გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ლელა ცუცქირიძე - ლექსები

მამის სახლი 
მას შემდეგ, რაც მამაჩემის ნაჩუქარი სახლი გავყიდე, 
რომელშიც ყველა კედელი თავისი ხელით ამოაშენა,
გააკრა  შპალერი და ზედ ყვავილივით გადაიყვანა თავისი სული,
იატაკიც თავად დააგო,მყარად რომ მევლო (არავის ენდო),
გააკეთა აბაზანა, სამზარეულო...
ავეჯიც კი,  ყველა ოთახში...
და იყო ამაყი,  რომ ასეთი სახლი მაჩუქა - 
თავისი ხელით გაკეთებული, 
სადაც მე  აუცილებლად ბედნიერი ვიქნებოდი...
მას შემდეგ,  რაც ეს სახლი  გავყიდე, 
სულ მეშინია, რომ ერთხელაცვნახავ სიზმარს:
რომ აი, მოდის მამაჩემი,
როგორც მოდიოდა შაბათობით, 
ბაზრიდან,  დატვირთული.
ლიფტი არ მუშაობს და 
ფეხით ამოდის მეექვსე სართულზე,
ცალ ხელში საზამთრო უჭირავს,
მეორე ხელში ხილითდამძიმებული პარკი და  
ერთგული მეგობარი - ხის ყავარჯენი.   
ამოდის მხნედდა  კარზე ზარს რეკავს.
ელოდება, რომ მე  გავაღებ,
საზამთროს და ხილს  ჩამოვართმევ, 
ჩავეხუტები, 
ჩაეხუტება  შვილიშვილიც...
ელოდება,  სახე უცინის...
მაგრამ  კარსაღებს სხვა  და ეუბნება, რომ
მისი შვილი იქ აღარ ცხოვრობს.
მე კივდგავარ ჩემი სიზმრის ფანჯარასთან, 
სირცხვილისგან   ფარდისუკან ვიტუზები  და  ვხედავ, 
როგორ დგას შუა  ქუჩაში დაბნეული და მხრებში მოხრილი  მამაჩემი, 
ცალ ხელში საზმამთრო უჭირავს, 
მეორე ხელში - ხილით სავსე მძიმე პარკი 
დაჩემზე მეტად ერთგული  ყავარჯენი 
დაყველა გამვლელს ეკითხება:
-ჩემი შვილი ხომ არ გინახავთ?!
-ხომ არ იცით, სად არის ახლა ჩემი შვილი?!
და რომ ვერ მპოულობს,
სიზმარშიც კვდება 
და იქიდანაც სამუდამოდ მიდის. 


უმამო გოგოებისთვის
უნდა იცოდნენ გოგოებმა,
რა სიყვარული შეუძლიათ უჩინარ მამებს,
ვარსკვლავებზე სათევზაოდ ბადით გასულებს,
რა სიყვარული შეუძლიათ
ცაზე გასულებს ვერცხლისფერ ბადით,
სიპ ნისლბეზე მოულოდნელად ფეხაცდენილებს,
ღამეზე ადრე შეღამებულებს.
უნდა იცოდნენ,
რომ არსებობს უხმო სიმღერა, რომელსაც მხოლოდ
ვარსკვლავებზე მოთევზავენი უმღერიან
მამის საწოლში, მამის უჯრულა პერანგებით ჩაძინებულ,
მონატრებისგან მოკუნტულ შვილებს,
უხმო სიმღერა.
უნდა იცოდნენ, რომ ამ კაცებს, როგორც თილისმა,
მხრებზე შესმული გოგოების 
პატარა ტერფი ამოუტვიფრავთ გულზე სვირინგად,
უნდა იცოდნენ.
უნდა იცოდნენ,
სიყვარული არსად არ მიდის,
არ ბრუნდებიან მამები უკან, 
არ მიდიან მამები მათგან.
წვანან მგლებივით
გოგოების გადარაზულ სიზმრების კართან,
წვანან მგლებივით
და უღრენენ  შიშის ურჩხულებს.
და როცა ღამე,  მდინარესავით ჩამოვლილი,
და როცა ღამე,  მდინარესავით ჩამოვლილი,
ჩამოატარებს მათ ამოსუნთქვას - 
გოგოების ფანჯრის მინებზე შეორთქლილ ღრუბლებს,
ჩამოატარებს  მზის ამოსვლას - 
ბადეში გაბმულ ოქროს თევზივით მოფართხალეს ხეთა ჩრდილებში,
უნდა ჩაუთქვან გოგოებმა,
უნდა ჩაუთქვან,
გაიქცნენ მწვანე, ტრიალ მინდორზე,
ტრიალ მინდორზე,
მთვლემარე ბალახს თხელი ზურგები დააფარონ,
თხელი ზურგები დააფარონ,
ხელები  თავქვეშ,
ხელები  თავქვეშ,
თვალები  ცისკენ,
თვალები  ცისკენ
და მამების თბილ სიზმრებისკენ გადაფრენას უნდა უყურონ,
რომ სამუდამოდ დაიმახსოვრონ
და მერამდენენდ მოისმინონ,
როგორ მღერიან ამ დროს მამები - ვარსკვლავებზე მოთევზავენი
უხმო სიმღერას,
მხრებზე თოვლივით ამოსული გოგოებისთვის. 


თებერვლის  ლოცვა
მოხვედი თებერვალო? 
ხეების მეთულუხევ,
ჩადექი.
ჩადექი ხეებში წყლით სავსე სურებით,
სურვილი დაუცხრე წყურვილის.
შეაბი ეჟვნები   ჩხართვების,შაშვების
სიჩუმეს  უსიერს,
ჩადექი ხეებში,  სულივით ჩადექი, 
უსმინე.
*
ასუნთქე ხეები,  
ფერგამკრთალ   ნისლების სისველე
დაუსვი  თითებით 
მერქანის  დახორკლილ ხაოზე,
ჩვილებს რომ სჭირდებათ
სიცოცხლის ტირილით დაწყება,
ატირე ხეებიც,  
ატირე,  ასუნთქე, 
აცოცხლე. 
მოძებნე,
ფესვებთან მფეთქავი  პულსი აქვთ -  რუები,
უშველე,
აკმარე, რაც ჰქონდათ  შიში და   წუხილი,
სიზმარში  ხედავენდაზაფრულ ახოებს,  
კუნძებით 
ჯერ კიდევ რომ გრძნობენ     
წაკვეთილ ტოტების ჟრუანტელს.  
ჯერ კიდევ სხეულში ხსოვნა აქვთ 
გაშლილი ყლორტების,
ჯერ კიდევ უძლებენ  ხეები
ქარიშხალს - ქიმერას,
უშველე ამ ხეებს, 
საფურცლო წვიმები აპკურე, 
აავსე სიცოცხლით ხეები - ქორბუდა ირმები. 
მოაცვი
გათოშილ მათ ნერგებს
შვლის ნუკრის ქათიბი  
(ყავისფერ ტოტებზე  წინწკლებად  დაყრილი კვირტები ),    
მიეცი წყლის ძალა ყველა  ხეს,
აივსონ,  გადმოსკდნენ
და გადმოანგრიონ  ყინული- კაშხალი სიკვდილის.  
მოხვედი თებერვალო?
ხეების მეთულუხევ,    ჩადექი.
ჩადექი ხეებში, 
არ ჰქონდეთ  
სიცოცხლე ხანმოკლე,
ჩადექი, სულივით ჩადექი ხეებში,
ასუნთქე,
უშველე ამ ხეებს,
აცოცხლე,  
ხეები  აცოცხლე.


წითელი  ქალი
წითელი ქალი მთებიდან მოდის,
წითელი ქალი.
თმა წითელი. კაბა წითელი. მძივი წითელი.
მთიდან   ბილიკებსდოქიდან ღვრის
წითელი ქალი.
მთა წითელი,  ბილიკი წითელი. დოქი წითელი.
-ვისი ხარ, წითელო ქალო?
ხმა არ გამცა.
-ვისი ხარ წითელო ქალო?
ხმა არ გამცა.
-ვისი ხარ წითელო ქალო?
დუმდა.
შევხედე:
სხეული ჰქონდა მწველი,  ცხელი, 
წითელ თრიმლებად  მოთქრიალე
ბექობის გადახეთქილ  მუხლისთავზე.   
წითელ   ხეებზე შემომსხდრები 
წითელი  შაშვებიფრთხიალებდნენ,
ეს მწიფე  ხორბალსუხალავდა. 
ცხელი ტერფებით მიწას წვავდა,
რჩებოდა კვალად   ნახანძრალი  
როგორც დაჭყლეტილი ცირცელები.
ვიდექი ჩუმად   მღვრიე წყალთან
ვიდექი  თეთრიპატარძალი,
წყალი გველივით  სისინებდა. 
მასთან მივიდა,  ვინც არ მომკლა,
ვინც  თავი  წვეთ-წვეთ   შემაყვარა
თვალების მომწამვლელი შაბიამნით.
დოქი ჩამოდგა   და  აროკდა,
წითელი ქალი - თმაგაშლილი
და მერე  გულზე დაეშანთა.
ხმა ქვად მექცა და ლოდად მექცა,
ჩამეფშვნა, ყელში ჩამეშალა,
დასკდა თვალნაცემი  გიშერივით,
ვინც ჩემი იყო,  მისი გახდა,
მიჰყავს  და  ჯადო-შანებს აბამს
მისნებისაგან  დაგეშილი.
ვკითხე:
-სად მიგყავს   წითელო ქალო?!
-ჩემთან.
ვკითხე:
-რად მიგყავს წითელო ქალო?!
-მიყვარს.
ვკითხე:
-ვინა  ხარ  წითელო ქალო?!
-მკვდრის მზე.


თოვლი მო...
რაც არ უნდა ამიკრძალო შემოდგომავ,
ეს წითელი თრიმლები  და  ნეკერჩხლები შუქნიშნებად მინთო, 
არაფერი გამოგივა.
ტყის პირებზე  არყის თხელი ტანი მოჩანს,
არყის ქალის ნაცრისფერი, თხელი ტანი,
ერთი ხელის ჩამოსმა და იფურცლება,
ავსულის აქვს გამოხედვა, ალი ქალის,
თითქოს მიხმობს და  ძნელია უარის თქმა,
როცა იქით  ბებერ  ხეებსფუღუროში    გულებივით უცემთ ჩიტი
და ზამთარი წარმოდგენას იწყებს,
რაც არ უნდა,  რაც არ უნდა ამიკრძალო,
ეს წითელი თრიმლები  და  ნეკერჩხლები შუქნიშნებად მინთო.
და სიჩუმე! 
და  სიჩუმე უნდა გთხოვო, 
ჩაწერაა: 
მიწისქვეშა განათება - ჩაყინული ნაფეხური
(იქ ვინც დარჩა, მათი სულით  შეორთქლილი),
სიმშვიდეა. 
სიმშვიდეა.
მოუსმინე   ანგელოზებს - 
თეთრკაბება და მსუქანი  ბავშვებივით  სოკოების ქოროს. 
თოვლი მოვა სიჩუმეში,
თოვლი მო...
თოვლ...
თოვლი მოვა სიჩუმეში,
მოთოვს.  


თეთრი მგელი
თეთრი მგელია ჩემი ქმარი.
პირველად რომ  დავინახე,
შავ ღამეში  შავ მიწაზე ეგდო.
ჩასობოდა  ბეჭში  მთვარე -  ნამგალი.
ვაი, ისე ანათებდა ღამეს,
ვაი, ბნელში ანათებდა,  ენთო,   
ზამთრისაგან  მონაგლეჯი  თოვლივით
შავ მიწაზე თეთრი მგელი ეგდო.  
ნამგალი ფრთხილად  მოვაშორე.
სველი ჭრილობა ავულოკე.
სველი ტანი ავულოკე,  
სველი სახე  ავულოკე,
სველი თვალები  ავულოკე.
-ქმარო, ქმარო - ჩავჩურჩულე, -
ვიქნები შენი ცოლი. 
ჩუმად ვიტყვი-ხოლმე, -
მოგიკვდეს   შენი ცოლი.
თვალი გაახილა. 
წითელი კაბა გადავიცვი,
წითელი ღილი შევიკარი.
თმა გავიშალე - თავთუხები,
მოვდივართ,  მგლები გვაცილებენ,
ჭრელსიზმრებს შეხსნეს   შვიდი კარი,
მგლები თეთრ მგელზე  მათხოვებენ. 
ჯავრი აღარა მაქვს.
წითელი მძივი მიკეთია,
თავშალი -  წითლად ჩამავალი,
ხელზე - წითელი სამაჯური.
უკანშავ გიშრად მიწაგამსკდარ
სიზმრის და ცხადის სამანებთან
მგლები მიდგანან - დარაჯები. 
დედაჩემს ვეტყვი:
-ჩემი ქმარია,  გაიცანი.
მამაჩემს ვეტყვი:
ჩემი ქმარია,  გაიცანი.
ჩემსძმებს ვეტყვი:
-ჩემი ქმარია,  გაიცანით.
ჩემსდებს ვეტყვი:
-ჩემი ქმარია, გაიცანით.
აბა,გინახავთ  თეთრი მგელი?
ასეთიმგელი, ასეთი კარგი,
როგორც კი ვნახე, შემიყვარდა,
შავ ღამეში შავ მიწაზე ეგდო,
შავ ღამეში ეგდო,
შავ მიწაზე ეგდო  თეთრი მგელი,
თეთრი მგელი  მკვდარი.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge