაბულობის პირობებში თავისუფლები იდეა (მისი მეტაფიზიკური არსი) გაკერპდა და შინაარსი დაკარგა. ფილოსოფიური ცნება, რომელიც თავის თავში გარკვეულ პიროვნულ და სოციალურ მდგომარეობას გულისხმობდა, ერთბაშად მთავარ მიზნად იქცა და ეს მიზანი ბედნიერების სიმბოლოდ შეირაცხა, არა მხოლოდ მასების, არამედ მოწინავე საზოგადოების თვალშიც.
„ რა ამპარტავნები ვართ ერთი მუჭა თავისუფლებისმოყვარე ერი, რომელმაც არ იცის სად არის თავისუფლება.“ - წერდა 1957 წელს გურამ რჩეულიშვილი თავის დღიურში.
ჩვენს დროში კი თავისუფლება, როგორც აუცილებელი საშუალება, როგორც ლოგიკური აუცილებლობა ერის განვითარების გზაზე,  უკვე ჩიხში შევიდა, თავისუფლების ჰორიზონტი რაღაც დაუძლეველ კედლად აღიმართა ჩვენი ხალხის წინაშე. ეს კარგად გამოჩნდა ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების მაგალითზე უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში.
გურამ რჩეულიშვილმა ჯერ „სალამურას“, ხოლო შემდეგ „თვირთვილას“ მაგალითზე სწორედ თავისუფლების ცნების გამრუდებული გაგების გამართვა განიზრახა.
თუ ანტიმეამბოხური იდეის დასამუშავებლად  ცხენი, როგორც მხოლოდ სიმბოლო შეუკავებელი სტიქიური ენერგიისა, მონაწილეობდა,  თავისუფლების ცნების ფილოსოფიური კატეგორიის კვლევაში, უკვე სახელდებული ცხენები (ცხენს სახელი პერსონაჟის ფუნქციას ანიჭებს)  სალამურა და თვირთვილა, როგორც ცდისპირები ისე ეხმარებოდნენ ავტორს ამ ერთგვარი ფსიქოლოგიური ტესტის განხორციელებაში.
თავდაპირველად, ორივე მოთხრობის („სალამურა“, „თვირთვილა“) მოცემულობაში მწერალმა შექმნა საუკეთესო პირობა და ძლიერი მოტივაცია ბუნების მიერ დაწესებული საზღვრების გადასალახად. აქ მთავარ ინტრიგას ულაყების სხეულში ჩამწყვდეული თავისუფლების იმპულსური და დაუოკებელი სურვილი ქმნიდა.
მწერალი ცდილობდა ზუსტად ეჩვენებინა  თავისუფლებისადმი სწრაფვის შინაგანი ფიზიოლოგური პროცესი. ამ სტრიქონებიდან,  როგორც მუჭში ჩატეული სველი თიხის გუნდიდან, თითქოს ავტორის თითებშუა ჟონავდა ოფლში აზელილი სისხლი და დუჟი.
„...ხშირი ფაფარი გაშლოდა და ისე მირბოდა უფსკრულისაკენ. გამონასკვული კუდი მაღლა აებზიკა. დიდი თვალებიდან ცეცხლებს ისროდა და ბრტყელი, ძლიერი კბილებითა ჭამდა ლაგამს. ლაგამი კი სულ უჭერდა და უჭერდა. უნდოდა, უფრო ჩქარა ერბინა, მაგრამ რკინა არ უშვებდა. მაგრად ეჭირა ცხენის თავი მხედარს. ახლეჩილი ლაშებიდან სისხლმა დაუწყო დენა. ორთქლი და დუჟი უფარავდა სისხლს. ახლა სწორ ბილიკზე გავარდა ულაყი. სადავე ცოტა მიუშვეს...“ („თვირთვილა“)
  გურამის პირველ ცხენს სალამურა ერქვა...  მწერლის და, მარინე რჩეულიშვილი ექვსტომეულის პირველი  წიგნის კომენტარებში  იხსენებს მამის (აკადემიკოსი მიხეილ რჩეულიშვილი) მონაყოლს, რომელშიც კარგად ჩანს გურამის ცხენებისადმი დამოკიდებულება: „გურამი ცხენზე პირველად ალვანში შევსვი. მაშინ, როდესაც 7-8 წლისა იყო. კარგი ცხენები მყავდა. განსაკუთრებით კი თვირთვილა და სალამურა. ბავშვობიდანვე გურამი მეტისმეტად გამბედავი იყო და ალბათ ეს იყო იმის მიზეზი, რომ პირველი შეჯდომისთანავე გააჭენა ისეთი ფიცხი ცხენები როგორებიც იყვნენ სალამურა და თვირთვილა, ცხენით იმოგზაურა გურამმა ჩემთან ერთად დაღესტნის (ავარეთი, დიდოეთი) და თუშეთის მთების სამივე ხეობაში, წოვათში,ალაზნის თავი და სხვა. მე აქ ვმუშაობდი, ვატარებდი ცხვრის ბონიტირებას. ამ დროს გურამი კლდეზე ცხენს დააჭენებდა. გურამი ზოგჯერ სანადიროდ დამყავდა.“ 
მკითხველს ყოველთვის აოცებდა გურამის ასაკისთვის შეუფერებელი ცხოვრებისეული სიბრძნე და ადამიანური გამოცდილება.  ამ მოგონებაში კარგად იკითხება, რომ ეს გამოცდილება ლოგიკური შედეგია გურამის ცხოვრების წესისა. უბრალოდ, მან სხვებზე (თავის თანატოლებზე) ადრე დაიწყო ცხოვრება. ადრევე მოილია გარემოს სიმშვენიერით გამოწვეული აღტაცება და საშუალება მიეცა უფრო ღრმად ჩაეხედა ბუნების არსში.
იმ ასაკში, როდესაც ბავშვები ბუნების აღქმას იწყებენ, გურამი უკვე საგანთა ურთიერდამოკიდებულების მიზეზებს არკვევდა. ის რომ თავისი ბუნებით „ეჭვიანი“ ყოფილიყო, აუცილებლად მეცნიერულ კვლევას მიჰყოფდა ხელს, მაგრამ ბუნებით გურამი საწუთროს მიმნდობი იყო („მიმნდობნი საწუთროსანი მისთა ნივთთაგან რჩებიან, იშვებენ მაგრამ უმუხთლოდ  ბოლოდ ვერ მოურჩებიან.“ რუსთაველი) და თავისი შემოქმედებითი  ნიჭის წყალობით,  „ერთი დაკვრით გარემოს შეცვლის სურვილი“, მასში სულ მალე ჭვრეტა-ანალიზით გატაცებამ  შეცვალა.
ამავდროულად,გურამისთვის უმთავრესი ყოველთვის მხოლოდ პირადი განცდა იყო. ამიტომ სულაც არ გაგვიკვირდება, რომ მკითხველმა  სალამურასა და თვირთვილაში თვითონ ავტორის, ცხენივით გაჭენებული გურამის ხასიათი შენიშნოს.
მარინე რჩეულიშვილი წერს:
„გურამის მიერ 1956 წლის შემოდგომაზე დაწერილი ცხენების ციკლის მოთხრობათა ლირიკული სუბიექტი არის ცხენი. ვისაც 18-19 წლის ან თუნდაც 20-22 წლის გურამისთვის მოუკრავს თვალი და სალაპარაკოდ ცოტა ხანს მაინც გაჩერებულა, ადვილად ამოიცნობდა მასში სალამურასა და თვირთვილას. შეიძლება ითქვას, რომ სალამურა და თვირთვილა გურამის ავტოპორტრეტებია. ისიც მათსავით თითქოს ადგილზე ურტყამდა ფლოქვებს, განიერი ნესტოებიდან, გეგონებოდა , მართლაც ორთქლის ნაკადს უშვებდა და თითქოს მათსავით ლაგამამოდებული, ყელმოღერებული, მარტო ფრუტუნსღა ახერხებდა.“
ეს დაკვირვება სრულ უფლებას გვაძლევს ცხენების ციკლში გურამის პიროვნული განვითარების სხვადასხვა ეტაპი შევნიშნოთ.  თუნდაც მხოლოდ „სალამურას“. „ერთგულისა“ და „თვირთვილას“ მიხედვითაც რომ ვიმსჯელოთ, კარგად დავინახავთ ახალგაზრდობის დაუკობელ ლტოლვას თავისუფლებისკენ („სალამურა“), გამოცდილებით შეძენილ მოვალეობისადმი ერთგულებას („თვირთვილა“) და აქტიური ცხოვრების მიღმა დანახული მარტოობის სიმშვიდეს („ერთგული“).  ცხოვრების ეს სხვადასხვა ეტაპი ერთმანეთის ოპოზიციად არ აღიქმება. სრულფასოვანი ცხოვრებითვის სამივე ეტაპის გავლა აუცილებელი ჩანს. თუმცა ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა გარკვეულ სიფრთხილეს მოითხოვს, რადგან თითოეული გაუაზრებელი ნაბიჯი ბეწვის ხიდზე გავლას ემსგავსება.
ამიტომ არ გვიკვირს ამ სახიფათო გზაზე სალამურას დანახვა:
„ერთი წლის გახედნილ ულაყს უზომოდ მოუნდა ტრამალებში ნავარდი. კიდევ უფრო სწრაფად მოუნდა ჭენება და მთლიანად დაკარგა შგრძნება, უცებ მოსხლეტით გადახტა გვერდზე, ხალხს თავზე გადაევლო და გაუჩინარდა.
ძირს დაგდებული მხედარი მოედანზე დარჩა (დედანში იკითხება თავგაჩეხილი გ.ა).
ქუჩაში გავარდნილმა მისკენ მომავალი მანქანა დაინახა: შეეშინდა, დაფრთხა.
დაუფიქრებლად გადაეშვა დაბალი ხიდიდან.“
სალამურას ბედი ლოგიკური შედეგია მისი ქმედებისა. მუხლებდამტვრეული სამი წლის ულაყი, რომელსაც ძალიან მოუნდა ჭენება და თავისუფლება მანქანის ხმაურმა (ცივილიზაციამ) დააფრთხო და ... ცხენი დოღისთვის უვარგისი გახდა („სალამურა“).
სალამურამ დაკარგა ყველაფერი, რაც მას ღირსეულ ცხენად აქცევდა, მათ შორის სახელიც და კრებითი ჯოგის ერთი რიგითი წევრი გახდა, რომელიღაც საზიარო სახელის ქვეშ გაერთიანდა.
თითქმის იგივე ამბავი ხდება „თვირთვილაში“. შვიდი წლის ულაყმა, რომელიც ოთხი წელი ამაოდ ღრღნიდა ლაგამს, პირველივე შემთხვევით  „ისარგებლა“ და  ლაგამ-აღვირ-უნაგირისგან ერთბაშად გათავისუფლდა.
„გავარდა თვირთვილა.
მიჰყვნენ სხვებიც.
გავარდა თვირთვილა.
თვალები მუგუზლებს ისროდნენ.
ვეღარ გრძნობდა შვიდი წლის ულაყი ლაგამს და მირბოდა.
ვეღარ გრძნობდა მხედარსაც.
ვეღარ გრძნობდა ვერაფერს.
თავისი ცხოვრების მეშვიდე წელს ბედისწერამ აიტანა.
-აბა,ჰე!
-ჰაი, ჰე!
-აუ, აუ, აუ თვირთვილავ!
  მეორე დილა თვირთვილას იალაღზე გაუთენდა“ („თვირთვილა“).
თვირთვილამჩამოაგდო მხედარი და ამ გზით თავისუფლება მოიპოვა. მან მოასწრო იალაღზე დაბრუნება და ამით თითქოს სალამურას ბედიც აიცილა, მაგრამ რა ელის მარტო დარჩენილ უმხედროულაყს, რომელიც ახლა ქარივით თავისუფალია? იალაღზე წყალიც ბევრია და საკვებიც. იარებიც უკვე შეუხორცდა.  მაგრამ სწორედ ახლა, თავისუფლების მეოთხე დღეს კი მას უცნაური რამ დაემართა... თვირთვილას აექავა ტუჩები და მოუნდა ლაგამის დაეღეჭა,  თვირთვილა სიცარიელემ შეაწუხა და მოუნდა ზურგზე მხედარი ეგრძნო.
მეოთხე დღეს თვირთვილა სახლისკენ დაეშვა. მივიდა საჯინიბოსთან და დაინახა თავისი პატრონი, რომელიც აღარ ინძრეოდა. ამის გამო ის საზარლად აჭიხვინდა.  დასწვდა ლაგამს და ღეჭვა დაუწყო.  მივიდა საჯინიბოს დაბალ კედელთან და ზურგით გაეხახუნა.
თვირთვილამ საკუთარი ნებით დათმო თავისუფლება, რადგან მის პირუტყვულ მოსაზრებულობაში რაღაც უფრო მაღალი მოტივი გაჩნდა. ამან ულაყი ლაგამთან, აღვირთან, უნაგირთან, მოვალეობასთან დააბრუნა. თვირთვილა საკუთარ მოვალეობას დაუბრუნდა (მოვალეობისადმი ერთგულება მისი უფლებაა), რადგან  ნამდვილი თავისუფლება სწორედ მოვალეობასთან დაბრუნებას გულისხმობდა.
იქნებ, ამგვარი მოქმედება პირუტყვისთვის მართლაც შეუძლებელი ჩანს, რადგან ადამიანისთვისაც კი ძნელია მოვალეობის მაღალი ღირებულების დანახვა და ბუნებით თავისუფლებაზე უარის თქმა?!  თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ სწორედ ცხოველები (ამ შემთხვევაში ცხენები) ინარჩუნებენ პატრონისადმი ერთგულების  შესაშურ თვისებას, რაც ტექსტში სიმბოლურად საკუთარი სახელის შენარჩუნებაშია გამოხატული:
-ჰეი, ჰე თვირთვილავ! -
ერთი მხრივ, აბსოლუტური თავისუფლებისკენ ლტოლვა და მეორე მხრივ, ადამიანისადმი ერთგული მორჩილება – გურამის მეგობარს და ცნობილ მხატვარს თემო ჯაფარიძეს ადრევე შეუნიშნავს გურამის შემოქმედებაში არსებული ეს წინააღმდეგობა:
„იგი უსაზღვრო თავისუფლებისკენ ინსტიქტური მიდრეკილების გამომხატველი ჭაბუკი იყო. მეორე მხრივ კი, ზნეობრივი კანონებისადმი მორჩილების მაძიებელი პიროვნება...“
  თუმცა რატომ უნდა ჩავთვალოთ თავისუფლებისადმი მისწრაფება და მოვალეობისადმი მორჩილება წინააღმდეგობრივ ღირებულებად?! გავადევნოთ კიდევ ერთხელ  თვალი გურამის პიროვნული ხასიათის ცვლილებას და დავრწმუნდებით, რომ ადამიანის განვითარების სქემატური ნახაზი მის შემოქმედებაში პირობითად ასე გამოიყურება: თავისუფლებისკენ სწრაფვა, მოვალეობისადმი ერთგულება (საკუთარ თავთან დაბრუნება) და მსხვერპლად შეწირვის იდეა.
მკითხველი აუცილებლად შეამჩნევს, რომ ამ საკითხში  გურამ რჩეულიშვილი სრულიად ეწინააღმდეგება დასავლური კულტური ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელის, მწერლისა და ფილოსოფოსის ალბერ კამიუს მოსაზრებას (ამან არ უნდა შეაკრთოს დასავლური კულტურის ადეპტები ჩვენში). ფრანგი მოაზროვნე ადამიანის არსებობის უტყუარ საბუთად, დეკარტესგან განსახვავებით (ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ - დეკარტე) პროტესტს, ამბოხს აყენებს(„მეამბოხე ადამიანი“ 1951წ) . კამიუსთვის ადამიანში პროტესტის, ამბოხის გრძნობა თავისუფლების ერთგვარი საზომიცაა... და მაინც, მიუხედავად ამ წინააღმდეგობისა, გურამ რჩეულიშვილი ჩვენში სამართლიანად ითვლება ევროპული მიმართულების მწერლად  და ეს სრულიად ბუნებრივია, რადგან  ნებისმიერ კულტურასთან დაახლოვება, მისი სასარგებლო გამოცდილების გაზიარება, არა მისდამი უსიტყვო მორჩილებით, არამედ მხოლოდ მასთან მძაფრი დაპირისპირების პირობებშია შესაძლებელი. რადგან  რა გზითაც არ უნდა იაროს ხელოვანმა, ბოლოს ის მაინც შემოქმედებითი  შრომის (შექმნის) იდეის აღიარებამდე მივა. ხოლო ამის აღიარებამდე საკუთარი გზის ძიება ინდივიდუალურ (ასევე ეროვნულ)  ნიშნებს უნარჩუნებს მის შემოქმედებას.  ხელოვნებისადმი და ზოგადად, კულტურისადმი ამგვარი დამოკიდებულების პოზიტიურ შედეგს  უკანასკნელი საუკუნეების ქართულ მწერლობაში ჩვენ ნიკოლოზ ბარათაშვილის, ჩვენს დროში  კი გურამ რჩეულიშვილის შემოქმედებაში ვხედავთ.
წერილის დასაწყისში ვახსენე ქართული ლიტერატურული ცხენების რემა და ვთქვი, რომ მათი უმრავლესობა სწორედ თავისუფლების იდეას გამოხატავს. თავისუფლება (სადავეების დაწყვეტა) მათი ცხოველური ინსტიქტის ფარგლებში ეტევა. გურამმა „თვირთვილაში“ მოვალეობასთან (საკუთარ თავთან) დაბრუნებაც ცხოველური ინსტიქტების წრეს მიაკუთვნა და ამით ეს  მორალური საქციელი არა თუ მხოლოდ შესაძლებლად, არამედ აუცილებლობადაც კი ჩათვალა. ამ ტრიადაში დარჩა მხოლოდ ნებით თავშეწირვის იდეა, რომელიც გურამმა ადამიანური სიმაღლის ყველაზე ჰუმანურ აქტად გამოაცხადა, როგორც  სასურველი ქმედება პიროვნების განღმრთობის გზაზე.
და ბოლოს, მინდა გურამ რჩეულიშვილის, როგორც მწერლის ერთ-ერთი თვისება აღვნიშნო, რომელიც ყოველთვის „ატყუებს“ პირველ მკითხველს. გურამი თავიდანვე დაეუფლა ძალზე მნიშვნელოვანის ძალიან ადვილად თქმის ხელოვნებას. შესაძლოა ამის მიზეზი ისიც იყო, რომ მას  ძალზე ბევრი ჰქონდა სათქმელი და არ შეეძლო თითოეულ  აღმოჩენასთან ჭკვიანური სახით დიდხანს შეჩერებულიყო. ალბათ, ამიტომაა, რომ სწორედ ახალბედა მკითხველი გურამის შემოქმედების კითხვის დროს ხშირად იბნევა, დრამატული ამბის მიღმა ვერ გრძნობს იმ ფილოსოფიურ სიღრმეს, რომელიც მწერლის მხატვრული ტექსტებში (ნოველა, მინიატურა, მოთხრობა, პიესა) ყოველ ნაბიჯზეა საძებნი. ახლა, როცა გურამის დაბადებიდან უკვე 80 წელია გასული, ორმოცდაათი-სამოცი წლის წინ დაწერილი მის ტექსტები  არ მხოლოდ მხატვრულ ღირებულებას, არამედ  იდეურ სიმაღლესაც ისევე ინარჩუნებს. შესაძლოა, რომ მწერლის მიერ ზოგიერთი თემის გააზრება დღეს უფრო აქტუალური ჩანს, ვიდრე  მაშინ, როდესაც ის იწერებოდა.
p.S. გული მწყდება, რომ ამ წერილში აღარ მოხერხდა გურამ რჩეულიშვილის სხვა მოთხრობების (ცხენების თემატიკა) განხილვა. განსაკუთრებით კი ერთ-ერთი მოთხრობის ,„ერთგულის“, გაგებისთვის მისი საფინალო-საკვანძო ფრაზის გახსნა მინდოდა მომესწრო. „ერთგულმა კისერი გაიგრძელა, უღონოდ ჩაიხვიხვინა და ისევ ველებს გაუსწორა თვალი, სიამოვნებდა, რომ ხმაური (გამარჯვების ხმაური გ.ა.) მისგან შორს იყო, რომ იყო მარტო და არავინ აწუხებდა.“  ალბათ, მკითხველის ცნობისმოყვარეობას გავაღვიძებ თუ ვიტყვი, რომ სწორედ ამ ფრაზამ უკარნახა გურამის მეგობარს, ჩვენთვის კარგად ცნობილ მწერალს ერლომ ახვლედიანს, ასეთ უჩვეულო აზრი გამოეთქვა თავისი ცხოვრების წესზე: „მინდა ისე ვიცხოვრო, თითქოს ვარ კიდეც და არცა ვარ. ფეხაკრეფით გავიარო ეს ცხოვრება, თითქოს ვიღაცას სძინავს და არ გავაღვიძოო“
გია არგანაშვილი

скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge