გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

სალომე ბურდული - ნაწყვეტი რომანიდან ,,ნონსენსი"

სხეულს შია!
შენ ყოველღამე მიდიხარ და მე მაწუხებს ჩუმი შიში, ალყაში მაქცევს ჩვენი სახლის ნესტიანი კედლები. ზოგჯერ მგონია, რომ სახლში ვიღაც დააბიჯებს, არ შემიძლია, უძილობა ამეკვიატა.
ათას კაცში გამოვარჩევ შენს სუნს, როგორც მანგოს მსუბუქი გემო. თუ ერთხელ მაინც გაგისინჯავს  ეს დიდებული გემო, ვერ დაივიწყებ... 
ნუ იმალები! 
გამოჩნდი, თორემ ვიყვირებ, რომ გათავდი და აღარსად ხარ.
გახსოვს? როგორ მიყურებდი, როცა ამ აშოლტილ კედლებს ვაფერადებდი. 
შემოდი, თორემ ჩვენს სახლში შემზარავად ქრიან ქარები.
რაც შენ წახვედი, აღარ არსებობს არც დრო და აღარც ფიქრები. გასვლა ფიქრისა და დროის მიღმა ნიშნავს გასვლას მწუხარებიდან და მოწყენილობიდან.
შენ ყოველღამე ბაქანზე დგები, მატარებლის კივილს შორიდან არღვევს ბუნების ღრიალი.
ნუ მაიძულებ, ვერ შემოგხედავ, სხეულს ღეჭავს მატარებელი.
შენი მატარებელი....
გწამლავს...
მთელ შენს არსებაში იჭრება ინტეგრირებული და საიდუმლოებებით მოცული სამყარო და გწამლავს. ყველაფერი, რაც ნაცნობია, რაც იცი, წარმავალია. მასში არ არის მშვენიერება, არამედ - მოწყენილობა და რუტინა. ის, რაც უსასრულობისკენ გიხსნის გზას, შენი შეზღუდული ცნობიერების მიღმაა.
იარე!..
არ მოიხედო!..
შენ ყოველღამე მიდიხარ და მე ყოველღამე გელოდები სასაკლაოზე, სადაც დუჟი სდით გვამებს. 
ფრთხილად! 
იწვიან მათი მიტოვებული, ძველი სახლები...
ამოგივსებდი, მრავალი კოცნით, მშიერი უფსკრულებივით უძირო და მიუწვდომელ ნაიარევებს, მაგრამ....
შენ მიდიხარ და ამინდების იმედად მტოვებ,
ვერ უნდა მივწვდეთ ერთმანეთს, დავიმსახურეთ!
ნუ მაიძულებ!..
იარე!..

მამას
ტალახიანი ჩექმით შემოვიდოდა ხოლმე ჩემი კაცი სახლში დაღლილი და თავის სანადირო თოფს კედელზე ჩამოკიდებდა. იცოდა, რომ სხვა ქალების ქმრები სეზონურად ნადირობდნენ ჩემზე, და ოფლში იწურებოდა, მე კი  მინდოდა,  ცხელი და შიშველი სხეულით შევწოლოდი ლოგინში. ამ უღმერთო მამაკაცების მიმართ უძლურება მაიძულებდა, მეც მენადირა, ოღონდ - ცხონებულ მამაჩემზე. მას ვადანაშაულებდი ყველაფერში.
ის დგებოდა მდინარისკენ ზურგით, ხელებჩამოშვებული და დაუძლურებული. რიგრიგობით მიფრინავდნენ ყვავები და ზურგს უმაგრებდნენ. თოფის გასროლის ხმაზე დაეცემიან ყვავები სისხლიან მიწაზე და მამაჩემი ვერ მოასწრებს ხელების გაშლას, ისე დაშორდება სული მის სხეულს. მე მის სახეს დავასველებ ცრემლით, დამიმარტოხელებს სირცხვილის გრძნობა და გავხდები უსიმპათიო. მომეწონება მამაჩემის ტანჯვის ცქერა, რომელიც შეეცდება, შეინარჩუნოს მბჟუტავი სიცოცხლე.
ამოვარდება ქარი და დაიწყება აპოკალიფსი. ვილაპარაკებ ბრძოლაში დაჭრილებზე და მათ ნელ აგონიაზე. ვილაპარაკებ აღზევებულ ადამიანებზეც, სიკვდილზე ფიქრი რომ არ ასვენებთ. რომ არ გავზრდილიყავი, მაშინ უფრო მეტად ბავშვი ვიქნებოდი, მამაჩემი ყოველ დილას დადგებოდა მდინარის პირას და დაინახავდა ჩამოტარებულ გვამებს. მე რომ არ ვყოფილიყავი, მამაჩემი არ იქნებოდა ვალდებულებით სავსე. ჩემი ქუსლმოცვეთილი ფეხსაცმლით გამოვიდოდი ქუჩაში და ერთად გვეყვარებოდა მდინარის პირას, დაცარიელებულებს დგომა. მთელი ძალით შევეცდებოდი, ოთახის შუაგულში, ყოველ ღამით, უნაყოფო ხესავით ამოვზრდილიყავი. 
მე რომ არ ვყოფილიყავი.....
იმ ღამეს უკანასკნელად გავარდა ჩემი კაცის თოფიდან რამდენიმე ტყვია ...
მე მოვკალი მამაჩემი, რომელიც მდინარის პირას იდგა და ისმენდა მიცვალებულთა ჩურჩულს.

***
კუშტო ნეანდერტალელნო, ცრურწმენას ისევე განიცდით, როგორც მე შიშს ქარიშხლის წინაშე. მე და თქვენ შამანიზმი გვაერთიანებს. ბოროტი კარეის მრისხანების ისევე გწამთ, როგორც მე ყვავილებში მცხოვრები კეთილი სულების. როგორ დამყურებთ მაღლიდან, თითქოს, ბუნების დამახინჯებული შეცდომა ვიყო. გარს მეხვევით, როგორც ლეშის მოყვარული, ბინძური ბუზები. სიმახინჯის ცალკეული ინდივიდი ხართ და თქვენივე აფექტი სისხლისმღვრელ მხეცებად გაქცევთ. მოძმეთა სისხლიანი ხორცით დანაყრებულნი, პირის ღრუდან თქვენც ისეთივე სიმყრალეს უშვებთ და იწამლებით საკუთარ გამოქვაბულში. ორგანიზმი გადამუშავებული მიცვალებულების და ქვეწარმავლების სიმძიმით მევსება. ვგრძნობ ფილტვების სიმყრალეს და კლდის მღვიმის საფარებში, კოცონის კვამლიც კი ვერ ფარავს სუნის სიმძაფრეს. 
ირმის ტყავებით მორთულ, პალმის ფოთლების ქოხში თეძოს სახვევებით სხედხართ და კბილებს ნაცრით ილესავთ. ისე მიყურებთ, როგორც სიკვდილის ღმერთი, რომელიც თავად იცავს მის სამეფოს. მოწამლულისრებიან, ბამბუკის იარაღს პირდაპირ შიგ გულში მიმიზნებთ. მკვდართა ჩრდილებივით მევლინებით, თითქოს, მიწისქვეშა ქვესკნელის დამცველნი იყოთ. ვგრძნობ, როგორ მიახლოვდება სოციალური ერთობა მისი ჰარმონიული რიტუალებით, ბუნებაში არსებული ნათლისა და ბნელის თანაზომიერი უხილავი ძალებით. ვითომ, ზეადამიანური არსებების ძღვენს წარმოვადგენდე. გამფატრეთ, მაგრამ გულს ვერცერთი ამომკვეთთ და ვერც ტაძრის კედლებს შეღებავთ ჩემი სისხლის ლაქებით, თქვენი ღმერთების პატივსაცემად. რაც უნდა მოხდეს, აალებულ კოცონში მე თვითონ შევალ და მზედ გადავიქცევი. ხილულ შუქს თავისუფლად გავავრცელებ კოსმოსში. შევცვლი დედამიწის ატმოსფეროს სტრუქტურას, დავიხურავ მანათობელ გვირგვინს და ზეცაზე ვიფრენ ეტლით, ვით მზიური ღვთაება.  скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge