ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
ნინო ფრუიძე - ლექსები
ჯვარის სიმძიმე!
თითქოს სამყარო მხრებით დამქონდა,
ჯვარის სიმძიმე არც კი მიგრძვნია,
ბედის ფურცლები ქარს რომ გაჰქონდა,
დღეს... შეგროვებაც არ შემიძლია.
ზეცა ჩემს მზერას რომ მოიჩრდილავს,
აუჭრელდებათ ხევებს თვალები,
არც ცრემლებს მომწმენდს ღრუბლების ფთილა,
არც, მარტის მზეებს შევებრალები.
სამყაროს მივწერ ღვთიურ წერილებს,
გახუნებული, ჩვეული შრიფტით,
დარი რომ ნისლებს გაასეირნებს,
ღამეს გადაღლის მთვარეზე ფიქრით
იქნებ სიწმინდე დაენთოს სანთლად,
მადლი ედინოს მთებზე, მირონად,
მე მთვარის შვილებს წვიმით მოვნათლავ,
რომ აღარ დარჩეს სიტყვა პირობად.
ძველ სარკეს ჩუმი ღიმილით ვავსებ,
გულის კუთხეში მივდებ სახსოვრად,
დღემდე სიკეთეს ურიგოდ გავცემ,
და სიყვარულის ვდგევარ მათხოვრად.
ქართველობა სიმდიდრეა!
გეფიცებით! ქართულ ცას და ქართულ მიწას,
ამაყი ვარ, ჩემი მიწით ლურჯი ზეცით,
ამღერდება კალამი და ჩვეულ რითმას,
სიყვარულით ამოვქარგავ.. გეფიცებით.
მარგალიტად მიმოვაბნევ წვიმის წვეთებს,
სვანურ კოშკს და უშბის მწვერვალს დავიფიცებ,
ნიკორწმინდას ვუგალობებ ლამაზ ლექსებს,
დიდ სიყვარულს ლეჩხუმურად დაგიმტკიცებთ.
გურულების სისხარტე და კრიმანჭული,
აჭარლების მოლხენა და ოჰოი ნანა
დადიანის სასახლესთან ანთებული,
მთვარის უხმო გაღიმება დამენანა.
რა სამშობლო მაქვს მდიდარი სულით ხორცით,
თერგის ბღავილს დარიალის მთები ფარავს,
გარეჯს ზეცის ფერი ადევს მეწამული,
და ვარძიას.. ის ძახილი გადაფარავს.
მტკვარს მიჰყვება ცრემლი წარსულ ლეგენდების,
გალაკტიონს მიუხურავს ღამე ფანჯრებს,
უფალს ესმის ქართველების ხმა ვედრების,
დღემდე ვლოცავთ ფიროსმანის ამაყ მარჯვენს.
ლოცვა ისმის სვეტიცხოვლის გუმბათებზეც,
თბილისს ხურავს,თალხი ფერი ზეცის თაღზე,
ჯარისკაცს გზას დედის ლოცვა უნათებდეს,
გარდაცვლილებს, ხსოვნა ვუთხრათ ბოლო გზაზე.
ქუთაისის ბებერ უბნებს, ვუგალობებ,
გელათს ვეტყვი ძველებურად,ახალ ამბებს
აფხაზეთო! შენაც შვებას მალე ჰპოვებ,
და შენს ტკივილს მოვა დრო და დაგიამებ.
ლეჩხუმს ჩუმად მოვუყვები ცხენისწყალთან,
ლადოს ვარსკვლავს, ცისმარე რომ გულში იკრავს,
შეაშრება ცაგერს ცრემლი,მალე თვალთან,
სანამ ხვამლი, ბინდს თვალებზე გადაიკრავს.
იმერეთის სურნელება მოაქვს ნიავს,
ჩამიხუტებს, მოკრძალებით კაცხის სვეტი,
სიყვარულსაც ჩემი გული ზეცად მიაქვს,
ეჰ! სამშობლოვ! გულს ხალიჩად დაგიფენდი.
გეფიცებით! ქართულ ცას და ქართულ მიწას,
ამაყი ვარ, ჩემი მიწით ლურჯი ზეცით,
საქართველოს ღვთისმშობელი მუდამ იცავს,
ქართველობა..სიმდიდრეა გეფიცებით.
ვესტუმრე ლეჩხუმს!
სიცოცხლის ფერი დასდებია ზეცას მეწამულს,
ახალგაზრდობას დაუწუნებს მთებს მზის ასული,
ვესტუმრე ლეჩხუმს, ლადოს მიწას,საფიცარ მამულს,
და ჩამოვხსენი კედლებიდან ჩუმი წარსული..
ვესტუმრე ლეჩხუმს,დავუკოცნე მზეს თბილი ბაგე,
მწვანე ფარდაგებს გაზაფხული ფეხქვეშ დამიგებს,
გულის მახვილებს მე სიმშვიდის ქარქაშში ვაგებ,
ლეჩხუმის გარდა, მე სიყვარულს სხვა ვინ გამიგებს.
წინ მიმიძღვება მაწანწალა წლები წარსულის,
ნახანძრალ მთებზე პოეზიის ცეცხლი ემჩნია,,
გულს იდუმალი სიყვარულის ძაფით ჩაწნული,
ბარდნალის სუნთქვა ,გრილ ლექსებად წამომეწია.
ვესსტუმრე ლეჩხუმს,შემოვკრიბე მზე და ვარსკვლავი,
და პოეზიის მოსასხამი ლადოს მოვირგე,
ფრთხილად ვაგროვე მარგალიტის თითო მარცვალი,
ჩემში სისუსტე სიდიადის ძალას მოიკრებს.
ვეღარ ველევი ნასპერის მთებს,ლექსების სურნელს,
ნასახლარები, საიდუმლოს გულში მარხავენ
მეც მომაგებებს ალბათ ბედი, სენს განუკურნელს,
და ლადოსავით მეც ლექსებში შემინახავენ.
დიდება უფალს!
მიწაზე გეძებდი უფალო!
მშიერ სულს ვერაფრით ვაპურებ,
შენამდე გზებია უკვალო!
აღსდექ და ზეციდან დაგვყურებ
ურწმუნოდ დანგრეულ ჯებირებს
ლოცვით და ვედრებით ვამყარებ
რწმენის გზა მეც გამიზეპირებს
თავს მხოლოდ ლოცვებში ვაფარებ
შიმშილად ადუღდა რწმენა დღეს
ვლოცულობ, შენდობას ნატრული,
აღსდექი უფალო ჩვენამდე,
ჩვენ ისევ ჯვარზე ვართ გაკრული.
მადროვეთ!
წრფელი გულით გავთელე,
ლიანდაგი ცხოვრების,
ღამეს ერთად ნათენებს ,
აღარც ვემახსოვრები..
გრძნობის ლურსმნით ნაჭედი,
ზეცას ფიქრი გასცვივდა,
გულის კარებს გაჭედილს,
ვხურავ ( ზოგჯერ არც მინდა.
მახსოვს, გულსაც მივცემდი,
ოღონდ სხვას არ სწყენოდა,
ტანზე ღიმილს ვიცმევდი,
თუმცა კიარ მშვენოდა.
რა სათუთად ვურჩენდი
გულს გაჩენილ იარებს,
მელოდიას ვუსმენდი,
სიკვდილთან ნაზიარებს.
ის აღმოჩნდა იუდა,
ვისიც მქონდა იმედი,
ეშმაკს გვერდით მიუჯდა,
მე კი, ჯვართან მივედი.
ნუ დახურავ ბედის წივნს
ნურც ნებით და ნურც ძალად,
დღემდე ზოგჯერ სხვებისთვის
გულს სიყვარულს ვუკრძალავ.
მარგალიტებს ვაგროვებ ,
შევერცხლილი თმებიდან,.
სიყვარული მადროვეთ,
სხვა რა დამრჩა წლებიდან.
პაპის სახლში!
ჟანგმოკიდებულ ჭიშკარს,
ძლივს ვაღებ, პაპის სახლში,
ჯორკო ჩანს, წყალთან ჭიქაც,
ბებოს ნაფერებ ბაღში.
ბაბუა ეზოს ბოლოს,
ცელს რომ უსვამდა ბალახს,
ხე ატუზულა ეკლად
და საიდუმლოს მალავს.
ჭიშკარს შევაღებ კრძალვით,
ჭრიალით იკლებს სოფელს,
მიწაც დამსკდარა გვალვით
არ გაუვლია ორფეხს.
მივუახლოვდი სახლსაც
ლოდინით ქანცგაწყვეტილს,
კარიც დაეშვა სადღაც,
მოჰგავდა თავაწყვეტილს.
სიძველის სუნი ადევს,
კედლებს ფარდებს თუ ნივთებს,
ყველაფერს ტაბუ ადევს,
ბევრ საიდუმლოს იტევს.
სიმშვიდე დაქრის ყველგან,
თითქოს ელოდა მნახველს,
მოვონებები წრფელი
კედლებმა შემინახეს.
აღარც შუქი სჩანს სახლში,
სიბნელე როგორ მზარავს,
და სიმარტოვე უვლის,
ეზოს,სახლსა თუ მარანს.
ბუხარიც გაბუტულა
ბებო არ აკრავს მჭადებს,
აღარც ბაბუას კრულავს,
ღვინოს ბევრს არა სვამდეს.
ჩანს საწოლის ქვეშ სკივრი,
არ გვაკარებდა ბებო
და მონატრების სხივი
გულს ცეცხლად შემომენთო.
ალბათ ხარობენ ჩემით,
ალბათ მლოცავენ ციდან,
მახსოვს დამჭკნარი ხელით
ხილს რომ მიკრეფდა ხიდან.
მიყვარს ის პაპის სახლი,
ის მტვერიც ნივთს რომ ადევს,
ექო მომიტანს ძახილს,
,,მოვდივარ" ,,დამიცადე"
თითქოს ზედმეტი ვიყავ
კრძალვით დავხურე კარი,
ვხარობ ვესტუმრე დღეს მათ,
და გულში ჩავიკარი.
სიყვარულზე!
გახსოვს?! მთაში ისლის ქოხი,
აფრენილი ხოხბის კვალი,
მონადირეს წელში მოხრილს,
მზემ რომ მოჭრა უცებ თვალი.
გახსოვს?!ქოხთან დაშვებული,
გამჭირვალე ნისლის ფარდა,
აპრილი.. თავაშვებული,
იმის მერე შემიყვარდა..
გახსოვს?!როგორ დავემალეთ
შლეგი ქარის უხეშ ტორებს,
ვუკოცნიდით ლამაზ თვალებს,
შეშინებულ სიმარტოვეს..
მზის სხივების სითბოც მახსოვს,
და ჩურჩული ღამის ტყიდან,
მკლავებს ყელზე შემონაქსოვს,
მთვარე გულზე რომ მაყრიდა.
გახსოვს?!ჩემი თმის სურნელი,
იის სურნელს ადარებდი,
გახშირებულ გულისცემით,
ყველა ქალს რომ გადარევდი.
გახსოვს?!ღამე ფეხაკრეფით,
გვაფარებდა ღრუბლის საბანს,
გარინდული ყურს ვუგდებდით,
ათრთოლებულ იასამანს.
დაკარგული მზერაც მახსოვს,
აწყვეტილი ღილიც გულზე,
გადაღლილი, ქოხთან ახლოს,
მთვარის მოთქმა სიყვარულზე.
ახალი სტატიები
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან) 00:10ქეთი დუღაშვილი - ლექსები 22:50ზაალ ებანოიძე - წყალგაღმიდან მოიწერე 22:12თეიმურაზ ლანჩავა - ლექსები 21:58რაულ ჩილაჩავა - ლექსები 21:49იოსებ ჭუმბურიძე - განკვირვება და გულ-ზრახვა* 21:22გიორგი ბუნდოვანი - ლექსები 21:14სოფიო ღლონტი - ლექსები 19:10
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
ქეთი დუღაშვილი - ლექსები
ინგუ ჭუმბურიძე - ლექსები
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან)
რაულ ჩილაჩავა - ლექსები
იოსებ ჭუმბურიძე - განკვირვება და გულ-ზრახვა*
სოფიო ღლონტი - ლექსები
კარლ იასპერსი - შიზოფრენიისა და შემოქმედების კავშირი (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე)
ლუკა ბაქანიძე - ორი ნოველლა
გიორგი გოგოლაშვილი - მეც წუთისოფლის სტუმარი ვიყავ (ნაწილი პირველი)
თეიმურაზ ლანჩავა - ლექსები