გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

მარი თაბაგარი - ლექსები


მიტოვებული
სიჩუმე ბუდობს, შესდგომია კედლებს სიცივე.
სახლის სახურავს ეპარება ღრუბლების მოთქმა...
- მიგატოვესო?! - შემზარავად ქარი სისინებს
და გამოკეტილ კარის ურდულს გაუდის ოხვრა.

სახურავიდან შეპარული წვიმა ნებივრობს,
კედლებზე ტოვებს კვალს ზოლად და ჩნდება ღრუები,
ძველი განჯინა თითქოს წერდეს თავის ეპილოგს,
დაჰფუთფუთებენ ბებერ გულში ჭიაღუები.

აივნის ბოძზე, თავს რომ იხრჩობს ლურსმანზე კაბა,
შემორღვევია საყელო და ირგვლივ მკლავები.
სწორედ ასეა მორღვეული ჭიშკართან გზა და
ძირს გაწოლილი ღობე, უკვე ერთი მტკაველი.

ჩამოსძენძია ეზოს გულში ტოტები ტირიფს,
ყვითელ, გულაბ მსხალს შესევია ათასი მწერი;
ეზო და ოდა ერთნაირად მოსთქვამს და ტირის,-
უპატრონობა, აი, ქვეყნის, ბუნების მტერი.

ცის ტატნობამდე აწოწილა კენწერო ალვის,
თვალს ვერ გაუწვდენ აშოლტილი ტანის სიმაღლეს;
იქვე ძველი სკა წვრილ ფეხებზე ბარბაცებს, ლამის
ძირს დაენარცხოს, წუხს და ეძებს თავის სიმართლეს...

ოდესღაც როკვით მორაკრაკე იხრჩობა წყაროც,
წვეთებს აშორებს პაუზები, მოწყურებულებს.
სახლის კედელი შემოდგომის ჩამოჰგავს პანოს,
ნესტიან ტანს კი გადაცმული ხავსი დაჰყურებს.

ქარის კივილში ავადმყოფი ქოშინებს ოდა,
მტვრიან ფანჯრებზე სუროები ავლებენ ხელებს,
წვიმას, თოვლსა და ქარბორბალას მოილევს, ჰოდა,
თავის გულის დარდს გულსაკლავად წამოახველებს.

ტყიდან შრიალით ამხნევებენ დიდი ჭადრები,
წერილებივით ქარს ატანენ ფოთლების რემას.
ამ შემოდგომას თან გაჰყვება მსგავსი კადრები
და თეთრი თოვლი ამოიდგამს სუსხიან ენას...

ნეკერჩხლის ტოტზე შემომჯდარი ღაბუა ჩიტი,
ღაჟღაჟა ფოთოლს გააცილებს სევდის არიით,
დაელოდება ხის ტოტებზე გამოსხმას კვირტის
და ზამთრის წასვლას შეადარებს მსხვრევას გალიის.

...ისევ დადგება გაზაფხულის თბილი საღამო,
ააწიოკებს ქარი კვლავაც კვირტების ქორწილს,
თავწამოყოფილ იის სურნელს, ასე საამოს,
სიო ღრუბელთან აიტანს და ლამაზად მოწვიმს.

აქ ბებერ ოდას გაზაფხული დასვამს მზის კეცზე,
ათინათს მხარზე სიხარულად თან დაიფენსო;
კერია ისევ ივარვარებს, ვინ ჰკარგავს ფესვებს?!
უსულო კუნძი, ნაფოტია კაცი უფესვო!

თუ გონებაში დრო წარსულის საათებს ტვიფრავს,
ოდესღაც ნახავს... დამარცხდება დღეები თალხი;
ურთულესია, მამა-პაპის გაჰყვე ნატერფალს,
უთბილესია მოგებება მშობლიურ სახლის!


***
როგორ ხმაურობს სიყრუე მშვიდად
და როგორ ყვირის ჩემი დუმილი...
გუშინ ბარაბა მოვხსენი ჯვრიდან,
არ შევიბრალე სხვა დავრდომილი.
მას მერე ვეძებ ქრისტეს მიწაზე,
ცას ვჭმუჭნი მუჭში ღრუბლების ხილვით;
მიწიდან ცამდე, ესეც ვისწავლე,
გადებულია სიკეთის ხიდი.
გადაღმა მოსჩანს ქრისტეს პერანგი...
ვუხმობ, რომ ვკითხო რამე ჩემს ჯვარზეც,
სიყრუე რატომ ფშვინავს ვერაგი
და რატომ ყვირის დუმილი ასე?!.


***

მახურავ პალტოს
და მიმძიმს მხარი,
რომელზეც ხელის
თრთოდა მტევანი.
ფეხის ტერფამდე
ჭიანჭველების
მწკრივი ნერვს მისდევს,
როგორც მწევარი.
მახურავ პალტოს,
თავს ვუმეორებ:
-ახლა დარჩენა
მეტისმეტია!
არც შენ გეთმობი...
პალტოს მახურავ,
რადგან უბრალოდ,
ეტიკეტია...
დრო არ ბრუნდება,
სინანულს თესავს;
გული, დარჩიო,
კვნესით მომძახის;
დრო, ქარბორბალა
დღესაც და თვესაც
ჩეხავს, ცელის ხმით
აძლევს მოძახილს...
ღრმაა, უძირო
და გაკრთობს თვალი,
რატომღაც ახლა
პასუხიც არ მაქვს...
მახურავ პალტოს
და მძიმე მხარი,
დიდი ტვირთივით
სულ მარტო დამაქვს.
არ დაბრუნდება
ეს დრო არასდროს,
გაბედე, პალტო
დადე საკიდზე,
ჭიანჭველები
ნერვს გააყოლე,
ისე გახსენი
ფრთხილად საკინძე.
შემოგვადნება
ხელში თოვლივით
წუთები, დროის
აბლაბუდები,
ნუ მომახურავ,
დაკიდე პალტო!
ახლა თუ წავალ,
არ დავბრუნდები!
თბილი პლედივით
მომხვიე მკლავი,
სუნთქვის სიხშირე
შევიგრძნო მარტო.
მერე ითოვოს
თუნდაც მთელი დღე,
რა საჭიროა
საერთოდ პალტო?!.


***
დამსვი მიწაზე,
ნუ მიგყავარ ღრუბლების ზემოთ,
რომ გაგვიწვიმდეს,
დაბრუნება იქნება ძნელი;
ნაფეხურებიც
არ დარჩება უმოკლეს გზაზე,
გაგვყვება მერე
უსაშველო ტკივილი, გრძელი.
ცოტაც მაცადე,
ჩამოვქსოვო რითმების კიბე,
(მარტს ჩამოჰგავხარ,
ხასიათსაც იცვლი მარტივით),
ნაბიჯებს ვზომავ,
რომ გვიმუხთლოს ღრუბლების კიდემ,
გარდაუვალი
დაცემაც კი იყოს მარტივი.


უფალო, ჩემს ტაოს კედლები ეშლება
ჩემს ტაოს კედლები ეშლება, მიშველე!
მის ბებერ საძირკველს ობი და ხავსი აქვს;
დარღვეულ ტაძრების გუმბათის სიშიშვლე,
აშიშვლებს ამ ქვეყნის ძალას და ხასიათს.

ღრიალებს, მობღავის მთებიდან ჭოროხი,
უნდა რომ ჩაახშოს გალობა მოლების
და თუ კი აწმყოში ატირდა მარუხი,
ტაოს ცრემლი ადგას სანატრელ შორეთის.

მწუხრში სევდიანი დუდუნებს საფლავი,
ქართველთა საძვალეს გვახსენებს აშოტი:
,, - ნუ შეუშინდებით, სიმტკიცე სად არის,
სად მიექანებით და რატომ დამშორდით?!"

სინას მთაზე იხმო უფალმა მოსე და
მცნებები გადასცა ადამის მოდგმისთვის;
ჩვენ კი კლარჯეთიდან ღვთის მადლი მოგვსდევს და
თან ბაგრატიონთა ძალ-ღონე მოგვკივის.

ერთია აშოტის მცნება და ანდერძი,
სიმტკიცე ერის და შენება ქალაქთა.
თუმც ჩვენი სინას მთა - ტაო და კლარჯეთი,
ერთობის აკვანი და ცოდნის ბარაქა

დღეს აზანს უსმენს და ერევა გონება,
ქარები წეწავენ ჭაღარას ბებერ მთის;
ჩვენც დაგვვიწყებია უფლის შეგონება,
კეისარს კეისრის ვუბოძოთ, ღმერთს კი ღმრთის.

გულს მიკლავს მინარეთს კივილი მოლის და
მდუმარედ მტირალი ოშკი და პარხალი.
გამწყრალი ღმერთისგან მადლი არ მოდის და
მიწების გაყიდვით მკლავი გვაქვს გამხმარი...

სევდით დაოსილი სდუმს გრიგოლ ხანძთელი,
უდაბნოს ხორშაკებს ცრემლი რწყავს თვალთაგან.
ვერაფერს გავხდებით ტკივილთან გაქცევით
და დავქუცმაცდებით დუმილით თანდათან.

ყოველი ქვა, ლოდი იშხნის თუ ოპიზის
მშობლიურია და ჩემი მაჯის ძალა.
აქ მამის დაკარგვით გული რომ მომტირის,
ტაოც ასე მტკივა, ჩემი ზურგის მალა.

მინდა, მივეახლო შატბერდს და არტანუჯს,
ქართული გალობა ვისმინო ბანაში.
სიმცირე რომ სტკივა ამ მიწას დატანჯულს,
დედებმა იმძლავრონ ტკბილ იავნანაში.

ღამე რომ გამოფენს ზეცაზე ნაშიერს,
იმ ბნელში აჩრდილად მოსული მუმლია;
მერე რომ საზღვრებზე ავლებენ არშიებს,
გვართმევენ, სადაც ჩვენს წინაპრებს უვლიათ.

ხან წვიმის ნაჟურს და ზოგჯერაც სტიქიონს
რა ძალით გადურჩა იშხნის ეს ფრესკები,
რომ ასომთავრულის თბილ, ნატიფ სტრიქონებს
კედელზე ჩვენი აქვთ ეშხიც და ფესვებიც.

ვინც კი აღადგინა ჩამოშლილი კარი,
ლოცვებად ითხოვა ცოდვების შენდობა.
აბა, როგორ დავთმო, ღმერთო, ხერხემალი,
როცა სამშობლოსი ტერფიც არ მეთმობა?!

ერთობის ქვაკუთხედს ვხედავ მე ტაოში,
ბუმბერაზ მთებში კი ცხოვრების ყავარჯნებს.
ამ მთებში ითბობდა თვის სხეულს გათოშილს
წმინდანი, ვაზის ჯვრით მოსული ჯავახეთს.

სულის ხოშკაკალა იმედებს წამოშლის,
დროს ვერ შეაშინებს გუმბათის სიშიშვლე.
არტახებ დახსნილი ჩავიკრა სამშობლო
გულში, გთხოვ უფალო, მომეცი სიმშვიდე!

მიშველე, დღეს ტაოს კედლები ეშლება!


საღამო
მზე გაითხაპნა ზღვის ჰორიზონტზე,
მთვარემ საშველად წამოყო თავი.
ნაპირზე, ქვიშის ნესტიან ზოლზე,
დატანტალებდა საღამო შავი.

გამოჰყვა სითბო დაკეცილ ქოლგას,
ჯერ კიდევ დღისით მზისგან ნასროლი,
და ქოლგის პატრონს - შური და ოხვრა,
გამჭოლ მზერაში გამონასკვული.

ზღვამ ჩამორეცხა გათხაპნილი მზე,
ბინდს შეერია სხეული რუჯით;
ლამპიონს ეჯდა უბრად ნაპირზე
კაცი, რუხ სხეულს ხატავდა ფუნჯით.


მე ევა ვარ
ღმერთმა შექმნა
მარტოსული ადამი.
შეებრალა,
ნეკნით შექმნა ევა.
რომ სდომოდა,
იმ ნეკნიდან მავანი,
კვლავ ადამად
ჩამოქნიდა მხევალს.
ვიღაცამ კი
ვერ გაუგო ბიბლიას,
სქესის აღქმით
ვერ იფერა ქალი,
ვნების სურვილს
სულ სხვა კუთხით მისდია,
ერს დაადგა
საგანგაშო რვალი.
დღეს რომ გაჩნდი,
მამრი ხარ და ადამობ
და თან გრჩება
სხვა ადამზე თვალი,
მე ევა ვარ
(ეს არ არის სადავო),
დავუბრუნოთ
ჩვენს შემოქმედს ვალი!
მე ევა ვარ,
გამოფხიზლდი,ადამო,
გაახილე
დავსებული თვალი!
შენ შვილები
როგორ უნდა გაზარდო,
გახსოვს, ძუძუს
გაწოვებდა ქალი?!
გახსოვს, როგორ
გიმღეროდა ნანას და
მკერდში ჩაკრულს
გითენებდა ღამეს?!
შენც იმღერებ,
მაგრამ ისე ანაზდად
ვერ ამოთქვამ
დედის ლამაზ სათქმელს.
დედას ღვთისას
აატირებს შენი ხმა,
განრისხდება
შემოქმედი შემცბარი.
წმინდა ძალამ
ასე როგორ შეგვრისხა,
რომ ამდენი
სქესი არის ,,შემცდარი".
აღარ გზავნის
ახლა შაჰი საჭურისს,
ისე მრავლობს
აქ გეიც და ცვედანიც,
ვნების ცოდვა
სოდომივით გადმოგვჭრის,
და სირცხვილით
ფერს შეიცვლის კედარიც...
გამიგონე,
მე მდედრი ვარ, ვარ ევა
და თუ მამრი
მოიხიბლე ადამით,
ნუ მომახვევ
შენს სურვილს და მაგ ვნებას,
აქ დედები
შვილებსა ვზრდით ადათით!
რომ სდომოდა
თვით უფალი შეგძენდა,
მხევალს შენი
სქესითა და ლაზათით!!!


დარდის ფერები
შავ მიწაზე მობარბაცებს შავი ღამე,
მთვარის შუქზე ვერ ასწორებს ნაბიჯს.
ქარს თუ უთხრა სასწაული ალბათ რამე,
როგორც გიჟი ბოლო ხმაზე ბღავის.

ახლა კაცი, უსახლკარო ეძებს ფარდულს,
ბიჭუნას კი ჩაეძინა მშიერს;
ხვალ ის ბიჭი კვლავ ჩამოჰკრავს ისევ ფანდურს
ქუჩის ბოლოს, ხელს გაიწვდის ძლიერს.

იმ ქუჩაზე გამოსული რესტორნიდან
კაცი ტოვებს სიგარის კვამლს შუქზე.
მიბარბაცებს შავი ღამის ესკორტით და
მოღიღინეს ღიმი ადგას ტუჩზე.

მითავაზა ქარმა მწარე ალიყური...
არც მშია და თბილად უნდა დავწვე.
მაინც სევდით უსაშველოდ გარიყული,
საბნის კუთხით ცრემლებს ვიწმენდ ღაწვზე.
......
წუთებს, წამებს ერეკება ცივი ქარი,
ციფერბლატზე ისრებს უცემთ გული.
ყველას დარდით აბორგებულ ერთი ქალის
ცრემლებს იშრობს ბალიში ბუმბულის...

იქ ვიღაცა უსახლკარო თუ მშიერი,
აქეთ ქალი ფიქრში ახრჩობს წამებს...
ნაირფერად ღებავს დარდებს დრო ცბიერი,
შავ მიწაზე მობარბაცე ღამეს...


***

მესტუმრა ბინდი
(ვარსკვლავების
არის მთოვარი),
აბორგდა წელში
გადახრილი
ნამგალა მთვარე.
ამ დროს უჩუმრად
მწუხარების
მოდის მსტოვარი
და ვითვლი დღეებს,
ცრემლებივით
რომ გადავღვარე.
ახმაურებულ
ჭრიჭინების
ვუსმენ არიას
და სადღაც ჭოტი
შემომძახის
გადარეული;
თმას რომ ეხება,
მონაბერი
სუსტი ქარია,
მზარავს, მგონია
ხელის სუსხი
ის შორეული...
ალიგიერის
კომედიას
ვფურცლავ უძილო,
მზერით ჩავივლი
ჯოჯოხეთის
ყველა საფეხურს;
ღამის წყვდიადში
ვერ გავუძლებ,
მშვიდად ვუცქირო,
ლუციფერის წინ
წეწვა-გლეჯით
გამართულ ფერხულს...
ვეძებ სიმშვიდეს...
ბეატრიჩეს
სულს ჩავისახლებ,
შევევედრები,
ვიმათხოვრებ
შექსპირის კალამს...
ჩემში რომ ახლა
უშიშარი
ქალღმერთი სახლობს,
თვით კასიუსი
ვერ აკადრებს
უდიერ სალამს.
მესტუმრა ბინდი
და რა დიდხანს
გაგრძელდა ღამე.
შემოვიარე
მთა და ველი,
მხარეც კლდიანი;
არ დამრჩენია
ჭიუხები,
პატარა მღვიმეც,
სანდო კი არა,
ვერსად ვნახე
ადამიანი!
ბინდი მესტუმრა!..

პეიზაჟი
(მხოლოდ ,,ა" ხმოვნით)


მთასა და ჭალას
დაადგა აფრად
ხასხასა ცამ
ღაჟღაჟა ფარდა...
თანაც ლაჟვარდმა
განაქარვა
ვარსკვლავთა ხანა
და აღარცა ჩანს
მასთან ახლა
შარა ნამგალა.
შარასთან მგზავრსაც
ნაფაზ-ნაფაზ
დააჩნდა დაღლა.
გზამ დაავანა,
აჰყვა სავალს
ნარნარად აღმა;
თან გარდასახვა
რაღაც წამად,
რაღაც საათად...
ცამ თავს დაადგა,
მთამ აღმართა
აფრა ლამაზად
და აზანზარდა
მთათა ფარად
კვლავაც ხმა ქართა,
დაბლა აშალა
ზღვამ ტალღა და
ქვა ათას ქარვად.
ახლაც და ხვალაც,
თვალთა ანდამატს
კვლავ გააბამს
ძაფად ზღვა და ცა!


***
(მხოლოდ ,,ე" ხმოვნით)

ენძელებს ვეძებ ველზე,
ენკენს ფერებს ვგლეჯ ბევრს;
შენც შემეშველე, გენდე,
ყელზე ხელებს გხვევ სველს.
პეშვებს წვეთ-წვეთ ვძენ ცრემლებს,
მერე ენქერზე ვფენ;
გზებზე ვეფერე ბებერ
ხეებს, ენკენისთვეს...
ბევრჯერ შევხედე ფერმწერს,
შედევრს კედელზე წერს.
შევბედე: - მენდე, შენს ფერს,
ბნელს შევძენ მე მწველ ცეცხლს!..
ვეფერე ჩემს ზღვებს პეშვზე,
ფრესკებზე ვერ ვტევ ღმერთს...
ერთხელ მეც შევძლებ, ცერზე
შევდგე, შევწვდე ჩემს მზეს!


პილიგრიმი
(მხოლოდ ,,ი" ხმოვნით)

მიჰქრის ნისლი, კვირის შვიდი
სხივი იცვლის რიგს.
ტყის პირს მიდის ჩრდილი მშვიდი,
წინ მიითვლის ბიჯს.

მისი ფიქრი ცის იქით ქრის,
შიგნით სისხლი ცრის.
თბილ ტირილით იწვის ცვილი,
იდილიით ცის.

ისმის ირგვლივ ძის ქილიკი,
ჩვილი ფიფქი თრთის.
პილიგრიმი წვრილ ბილიკით
ჭრის დიდ ისლის მწკრივს.

ხშირი ქვიშის შრიშინ-შიშით
ფიფქს სიკვდილი ცვლის,
ხის წიწვი კი მზის შიმშილით
ძირს თბილ ღიმილს შლის!скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge