გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

მაკო ჩიქოვანი - ლექსები


ბუკაცა
( ჩემი მარტოობის თეორია)

ღამით ბუკაცა
ჭეშმარიტების და სიყალბის
ნაბიჯებს ზომავს, სულის ძაფი რომ გავუყარე ცხოვრების ნემსში
მაშინ ვიგრძენი პირველად რომ 
‘’ მე “მივატოვე...და ახლა როცა
სიმარტოვეს ჩავაცვი ფრაკი,
გულისჯიბეში ის შევნიშნე რაც
სიზმრად ვნახე,ქაღალდის ყვავი — სულის სიცხადე...
თვალსაწიერის
სიშიშვლიდან სიცივე ჟონავს,
ნიუტონ! მე ხომ ოცდამეერთე
საუკუნის ერთი კანონი
მინდა მხოლოდ და არა სამი
სულის კანონად. ახლა,მე დავწერ,
ამ სიმარტოვის კანონზე და
ბუკაცას ფრთებზე ჩამოგიკიდებ...
ჩემი, სათქმელის სიმძიმეც ხომ
კალამით ვზიდე...
საღებავი ვარ ფოთოლის და
მე, ზოგჯერ მინდა ჩემი ფერის
იმ, სინჯარაში გამოყოფა
სული რომ ჰქია, ტემპერატურა
მაღალია და ფხვნილის სახით
ქილაში ვრჩები ეთანოლით
ფერს რომ გამოყოფს. ეს, კანონია
უხილავი და ბუნებრივი, თუმც
ყოველჯერზე შედეგისთვის
ამ ფერს ვამოწმებ...
დროის კოდს ვეძებ...
მე გამოვძერწე ტელესკოპი
მაგრამ, ვერ ვარჩევ ვარსკვლავთა ფერებს,
ხოლო სიყალბე ტირის ახლა
“ პატარა კაცებს” გული, ნახშირს
ყრის სიკვდილის ციფრულ სამყაროში,
ასევე ხშირად ელოდება
სიცოცხლის სათქმელს და ვხედავ მაშინ,
სახლში ბუკაცა როგორ ჩნდება
უჩემოდ და ჩემთან ოთახში...


მზედ მოდი
ღრუბლის შთაგონებით არასდროს ველი გზას,
სული, ასე უძლებს სამყაროს მოთელვებს
სიმართლის ჯვარს მოვხსნი, სიყალბის ძელიდან
ცხოვრების მოთენთვით...
შიშველი ხელებით დაგიფშვნი დღის ბელტებს
და ასე დაგიწყობ სიცოცხლის ნალოზე
ამ, სიზმრის მუცლის ძვრას შენთან მსურს ვისმენდე,
უმანკოდ გყვარობდე....
გონება,  მასალა ყოფილა საცულე
სულის მოსათიბად და დროის მოდელებს,
ასე ფილისტერულს, დავარქმევ კაცუნებს
გმვართავენ... როდემდე?!...
სამყარო ეძახის მიწის ფსკერს monsieur-ს,
რომ მიწამ შეუქმნას წვიმების მარხილი,
კოცონზე მივყავარ ამ რევოლუციებს,
მეც ჟანა დარკივით.
მთვარის კვერცხს, ნაჭუჭებს როდესაც აცლის ცა
და იქ, ღრუბლების ქვეშ ჩუმად რომ ჰგოდებდე,
იმედებს - მზის ქოლგებს, მაინც ნუ გაცრიცავ,
მზედ მოდი ოდესმე...


ჩია ბაღირე
დილის ლოცვებით
ბერ-- მონაზონი მალაქია
ცისკარივით სულში ამოდის...
იქვე, ტრიპტიქი ეგდო, დავწვდი
ავიღე და მაინც გამოვჩნდი...
დრო, როგორც თეფში
გატეხილი ნაგავსაყრელზე
გდია და მახსოვს, იქ მე მაშინ
სულის საკვებს მარცვლებს ვაყრიდი...
და ისიც მახსოვს რომ სვავებმა 
გადაფარეს მზე გადახრილი.
მაძღარი სვავი
ვერ დაფრინავს და ზეცას ნისკარტს
მხოლოდ უშვერს, მიხმობს კლირიკი...
ახლა მრცხვენია, ურცხვად ის ვთქვა,
რომ მარხვისთვის მზად ვარ კვირისთვის,
ან, ზიარებას ვიმსახურებ.
მე, იქ გამოვჩნდი
სადაც, არ უნდა ვყოფილიყავ,
არ დაყოვნდა ფელეტონებიც,
სადაც სიმართლეს მსხვერპლი მიჰყავს
და ვერ ხსნიან ცის განტოლებებს.
წავედი და ისევ გამოვჩნდი.
დროის კავებიც
ჩამოვყარე და ეს ტკივილიც
უსასრულოდ გავანაპირე...
სიტყვებს ჭრილობა შევუხვიე,
სვავის აკენკილ უკვდავებას
ფრთებქვეშ მალავს ჩია ბაღირე...


გოგონა მეტროსთან"
(ეძღვნება დედას)
გაკოტრებული 
სული იდგა საკურთხეველთან
და სველ მოლაღურს ჰგავდა გონი,
როცა გაქურდეს, სიცოცხლეც ჰგავს 
ნივრის ნაქურცვენს...
ანარქისტული
ოცდამეერთე საუკუნის 
კალოს ლეწავდა, როცა ეწამა
ვალდებულება-- რეალობის 
მრუმე ზეცასთან.
მშიერი ღამე 
ეტმასნება მეტროპოლიტენს,
ეს, ეპოქა-- ქალთა კაპელა,
როცა ჯილდოდ იღებს
ბროლის მზეს.
ცა იკარგება
შუქრეკლამებში 
ჩაკარგული, ის დგას მეტროსთან,
იქ, დედის ლანდი შემოხვდება
სულის მედროშე,მაშინ გული
სხეულს ეყრდნობა...
სტკივა ის ლანდი
მოფარფატე პეპელასავით,
ფერუხვი ფრთებით მარადისად
ღმერთთან ნაზავი, სულის წრთობის 
გზის დასაბამი.
ცეცხლისებური
სიკვდილია, როცა გული ცის
ეწვის ხელებში და ვერ აქრობს,
სივრცეც იწვის ფრთებმოტეხილ
მოლაღურისთვის.
ის ირინდება,
დუმილი სულს თრგუნავს იოლად,
მის გვერდით ერთი ქალბატონის
თვალში მზე ჩადის, ღამე იწყებს
ლიტანიობას...


ჭინჭის თოჯინა
ჭინჭის თოჯინამ
მე დავაფრთხე, ის ანიბუსი
შენს გულს - ვულკანურ შუშას
ხელით რომ იტაცებდა 
ჩემი გულის წილ...
ლექსებს თვალები
დავუხუჭე-- ცის მიცვალებულთ
და პოეტური ამოსუნთქვით
ამ ნაწვალებ გულს
მოვასმენინე --
ჭინჭის თოჯინის
ქვის სიზმრები და სიმღერები,
შევაგრძნობინე როგორია
ბედის მერეხი,
მზის ნაწერებშიც.
ხელისგულებზე 
გაწოლილა ძილისშორისი,
ის, რაც მწველია ყველაფერი
ჩანს უშორესი,
ვით ცის მორევი...
ჯერ შენს ქუჩაზე
სიზმრისეულ ღამეს ვათენებ,
ჰგვანან სიტყვები -- გაბნეული
ბრილიანტები
გულის ნატეხებს.
ყელიდან მწყდება
ყელსაბამი ობსიადინის,
რაც ვერ ვიხილე ამ ქუჩაზე
იყო ნამდვილი...
უხილავია
მუდამ დიდი,
რაც ხილულია, დაუცველია
დაუტენელ თოფს ჰგავს ლულიანს
ტყვიის ბურთულს ჰგავს
ყვითელგულიანს...
ვრჩები ნინველად,
მარადისის კენჭებს მოვზიდავ...
მზედაკარგულ ჭინჭის თოჯინას,
მაინც პირველი
მაქვს სამშვინველი...
ბაბუაწვერები...
ღრუბლის იერქვეშ
ჩანს დედამიწა მფრთხალ გუგულივით
და ვკრეფ სივრციდან წვიმის ზამბახებს,
გულს ახლა ერთი პეშვი სული სდის,
როგორც წყალი და მიმაქვს სამხარზე...


ბაბუაწვერებს
ქარი გაფანტავს რიტმულ ფერხულით
ჩემკენ მზერაა, როცა გამჭოლი,
სულს - ორბიტარულ ხანას მერკურის,
შენს სივრცისხელა გულში ავწონი.
ამოუხსნელო!
როცა ყოველთვის ქმნი განტოლებებს
დუმილში გამხმარ გულის ძარღვებით
ამოვიკემსავ ჩუმად გონებას
და ამ ძარღვივით შემოგახმები.
ახლა ცისყელზე
მიწის ფოთლებით ასხმულ კოლიეს,
მხრებზე ჩამოშლილ დღის თმით დავფარავ,
არ ვიცი როგორ დამიყოლიე,
მაგრამ მოვედი გრძნობის სამხარზე.
იქ დგას ქვის სკამი
და ჩვენ კი ვგავართ ბაბუაწვერებს,
ასე უბრალოდ ქვაზე გვტოვებენ...
მე, სულის ბოლქომს ისევ ვაწვალებ
კვლავ შენი გულის ჭრილს რომ მოვერგო...     


შუშის ანგელოზი
შუშის ანგელოზი გრიგალზე
ირეკლავს პოეტურ დარბაზებს,
ო, ნეტავ ბედი რას გვიქადის,
ამ ქარის ხეების დარგვაში,
ან, როგორ მივედით იქამდე
რომ ვზიდოთ ოცნების კასრები
და სული - ცის კითხვისნიშანი,
ახლა ჰგავს მთვარის იმ პლასტელინს,
გუშინ რომ ვძერწავდით მიწაზე
შენი სიყვარულის მიზანით.
ქმნის მიწის სარდაფში საცდელად
სამყარო თავის Χ-პალატებს,
მოცელილ მკლავებზე ნარწევი
ჟამი ხელს გულ- მკერდზე მალაგებს,
მივდივარ პალატის კარამდე...
ჩემთვის ხარ კოსმოსის წიგნიდან
ერთი პროზაული ნათარგმნი
ცაზე გაკვალული იღბლის გზა
არასდროს ყოფილა ადამის,
არც სულის გამოთვლის ვადამდე.
გონების კვლავ ვიჭერ სადავეს,
რომელსაც ყოველდღე მიღრნიან
( ისინი, ვინც ცხოვრობს მოძღვრებით )
ჩვენ ვცხოვრობთ ცივი და პირღია,
როგორც საიქიოს ქოთნები.
და როცა ვერ ვხედავ პალატის
ანგელოზს არეკლილს შუშაზე,
დღე ჰგავს ხელოვანის დანაკლისს,
მზეც კი, ვეღარ აშრობს ქუჩებში
ჩიტის თვალისხელა ქალაქებს...


თევზკაცა
( ანუ გონის თეორია)
გაჩნდა თევზკაცა,
ზღვის გობიდან ყველა ქვირითზე
უფრო უცნაურს დაახვედრეს
გაცვეთილი მზე,
გაჩნდა ირიბ დღეს...
მაშინ როდესაც,
დედამიწას მზე არ ერთვოდა
და პლანეტების დაყრუებას 
ერქვა ერთობა
ცის მიმდევრობაც...
ვით, დრო ხეში წყალს,
მის ფარფლებში ათასწლეულებს
ინახავდა და უცებ სივრცის სიუხეშიდან
დარჩა უფარფლოდ,
არც ეს შეუნდეს
ჩაყვა ზღვის ფსკერებს,
თუმც, იქ სივრცის ტემპერატურა,
მუდმივი, მაგრამ ცვალებადი
ლაყუჩს ახშობდა.
თვალის ბადურაც
ჩამოეშალა,
როგორც სახლის სახურავები
დაიშლებიან მიწისძვრისას
ნაწილ - ნაწილად
და ფსკერს გასცილდა...
ახლა თევზკაცა
უფრთხილდება ფარფლს და ლაყუჩებს,
როგორც ფრინველი სილაღეში
გაინავარდებს
სივრცის ყავარზე
სადაც დაფრინავს
ფრინველები ათასწლეულთა
გონი შეუნდო იქ უფალმა
თევზკაცს - ეულ კაცს,
გონი რჩეულთა!...


ერის ყულფზე
ყოფიერების პორსელანები
გონის მზეობის ქარმა ამსხვრია,
ვით, სული ზეცის მხრებზე წვალებით
შვა ევრაზია.
როგორც გულის კვერს, ისე დამილბობს,
გენის სეტყვები მწვანე ნეფრიტებს,
მარადისობამ კარი გამიღო,
უნდა შევფრინდე!..
ზეცის ანბანი გახდა სამიწე,
( ცას, მიწის სუნი, მაინც სულ ასდის...)
და ერის ყულფთან მეც გადავიღე
ერთი სურათი.
სულის დაბლობზე მიდგას დახლი მზის,
უბრალოების გზაზე ნაპოვნი,
ხშირად, იქ ვდგავარ მკლავებდაღლილი
ფოტოგრაფობით.
ხშირად კი, ერის ყულფზე ვქანაობ,
( სამყაროს ხეზე, ყულფებს რა მოთვლის...)
და ევრაზიაც ჩემზე ძალაობს,
ნუღარ ჩამომხსნით!...


ექიმო ჰაუზო!
ექიმო! პირველი პალატა
სულია, გონის სიღრმეებით,
ისე ჰგავს, კაკლის ხის კარადას,
როგორც, ცა უმთვარო ტყეებით
შავ ბურთულს, სამყაროს ქარაფთან...
ჯამში ჩაღვრილი მზე ცივია,
ღრუბლის ულუფაც მაქვს არამად,
ამ მზესაც, მარგარეტ! ლილიან!
ბიბლიის ფურცლები ფარავენ,
მთვარის მუცლადყოფაც მძმიმეა...
გამხმარ გულის ყუას მოვისვრი,
მაგრამ, ჯერ ვერ ვემშვიდობები,
ჩემთვის არ თამაშობს ლომის წილს,
სიტყვათა ეს მიკროსკოპები,
სარდაფში, აწ დანაობები.
ცხოვრებას ფრჩხილებად ვეზრდები,
ასე ვარ და სემანტიკურად,
ამ ყალბი სამყაროს კვერცხები
გუგულის კვერცხებად ვიგულე,
დროების მარადის ფიგურად.
და თქვენ! ვინც, ვერ ხედავთ ცერზე მეტს,
კვლავ ექიმბაშობა ინებეთ,
დღეს, გონიერება ფსკერზე დევს,
როგორც ეს ზღვის ლოკოკინები,
ქვიშის ცას, რომ მიაცილებენ...
ზოგჯერ, ჩემს პალატას მზე ადგას,
კაცი ხომ, იმ მილს ჰგავს დაუცობს,
რომ ტბორავს პალატის იატაკს
და ეძებს ექიმო ჰაუზო!
დიაგნოზს - სიგიჟის იარაღს!...


მე დედამიწელი
დღეს, მზის მკერდიდან ამოზრდილ ყლორტებს --
სულის ჩითილებს, ღრუბლიან ზეწარს
აფარებს სევდა, აჩვენებს თორმეტს
სივრცის საათი და ვგავარ მეწყერს
ასე უეცრად...
მუჭისოდენა იმედის ბორცვებს,
ეს, მზის დამწვარი ყანები იტევს,
აღვავლენ ლექსებს -- წყაროსთვლის ლოცვებს
და დასაბამის გაქურდულ მითებს
ვუგორებ კოჭებს...
ზეცის დოქიდან გადმოღვრილ წვეთებს,
მიწაზე ხვდება ადამის თესლი.
დროს, როგორც ძაფი მეც გამოვედე
დაჭრილ ეპოქის გულის ხმა ესმის,
გადამწვარ ედემს.
დროებას სიბრძნის ჩაუტყდა კბილი,
თვალს ყოველ ჯერზე უკბილოდ ახელს,
პოეტის სული -- უდედო ჩვილი
ზეცის ქუჩებში რომ ჩაიკარგა
უმზერს ქვის სახლებს...
და დედამიწის გავხდი მოგვარე,
დედამიწელი ვარ უსახელო,
მთვარეზე დაყრილ ოცნების გვამებს
ვერ გავუსწორე ერთხელ საყელო,
დავტოვე ღამით...
მკერდაფუებულ მთებივით ვდგავართ
მე, სამყარო და ის უხილავი,
რომელსაც ჰქვია სულის ქვეყანა,
მზის მკერდზე პირჯვარს აყოლებს ამინ!
დახრილი თავით...


გადარჩენისთვის
დამსხვრეულ ცის ძვლებს ღრნის დედამიწა,
მთვარის სასმურებს აშრობს ქარი მზით,
უფლის კალთაზე ხელებს გავიწმენდ
და ჩხავის ყვავი -- ბედის ქარიზმი
მარადიულის შავი სამიზნე.
შენ მიიგაცილებ სულის პორტფელით,
სადაც დავატევ გრძნობის გრაგნილებს,
უდაბნოს წვიმა მოულოდნელი
გულს განთიადზე ღრუბლით აგრილებს
და მესერივით სულში აყრილ წლებს
ვაწყობ მზის ფრთიდან გადმოვარდნილი
შენს წითელ ტანზე, დღეთა სახრებით
რომ აგიწითლეს, შავი მანდილი
გულს გაფარია ნიჭის სანიშნედ
ხარ, გენიისთვის პატივაყრილი!
სიკვდილისთვისაც ხარ უუფლებო,
უნდა გადარჩე! იმედს ვიურვებ...
ვგრძნობ სინამდვილეს -- ფრინველს უფრთებოს
კამელიებში, როგორც დიუპლე
და ვქმნი დუმილის უვერტიურებს...
არ დაგტოვებ ( და ვერც ) შენ შველი მზის!
აღმოგაჩინე სულის სატურნად
და დავაკვდები, როგორც მწერი დღის
შენი სხეულის მინიატურას,
ვარ, შენს კოსმოსში შემოფრენილი.


კოსმიური ფრთები
( მეგობრებს)
დღეს, მოთიბული მზე არ ანათებს
და კოსმიური პეპლის ნუგეშით,
მთვარის ორმოს ვთხრი ზეცის ქარამდე,
მელაპარაკეთ!...
მელაპარაკეთ! ყოფის ბადეში
გონის თევზები რატომ ფრთხიალებს,
განცდისმიღმიერ სიდიადეში,
სდუმს სიდიადე...
თქვით, რომ სიკვდილი ლეთარგიული
ძილია მხოლოდ ზეცის კვეთებით,
ხოლო სიცოცხლე, ხეთა ციური --
ორნამეტები.
რომ ოცნებების ომნიბუსები
აგებულია დღის ალმასებით,
თუმც, ბიბლიური ცის რებუსები
მაინც ახსენით.
თქვით, ხართ მოწამე უნდილ არსების
ნისლში გამქრალი სხივის კვალივით
რომ ითამაშეთ პრეფერანსებიც
მხოლოდ ალიბით.
ეს კოსმიური ფრთებიც შემასხით,
როგორც სამშვენე, ერთი თბილი დღის
და მეგობრობას ვიწყებ რემარკის
მთვარის ცილინდრით.


ციკლიდან " Via Dolorosa"
ღმერთის ნაპირამდე...

( ბარათი სამშობლოს)
შენი წისქვილის ქვით დაფქულ სულის ნაცერს
მკრთალი თითებიდან უცხო გომში ვზილავ,
შემდეგ, მტრედის ფრთებით შენზე ლოცვას ვაწევ...
მაგრამ, შვილის ლოცვას მუდამ სწყურია ცის
სხივთა მხურვალება , როგორც უფლის დილას
და ხარ მკერდმოჭრილი დიოსკურიაში.
ლომა ხარის რქებზე, ქარის სანთლებს გზაში
ჩამქრალს ყელისტბიდან ღამე შემოგწირავს,
გკვეთენ მეორე მკერდს აწ ქსნის ხეობაშიც.
ცრემლის ბგერწერებით , ყოფის სარბიელებს
როგორც ჩემი გონის უსასრულო გვირაბს,
ისე ამოვკვეთავ გულის პერგამენტზე.
და უმზეო დღეთა მზეში ვითანგები,
უკუნიდან ვპოვე ფარვანების მზერა,
მკლავებს მიმძიმებენ, ამ პეპლების ფრთები...
ჩემი მკერდმოჭრილი დედა რომ შევიშნო
გენის ფიცარს ვჭედავ მარადისის წილად,
დაჭრილ ქერუბიმის ცოდვიანი პირშმო.
სული, მაშინ ითვლის მის გაბზარულ პინებს,
როცა, აღზევებას იწყებს დაცემიდან
ღმერთის ნაპირამდე შენ რომ მიაცილე...


" Via Dolorosa"
( მონათესავე სულს )

როგორც მწუხარებას ელტვის მთვარის გზები,
ასე უცნაურად გელტვი -- მზიან ლოცვას,
რაღაც აუხსნელად, ჩუმი გარინდებით...
შენგან დანთებული გონის ნათურებით,
ციდან გინათდება " Via Dolorosa"
ქარის ფრესკებიდან გადმოხატულები.
ორი კოსმიური სულის ნათესები ---
ლურჯი ჯეჯილები, ისე უცნაურად
ყვავის დღის გვალვაზე, რომ ცას ვაჩერდები...
და იქ დამსხვრეული ციფერბლატებიდან,
სიზმრის დასასრული არის ბოლო როცა,
მე, კვლავ დასაწყისზე ვფიქრობ დადებითად.
მოჩანს დედამიწა, როგორც რუხი ქისა
გამობერილი და გვემულ ანგელოზსაც
ვიღაც გულზე აბნევს ბაბთას ეშმაკისას...
როგორც მთვარის ჩირი, სულში ნაობები,
ზოგჯერ მზის ჩირად ჩანს " Via Dolorosa"
ჩვენი მარცვლებით და დროის ჭაობებით...


ემელინ!..
ემელინ! ჟამთა გულისცემები
ღლის სიყვარულით მოგზაურ სულებს,
მიწიდან ზეცის გამოძევებით,
დრო, უარყოფითს ვერ დააურვებს
და წარმოაჩენს დღის საცნაურებს...
ნახანძრალ მთვარის სილუეტებზე
სამყაროს ხედვა პასუხს არ აგებს,
გულისფეთქვა კი, როცა ედემს სცემს
სული ფრთებს ზეცას შემოალაგებს,
კაცობრიობაც შექმნის არაკებს...
აწ უკვდავების მზე ჰპოვე მარტომ,
მიუახლოვდი ცის ფილაქანებს,
დღის ანარეკლი მწუხარებაც ხომ
მშვენიერებას --- მარად მშფოთვარეს,
შობს სულის არსში მელნისფერ მთვარედ.
ძალისხმევამდე ნეტავ ვის უცდის
გრძნობა, სიგიჟის პატივმცემელი,
ამ ჰარმონიის კვალთა სიზუსტით
მწუხარ ანგელოზს, ხომ ჰგავს ემელინ
სრულყოფილება მიუღწეველი?!...


მზის თავთავები
თებერვალის თვეს -- მანკიერ ქალწულს
ზამთარი აბნევს ღრუბლის ყელსაბამს
და ყოფას, მუდამ სახეალანძულს,
არსებობისთვის ვუძებნი საბაბს.
ვითვლი ცის აბებს...
დროების საწდეს, ბევრჯერ ნაპირალს
ვწმენდ უხმაუროდ, სამყაროს თავშლით,
მზის გამხმარ თავთავს ვადარებ ხშირად,
ადამიანის და უფლის კავშირს,
სიცხადის წამშლელს...
მოკვდავთა შორის უმადურობა
ისეა, როგორც ყრმა უსახელო,
მიწაზე უწევს მაინც მდმგმურობა,
მადლიერების დამფრთხალ ანგელოზს
ვით გულგრილობა.
მზის თავთავებით ვუვსებ სულს მარანს
და მარანიდან ამოვიცლები.
ზეცაა თლილი, როგორც გიტარა
სამყაროს მკერდზე ამონიტებით.
ლურჯად ვფითრდები...
ვუახლოვდები მე იმ ცის საცავს
გონს შთაბერების ხილვით რომ ათრობს,
ამ სულს შეუცნობ გრაალის ტაძარს
უფლის ხელებით ავუნთებ პატრუქს
და გარდავსახავ...


თარიღი
შენ, სულისშობის გნიშნავ თარიღად!
ხოლო კალენდრად ცის
სწორკუთხედებს,
ამ, ოქროს ტბების ნაზამთრალიდან
მზის ანგელოზად ეწვიე ედემს
და ვუღებ კარებ დილის გულმტრედებს...
ყრმა განცდის გრძნობებს, როგორც ქველობას
უბრალოების ვწირავდი წვლილით,
ჰგავს საიდუმლო ქრისტეს სერობას
ხელმანკიანი სამყაროს ჭრილი,
როგორც მოკვდავთა გზები განვლილი.
ჩანს ჩვენი გრძნობა, ახლა ყველასთვის
ღრუბლების მკერდში ცის ხელისგულად,
არსის კომპასი სულის სენაკში
მარადისობის მსურს გაზაფხულად,
რომ განმარიდოს ყინულის ბურანს.
გული დაღლილი დღის თვალთვალიდან
იელის ვარდთა, თუ ჰპოვებს ხედებს,
მისი არსობის გნიშნავ თარიღად,
ხოლო კალენდრად ცის სწორკუთხედებს ---
ამ დედამიწის ნასიზმრალ გედებს...


მისტიციზმში
ვეძებ ცხოვრების პოეზიაში
ადამის მხრებზე სულს შემონახიზნს,
სიკვდილშემდგომი დღე იგვიანებს
გენიურ ცეცხლში მზის გარდასახვით.
მისტიციზმშია ცის მონასტერი
და განყენებულ გონების მკაში...
ციურ მნათობთა სულია კარმა
მიწიერთაგან ნაორგულები
იღებს სამყარო დამტვრეულ ფარგალს
და შემქმნელია დღის კონტურების.
ცა, ყელზე იხვევს ზამთრის თეთრ ბაბთას
მე, პეტრეს ცრემლს ვარ დანაწყურები.
ქილიკში ზრდიან ყოველთვის ოსტატს
თუ სივრცეები აქვს შთამბეჭდავი,
ნისტიურობას ბნელ ანგელოზთა
მიაცილებენ ქარონის ნავით.
დრო, აღმოაცენს მზის შესალაგზე
საყვავილედან გადარგულ ყვავილს...
ისევ განვჭოლავ სამყაროს შრეებს
მარადიული განცდის წრთობაში,
ნაღვინევ ფოთლის ძარღვთა სიღრმეებს
ხის ფესვი ზომავს რეალობაში.
მისტიციზმშია ცის მონასტერი
და განყენებულ გონების მკაში...


ერთი საათით
დავბორიალობ მთვარის რუკებით
მცირე ვარსკვლავთა დატყვევებული,
უფლის ცრემლიან თვალთა გუგებით,
ვნახე სამყარო დაქვრივებული.
ერთი საათით, გულის წიაღში
მსურს დაისვენოს ჩემმა აურამ,
ამოიჩარა დღემ იღლიაში
ქვრივი სამყარო, რა საცნაურად...
მაკრთობს სიცხადის უტიფარობა,
გახდა ქვეყანაც ისე ნარცისი,
რომ, მე ვგრძნობ ჩნდება ზეცის წყაროდან
წამებულ სულის პირველსაწყისი.
და ცის ლანდშაფტზე ახალშობილი
ფიქრი წევს... გულის რელიეფები
ჩანს, როგორც დილით მზეს მიყრდნობილი
და განბანილი ნაკურთ შხეფებით.
გონის ლამპაც ჩანს, აქვე მნათობად
მარადისობის შექმნის რიცხვამდე
მე, ცის ვერსიის ვარ ალბათობა
და აუხდენელ სიზმრის სიცხადე.
ჩამოითალა ცა ოცდაათჯერ
ამ, გაყიდული ვერცხლის სათლელით,
სულის სიმშვიდის ერთი საათი,
ვერ ვპოვე დროის ჩრდილ-- სინათლეში.скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge