გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

მარიამ მარჯანიშვილი - მივიწყებული ქალების მემკვიდრეობა

       ქართველმა ქალმა თანასწორუფლებიანობისათვის, ემანსიპაციისა და მოქალაქეობრივი უფლებების მოპოვებისათვის მძიმე და გრძელი გზა განვლო.       
      სწორედ, ამიტომაც აცხადებდა გალაკტიონი: ,,უბედურება ყველაზე მეტი გადაიტანა ქართველმა ქალმა“.
      კარჩაკეტილი ცხოვრება, უუფლებობა, დაუფასებლობა ხალხსა და საზოგადოებიდან მოწყვეტა დიდი სულიერი ტრაგედია იყო ქალებისათვის, რაც კარგად შეაფასა გიორგი ლეონიძემ: ,,საქართველოს არსებობას, თქვენ შთაბერეთ სულიო". 
      უმთავრესად, ქართველ ქალთა საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოსვლაში კი ფასდაუდებელი წვლილი დიდ 60-იანელებს მიუძღვით.
       ილიამ, პირველმა დასვა საკითხი ქართველი ქალის მიერ უმაღლესი განათლების მიღების შესახებ. აქედან გამომდინარე იგი აღნიშნავდა: ,,ეს პირველი შემთხვევაა ჩვენში ქალების მხრით თავისის საკუთარის ძალ-ღონით ბურთის გატანისა ცხოვრების მოედნიდამ. პირველი მაგალითია, რომ ქალებს თავისი საქმე დაუწყიათ უსარგებლო ჩივილით და ხვეწნით კი არა, არამედ თვისი საკუთარი მხნეობით.
საკუთარი თვითმოქმედება ფარხმალად აუღიათ, რომ თავის საკუთარის ძალ-ღონით წინ აღუდგნენ ქალთა დამჩაგრავს და ბედი, შეძლებისამებრ, თავისაკენ მოატრიალონ“ (ჭავჭავაძე 1987:243).
    1876 წელს ქალთველი ქალების დიდი ქომაგი აკაკი წერეთელი წერდა: ,,ქალები ჩვენი ცხოვრების ჭახრაკები არიან - ეს პირველი ნაბიჯი კეთილწარმატებისა მათ ხელშია. ისინი გვიზრდიან შვილებს, ისინი გვივლიან მშობლებს და ისინი ჯერ დედობით და მერე მეუღლეობით მძიმე ტვირთს გვიმსუბუქებენ... თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი ხალხის ბარომეტრები არიან...
     ადრევე მითქვამს და დღესაც ვიმეორებ, რომ დედათა სქესი ისე მაღალ წერტილზე ბევრგან არ მდგარა, როგორც ჩვენში. მე არ მიმაჩნია ის გაზაფხული გაზაფხულად, როდესაც სიცივის გამო მერცხალი არ მოფრენილა. არა მწამს საზოგადოების გამოფხიზლება მაშინ, როდესაც ქალებს სძინავთ.“
     ქალის ისტორიული სახელით ამაყობდა ვაჟა - ,,საუნჯევ სათნოებისა, ჩემიც მიიღე ქებანი“. ვაჟა-ფშაველასათვის ქალი იყო მაღალი სულის და ღირსების მატარებელი ადამიანი: ,,ლამაზ ქალს ლამაზი აზრის ტარება აქცევს ღმერთადა.“ პოეტისათვის უდიდესი სიხარული იყო, როცა ქალი თავისი ინტერესებითა და ეროვნული შეგნებით ყველა საზოგადოებრივ სფეროში გამოჩნდა.
     შეიძლება, თამამად ითქვას, ქართველი ქალი მე-19 საუკუნის 60-იანი წლების საზოგადოებრივი აზროვნების ცენტრში მაშინვე მოექცა, რადგან იგი იბრძოდა ეროვნული თავისუფლებისათვის, მშობლიური დედა-ენისათვის, თეატრის აღორძინებისათვის, გამათავისუფლებელი იდეებისათვის.
      ქალები თავს იყრიდნენ ისეთი კულტურული კერების გარშემო, როგორიც იყო: ,,ივერია“, ,,კვალი“, ,,დროება“, ,,თეატრი და ცხოვრება“ და სხვა.
     ასევე სიამაყით უნდა ითქვას, რომ ქართველი ქალები წლების განმავლობაში ინახავდნენ ,,წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას“ და ისინი მატერიალურად ეხმარებოდენ ,,საისტორიო - ეთნოგრაფიულ საზოგადოებასაც“. 
    ქართველი ქალები სამშობლოს სიყვარულისათვის თავიანთ უკანასკნელ ნამზით ნივთებსაც ყიდნენ. ისინი იბრძოდნენ ეროვნულ თავისუფლებისა და თავისი ქვეყნის უკეთესი მერმისისათვის. 
     იმ ღვაწლმოსილ ქართველ ქალთაგან, რომლებიც საუკუნეზე მეტი ხნის წინათ ქუთაისში კულტურულ იერსახეს ჰქმნიდნენ დავიწყების ლაბირინთებიდან გავიხსენებთ ერთ-ერთ კოლორიტულ ფიგურას პოეტ  დომინიკა ერისთავს.
     მწერლობაში ,,განდეგილის“ ფსევდონიმით ცნობილი დომინიკა ერისთავი იმ პლეადის თვალსაჩინო წარმომადგენელია, რომელიც მჭიდროდ იყო დაკავშირებული ქართული ლიტერატურისა და აზროვნების ისტორიის მღელვარე ფურცლებთან.
      მან თავისი საზოგადოებრივი მოღვაწეობა ქართველი ქალის უფლებების დაცვით დაიწყო. დომინიკა ერისთავმა ქალი ისეთივე სრულუფლებიან მოქალაქედ გამოაცხადა, როგორც მამაკაცი, რომელსაც ნაკლები სარგებლობის მოტანა როდი შეეძლო სამშობლოსა და თავისი ხალხისათვის.
    ,,დედაკაცი ერთადერთი უტყუარი საზომია ერის სულიერი ძლიერებისა. თუ კი რამ საკაცობრიო შექმნა მამაკაცმა, ეს დედაკაცის ნების და უნებლიე გავლენით. მოსპეთ დედაკაცი როგორც პიროვნება და მოისპობა თვით მშვენიერება...
     შეუგნებელი დედა ვერ აღზრდის შეგნებულ მოქალაქეს. დედამ ოჯახი სკოლად უნდა აქციოს, შვილს ქართული სული შთაბეროს, ამცნოს თავისუფლება და მოვალეობა, შეაყვაროს შრომა, იხსნას ნივთიერი სიღატაკისაგან და ამით ხელი შეუწყოს ქვეყნის ბედნიერებას.“
   პოეტი ,,განდეგილი“ მტკიცედ და შეურყევლად ადგა ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეების მედროშის ილია ჭავჭავაძის გზას. განდეგილმა პირველმა შექმნა და ჩამოაყალიბა საქართველოში ,,ქართველ ქალთა საზოგადოება“.
     დომინიკა ერისთავმა ბავშვობა და ახალგაზრდული წლები იმერეთის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში სალომინაოსა და ქუთაისში გაატარა. მამამისი ზურაბ ერისთავი მაზრის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. იგი მშობლიური ლიტერატურის დიდი მოყვარული და მოამაგე გახლდათ, ხოლო დედა ანა ანდრია მარჯანიშვილის ასული და დიდი რეჟისორის კოტე მარჯანიშვილის მამიდა იყო. ანა მარჯანიშვილი იყო ასევე დეიდა - სერგეი, კოტე, ეფემია და დავით მესხებისა.
      ,,ჩვენ საერთოდ ფართო ნათესაობა გვქონდა ჭავჭავაძეებთან, ციციშვილებთან, მარჯანიშვილებთან, მაჭავარიანებთან, მესხებთან, წერეთლებთან. თვით აკაკი წერეთელიც დომინიკას ახლო ნათესავი იყო - ჩვენი და აკაკის საერთო ნათესავი ანიჩკა თარხნიშვილი აკაკის სახლში ცხოვრობდა. თვითონ დომინიკასაგან მქონდა გაგონილი: ,,ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის და ნინო ორბელიანის წყალობით გავიკაფე გზა მწერლობაშიო,’’ - წერს ოლღა გელოვანი.
      განდეგილი ბავშვობიდანვე გატაცებული იყო აკაკის პოეზიით. ,,ჩემო ძვირფასო ბატონო აკაკი! - წერდა განდეგილი, - შვიდი წლის კიდევ არ ვიყავი, როცა ქართული წერა-კითხვა ვისწავლე შენი ლექსის ,,სალამურის“ - სიყვარულით და აქამომდე იმის ავტორს ვაღიარებ ჩემს მოძღვრად. მართალია, ჯერ კი ვერაფერში გამოვიჩინე სიყვარული, მოძღვრის ღირსეული მოწაფეობა, მაგრამ ვეცდები ისეთი ვიქნე, როგორც შენ გესიამოვნება... ვიცი ყველასათვის კარგი გინდა და განსაკუთრებით ჩემთვის, რადგანაც შენი ქვეყნის შვილი ვარ და მასთან ნათესავიც. იმიტომაც ნუ იუკადრისებ, რომ ჩემს ლექსებს, რომელიც ერთად იბეჭდება, წინასიტყვაობა დაწერო. ამას იმიტომ უფრო ვბედავ, რომ შენ თითონ მითხარი, როცა დაიბეჭდება შენი ლექსები, წინასიტყვაობას მე დაგიწერო. 
        ამის მეტს აღარას გწერ, რადგან ვიცი, თუ რამე შესაძლებელია არ დაიზარებ შენიანებისათვის... ამასთანავე გიგზავნი ლექსებს, იქნება საჭირო იქნეს ზოგი ამოიღო, მაგრამ მგონი არა უშავს. შენი მარადის მორჩილი დომინიკა“ (საქ. სახლ-მუზეუმი N372).
   სამწერლო ასპარეზზე გამოსული დომინიკა თავისი შეუპოვრობით ფრანგი მწერალი ქალის ჟორჟ სანდის სახელით მონათლეს, რადგან მან მტკიცე ნებისყოფით გადალახა ქართველი ქალისათვის კარჩაკეტილი ბუნება, დაამსხვრია მესჩანური ბორკილები და ოჯახურ - ობივატელური ჩარჩოები.
     თბილისში გადასულმა პოეტმა ,,ივერიის“ რედაქციაში დაიწყო მუშაობა. იგი იყო პირველი კორექტორი ქალი, ნიჭიერი პოეტი, ბელეტრისტი, მთარგმნელი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე.
       1904 წელს დომინიკა ერისთავი ჟურნალ ,,ნობათის“ რედაქტორად დაინიშნა. იგი ნაყოფიერად მუშაობდა კრიტიკაში, პუბლიცისტიკაში. ,,განდეგილი“ ასევე ავტორია შესანიშნავი მინიატურისა, ნოველისა თუ ფელეტონისა.
     განდეგილი განსაკუთრებით პატივს სცემდა და აფასებდა სხვა ერების კულტურას. ამიტომაც იგი ნაყოფიერად მუშაობდა მთარგმნელობითს დარგში. განდეგილი თარგმნიდა ჰაინეს, რილეევს, პოზდნიაკოვს, გრიბოედოვს, გორკის, ტურგენევს, კუპრინს, მარკის სონიეს, ნ. ტელეშოვსა და სხვებს. მან ქართული საზოგადოების ყურადღება მიიპყრო გრიბოედოვის ,,ვაი ჭკუისაგან“ ლექსად თარგმნით.
     ... გავიდა წლები, მაგრამ განდეგილის ლიტერატურული მემკვიდრეობა დღესაც საოცარი ძალით ეხმაურება ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებას.
        სიცოცხლეში ყოველი ადამიანი არაერთი არჩევანის წინაშე დგება. ეფემია იყო მესხების ოჯახიდან პირველი საზოგადო მოღვაწე ქალი, რომელმაც ქუთაისის კულტურულ და საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებას ღრმა კვალი დაატყო. 
   ეფემია მესხის აზრით მსახიობს სამი დიადი პრინციპი უნდა ამოძრავებდეს: სისადავე, სიმართლე და ბუნებრიობა. მას, როგორც თავისუფლებისათვის მებრძოლ მესხების ოჯახის შვილსა და ეროვნულ-დემოკრატიული იდეების გარემოცვაში აღზრდილს იმთავითვე შეგნებული ჰქონდა ხელოვნების, როგორც გონებრივი მოძრაობისა და ბრძოლის ორგანოს დიდი მისია: არ ეცრუა, ქვეყნის საჭიროებას გაჰყოლოდა, ჩასულიყო ცხოვრების მდინარის ძირში და იქ მოენახა, როგორც დიდი ილია ამბობდა: ,,შინ-მდებარე აზრი თავის ცხოველ სურათებისათვის“... 
     მიუხედავად სიძნელეებისა, დამცირებისა და სიღატაკისა ეფემია მესხს კარგად ესმოდა, რომ ხელოვნების ამოცანა იყო არა ყოფა-ცხოვრების შემთხვევითობანი, არამედ ის საერთო იდეა, რომ გააკეთილშობილოს ადამიანები. 
      ეფემია მესხმა ქართული სასცენო ხელოვნების განვითარების საქმეში თბილისსა და ქუთაისის თეატრების გარდა, ასევე იმოღვაწევა ბაქოს ქართული თეატრის სცენაზე. ათი წელი ეფემია მესხის ბაქოს თეატრში საქმიანობა აღვსილი იყო საუკეთესო მოგონებებითა და შთაბეჭდილებებით. მისი თაოსნობით ბაქოში ჯერ სცენისმოყვარეთა წრე ჩამოყალიბდა და შემდეგ მუდმივი დასი.
     ,,ძალიან მაწუხებდა სცენისათვის თავის დანებება, მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ ბაქოშიც განვაგრძე თეატრში მუშაობა. იქ იყო სცენისმოყვარეთა წრე, სადაც მე დავიწყე მუშაობა. ეს წრე რაც შეიძლება გავაფართოვეთ. შევმატეთ ახალი ძალები და სისტემატურად ყოველ კვირაში ერთხელ ვმართავდით წარმოდგენებს.“ ეფემიას ბაქოში მოღვაწეობას დიდად აფასებდა იქ მყოფი ქართველობა. 
    ,,ეფემიას ჩამოსვლამ ბაქოში უცბად შეასხა ფრთები ჯერ კიდევ მცირერიცხოვან ქართველობას, რომელნიც ქალაქის სხვადასხვა კუთხეში იყო დასაქმებული. იგი შეუდგა მათ შეერთებას და თავისი საყვარელი საქმის - თეატრის ორგანიზაციას. არამარტო თავისი ძალღონით, არამედ მატერიალური დახმარებითაც. მის მიერ იქნა დაარსებული ქართული კლუბი და თეატრი, სადაც ყოველ სეზონში იმართებოდა წარმოდგენები“, _ იგონებდა ე. ამირეჯიბი.
   ბაქოში ეფემია მესხმა პირველად რუსულ ენაზე ითამაშა ალ. სუმბათაშვილის პიესაში ,,შევარდნები და ყორნები“. 
     ეფემია მესხი იყო არამარტო მაღალნიჭიერი მსახიობი, არამედ საფუძვლიანი განათლების მქონე აქტიური საზოგადო მოღვაწე, რომელიც ღრმა სიბერემდე დაუზარებლად იღწვოდა ქართული კულტურის, კერძოდ - თეატრის განვითარებისა და წინსვლისათვის. მისი სტატიები თეატრის შესახებ ბევრ საინტერესო თეორიულ მოსაზრებას შეიცავდა. ისინი გამსჭვალული იყო ერთი პრინციპით - თეატრის დიდი სახალხო აღმზრდელობითი დანიშნულებით. მისი აზრით: ,,ჩვენს თეატრს დიდი მნიშვნელობა აქვს ხალხის გათვითცნობიერებისათვის, გარდა კულტურული მნიშვნელობისა, ის წარმოადგენს, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ, თავდაცვის იარაღს ნაციონალური თვითშეგნებისა.“
   ,,დროების რედაქცია მესხებისათვის განათლების შესანიშნავი სკოლა იყო. იმ საზოგადოების გავლენით, რომელიც იქ იყრიდნენ თავს. ეფემიამ მესხმა თავისი ნიჭი ლიტერატურაშიც გამოავლინა. მან ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ რუსული გაზეთიდან გადმოაქართულა ფრანგული ფელეტონი ,,პეპისტრელო“, რომელიც ,,დროებაში“ დაიბეჭდა. მაშინ აკაკიმ ურჩია: ,,ეცადე ბევრი წერო, თარგმნო და შეიძლება შენგან კარგი მწერალი ქალი გამოვიდესო“... 
    ქართული კულტურის განვითარების საქმეს ყოველთვის მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა ეფემია მესხი. თავისუფლებისა და კავკასიელ ხალხთა გაერთიანების მიზნით მან პირველმა გამოთქვა სურვილი ჩამოეყალიბებინა კავკასიელ ქალთა საზოგადოება და მოლაპარაკებოდა კავკასიელ ქალთა საზოგადოებას მასში ქართულ ავტონომიურ სექციებზე შესვლისათვის. 
   ყრილობამ ქალთა საზოგადოების თავმჯდომარედ მართალია აირჩია ეფემია მესხი, მაგრამ მისი იდეის წინააღმდეგ სასტიკად გაილაშქრა დომინიკა ერისთავმა. ე. მესხმა უარი განაცხადა საზოგადოების თავმჯდომარეობაზე. მიუხედავად ამისა, ეს ფაქტი მნიშვნელოვანია იმით, რომ ეფემია მესხი იყო საქართველოში ქართველი ქალების პირველი საზოგადო ორგანიზაციის ჩამოყალიბების ინიციატორი. 
   ეფემია მესხი პირნათლად ემსახურებოდა საქართველოში ქართული კულტურის განვითარების საქმეს, რომელიც პოეტურ სტრიქონებში გამოხატა იოსებ გრიშაშვილმა:
,,როგორც ქართველი, როგორც პოეტი,
ვამაყობ მუდამ გასაკვირველად, – 
            რომ სურნელება და უცხოეთი 
თქვენ მოიტანეთ ჩვენში პირველად
ო, თქვენმა ნიჭმა, ნიჭმა მაღალმა
იგრძნო ობლობა ასე ვნებელი.
და მწამხართ, როგორც ძველი აღალმა
ახალ ტაძარში დასვენებული."
      ეფემია მესხი იყო პირველი პროფესიონალი მსახიობი ქალი, რომელმაც შეძლო მაყურებლისათვის დაენახვებია ის, თუ რა ამაღლებს ადამიანის სულს ცხოვრებიდან სცენაზე და პირიქით სცენიდან ცხოვრებაში.
    ქართული სცენის ბურჯი ეფემია მესხი 40 წელი ყველგან დედაბოძად ედგა ქართულ თეატრს. მის მიერ განხორციელებულ როლთა რაოდენობა 200–მდე აღწევდა. იგი ასრულებდა როგორც კომედიურ, ისე დრამატულ როლებს.
თავისი ცხოვრება-მოღვაწეობით ქუთაისთან უშუალოდ იყო დაკავშირებული ცნობილი მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე, დიდი ქართველი პატრიოტის, გამოჩენილი მოღვაწის დიმიტრი ყიფიანის ქალიშვილი ელენე ყიფიანი. იგი მამასთან ერთად იბრძოდა ქართული თეატრის აღდგენისათვის, ჩვენი ლიტერატურისა და მწერლობის განვითარებისათვის, ქართული წიგნისა და წერა-კითხვის გავრცელებისათვის.
     ,,ელენე ერთი პირველთაგანი იყო, რომელმაც სცენაზე გამოსვლით და თავისი ნიჭიერი თამაშით ხელი შეუწყო ქართული თეატრის აღორძინებას. ელენე ყიფიანს უთამაშია აკაკი წერეთელთან ერთად მ. გედევანიშვილის ,,მსხვერპლში“. მის მიერ შესრულებულ როლებს მაღალ შეფასებას აძლევდა ქარული საზოგადოება“ (ჩიხლაძე1976:130).
      პირადი ინიციატივით ელენემ ანასტასია თუმანიშვილთან ერთად ,,ქალთა წრე“ შეადგინა, რომლებმაც მიზნად უცხო ლიტერატურის ნიმუშთა თარგმნა და გამოცემა დაისახეს. პირველი კრებული ელენე ყიფიანის დიდი მონდომებით 1874 წელს შემდეგი სახელწოდებით ,,თარგმანის საამო საკითხავ თხზულებათა“ გამოვიდა.
      სერგეი მესხმა კრებულის გამო უსურვა ქართველ ქალებს წინსვლა და გამარჯვება. მთარგმნელმა ქალმა კრებულში თავისი თარგმანები: ვიქტორ ჰიუგოს ,,პარიზელი ბიჭი“ და როსელის ,,უკანასკნელი წლები“ გამოაქვეყნა.
      ანტონ ლორთქიფანიძესთან დაოჯახების შემდეგ ელენე ყიფიანი ქუთაისში გადმოსახლდა.
      ელენე ყიფიანის თანადგომით ქუთაისში გამოვიდა ჟურნალი ,,ქართული ბიბლიოთეკა“, რომელმაც ერთ წელზე მეტხანს იარსება და სულ თერთმეტი ნომერი დაიბეჭდა.
      ჟურნალში გამოქვეყნებული ელენე ყიფიანი-ლორთქიფანიძისა თარგმანები ლუიზა განიორის ,,მამულის სამაგალითო შვილი“, მოლიერის ,,პრანჭია ქალები“ და სხვა, პირდაპირ ფრანგულიდან იყო ნათარგმნი. ელენე ყიფიანი უმთავრესად პატრიოტული ხასიათის მოთხრობებს თარგმნიდა, სადაც წინა პლანზე ეროვნული გრძნობები იყო წამოწეული.
     ჟურნალის გამოსვლა ეს იყო ქართველი ქალების გამოფხიზლება, ამოქმედება და დარაზმვა. 
,,მამაკაცთა მოღვაწეობას მიემატა ქალების ნაღვაწიც. ეს, უეჭველია ერთი ორად წინ წასწევს ჩვენს საქმეს. რა შეუძლია მამაკაცის მუშაობას სული ჩაუდგას, გაათბოს, გაასპეტაკოს და შეაგულიანოს, თუ არა დედაკაცის გვერდში ამოდგომამ და გამხნევებამ“ (,,ქართული ბიბლიოთეკა“ N1,1889).
      მეუღლესთან, ანტონ ლორთქიფანიძესთან ერთად ელენე ყიფიანი დიდად დაინტერესებული იყო თეატრის წარმატებით. ისინი იყვნენ ქუთაისის სცენის მოყვარულთა აქტიური წევრები და ხშირად არა ერთსა და ორ სპექტაკლში იღებდენ მონაწილეობას.
       1879 წელს ქუთაისის საადგილმამულო ბანკის თავადაზნაურთა დამფუძნებელი კრების დადგენილების საფუძველზე დაარსდა პირველი დაწყებითი ერთკლასიანი სკოლა, რომლისთვისაც ადგილი ელენე და ანტონ ლორთქიფანიძეების ბინაში გამოიყო.
      პირველ ხანებში სკოლას ხელმძღვანელობდნენ ნიკო და დავით ღოღობერიძეები და ანა მუსხელიშვილი. შემდგომ სკოლის მასწავლებლობა და ხელმძღვანელობა ელენე ყიფიანს დაევალა. 
       ელენეს მეუღლემ ანტონ ლორთქიფანიძემ დაარსა ქუთაისში პირველი ბიბლიოთეკა, სადაც თავს იყრიდა ქალაქის საუკეთესო ინტელიგენცია. ანტონ ლორთქიფანიძემ ჯერ კიდევ თავის სიცოცხლეში ბიბლიოთეკა ქუთაისს უანდერძა, რაც საფუძვლად დაედო ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის დაარსებას.
      დიმიტრი ყიფიანის ვერაგულად სიკვდილის შემდეგ ელენე ყიფიანი მალევე გარდაიცვალა. მაშინდელმა ჟურნალ-გაზეთებმა დიდი პატივი მიაგეს ქართველი საზოგადო მოღვაწის, მთარგმნელის, მსახიობის ელენე დიმიტრის ასულ ყიფიანის უდროოდ გარდაცვალებას. იგი ქუთაისის წმინდა გიორგის ეკლესიის გალავანში დაკრძალეს.
      XIX საუკუნის ბოლოდან ევროპაში გაჩაღებულმა ქალთა განმათავისუფლებელმა მოძრაობამ გამოძახილი საქართველოშიც ჰპოვა. განმათავისუფლებელი იდეები იმ დროს ძირითადად ევროპაში განათლება მიღებულ ქალებს შემოჰქონდათ, რომლებიც თავიანთი ცხოვრებისა და ბრძოლის მთავარ მიზანს ქალთა ემანსიპაციაში ხედავდენ და რომლებიც მეტ ნაკლებად რევოლუციურ აქტივიზმშიც იყვნენ ჩართულნი. მათ შორის იყო კატო მიქელაძე, რომელიც ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის ოთხი კლასის დამთავრების შემდეგ თბილისის სამეანო კურსებზე შევიდა. 
    1900 წლიდან კატო მიქელაძე ბეჭდავდა ლექსებს ჟურნალ ,,კვალსა“ და არა ლეგალურ გაზეთ ,,ბრძოლაში“. იგი ცხინვალში კითხულობდა ლექციებს, თუ როგორ მოევლოთ ქალებს თავისთვის მშობიარობის დროს. აწყობდა სცენისმოყვარეთა დასს, თეატრსა და ბიბლიოთეკას. 1903 წელს ,,წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ რეკომენდაციით კატო მიქელაძე მოსკოვში გაემგზავრა პედაგოგიურ კურსებზე სასწავლებლად, სადაც 1905-1906 წლების რევოლუციურ მოძრაობაში ჩაერთო. აქედან, იგი სოფიო ამირეჯიბის დაფინანსებით სწავლის გასაგრძელებლად პარიზში გაემგზავრა. 
     საზღვარგარეთ ცხოვრების პერიოდიდან კატო მიქელაძეს ყველაზე ტკბილ მოგონებად მის ოთახში პარიზში სამკურნალოდ ჩამოსული აკაკი წერეთლის სტუმრობა დარჩა: ,,აკაკი რომ უცხოეთში დავინახე, - წერს კატო, - სამშობლოს მოწყურებულს, ისეთი სითბო მომხვდა გულზე, თითქოს მთელი საქართველო ჩემს თვალწინ იდგა. აკაკიმ ყველაფერი დაწვრილებით გამომკითხა, თუ როგორ ვცხოვრობ, ხომ არაფერი მიჭირს და სხვა...“
      მეორე დღეს ქართველმა სტუდენტებმა აკაკის საპატივცემულოდ კაფე ,,ვოლტერში“ ბანკეტი გამართეს. იდგა 1909 წელი. აკაკიმ კატოს მიმართა: ,,- როცა შეტყობა უნდათ წინასწარ ამინდის, ბარომეტრს დადგამენ ხოლმე. რომელიმე ერის, ხალხის გაცნობა თუ გვინდა, ჯერ ქალები უნდა გავიცნოთ, როგორც ეროვნების ბარომეტრი. როცა საქართველო თავის სიმაღლეზე იდგა, მაშინ ქართველი ქალიც, როგორც ცოლი, როგორც დედა და როგორც მოქალაქე განთქმული იყო იმ საუკუნეში, როცა საქართველო დასცეს, ეს დაკნინება ქალებს უფრო დაეტყოთ: დღეს ბევრ ქალს ნახავთ ჩვენში, რომ დავიწყებული ჰქონდეს მისი წმინდათა წმინდა და ქართულა ვერ ახერხებს ლაპარაკს... ამის შემხედავი, იმედმიხდილი ვიყავი ამ სიბერის დროს, მაგრამ ახალმა მოძრაობამ სხვა დამანახა. ახალგაზრდა ქალები მზად იყვნენ საქართველოსათვის სამსხვერპლოდ თავი დაედვათ... დღევანდელმა ქალებმა, ძველი დედების სული გამოიჩინეს.
...იმედი მაქვს დროის შესაფერისად აღადგენთ ძველ სახელს. ეს პირველი ბიჯი თქვენ შეგხვდათ და საჭიროა წარმართოდ, აღადგინოთ. გისურვებთ ამ უცხო თავისუფალ ქვეყანაში თქვენს წარმატებას, რომ სასურველად დაუბრუნდეთ სამშობლოს“ (,,მნათობი“ N5-6, 1910).
    ასეთი იმედიანი შესცქეროდა აკაკი კატო მიქელაძეს და სწორედ ამით იყო გამოწვეული ის სითბო, რომელიც თავის სიტყვაში ჩააქსოვა პოეტმა და ფეხზე ადგომით შესვა ახალგაზრდა კატო მიქელაძის სადღეგრძელო.
     კატო მიქელაძე ბრიუსელის უნივერსიტეტის დამთავრეის შემდეგ 1914 წელს ქუთაისში დაბრუნდა. შეძენილი ცოდნისა და ევროპული გამოცდილების საფუძველზე იგი შეუდგა ფემინისტურ აქტივიზმს, ქალის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებისთვის ბრძოლას და თანამოაზრეების შემოკრებას. 1916 წლიდან იგი ქუთაისში კითხულობდა საჯარო ლექციას ქალთა მდგომარეობაზე.
    ,,ქალებზე უფრო დაჩაგრული დედამიწაზე არავინ არა ყოფილა და ქალებივით ხანგრძლივად არავინ არ დაუჩაგრავს მამაკაცთა მიერ გამოწვეულ უსამართლობასა და ძალმომრეობას. დიახ, მამაკაცისა მიერ, რადგან მთელი ისტორია არის ისტორია მამაკაცებისა: მათი ომებისა და რევოლუციისა, მათი შუღლისა და ამბოხებისა, სადაც მდედრობითი სქესი, პოლიტიკურ და მოქალაქურ ცხოვრებაში უკანასკნელ ხანამდე არავითარ მონაწილეობას არ ღებულობდა. 
     ქალები წარმოადგენდნენ მოსამსახურე კლასს, რომლებსაც ძალაუნებრივად მონაწილეობა უნდა მიეღოთ მამაკაცების ჭირსა და ლხინში, თუ საჭირო იყო თავი გაეწირათ მათთვის, მაგრამ არავითარი ხმა და უფლება მათ არ ჰქონდათ, არც ოჯახში და არც საზოგადოებაში“ (,,ხმა ქართველი ქალისა“ N17-31. 1917).
      მისი ინიციატივით ქუთაისში დაარსდა ქალთა კლუბი. 1917 წლის თებერვალში კატო მიქელაძის რედაქტორობით საქართველოში პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი ფემინისტური გაზეთი ,,ხმა ქართველი ქალისა“ გამოიცა. გაზეთმა 1918 წლის სექტემბრამდე იარსება.
     ,,ქართველი სოციალისტები ცდებიან დღეს, რომ ხელს უშლიან ქალთა ორგანიზაციებს, ქალთა მოქალაქურ შეგნებას და საქმიანობას. ამ შეცდომას მათ მომავალი დაანახვებს. ჩვენ კი მოვაგონებთ მათ, რომ სანამ კანონისა და სამართლის წინაშე სქესთა განსხვავება იარსებებს, მანამდე არც შესაძლებელია მათი ინტერესების ერთნაირობაც და თუ მათ სურთ, რომ პროლეტარ ქალ-ვაჟის ინტერესი ერთი და იგივე იყოს, დღეს იმის ცდაში უნდა იყვნენ, რომ დამფუძნებელმა კრებამ ქალები არ დასტოვოს მონობაში იმ დროს, როდესაც ის მამაკაცების სრულ მოქალაქეობრივ თავისუფლებას განამტკიცებს. ასეთ ცდასა და სურვილს მათში ჩვენ, ჩვენი ადამიანური უფლებისთვის დაინტერესებული ქალები დღეს ვერა ვხედავთ“ (,,ხმა ქართველი ქალისა“ N29, 1917).
კატო მიქელაძის ვარაუდი გამართლდა და 1919 წლის თებერვალში ჩატარებული საყოველთაო არჩევნების შედეგად, დამფუძნებელი კრების წევრი გახდა 130 დეპუტატი, მათ შორის იყო მხოლოდ 4 ქალი: ე. ჩოლოყაშვილი, ე. მახვილაძე, ა. სოლოღაშვილი, ქ. შარაშიძე. 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციაში ჩაიწერა: ,,ორივე სქესის მოქალაქე თანასწორია, როგორც პოლიტიკურ, ისე სამოქალაქო, ეკონომიკურ და საოჯახო უფლებით“ (მუხლი 39).
გამოდის, რომ ,,ქალების სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების მოპოვებისათვის გაშლილმა მოძრაობამ მაინც გამოიღო შედეგი“ (გენდერული თანასწორობის გაუმჯობესება საქართველოში, 28:2009).
     დასასრულს უნდა ითქვას, რომ დიდ სამოციანელებიდან ინგლისელი ჯონ სტიუარტ მილის მსგავსად ქალის უფლებებს პრინციპულად იცავდა და მათი პირველი ნაბიჯები შეუმჩნეველი არ დარჩენია ევრო-ამერიკულად მოაზროვნესა და გაზეთ ,,დროების“ რედაქტორს სერგეი მესხს: ,,ყველასათვის, ვისაც კი გონება მამა-პაპური აზრებითა და ცრუ მორწმუნოებით არა აქვს დახშული, ცხადათ დამტკიცებულია, რომ ქალი კაცის თანასწორად არის გაჩენილი, იმის დამონება, სხვა-და-სხვა უფლებების წართმევა, სიკეთის მაგივრად ვნებს კაცობრიობას...“ (ფირცხალავა 1903:16)
     სერგეი მესხი დასავლური გამოცდილებისა და ქალთა საკითხების აქტუალიზაციის ისტორიული, თანამედროვე სურათის აღწერის შემდეგ ,,ქართველ ქალებს სამი ფუნდამენტალური უფლების: განათლების, შრომისა და არჩევნებში მონაწილეობისაკენ მიუთითებდა, როგორც ბაზისს, რომელზედაც უნდა დაშენდეს ქვეყნის მომავალი.“
      ილიასა და მის თანამებრძოლებს კარგად ესმოდათ, რომ თავისუფლების ნების გამომჟღავნება ცოდნაშია, ცოდნა - განათლებაა, განათლება კი თავისუფლებაა.
   როგორც ვხედავთ, XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის 10-20-იან წლებში მოღვაწე ქალებმა ერთი დიდი და საინტერესო წიგნი დაგვიტოვეს. მათი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობის გახსენებით, როგორც სარკეში, ისე მოჩანს თავისი დრო და ეპოქა.
     მივიწყებული ქალების მემკვიდრეობა დღესაც საოცარი ძალით ეხმაურება ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებას.скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
მარიამ მარჯანიშვილი - ევროპის გზის სათავეებთან მარიამ მარჯანიშვილი - ევროპის გზის სათავეებთან ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / პუბლიცისტიკა / კრიტიკა / ისტორია / მომხმარებლები ანა მღებრიშვილი - ქართველი და ამერიკელი ქალების სტატუსი 1950-იან წლებში. შედარებითი ანალიზი ანა მღებრიშვილი - ქართველი და ამერიკელი ქალების სტატუსი 1950-იან წლებში. შედარებითი ანალიზი ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / გამოქვეყნებული ევგენი ბლიაძე  -  პირველი ქართული კონსტიტუცია საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების შესახებ ევგენი ბლიაძე - პირველი ქართული კონსტიტუცია საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების შესახებ ჟურნალი / სტატიები / ისტორია / პოლიტოლოგია / მეცნიერება / გამოქვეყნებული იზოლდა რუსაძე - მხატვრული ნარკვევი იზოლდა რუსაძე - მხატვრული ნარკვევი ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / გამოქვეყნებული მარიამ მარჯანიშვილი - ეპოქალური მოვლენები მოგონებათა ნაკადში მარიამ მარჯანიშვილი - ეპოქალური მოვლენები მოგონებათა ნაკადში ჟურნალი / ესეისტიკა / ისტორია / სტატიები / მეცნიერება / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge