გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

თენგის გუმბერიძე - გრიგოლ ბატონიშვილის საზოგადოებრივ-პოლიტიკური და შემოქმედებითი მოღვაწეობა


გრიგოლ ბატონიშვილის საზოგადოებრივ-პოლიტიკური  და შემოქმედებითი მოღვაწეობა
XIX საუკუნის დასაწყისში რუსეთს იძულებით გადასახლებულ ბაგრატიონთა სამეფო ოჯახის წევრთა და აქტიურ თავადაზნაურთა მიერ წარმოშობილი ემიგრანტული მწერლობის წიაღში ერთ_ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს გრიგოლ იოანეს ძე ბატონიშვილს. იგი იყო მეფე გიორგი XII-ის შვილიშვილი, რომელიც დაიბადა 1789 წელს.
იოანე ბატონიშვილი რუსეთს გადასახლებული სამეფო ოჯახის წევრთა პირველ ჯგუფში მოხვდა (1801 წ.) იმ დროს გრიგოლი 10_11 წლისა იყო და მაშინ მამას გადასახლებაში თან არ გააყოლეს. იგი სამშობლოში აღიზარდა. შემდეგ, უკვე ცხოვრებაში ფეხშედგმულ, სრულიად ახალგაზრდა გრიგოლ ბატონიშვილს მკვეთრად ანტირუსული პოლიტიკური გეზი ჩამოუყალიბდა. იგი აქტიურად გამოდიოდა მეფის რუსეთის წინააღმდეგ. თავიდანვე აქტიურად ჩაერთო კახეთის 1812 წლის აჯანყებაში.
გიორგი XII-ის უფროსი ძე დავითი უშვილო იყო და ამიტომ მთელ იმედებს გრიგოლზე ამყარებდნენ. კახეთის აჯანყების გამარჯვების შემთხვევაში ტახტის მემკვიდრედ სწორედ  მას მიიჩნევდნენ. იგი კიდეც აღიარეს მეფედ და განაგებდა კახეთს ერთი თვის მანძილზე, მაგრამ მალე დააპატიმრეს და ისიც პეტერბურგისაკენ გაუყენეს გზას. გრიგოლს თავისი ხანმოკლე სამეფო კარიერა აქტიურად წარუმართავს. `მალე შეეჩვია ახალ თანამდებობას და კარგად შეითვისა მეფობა. კახეთის ეკლესიებში გრიგოლს იხსენიებდნენ როგორც კანონიერ მეფეს... მთელ საქართველოს შეატყობინა ეს ამბავი და მოითხოვა მხნეობა და მამაცობა... მეფე გრიგოლმა... დაუგზავნა წარილები - `დადგა ჟამი რუსების გაწყვეტისაო~  (ალ. ფრონელი, აჯანყება კახეთისა, თბ. 1907 წ. გვ. 117-118).
გრიგოლს შესანიშნავად გამოუყენებია იმ დროის შესაბამისი აგიტაცია _ პროპაგანდის პრინციპი, მის მიერ `დაწერილი პროკლამაციების განხილვა და ლიტერატურული პროდუქციის გათვალისწინება გვეუბნება, რომ მას ჰქონია საკმაო განათლება, თავისი დროის შესაფერი სამეტყველო კულტურა~ (ტ. რუხაძე, ქართული ეპოსი `გარდამავალი ხანის~ ლიტერატურაში, თსუ-ს გამომცემლობა, 1939 წ. გვ. 99).
გრიგოლ ბატონიშვილი კახეთის 1812 წლის აჯანყების ერთ-ერთი ორგანიზატორი გამხდარა, ვინაიდან თვლიდნენ ტახტის მემკვიდრედ და  კიდეც აღიარეს  მეფედ, ამიტომ ენერგიულად შესდგომია საქმეს, რათა აჯანყება გამარჯვებამდე მიეყვანა. მას დაუწერია მოწოდებანი (პროკლამაციები) ხალხში გასავრცელებლად. ქიზიყის მოსახლეობისადმი მიმართული ერთი ასეთი პროკლამაცია ხელთ ჩავარდნია მარკიზ პაულიჩს და ხალხამდე ვეღარ მიუღწევია. ამ მოწოდების შინაარსი ასეთია: `...ყოველს გარემოებას შეგატყობინებთ წერილი მომტანი ნოშრევანა. დაგვიანება აღარ შეიძლება... ქართლის ამბების გაგება თუ გსურთ, აი, რა ხდება იქა: ცხინვალის მხარეს რაც რუსობა იყო, გაჟლიტეს, ხიდები დაანგრიეს და ყოველი ქართველი ჩვენს მოლოდინშია. ორთავ ლიახვისპირელნი უკვე შეიკრიბნენ. რუსებს რაც ჯარი ყავდათ, ხაშმზე შეაგროვეს. ეს ჯარი რომ ამოვწყვიტოთ, რუსები უჯაროდ დარჩებიან, მაშინ თბილისი, არაგვი და ქართლი ჩვენს ხელში იქნება. თხოვნა ჩვენი ესაა და ახლა ნება თქვენია~ (ტ. რუხაძე, დასახელებული წიგნიდან, აქტები, ტ. V, გვ. 44). კიდევ უფრო ბრძოლის ჟინით აღსავსეა მეორე მოწოდება: `...ჩვენ ხევსურებმა, ფშაველებმა, კახელებმა... ახტალის მდინარესთან შევხვდით რუსებს და საღამომდე ხოცვა-ჟლეტა არ შეწყვეტილა. მრავალი ჯარისკაცი მოვკალით ისე, რომ მათგან დარჩენილი ცხენებითა და იარაღით კახეთი აივსო... გათენებისას კიდევ იქნება შეტაკება, სანამ უკანასკნელი კახელი ცოცხალია, ჩვენ უკან არ დავიხევთ~ (იქვე).
მეფედ არჩევის შემდეგ გრიგოლი გამოიკვეთა როგორც აჯანყების ლიდერი, რომელიც იძლევა გარკვეულ ბრძანებებს და ამყარებს წესრიგს, ამხელს მოღალატეებს. მაგალითად ნინია ჩოლოყაშვილისთვის შეუთვლია, რომ თიანეთიდან ქუდზე კაცი გამოვა და შენც თუ ასე არ მოიქეცი მოღალატედ ჩაითვლებიო. სწორედ ეს ნინია ჩოლოყაშვილი მიუვიდა გენერალ პაულიჩს და შესთავაზა - `ნიჭი რამე~ მიბოძე და აჯანყებულებზე მისასვლელ ყველაზე უკეთეს გზას გიჩვენებო. ნინია ჩოლოყაშვილის მსგავსნი კიდევ იყვნენ, მაგალითად, ზაზა ანდრონიკაშვილი, რომლის დახმარებითაც პაულიჩმა გრიგოლ ბატონიშვილი ხელთ იგდო, თუმცა ერთსულოვნების ბოლომდე მოსაშლელად და გრიგოლისადმი ხალხის რწმენის გასაქარწყლებლად იფიცებოდა - თავისი ნებით ჩამბარდაო.  
აჯანყება დამარცხდა. რუსის ჯართან ბრძოლა დიდ გასაჭირში აგდებდა კახელებს, მაგრამ შინა ღალატი მაინც ყველაზე მთავარი იყო. ზაზა ანდრონიკაშვილის მოღალატეობის შესახებ გრიგოლი ასე გადმოგვცემს:
`ეშმაკი იგი კახეთით მოვიდა ჩემ კერძ რებულად,
შევხედე, ვიცან, იყო-ცა ბრიყვ ზაზა სახელდებულად,
მრავალ ეტმასნა სიტყვანი, ვით იყო დარიგებულად,
ჩემთვის შეპყრობას სიტყვითა იტყოდა მოსწრაფებულად~.
როგორც ჩანს, ზაზას უკისრია პაულიჩის გეგმის შესრულება და ბატონიშვილთან  მისულა, რათა მორჩილებაზე დაეყოლიებინა. `ჩემთვის შეპყრობას სიტყვითა იტყოდა მოსწრაფებულად~ - ე. ი. მალე შეგიპყრობენო და არწმუნებდა, დანებებულიყო.  პაულიჩის განცხადებით, მისთვის მართლაც დიდი დახმარება აღმოუჩენია ზაზას, ვაჩნაძეს და ჭავჭავაძეს. ეს უკანასკნელი რომანტიკოსი პოეტი ალექსანდრე ჭავჭავაძეა, რომელიც აქტიურად ეხმარებოდა პაულიჩს. აჯანყებულებს იგი ფეხში დაუჭრიათ.
ზაზა ანდრონიკაშვილს ყველაზე ბოროტი ხერხისთვის მიუმართავს, უცნობებია გრიგოლისთვის, ვითომ მშობლები დაგეხოცა და გმართებს ნახვაო, მეტი დამარწმუნებლობისათვის კიდეც დაუფიცნია. ზაზა, მართლაც, მუხანათი ჩანს. მას მცირე `ნიჭი რაიმეს~ გამო შეუძლია თანამოძმეთა გაყიდვა, უფრო მეტიც, არად დაგიდევთ სახელმწიფო ინტერესებს. მან უღალატა ისეთ საქვეყნო საქმეს, რომლისთვისაც სისხლი უკვე დაღვრილი იყო. შეიძლება ვიფიქროთ, რომ არ სწამდა რუსებთან საბოლოო გამარჯვებისა, და სისხლის დაღვრა უაზრობად მიაჩნდა. ყოველი შემთხვევისათვის, მტრის სამსახურში ყოფნა და მისი დავალებების პირნათლად შესრულება ყოვლად გაუმართლებლად უნდა მივიჩნიოთ. მისი საქციელი არ ჰგავს შუამდგომელის მომრიგებლური როლის შესრულებას. იგი, თვალნათლივ, მოღალატურად იქცევა. გრიგოლი, მართლაც,  მიენდო ზაზას, წამოჰყვა მას და ორივენი თელავს მივიდნენ. აქ მათ დახვდათ გენერალი პაულიჩი, რომელმაც გრიგოლს ტკბილი საუბარი გაუბა. თბილისს რომ მივიდნენ, გრიგოლმა მაშინ გაიგო, რომ მშობლები უვნებელნი იყვნენ.
`ტფილისში მიველ, შევიტყვე მშობელთა უვნებელობა,
აღსრულდა მისი მტერობა, გამოჩნდა მისი გველობა~.
ზაზას მოსალოდნელი ჯილდო კი მაინც ვერ მიუღია. რუსულმა მთავრობამ, როგორც სჩვევიათ, არ დაუფასა ეს გარჯა. გრიგოლი განაგრძობს:
`ჩემი შეპყრობით ჯილდოსა მოელის ზაზა ვიცია,
მაგრამ ეკითხვის უთუოდ ეგზომ სიცრუის ფიცია,
ზეცა, მსაჯული ყოველთა, მწამს მოსამართლე მტკიცია
და ვერა ირგოს მხტომელმან, დარჩეს ვით ურა კვიცია~.
ზაზამ, მართლაც, ბევრი `იხტუნა~ მტრისთვის თავის მოსაწონებლად, მაგრამ, როგორც ჩანს,  არ დასჯერდნენ. უფრო მეტ ერთგულებას სთხოვდნენ. ეს მათი ნაცადი ხერხია. მეტის შემდეგ კიდევ მეტს მოსთხოვდნენ და ასე დაუსრულებლად. მით უფრო, რომ ზაზამ მტერს თავად შესთავაზა მათ სამსახურში ჩადგომა.
ცნობდნენ რა ქართლ-კახეთში გრიგოლის ავტორიტეტს, პაულიჩს ძალზე მოუწადინებია მისი პეტერბურგს გაგზავნა. პაულიჩს მიაჩნდა, რომ ბატონიშვილს თავისუფლად შეეძლო ხალხის აყოლიება და ბუნტის დაწყება. იგი დაუყოვნებლივ პეტერბურგის გზას გაუყენა. იმპერატორის ბრძანებით პეტერბურგში გრიგოლი ტყვედ გამოაცხადეს და ერთი წლით პეტროზავოდსკის ციხეში ჩასვეს. მისი შეპყრობის შემდეგ კახელთა ბრძოლას ერთპიროვნულად ისევ ალექსანდრე ბატონიშვილი თაოსნობდა.
გრიგოლ ბატონიშვილს მრავალი ლექსი დაუწერია პეტროზავოდსკის ციხეში. დამწუხრებული ფიქრობს შორსდარჩენილ სამშობლოზე. მას ისევ ვერ მოუნელებია ზაზა ანდრონიკაშვილის ღალატი და კიდევ არაერთ პამფლეტს უძღვნის მას:
`ბუნებით ქალყმანი, მზეებრ ნამშვენი,
დაჰკარგენ, რადა არ სტირ ცრემლ მონადენი,
ორგულმა ზაზამ გცა დღემწუხარესა,
ვსტირ თავსა ჩემსა, ვღვრი ცრემლსა ღვარესა
ესე სჯობს, ვთხრიდე თვით სამარესა~.
გრიგოლ ბაგრატიონი ისე, როგორც სამეფო ოჯახის ზოგიერთი სხვა წარმომადგენელი, შეიძლება ითქვას, ცხადად ვერ აცნობიერებდა რეალობას. მთავარმართებელი კნორინგი ვახტანგ VI-ისეული ქართული ჯვრით შემოვიდა თბილისში. ამ ფაქტმა კიდევ მეტი დადებითი მუხტი და ემოცია შესძინა ქართველთა წარმოდგენას `მხსნელ რუსეთზე~. ბევრი ქართველთაგანი, მათ შორის, პოლიტიკური მესვეურთაგანიც, ვერ გარკვეულიყო იმაში, რუსული პოლიტიკა მოყვრული იყო თუ დამპყრობლური. პეტროზავოდსკის ციხეში გამომწყვდეულმა გრიგოლ ბატონიშვილმა თქვა პირველად სიმართლე: `რუსთა დაიპყრეს საქართველო~.
პოეტი განიცდის უდიდეს სულიერ აღშფოთებას. უჯობს თხრიდეს `თვით სამარესა~, როგორც თვითონ ამბობს, იგი ამ დღეში  გამყიდველმა და ორგულმა მამულიშვილებმა ჩააგდეს.
როგორც ზემოთ ითქვა, ქართული სამეფო ოჯახი და მთელი ქართული დიპლომატიური წარმომადგენლობაკარგად ვერ გაერკვა `რუსული ერთგულების შინაარსში. მას ვერც მტერს არქმევდნენ, მაგრამ მოყვრის საქციელს ოდნავადაც არ ჰგავდა ის, რაც რუსეთმა საქართველოს მოუტანა. ტრადიციული თურქულ-სპარსული ხრიკებისაგან ქართველები რაღაცნაირად, ავად თუ კარგად, მაინც ახერხებდნენ თავის დახსნას, მაგრამ ისეთი მოყვრის სახელით მოსულ მტერს, როგორიც რუსეთი იყო, ვერაფერი გაუგო. მან თავდაპირველად ჭკუის დარიგებას, ბოლოს კი მბრძანებლობას მიჰყო ხელი. აღმოსავლურ პოლიტიკურ ორიენტაციაში გაწაფულმა საქართველომ ყოვლად მზაკვრულ ჩრდილოურ იმპერიულ პოლიტიკას თავი ვერასგზით გაართვა. საბოლოოდ მოხდა ის, რაც საქართველოს არსებობის ისტორიაში არასოდეს მომხდარა - რუსეთმა გააუქმა საქართველოს სახელმწიფო, იგი იქცა მის შენაერთად, რომელიც ორ გუბერნიად გაჰყვეს. ეს იყო ყველაზე დიდი ეროვნული ტრაგედია ქართველი ხალხის ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე. ამდენად, ერთმორწმუნე რუსეთი ჩვენი  ყველაზე დიდი მტერი აღმოჩნდა. Mან მოშალა და გააუქმა საქართველოს სახელმწიფოებრიობა.
გრიგოლ ბატონიშვილი რამდენადმე ჩასწვდა საქართველოს დაღუპვის რუსული გეგმის შინაარსს, ამიტომ იგი არც საკუთარ თავს ამართლებს, რადგან თავადაც იდგა ხოლმე მტრის რუსთა მხარეს, ვინაიდან თავდაპირველად არც მას სჯეროდა მათი მუხანათობისა. ტყვედმყოფი ბატონიშვილი წერს:
ბაგრატიონთაგან გრიგოლი იყო პირველი,  რომელიც, შეიძლება ითქვას, კარგად ჩასწვდა საქართველოს დაღუპვის რუსული გეგმის შინაარსს. ჩვენი სახელმწიფოს მესვეურები იმედის თვალს აპყრობდნენ და მის პოლიტიკას მოღალატურად არც უყურებდნენ. მაგრამ მოვლენებმა სულ სხვა შედეგი გვანახა _ საქართველომ დაკარგა სახელმწიფოებრიობა და იგი რუსეთის ნაწილიად იქცა. ტყვედყოფილი ბატონიშვილი წერს: `სჯობს მამულისთვის მოკვლა თავისა, მტრისგან არ მიმეღო ფიცი ზავისა~, როგორც ჩანს, გრიგოლი საკუთარ თავსაც ადანაშაულებს, რადგან ზოგჯერ თავადაც მტრის ერთგული იყო ხოლმე და ყოველთვის არც მას სჯეროდა მისი მუხანათობისა.  
უდიდესი შინაგანი ტკივილიანი განცდა მჟღავნდება გრიგოლის ლექსებში. მისი წარმოდგენა საქართველოს მდგომარეობაზე დიდი მამულიშვილური სიყვარულის მანიშნებელია. იგი მოუწოდებს ქართველ ხალხს, თავი დააღწიოს უმოქმედობასა და ძილს და აღარ იყონ `ზღვასა შინა ჩაცვილნულნი ლიქნითა კრულით~:
`ცამან ჩრდილოეთი დაცაგვფარა შავითა ღრუბლით,
ივერთა მიზანი ვეღარ ბრწყინვენ ივერად ხმულნი,
ეჰა მოყმენო, ეჰა ძმანო, თქვენ რად ხართ რულით
რად არ იქნებით განღვიძებით გონება სრულნი,
ჩვენ ზღვასა შინა ჩაცვივნულნი ლიქნითა კრულით,
და თქვენ იხარეთ, ჩვენ კარგულნი ლიქნებით ურვით~.
ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ გრიგოლი გაათავისუფლეს პეტროზავოდსკის ციხიდან და, როგორც წესი, უბოძეს მუნდირი. მალე იგი ჩაერთო რუსეთის სამამულო ომში ნაპოლეონის წინააღმდეგ. გრიგოლმა ბრძოლით გაიარა რუსეთის საზღვრის მიღმა არსებული ქვეყნები. რუსეთის მოქნილმა პოლიტიკამ გასჭრა - ყველა შეურიგებელი მამულიშვილი, რომელიც კი ხელთ იგდეს, მაინც მოდრიკეს და დათრგუნეს. გრიგოლიც შეურიგდა ბედს, შევიდა რუსულ სამსახურში  და თან განაგრძობდა მწერლურ შემოქმედებით საქმიანობას. მას 1819-24 წლებში შეუდგენია ანთოლოგია. მასში შეუტანია მრავალი ხალხური და ლიტერატურული ლექსი. იქვე მოუთავსებია თავისი ლექსებიც, რომელთაგან ზოგიერთი მიძღვნილია მიხაილ, ილია, ოქროპირ და მაია ბატონიშვილებისადმი. ერთი ლექსი ეძღვნება იონა ხელაშვილს, ერთიც ნაპოლეონს და ზოგიერთი კიდევ `უცნობ ლამაზ ასულებს~. ამ მიძღვნილი ლექსების უმეტესობა ადრესატთა კრიტიკითაა აღსავსე.
1915 წელს გრიგოლს დაუწერია `მოგზაურობა ჩემი პეტერბურგიდან ვილნომდე~. მასში გადმოცემულია ნაპოლეონის წინააღმდეგ ომში გამწესებული ბატონიშვილის თვალით დანახულ გარემოს პეტერბურგიდან ვილნომდე. პეტერბურგიდან გამოსულთ გეზი აუღიათ საფრანგეთისკენ, მისულან კრასნოე სელოში. რვა დღის შემდეგ ჩასულან იამბურგს, რომლის ავლადიდებას შეადგენდა ერთი ყასაბი, ერთი საყდარი და ერთი მცველი გოროდნიჩი. იქიდან ნარვას გამგზავრებულან. ორმოცდაათი დღე უვლიათ ნარვამდე. `ძვირფასი ქალაქი~ ნარვაზე გაშენებული. სახლები, უმეტესად, ოთხსართულიანი, მშვენიერი წყაროები გადმოჰქუხს კლდეებიდან. შემდეგ ფსკოვის ტბა და ფსკოვი. ქალაქის შუაგულში უზარმაზარი ეკლესია. ფსკოვიდან პოლონეთისაკენ. იქიდან ერთ პატარა ქალაქში მდინარე დვინაზე. იქიდან ვილნო, რომელიც, ბატონიშვილის გადმოცემით, ძირითადად ებრაელებით ყოფილა  დასახლებული. ვილნოს გენერალ-გუბერნატორმა მისცათ მოსასვენებელი ადგილი. აღწერს რა ვილნოს ყოფა-ცხოვრებას, ბატონიშვილს ბევრი რამ იქაური ცხოვრების პირობებიდან არ მოსწონს, თუმცა ქრისტიან ოჯახებს ყველას ჰქონიათ ჯვარცმის ხე.
ეს დღიურები დაბალი ხარისხის მწერლური ნახელავია. იგი სამოგზაურო ჟანრის ერთ-ერთი სუსტი ნაწარმოებადაა მიჩნეული. მასში მხოლოდ მშრალად ჩამოთვლილია ნახული და სხვა არაფერი, რაც მკითხველის ცნობისმოყვარეობას ნაწილობრივ თუ დააკმაყოფილებს. თხზულება ენობრივადაც გაუმართავი და დამახინჯებულია, აღსავსეა რუსიციზმებით. `ეს თხზულება სხვათა შორის იმასაც გვეუბნება, რომ ბოლოს და ბოლოს გრიგოლ ბატონიშვილი გახდა ერთგული მსახური მეფის რუსეთისა~ (ტ. რუხაძე).  მაგრამ თუ გადავხედავთ ამ თხზულების შემდეგ გრიგოლის მიერ პოემად დაწერილ საქართველოს ისტორიას, დავრწმუნდებით, რომ ეს `ერთგული მსახური~ ისევ დიდ გულისტკივილს განიცდის და არ ასვენებს საქართველოზე ფიქრი. ამ პოემის დაწერის მიზეზი გამხდარა პრაღაში გაცნობილი ვინმე ჰოფმან გურანოვი, რომელსაც თავისი ქონების ერთი ნაწილი გადაუნახავს იმისთვის, რათა იმოგზაუროს სხვადასხვა ქვეყანაში და აღწეროს მეფეთა ისტორია. გრიგოლი უამბობს მას:
`ჩვენი გვარისა მეფობა ათას რვაასი წელია,
ოჯახობითაც სხვა მეფეთ-ხელმწიფეზედაც ძველია~.
გრიგოლს უმძიმს იმის მოთხრობა, თუ როგორ დაკარგეს მეფობა თამარისა და ერეკლეს გვარის წარმომადგენლებმა (`ვითა დავკარგეთ მეფობა, მოთხრობა ჩემთვის ძნელია~), მაინც აღნიშნავს, რომ ხშირად სხვადასხვა მეფეთა სისუსტის მიზეზით გვაწიოკებდა სპარსელი. როგორც ვხედავთ, რუსულ სამსახურში ჩაბმულ გრიგოლს მაინც გულს უკლავდა ქართული სახელმწიფოს მოშლა და ბაგრატოვანთა სამეფო ტახტის დაკარგვა. ეს ლექსიც არ გამოირჩევა პოეტური ხიბლით, თუმცა  იგი პრაღელ მოგზაურს კარგად აცნობს ბაგრატოვანთა საქართველოს სამეფო ტახტზე ყოფნის მრავალსაუკუნოვან ისტორიას.
გრიგოლს ასევე დაუწერია ლექსები: `მუხამბაზი~, `ანა ასტრახანელს~ და სხვა. მის ხელნაწერთა შორისაა რელიგიური ლექსი `სოლომონ მეორის მღვდლის იესეს ცხოვრება~. მას უთარგმნია ზოგიერთი რუსული ლექსიც.

скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
ანა მღებრიშვილი - ქართველი და ამერიკელი ქალების სტატუსი 1950-იან წლებში. შედარებითი ანალიზი ანა მღებრიშვილი - ქართველი და ამერიკელი ქალების სტატუსი 1950-იან წლებში. შედარებითი ანალიზი ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / გამოქვეყნებული ფარსმან ფორჩხიძე   -  სოლომონ მეორის პერსონაჟისათვის ფარსმან ფორჩხიძე - სოლომონ მეორის პერსონაჟისათვის ჟურნალი / სტატიები / ისტორია / მეცნიერება / გამოქვეყნებული გურამ ქართველიშვილი  -  ოჯახი გურამ ქართველიშვილი - ოჯახი ჟურნალი / სტატიები / პროზა / გამოქვეყნებული თენგიზ გუმბერიძე  - ერთი გახმაურებული ლიტერატურული პოლემიკის შესახებ თენგიზ გუმბერიძე - ერთი გახმაურებული ლიტერატურული პოლემიკის შესახებ ჟურნალი / ესეისტიკა / კრიტიკა / ისტორია / სტატიები / გამოქვეყნებული ელგუჯა ხინთიბიძე - რუსთველური მხატვრული სახე  შექსპირის ციმბელინში ელგუჯა ხინთიბიძე - რუსთველური მხატვრული სახე შექსპირის ციმბელინში ჟურნალი / სტატიები / კრიტიკა / მეცნიერება / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge