გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

დაკო თუშაბრამიშვილი - ლექსები



***
ჩვენ უფლება გვაქვს გვიყვარდეს თოვა
და დიდი ზამთრის ელვარე ლანდი,
რომელიც თოვლის სიმშვიდით მოვა,
რომელიც თოვლის სიმშვიდით დადის.
გტოვებ და მაინც მივდივარ ვერსად,
მაინც შენში და შენთან ვბრუნდები,
და ჰგავს სიჩუმე დათოვლილ ვერსალს,
რომელიც ფიქრის თეთრი გუნდებით 
აავსებს ჩვენი სასახლის ეზოს.
მე ვწერ და სიტყვით არასდროს ითქმის 
რასაც  ვწერ, 
ჰო და არ იცის კაცმა,
როგორ ვიარე დასჯილმა რისხვით,
როგორ ვიხილე ათასი ჯვარჩმა.
და რომ ძაღლივით მოჩვეულ ტკივილს,
როგორც ხეს ფოთლებს ისე მაცლიან 
და როცა ქარი, ჩემი ხმით კივის,
ცას ცემი ლურჯი კაბა აცვია.
და მახსენდება,ქუჩაზე ნაცნობ, 
როგორ დავტოვე ძვირფასი წლები
და არის წუთი, როდესაც ნატრობ
ისევ ბავშვობის შეისხა ფრთები.
ახლა კი.რადგან სიჩუმეს ვიყოფთ 
თოვლის და ზეცის არეკლილ ფერებს,
მე მინდა შენი პოეტი ვიყო,
გარდაუვალი სიკვდილის მერეც!


***                                 
მე ჩემს სურვილებს ავედევნე,
ასე უტიფრად
და წვიმის წვეთი ორნამენტებს
შიშველ კანჭებზე,
ურცხვად ხატავდა,მაგრამ 
ალბათ
დროსაც უღირდა, 
რომ ტუსაღივით გამოვები
თავის მაჯებზე.
ის სხვა დრო იყო,სხვა სიზმრის 
და სხვა ნეტარების,
ახლა გამომშრალ ხახას შერჩა 
მხოლოდ წყურვილი,
გამომაღვიძეთ,თორემ ღამე
თავის ტორებით,
ჩემს ხერხემალზე დააბოტებს
მთვარეულივით.
მე აღარ მახსოვს გაზაფხული
როდის გამშორდა,
ან რომელ ლექსში გამეყინა 
ხმა შემპარავი,
სულ ცოტა ხანი დააბრუნეთ
ჩემი ბავშვობა
სახლი კი არა, ტყეში მქონდეს 
თუგინდ კარავი.
მთელი ღირსებით, არცერთ ტკივილს 
აღარ ვაკლდები
და ისიც ვიცი, არც ბოლო ვარ
და არც პირველი,
გამომაღვიძეთ! სხეულიდან
სულით ნაკვები,
ლამის თვალებთან ამიფრინდეს
ლურჯი ფრინველი.


***
მთვლიდა ათასჯერ გადათვლილი 
ხეების რიგი,
მანძილს მითვლიდნენ ქალაქებად 
და სადგურებად,
და როგორც შეძლეს,გულმოდგინედ,
რისხვით თუ როდით,
ვინც როგორ შეძლო, სწორედ
ისე მანადგურებდა.
და ხელისგულებს შეეზარდა
ყინვის ბორცვები,
ხელებსღა შერჩა ყვავილები 
მძიმე ხუნდებად,
მომეჩვენება,რომ თბათვის
მზის ნაკოცნები,
მოიცლება ბალახივით
და გახუნდება.
ვითოვებ ერთხელ, მე ვაჩუქებ
სამყაროს ფიფქებს,
მე შემოვრჩჩები ნაპირებთან
კბოდეებს ქვიანს,
მაგრამ რატომღაც, ჯერ მიწაზე
დაფანტულ ფიქრებს
ისევ ყვითელი შემოდგომის 
ფოთლები ქვია.


***
მიწიდან გამიშვით,
ცოტა ხნით გამიშვით მიწიდან,
დამხურეთ ღრუბლებზე ნაკეცი
ფაფუკი საბანი,
ვერაფერს ვერ გშველით,
ვერაფერს ვერ მშველით ვიცი და
მგონია მარტივი წყევლაა 
ევაც და ადამიც.
გვინდა თუ არ გვინდა, 
კვალს ტოვებს ცხოვრების მარხილი,
გრიგალებს დავყვებით,
ქარებს და თმააშლილ ქარაშოტს,
ხანდახან თვალები გვიხდება
იმგვარად მახვილი,
რომ ვხედავთ სიცოცხლეს.
რაოდენ უტიფრად ვთამაშობთ.
უთოვარ ქუჩებზე ხმაურობს
სიჩუმის ხუნდები,
ღამეებს ვათევთ და
დღეებსაც მივათრევთ კბილებით.
ხანდახან მივდივართ,
წასულნი გზიდანაც ვბრუნდებით
და დროს ვქმნით
- ეპოქას, 
ჩვენ,
ღმერთის
უძღები შვილები.


ჭრელი ქალაქი
ქალაქი ჭრელია, იღვიძებს 
ბორგივით და ზმორებით,
ვინ იცის, ამინდიც გულში რა
სატკივარს გაივლებს,
როდესაც ქუჩები ივსება
უმიზნო ჭორებით,
როდესაც სახელებზე ჰკიდებენ
პატარა აივნებს.
ასეთ დროს თვალებით ვსაუბრობთ,
ვკითხულობთ ფიქრებით,
(ეს ფიქრიც უდავოდ ოდესღაც 
გვექნება ნათქვამი)
ასეთ დროს ერთმანეთს ყოველთვის
ვპოულობთ თითებით,
ჩვენ ვცოდავთ მიწაზე, არადა
- ცამდე ვართ მართალნი.
და ასე მგონია, ღმერთები
გვასმევენ ზედაშეს,
ამ დღეებს ცხოვრება კადრივით
მოჭრის და ჩანიშნავს.
ამიტომ ჭორები არასდროს 
გვაშინებს მე და შენ,
ამიტომ ჭორები არასდროს
არაფერს არ ნიშნავს.
ისე თოვს, ღმერთებმა ცა თითქოს
ზემოდან დაბერტყეს,
ფიფქები კერავენ ხეებზე 
უნაზეს სამოსელს...
ასეთ დროს, ვიხსენებ როდესაც 
პირველად შეგეხე,
ასეთ დროს, ვიხსენებ როდესაც 
პირველად მაკოცე.
მერე რა, ქალაქი ჭრელია 
იღვიძებს ზმორებით,
არ ვიცით ამინდიც გულში რა
სიავეს გაივლებს,
როდესაც ქუჩები ივსება
უმიზნო ჭორებით,
როდესაც სახლებზე ჰკიდებენ 
პატარა აივნებს.


***
ამივსებს ღამე ვერცხლისფერი
დეკემბრის თასებს,
როცა თიხის ვარ, თიხა ვარ და 
მიწა აყალო,
მოხვედი ჩემთან და ამ დიდი
სიჩუმით სავსეს 
რა პაწაწინა დაგახვედრე
ჩემი სამყარო.
მოხვედი სულო, და ჩემს ზამთარს 
ბავშვივით უვლი,
იღიმი, მაგრამ ეგ ცრემლები
სადმე დამალე,
მე მაპატიე, წრფელი გული,
ნამდვილი  გული,
რომ ვერასოდეს დავამსგავსე
ღმერთის სავანეს.


სიზმარი
მესიზმრე ბიჭო, მზე იყავი
ჩემი სასახლის,
ბავშვობის ჩრდილი ეცემოდა
ალუბლის ხეებს,
და როგორც მაშინ, როგორც ადრე 
ბაღებს და სახლებს,
ცის სარკეები ირეკლავდნენ
ჰერენკიმზეეს.
მეძინა, მაგრამ თვალებიდან
ვერ მოვიშორე,
მონოტონური მუსიკის და 
აპრილის ფეთქვა
და ფანჯარასთან მთელი ღამე
წვიმდა სიშორე,
რომელსაც შენი გაუთქმელი
სახელი ერქვა.
გარეთ ახლაც წვიმს, ტირიფებთან
ჩუმი ქადილით,
გატეხილ ბორანს შეაკეთებს
ჩემი მებორნე,
მესიზმრე ბიჭო, შენ იყავი
ისე ნამდვილი,
ანდა სიზმრიდან, როგორ უნდა 
გამომეგონე,
და ისე ვამბობ, თითქოს შენთვის 
ათასჯერ მეთქვას,
დრო არ არის-თქო! არც სურვილი 
განმარტოების,
რომ ჩემში ახლა გაგიჟებით 
აპრილი ფეთქავს,
ალმოდებული, ვარდისფერი
ატმის რტოებით.


შენ საუფლოში
შენ საუფლოში ვწევარ და ვსახლობ,
ფოთლები უთრთის ნაწვიმარ ძეძვებს,
შენ ახლა ჩემთან ძალიან ახლოს
გძინავს და მწველი თითებით მეძებ.
თქორია ცაზე და ღრუბელაშლილ 
წვიმას ჩამოაქვს ფიქრი ხევდახევ,
გძინავს და კრთები პატარა ბავშვი,
თითქოს შორეულ სიზმარს ხედავდე.
ამ წვიმას ვიცნობ ყოველი წვეთით,
რაღაცას ყვება უცნაურ ხმაზე,
სამი ათასი წელი მეძებდი,
უდუმბარები ჰყვაოდნენ გზაზე.
მე კი ლოდინის ვატარე ჯვარი,
რომ შეგხვედროდი, რომ შეგეფარე,
შენ მოდიოდი დაღლილი მგზავრი 
და ყივჩაღივით შემომეყარე.
და თითო(ეულ) ათასწლეულში,
მესმოდა ჩვილის სუნთქვა ბაგიდან,
მეკარგებოდა მზე შენს სხეულში,
იპარებოდა არდაბაგიდან.


***
შემორჩი თვალებს, ამაოდ ვცდილობ 
გადავიფარო თვალებზე მტვერი. 
მახსოვს, შენ გეცვა უხეში ტილო, 
მე კაბა მეცვა ლავანდისფერი.
ახლა კი, რადგან წარსულის ყვავილს
ვეღარ ვპოულობ უცხო მხარეში,
ვამბობ:- არ უნდა წასულიყავი,
ან ასე, მე არ უნდა გამეშვი.
უსამართლოა ყოველი წუთი,
ისიც, აქამდე რაც მიხაროდა,
რომ მზე, ეს დიდი, წითელი ბურთი
ამოდიოდეს სხვა სამყაროდან.  


***

მარტის ამინდმა დამიფარა
სულის სიშიშვლე,
მშრალმა სხეულმა შეიფერა
წვიმის გრაცია
და ეს სიჩუმე (რომელიც შენ
ასე გამშვიდებს)
არის დადგმული, ძველისძველი
დეკორაცია.
წახვედი შორს და მე დამტოვე
სულის გადაღმა,
ქარმა მგზავრივით თავის გზაზე 
გაგიყოლია,
გეძახდი დიხანს მე გეძახდი
ისე ხმამაღლა,
მაგრამ შენ ალბათ არაფერი 
გაგიგონია.
დრო უკუღმართი გადაითვლის
წამებს და წუთებს,
ხედავ? ვერ დაგთმე, ჰაერივით 
ვეღარ გიკმარე,
მთვარეულივით უშენობას 
ღამეებს ვუთევ,
რომ დილასავით გამითენდე
ყოველ ცისმარე.
წვიმს, ჩვენი ბედი გადაწყდება
უთუოდ მაღლა,
მიყვარხარ ჩემო, აბა კიდევ 
რა უნდა გითხრა, 
რომ სადღაც სულში ამტკივდები
(მე ვამბობ სადღაც),
ამ უსახური, ხორციელი 
ტკივილის მიღმა.
თითქოს სხეულში უშენობას
ვუძებნი ადგილს,
მაგ შენი ეზოს პატარძალი
ტყემლის ჯინაზე,
კოცნას გიგზავნი ყველაფრისგან
რაღაცით დაღლილს
და ღიმილს ვხატავ დაორთქლილი 
ფანჯრის მინაზე.
      скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge
სხვადასხვა
ზურაბ კიკნაძე - მიწიერი კედლები ცირა ყურაშვილი - მეწამული მაგნოლია ზურა ოდილავაძე - ქართველ დედასა და მეძავ ქურთუკებზე ზურა ოდილავაძე - როგორ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მოვიპოვოთ ბედნიერება, ანუ გზა თავისუფლებისაკენ გიორგი სოსიაშვილი - გადამყვარებელი მედიკო ბენდელიანი - წმინდა ნინოს წარმომავლობის საკითხისათვის (ჰერმენევტიკული მეთოდის გამოყენებით) სოფიკო ჭუმბურიძე - გენდერული ძალადობა, როგორც უსამართლო სოციუმის ერთ-ერთი მახასიათებელი ეგნატე ნინოშვილის „ჩვენი ქვეყნის რაინდის“ მიხედვით ზურა ოდილავაძე - სოციალური რევოლუციების სპირალი, ანუ ბედნიერების დევნაში მარიამ ვაჩიბერაძე - ლექსები ირინა ტაბაღუა - ლექსები