გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ჯენი ჩხეიძე - ლექსები


* * *
ცა ელვა-ჭექით სიბრაზეს აჩენს,
მოაპირქვავა ღრუბლის მათარა,
შენ მეკითხები, -წვიმაში დავრჩეთ?!
და მე გპასუხობ, - რატომაც არა!
ფეხისთითებზე შემდგარმა წვიმამ,
თავზე შხაპუნით გადაგვიარა,
მერე წვრილ წელზე შემომეხვია,
შენი მკლავების გრძელი ხვიარა.
გული სპეტაკი განცდით მევსება,
დამა ვარ, შენ კი ჩემი ვალეტი
და მაპატიე, ეჭვის ნემსებით,
თუკი გჩხვლეტდი და სულს გიწვალებდი.
შენი სამყარო თვალებში ჩამდის,
თავს შევაფარებთ სველი ხის ჯარგვალს,
და როგორც ბაღში ამოთხრილ ტიტას,
მე შენი გულის წიაღში ჩამრგავ.
ცა ელვა-ჭექით სიბრაზეს აჩენს,
მოაპირქვავა ღრუბლის მათარა,
შენ მეკითხები, -წვიმაში დავრჩეთ?!
და მე გპასუხობ, - რატომაც არა!


* * *
სინათლით სავსე
ვარსკვლავების
მბზინავ ფუჟერებს
გამოალაგებს წვიმის
შემდეგ ცა უმკრთალესი,
წვიმს, მოთრთის წვიმა,
ვსველდები და ალღოს ვუჯერებ,
რომ მალე მოხვალ,
მომეკრობი, ვით გულთან ლექსი.
ვუსმენ სიოთა უმსუბუქეს
ქროლვის რექვიემს,
ღამე კი ხეთა მწკრივს
ეფრქვევა და დააბოტებს,
წვიმა თუ ქარი, რომელი ვარ?
ვერ გავერკვიე,
იქნებ ტიტა ვარ, ავი ქარი,
რომ ალეწს ყლორტებს.
როგორ მწყურია შენი სითბო,
ლტოლვა, ამბორი,
წვიმაში ცეკვა, სულში ძვრომა,
თითების ხლართვა,
დაგროვდა ბევრი
ემოცია და საამბობი
და რა ძნელია, რომ ვდუმდე
და სიტყვაც კი არ ვთქვა.
შორს ხარ, გულის ხმას,
მხოლოდ ლექსით თუ გაგაგონებ,
სიშორევ, აღარ მოკლდები
და სევდავ, მომწყინდი!
წვიმასთან ერთად მოვყვებოდი ღრუბლის ვაგონებს
და სულს, თვალებს და
მაგ თლილ თითებს დაგიკოცნიდი.
და რა ვიღონო, შენი ხილვა არ შემიძლია,
გული კი მხოლოდ, სული მხოლოდ შენკენ მიმიწევს,
თითქოს ვადგავარ დაბურულ გზას, მარად ნისლიანს,
მახსოვხარ, ისე სიკვდილამდე ვერ დაგივიწყებ.


* * *
ცაზე ვარსკვლავთა
ველი ბიბინებს,
ნისლში ეხვევა
მთვარის ბულული,
ქარი ასკდება
ფანჯრის ცივ მინებს,
გაწვიმდა, ვდგავარ
მე გალუმპული.
ცა გრგვინავს,
რაღაც მძიმე გოდებით,
ზეცა გაფატრეს
ელვის დანებმა,
ნეტავ ვიცოდე
ვის ველოდები,
ვინ მადარდებს
და ვინ მენანება.
წვიმის წყლით
გრძელი თმა დამიმძიმდა,
ამიკანკალდა
შიშველი მხრები,
გუშინაც ასე
უნორმოდ წვიმდა,
ღრუბლები იდგნენ,
როგორც მაყრები.
მე გელოდები,
შენ კი არ ჩანხარ,
მე გელოდები,
ისევ წვიმს უხვად,
ბედმა ქარიშხლის
ფრთას შემაჯახა,
დაგაგვიანდა,
გდარდობ და ვწუხვარ.
გათენდება და
იქნება დარი,
გაყვება წვიმა
ღრუბელთ მაყრიონს,
განიავდება...
ჩადგება ქარი,
შევეგებები
მზიან ალიონს.
მაგრამ მზე აბა,
რა მზე იქნება,
შენ თუ არ გაჩნდი
ჩემ თვალთა წინა,
უშენოდ სულ არ
მეზეიმება,
სჯობს ისევ ღამე,
ქარი და წვიმა...


* * *
თქვენ გიცეკვიათ
მკრთალ შუქზე
მთვარის,
ხანგრძლივ სიკვდილთან
დამღლელი ტანგო?!
სულს, როცა თოშავს
შიშის ზამთარი,
ქარი კი ცდილობს
რომ დაგეტაკოს.
მე ვგრძნობდი სიკვდილს
სიცოცხლის ზღვართან
ახლოს მისული
და დაზაფრული,
ვგრძნობდი, სიმწვავეს
ცრემლების ზღვათა
და ის ტირილი
იყო ზღაპრული.
ვგრძნობდი, გაყინულ
თითებს მოხვეულს
წელზე... მე ვძრწოდი,
თვალს ვაცეცებდი,
ვაფრიალებდი უხორცო
სხეულს,
შენ გიხსენებდი
და დაგეძებდი.
დავბრუნდი,ბოლო
მოეღო ტანჯვას,
დაღვრემილს ასე
გაგაღიმებდი,
ვიცოდე კიდევ
რამდენი დამრჩა,
ნეტავ, თუ მქონდეს
ხვალის იმედი?!


* * *
უსაშველოდ მენატრები და
უშენოდ ვერ ვძლებ,
ნეტავ, სადმე აქვე იჯდე
ჩემს წინ, ანდაც გვერდზე.
ჩემო გიჟო ქარიშხალო,
სულის ველზე მქროლო,
შენით ვსუნთქავ,
შენით ვცოცხლობ,
შენ მიყვარხარ მხოლოდ.
თითქოს წვიმის ქვეშ ვდგავართ და
უღვთოდ გვლუმპავს თქორი,
მაგრამ მიუწვდომელი ხარ,
შორი, ცაზე შორი.
მოდი, გულზე მიმიკარი,
მსურს, რომ გაჩნდე აქვე,
ახლა უშენობა მტკივა
და ცხელ ცრემლებს ვაფრქვევ.
კაეშანმა და დარდებმა
სული გამომფიტეს,
სიზმრად გხედავ მოდიხარ და
მჩუქნი წითელ ტიტებს.
გაივლის ეს დეპრესია,
მოლოდინი მძიმე,
მოხვალ, თვალებს დამიკოცნი,
შენთვის მოციმციმეს.
ოი, როგორ მენატრები
და მაკლიხარ ტკბილო,
ამ ლექსს გიწერ, რადგან ლექსში
მაინც შეგხვდე, ვცდილობ.
ვმალავ გაუსაძლის ტკივილს,
გულის ფსკერში ვმარხავ,
მალე სამყაროს შევძახებ:
-რომ მე შენ მიყვარხარ.


* * *
გარეთ ველური
ქარი წრიალებს
და ზრიალებენ
სარკმლის მინები,
ვხუჭავ და ვახელ
ნაღვლიან თვალებს,
ვცხოვრობ წვალებით
და მოთმინებით.
ქალის ცხოვრება
უფრო მძიმეა
და უფრო მეტად
პოეტი ქალის,
მოსაღამოვდა
და სიცივეა,
უფერულია ზეცა
და მქრქალი.
ალბათ ამ ღამეს
მარტო გავათევ,
იქნება ფიქრი
და მოლოდინი,
ღმერთებმა ცაზე
მთვარე აანთეს
და მთვარის შუქზე
ბზინავს ლოგინი.
ვოცნებობ თითქოს
ნისლებზე ვწევარ
და იძინებენ
გარეთ ქუჩები,
ქრის, ნეკერჩხალი
ქარზე ირწევა
და მე შენს თეთრ
ლანდს ვებღაუჭები.


* * *
გარეთ ნისლიანი ამინდია,
გზაზე დაწრიალებს ავი ქარი,
იქნებ წარმოსახვა და მითია,
გულში ისე მაგრად ჩაგიკარი...
გულში, რომელიც მე შენ მოგეცი,
მწარე ტკივილით რომ დამეშანთა,
ვუმზერ მთაზე ნისლებს შემოკეცილს,
ვრჩები, მარად ერთგულ კაეშანთან.
ცაზე მკრთალი მთვარე და ღრუბლები
თითქოს ერთმანეთში ირევიან,
როგორ აყვავილდნენ ალუბლები,
ყველგან ბალბები და იებია,
ახლა თითქოს ჭიამაია ვარ
და შენს ტანჯულ სულზე ავცოცდები,
სიომ სული ისე დამიამა,
ცრემლი სიტყვასავით წამომცდება.

скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge