გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

მარი იმერი - ლექსები

მხოლოდ უფლის გზა არის მუდამ გაუხუნარი
ღვთიურ ქალაქში  სევდისფერი იღვრება მთვარე,
მოქნეული აქვს ეშმაკს კუდი მეტად  ვერაგი,
ყველა ნაბიჯი სიკეთით და სიწრფელით კვალე,
ვერ დაინახოს, ვერ გაიგოს თუნდაც ვერავინ.
ერთი პური გაქვს?- ერთი პური აკმარე ათასს,
ღვთის სიყვარულით იცხოვრე და გეყოს მცირედი,
ნუ განიკითხავ ნურასოდეს მტყუანს და მართალს
დაცემულს მუდამ გქონდეს მხოლოდ უფლის იმედი.
თუ კი გაგინეს, შეურაწგყვეს, ცილი დაგწამეს,
ბინძური შურის აკორდები შენზე დაცალეს,
ამაღლდი მათზე!- გული მიეც უფალს კანდელად,
იწვოდე, ენთე -სიმართლისთვის ენთე სანთელად!
უბრად დაგიდგნენ? პირქუშობა შეატყვე მოყვასს?
შემოაბრუნე, დაამშვიდე, დააიმედე,
სულს ნუ შესწირავ ამქვეყნიურ ღვარძლსა და ბოღმას
ცხოვრება ისეც, ლამაზ წუთებს ცოტას იმეტებს.
შენი სიკეთით სიკეთისკენ უბიძგე სხვასაც,
ბოროტებაზე გამარჯვების გქონდეს უნარი,
ყველაფერს მისი მიზეზი აქვს,ავდარსაც, დარსაც,
მხოლოდ უფლის გზა არის მუდამ გაუხუნარი!


პოეტი არ ვარ
პოეტი არ ვარ, ისე, უბრალოდ
მხოლოდ რითმებთან მიყვარს თამაში, 
ლექსია სულის მწიფე აკიდო,
ჩემი ცხოვრების ფერთა გამაში.
პოეტი არ ვარ , ისე, უბრალოდ
მიყვარს რითმებთან გამოზამთრება,
შენი ნებაა მხოლოდ უფალო!
ტკივილებს შორის გამონათება.
პოეტი არ ვარ, ხანდახან ისე, 
დაგროვილ ნაღველს რითმებად ვაწყობ,
ის , რაც მე ლექსში იმედებს მივსებს
სხვისთვის წააგავს სიტყვების საწყობს.
პოეტი არ ვარ, ვარ მარტოსული,
ლამაზ რითმებში ვარ მოთამაშე,
სულის სისავსე ვინ ჰპოვა სრული
მოდით, მიამბეტ ლექსის გარეშე?!
პოეტი არ ვარ, ახლა რომ მკითხოთ,
იმედის ფრთებით ცას ვითარეშებ,
ლექსია ჩემი სულის აკიდო,
არ შემიძლია ლექსის გარეშე!


მომენატრე
მომენატრე, იცი როგორ მომენატრე,
ვით ზამთარში გაღვიძებულ იას სითბო, 
სულის ნოტებს აკორდებად მოემატე,
გულის ყველა კუნჭულსა და კუთხეს გითმობ.
მოჰქუხს ვნება, ახლა ისე გახელებით,
ვიდრე დროში დახავსდება, მოდი, გიხმობ,
უთქმელობა , ვით ბორკილი ცრუ ფერების
ნამყინვარებ გულის უფსკრულს ვერ გაგითბობს.
სევდის თოვლი წამწამებზე მძიმედ მათოვს, 
სულ ცოტათი გიყვარვარო?- მკითხე ,მახსოვს!
როგორც მაშინ, დღესაც თბილი ამინდია,
თვალმა ცრემლი დღესაც ვეღარ დაიტია.
-მომენატრე, იცი როგორ მომენატრე? 
-მაინც როგორ?- აქ რომ იყო, მკითხავ , ისევ, 
მომენატრე, ტკივილამდე მომენატრე,
სულის ყველა აკორდსა და კლავიშს მივსებ.


შემინდე ღმერთო
თოვლის ფიფქების ფარფატი მაკრთობს
უთავბოლოდ რომ ფანტავს ქარები,
სულის სიღრმეში ტკივილებს, ნაწრთობს
დღეს უმოწყალოდ ვეცოტავები.
ფირუზისფერი კაბის შრიალით,
ვეჩვევი ზამთრის გულცივ ამინდებს,
გიახლოვდები გულის ფრიალით
და იმედები ლამის დამიდნეს.
არ მიყვარს ,როცა წამი ჩერდება,
წვიმისეული მძულს სიმარტოვე,
მხოლოდ შენი გზა მეიმედება,
შემინდე ღმერთო! თუ მიგატოვე!
მკლავს მონანიე ნაკადი ცრემლის,
ბობოქრობს , ანგრევს სულის ჯებირებს,
მოდი, უფალო , მომხვიე ხელი
ვიდრე ეშმაკი გამიზეპირებს!
მსურს სასოება ყველას ვუჩვენო,
გულწრფელი ლოცვის მომეცი ძალა!
მომხედე ღმერთო, თორემ უშენოდ
ყველა საყრდენი გამომეცალა!


გზა რომ მეპოვა მზისკენ სავალი 
გავირთულე და გავიათკეცე, 
გზად დაბრკოლება შემხვდა მრავალი, 
გაშლილი ფრთები ბევრჯერ ავკეცე.
ვეძიე გზები, ღრუბელთა სვლაში
ბევრჯერ ვარსკვლავთა ვიყავ დარაჯად, 
ტკივილს ვმალავდი წვიმაში, ქარში, 
იანვრის სუსხი მესხა ფარაჯად.
ბევრჯერ ცის კიდეს მივწვდი თითქოს და
ანგელოზების მესმა გალობა, 
როცა უფალი მისკენ მიხმობდა
ვერ დავაფასე მადლი, წყალობა.
სად არ ვათრიე ზღვაში, მდელოზე, 
ტირიფის ჩრდილში- დაღლილი სული, 
ბევრი არ მსურდა , ცოტას ველოდე
ო, ეს ლოდინიც ყოფილა რთული.
გამომიხუნდა ლოდინი დროში, 
აღარ მოველი არაფერს ახალს, 
ყოფიერებას ვაკმარე გროში, 
სულიერებას ვუჭედავ ფარ-ხმალს!


მე შევიშალე სიყვარულის ზედმეტი დოზით
უთუოდ მოთოვს!
ხვალ, სითეთრეში გაეხვევა ტკივილი ყველა, 
ვით ობოლ ფოთოლს...
მომწყურდება ახლიდან ფრენა.
სიცარიელე დამძიმდება-
ვით ბელტი ხნულის,
სიცარიელე დამძიმდება- 
დემონი სულის !
უთუოდ მოწვიმს, 
არ ვიცი როდის!
წვიმა ჩამორეცხს უშენო ცრემლს
ნაზამთრალ თვალებს ,
ჯერ არ განცდილი მისტიური
შიში იალებს!
ალბათ ნათქვამზე 
უთქმელობა დაგროვდა მეტი,
ჩემი სიგიჟე შენთვის იყო,
ალბათ ზედმეტი!
უთუოდ მოთოვს...
უთუოდ მოწვიმს,
არ ვიცი , - როგორ?
არ ვიცი , როდის?
ცოდვებს ვიგროვებ წვეთ წვეთად, კოვზით!
მე შევიშალე...
ტკივილით არა, 
სიცივით არა,
უბრალოდ არა,
მე შევიშალე 
სიყვარულის ზედმეტი დოზით!


ლოცვა
შინიდან გასულს, მივყვები ფიქრით,
და მის პატარა ნაბიჯებს ვითვლი,
პირჯვარს გადავწერ, ლოყაზე კოცნით
გზას გავუნათებ მხურვალე ლოცვით.
ნაბოლარაა ასული დედის,
ნაწილი გულის, ნაწილი მკერდის,
სათნო, ფაქიზი, ნაზი იერით,
ღმერთო მიმყოფე სულ ბედნიერი.
ღმერთო, მოჰმადლე გონება საღი,
ბავშვობა სუფთა, წრფელი და ლაღი.
აღუვსე სული თმენით და რწმენით
გთხოვ მოუმართე უფალო ხელი!


სავედრებელი უფალს
მიწყალე უფალო, უღირს სულს გავედრებ,
შეგცოდე და მაინც აქ მოსვლა გავბედე!
თვალი ცრემლიანი ბევრჯერ აგარიდე,
ღმერთო გევედრები, საცდურს განმარიდე!
ვნების, სინანულის ცრემლი მომეძალა,
სულით არ დავეცე, ღმერთო მომე ძალა!
შემინდე უფალო, ზურგით არ დამიდგე,
როგორ მეშინია ცოდვილს არ განმიდგე!
თითქოს ამოვშანთე სულში ცოდვის გუბე,
ისევ დაბრკოლება, ისევ გზები მრუდე,,
შენს წინ მუხლმოყრილმა დარდი ვერ გაგინდე,
ცოდვილ სულს გავედრებ, გთოვ ყური დამიგდე!
ოჯახს შეგავედრებ ლამაზს და უბიწოს,
არა მოჩვენებითს, და არა უნიჭოს.
ოჯახს შეგავედრებ, უფალო მადლიანს
მასზე სანატრელი არც რა გამაჩნია!
გავედრებ,უფალო, ცუდისგან დაიცევ
დაცემის უფლება არასდროს არ მისცე!
შვილებს შეგავედრებ, ღმერთო გამიხარე...
ავი საქმისაგან კალთით დაიფარე!
ღმერთო გევედრები, მარტო არ დამტოვო,
ჯვარი მემძიმება, გთხოვ არ მიმატოვო!
ვდგავარ შენს წინაშე,პეტრეს სინანულით
ოი, როგორ მიჭირს დგომაც, სიარულიც...
მარტო არ დამტოვო, როგორ დავიღალე...
ჩემი საქართველო, ღმერთო, დაიფარე!!!скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge