გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

მარიამ მარჯანიშვილი - ევროპის გზის სათავეებთან

    
საქართველო ერთ-ერთი უმძიმესი და განსაცდელებით სავსე გზაჯვარედინია ცისქვეშეთში, რომელიც თავისი მოდგმის, ეთნოსის გადასარჩენად მუდამ თავდაცვით ბრძოლებისათვის იყო მზად. და, ეს მზადყოფნა მას თვისებადაც ექცა.
შარიანი გზაჯვარედინი - ხალხთა დიდი გასავალი - გზა და ხიდი ევროპასა და აზიას შორის ყოველთვის გავლენას ახდენდა საქართველოს პოლიტიკაზე, მის ეკონომიკაზე, კულტურასა და ყოფიერების ყველა სფეროზე. ჯერ კიდევ როდის დემოკრატიული აზროვნების ბრწყინვალე ნიმუში იყო შოთას „ვეფხისტყაოსანი“, ხოლო მისი ავტორი რუსთაველი კი დემოკრატიული იდეებისათვის დევნილი. ამავე ეპოქის დემოკრატიული მმართველობის ჩანასახი გახლდათ პირველად საქართველოს ისტორიაში ქალი მონარქის თამარის ტახტზე დასმა, მაგრამ დემოკრატიის, როგორც ხალხის მმართველობის სახელმწიფოებრივი წყობის დამკვიდრება საქართველოში XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან დაიწყო. 
დემოკრატიული იდეებით გამსჭვალულ დიდ სამოციანელებს ილიას მეთაურობით ხმლის და ომის გარეშე ერთბაშად მოუხდათ ბრძოლა: ცარიზმის კოლონიური რეჟიმის წინააღმდეგ, დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი ცხოვრების აღდგენისათვის, ქართველი ხალხის ეროვნული კონსოლიდაციის, ქართული კულტურის, განათლებისა და მეცნიერების განვითარებისათვის...
„...ახალმა თაობამ, უფრო სწორად, მისმა მოწინავე ნაწილმა მონახა „ახალი გზა“, – წერდა გაზეთ „დროების“ რედაქტორი და ილიას თანამებრძოლი, ევროპულ-ამერიკული ორიენტაციის მოაზროვნე სერგეი მესხი. ამ ახალ გზას, სერგეი მესხი უწოდებდა დასავლეთ ევროპის ცხოვრებისა და მეცნიერების გაცნობას და მის მიღწევათა ჩვენში გადმოტანას.
„...ყოველგვარი ცოდნის, განათლების, ცხოვრების გაუმჯობესებისა და წარმატებების წყარო, – ამბობდა იგი, ჯერ-ჯერობით დასავლეთ ევროპა არის. ყველა ხალხი, და მათ შორის რუსებიც, ამ წყაროს ეწაფებიან და აქედან გამოაქვთ ყველაფერი, რაც კი საუკეთესოა, კაცის მანუგეშებელია და წინ წამწევი ხალხთა ცხოვრებაში. თავის-თავისა და თავის ქვეყნის წინ წაწევა მხოლოდ იმას შეუძლია, ვისაც ევროპის ცხოვრება და მეცნიერება – კარგად და ჭეშმარიტად გაუცვნია. გაუნათლებელსა და ღარიბ საზოგადოებას მხოლოდ ის კაცი მოუტანს სარგებლობას, რომელიც თვითონ ევროპულ სწავლა-მეცნიერებაში განვითარებულია და თავის თვალით უნახავს და შეუსწავლია სიღარიბის მომსპობელი და კეთილდღეობის მომნიჭებელი სახსრები“ (ს.მესხი ,,ნაწერები სერგეი მესხისა“, ტ. I, თბ.1903:109).
  სერგეი მესხი 70-იანი წლების ევროპას ამავე პერიოდის რუსეთზე მაღლა აყენებდა. იგი, ევროპაში, უფრო მეტ საგულისხმოსა და სამაგალითოს პოულობდა თავის ქვეყნისათვის.
ევროპულ სამყაროსთან ქართველი ხალხის დაახლოების უმთავრეს ხელისშემშლელ პირობად სერგეი მესხი მართებულად თვლიდა იმ გარემოებას, რომ რუსეთთან ჩვენი ქვეყნის შეერთების შემდეგ იგი ფაქტობრივად მთელ გარემოსამყაროსაგან აღმოჩნდა მოწყვეტილი და „ქართველი ხალხი, რუსეთის გარდა, არც ერთის განათლებულის ხალხის წარმატებასა, წინამსვლელობას არა ჰხედავდა, რომ იმათი მაგალითისათვის მიებაძა“ (ს.მესხი ,,ნაწერები სერგეი მესხისა“, ტ.II, თბ.1963:116).
ამ კარდახშულობის გარღვევის საქმეში სერგეი მესხი განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს დემოკრატიულად მოაზროვნე შემოქმედებით ინტელიგენციასა და ამ იდეათა გამომზეურების წყაროს ქართულ პერიოდიკას ანიჭებდა: „თვალი გამოაჭყეტინოს ხალხს, წარსული ისტორიული ცხოვრების მოგონებითა და განათლებული ხალხების გაცნობით გამოაღვიძოს, გააგებინოს, რომ ერთ წერტილზე გაჩერება დამღუპველია ხალხისათვის“ (ს.მესხი ,,ნაწერები სერგეი მესხისა“, ტ.I, თბ. 1903:110).
სამოციანელთა თაობის ევროპულ ორიენტაციასა და დემოკრატიულად მოაზროვნე მამულიშვილებს მძაფრ წინააღმდეგობას უწევდნენ ჩრდილოელი დამპყრობლები.
რუსეთის იმპერიას საგონებელში აგდებდა საქართველოში სამოციანელთა მიერ დაწყებული რეფორმები და დემოკრატიული პროცესები, რადგან მათ კოლონიური ქვეყნის მართვისათვის სულ სხვა მიზნები და გეგმები ჰქონდათ. ეს იყო ქართველი ხალხის გადაგვარება, – გარუსების ცდები.
ილიას და მის თანამებრძოლებს კარგად ესმოდათ, რომ თავისუფლების ნების გამომჟღავნება ცოდნაშია. ცოდნა – განათლებაა, განათლება კი თავისუფლებაა.
მთელი მოწინავე ქართველი ინტელიგენციის აზრთა მფლობელს ილია ჭავჭავაძეს გამუდმებული ბრძოლა ჰქონდა გაჩაღებული მეფის რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკისა და მისი ჩინოვნიკების მიმართ, „თავადაზნაურთა ულტრა-არისტოკრატიულ ფენებთან“, სოციალ-დემოკრატებთან და მის ერთ-ერთ წარმომადგენელთან ნოე ჟორდანიასთან.
„...თავადაზნაურთა ულტრა – არისტოკრატიული ფენები“ (ასეთები ძალიან მცირე იყო) ილიას არ სწყალობდნენ, არ უყვარდათ იგი დემოკრატიული აზროვნების გამო... ამ დიდი ქართველის მსოფლმხედველობა, მისი მიმართულების გზა და გეზი ყოველ დარგში – ეროვნული, სოციალური თუ პოლიტიკური იყო ფართო, პროგრესული, დემოკრატიული და რადიკალური. დღიდან მისი საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოსვლისა ილია, უხვად აღჭურვილი დიდის კულტურით და მაღალის მორალით, ერთიანი და უდრეკი, უცვლელი და ურყევი იყო თვით სიკვდილამდე“ (გ. შარაძე ,,საქართველოს მზე და სიყვარული ალბიონის კუნძულზე“, თბ.1986:191).
ილია ქართველმა საზოგადოებამ მის სიცოცხლეშივე აღიარა ყველაზე დიდ პიროვნებად. ასეთი პასუხი გაეცა ფრანგ მოგზაურს შეკითხვაზე: „ვინა გყავთ ყველაზე დიდი პიროვნებაო? – „ეს არის ილია! I/ya/lla, ამიტომაც იყო, რომ მარქსისტული იდეებით ნასაზრდოები სოციალ-დემოკრატები, განსაკუთრებით ნოე-ჟორდანია და ფილიპე მახარაძე ებრძოდნენ ილიას. 1898 წლიდან ნ. ჟორდანია გახდა თუ არა გაზეთ „კვალის“ რედაქტორი, მაშინვე იდეური ბრძოლა გამოუცხადა გაზეთ „ივერიას“ და მის რედაქტორს ილია ჭავჭავაძეს. მას ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა მიაჩნდა ჩამორჩენილობად და ილია კი მემამულე-აზნაურთა ინტერესების გამომხატველად, ხოლო ბანკები „ბურჟუაზიულ-ფინანსურ დაწესებულებად“.
ილიამ „ახალ-მოსულის“ ფსევდონიმით ხუთი სტატიით უპასუხა მოწინააღმდეგეს. ესენი იყო: „უმეცრების ფართი-ფურთი“, „პატარა საუბარი“, „ახალი უმეცრებანი ბ-ნი ნოე ჟორდანიასი“, „ქარაფშუტობა, ორთავიანობა და ორპირობა უმეცრებისა“ და „ისევე და ისევ ბ-ნ ჟორდანიას უმეცრებანი და მისი წაჯეგ-უკუჯეგობანი“. პირველ პასუხში ილია აღნიშნავდა. „ამაზე უარესად გაბიაბრუება, ამაზედ მეტად გაუპატიურება და შეგინება, მერე ვისი? –მთელის ხალხისა, მთელის ერისა, განაღა იქნება! მაშინ, როცა ბ-ნი ჟორდანია ჩემზე ხელს უშვერს, ჩემზე აქეზებს რიღაცისათვის საქართველოს ხალხს და თვითონ-კი, რომელმაც მთელი ხალხი, მთელი  ერი უგუნურად ჩათვალა, დოინჯი შემოუყრია და მის მიერ გაუპატიურებელს საქართველოს ერსვე უბრძანებს ბატონსავით: იმედია, ამას არ შეარჩენთ „ახალ-მოსულსაო“....
....თავად-აზნაურობამ დაარსა ჩვენი ბანკი, მის მოგებაში წილი არ ჩაიდო, იგი საზოგადო საჭიროებას შესწირა და თქვენ კი გამოსულხართ და ეუბნებით: ეგ რა ჰქენით, თქვენი საფლავი თქვენის ხელითვე რათ გაითხარეთო. კაცობაა ასეთი საქციელი? ეს არის თქვენი ახალი მოძღვრება! ეს ხომ უკან გაბრუნებაა წინ მიმავალი კაცისა! ეს ხომ უკან დახევაა!“ (ი.ჭავჭავაძე ,,ცხოვრება და კანონი“, ტ. VI, თბ.1956:241-283).
სოციალ-დემოკრატები დაუნდობლად ებრძნოდნენ ილიას. მათ ილიას ფენომენი მისავე სიცოცხლეში მოჰკლეს, როცა იგი სისხლისმსმელ-მემამულედ გამოაცხადეს. 1898 წელს, როცა ნ. ჟორდანია ჟურნალ „კვალში“ თავის სტატიით „ქართული პრესა – გუშინ და დღეს“, კვლავ აუგად იხსენებდა ილიას, იოსებ იმედაშვილი ხალხის სახელით სახლში მივიდა მასთან. 
„...ნოე, ილიას თუ შებედეთ, თქვენს თავს როგორღა აკადრეთ ქართველი ერის საამაყო შვილის ასე გაბიაბრუება, – განა ეს შესაწყნარებელია?! ილიას ასე აუგად ხსენება კარგ ნაყოფს არ მოიტანს, ეს იცოდეთ!
– შენ ვვინ გითხრა (ნოე ენას უკიდებდა), რომ ილიას, როგორც მხატვრული სიტყვის ოსტატს, ბელეტრისტსა და პოეტს ვეხებოდე, – იის ამ მხრივ კკლასიკოსია და ჩვენში ძნელად თუ ვინმე შშეედაროს!“, – მე ვებრძვი მის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ შეხედულებებს... აი, რაშია ჩვენი განსხვავება!
  • დღეს ჩვენთვის ილიას დროშა აღარ გამოდგება.
  • მე კი მგონია, მოვა დრო და თქვენც ილიას დროშას შეეფარებით. ეს კარგად
იცოდეთ, ვისაც საქართველო უნდა – ილიას დროშას ვერ გასცდება“(ი.იმედაშვილი ,,ილია - მოგონებები გარდასულ დღეთა“, თბ.1987:319-320).
მომავლის საქართველოსათვის საფუძვლის ჩასაყრელად ი. ჭავჭავაძე არ მოერიდა არც კონფლიქტს, პოლემიკასა და დაპირისპირებას ნოე ჟორდანიასთან, რაც საბოლოოდ საბედისწერო აღმოჩნდა მისთვის...
ცნობილია, რომ ილია უცხოელთა სტუმრობას საქართველოში დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, რადგან იგი ევროპისაკენ მიმავალ გზად და ხიდად მიაჩნდა. ილია აღნიშნავდა, რომ ისინი „მოჰფენდნენმთელს განათლებულს ქვეყანას იმ ამბავს, რომ შორს სადმე არის ერთი პატარა ერი, რომელსაც უცემს დიდი გული კაცობრიობის წარმატებისა, სიკეთისა და ბედნიერებისათვის“...
... ამ ჩვენ პატარა ქვეყანაშიაც საქმობს გონება და იძვრის გული, რომ აქაც აქვთ თავისი ნატვრა და თავისი იმედი, რომ აქაც არის თავისი წამება და წვალება უკეთეს დღეთათვის და არა რას კაცობრიულს არ ეუცხოვებიან“ (ი.ჭავჭავაძე, ტ.X, თბ. 1961:138).
1895 წლიდან ილიასთან შემოქმედებითი ურთიერთობის ხიდი პირველებმა გადეს და-ძმა უორდროპებმა, გერმანელმა მწერალმა არტურ ლაისტმა, რომელმაც სამუდამო სასუფევლად საქართველო აირჩია. 
ისინი ქართული კულტურით მოხიბლულნი თავიანთ ქვეყანაში აქვეყნებდნენ ნაშრომებს საქართველოს წარსულსა და აწმყოზე, იჩენდნენ დაინტერესებას ქართული ენის, კულტურის, ტრადიციების მიმართ და ქართული კულტურის მონაპოვარს აცნობდნენ მის თანამემამულეებს. 
       ამასთან დაკავშირებით სამართლიანად აღნიშნავდა მარჯორი უორდროპი: ,,...ვიმედოვნებ, ინგლისელი საზოგადოებამალე უფრო უკეთ გაეცნობაქართველი ხალხის ძველსადა ახალ ლიტერატურას, რომელიც დასავლეთისათვის თითქმისსრულიად უცნობია, მიუხედავადიმისა, რომ საქართველოყოველთვის დასავლეთისკენ უფრო ისწრაფოდა, ვიდრე აღმოსავლეთისაკენ..."
   XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ასპარეზზე ძირითადად ორი მიმდინარეობა ებრძოდა ერთმანეთს: ძველი თაობა – ილიას დასი -ეროვნული იდეების მატარებელი და ახალი – სოციალ-დემოკრატები (მესამე დასელები), - მარქსიზმის იდეოლოგიის მატარებელნი. ამ ცხარე და მწვავე დაპირისპირებისას აუცილებელი გახდა ისეთი ახალი დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიის დაარსება, რომელიც დემოკრატიზმსა და პატრიოტიზმს ერთმანეთს დაუკავშირებდა, ეროვნულ ნიადაგზე სოციალურ მოძრაობას გაშლიდა. ამ მიზნით საქართველოში სოციალ-ფედერალისტმა სამსონ ფირცხალავამ 1902 წელს დაარსა გაზეთი „ცნობის ფურცელი“, ხოლო პარიზში 1903 წელს სოციალ-ფედერალისტის ლიდერის არჩილ ჯორჯაძის ხელმძღვანელობით დაარსდა პარტიის ორგანო გაზეთი „საქართველო“, რომელიც ქართულ და ფრანგულ ენებზე გამოდიოდა. 
      ევროპაში გაზეთი თავისუფლად და შეუზღუდველად აშუქებდა პარტიის მოქმედების პროგრამას. საქართველოში „ცნობის ფურცელმა“ და ევროპაში „საქართველომ“ 1901-1903  წლებში იდეურად შეამზადა და მრავალი მომხრე გაუჩინა ჟენევაში ქართველ სოციალ-ფედერალისტურ პარტიას, რომელიც 1904 წლის აპრილში ოფიციალურად გაფორმდა. პარტიამ ჟენევაში დაარსა „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი“. სოციალ-ფედერალისტები საქართველოში და ემიგრაციაშიც ძირითად დებულებებში დიდ სამოციანელთა პოზიციას აგრძელებდნენ, რაც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი აღმავლობისათვის იყო მოწადინებული. 
       ნიშანდობლივია გერონტი ქიქოძის შენიშვნა: ,,... გამანათებელი თუ გამათბობელი კულტურული ენერგია დასავლეთ ევროპიდან ეძლევა კაცობრიობას, ამიტომ დასავლეთის კარების გაღება უდიდეს საკითხს წარმოადგენს ყოველი თვითშემცნობი და მომქმედი ერისთვის. უამისოდ მის კერას გაციება და მის სხეულს გაყინვა მოელის...
... იმედია ქართველი ერიც თავს დააღწევს ვიწრო და ნესტიან სენაკს, სადაც ის დიდხანს იყო გამომწყვდეული და ფართო კულტურულ ასპარეზზე გამოვა ...“
      1921 წლის 25 თებერვალს, როცა საქართველოს თავისუფალი, დამოუკიდებელი და დემოკრატიულ რესპუბლიკა ბოლშევიკური რუსეთის მიერ ოკუპირებულ იქნა, თავისუფალ სიტყვას, ქართულ სულიერებას, დიდი სამოციანელების ნასაზრდოებ დემოკრატიულ იდეებს, პრინციპებს, ღირებულებებს საბჭოთა საქართველოში რკინის ხუნდები დაედო. 
        ქართული დემოკრატიის ხმა მხოლოდ ემიგრანტთა ძალისხმევით თუ აღწევდა საქართველოში.
რუსული პოლიტიკის პრობლემა ყოველთვის იყო თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხი და საქართველო. 1921 წლის 7 მაისს კონსტანტინე გამსახურდია  თავის „ღია წერილი ლენინს“ შეახსენებდა ბოლშევიკების დიდ ბელადს: „ყველაფერი შეიძლება წაართვან პიროვნებასა და ეროვნებას, მხოლოდ თავისუფლების შეგრძნებას ვერავინ წაართმევს მას“... 
ემიგრანტები ევროპიდან და გლობუსის მეორე მხრიდან კარგად ხედავდნენ ერის დაუცველობას, რუსული ჩექმით ფიზიკურად და სულიერად განადგურებას, ამიტომ ქართველი ემიგრანტები დაუნდობლად ამხელდნენ ქართველი ხალხის უპირობო მტრებს, რომლებმაც ხელიდან გამოგლიჯეს მამულიშვილებს, დემოკრატიული რესპუბლიკის ხალხს, ქართული დროშა, მაგრამ ვერავითარმა ტლანქმა და სისხლიანმა ძალამ ვერ შესძლო საქართველოს სიყვარული გულიდან ამოეგლიჯათ ქართველი ერისათვის.
1921 წლის ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციას ბოლომდე სჯეროდათ, რომ ვერც სტალინი და ვერც მისი მემკვიდრეები თავისუფლებისათვის მებრძოლ ქართველების შეუდრეკელ სულს ვერაფერს დააკლებდა. „ამაო შრომაა, ათასი წლობით ნაწრთობ მებრძოლ სულს მოსკოვი ვერას დააკლებს“, – აცხადებდა პოლიტიკური ემიგრანტი ალექსანდრე ცომაია (,,ქართული აზრი"N1, ნიუ-იორკი, 1955:3).
ფარხმალდაუყრელი ქართველის რწმენა და იმედია ჩაქსოვილი პარიზში გამომავალ ჟურნალ „ახალი ივერიის“ რედაქტორის და პოლიტიკური მოღვაწის ელისე პატარიძის წიგნში „დემოკრატიზმი“, რომელიც 1938 წელს გამოვიდა საფრანგეთში. ავტორი წიგნისადმი წამძღვარებულ „წინასიტყვაობაში“ წერდა: „ქართველ ერს დროებით წართმეული აქვს თავისუფალი სახელმწიფოებრივი არსებობა. ჩვენი აზროვნებისა, მოქმედებისა და ზრუნვის პირველ რიგში სდგას დაკარგული ეროვნული თავისუფლების კვლავ მოპოვება და საქართველოსი და ქართველი ერის სახელმწიფოებრივი არსებობის აღდგენა.
საქართველო დაეცა, როგორც დემოკრატიული რესპუბლიკა, მისი განთავისუფლებისა და აღდგენისათვის მზრუნველ და მოქმედ ინტელიგენტურ ძალთა ერთი ნაწილის აზრია მისი კვლავ დემოკრატიულ, რესპუბლიკურ-პარლამენტარულ ფორმებში აღდგენა.
აქედან ცხადია, რომ ქართველიც დიდი ინტერესით ადევნებდეს თვალყურს მსოფლიო მასშტაბით დასმულ დემოკრატიზმის საკითხს, სწავლობდეს მას მსოფლიოს მაგალითებზედ საკუთარ ეროვნულ მეობასთან, სულთან და პიროვნებებთან შეფარდებით. ამ საკითხების წინასწარ გარკვეულობასა და მომზადებას შეუძლია ბევრი მოსალოდნელი ხიფათისაგან ჩვენი ეროვნული სახელმწიფოებრივი ცხოვრების გადარჩენა“ (გ.შარაძე ,,უცხოეთის ცის ქვეშ“, ტ. III, თბ.1993:398).
1959 წლის აშშ-ს უშიშროების რეზოლუციაში საქართველო ითვლებოდა „დატყვევებულ ერთა“ სიაში. რუსეთს თავისი იმპერიის 600 წლოვანი ისტორიის მანძილზე დაპყრობითი ომების წარმოების, ხალხთა დამონებისა და მათი ძარცვის მეტი არაფერი უკეთებია. იგი იბრძვის სრულიად გარკვეული მიზნებისათვის: „მოსკვა იესტ ტრეტი რიმ, ა ჩეტვიორტომუ ნე ბივატ“, ამ რუსულ ფორმულაში აშკარად არის გამოთქმული მსოფლიოში გაბატონების იდეა და ამ იდეაზე რუსეთის სახელმწიფოს არასოდეს ხელი არ აუღია“ (,,ქართული აზრი"N1, ნიუ-იორკი, 1955:4). 
ემიგრაციაში თავის პოლიტიკურ და იდიოლოგიურ შეცდომებს აღიარებდა და დიდ 60-იანელთა შეხედულებას იზიარებდა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, რომელიც თავის ,,რჩეულ ნაწერებში" აღნიშნავდა: ,,... დიდი ხანი არ არის, რაც გამოვედით ევროპის სავალი გზის ხაზზე, ჩავდექით მის ფერხულში. ეს არ არის რაღაც უცაბედი, თვითნებური მოვლენა. ის აუცილებელია, ფატალურია, მას ვერ აცდება ვერც ერთი ხალხი. ევროპის გზა მსოფლიო გზაა, ახალ ისტორიას სხვა გზა ჯერ არ გამოუგონია და თავისთავად მისახვედრია ჩვენი მასზე შედგომა. ევროპა მიდიოდა ამ ხაზზე სტიქიურათ, ვინაიდან მსგავსი ისტორიული მაგალითი თვალწინ არ ქონებია – და სხვისი გამოცდილებით ვერ ისარგებლებდა. ის თვითონ ქმნიდა თავის ისტორიას, იკაფავდა წალდით ხელში ახალ ეკლიან გზას, მიდიოდა წინ, მუდამ წინ...
... ჩვენ, მადლობა ღმერთს, არ ვიმყოფებით უდაბნოში, არ მივდივართ უგზო-უკლოთ. რაკი ჩავდექით ევროპის ფერხულში, ვიცით რასაც ვაკეთებთ. საითკენ მივემართებით..." (ნ.ჟორდანია ,,რჩეული ნაწერები“, თბ.1990:262). 
ასე რომ, ილიამ და მისმა თანამებრძოლებმა ჯერ კიდევ XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან გაკაფეს გზა ევროპისაკენდა საქართველოს მომავალს ევროპის დიდ ოჯახში ხედავდნენ. 
ათეული წლების განმავლობაში ევროპაში ქართული კულტურის პოპულარიზაციით თანდათან მტკიცდებოდა იმის რწმენა, რომ ძველი და მაღალი ცივილიზაციის მქონე ქართველ ერს ჰქონდა დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი ცხოვრების უფლება და ხალხის ბრძოლა ამ მიმართულებით იყო სავსებით კანონზომიერი მოვლენა.
      წინასწარმეტყველური აღმოჩნდა ცისფერი ორდენის წევრის ტიციან ტაბიძის სიტყვები: ,,... აშკარაა, ევროპა შემოაღებს კარებს და ამ დროს ჩვენ უნდა დავხვდეთ ეროვნული შემეცნებით...
     მაშინ იქნება ნამდვილი რენესანსი და ამ ეროვნული აღორძინების სადღეგრძელოს სრულიად სერიოზულად ვსვამ „ცისფერი ყანწებით…“
     დღეს, როცა ჩვენი დიდი სულიერი წინაპრებისა და ქართული პოლიტიკური ემიგრანტების ნატვრა და ოცნება განხორციელებულია, საქართველოს არჩევანი ევროინტეგრაციაში სავსებით კანონზომიერი მოვლენაა.скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
გიორგი გოგუა - მეცნიერების რაინდი. პავლე ინგოროყვას პორტრეტისათვის გიორგი გოგუა - მეცნიერების რაინდი. პავლე ინგოროყვას პორტრეტისათვის ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / პუბლიცისტიკა / ისტორია / მომხმარებლები გიორგი გოგუა - ნიკოლო მაკიაველის პოლიტიკური მსოფლმხედველობის გაგებისთვის გიორგი გოგუა - ნიკოლო მაკიაველის პოლიტიკური მსოფლმხედველობის გაგებისთვის ჟურნალი / სტატიები / ფილოსოფია / პოლიტოლოგია / მეცნიერება / მომხმარებლები დათო კაკაურიძე - ისტორიულ-ბიოგრაფიული ნარკვევი ივანე ჯავახიშვილის შესახებ დათო კაკაურიძე - ისტორიულ-ბიოგრაფიული ნარკვევი ივანე ჯავახიშვილის შესახებ ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / ისტორია / მეცნიერება / მომხმარებლები ევგენი ბლიაძე  -  პირველი ქართული კონსტიტუცია საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების შესახებ ევგენი ბლიაძე - პირველი ქართული კონსტიტუცია საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების შესახებ ჟურნალი / სტატიები / ისტორია / პოლიტოლოგია / მეცნიერება / გამოქვეყნებული მარიამ მარჯანიშვილი - ეპოქალური მოვლენები მოგონებათა ნაკადში მარიამ მარჯანიშვილი - ეპოქალური მოვლენები მოგონებათა ნაკადში ჟურნალი / ესეისტიკა / ისტორია / სტატიები / მეცნიერება / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge