გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ელიზბარ ელიზბარაშვილი - ლექსები

უსასრულო დაბრუნება
შენი საწოლია,
დავიწყების ადგილია უსასრულო.
ბრტყელი კედელი მეხსიერების არქონას ღაღადებს შორიდან.
შენ ბრუნდები სახლში,
ფიქრების ხერხემალზე გადავლით,
შენ, როგორც დაღლილი ყვირილით,
მწარე გულისფეთქვით სავსე,
შველას დაყრდნობილი
და შორიდან გაიწვდენ ხელებს ახლომდგომისაკენ.
ღამეა,
მთვარე მთვარეა, იგი მოძრაობს ცაზე
როგორც ჩვენი სხეულები გამთენიისას
და ხაზავს ცეცხლისფერ ტაძარს.
იგი შენი სახლის სულია _ უხილავი მზაკვარი,
შემოდგომის სამოთხის გასწვრივ მქროლავი,
შენი ხელებიდან დასხმული წყალი,
ბაგეს რომ დაატყვევებს.
შენ ბრუნდები სახლში _ საწოლში,
საწოლის გულში,
ახალი თაიგულით მუხლებწამოშლილი,
ფრთებდაკარგული,
გრძნობამორეული,
უსასრულო დავიწყების ადგილას,
შიშველი,
ბრუნდები უსასრულოდ...


შენ აქა ხარ
თეთრი ხელები აშენებენ ყოველი ბავშვის სათუთ მოგონებას
ერთხელ გულში ჩამწყდარი სურვილის სიმწარით.
როგორც არასდროს ისე ახლოს დგახარ,
                         სიბრაზემორეული,
შენი ბავშვობის თვალებახელილი ახალგაზრდობის კიდეში.
შენ აქა ხარ, როგორც ყოველთვის
_ ცისფერი მხეცი, ცისფერ სხეულზე.
მზიდან არეკლილი სხივები არწევენ იმედდათოვლილ აკვანს ჩვენი მოგონებისა.
შრიალებენ წინაპართა სამარხები არმაზის უკუნეთ ღამეში.
შენ აქა ხარ _ სერაფიტა.
                      

სერაფიტა
თეთრი სამკაული შენს სხეულზე
გამთენიის კვალს აჩნევს ვნებიან კოცნას.
ძოწისფერი კერტები აბრმავებენ 
                   უდროოდ ჩამოშლილ ბედნიერებას
და სირინოზთა ხმაზე ნაკარნახებ სიტყვებს 
ალბობენ ოცნების ქორწინებაში.


სიმღერა
სერს მირმა გადამზირალს,
ჩემი ბავშვობის საუკუნო მოწმეს,
შენ, შენ გიმღერი 
ჩემო სიყვარულო,
შენი თვალების კაკლებით ვტირი.
ამ დათვის ფრად,
ამ თაფლის ფრად ვაშენებ ჩემს გულს,
ვერწყმი უდაბურ სიტყვებს
ჩუმად რომ გამომატარე.
არ მითხარი,
მაგრამ ისე გამიყოლიე.
მთით დაშვებულ კივილს ვგავდი მაშინ.
ღამე იყო,
ასე გაიყოლე ჩემი ხელები, სახე და ტანი
შენი ნესტოების ჰაერით შეისუნთქე,
ბოლოს შეგიყვარე.
დიახ შენ, შენ გიმღერი
ჩემო სიყვარულო
და აღარ ვამბობ შენს სახელს. 


განშორება
რამდენი ფიქრი ელოდა
შენი მგლის ხელებში ამოზდრილ
მთვარეთა გუნდის სურვილებს?!
რომელთაც კვებავდათ მზის სხივი
და გაუვალ ტევრში მეძებართა ყნოსვა ეგებებოდათ
გარიჟრაჟზე ანთებული თვალებით.
_ მათ სიტყვა სწყუროდათ და გულზე ეწერათ ეს სიტყვა.
რამდენი სურვილი რჩებოდა
ჰაერის მტკნარ ნაკადში შრიალით გამავალ ცარიელ ხეობაში,
სადაც დაძრწოდა უსაშველო ქარი,
შენი კალთების მდევნელი,
წითელი ენით გამყოფი უახლოესი სიძულვილის,
                უახლოესი სიყვარულისგან,
როდესაც ხელები გეხებოდნენ მხრებზე
და სიტყვები თავად იკვლევდნენ
სასურველ მიმართულებებს,
როდესაც გრძნობდი უცილობელ დამარცხებას.
მაშინ შემოდგომა შენი მკლავების ბუნებას ემოსა
და გრძელი სასმისის ქვეშ დაფარულ ღიმილში იმალებოდა
დაგვიანებული შიში უეცარი განშორებისა.
ეს იყო გზა _ არარსებულში.
უძირო ტანი სიკვდილის მთესველი იყო 
                      მაშინ ჩვენს შორის
და ჩვენი ტუჩები ერთმანეთის სიშიშვლეს აქრობდა სამუდამოდ.
ვკვდებოდი სამუდამოდ.
თამაშობდა შლამში ნიანგი
და რამდენჯერ უნდა მეთქვა, რომ შენი თვალების ხსოვნა მაინც გამყვებოდა
იმ გაშეშებულ სამყაროში.
                     

ტყის მჭრელი
ავაზას ჰგავს,
შებინდებისას,
ხეობას რომ სწვდება შურდულივით
- მაღლით კვნესა ამოაწევს. მისი შავი, მთრთოლვარე ტანი
ღამეში ელვარებს:
უცდის ბოლო ნახტომს.
ტყეს ჰგავს
და ტყის პირქუშ მჭრელს,
ხეთა ფესვებს რომ ჰკოცნის ღამღამობით,
ხოლო სისხამ დილით, სიწითლისაგან გარყვნილს
გულზე სქელ მძივებს მიაბნევს
                   და გარბის გამალებით
და იცის, რომ არ შერჩება მისი მწვანე, ურცხვი თვალები
არასოდეს,
სანამ სიცოცხლეს ჰკარგავს მისით,
სანამ ულოცავს და მიულოცავენ ახალ გამარჯვებებს,
იცის, რომ შენი ხელები არასოდეს შეეხება ზურგზე,
რომ ღალატი არასოდეს დაუბრუნდება 
და უცდის ბოლო სიტყვებს.
სიტყვებს ჰგავს,
რომლებიც იფანტებიან შენში
და ბგერებს ჰკარგავენ.
  

***
დავეწაფები კვლავ და კვლავ ანკარას და უშრეტს 
– შენი ბაგეების ქვეშ გაშლილ მწვანე სიმღერას.
ავივსებ მაჯებს ღვინისფერი წამლით სამარადჟამოდ
და წარმოვთქვამ სიტყვებს, 
რაც არ უნახავთ დღის სინათლეზე არსად არასდროს!


მუხლებზე  გაზრდილი ყვავილები
ანგელოზის უხილავი ხელით განჭოლავ
გასული წლის ღამემორეულ დღეებს
და შეერთვი იანვრის ვარდისფერ ცას;
-    ეს შენა ხარ!
-    ეს ქვეყანაა-ქვედაყანა
-    ჩვენი ცხოვრების დანიშნული ადგილი
და ეს ჩემი სისხლია, დაღვრილი შენს მოლოდინში.
მეხმიანება ყოველი მზე და ყოველი ვარსკვლავი
და ყველა კომეტა ტკივილნარევი ღიმილით
გაჭრის უშენობის მდუმარე წყვდიადს ჩემს თვალწინ,
როდესაც შეეგებები ახალი წლის პირველ წამს, პირველ წუთს
და იტყვი - აქა ვარ!
-    აქ იყავი ყოველთვის!
დგახარ და საუბრობ
და შენს საუბარში ყოველი სიმწარე იბადება და თავად კვლავაც იკლავს  თავს.
ღვთაებრივი სიტყვებით ნათელჰყოფ ზეცის არსებობას 
                                   ჩვენს გარშემო,
რომელიც ზედაყანაა-ზესკნელი
-    სამყაროს გვირგვინი
და შენი დაუვიწყარი ფიქრებით მიქრიხარ, 
ყვავილებით მუხლებზე, საახალწლო ტყეებს მიღმა, 
ზესკნელსა და ქვესკნელს შორის შენს ოქროს-ყანაში.
-    ეს ყვავილები საუბრობენ ჩემს სიყვარულს!
-    ეს ყვავილები საუბრობენ ჩემს სიყვარულს!
-    ეს ყვავილები საუბრობენ შეუძლებელზე...скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge