გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ცირა ყურაშვილი - მეწამული მაგნოლია

                                          
     
    წითელი ხიდის თავში, ხიდს ქვემოთ, ფისონის პირას, გაბაშვილის გორას გადმოსახედზე, ბარქაიების ეზოში მეწამული მაგნოლია ამოზრდილა, ფესვებით მდინარის გულს ჩასჭიდებია, სიმაღლით ხიდსაც ამოსცდენია და კიარ დგას,  სიცოცხლის ხედ მკვიდრად ბინადრობს.
    გაზაფხულზე, სითბო და ტენი ერთად მოეძალება, თუარა, ის მოგრძო ყვავილები  მეწამული სისხლ-ხორცით დაიტენება, საკმევლის სურნელით აივსება, გაიშლებ-გაბუჟუჟდება და ხე კიარ ჰყვავის, თითქოს მთელი ქალაქის თვალწინ  მეწამულვარსკვლავიანი კარავი დასცა პირველმქმნელმა-მოსავანებლად. ისე მფეთქავი, ალერსიანად მოყვავილე ხდება ამ მზისქვეშ,  როგორც სულის მობერვა ღუთისა მიერ კაცთა მომართ. ფისონიც ხომ ამასვე ნიშნავს, ამ მადლფენას, ანაც სხვაგვარად,  სტუმართ საჭურვლის დაცვა-შენახვას.
    ბარქაიებისსახლის მეორე სართულიდან ქალი ჩამოდის_ ქრისტინე და მეწამული მაგნოლიის ქვეშ გაბმულ მავთულზე თოვლივით უმტვერო თეთრეულს აფენს. საბნის თეთრ  საპირეთა გაღეღილი გულები  მდინარის გრილ სუნთქვას ისრუტავენ, მუცელში იმწყვდევენ, კვიტაისის  ქარებით ორსულდებიან,  დაკუდნულ-ბოლომოფცქვნილ დედლების ყრუ კუთვასა და გაბმულ კაკანში ქარებს ასდევ-ჩასდევენ  მარადისი  ფრიალ-ფრიალით.
    ეზოში ონკანი დგას, ვითარც იაკობის ჭა, თუმც ლითონის მილია უბრალოდ მიწიდან ამომართულ-ჩამოკაუჭებული, ინდაურის თავ-ნისკარტ-ჩიჩახვივით.  თუ უწყლობაა და ეს ხშირად ხდება,  მთელი უბანი ამ ონკანით სულდგმულობს, აქ გამუდმებით არის წყალი და  ოფლმოდენილ, მოწყურებულ  მგზავრს შეუძლია ითხოვოს- ,,მასუთ მე წყალი...“
    აქ იყრიან თავს საშინაო ხალათებით, თუ პიჟამებით, ფოსტლების ნელი ფლატუნით,  მასლაათით და ემალის სათლების რაკუნ-რაკუნით. საჩქარო არაფერია, ხვალინდელი დღეც ამ კვირისაა და ონკანიდან კარგა მოცილებით, 100 ნაბიჯზე მაინც იჭიმება მწყურვალთა რიგი, რადგან ყველაფერს მოიკლებს ადამიანი, წყალს ვერ მოიკლებს, თუმც ,,ყოველი, რომელი სუმიდეს წყლისა ამისგან, სწყუროდის კვალად“...
    წითელ ხიდს აქეთ,  ყოფილ ბერიას ქუჩის დასაწყისში ეგუდიელ თავდიდიშვილის სახლია, ტანდაბალი, მკვირცხლი იერის  რკინის ხელოსნის, ნიკელის საწოლების  ხარატის. გასაბჭოების ტალღას ქვედა სართული ხელიდან გამოუცლია ხელოსნისთვის და იქ დასუფთავების ტრესტისთვის მიუჩენიათ ბინა,  მეორე სართულზე,  კი ცხენი გაჭენდება, ხუთი ოთახის ბარიერი რომ არ აკავებდეს. ეზოც დიდია,   უამრავი სათავსოთი და რკინის მასალა- იარაღით . 
    ქუჩას ეგუდის ვაჟის, მაისე თავდიდიშვილის ოთახის ფანჯრები გადაჰყურებს. 21 წლის მაისე ფრონტზეა დაღუპული, მაგრამ მამას არ სჯერა მისი გარდაცვალების ამბავი, ამიტომ ათწლეულებია, მაისეს ოთახს არავის აკარებს. ოთახის მოსახმარისად აქ კარს ვერავინ შეხსნის, ხელუხლებელია, ისევეა გაწყობილი, როგორც მაისეს ომში გაწვევამდე იყო:  მის შუაგულში დათვისფეხებიანი ძველებური საწერი მაგიდა დგას, მაგიდაზე თეთრხელსახოცგადაფარებული საბეჭდი მანქანაა, აღმოსავლეთით, კედლის გასწვრივ ეგუდის მიერ გამოხარატებული ორი ნიკელის საწოლი დგას, იქვე თავთით ძველებური ,,შიფანერკა“- კაკლის ხის მოჩუქურთმებული,  მუქი ყავისფერი კარადაა, რომლის თარო-საკიდებზე  ეგუდის ცოლს_ მირიამ-დებორას  ათწლეულობით მზეუნახავ-გამოუმზეურებელი შიფონის კაბები,  თუ სხვა პეწიანი ტანთსაცმელი მოუთავსებია, პირადი ნივთებისთვის მიუჩენია ადგილი.  14 წლამდე იერუსალიმში გაზრდილი, ივრითის კარგად მცოდნე, განათლებული  ქალის გემოვნებით აღბეჭდილა ეს ნივთები, თუმც მათი სილბო და ფერადოვნება ფრონტზე წასულ და ვერ დაბრუნებულ შვილზე მგლოვარე ქალისთვის სამუდამოდ გახუნებულა. დასავლეთის კედელთან  მოწმობის კიდობნის მსგავსი, კაკლის ხისგან დამზადებული და სპილენძის ფირფიტებით შემკულ-მოჩუქურთმებული კიდობანი დევს, რომელშიც მაისეს საკონცერტო ტანსაცმელი ინახება. კიდობანს  დიდი გასაღები აქვს, გადაატრიალებ, თუარა,  მელოდია ახმიანდება, ამიტომ მას  ,,მომღერალ კიდობანს“ არქმევენ ოთახში ჩუმად შეპარული ეგუდის შვილიშვილები.  მასზე მწვანე ხავერდისყდიანი დიდი საოჯახო ფოტოალბომი დევს. აი, მაისეც,ქუთაისის ფილარმონიის ადმინისტრატორი, კონფერანსიეც-საჭიროებისას_ უდრტვინველ თვალთა მზერით, დატეხილი წარბებით, წითური, ტალღისებურად გადავარცხნილი ქოჩრითა და მოკლედ დაყენებული წითურივე ულვაშით. კიდობანში მისი აწ უკვე დაუქმებული სამოსი ინახება:   თეთრი პერანგები,  თეთრი ხელთათმანები, მეზღვაურის ,,მატროსკა“, ფრაკი, ბაბთა, ცილინდრი, ხელჯოხი...
    და  ამ  ყველაფერს ზემოდან უზარმაზარი ჩინური ლამფა გადმოჰყურებს. ასე უნდა იყოს,  ასეც არის... მაგრამ ახლა  ვიღაც  დახრილა დათვისფეხებიან საწერ მაგიდასთან და  ხელნაწერს უკირკიტებს, დროდადრო საბეჭდ მანქანასაც უკაკუნებს. პატარა გოგონები კარის ღრიჭიმალოდან გაფაციცებით ადევნებენ თვალს უცხო კაცს ხელის მოძრაობებზე, მის წერა-ბეჭდვას, იმასაც, ხელის ერთი  მოსმით როგორ მოხვეტ-მოკუჭავს ნაწერ ფურცლებს და სანაგვე ყუთში ჩაუშვებს. გოგონებიბებია-ბაბუის საუბარსაც აყურადებენ უნებლიეთ.
    _ ბორიას ოთახი ნახევრად სარდაფია, მირიამ, მზე არსაიდან უდგება, ისედაც არ აქვს კარგი ჯანმრთელობა, აქ იმუშავებს, ხოლმე, მაისეს ოთახში, თან ივრითის სრულყოფილად შესწავლაშიც  დაეხმარები,  ,,ვეფხისტყაოსანს“ ისე ვერ თარგმნის, ხელშეწყობა სჭირდება . 
    საღამოა. ღია სარკმლიდან მეწამული მაგნოლიის სუნთქვა მოაქვს კვიტაისიოს, საწერ მაგიდაზე ,,ვეფხისტყაოსნის“ ფურცლებს და თარგმანის ხელნაწერებს აშრიალებს,  წინასწარმეტყველთა და მახარებელთა პირისპირ გარინდულ მთარგმნელს ჰყოფს და აშორებს ხილულისგან, მეწამულ კარავში აბინადრებს. 
    -ბორის გაპონოვი ყოფილა, ეს კაცი!-კარის ჭუჭრუტანასთან ეჩურჩულება უფროსი გოგონა დაიკოს. 
    ბულვარს გადმოღმა, არქივთან, ,,მსახიობთა ტირიფის“ ქვეშ, სპექტაკლიდან თავისუფალი  მესხიშვილის თეატრის მსახიობი  ქალები- მარი, თინათინი, შურა, ნინა და თამარა  ,,ტაბურეტებზე“ ჩამომსხდარან, საუბრობენ, ტკარცალებენ, აქვეა მაისეს დაც- რუთი, თოჯინების თეატრის მსახიობი, სხვებიც ნელნელა ემატებიან,  აქეთ მოიჩქარიან განზე დაჭერილი, თუ იღლიაში ამოდებული თავთავიანთი ,,ტაბურეტებით“.  ხანგადასულ ტირიფს გრძელი თმები დაუშვია და სანახევროდ უმალავს კიდეც  ტაბურეტებზე მსხდარ  ქალებსგამვლელ-გამომვლელთა მზერას. თეატრის უკანა მხარეს, კულტურის სახლიდან   დოლ-აკორდეონის ხმა  ყრუდ გამოისმის. ოპერის მხრიდან  მოცეკვავე და ქორეოგრაფი დავით უშვერიძე გამოდის  ქალების თანხლებით აზიაცკებსა და  ბლუზაში გამოწკეპილი, ხელში  ბოხოხით, ხანჯალი აკლია, ცერებზე  რონინით კი ისედაც მოდის . 
    კვიტაისქარი აშრიალებს მეწამულ მაგნოლიას. სისხლხორცით დატენილი მეწამული ყვავილები მკრთალდებიან, ილევიან, იშრიტებიან  და სტრიქონებად, ფოტოსურათებად, მოძრავ და ხმოვან კადრებად სხეულდებიან. ფისონი გამოედინება ღვთის ბაღიდან, რწყავს ფესვებს მეწამული მაგნოლიისას; ფერავს, აპრიალებს, ინახავს სტუმართ საჭურველს და სტოვებს სევდას გადაყვავილებულ თაობებზე.скачать dle 12.1