გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ზაზა აბზიანიძე - დისშვილი და ბიძანი მისნი

                  ნიკოლოზ ბარათაშვილის ურთიერთობა გრიგოლ, ზაქარია და ილია ორბელიანებთან
     

         წარსულის მოვლენებისა თუ ეპიზოდების ხელახალი გადაფასების გზაზე შემდგარ მკვლევარს გამაფრთხილებელ ნიშნად აესვეტება წარწერა თომას სტერნზ ელიოტის პარადოქსული ფრაზით: `აწმყო ცვლის წარსულს~. ამიტომაა, რომ, გარდასულ დროთა და კოლიზიათა წიაღში ინტუიციურად ნაგრძნობი ჭეშმარიტების დამადასტურებელ არგუმენტთა ძიებით გართულნი, შიშით ავხედავთ ხოლმე ამ წარწერას, თავს რომ არ დაგვემხოს უნებლიეთ ძირგამოთხრილ რომელიმე ისტორიულ პლასტთან ერთად. 
        ეს სიფრთხილე გასაგებია, რადგან ჩვენი `ლიტერატურული არქეოლოგიის~ ამჟამინდელი ობიექტი ძალზე დელიკატურია: ნიკოლოზ ბარათაშვილის ურთიერთობა დედამისის უმცროს ძმებთან _ გრიგოლ, ზაქარია და ილია ორბელიანებთან _ დღემდე პასუხგაუცემელი რამდენიმე კითხვით.
შევეცადოთ, მიუკერძოებლად ჩავწვდეთ ამ ურთიერთობათა ლოგიკას: უფროს ბიძასთან, გრიგოლთან _ დისშვილის პირველი, გიმნაზისტური, მოკრძალებული წერილებიდან _ მისივე ფამილარულ, მენტორულ შეგონებებამდე, ხოლო თანშეზრდილ ილიასთან _ არშემდგარი დუელიდან – `მერანის~ მიძღვნამდე; მესამე, შუათანა ბიძასთან _ ზაქარიასთან ნიკოლოზის გულითადი ურთიერთობა, როგორც ჩანს, დრამატული `ჩანართების~ გარეშე წარიმართა. 
        უმცროსი ბიძით დავიწყოთ: `ილია ორბელიანი (1814-1853) სწავლობდა ტფილისის გიმნაზიაში. 1834 წელს შევიდა სამხედრო სამსახურში (უნტერ-ოფიცრად). 1845 წელს ებოძა კაპიტნის ხარისხი; 1849 წელს – პოლკოვნიკის; 1852 წელს მიიღო გენერალ-მაიორის ხარისხი. იბრძოდა დაღისტანსა და ჩეჩნეთში მთიელთა წინააღმდეგ. მონაწილეობა მიიღო მთელ რიგ სამხედრო ოპერაციებში. 1842 წელს ტყვედ ჩაუვარდა დაღისტნის იმამ შამილს და გამოიხსნა გენ. ადიუტანტმა მ.ზ. არღუთინსკი-დოლგორუკოვმა. 1853 წელს, გენ. ლეიტ-ის ე.ი.ბებუთოვის (ბებუთაშვილის) ხელქვეით, იბრძოდა ოსმალთა წინაღმდეგ ბაშკადიკლართან, სადაც სასიკვდილოდ დაიჭრა. დაკრძალულია ქაშვეთის ეკლესიაში. ილია ორბელიანი დაქორწინებული იყო გიორგი XII-ის ძის, ილია ბატონიშვილის ასულ ბარბარეზე~ _ ასე წარუდგინა აკაკი გაწერელიამ მკითხველს ილია ორბელიანის ბიოგრაფიის ძირითადი ეტაპები. ბარათაშვილისეული `თავგანწირული მხედარი~ ოდენ პოეტური მეტაფორა როდია: საარაკო სიმამაცით ცნობილი მისი სახელი ჩაიწერა კავკასიური და ოსმალეთთან ომების ისტორიაში. მაგრამ ვერანაირი ნუსხა ვერ აღგიწერთ ილია ორბელიანის ანუ `ილიკოს~ (როგორც მას ყველა, დიდი თუ პატარა, მიმართავდა) იმ ადამიანურ ხიბლს, რომლითაც ასე მოაჯადოვა თავისი ხელქვეითნი თუ ზემდგომნი (მეფისნაცვლის _ მიხაილ ვორონცოვის ჩათვლით, რომელიც ილიას დაქორწინებაზეც კი ზრუნავდა).
       ილია ორბელიანისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის ურთიერთობის დასახასიათებლად კომპოზიტი _ `ბიძა-დისშვილი~ ცოტა დამაბნეველია: ილიკო და ტატო ასაკით დიდად არ განსხვავდებიან, ერთად იზრდებიან (`დიდედა ხორეშანის~ გარდაცვალების შემდეგ, ეფემიამ დაობლებული უმცროსი ძმა თავისთან გადაიყვანა საცხოვრებლად და დედის მაგივრობას უწევს მას), გიმნაზიაშიც ერთ კლასში სწავლობენ. ასე რომ, რეალურად, ილიკო ტატოს უფროსი ძმის როლს უფრო ასრულებს, ვინემ _ ბიძათაგან უმცროსისა.
      როგორ უნდა მოახერხო კაცმა, ამგვარი ადამიანი ისე გამოიყვანო წყობიდან, რომ დუელში გამოგიწვიოს და, რადგან სასიკვდილოდ არ ემეტები, შენი შეძრწუნება მოინდომოს თუნდაც მხოლოდ ამ საბედისწერო რიტუალით. ყველაფერი პირიქით მოხდა: შეძრწუნებული აღმოჩნდა ილიკო, რადგან სროლის ხმაზე წაქცეული ტატოს დანახვისას, გაიფიქრა, რომ მართლა მოკლა დისშვილი (რაც, ბუნებრივია, არც განუზრახავს). თუ ცხადლივ წარმოისახავთ მთელ ამ მიზანსცენას _ გაოგნებული ილიკოთი, ახარხარებული ბარათაშვილითა და მისი სეკუნდანტი მაღალაშვილით, ნამდვილად შეგეცოდებათ ილიკო, რომლის აბუჩად აგდებას ეს გამასხარავებაც მიემატა, და კიდევ ერთხელ დააფასებთ მის სულგრძელობას. აქ დროული იქნება ციტატა იონა მეუნარგიასაგან: `ნ. ბარათაშვილი მეგობრობდა ერთს მაღალაშვილს, რომელიც აგრეთვე ენამწარე და დამცინავი იყო. იგი ხშირად აჯავრებდა რაღაცაზე ილია ორბელიანს. ამ დაცინვაში ხანდახან ტატოც წაეხმარებოდა ხოლმე მაღალაშვილს~.
       დუელის პაროდიას, რომელიც, ისტორიკოს შალვა ჩხეტიას ვარაუდით, `1840 წლის ახლო დროით~ შედგა (შ. ჩხეტია), გარკვეული შედეგებიც მოჰყვა: ვფიქრობ, სავსებით სწორი უნდა იყოს იაკობ ბალახაშვილის მოსაზრება, რომლის თანახმადაც _ `ბარათაშვილსა და ილია ორბელიანის დუელის ამბავი გახმიანდა და პოეტს წინადადება მისცეს, ვითომდა ავადმყოფობის მიზეზით, ეთხოვა სამსახურიდან დროებით განთავისუფლება~. 
Eეს _ `კარიერას~ რაც შეეხება, მაგრამ იყო მეორე ასპექტიც _ გარეშე თვალისათვის შეუმჩნეველი, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი, ვინემ _ სამსახურებრივი შეფერხებანი. ვგონებ, მთელმა ამ ისტორიამ რაღაც უხილავი ბზარი მაინც დაამჩნია ტატოს ურთიერთობას სამივე ბიძასთან (`კლანის ღალატი~). არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამავე მიზეზით აიხსნება გრიგოლ ორბელიანის ერთგვარი ინერტულობა დისშვილის კარიერულ წინსვლასთან დაკავშირებით (რასაც ასე აყვედრის მას ტატო 1843 წლის აგვისტოში მიწერილ წერილში). ცხოვრებისეული ალღოთი უხვად დაჯილდოებულ გრიგოლს არანაირი გარანტია არ გააჩნია, რომ უცხო გარემოცვაში მისი `პროტეჟე~ კიდევ რომელიმე თავმომწონე ოფიცერს არ მიიყვანს ახლა უკვე ნამდვილ დუელამდე, და ისევ სჯობს (ორივესათვის), ტატომ ლევან მელიქიშვილის ან მამუკა ორბელიანის `ფრთებქვეშ~ იმსახუროს. ვინ იფიქრებდა, ეს სამსახური დუელზე საბედისწერო რომ აღმოჩნდებოდა... 
       არა, ნამდვილად იყო რაღაც ბზარი. ისეთი, რომელსაც მხოლოდ სიკვდილი თუ გააქრობს. და სიკვდილმაც არ დააყოვნა... აი, აქ კი, ამ ტრაგიკულ შუქზე მკაფიოდ გამოჩნდა, როგორ ჰყვარებიათ ენამწარე ტატო მის ბიძებს და როგორი ადგილი ეჭირა მათ ცხოვრებაში ბარათაშვილების ოჯახს. 
გავიხსენოთ ის დაზაფრული, ავისმომასწავებელი ცნობით განადგურებული ადამიანის ხმა, რომელიც მოისმის გრიგოლ ორბელიანის ილიასადმი თემირხანშურიდან 1845 წლის 12 ნოემბერს გაგზავნილი წერილიდან: `...თავის დღეში არ მოგიწერია _ ტატოს ამბავი, ჩემი გულით საყვარელი ტატოს ამბავი მომწერე, ცოცხალია თუ მკვდარი? _ უცნობლობა მკლავს; შენ მიხაკოსათვის მოგეწერა ტატოს უიმედოდ ავათმყოფობა, ამანაც წიგნი არ მაჩვენა, ისე ზეპირათ მითხრა, მაგრამ ასე მითხრა, რომ თითქმის მკვდარი უნდა იყოს. Aახრ ეს დამალვა რა არის? _ თუ მიხაკოს ჰსწერ, მე რაღა ვარ? _ აქაურმა ცხოვრებამ, ძაღლის ცხოვრებამ და ამ უცნობლობამ ტატოსათვის მე ავათ გამხადეს; ეს ექუსი დღეა ვწევარ გარიაჩკითა მიხაკოსთან. _ თუ ხატი გრწამს მომწერე ტატოს ამბავი სიწრფოებით და მასუკან _ რადგანაც შენთვის დიდი შრომაა _ ნუღარ მოიწერები, იყავ შენთვის მშვიდობიანად~.
         29 ნოემბერს გრიგოლისადმი საპასუხო წერილში გულმოკლული ილია (რომელიც თვითონაც შეუძლოდაა) უკვე აღარ უმალავს უფროს ძმას თავსდატეხილ უბედურებას: `ამ საწყლების, მელიტონის და იმის ცოლ-შვილის ყურებისათვის ვეღარ გამიძლია. გულს ცეცხლი მეკიდება, ვგიჟდები და აღარა მესმის რა. ჩვენი სიცოცხლე, ტატო გარდაიცვალა განჯას~ (საქართველოს ცენტრალური ისტორიული არქივის საგანგებო მნიშვნელობის საქმეთა ფონდი, საქმე #176).
       `ორბელიანთა ოჯახის წევრთ განჯა ახლა სანუკვარ ადგილად მიაჩნდათ. ერთმანეთზე მიყოლებით ისინი ინიშნებიან განჯაში, რომელიც გადაიქცა მათთვის მწუხარების, მაგრამ სანუკვარ ადგილად...~ _ წერდა მიხეილ ხელთუბნელი. ნიშანდობლივია, რომ უკვე 1845 წლის ბოლოს, გამოჯანმრთელებისთანავე, ილია ორბელიანს მიავლენენ განჯას (უთუოდ, თავისივე თხოვნით), სადაც ტატოს საფლავის მიხედვა უფრო ადარდებს, ვინემ _ ყაჩაღების დევნა. სამგზავრო ჩანთაში კი ტატოს ლექსების ხელნაწერი კრებული უდევს... 
        ბარათაშვილის შუათანა ბიძას – ზაქარია ორბელიანს (1806-1847), ძმების მსგავსად, ზეაღმავალი სამხედრო კარიერა ჰქონდა; რეპუტაციაც _ ყოვლად შესატყვისი: ერთი პატარა  `სისუსტისათვის~ თუ არ დავძრახავთ _ სხვისი წერილების კითხვა უყვარდა. მისმა ამგვარმა ცნობისმოყვარეობამ ისე აღაშფოთა მანანა ორბელიანი, რომ, ზაქარიას შიშით, ერთხანს გრიგოლთან მეგობრული მიმოწერაც კი შეწყვიტა (იხ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის Q კოლექციის ბარათების კონა #155 [ბ]). ზაქარია ეტრფოდა ნინო ჭავჭავაძეს (ისევე, როგორც მისი უფროსი ძმა), თუმცა ნაკლებად გვაროვან, მაგრამ იშვიათი ადამიანური თვისებების მქონე ქეთევან ალექსი-მესხიშვილზე დაქორწინდა (ანჩისხატის დეკანოზის _ დიმიტრის ასულზე; ეფემია და ზაალ ბარათაშვილების დიდი მცდელობით). ზაქარია 1847 წელს Eემსხვერპლა დაღესტანში ქოლერის ეპიდემიას. 
         დისშვილის სახელი დროდადრო გამოჩნდება ხოლმე ზაქარიას მიმოწერაში: 1836 წლის 16 ივნისს იგი სწერს გრიგოლს კოვნოში: `Мелитону всё не здоровиться... Сын его Николай хороший малый... Не знаю, что дальше~ (`მელიტონი სულ შეუძლოდ არის... მისი ვაჟი ნიკოლოზი კარგი ახალგაზრდაა... მერე რა იქნება, არ ვიცი~) საქართველოს ცენტრალური ისტორიული არქივის საგანგებო მნიშვნელობის საქმეთა ფონდი, საქმე #176). ორი კვირის შემდეგ კი აუწყებს: `ტატო აქ იყო. ჩუმად იჩივლა ხელმწიფესთან არზითა თავის საქმეზედ~ (იმავე წყაროდან). რაზე იჩივლა ბარათაშვილმა ხელმწიფესთან აქაურ ხელისუფალთა გვერდისავლით, დღემდე არ ვიცით. 
        ზაქარიას წერილებში ტატო, როგორც წესი, გულთბილად მოიხსენიება, თუ შემთხვევით არ გადააწყდებით ფრაზას, ცოტა რომ გეხამუშებათ და ისევ იმ წყეულ `ბზარს~ რომ შეგახსენებთ: `Поцелуй от меня племянника Тато, მგონია თაგვსავით დაძვრება...~ (`დისშვილ ტატოს აკოცე ჩემგან~). ზაქარია ორბელიანის წერილი ილია ორბელიანისადმი. 1843 წლის 8 თებერვალი. ხელნაწერთა ეროვნული ფონდის Q კოლექცია. ბარათების კონა #155 (ბ). 
არა მგონია, პირველი ვიყო მკვლევართაგან, ვინც ეს წერილი არქივში წაიკითხა. მაგრამ აქ გულწრფელად უნდა ითქვას, რომ, ჩვენს `ბიოგრაფოსთა~ დაუწერელი კანონის თანახმად, ეს ყურისმომჭრელი `თაგვსავით დაძვრება~, ეტყობა, ჯობს, არქივშივე დარჩეს... 
       ბარათაშვილის `ეპისტოლარულ მემკვიდრეობაში~ ზაქარია სამად-სამი წერილის ადრესატია. თუმცა ერთი წერილის გადაკითხვაც საკმარისია, რომ ვიგრძნოთ, რაოდენ განდობილი და სათუთი დამოკიდებულება აკავშირებს ბიძასთან დისშვილს: `საყვარელო ძმაო ზაქარია! _ სწერს ნიკოლოზი ბიძამისს თბილისიდან დაღესტანში 1844 წ. 15 აპრილს, _ რატომ ერთმანეთს წერილებს არ ვწერთ? უნდა გამოგიტყდე, ამ საკითხმა დამაფიქრა. აქსიომაა, რომ შენ მიყვარხარ; წერა რომ არ მეზარება, ამას ამტკიცებს ჩემი სამსახურებრივი საქმიანობა. მაშ, რა მიზეზია? ჰო, ბოლოს მივხვდი: დაუდევრობა, საერთოდ ქართველთა თანდაყოლილი სისუსტე. სხვა, ძმაო, მიზეზი მე არ ვიცი და შენ განმიმარტე... ესეც კი არის, რა მოგწერო? შენმა წერილმა, რომელიც აღსავსეა სევდითა და დაღლილობის გრძნობით ცხოვრების აზვირთებული ნაკადისაგან, ღრმა გამოხმაურება პოვა ჩემს სულში, თუმცა ჩვენ ამისთვის სხვადასხვა მიზეზი გვაქვს. მე ძალიან ავად ვიყავი; ცოტა დააკლდა ილვისიოსის მინდვრებში არ გადავსახლდი. აქამდის არავითარი ავადმყოფობა არ ვიცოდი, ამიტომ მან რაღაც უცნაური გავლენა მოახდინა, შეიძლება, მთელს ჩემს სიცოცხლეზე. ჩვენი არსებობის მიზნის მიუწვდომლობამ, ადამიანის სურვილთა უსაზღვროებამ და ყოველივე ამქვეყნიურის ამაოებამ საშინელი სიცარიელით აღავსეს ჩემი სული. მე რომ პატარა დამოუკიდებელი შეძლება მქონდეს, ახლავე მივატოვებდი ქვეყანასაც და ადამიანებსაც მათი გაუმაძღრობით და მშვიდად და მოსვენებით გავატარებდი პატრიარქარულ ცხოვრებას სადა ბუნების წიაღში, რომელიც ეგზომ დიადი და წარმტაცია ჩვენს სამშობლოში. გამომთელებისას ასეთი მწარე ფიქრებით ვიყავი შეპყრობილი, როდესაც შენი წერილი მივიღე. აი, რატომ თანაგიგრძნობდი შენ! ...შენი წერილის შემდეგ მივიღე გრიგოლის წერილიც. რას მოიწერებოდა? მიეცი მას თუგინდ ავგუსტუსის ტახტი, ის მთელს რომის იმპერიას კომიკური ხუმრობის საგნად აქცევდა. ხუმრობა და ხუმრობა. უთუოდ ჯერ თავისი პოდპოლკოვნიკობა არ იცის~.
გენიშნებათ, როგორი უბოროტო, მაგრამ ორაზროვანი იუმორითაა აქ ნახსენები გრიგოლ ორბელიანი. სხვათა შორის, ზუსტად ისევე, როგორც თავის მხრივ, გრიგოლი მოიხსენიებს ტატოს: მაშინაც, როცა ის ზარმაცობს და წერილებს უგვიანებს (`წიპრუა ჩვენი დისწული ხომ არ კადრულობს. Мошенники!~ (ანუ _ `გაიძვერები!~),  და მაშინაც, როცა მრავალსიტყვიან წერილებს უგზავნის: `...ჩვენი ტატო პოეტია, და პოეტების ხასიათი ხომ ვიცი, ოღონდ Yყური დაუგდო თორემ აღარ გაათავებენ...~.
        ყმაწვილი დისშვილისადმი ბიძის ალერსიანად-არასერიოზული მიმართება ინერციით გრძელდება ტატოს დავაჟკაცების შემდეგაც. ბარათაშვილის თანამედროვეთა მოგონებებზე დაყრდნობით, ზაქარია ჭიჭინაძე წერდა: `გრიგოლ ორბელიანს ერთობ ჰყვარებია პატარა ნიკოლოზი: საკეთილშობილო სკოლიდან თითქმის ყოველდღე გრ.ორბელიანთან დადიოდა. დღესაც ცოცხალნი არიან ის პირნი, რომელთაც ახსოვთ ნიკოლოზ ბარათაშვილის მისვლა-მოსვლა გრიგოლ ორბელიანთან~. 
       სრულიად ბუნებრივია, რომ გრიგოლისათვის განურჩეველი არ იქნებოდა მის თვალწინ გაზრდილი დისშვილის პრობლემები. 1835 წლის ზაფხულში რიგიდან გამოგზავნილ წერილში იგი ეკითხება ზაქარიას: `_ რასა იქს ტატიკო, კიდევ კოჭლობს, თუ აღარა? და ან რას სწავლობს? ურჩიე მელიტონს, რომ ეცადოს სახელმწიფო კმაყოფაზედ იმის გაგზავნა რომელსამე უნივერსიტეტში. _ სამწუხარო, ძალზედ სამწუხარო იქნება, თუკი მისი გონებრივი შესაძლებლობები განუვითარებელი დარჩება. _ ნეტავი გამოგზავნოს დერპტსკი უნივერსიტეტში, რომელიცა არის უპირველესი რუსეთში. _ ძალიან ადვილია ამის აღსრულება, თუკი მელიტონი ჰსთხოვს ბარონს~.
        დისშვილზე 13 წლით უფროსი დინჯი გრიგოლისათვის `მკვირცხლი, ცელქი, მოუსვენარი, ცოტა ანჩხლი, ნერვებიანი, ენამახვილი~ ნიკოლოზი (იონა მეუნარგიას დახასიათებით), უკვე დავაჟკაცებულიც კი, რჩებოდა იმ `წიპრუა დისწულად~, რომლისგანაც ბიძამისი რაიმე უცნაურ გამოხდომას უფრო ელოდა, ვინემ _ გენიალურ ლექსებს. ეს არასერიოზული მიმართება, ვგონებ, ონომასტიკის სფეროს გასცდა. თუმცა, ამაზე შემდგომ... 
თავის მხრივ, ტატო `გარდახვეწილ ძია გრიგორის~ მოწიწებითა და აღფრთოვანებით უძღვნის ლექსს (`ძია გ...სთან~), დროდადრო, თავის, შემდგომ უკვე შედევრებად აღიარებულ, ლექსებსაც უგზავნის (მის წერილებში ჩართულია `ვპოვე ტაძარი~, `მერანი~, `სულო ბოროტო~, `საფლავი მეფის ირაკლისა~...) და სულმოუთქმელად ელოდება პოეტი-ბიძის მსჯავრს. კონსტანტინე მამაცაშვილის გადმოცემით, `ყველაზე მეტი ზედ მოქმედება ჰქონდა იმაზედ ბიძას, ჩვენს პოეტს თ. გრიგორ დიმიტრის ძე   ორბელიანს~. 
       მრავლისმეტყველია თვით ამ `ეპისტოლარული ეტიკეტის~ ევოლუციაც, რომლის მიხედვითაც, მკაფიო წარმოდგენა გვექმნება ბიძა-დისშვილის თანდათანობით დამეგობრების ეტაპებზე. არცერთ მათ თანამედროვეს არ გასჩენია სურვილი, მოეთხროთ მათ ამბივალენტურ ურთიერთმიმართებაზე, ამიტომ არარსებული ნარატივის მაგივრობა ერთგვარმა `ლიტერატურულმა კოლაჟმა~ უნდა გასწიოს. ძირითადი ფრაგმენტები აქ, რაღა თქმა უნდა, ბარათაშვილის იმ რამდენიმე წერილიდან იქნება ამოკრეფილი, რომელთა ადრესატიც მისი უფროსი ბიძა იყო. თავად გრიგოლ ორბელიანის ნიკოლოზისადმი მიწერილი არცერთი ბარათი არ შემორჩენილა, თუმცა გრიგოლის მდიდარი ეპისტოლარული მემკვიდრეობა მაინც იძლევა შესაძლებლობას, წარმოვისახოთ, თუ როგორი ადგილი ეჭირა მის ცხოვრებაში დისშვილს და რა პრობლემებს უქმნიდა მას _ ცოცხალიც და სიკვდილს შემდგომაც...
ბარათაშვილის 1843 წლის აგვისტოში ბიძამისისათვის გაგზავნილი ის განაწყენებული წერილი გვახსენდება, რომელშიც ის გრიგოლ ორბელიანს ისე ფამილარულად და ისეთი შეუნიღბავი ირონიით მიმართავს, რაც არასოდეს გაუბედავთ გრიგოლის უმცროს ძმებსაც კი: `საყვარელო ძმაო გრიგოლ, არა, უკაცრავად, მთავარო ავარისაო, ემირ-ავარო, ატტილას ტახტზედ მჯდომარეო! 
       ჭეშმარიტად, არ ვიცი, მე ვარ დამნაშავე შენთან მოუწერლობისა თუ არა? ვისთანაც შენგან მოწერილი წიგნი წავიკითხე, ყველასთან ხუმრობისა და ლანძღვის მეტი არა იყო რა. ჩემთან რომ ფარატინი გამოგეგზავნა, ისიც დაპირების მეტი არა იყო რა. მე ბინიანად მინდა შენთან ლაპარაკი და, ხომ იცი, რომ საწყინოა ამისთანა ლაპარაკის გაცრუება.  
       საკურველია, რომ ქართველს კაცს, რაოდენიც დიდებული და ძლიერი უნდა შეიქმნეს, არა აქვს ეს შორსმხედველობა, რომ, როდესაც დაატყოს თავის თავს ვბერდებიო, ჰპოვოს თავის მემკვიდრედ ვინმე, მოამზადოს, მიჰსცეს გზა სოფელში, გამოიყვანოს კაცად და, როდესაც თვითონ დაეცეს (საბოლოო არა არის რა ამ საწუთოში), მაშინ მაინც კიდევ ჰქონდეს შემძლებლობა და ხმა ერსა შორის თავის მემკვიდრის შუამავლობით! 
ახლა მე იმას ვამბობ, რომ მე შინაგანი ხმა მიწვევს საუკეთესოს ხვედრისაკენ. გული მეუბნება, რომ შენ არა ხარ ახლანდელის მდგომარებისათვის დაბადებულიო, ნუ გძინავსო! მე არა მძინავს, მაგრამ კაცი მინდა, რომ ამ პატარა ღრე-კლდეს გამიყვანოს და დავდგე გაშლილს ადგილს. ოჰ, რა თავისუფლად ამოვისუნთქავ მაშინ, რა ხელმწიფურად გარდავხედავ ჩემს ასპარეზსა! 
      ჩემი ფიქრი მანდეთ მოჰქრის, ეცადე, რომა რე[ნ]ენკამფთან დამანიშვნინო. ხომ ამ პირობით წახველ, რომ ეს მოგეხდინა ჩემთვის? ვიცი დაგავიწყდა, მაგრამ არა, არ დაგვიწყებია. ეს იმ სნეულების ბრალია, რომლისა გამოც ქართველი თავისიანს არ გამოადგება... მე ახლავ მიტყობს გული, რომ ამ ჩემს მხურვალეს განჰსჯას გამიტრიზავებ: ემირობა მასხარად აიგდე და მომავალის დიდების ფიქრს რას უზავ?..~. 
     ვგონებ, საკამათო არაა, რომ ჩვენ თვალწინაა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექსტი არა მხოლოდ ბიძა-დისშვილის ურთიერთობათა გასაგებად, არამედ ბარათაშვილის ფსიქოლოგიური პორტრეტის ნათელსაყოფადაც. აქ პირველი ნაწილი (ციტირებული)  შეურაცხყოფილი ადამიანის პათეტიკური მონოლოგია, ხოლო მეორე, ამის საპირწონედ _ თბილი, შინაურული და იუმორნარევი თხრობა `ქალაქურ ამბებზე~. 
თითქმის ორი საუკუნის შემდეგ, ჩვენს გაუნელებელ ინტერესს იწვევს, რამდენად სამართლიანია ტატოს პრეტენზიები ბიძამისისადმი, და ხომ არ არის ამ წერილში მინიშნება პოეტის ერთ, უმთავრეს წყენაზე. 
     ერთხელაც გადავხედოთ 25 წლის ნიკოლოზის მიერ წარმოსახულ დრამატულ სურათს: იგი სულიერი მემკვიდრეა პოეტი ბიძისა, რომელიც უშვილძიროდ `ჰბერდება~ (ამ დროს 38 წლისაა!), მაგრამ ჯიუტად არ უნდა დაიჯეროს, რომ `როდესაც თვითონ დაეცეს~, მისი ლექსები `ერსა შორის~ გაჟღერდება მისგან ჯერაც დაუფასებელი `თავის მემკვიდრის შუამავლობით~. ამრიგად, გრიგოლი მაქსიმალურად უნდა იყოს დაინტერესებული ტატოს წარმატებით უკვე არა როგორც ბიძა, არამედ _ როგორც ლიტერატორი. კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ: საფიქრებელია, რომ `მემკვიდრის~ მომავალი მისიის გათვალისწინებით _ `ღრე-კლდეს გამოყვანა და გაშლილს ადგილზე დგომა~ _ ტატოს სამსახურებრივ კარიერაზე ზრუნვასთან ერთად, გულისხმობდა გრიგოლისავე ლიტერატურული რეპუტაციის განმტკიცებასაც. 
რას აკეთებს ამ დროს გრიგოლი?! ხმას არ იღებს ტატოს ლექსებზე, მე-12 კლასის ფეხმტკივან ჩინოვნიკს კი ჰპირდება, რომ გაუშვებს დაღესტანში მე-19 ფეხოსანი დივიზიის მეთაურის, გენერალ რენენკამპფის განკარგულებაში. ეს ის პავლე რენენკამპფია, რომელზეც გრიგოლი დისშვილის წერილის მიღებამდე ერთი თვით ადრე თავის მფარველ სარდალს, გენერალ მოსე არღუთინსკი-დოლგორუკოვს მისწერს: `კნიაზო, ნუ გამიწყრებით, და ეს ვერც სულით და ვერც სხეულით ვერ გამოდგება აქა. მეტად სუსტია ორივეში~. 
    ისე რომ, საფიქრებელია, გრიგოლმა იჩქარა ტატოს დაიმედება, და მერე, როდესაც ყველა გარემოება აწონ-დაწონა, საერთოდ გადაიფიქრა მისი დაღესტანში გაშვება; არც ისაა გამორიცხული, რომ მან მაინც მისწერა რენენკამპფს, მაგრამ უარი მიიღო და ეს ვეღარ გაუმხილა დისშვილს. ასეა თუ ისე, გრიგოლ ორბელიანს ნამდვილად არ ეთქმის საყვედური დისშვილის სამსახურებრივი კარიერისადმი უყურადღებობის გამო. აი, `ლიტერატურულ რეპუტაციას~ რაც ეხება, აქ რაღაც კითხვის ნიშნები ნამდვილად დაისმის: განა არ არის ყურისმომჭრელი ზემოთ ციტირებულ წერილში ნიკოლოზის გაღიზიანება გრიგოლის იუმორით: `ვისთანაც შენგან მოწერილი წიგნი წავიკითხე, ყველასთან ხუმრობისა და ლანძღვის მეტი არა იყო რა~. რა ხდება?! თვითონ მეგობრულ წრეში გატაცებით ოხუნჯობს თავის ახლობლებზეც (როგორც ვნახეთ, ზოგჯერ _ თავშეუკავებლადაც) და შორებლებზეც. რა არის ასეთი უპატიებელი გრიგოლის `ეპისტოლარულ იუმორში~?! ისე მგონია, რომ ნიკოლოზი, რომელიღაც ახლობელთან წერილების თვალიერებისას (რაც სტუმრად ყოფნისას ტრადიციული რიტუალი იყო ჟურნალ-გაზეთების არარსებობის გამო), გადააწყდა გრიგოლის იუმორით ნათქვამ, მაგრამ აშკარად არაკომპლიმენტურ ეპითეტს თავისი (ან თავისი ლექსების) მისამართით, ეს ნართაულად აგრძნობინა კიდეც გრიგოლს და შემდგომ მისთვის არცერთი თავისი ლექსი აღარ გაუგზავნია. ასე რომ არ იყოს, სრულიად გაუგებარია, რა უნდა აიძულებდეს ახალგაზრდა კაცს, ჭკუას ასწავლიდეს ცხოვრებისაგან გამობრძმედილ ბიძამისს (ამასთანავე, პოეტს), ვის როგორი წერილები მისწეროს?!
     და აქვე _ ერთი კითხვა, რომელსაც, როგორც წესი, თვალს არიდებენ ქართული რომანტიზმის მკვლევარნი: როგორ მოხდა, რომ გრიგოლ ორბელიანს, რომელმაც ასე გულმოკლულმა დაიტირა თავისი `ტატო~, მთელი შემდგომი ცხოვრების განმავლობაში ბარათაშვილის პოეზიისადმი მიძღვნილი ერთი სტრიქონიც კი არ გამოუქვეყნებია და პირად მიმოწერაშიც სიტყვა არ დაუძრავს დისშვილის მუზაზე?! 
ამ უცნაური ფენომენის ასახსნელად მთლად დამაჯერებლად არ ჟღერს ზოგიერთი ჩვენი კოლეგის (იუზა ევგენიძე) მიერ მოხმობილი ერთადერთი არგუმენტი: ზაქარია ჭიჭინაძის თქმით,  სიბერეში გრიგოლ ორბელიანს უარი უთქვამს მისთვის იუბილეს გადახდაზე და განუცხადებია: `თუ მაინცა და მაინც არ იშლიან, აგერ რუსთაველი, გურამიშვილი და ბარათაშვილიო~. ძალზე გონიერი და რამდენადმე დემონსტრაციული პასუხია. მაგრამ ძნელი დასაჯერებელია, რომ გრიგოლს, სიტყვაზე, `დავითიანის~ ავტოგრაფი სდებოდა უჯრაში 30 წელი, და არც გამოქვეყნება მოეწადინებინა მისი, არც ორიოდე სიტყვის წამძღვარება... 
     და მაინც, რითი აიხსნება გრიგოლ ორბელიანის ეს უცნაური ინერტულობა: უყურადღებო ადამიანია თუ უინიციატივო?! არც ერთი და არც მეორე. გრიგოლ ორბელიანის მთელი ბიოგრაფია ცხადყოფს, როგორი პათოსით აიტაცებდა იგი ამა თუ იმ კეთილისმყოფელ იდეას. ერთ-ერთი ბოლო მაგალითი მიხეილ საბინინის `საქართველოს სამოთხის~ შესანიშნავი გამოცემა იყო 1882 წელს.
ამიტომაც ერთადერთი ხინჯი, რაც გულში ჩარჩება ბარათაშვილის გარემოცვის შემყურე მკვლევარს, ესაა პოეტის სიკვდილსშემდგომი მიუსაფრობა. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ტატო ყველამ დაიტირა, მაგრამ ახლობელთაგან მის შემოქმედებით მემკვიდრეობას მხოლოდ ლევან მელიქიშვილმა უპატრონა. 
აქ მართებული იქნება, სწორედ ლევან მელიქიშვილის წერილიდან მოვიხმოთ ერთი ციტატა, მიხეილ ხელთუბნელის კომენტარებით: `ილიკო, აქაც გთხოვე და კიდევაც გთხოვ, საწყალი ტატოს ლექსები რომ გაქვს მანანას ქალისგან წაღებული, გამომიგზავნე, რჩება დაუბეჭდველი და ბედი ქართლისაც შენ გაქვს. ფულებს კი აღარ ვგონებ, ეგენი მაინც გამომიგზავნე~, _ სწერდა ის ილია ორბელიანს 1846 წლის 27 ივლისს განჯაში. გრ. ორბელიანსაც ასევე სთხოვდა, გაეგზავნა მისთვის, რაც კი ლექსები ჰქონდა ნ. ბარათაშვილისა და დაეწერა არა მარტო წინასიტყვაობა თხზულებათა კრებულისათვის, არამედ, ეპიტაფია ძეგლისათვის~.
     როგორ აფიქრებს და აფორიაქებს ბარათაშვილის ბიოგრაფიის მკვლევარს ეს კითხვა: პოეტმა-ბიძამ მართლაც ვერ დაინახა და ვერც შეაფასა დისშვილის ტალანტი, თუ რაღაც თვითშენახვის ინსტინქტმა `დააბრმავა~ და აფიქრებინა, რომ, `ტატოს~ გენიის აღიარებით, თავს დაემხობოდა მთელი თავისი პოეტური კარიერა... მარადიული გამოცანაა _ როგორ და რაწამს გვამარცხებენ ჩვენივე დემონები... 
რაღა თქმა უნდა, შეიძლებოდა ეს მტკივანი კითხვები ამჯერადაც მკვლევართა მომავალი თაობისათვის გადაგვემისამართებინა (როგორც ბევრი სხვა რამ), მაგრამ _ როდემდე?! 
      скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
მარიამ მარჯანიშვილი - ,,ცისფერყანწელთა“ - ანი და ჰოე მარიამ მარჯანიშვილი - ,,ცისფერყანწელთა“ - ანი და ჰოე ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / ისტორია / მომხმარებლები დათო კაკაურიძე - ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა და ნუგეშა გაგნიძე დათო კაკაურიძე - ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა და ნუგეშა გაგნიძე ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / მომხმარებლები თენგის გუმბერიძე - გრიგოლ ბატონიშვილის საზოგადოებრივ-პოლიტიკური და შემოქმედებითი მოღვაწეობა თენგის გუმბერიძე - გრიგოლ ბატონიშვილის საზოგადოებრივ-პოლიტიკური და შემოქმედებითი მოღვაწეობა ჟურნალი / სტატიები / კრიტიკა / გამოქვეყნებული გორვანელი (ლევან გოგაბერიშვილი)  -  დაკარგული კლასიკა გორვანელი (ლევან გოგაბერიშვილი) - დაკარგული კლასიკა ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ფილოსოფია / მეცნიერება / გამოქვეყნებული მერაბ მაღრაძე - დიმიტრი უზნაძე მეტაფიზიკური აზროვნების შესახებ მერაბ მაღრაძე - დიმიტრი უზნაძე მეტაფიზიკური აზროვნების შესახებ ჟურნალი / ფილოსოფია / ფსიქოლოგია / სტატიები / მეცნიერება / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge